კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მთავრობა ძეგლს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ვერ გაყიდის

19.03.2021
მთავრობა ძეგლს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ვერ გაყიდის

მთავრობა ძეგლს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ვეღარ გაასხვისებს. კულტურის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.

ამ დრომდე მთავრობა მსგავს ობიექტებს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ასხვისებდა როგორც პირობიანი აუქციონის წესით, ასევე უპირობოდ. მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდა ასევე პირდაპირი წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების პრაქტიკას.

ხშირად პრობლემა იყო ის, რომ მთავრობის მიერ დადგენილი პირობები, რომლითაც მოგვიანებით შემძენი მისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ადაპტაციის ან სულაც დემონტაჟის ნებართვას იღებდა, არ იყო თანხვედრაში ძეგლის ინტერესებთან.

დღეიდან პირობების დადგენაში კულტურის სამინისტროც ჩაერთვება. შესაბამისად, ამ სტრუქტურის პასუხისმგებლობა იქნება ძეგლების ინტერესების დაცვა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, რომელიც „კულტურის შესახებ“ კანონში შევიდა, საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას ეხება, მუნიციპალიტეტის ორგანოები მსგავს გადაწყვეტილებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებენ.

ცვლილება ითვალისწინებს ასევე, რომ სახელმწიფოს ეგიდით უცხოეთში გასვლის ნებართვის გაცემის პრეროგატივა კულტურის სამინისტროს ექნება.

ცვლილების შესახებ საკანონმდებლო მაცნემ 16 მარტს გამოაქვეყნა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: