მთავარი,სიახლეები

დანიელსონი წავიდა, რა იქნება შემდეგ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

19.03.2021 • 1643
დანიელსონი წავიდა, რა იქნება შემდეგ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ეს პრობლემა თავად ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, როგორც აი, ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარი. ამის გამო, ევროკავშირში შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი გაქრეს, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წარუმატებლად დასრულებული პოლიტიკური მოლაპარაკების შესახებ ვესაუბრეთ.

პოლიტოლოგი ქვეყნის შიგნით მოლაპარაკების რესურსს ვეღარ ხედავს. თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ევროკავშირი ისევ ეცდება შედეგზე ორიენტირებულ მედიაციას. კორნელი კაკაჩია უშვებს იმასაც, რომ თუკი არაფერი გამოვიდა და პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას ვერ გააცნობიერებენ, დასუსტებულ და ევროპისგან ხელჩაქნეულ საქართველოში რუსეთისთვის მიუღწეველი აღარაფერი იქნება.

  • ბატონო კორნელი, დენიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. რა შესაძლებლობა არსებობს ახლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის, როცა პოლიტიკოსები ვერაფერზე შეთანხმდნენ?  

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ამ მედიაციას, მით უმეტეს, ამ ფონზე, როდესაც ბრიუსელმა სერიოზული პოლიტიკური ინვესტიცია ჩადო ამ პროცესში. ბევრი რამეა დამოკიდებული, რა პოლიტიკურ გზავნილს ჩაიტანს დანიელსონი ბრიუსელში, ანუ მას როგორი შთაბეჭდილება დარჩა კონკრეტული მოლაპარაკების შემდეგ. ის ყველა პარტიის ლიდერს შეხვდა. თუ ჩაითვალა, რომ ამ მოლაპარაკებას აქვს პერსპექტივა, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მედიაციას, მაგრამ თუ დაინახეს, რომ ყველა მხარე უპასუხისმგებლოდ იქცევა და არანირი პერსპექტივა არ აქვს მოლაპარაკებას, მაშინ სავარაუდოდ ჩართულობა აღარ იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირმა ამ მოლაპარაკებების დროს საკუთარი რეპუტაციაც დადო სასწორზე.

  • როგორ განიხილება ევროსაბჭოს რეპუტაციის საკითხი მსგავს სიტუაციაში? მისაღებია, როცა ევროსაბჭო ერთვება მოლაპარაკების პროცესში და იღებს უშედეგო მედიაციას? 

აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყანაში ასეთი დონის მედიაცია გაეწიათ, მე არ მახსენდება. ამიტომაც ეს შედეგი მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც დაინტერესებული არიან, ეს მისია  წარმატებით დასრულდეს, განსაკუთრებით ყარაბაღის მოვლენების ფონზე, სადაც დასავლეთის როლი, რბილად რომ ვთქვათ, იყო ძალიან გაფერმკრთალებული, მათ შორის, ევროკავშირის. ამ არასახარბიელო სურათის შეცვლა სურს ევროკავშირს საქართველოსთან, რომელიც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ამ რეგიონში, მაგრამ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად ვერც ბრიუსელი მიიღებს და ვერც მედიაციაში ჩართული სხვა ელჩები. მათ შეუძლიათ ფორმატი შექმნან, ხელი შეუწყონ მოლაპარაკების პროცესს. თუ უშედეგოდ დასრულდა ეს მოლაპარაკება, ევროკავშირის იმიჯზე ნაკლებად, უფრო საქართველოს იმიჯზე იმოქმედებს ცუდად.

  • ოპოზიცია ამბობს, რომ ის არ შევა პარლამენტში, თუკი ვერ შეთანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების თარიღზე ან არ ჩატარდება რეფერენდუმი, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მორიგი არჩევნები 2024 წელს იქნება. თქვენი დაკვირვებით, ვინ არ წავიდა რეალურად კომპრომისზე? 

ბუნებრივია, როცა მოლაპარაკებაა, ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ განსხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რაც აღინიშნა კიდეც რამდენჯერმე. მთლიანობაში სურათი იქმნება ასეთი, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არაა მომწიფებული, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე. ეს კითხვას ბადებს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგრადობასთან  დაკავშირებით – რამდენად არის კონსოლიდირებული ეს დემოკრატია? აშკარად ჩანს, რომ ეს არ არის და ამ ფონზე ის ამბიციები, რაც საქართველოს გააჩნია, რომ 2024 წელს გაწევრიანების განაცხადს შევიტანთ ევროკავშირში, კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურება. თუ ქვეყანა ვერ ატარებს ნორმალურ არჩევნებს 30 წლის განმავლობაში და პოლიტიკური კლასი დიალოგს ვერ ახერხებს საერთაშორისო შუამავლებისა და ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე, ბუნებრივია, ეს ქვეყნის იმიჯს ძლიერ აზარალებს.

  • ჩანს, რომ ხელისუფლებას აღელვებს ქვეყნის იმიჯი? ხომ არ შეიმჩნევა უფრო ის ინტერესი, რომ ხელისუფლებას რეალური ოპოზიციის გაქრობა სურს? 

ჩვენ რაც გვაკლია ქართულ პარტიულ პოლიტიკაში, ეს არის ის, რომ არ გვაქვს კონსესუსისადმი მიდრეკილი პოლიტიკა, არ გვაქვს ხელისუფლების გაზიარების ან კოალიციური მთავრობის ტრადიცია, როცა ხელისუფლების გარკვეული შტოები განაწილებულია ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი განპირობებულია იქედან, რომ ორივე მხარე ამ თამაშს ხედავს, როგორც ნულოვანშედეგიან თამაშს, ანუ ერთი მხარე უნდა განადგურდეს მთლიანად და მეორე დარჩეს. ეს ასე იყო 90-იანი წლების შემდეგაც: ჯერ გამსახურდია იყო „მრგვალი მაგიდით“, შევარდნაძე როცა მოვიდა, „მრგვალი მაგიდა“ დაიშალა და შეიქმნა „მოქალაქეთა კავშირი“, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მარგინალიზაცია განიცადა „მოქალაქეთა კავშირმა“, იმავეს გაკეთებას ცდილობს ოცნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში… ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ჩვენ თუ გვინდა მართლაც სტაბილური დემოკრატია გავხდეთ და მართლა გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უნდა შევძლოთ სტაბილური პარტიული სისტემის ჩამოყალიბება.

  • რა რესურსი არსებობს ახლა ამისთვის? 

ფაქტობრივად ქვეყანაში რესურსი არ გვაქვს. საერთაშორისო მედიაცია როცა დაგჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რესურსი დაპირისპირებული მხარეები ერთად დასვას და დიალოგი შედგეს… ფორმალურად რომ მიუდგე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც  შეუძლია ეს როლი ითამაშოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ვერ იმუშავებს, რადგან პრეზიდენტი არ არის აღქმული, როგორც დამოუკიდებელი პერსონა და ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ ნდობა ნულს უტოლდება. ქვეყანაში გვაქვს ინსტიტუტებისადმი ნდობის სერიოზული კრიზისი… ორივე მხარისგან საჭიროა კეთილი ნება და არა ორაზროვანი განცხადებები, რომ მზად ვართ კომპრომისებზე. კომპრომისი ნიშნავს რეალურ დათმობას, რაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ შეიმჩნევა.

  • ერთგვარი „წითელი ხაზია“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი. ამ სიტუაციაში, როცა ეუთოს ბოლო დასკვნასაც იშველიებს „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რა გამოსავალი არსებობს? 

თუ მართლა მოლაპარაკება გვინდა და შედეგზე ორიენტირებული მედიაცია, ასეთი წინაპირობები, „წითელი ხაზები“ და ულტიმატუმები არ უნდა არსებობდეს. არა მგონია, რომ ულტიმატუმის ენით რაიმე შედეგს მიაღწიო.

  • ულტიმატუმია, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი უნდა განისაზღვროს, ან რეფერენდუმი ჩატარდეს და მხოლოდ ამ პირობით შევლენ პარლამენტში? 

ორივე მხარე აღიქვამს ულტიმატუმად ერთმანეთის პოზიციას. რეალურად გამოსავალი არის ის, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, რომ როცა პოლიტიკური კრიზისია, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გზით. მეორე გზა არის უფრო რთული და ნაკლებად რეალისტური ჩვენი რეალობიდან გამომდინარე – ესაა ხელისუფლების გაზიარება, ანუ, მაგალითად, ჩამოყალიბდეს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც მიიყვანს ქვეყანას 2024 წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების, როგორც აღმასრულებელი შტო, ისე საპარლამენტო გადანაწილდება ოპოზიციაზე და ისინი მთლიანობაში საერთო პასუხისმგებლობას აიღებენ, როგორც ეს არის გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სხვა ალტერნატიული სცენარი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდეს.

  • რა სცენარით შეიძლება კიდევ განვითარდეს პროცესი? 

ეს შესაძლოა იყოს კიდევ უფრო მეტი კონფრონტაცია, რაც გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. ეს საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. ისედაც მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კოვიდპანდემიის პირობებში დამძიმდა და ეს სიტუაცია ამ მდგომარეობას საბოლოოდ აუტანელს გახდის. ხალხი უკვე გადაიღალა ამ პოლიტიკური დაძაბულობისგან. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, კაციშვილმა არ იცის, რამდენი პროცენტი მივა საერთოდ არჩევნებზე.

  • ამ ვითარებაში რამდენად არსებობს ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტების შანსი, თუკი შედეგით მოლაპარაკება ვერ დასრულდება? 

ამ დრომდე ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის მარგინალიზაციას. ოპოზიციასაც იმედი აქვს, რომ არჩევნების შემთხვევაში უკვე ის იქნება მმართველობაში და „ქართული ოცნება“ საერთოდ გაქრება, ეს რიტორიკა არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე. ხელისუფლება კი ცდილობს, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მოახდინოს, რომ ის არის რადიკალური და ასე შემდეგ. რა მოხდება, ამაზე საუბარი წინასწარ რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით მოსახლეობის განწყობები, რომელიც მუდმივად ცვალებადია. შესაძლოა, მოსახლეობის რაღაც ნაწილი გიჭერდეს მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად შენი მხარდამჭერია. საზოგადოების განწყობები სიტუაციის მიხედვით იცვლება.

  • რა ელის გლობალურად ქვეყანას, თუკი პოლიტიკოსები საერთო ენას ვერ გამონახავენ? 

მე მაინც იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და რაღაც კონკრეტულ შედეგებამდე მივალთ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ბუნებრივია, რომ ეს ძირს გამოუთხრის ქვეყნის სტაბილურობას… რეგიონის კონტექსტში რომ შევხედოთ ამ პროცესს – რუსეთის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში – იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, რეფორმებს ატარებდეს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოვების თვალსაზრისით, ჩაბმულია შიდა დაპირისპირებაში, რაც მთლიანობაში რუსეთს აწყობს ხელს. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანა სუსტდება, ის ხდება რუსეთის სამიზნე და ძირითადად ამით სარგებლობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთი დაპირისპირების ხარჯზე ყოველთვის გამოდის მხარე, რომელიც თითქოს სტაბილიზატორისა და მშვიდობისმყოფელის როლს გვთავაზობს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ყარაბაღში.

  • რა ინტერესი რჩება ევროკავშირს ისევ განაგრძოს მედიაცია საქართველოში? 

ევროკავშირის ინტერესია, რომ სტაბილურობა იყოს ამ რეგიონში, რადგან საქართველო არის ერთადერთი ერთგული მოკავშირე ამ რეგიონში, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ თავად თუ ვერ მოვაგვარეთ, საქართველო გამოჩნდება, აი, როგორც ჭიჭყინა ბავშვი, როგორც უმწიფარია. ამის გამო შესაძლოა თანდათანობით ინტერესი გაქრეს საქართველოს მიმართ. შესაძლოა, ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს ქვეყანას. საქართველოსნაირ პატარა სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება იზოლაციაში მოექცეს. ერთადერთი ფაქტორი, რაც გვიცავს რუსეთის აგრესიისგან იმ ფონზე, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა არ ვართ, ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა. თუ ეს შესუსტდა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: