ტრაქტორი ადიდებულ მდინარეში, დოლოგანთან [ფოტო]

მდინარე აჭარისწყლის ადიდების შედეგად სოფელ დოლოგნის მიმდებარედ ტრაქტორი წყალში აღმოჩნდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მდინარე წვიმის გამო გუშინ, 22 მარტს, საღამოს ადიდდა.

„ტრაქტორი ინერტული მასალების ამოღებაზე მუშაობდა. ეს არის ქედისა და ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. როგორც ვიცი, მათ არხი ჰქონდათ გაკეთებული და წყალი არხს აქეთ არ უნდა გადმოსულიყო, თუმცა ადიდებულმა მდინარემ მთელი კალაპოტი დაფარა. სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობდა და არც არავინ დაშავებულა. როგორც ამბობენ, ტრაქტორს რაღაც დეტალი გაუფუჭდა და კალაპოტიდან ამოტანა გუშინ ვერ მოახერხეს“, – გვითხრა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რომელ კომპანიას ეკუთვნის ეს ტექნიკა.

ტრაქტორი ადიდებულ აჭარისწყალში / 23.03.2021
ტრაქტორი ადიდებულ აჭარისწყალში / 23.03.2021

ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 23 მარტს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთა.

კადრი პირდაპირი ეთერიდან

ტიკარაძემ ვაქცინა საჩხერის კლინიკაში გაიკეთა.

„გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკის და მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი, ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს გააჩნია მრავალწლიანი ტრადიცია სამედიცინო სფეროში მუშაობის და დარწმუნებული ვარ, ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა სამედიცინო სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩავთვალე საჭიროდ აქ ჩატარებულიყო ჩემი ვაქცინაცია, ეს იქნებოდა სიმბოლურიც და მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის პერსონალისთვის, ისევე რეგიონისთვის,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას რომ გაიკეთებდა, მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, როცა 18 მარტს საქართველოში 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის შედეგად.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს.

 

შუახევი ჰესი ერთი წელია ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილმა ენერგოპროექტმა „შუახევი ჰესმა“ 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო ფუნქციონირება და უკვე წელიწადზე მეტია, რაც წარმატებით, უსაფრთხოდ და ტექნიკური გამოწვევების გარეშე მუშაობს.

„შუახევი ჰესი“  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოდეფიციტის პერიოდში. „შუახევი ჰესი“ წარმოადგენს დღეღამური რეგულირების ჰესს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისთვის პიკური მოთხოვნის დროს ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში. „შუახევი ჰესი“ გამომუშავებული ელექტროენერგიით ხელს უწყობს შიდა წარმოების ზრდას და ამავდროულად ქვეყნის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას.

„შუახევი ჰესის“ მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განხორციელდა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“  პროექტის მშენებლობის ეტაპზე წარმოადგენდა აჭარის რეგიონის უმსხვილეს დამსაქმებელს, რომელმაც 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

„შუახევი ჰესის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა.

„შუახევი ჰესს“, როგორც მშენებლობის ეტაპზე გაცხადებული იყო პროექტის ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორების მიერ, ოპერირების ეტაპზე ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას.

ამავდროულად, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით, სოციალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ოპერირების ეტაპზეც აგრძელებს.

„შუახევი ჰესი“ წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მერკელი ამბობს, რომ ვითარება სერიოზულია – გერმანიაში კარანტინი გახანგრძლივდა და გამკაცრდა

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 18 აპრილამდე გახანგრძლივდა.

„ვითარება ძალიან სერიოზულია“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის ფედერალური მიწების წარმომადგენლებთან 15-საათიანი შეხვედრის შემდეგ.

გერმანიაში აღდგომის წინა დღეებში და აღდგომის დღესასწაულზე, 1-5 აპრილს [წელს კათოლიკური და პროტესტანტული სამყარო აღდგომას 4 აპრილს აღნიშნავს] აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

5 დღის განმავლობაში გერმანიაში არ იმუშავებენ მაღაზიები და სუპერმარკეტები, გამონაკლისია შაბათი დღე, როცა მხოლოდ ის მაღაზიები გაიხსნება, სადაც საკვებ პროდუქტებს ყიდიან.

მთავრობამ მოუწოდა რელიგიურ ორგანიზაციებს, სააღდგომო მსახურება ონლაინ გამართონ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 2 679 896 ადამიანი ინფიცირდა, მათგან 75 011 – გარდაიცვალა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტია ამ დროისთვის ორჯერ აცრილი.

მუნიციპალიტეტის მერსაც ექნება უფლება, შეცვალოს საინვესტიციო პირობა

2021 წლის 22 მარტიდან ამავე წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში ნებისმიერი მუნიციპალიტეტის [გარდა თბილისისა] მერს უფლება ექნება, საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის ან სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებისთვის შეცვალოს საინვესტიციო პირობა და ამ პირობის შესრულების ვადაც გაახანგრძლივოს.

მუნიციპალიტეტის მერს ასევე უფლება აქვს გააუქმოს ის ვალდებულება, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა; მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პირობის შემსუბუქების თაობაზე, მათ შორის, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ.

მერის მხრიდან ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა ან მისი შესრულების შეფერხება ახალი კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.

შესაბამისი ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ 18 მარტს შევიდა და ის 22 მარტიდან ამოქმედდა.

ამ ცვლილებით კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის ახალი, 163​4 მუხლი:

„მუხლი 163​4. აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე

1. მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერი უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის -ლი ოქტომბრისა, მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის:

ა) ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის თაობაზე, მათ შორის, ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) იმ ვალდებულების გაუქმების თაობაზე, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა;

გ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პირობის შემსუბუქების თაობაზე, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა ან მისი შესრულების შეფერხება განპირობებულია უშუალოდ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიის ან/და პანდემიის გამო დადგენილი მარეგულირებელი ნორმებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შეღავათის სახე და ზომა იმ გავლენის პროპორციული უნდა იყოს, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა მარეგულირებელმა ნორმებმა საინვესტიციო ან ფინანსური პირობის შესრულებაზე მოახდინა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილება არ გულისხმობს საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ გადასახდელი ფასის შემცირებას“.

 

დიდი ალბათობით ავცდებით მესამე ტალღას, თუ ასე გავივლით მარტსა და აპრილს – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მცირედით გაუარესების ტენდენცია შეინიშნება და თუ ეს ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, საჭირო გახდება გარკვეული გამკაცრება, პირველ რიგში კი, უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება.

„ბოლო დღეებში გაჩნდა ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ, მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 000 ტესტზე არის 528 ახალი შემთხვევა, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2.53-ზე ქვეყანაში. 7 და 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი ჯერჯერობით გვაქვს სტაბილური, ოდნავ იმატებს შვიდდღიანი,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ მთლიანობაში საქართველოში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გრძელდება და მარტის თვის დადებითობის საშუალო მაჩვენებელიც იქნება უფრო დაბალი, ვიდრე წინა თვეების იყო. მისივე თქმით, პოზიტიურია დინამიკა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, „რაც ყველაზე მცირეა ნოემბრიდან დღემდე“.

„თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, დიდი ალბათობით ავცდებით მე-3 ტალღას, თუ ჩვენ გვექნა ტენდენცია ზრდისა, ანუ ეპიდსიტუაციის გაუარესებისა, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი (იმაზე, რაც უკვე დაწესებულია) და შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თავდაცვის საუკეთესო გზა პრევენციაა: პირბადის ტარების მაჩვენებლის ზრდა, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.

„ამას ემატება ვაქცინაციის გააქტიურება. სამწუხაროდ, იცით, რა ტრაგიკული ფაქტიც გვაქვს გასულ ხუთშაბათს საქართველოში, ძალიან მძიმეა, უკიდურესად მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ცივი გონებით როცა აწონი, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.  პანდემიის და ჩვენთან ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბათუმში მარტის ბოლომდე იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ელვა-ჭექა.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25-26 მარტს, შენარჩუნებული იქნება წვიმა, მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში წვიმიანი ამინდი მარტის ბოლომდე შენარჩუნდება.

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მძინარე პოლიციელი შვილების თვალწინ მოკლა

პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1-ელ ივლისს, გორში, ბრალდებულმა დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების – ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის წინა თვეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი პოლიციის თანამშრომელი იყო.

სამართალდამცავებმა ჰ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ჰ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„მართლმსაჯულების უარყოფა“ – კიდევ რას წერს ევროსასამართლო სერჟანტ შავაძის მკვლელობაზე

„მართლმსაჯულების უარყოფა“, „გულისხმიერების ნაკლებობა“, არაეფექტური გამოძიება“ – ასეთი რადიკალურია ევროსასამართლო საქართველოში ჩატარებულ გამოძიებაზე. საუბარია „როინ შავაძის საქმეზე“, ბათუმელ სერჟანტზე, რომელიც ბათუმში აგვისტოს ომის შემდეგ, 16 აგვისტოს მოკლეს.

„როინ შავაძის საქმის“ გამოძიება საქართველოში 2008 წლიდან ამ დრომდე ანუ 13 წელია დასრულებული არ არის. ევროსასამართლოში საქმე სასამართლოს წინააღმდეგ მოკლული სერჟანტის მეუღლემ – ციცინო შავაძემ მოიგო და დაადასტურა, რომ სიცოცხლის უფლება დაირღვა.

ევროსასამართლომ „როინ შავაძის საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილება 2021 წლის 19 თებერვალს მიიღო. ეს გადაწყვეტილება ქართულად უკვე ითარგმნა. გაგაცნობთ ამ გადაწყვეტილების რამდენიმე ეპიზოდს, სადაც ევროსასამართლო საქართველოში წარმოებულ გამოძიებას მწვავედ აკრიტიკებს:

„მართლმსაჯულების უარყოფა“

ყველაზე მკაფიო და რადიკალური შეფასება გამოძიების გაჭიანურებას ეხება. სწორედ ამ საკითხზე მსჯელობისას ახსენებს ევროსასამართლო ფრაზას „მართლმსაჯულების უარყოფა“ საქართველოში წარმოებული გამოძიების მიმართ.

„სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ გაჭიანურებული მართლმსაჯულება ხშირად წარმოადგენს მართლმსაჯულების უარყოფას, რადგან საქმისწარმოების პროცესში უმოქმედობის არაგონივრული პერიოდების არსებობა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გულისხმიერების ნაკლებობა, გამოძიებას არაეფექტურს ხდის მისი საბოლოო შედეგის მიუხედავად…“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიება „როინ შავაძის საქმეზე“ განზრახ გაჭიანურდა და იმის მიუხედავად, რომ მას საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიაწოდა საქმე და ვერსიებიც, სასამართლოსთვის უცნობი დარჩა გამოძიების გაჭიანურების მიზეზი.

„გულისხმიერების ნაკლებობა“ 

„…ასეთი ხელშემშლელი გაჭიანურება მიუთითებს ეროვნული ორგანოების მიერ სისწრაფისა და გონივრული ოპერატიულობის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ეროვნულ დონეზე ამ გაჭიანურებული გამოძიების რაიმე კონკრეტული მიზეზი. ამ სათანადო გულისხმიერების ნაკლებობა, რომელიც სასამართლოს შეხედულებით წარმოადგენს განზრახ გაჭიანურებას, არის იმის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ იყო ზუსტი,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რამდენად შესაძლებელია „როინ შავაძის საქმის“ ეფექტური გამოძიება ახლა?

„მართლაც, დროის გასვლასთან ერთად მოწმეთა მოგონებები თანდათან ფერმკრთალდება, მოწმეები შეიძლება გარდაიცვალონ ან მათი მიგნება შეუძლებელი გახდეს, მტკიცებულებების მდგომარეობა გაუარესდეს ან საერთოდ გაქრეს და რაიმე ეფექტური გამოძიების ჩატარების შესაძლებლობის პერსპექტივები სულ უფრო მეტად შემცირდეს, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ და მსჯელობამ შეიძლება დაკარგოს აზრი და ეფექტურობა“, – ეს ევროსასამართლოს შეფასებაა იმ რისკზე, რაც საქართველომ დაუშვა, ანუ მკვლელობის საქმე 13 წელი არ გამოიძია.

„არაეფექტური გამოძიება“ და „აუხსნელი გადახვევა“

ევროსასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სერჟანტი „გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში“, ხოლო თავდაპირველი საგამოძიებო ღონისძიებები ამავე ორგანოს გამომძიებლებმა ჩაატარეს და არა პროკურატურამ, „რასაც ეწინააღმდეგებოდა ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, – დასძენს ევროსასამართლო.

შემდეგ ეტაპზე საქმე პროკურორების ხელში გადავიდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში აღიარა, რომ ისინი შსს-ს მიერ მკვლელობის პირველ დღეებში შეგროვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდნენ. ამ მოცემულობას ევროსასამართლო ასე აფასებს: „აუხსნელი გადახვევა“.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული ყველაზე უფრო გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები, გარდა იმისა, რომ აშკარად წარმოადგენდა აუხსნელ გადახვევას შიდასახელმწიფოებრივი პროცედურული წესებიდან, აშკარად არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აუცილებელ მოთხოვნებს,“ – წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქმის პროკურატურისთვის გადაცემის ეტაპზე ევროსასამართლო უკვე შეშფოთებას აღარ მალავს. სტრასბურგის სასამართლო ფუნდამენტურ დარღვევად ამ ნაწილში მიიჩნევს იმას, რომ გარდაცვლილი სერჟანტის ცოლს პროკურატურამ 20-ჯერ უთხრა უარი დაზარალებულად ცნობაზე და შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობაზე.

„წინასწარ განზრახული უარი“

სასამართლო განსაკუთრებით შეშფოთებულია ამ უკანასკნელი ორგანოს აუხსნელი, დაჟინებული და, ამდენად, შესაძლო წინასწარ განზრახული უარის გამო, რომ ჩაერთო მომჩივანი, რაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობას მისცემდა სრულად ესარგებლა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსით, რომლის უფლებაც მას ჰქონდა. ამ საპროცესო მდგომარეობის გარეშე მომჩივანს საერთოდ არ შეეძლო ესარგებლა რაიმე საპროცესო უფლებით. მან ვერ მოიპოვა რაიმე ინფორმაცია გამოძიების შესახებ და მას ქმრის სხეულის გარდაცვალების შემდგომი ექსპერტიზის შესახებ დასკვნის გაცნობის უფლებაც კი არ მიეცა.

„მომჩივანმა ვერ გამოავლინა სათანადო გულისხმიერება, რომ გამოეჩინა შესაბამისი ინიციატივა…“ – უთქვამს ევრომოსამართლეებისთვის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მომჩივნის ქმრის მკვლელობის ფაქტის სისხლის სამართლის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ის რეგულარულად ინტერესდებოდა გამოძიების მსვლელობით საქმისწარმოების ადრეული ეტაპიდან დაწყებული. ამდენად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მას არ გამოუჩენია ინტერესი ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის გამოძიების მეშვეობით შესაბამისი ფაქტების გამორკვევასთან დაკავშირებით,“ – მიიჩნია ევროსასამართლომ.

ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ოფიციალურ ვერსიაზე – „სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენება მოხდა საპატიმროდან როინ შავაძის უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად.“

„ეს ვერსია რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული,“ – მიიჩნევს ევროსასამართლო. სტრასბურგის სასამართლო შენიშნავს იმასაც, რომ ამ დროს, როცა ადამიანი კვდება სამართალდამცველების ხელში, „ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება პასუხი აგონ ამ პირის მიმართ მოპყრობაზე, განსაკუთრებით მკაცრია.“

„მართლაც, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რათა წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება,“ – აღნიშნავს ევროსასამართლო.

____

პროკურორები, რომლებიც ამ საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდნენ, ახლა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებენ. „სახელმწიფოს დაევალება გამოძიება,“ – ეს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ნონა წოწორიას შეფასებაა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ნაბიჯს გადადგამს საქართველო ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ.

„…ხელისუფლების ორგანოებმა ყოველთვის უნდა მიმართონ მნიშვნელოვან ძალისხმევას იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს გამოძიების დასასრულებლად… თავდაპირველი გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის, გარდაცვლილი პირის უახლოესი ნათესავის არდაშვებისა და ხელშემშლელი გაჭიანურებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანის ქმრის გარდაცვალების ფაქტის სისხლისსამართლებრივი გამოძიება იყო არაეფექტური და მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია პროცედურული ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-2 მუხლით,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აჭარის და საქართველოს გენერალური პროკურორები, ვისაც შავაძის ქვრივი, ციცინო შავაძე დაზარალებულად ცნობას სთხოვდა და მას პასუხსაც კი არ სცემდნენ.

შავაძის მკვლელობის საქმე – რას წერს ევროსასამართლო პროკურორების როლზე

„გაუქმდეს პარკირების საჯარიმო ქვითრები“ – მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

„მერმა გააუქმოს დღემდე ყველა გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. შეაჩეროს პარკირების გადასახადი და არ დაჯარიმდნენ მოქალაქეები, სანამ არ იქნება კანონით დადგენილ ნორმებში მოწესრიგებული პარკირება,“ – აცხადებს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მან დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო ჟურნალისტებს, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია.

გია ხალვაშის განმარტებით, მოქალაქე, რომელმაც სასამართლოს მიმართა, იმის გამო დააჯარიმეს, რომ მას პარკირების საფასური არ ჰქონდა გადახდილი.

„ავტოტრანსპორტის მიერ გამოწერილი ყველა საჯარიმო ქვითარი არის უკანონო, რადგან იდენტური შემთხვევებია. მერიის 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება არ სრულება, არ არის მოწყობილი ფასიანი და უფასო ავტოსადგომები, არ არის შესაბამისი ნიშნები…

საჯარიმო ქვითარი უკანონოა და მილიონობით ლარი მოსახლეობისაგან უკანონოდ აქვთ ამოღებული ჯარიმები, როგორც გადახდილი, ასევე სააღსრულებოს მიერ იძულებით იქნა ამოღებული. ავტოსადგომიდან ევაკუატორით გადაყვანილი ავტომანქანები ფაქტიურად კანონიერად უსაფუძვლო იყო, რაც დანაშაულია,“ – აცხადებს გია ხალვაში.

გია ხალვაშის თქმით, ეს არგუმენტი გაითვალისწინა მოსამართლემ, თუმცა რა არის მოსამართლის დასაბუთება, უცნობია. გია ხალვაშის თქმით, მას მოსამართლის დასაბუთება ჯერ არ ჩაბარებია.

„მას შემდეგ გავაკეთებთ განმარტებას, როცა მოსამართლის გადაწყვეტილება ჩაგვბარდება,“ – გვიპასუხეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში.

თურქეთში 200-მდე ჯარისკაცი დააკავეს „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით

თურქეთში დააკავეს 200-მდე ჯარისკაცი ფეტულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით.

სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პოლკოვნიკი, ლეინტენანტები, მაიორები, კაპიტნები, სერჟანტები და ა.შ.

სპეცოპერაცია თურქეთის 53 რეგიონში ჩატარდა.

ოფიციალური ანკარა თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს, თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები გიულენი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს, ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ფეტულა გიულენი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში პუტჩის ღამესვე დაადანაშაულა ოფიციალურმა ანკარამ.

 

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ – Global Finance „თიბისი“ საუკეთესო ბანკად აღიარა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance „თიბისი“ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში.

აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის ლიდერობას საქართველოს ბაზარზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა მომხმარებელზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული.

„ბანკები მსოფლიოს მასშტაბით მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკის აღდგენის პროცესში. საუკეთესო ბანკების კატეგორიაში ის ლიდერი ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის პროცესში. მსოფლიო პანდემიის და უპრეცენდენტო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით წლევანდელი შეფასებები კიდევ უფრო ღირებული და ნიშანდობლივია ჩვენს 28 წლიან ისტორიაში“,  – ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისათვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

„მოხარული ვართ რომ თიბისიმ, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან – გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას – მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო  სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. განსაკუთრებით ახლა, გლობალური პანდემიის პერიოდში,  აღნიშნული ჯილდოები იმის მტკიცებულებაცაა, რომ თიბისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ძლიერ გუნდთან ერთად მზად არის არსებულ გამოწვევებს გადაწყვეტები მოუძებნოს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

23-24 მარტს გორის გვირაბში მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 მარტის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

საქართველოში კოვიდის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარაში – 42, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 20, გურიაში – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 26, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პაციენტი. 2 124  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 211 პირი, აჭარაში – 636, იმერეთში – 935.

აჭარაში კოვიდის 42 ახალი შემთხვევაა | 23 მარტი

23 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკაში 155 პაციენტია, მათგან 3 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

35 პაციენტია ამ დროისათვის რეგიონის კოვიდკლინიკაში, თვითიზოლაციაში იმყოფება 636 პირი.

როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი წნევის დროს – ექიმის რჩევები

დაბალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპოტენზია არის წნევა, რომელიც ადამიანის მოსვენებულ მდგომარეობაში 90/60-ზე ნაკლებია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანში ის შესაძლოა სულაც არ იწვევდეს პრობლემებს, მეთვალყურეობა მაინც სჭირდება. ექიმ-ნევროლოგ შორენა კუნჭულიას თქმით, ჰიპოტენზიაც ისევე საყურადღებოა, როგორც ჰიპერტენზია, რადგან დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გულისწასვლა. განსაკუთრებით საშიშია წნევის სწრაფი ვარდნა. მწვავე შემთხვევებში კი დაბალი არტერიული წნევა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც გახდეს.

დაბალი წნევის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც დეჰიდრატაცია, ისე სერიოზული სამედიცინო დარღვევები. ამიტომაც ჰიპოტენზიისას მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზი, რა იწვევს თქვენს არტერიულ წნევას, მისი მკურნალობა შესაძლებელი რომ გახდეს.

  • ქალბატონო შორენა, რა შეიძლება იყოს დაბალი წნევის მიზეზი?

დაბალ არტერიულ  წნევას, ისევე როგორც მაღალ არტერიულ წნევას, ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, რომლებიც შეიძლება პირობითად ორ ნაწილად – მწვავე და არამწვავე მიზეზებად დავყოთ. პირველ რიგში, მწვავედ განვითარებული ჰიპოტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა მწვავედ განვითარებული ინფარქტი, გულის არითმიის უეცარი შეტევა, სისხლდენა, ტრავმული შოკი.

ასევე არსებობს ჰიპოტენზიის გამომწვევი მეორადი მიზეზები, როცა დაბალი წნევა სხვადასხვა დაავადების ნიშანია. პირველ რიგში, ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ანემიები (განსაკუთრებით  სისხლის მწვავე დაკარგვის შემდგომ განვითარებული), ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება (ჰიპოთერიოზი), ჰიპოგლიკემიები (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში). დაბალი წნევა ხშირია ოსტეოქონდროზის დროს, განსაკუთრებით ხერხემლის არტერიების დაზიანების შემდგომ და ქრონიკული ათეროსკლეროზული დაავადების დროს.

არსებობს აგრეთვე დაბალი წნევის ქრონიკული მიზეზები, მათგან უნდა გამოვყოთ ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია, რაც ძალიან ხშირად გვხვდება ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანებში. ძირითადად ესენი არიან სპორტსმენები, რომელთაც ძალიან ხშირად აღენიშნებათ დაბალი არტერიული წნევა. ეს დაკავშირებულია სხეულის ფიზიკური მუშაობისას ჟანგბადის ეკონომიურ ხარჯვასთან. ისინი ეჩვევიან ფიზიკური დატვირთვის დროს ჟანგბადის ეკონომიურ ხარჯვას და უყალიბდებათ ჰიპოტენზია, მაგრამ ეს არის ფიზიოლოგიური და მას არ სჭირდება მედიკამენტოზური ჩარევა.

  • დაბალი წნევა ხშირად აქვთ ფიზიკურად არააქტიურ ახალგაზრდებსაც, რა არის ამის მიზეზი?

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, შეიძლება გამოვყოთ ასევე პირველადი სტრესის ან ფიზიკური დაძაბულობის შედეგად გამოწვეული ჰიპოტენზია. ძალიან ხშირად დაბალი წნევა აღენიშნებათ პიროვნებებს, რომელთაც ახასიათებთ ემოციური ლაბილობა, მაგალითად, ახალგაზრდებში დაბალი წნევა ფსიქოლოგიური/ფსიქიკური დაძაბულობის, სტრესის შედეგად შეიძლება განვითარდეს.

[yellow_box]

სიმპტომები:
ზოგიერთი ადამიანისთვის დაბალი წნევა სხვა ძირითადი პრობლემის მანიშნებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მოულოდნელად ეცემა ან ახლავს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

თავბრუსხვევა
გულის წასვლა
ბუნდოვანი მხედველობა ან თვალების დაბნელება
გულისრევა
დაღლილობა
კონცენტრაციის ნაკლებობა

[/yellow_box]

  • თუ ჰიპოტენზიის მიზეზი არ არის რომელიმე დაავადება, რა რეკომენდაციები არსებობს დაბალი წნევის ასარიდებლად?

ძირითადად ჯანმრთელ პირებში, პირველ რიგში, არ უნდა განვითარდეს დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) – დღის განმავლობაში წყალი უნდა მივიღოთ დიდი ოდენობით. სითხის მიღება განსაკუთრებით არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობის დროს, რადგან ამ დროს ორგანიზმმა შეიძლება დიდი რაოდენობის სითხე დაკარგოს ოფლის სახით. ასევე მივიღოთ ნაკლები ალკოჰოლი – სპირტიანი სასმელები იწვევენ დეჰიდრატაციას და ერთმა ჭიქა არაყმაც შეიძლება წნევა საგრძნობლად დაგვიგდოს.

ცხადია, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონი – მრავალფეროვანი საკვები, ძირითადად ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული. მიირთვით ნაკლებად მშრალი საკვები. კარგია ცილოვანი საკვები, რომელიც ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობს ხელს. ცხოველური ცხიმები ჩაანაცვლეთ მცენარეული ცხიმებით, შეზღუდეთ მარილის მიღება და მიირთვით ადვილად მოსანელებელი პროდუქტები.

ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაშიც, არ გავაკეთოთ ცუდი სწრაფი მოძრაობა, მაგალითად, ახალგაღვიძებულზე ლოგინიდან სწრაფად არ უნდა წამოვხტეთ, ჯერ წამოვჯდეთ, ჩავისუნთქოთ და მერე წამოვდგეთ, სწრაფმა მოძრაობამ შეიძლება უცებ დააგდოს წნევა.

არ მიირთვათ ერთიანად დიდი რაოდენობის საკვები, მიირთვით ცოტ-ცოტა ულუფები, რომ არ  გადაიტვირთოს კუჭ-ნაწლავი. გადამეტებული რაოდენობის საკვების სწრაფად მიღებამ წნევის უეცარი ვარდნა შეიძლება გამოიწვიოს.

  • უცაბედად წნევის დავარდნის დროს რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

პირველ რიგში, როცა  წნევის უეცარი ვარდნა ხდება, პაციენტი უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურად – თავი ქვემოთ, ფეხები მაღლა, რათა არ განვითარდეს სერიოზული კოლაფსი. ამ დროს სისხლის მიდინება უმჯობესდება და ამ ელემენტარულმა მოქმედებამ შესაძლოა პაციენტი მდგომარეობიდან გამოიყვანოს. თუ ცხადია ეს ფიზიოლოგიური კოლაფსია და სხვა მიზეზი არ არის, იგივე მეორადი მიზეზები – გულის, თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების სახით.

ქობულეთში მტაცებლებზე ნადირობა გრძელდება მოსახლეობის დასაცავად

ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, მონადირეების საშუალებით მტაცებელი ცხოველების – მგლებისა და ტურების ლიკვიდაცია ისევ იგეგმება. მისი თქმით, ასეთ ზომებს მიმართავენ მაშინ, როცა პოპულაცია იზრდება და საფრთხისშემცველია მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ქობულეთში თებერვლის თვეში ცხოველების ცოფის შემთხვევები დადასტურდა 3 სოფელში, სადაც დაავადების გადამტანი ტურა იყო. მტაცებელთა სალიკვიდაციო სამუშაოები ცოფის პრევენციის მიზნითაც ხორციელდება.

მონადირეებმა ქობულეთის ტყეებში 5 მგელი და 5 ტურა უნდა მოინადირონ. ნადირობა ქობულეთის ტყეებში მონადირეებმა თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყეს. მერიაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 2 ტურაა მონადირებული.

რაც შეეხება ცოფის შემთხვევებს, ქობულეთის სოფლებში თებერვლის შემდეგ ცოფი არ დაფიქსირებულა.

___

თებერვლის თვეში სამ სოფელში – ჯიხანჯურში, წყავროკასა და ცხრაფონაში ცოფის შემთხვევების გამო 60-დღიანი კარანტინი გამოაცხადეს. ეს გულისხმობს კონტროლს შინაური ცხოველების გადაადგილებაზე და მათ სავალდებულო ვაქცინაციას. ამ სოფლებში ჯერ ისევ აკრძალულია რძისა და ხორცპროდუქტების რეალიზაცია 2 თვის განმავლობაში.

კარანტინი დასრულდა მხოლოდ ერთ სოფელში – ჯიხანჯურში. წყავროკასა და ცხრაფონაში კი შეზღუდვები აპრილის თვემდე ისევ გრძელდება.

„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ

„როცა სახანძრო მოვიდა, ჩემი სახლი აღარ იყო, ხანძრის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე სახანძრო,“ – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე, რომელსაც გუშინ, 21 მარტის ღამეს, სახლი და ბოსელი დაეწვა. ხანძრის შედეგად ჯუმბერ შაინიძის 9-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, მათ შორის, 4 მცირეწლოვანია.

ჯუმბერ შაინიძის ოჯახი არაა ხულოში ერთადერთი, რომლის ცეცხლმოდებულ სახლთან სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად ვერ მივიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხულოში მხოლოდ ერთი სახანძრო სამსახურია. ხულოს ცენტრიდან სოფელ ყინჩაურამდე კი, სადაც ჯუმბერ შაინიძეს სახლი დაეწვა, 25 კილომეტრია.

„სხალთის ცენტრში რომ ყოფილიყო სახანძრო, 5 წუთში მოვიდოდა, სხალთიდან ჩემს სოფლამდე 200 მეტრია. რამდენი ხანია ამას ვითხოვთ, მაგრამ არაფერი… ხულოს ცენტრიდან ვიდრე ამოვიდა სახანძრო, ბოსელიც თითქმის დამწვარი იყო. ის ჩააქრეს მხოლოდ,“ – ამბობს ჯუმბერ შაინიძე.

ჯუმბერ შაინიძის ოჯახი ხულოში, სოფელ ყინჩაურში ერთსართულიან ხის სახლში ცხოვრობდა.

„90-იან წლებში ვიყიდეთ ეს სახლი, მას შემდეგ, როცა წაბლანაში წაგვიღო მეწყერმა და გამოვასწარით – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე და ხანძრის გაჩენის დეტალებსაც იხსენებს. -„უცებ მოედო ცეცხლი ყველაფერს, მისაღებში ვიყავით ყველა და ტელევიზორს ვუყურებდით, მეორე ოთახის კარი რომ შევაღე, კაბელიდან ცეცხლი მოკიდებული იყო უკვე ოთახზე, ჩქარა გარეთ-მეთქი, ვიყვირე და ცეცხლმა წამაქცია იქვე, იმხელა ცეცხლი იყო უკვე, მეზობლები რომ არა, ალბათ ყველა ვერც გამოვასწრებდით გარეთ… ჩვენ გადავრჩით, 3 პირუტყვი და კიდევ ძაღლი, მეტი არაფერი მაქვს… ტელეფონიც დამეწვა ხანძრის დროს, მეზობლის ტელეფონით გესაუბრებით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯუმბერ შაინიძე. მისი ოჯახი დროებით მეზობელთან იცხოვრებს.

ხულოს მერმა დაზარალებულ ოჯახს უკვე პირადად აცნობა, რომ დახმარების გამოყოფამდე ხულოს მერია გადაუხდის ოჯახს ქირის ფულს – თვეში 300 ლარს.

„შესწავლის შემდეგ მივმართავთ აჭარის მთავრობას და გამოიყოფა ფულადი დახმარება, რაც 15 ათასი ლარია…“ – აცხადებს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე.

„რას ვიყიდი 15 ათას ლარად? ვერაფერს ვერ ვიყიდი. ისევ მეზობლების იმედი მაქვს,“ – ამბობს ჯუმბერ შაინიძე.

„ბიუჯეტში ნაშთი რჩება ნახევარი მილიონი ლარი და ამ პრობლემის მოგვარებას არავინ ცდილობს,“ – ამბობს ნუგზარ გორგილაძე. ისიც სოფელ ყინჩაურში ცხოვრობს და ხულოს საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. ნუგზარ გორგილაძის თქმით, არაერთხელ ჰქონდა ინიციატივა რამდენიმე თემის ცენტრში მოწყობილიყო სახანძრო პუნქტები და „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატიც უჭერდა მხარს ამ იდეას, თუმცა ხულოს მუნიციპალიტეტმა სახანძრო პუნქტების დამატებაზე უარი თქვა.

„ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, საუბარია ხიხაძირსა და ღორჯომის თემში სახანძრო პუნქტების დამატებაზე, ჩვენ შსს-ს 2020 წელს მივმართეთ,“ – გვითხრა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

როდის მოეწყობა დამატებით სახანძრო პუნქტები ხულოს თემებში, სადაც ხის სახლები სახანძროს მისვლამდე ხშირად იწვის? – ხულოს მერი ამ პრობლემას აღიარებს, თუმცა დასძენს, რომ ის შსს-ს გადაწყვეტილებას ელოდება და ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს, როდის გამოჩნდებიან მეხანძრეები მაღალმთიან სოფლებთან ახლოს.

ხის სახლი დაიწვა ხულოში 9 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგადაც. ეს სოფელი ხულოს ცენტრთან, შესაბამისად, სახანძრო სამსახურთან ახლოსაა.

„გვერდით სახლებსა და ნაგებობებზე არ გადასულა ხანძარი, ესაა მთავარი, რომ სხვა შენობების დროული გადარჩენა მოხერხდა,“ – აღნიშნავს ხულოს საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ჯორბენაძე.

ხულოში ხის სახლის დაწვის რამდენიმე შემთხვევაა წელიწადში: 2020 წლის 19 მაისს ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი, 2019 წლის 22 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში 7 სახლი და 5 სათავსო ერთდროულად დაიწვა. 2019 წლის 20 ოქტომბერს სახლი დაიწვა სოფელ ხიხაძირში.

„ჩვენ ვცდილობთ სოფლებში მოეწყოს ბუნებრივი სახანძრო სისტემები,“ – ახალ მიდგომებზეც გვესაუბრა ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სოფელში აწყობენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჰიდრანტებს, ანუ ადგილს, სადაც წყლის ონკანი იქნება, ხოლო მილებით მოსახლეობას სახანძროს დახმარების გარეშე შეეძლება ონკანით სარგებლობა.

„უკვე მოეწყო ასეთი სისტემა, მაგალითად, სოფელ წინწკალაშვილებში, ჯერ აქ შემთხვევა არ გვქონია და ვერ გეტყვით, როგორ იმუშავებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსახლეობა შეძლებს მის გამოყენებას… დაახლოებით 8-10 ათასი ლარი ჯდება ამის მოწყობა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხერხდება. ყველგან ეს ვერ მოეწყობა, რადგან გააჩნია რელიეფს, ზოგან წყლის პრობლემაა, მაგრამ ხიხაძირის ან სხვა თემში რომ იყოს სახანძრო, მანქანას მაღალმთიან სოფლამდე 15-20 წუთი მაინც დასჭირდება და ამ დროში იწვის უკვე ძველი ხის სახლები,“ – მიიჩნევს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე.

აპირებს თუ არა და როდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხულოში ახალი სახანძრო პუნქტების მოწყობას? – უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

შავაძის მკვლელობის საქმე – რას წერს ევროსასამართლო პროკურორების როლზე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ქართული ვერსია გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მიხედვით, როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ, მეუღლის მკვლელობის შემდეგ პროკურატურის ორგანოებს მინიმუმ 20-ჯერ მიმართა თხოვნით, რომ ის დაზარალებულად მაინც ეცნოთ. ქალს ამაზე ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ. ნახეთ, რა წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს  გადაწყვეტილებაში საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირებით:

სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს ქართველმა სამართალდამცავებმა. როინ შავაძის სხეულზე აღენიშნებოდა ტყვიის 27 ნახვრეტი და ასევე სხეულის მრავლობითი მოტეხილობა. ევროსასამართლოს 2021 წლის 19 თებევრლის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფომ შავაძის ქვრივს 40 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზიანისთვის. როინ შავაძის საქმის გამოძიება საქართველოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა

ამონარიდი 1:

„2008 წლის 25 აგვისტოს მომჩივანმა [მოკლულის ქვრივმა ციცინო შავაძემ – ავტ.] მოითხოვა მისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება მისი ქმრის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. 2008 წლის 8 სექტემბერს რეგიონულმა პროკურატურამ უპასუხა მის მოთხოვნას და მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა გამოძიების ადრეული ეტაპიდან გამომდინარე. 2008 წლის სექტემბერსა და 2010 წლის იანვარს შორის პერიოდში მან, სულ მცირე, რვაჯერ გაიმეორა თავისი მოთხოვნა და პროკურატურისგან ყოველ ჯერზე იდენტური პასუხები მიიღო, რომ ნაადრევი იყო დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმის გამო, რომ ჯერ საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიების ჩატარება“.

ამ პერიოდში აჭარის პროკურორი იყო ვასილ როინიშვილი. ვასილ როინიშვილი 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

ვასილ როინიშვილი

ამონარიდი 2:

„2010 წლის 13 იანვარს მომჩივანმა რეგიონული პროკურატურისგან მოითხოვა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნულმა ორგანომ 2010 წლის 16 იანვარს უპასუხა, რომ მისი მოთხოვნები ვერ იქნებოდა განხილული, ვინაიდან ის საქმისწარმოებაში არ წარმოადგენდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს“.

ამ პერიოდში აჭარის პროკურორი გოჩა ფარულავა იყო.

გოჩა ფარულავა

ამონარიდი 3:

„2010 წლის სექტემბერსა და 2011 წლის მაისს შორის პერიოდში მომჩივანმა განმეორებით იჩივლა როგორც რეგიონულ პროკურატურაში, ისე იერარქიულად მის ზემდგომ – საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა მისთვის აუცილებელი დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება, რაც მას ქმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა რეგიონული პროკურატურა ყოველთვის პასუხობდა, რომ მისი მოთხოვნა ნაადრევი იყო და რომ მისი შესწავლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ“.

ამონარიდი 4:

„2011 წლის 11 მაისს მომჩივანმა რეგიონულ პროკურატურას სთხოვა, მიეცათ წვდომა სისხლის სამართლის მთლიანი საქმის მასალებზე თუ არა, 2008 წლის 16 აგვისტოს მისი ქმრის სხეულის აღმოჩენის შემდეგ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე მაინც. რეგიონულმა პროკურატურამ 2011 წლის 18 მაისით დათარიღებული წერილით უპასუხა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალის გასაცნობად მომჩივანს ჯერ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მიეღო.

ამ პერიოდშიც აჭარის პროკურორი გოჩა ფარულავა იყო. „ბათუმელებისთვის“ უცნობია დღეს რას საქმიანობს გოჩა ფარულავა. იერარქიულად ზემდგომი ანუ საქართველოს მთავარი პროკურორი ამ დროს მურთაზ ზოდელავა იყო.

მურთაზ ზოდელავა

ამონარიდი 5: „2011 წლის სექტემბერსა და 2016 წლის დეკემბერს შორის პერიოდში მომჩივანმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენჯერმე იჩივლა რეგიონული პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით და მოითხოვა საქმის წარმოების დაჩქარება“.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“. მმართველმა პარტიამ აჭარის პროკურორად ლევან გზირიშვილი მოავლინა. ის თანამდებობაზე დარჩა 2013 წლის შემოდგომამდე. 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან გზირიშვილი დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

ამ პერიოდში ქვეყნის მთავარი პროკურორები იყვნენ არჩილ კბილაშვილი და ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძეს ერთი წლით გიორგი ბადაშვილი ანაცვლებს. ის ამ პოსტზე მოვალეობის შემსრულებელია. 2015-2018 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო. ის ახლაც საქართველოს გენერალური პროკურორია.

ლევან გზირიშვილი

ლევან გზირიშვილი აჭარის პროკურორად 2013 წლის 11 ნოემბერს შოთა ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლა. ის აჭარის პროკურორად 2016 წლის თებერვალამდე მუშაობდა. 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში შოთა ტყეშელაშვილს უწერია, რომ ის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორია.

2016 წლის თებერვლიდან აჭარის პროკურორად დაინიშნა ლევან პაქსაშვილი. 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ლევან პაქსაშვილს უწერია, რომ ის კახეთის ყოფილი საოლქო პროკურორია.

ლევან პაქსაშვილი

ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებაში როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის უგულისყურობაზე სწორედ 2016 წლის ჩათვლით განიხილავს.

2014 წლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა.

ევროსასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. „საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივნის ქმრის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალიდან არ ირკვევა, ზემოხსენებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 11) ღონისძიების გარდა განხორციელდა თუ არა რაიმე სხვა კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიება და მომჩივანს მიენიჭა თუ არა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი“, – წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ირაკლი შოთაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი

___

მთავარი ფოტო: ირაკლი შოთაძე, ირაკლი ფარცხალაძე, არჩილ კბილაშვილი და მურთაზ ზოდელავა – საქართველოს მთავარი/გენერალური პროკურორები. სწორედ მათი პროკურორობის პერიოდს ეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ჩანაწერი – „გულისხმიერების ნაკლებობა“: „სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალის მიხედვით, დღეისათვის მომჩივნის ქმრის მკვლელობის გამოძიების შემდეგად, რომელიც 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო, რაიმე უტყუარი დასკვნები არ წარმოდგენილა. ასეთი ხელშემშლელი გაჭიანურება მიუთითებს ეროვნული ორგანოების მიერ სისწრაფისა და გონივრული ოპერატიულობის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე“.

 

მოქალაქეებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 მარტიდან ვაქცინაცია 65 წელს გადაცილებული  საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, მათ შეეძლებათ აირჩიონ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი აიცრა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიის ნაწარმია, „ფაიზერი“ კი – გერმანულ-ამერიკული კომპანიის.

საქართველოში 14 500 ადამიანისთვის საჭირო „ფაიზერის“ ვაქცინას მარტის ბოლოს ელიან.

სამინისტროს ცნობით, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 1522 მოქმედებს, რომელიც ყოველ დღე, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

______________

ამავე თემაზე: 

როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა

რა და რატომ იცვლება სქემაში – „სკოლაში ხარისხის ჯგუფების შექმნა სავალდებულო არ არის“

რატომ იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ხშირად, რა განაპირობებს ამ ცვლილებებს და რითი განსხვავდება მასწავლებლის რეგულირების წესი სქემისგან? – ამ და სხვა კითხვებს „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა უპასუხა.

  • ქალბატონო მანანა, ბოლო დროს რა ცვლილება შევიდა სქემაში და რატომ გიწევთ ასე ხშირად სქემის შეცვლა?

დღეს მოქმედი სქემა არის ერთგვარი გარდამავალი დოკუმენტი, რომელსაც უნდა ჩაენაცვლოს მასწავლებლის რეგულირების წესი. შესაბამისად, ამ დოკუმენტში შედის ისეთი ცვლილებები, რამაც უნდა დაასრულოს მასწავლებლის კარიერულ წინსვლაში დაწყებული პროცესები.

იმ მასწავლებლებს, რომლებიც გზაში არიან, მაგალითად, პრაქტიკოსები, რომლებიც უფროსი მასწავლებლები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოახერხეს გამოცდის ჩაბარება, ვაძლევთ საშუალებას, რომ პროცესები დაასრულონ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, თუ მასწავლებელს საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული აქვს და აღებული აქვს 50 პროცენტზე მეტი, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს საგნობრივი გამოცდის ჩაბარება და მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს.

თუ ნაკლები პროცენტი აქვს საგნის გამოცდაში მიღებული, მაშინ მას, პროფესიული წინსვლა რომ არ შეეზღუდოს, შეუძლია დამატებით გავიდეს საგნის გამოცდაზე და შემდგომ უკვე სხვა აქტივობებიც განახორციელოს.

  • პროფესიულ უნარებში რამდენი პროცენტი უნდა აიღოს მასწავლებელმა, რომ ჩაბარებულად ეთვლებოდეს საგანი?

ბარიერი ჯერ არ არის განსაზღვრული ციფრებში, განისაზღვრება მას შემდეგ, რაც პრეტესტი ჩატარდება. მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული იმის მიხედვით, რომელი სტატუსის მიღებასაც აპირებს მასწავლებელი.

  • თუკი მასწავლებელი საგნობრივ გამოცდაზე აიღებს 50 პროცენტზე მეტს, მაგრამ პროფესიულ უნარებში ვერ გადალახავს ბარიერს, მაინც შეიცვლის სტატუსს?

კი, რადგან მხოლოდ საგნობრივი გამოცდაა სტატუსის შეცვლის წინაპირობა.

  • ამ გამოცდების გარდა კიდევ რა სჭირდება მასწავლებელს კარიერული წინსვლისთვის?

გამოცდის გარდა მასწავლებლებისთვის სავალდებულო იქნება პორტფოლიოს შექმნა მათი კომპეტენციის შესაბამისად. შემოწმების შემდეგ დაიგეგმება სკოლაში ვიზიტი და გავესაუბრებით სასკოლო საზოგადოებას.

  • ბოლოს, როცა ცენტრის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს ვესაუბრეთ, მან ინტერვიუში გვითხრა, რომ მინიმუმ 11-12 პროექტი მაინც უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა პორტფოლიოში წელიწადში. ეს საკითხი ისევ ძალაშია. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოთხოვნას?

აქტივობები განსაზღვრული არ არის. მასწავლებელი თვითონ გადაწყვეტს, რომელ აქტივობებს მოათავსებს პორტფოლიოში. ერთი და იმავე აქტივობით შეიძლება რამდენიმე კომპეტენცია დაადასტუროს მასწავლებელმა. კონკრეტული აქტივობები არ არის მითითებული.

  • როდის იქნება ეს დეტალები თვალნათელი მასწავლებლებისთვის, კონკრეტული ვადები არის განსაზღვრული?

ეს იქნება მას შემდეგ, რაც საგამოცდო პროგრამა დაიდება და შესაბამისად, ჩვენ წინასწარ ამ პორტფოლიოს აღწერილობას და კომპეტენციებს, მისი შეფასების მექანიზმებს, სქემებს მივაწვდით მასწავლებლებს.

  • საგამოცდო პროგრამა როდის იქნება, არსებობს მიახლოებითი ვადები?

არ ვიცით ზუსტად როდის იქნება მასწავლებლების გამოცდა ხელმისაწვდომი, მაგრამ როცა გამოცდისთვის იქნება განსაზღვრული ვადები, იმ პერიოდისთვის ასევე მივაწვდით პორტფოლიოს აღწერილობასაც.

  • პრაქტიკოსებისთვის განსაზღვრული გამოცდა ძალაშია? კიდევ ხომ არ გადაიდება?

არა, ის ჩვეულებრივ დარჩება ძალაში. ამ გამოცდების შემდეგ პრაქტიკოსი  მასწავლებლები დაგვრჩება მხოლოდ არაქართულენოვან სკოლებში, მათ 2023 წლამდე აქვთ დრო მიცემული სტატუსის შესაცვლელად. ქართულენოვან სკოლებში კი პრაქტიკოსებს  შეწყვეტილი აქვთ სტატუსი და უსტატუსოები არიან.

  • თქვენ ამბობთ, რომ მასწავლებლის სახლი პედაგოგებს საჭიროებების მიხედვით სთავაზობს ტრენინგებს, არაქართულენოვან სკოლებში თუ ეხმარებით პედაგოგებს სახელმწიფო ენის შესწავლაში? როგორც ვიცი, სწორედ ამის გამო უჭირთ მათ გამოცდის ჩაბარება.

ენის კომპონენტი არის ტრენინგებში ჩადებული. თუმცა, თუ ვაკანსია არ შეივსება, სკოლას უფლება აქვს დაიტოვოს სისტემაში ასეთი მასწავლებელი.

  • თქვენ ახსენეთ პროფესიული რეგულირების წესი. რეგულირების წესი და სქემა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?

მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესი თავისთავში მოიცავს  ყველა სფეროს, რაც დაკავშირებულია მასწავლებლის პროფესიასთან. რეგულირების წესში იქნება ყველაფერი – დაწყებული იქიდან, თუ როგორ ხდება პროფესიაში შესვლა, საქმიანობის დაწყება, ის ასახავს ყველა იმ პროცედურას, რასაც დღეს სხვადასხვა დოკუმენტი არეგულირებს. ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი ყველაფერი, მათ შორის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა.

  • ეს ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი სქემა უქმდება?

სქემა იქნება მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესის შემადგენელი ნაწილი.

  • თუკი რეგულირების წესში ყველაფერია გაწერილი, – პროფესიაში შესვლა, განვითარება, მასწავლებლის საჭიროებები და სხვა ყველა თანმდევი ნაბიჯი, რაც მასწავლებელს წინსვლისთვის სჭირდება, მაშინ რა საჭიროა სქემა?

რეგულირების წესში შესაძლებელია გადავიდეს გარკვეული სიახლეები, რაც გვაქვს სქემაში.  სწორედ ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ვხვდებით მასწავლებლებს და ვთხოვთ, რომ გაგვიზიარონ თავიანთი მოსაზრებები. რადგან რეგულირების წესი არ უნდა იყოს ჩვენთან შემუშავებული, ასე ვთქვათ, თავსმოხვეული დოკუმენტი მასწავლებლებზე, არამედ მათი მაღალი ჩართულობით უნდა შემუშავდეს.

ასე რომ, ჩვენ გვაქვს ის პერიოდი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კარგად შევაფასოთ დღეს მოქმედი სქემა, რაც კარგად ხორციელდებოდა – შევინარჩუნოთ და რაც არის ხარვეზი, რასაც მასწავლებელი განუხორციელებლად მიიჩნევს, კვლევების შედეგად ამოვიღებთ სქემიდან.  ეს ახალი დოკუმენტი  უნდა იყოს ხანგრძლივი და ერთგვარი თანხმობის დოკუმენტი.

  • მასწავლებლები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ სტატუსის შენარჩუნებისთვის მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები შესასრულებელი. მაგალითად, წლის ბოლომდე უნდა ჩაატარონ 3 ან მეტი სამოდელო გაკვეთილი. ეს მოთხოვნები ისევ დარჩა ძალაში, თუ ამოიღეთ სქემიდან?

სტატუსის შენარჩუნება სქემის დოკუმენტით იყო განსაზღვრული, თუმცა ახლა არსად არ წერია მსგავსი ვალდებულება. მასწავლებელს სტატუსს ვერავინ ვერ ჩამოართმევს.

მასწავლებლის ვალდებულებები განისაზღვრება ორი ძირითადი დოკუმენტით – ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა  და პროფესიული განვითარება აუცილებელია. ის, რომ საუბარი მიდის იმაზე, უნდა გაიაროს თუ არა მასწავლებელმა, ვთქვათ, 20 საათი ტრენინგი წელიწადში, ესეც დისკუსიის თემაა და რაოდენობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რეგულირების წესში.

მე მგონია, რომ კონკრეტული საათების მითითება მასწავლებელს კი არ განუსაზღვრავს ვალდებულებას, არამედ სახელმწიფოს, რომ ის მზად იყოს ფინანსურადაც, კარგი ტრენინგებით უზრუნველყოს მასწავლებელი. ეს მსჯელობის საგანია, ამას სჭირდება არგუმენტები და გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება საგაკვეთილო დაკვირვებას, რომელიც გარდამავალ სქემაშია ჩადებული, აქაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ გაკვეთილების რაოდენობაზე.

ვიღაცას სკოლა ენდობა, იცის მისი კომპეტენციები, რეალურად, სწავლა-სწავლების პროცესი არის მთავარი სკოლაში და დირექცია ვალდებულია დამოუკიდებლად, მოადგილესთან ერთად ან ხარისხის ჯგუფთან ერთად დააკვირდეს პროცესებს იმისთვის, რომ მიხვდეს, რა საჭიროებები არსებობს სკოლაში და რაში უნდა დაეხმაროს მასწავლებელს პროფესიულად განვითარებისთვის.

  • ხარისხის განვითარების ჯგუფების შექმნა ჯერ კიდევ არ არის სკოლებში დასრულებული, რატომ?

ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნა არ იყო ვალდებულება, ეს არის სკოლის გადასაწყვეტი. თუ არ შექმნიან სკოლები ამ ჯგუფებს, არანაირი პრობლემა არ არის. ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორის და მოადგილეების დონეზე მოხდება მასწავლებელზე დაკვირვება. ხარისხის ჯგუფის შექმნა უფრო მაღალკონტინგენტიან სკოლებში იქნებოდა კარგი, სადაც ბევრია მასწავლებელი და ერთი დირექტორი თავს ვერ გაართმევს დაკვირვებას.

  • თქვენ ამბობთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებთ პედაგოგების აზრს და გსურთ, რომ რეგულირების წესის შემუშავებაშიც იყოს მათი აზრი გათვალისწინებული. პედაგოგების საკმაოდ დიდი ნაწილი საერთოდ წინააღმდეგია სქემის და ამბობენ, რომ მასწავლებლის კომპეტენცია მხოლოდ გამოცდებით დადასტურდეს. რას ფიქრობთ ამაზე?

ყველაფრისთვის არის პროფესიული დიალოგის სივრცე და ყველა საკითხზე შეიძლება მსჯელობა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა თეორიულ ჩარჩოში ყველგან წერია, რომ დიფერენცირებული მიდგომა განსაზღვრავს მასწავლებლის მოტივაციას. ბევრი წარმატებული ქვეყნის მოდელი შეგვიძლია გავითვალისწინოთ, თუმცა ჩვენი კონტექსტი და ტრადიციები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ამ პროცესში მთავარია ის, რომ მასწავლებლებს არ დახვდებათ რაღაც რეგულირების წესი და ვიდრე დამტკიცდება და გამოქვეყნდება, მანამდე მოხდება მასწავლებლების ფართო ჩართულობა და ამის პასუხისმგებლობას ცენტრი ნამდვილად იღებს.

ინდოელ სტუდენტებს შორის ქართული ყველაზე კარგად მე ვიცი – მომავალი კარდიოქირურგი ბსუ-დან 

ყოველ დილით 26 მაისის პარკს გაივლის და უნივერსიტეტში მიდის ლექციებზე. კარგ ამინდში ზღვისპირას დადის სამეცადინოდ მეგობრებთან ერთად. საქართველოში ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ რაჰულ სეერვიმ მალე ქვეყანა უნდა დატოვოს და მშობლიური ინდოეთის ქალაქ რაჯასტანში უნდა დაბრუნდეს.

რაჰული 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებაზე რომ ესწავლა. მის მსგავსად ბათუმში 650-მდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს.

რაჰულ სეერვი. ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების მეექვსე კურსის სტუდენტი ინდოეთიდან

 

„არ შემხვედრია საქართველოში ინდოელი სტუდენტი, ვინც ქართული ჩემზე უკეთ იცის“

პანდემიის პირობებში, როცა ინდოეთშიც თითქმის ყველაფერი გაჩერდა და ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, საქართველო არაერთმა ინდოელმა სტუდენტმა დატოვა – ბევრმა ოჯახმა ვეღარ შეძლო ფინანსურად დახმარებოდა უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს.

რაჰული ამ მხრივ გამონაკლისია. ის ბათუმში დარჩა და ახლა დიპლომის მიღებას ელოდება. საქართველოში ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა: პანდემიის, იზოლაციის, კულტურული გაუცხოებისა და ახლობლების მონატრების, მაგრამ, როგორც ის ამბობს, ამ ყველაფერს დადებითი ემოციები სჭარბობს, რაც მისთვის ბათუმში ცხოვრებას მოაქვს.

რაჰული ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. ენის სამთვიან კურსზე საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიწყო სწავლა. მერე ქართველი მეგობრები გაიჩინა და პრაქტიკულმა ურთიერთობებმა, ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ბევრი რამ ასწავლა. რაჰული ამბობს, რომ ბათუმში მცხოვრებ ინდოელ სტუდენტებს შორის ის ყველაზე კარგად საუბრობს ქართულად.

რაჰულ სეერვი მეგობრებთან ერთად

„2015 წელს ჩამოვედი საქართველოში 38 სტუდენტთან ერთად. აბსოლუტურად ყველაფერი ახალი იყო ჩვენთვის: ენა, კულტურა, ხალხი. ქართული ენის სწავლა პირველივე სემესტრიდან დავიწყე, ქართველები გავიცანი და ბევრს ვლაპარაკობდით. ასე ვისწავლე ენა. „რაფერ ისწავლე ასე კარგად ქართული? რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობ? სად სწავლობ?“ ამ კითხვებს მისვამენ ხოლმე საქართველოში ყველაზე ხშირად. ჯერ არ შემხვედრია საქართველოში ინდოელი სტუდენტი, ვინც ქართული ჩემზე უკეთ იცის. ქართველი მეგობარი უფრო მეტი მყავს აქ, ვიდრე ინდოელი. ეს დამეხმარა ენის კარგად სწავლაში“, – ამბობს რაჰულ სეერვი.

 

პანდემია უცხოეთში

სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის მეექვსე, დამამთავრებელი კურსი ძირითადად სულ პრაქტიკული მეცადინეობისგან შედგება. მომავალი ექიმებისთვის ეს პრაქტიკა საავადმყოფოებსა და მედპუნქტებში უმნიშვნელოვანესია. პანდემია სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა რაჰული მეექვსე კურსზე გადავიდა. აიკრძალა საავადმყოფოებში სტუდენტებისთვის პრაქტიკა, შეიზღუდა გადაადგილება და საუნივერსიტეტო ლექციებმა ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.

მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის ინტუბაციისა და გინეკოლოგიური პრაქტიკის ონლაინ ჩატარება უშედეგოდ მიიჩნია ფაკულტეტის დეკანმა და 3 თვით ლექციები სტუდენტებს საერთოდ შეუჩერდათ, მანამ სანამ საავადმყოფოებში პრაქტიკის შესაძლებლობა კვლავ არ გაჩნდა.

ასე დარჩა რაჰულ სეერვი ნაქირავებ სახლში მარტო და იზოლაციაში.

„3 თვე ვიყავი სახლში მარტო. გამიჩნდა ფინანსური პრობლემები, ყველაფერი გაძვირდა! ეს ჩემს ჯიბესაც დაეტყო. რაღაც პერიოდი კარფურში დახლები დაცარიელდა, შეშინებული ხალხი ყველაფერს ყიდულობდა.

ჩემი ინდოელი მეგობრები აქ ცხოვრობდნენ და ქირის ფულს ტყუილად იხდიდნენ. შუქი, გაზი, კომუნალური გადასახადებია კიდევ… ინდოეთშიც კრიზისია. აქ მყოფ სტუდენტებს ძირითადად ინდოეთიდან ეხმარებიან ოჯახები. ზოგმა ვეღარ შეძლო შვილს ფინანსურად დახმარებოდა და ჩემი ბევრი მეგობარი პანდემიის დროს ინდოეთში დაბრუნდა – ვეღარ ირჩენდნენ აქ თავს“, – ამბობს სტუდენტი.

რაჰულს სწავლა წესით გასული წლის ზაფხულში უნდა დაესრულებინა, მაგრამ პანდემიამ მისი კურსი 1 წლით გაახანგრძლივა.

 

დისკრიმინაციის მსხვერპლი საქართველოში არასდროს ვყოფილვარ

რაჰული გვიამბობს, რომ ინდოელი სტუდენტები ერთადაც ცხოვრობენ ბათუმში და ცალ-ცალკეც. ადრე თავადაც მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა, მერე მისი „რუმმეითები“ ინდოეთში დაბრუნდნენ და მარტო გადაწყვიტა ცხოვრება.

მედიცინის ფაკულტეტის ინდოელი სტუდენტების ძირითადი გეგმა ასეთია: ამთავრებენ საქართველოშ 6-წლიან კურსს, მოიპოვებენ დიპლომს, ბრუნდებიან ინდოეთში და იქ აბარებენ გამოცდას ზოგადი პროფილის ექიმის ლიცენზიის მისაღებად.

„ეს ძალიან სერიოზული და რთული გამოცდაა. მე ზაფხულში მიწევს ამ გამოცდის ჩაბარება ინდოეთში. ვამთავრებ აქ სწავლას და ვბრუნდები რაჯასტანში. მინდა კარდიოქირურგი გავხდე და ამ საქმეში დახელოვნებას კიდევ წლები სჭირდება. ეს გზა ინდოეთში უნდა გავიარო.

დისკრიმინაცია? – არა. დისკრიმინაციის მსხვერპლი საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, არც ჩემი მეგობარი ინდოელი სტუდენტებისგან მსმენია მსგავსი რამ. პირიქით, ქართველები ტკბილი ხალხია, აქ ქართველი მეგობარი უფრო მეტი მყავს, ვიდრე ინდოელი, ხან მე დავდივარ მათთან სტუმრად, ხან თვითონ მოდიან ჩემთან“, – ამბობს რაჰულ სეერვი.

რაჰულ სეერვი მეგობრებთან ერთად
ინდოეთში ჩემი ქალაქიდან ზღვაზე რომ აღმოვჩნდე, 8-საათიანი გზა უნდა გავიარო

ბორჯომი, ბაკურიანი, გუდაური, სვანეთი, თბილისი, ქობულეთი – რაჰულმა საქართველოში ექვსწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ ნახა. 6 წლის განმავლობაში ინდოეთში მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა ჩასვლა. არდადეგების თავისუფალ დროს ძირითადად საქართველოს მონახულებას უთმობდა ან პრაქტიკას საავადმყოფოებში.

ამბობს, რომ ინდოეთი ძალიან ენატრება, მაგრამ საქართველოში 6-წლიანი ცხოვრება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„მსოფლიოში ალბათ სულ 10, 15 უნივერსიტეტი თუ იქნება ასეთი: ზღვისპირას იყოს და მეორე მხარეს პარკი ჰქონდეს ტბით. ბათუმი იდეალური ქალაქია. არასდროს დამავიწყდება ეს სასიამოვნო გზა პარკის გავლით უნივერსიტეტამდე და ზღვისპირას მეცადინეობები, საუბრები სანაპიროზე მეგობრებთან ერთად.

რაჰულ სეერვი ბსუ-ს ბიბლიოთეკაში

ხანდახან ინდურ და ქართულ სამზარეულოს შორის დიდ მსგავსებას ვპოულობ. უბრალოდ ერთია, რომ ინდური კერძები კიდევ უფრო ცხარეა ქართულ კერძებთან შედარებით და უფრო უხვად ვიყენებთ სანელებლებს. ლობიოს თითქმის ისე ვაკეთებთ ინდოეთშიც, როგორც საქართველოში კეთდება. სანელებლებისა და ინგრედიენტების 80% იგივეა.

ისე კი, ინდოეთი არის ქვეყანა, სადაც ყოველ 50 კილომეტრში სხვადასხვაგვარია სამზარეულო, ენა და კიდევ ბევრი რამ.

ჩემი ქალაქიდან, რაჯასტანიდან რომ ზღვაზე აღმოვჩნდე, 8-საათიანი გზა უნდა გავიარო ტრანსპორტით დედაქალაქამდე. აქ კი ზღვა უნივერსიტეტთან მაქვს. როცა მეცადინეობით ვიღლები, პარკში ვსეირნობ, ტბისპირას, ყავასაც აქვე მივირთმევ ხოლმე. მალე დავტოვებ საქართველოს. ზაფხულში უკვე ინდოეთში ვიქნები“, – ამბობს რაჰულ სეერვი.

____

რესან კონცელიძე არ პასუხობს კითხვას ბულვარში 16-სართულიანის მშენებლობაზე

ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბათუმიდან, რესან კონცელიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ.

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, რასაც ბათუმში მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ მშენებლობის გასაპროტესტებლად ბათუმში პერიოდულად იმართება აქციები.

მიუხედავად იმისა, რომ რესან კონცელიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია, მას არაფერი უთქვამს ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საჯაროდ, მაშინ, როცა გასულ კვირას ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრეს დეპუტატებმა – თეა წულუკიანმა [ყოფილი დეპუტატი და კულტურის მოქმედი მინისტრი] და ალეკო ელისაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რესან კონცელიძე უპასუხოდ ტოვებს ჟურნალისტების შეკითხვებს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი იშვიათად აკეთებს კომენტარს ჟურნალისტებთან და როცა კამერების წინ ჩნდება, მაშინაც სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება და სწრაფად ტოვებს ადგილს.

დღეს რესან კონცელიძეს ჟურნალისტებთან მხოლოდ იმის აღნიშვნა სურდა, რომ მას არ მიუღია შეთავაზება გახარიას გუნდში გადასვლაზე.

დღეს, 22 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.

რას ამბობს რესან კონცელიძე გახარიას გუნდში გადასვლაზე

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში „ოცნებიდან“ რესან კონცელიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდში ვიხილოთ.  რესან კონცელიძე აცხადებს, რომ გახარიას გუნდში გადასვლას არ გეგმავს.

„მე არავითარი შემოთავაზება არ მქონია. მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. ამირჩიეს ბათუმელებმა „ქართული ოცნებიდან“. მე მაქვს აღებული ვალდებულებები და მე ერთგული ვრჩები ამ ვალდებულებების. გავაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების გუნდში“, – განაცხადა რესან კონცელიძემ.

რესან კონცელიძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის ამ განცხადების გაკეთება პარტიას არ დაუვალებია.

რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატად გახარიას რეკომენდაციით დაასახელეს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. ეს გადადგომის შემდეგ გახარიას პირველი კომენტარია.

მისი თქმით, ის სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.

„რაც შეეხება მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკად არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ, მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა და დროებით, მალე შევხვდებით ისევ“, — განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მას მთავრობაში ყოფნის პერიოდში ფარულად უსმენდნენ, გახარია პასუხობს, რომ ამას გამორიცხავს.

„გამოვრიცხავ. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა“, – განაცხადა გახარიამ.

ავტოავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 22 მარტს, რუსთაველის ქუჩაზე.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, თუმცა ექიმების დახმარება მძღოლებს არ დასჭირდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა ადმინისტრაციული წესით.

„ბატონო ჯაბა, გამობრწყინდი გარეთ“ – ოცნების ქალაქის აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები აქციას მართავენ.

„ბატონო ჯაბა ფუტკარაძე, გამობრწყინდი გარეთ. თქვენ რა გენაღვლებათ, კარგი კომფორტი, ჩვენ მხოლოდ სოციალურებით, სასადილოთი და შემწეობით ვცხოვრობთ“ – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აქციაზე მეგაფონით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებსაც ახლა აშენებენ.

აქცია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა გუშინ, 21 მარტსაც გამართეს ბათუმში. მათ საპასუხოდ გუშინვე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ სპეციალური სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულია „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა და ისინი იღებენ მონაწილეობას კრიტერიუმების შემუშავების პროცესში.

აჭარის მთავრობა ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, წლების განმავლობაში რის გამო ვერ მოხერხდა კრიტერიუმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, ვის ერგება საცხოვრებელი ფართობი ბიუჯეტის ხარჯზე.

„ოცნების ქალაქის“ დასახლება ბათუმში 2012 წელს გაჩნდა და წლების განმავლობაში მთავრობის უმოქმედობის პარალელურად, იქ თვითნებურად ჩასახლებული ადამიანების რაოდენობა იმატებს.

ამ დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მშენებელობის პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

კოვიდზე აცრა ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ტიკარაძე

საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის პროცესში ცვლილებებია.

ექიმების ჯგუფს დაემატება ასაკობრივი ჯგუფები და კოვიდზე უფასო აცრა ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ჯგუფები გახლავთ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვის კოვიდინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში. აქედან გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა,“ – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 22 მარტს.

მისივე თქმით, პორტალი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან, წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ 1525-ზე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რის საშუალებითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას.

„სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ 25-ის შემდეგ ისინი ვერ გამოიყენებენ განსაკუთრებული რიგის კომპონენტს, რომელიც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლასა და მე-17 საბავშვო ბაღში კოვიდი გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ მასწავლებელს, თვითიზოლაციაში გადავიდა 5 მოსწავლე. სკოლა მუშაობას აგრძელებს, დისტანციურ რეჟიმზე კი მხოლოდ ერთი კლასი გადავიდა.

კოვიდის ერთი შემთხვევა გამოვლინდა მე-20 სკოლასთან ახლოს მდებარე ბათუმის მე-17 საბავშვო ბაღშიც.  კოვიდი ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს აქვს დადასტურებული. ოთხი თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

არც ბაღი აჩერებს ფუნქციონირებას და მხოლოდ ერთი ჯგუფი დაიხურა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდემიურმა ჯგუფმა რისკები შეაფასა და შენობების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიჩნია საჭიროდ.

რაც შეეხება შენობების დეზინფექციას, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გვითხრეს, შენობების დეზინფექციაზე ვალდებულება ეკისრება თავად ადმინისტრაციებს.

__________________________

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა/ფეისბუქის გვერდიდან

800-წლიანი ძილის შემდეგ ისლანდიაში ვულკანმა გაიღვიძა

ისლანდიის დედაქალაქთან, რეიკიავიკიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით, ვულკანმა 800-წლიანი ძილის შემდეგ 19 მარტს გაიღვიძა და ლავის ამოფრქვევა დაიწყო.

ისლანდიაში ბოლო კვირების განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგების ათასობით შემთხვევა იყო. მეტეოროლოგების თქმით, ვულკანის ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500-700 მეტრია.

რეიკიავიკში საერთაშორისო ფრენები გადაიდო. მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ ვულკანი არ არის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.

ვულკანი ისლანდიაში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

10 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 10 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 710 პირი დაიღუპა.

21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 725, აჭარაში – 147, იმერეთში – 285.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი.

1 912 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისათვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 156 პირი, აჭარაში – 583, იმერეთში – 935.

აჭარაში კოვიდის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 22 მარტი

22 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკაში 147 პაციენტია, მათგან 3 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

35 პაციენტია ამ დროისათვის რეგიონის კოვიდკლინიკაში, თვითიზოლაციაში იმყოფება 583 პირი.

ხულოში სახლი დაიწვა, ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში საცხოვრბელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა,  ხანძრის ამსახველი ვიდეო ხულოს საკრებულოს წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც არის.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, რომელმაც ასევე გაავრცელა ხანძრის ამსახველი ვიდეო,  სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე სახლი სრულად დაიწვა.

„დიდი მანძილის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახური დრულად ვერ მოდის“- ამბობს მოქალაქე და ხულოს ცენტრში სახანძრო -სამაშველო ჯგუფის საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს.

როგორ დაეხმარება ხულოს მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს, ამის შესახებ ხვალ, 22 მარტს, გამოვაქვეყნებთ.

თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას.

მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კომპანია – „აისბერგი 2“, „აწარმოე საქართველოშიმ“ 2 391 183 ლარით დააფინანსა. „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიის მფლობელმა კახაბერ ლატარიამ, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ ავითარებს, 2020 წლის არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა.

დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა და შეისწავლა, „სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქართული გემების“ მფლობელებმა 2020 წელსაც მიიღეს სახელმწიფოსგან დაფინანსება და უფრო ადრეც. ასევე დოკუმენტების შესწავლით აღმოჩნდა, რომ „სავალალო მდგომარეობას“ მათთვის ხელი არ შეუშლია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე თანხები შეეწირათ „ქართული ოცნებისთვის“ – მმართველ პარტიას ვინ 50 და ვინ 60 ათასი ლარი შესწირა.

მეთევზეების მხარდაჭერას ორი სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს: „აწარმოე საქართველოში“ და „საკრედიტო საგარანტიო სქემა“. ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ დაინტერესებულ პირთა განაცხადების მიღება შესაძლებელია 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო პროგრამაში – „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, განაცახდების მიღება არ არის რაიმე კონკრეტული ვადით შეზღუდული.

„საკრედიტო საგარანტიო სქემით“, სახელმწიფო თავდებში უდგება იმ ბიზნესებს [მაგალითად, თევზჭერის კუთხით], ვისაც სესხის ასაღებად საკმარისი რესურსი არ აქვს. საკრედიტო გარანტია გაიცემა ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90%-ის ოდენობით.

„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში კი, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით შესაძლებელია თევზსაჭერი გემის ლიზინგი [შეძენა]. პროგრამა ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2-წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100 000-დან 5 მილიონამდე ლარია, ხოლო სესხის მოცულობა 150 000-დან 5 მილიონამდე ლარი.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას საზღვაო თევზჭერა ერთ წელზე მეტია რაც დაემატა. პროგრამით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი დაინტერესებულ პირს გააჩნდეს შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილით, 17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 9 კომპანია სარგებლობს. აღნიშნულ კომპანიებს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ჯამში 11 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდის.

საკრედიტო საგარანტიო სქემის პროგრამაში კი, 6 კომპანიაა ჩართული, რისთვისც სახელმწიფო 2 მილიონზე მეტ ლარს გადარიცხავს. ეს ექვსივე კომპანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამითაც [ინდუსტრიული ნაწილი] სარგებლობს.

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კომპანიები და მათი დაფინანსება 2021 წლის 17 მარტის მდგომარეობით / წყარო: „აწარმოე საქართველოში“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სამმხრივ მემორანდუმს ხელი 2020 წლის ოქტომბერში მოეწერა, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა:

„აღსანიშნავია, რომ გემი წარმოადგენს ვიკინგური ტიპის გემს, რომელიც აშენდება, თურქეთში, ტრაპზონში. გემი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ქისა ბადით, ეს უკანასკნელი კი განკუთვნილია შავი ზღვის ძირითად რესურსზე – ქაფშიაზე [იგივე ხამსა] სათევზაოდ. მეთევზე გოჩა ლაბარტყავას განცხადებით, წლიური წარმოების მოცულობა 4 ტონას გადააჭარბებს, საქმიანობის დაწყების შემდგომ კომპანია 18 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ გეგმავს ქაფშიას შესანახი მაცივრის გაკეთებას და დეფიციტურ თვეებში მის ექსპორტს თურქეთში. მეთევზე „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში გემის ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს“.

„ბათუმელებმა“ სააგენტოდან გამოითხოვა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ჩამონათვალი, რომლებიც თევზჭერის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ. სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლეთა შორის ფიზიკური პირები არ არიან.

რაც შეეხება გოჩა ლაბარტყავას, ის შპს „ჯე ენდ ტრ კომპანის“ 70% წილის მფლობელია. ეს კომპანია 2020 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული ქალაქ ფოთში. კომპანიის 30% წილის მფლობელი კი არის ჰასან ქოჩი [ორმაგი მოქალაქე, საქართველო, თურქეთი]. სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში ამ კომპანიას 546 037 ლარს გადაუხდის.

შპს „ატლანტიდა“, რომელიც ფოთში 2019 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული, სახელმწიფო 174 735 ლარს გადაუხდის. კომპანიის მფლობელი არის ვახტანგ ბაბილუა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში კი, ამ კომპანიისთვის სახელმწიფო დამატებით 166 793 ლარს გადარიცხავს.

ბათუმშია 2011 წელს რეგისტრირებული შპს „პოსეიდონი“, რომელიც ასევე ორივე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს [ჯამში 397 755 ლარი]. ამ კომპანიის მესაკუთრეები, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, არიან: გიორგი აკოპოვი, პეტრე დევრიშაძე და ოლეგ აგაჯანიანი.

სახელმწიფო პროგრამებით [ჯამში 1 314 437 ლარი] სარგებლობს შპს „ნანა 25“, რომელიც ქალაქ ფოთშია რეგისტრირებული 2020 წლის ნოემბერში. კომპანიის მფლობელია ნანა თოფურია.

ასევე ფოთშია რეგისტრირებული 2011 წელს შპს „თემო“, რომლის მფლობელიც თეიმურაზ ლომაძეა. ეს კომპანიაც ორივე პროგრამის მოსარგებლეა [ჯამში 1 481 467 ლარი].

ორივე სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა [ჯამში 815 750 ლარი] ასევე ფოთში, 2020 წლის ნოემბერში რეგისტრირებული შპს „მოდერნ ფიშერი“, რომლის მფლობელიც არის ბორის გვიჩია.

2004 წელს არის რეგისტრირებული შპს „გეოფიშ კომპანი“, რომელიც ფოთში საქმიანობს. კომპანიის დირექტორია ირაკლი ვეკუა, წილებს კი ფლობენ: ალექსანდრე თავაძე, შპს „გუგოლპლექსი“ [ეს კომპანია თბილისშია რეგისტრირებული 2020 წლის სექტემბერში. მისი დირექტორია თამარ გახარია, ხოლო 100% წილის მფლობელი მარია კოხია – საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე] და შპს „აისბერგი 2“ [რომელიც შავი ზღვის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელიცაა და ასევე ცალკე სახელმწიფო პროგრამითაც სარგებლობს].

ირაკლი ვეკუამ,  რომელიც „გეოფიშ კომპანის“ გარდა ასევე „აისბერგი 2“-ის დირექტორიცაა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს 1 100 ლარი შესწირა, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ – 17 000 ლარი, 2020 წლის სექტემბერში.

შპს „აისბერგი 2“ ფოთში 2005 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის წილებს ფლობენ კახაბერ ლატარია, ირაკლი ხახუბია [წილის მმართველია, კომპანიის დირექტორი ირაკლი ვეკუა], თენგიზ სარიშვილი და შპს „ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი“ [თურქეთი].

„აისბერგი 2“, რომელიც შავი ზღვის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელია, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით [ინდუსტრიული ნაწილი] – 2 391 183 ლარით დაფინანსდება.

კომპანიის მეწილემ, კახაბერ ლატარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს თანხა ორჯერ შესწირა [ჯამში 60 ათასი ლარი]; 2016 და 2019 წლებში კი, „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა ჯამში 110 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი.

ირაკლი ხახუბიამ კი, 10 ათასი ლარი გადაურიცხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი, 2018 წელს.

პარტიის შემწირველთა სიაშია ასევე ამ კომპანიის კიდევ ერთი მეწილე თენგიზ სარიშვილი. მან 2012 წელს ჯამში 60 ათასი ლარი ენმ-ს შესწირა, ხოლო ასევე 60 ათასი ლარი „ქართულ ოცნებას“ – 2016 წელს.

შპს „ჯორჯიან მარინ გრუპი“, რომელიც 2020 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული ფოთში, თევზჭერის მიმართულებით ორთავე პროგრამით სარგებლობს [ჯამში 3 504 396 ლარი]. ამ კომპანიის დირექტორია დავით წიწილაშვილი.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიხედვით დავით წიწილაშვილს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ჯამში 120 000 ლარი აქვს გადარიცხული 2016-20 წლებში.

„ჯორჯიან მარინ გრუპის“ 100% წილის მესაკუთრე არის შავი ზღვის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „პალიასტომი 2004“ [ამ კომპანიის წილებს კი ფლობენ: სულხან პაპაშვილი, გიორგი კუხალეიშვილი [ორმაგი მოქალაქე საქართველო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო] და შპს „ზღვის პროდუქტები“.

თავის მხრივ, კომპანია „ზღვის პროდუქტების“ 100% წილის მფლობელი არის „ჯორჯიან მარინ გრუპის“ დირექტორი დავით წიწილაშვილი.

საზღვაო თევზჭერის კუთხით ზემოაღნიშნული პროგრამების პარალელურად, მთავრობა აკვაკულტურის განვითარების მიზნით, ზღვაში [სპეციალურად გამოყოფილ ზონებში] შესაბამისი ფერმების მოწყობასაც გეგმავს. ეს ზონები კი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას.

ქვეყანაში ამოქმედდა კანონი, რომლითაც საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით, რომელიც შესაძლოა შემდეგ კიდევ გაგრძელდეს იმავე პერიოდით.

ამ თემაზე:

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

 

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი / „ბათუმელების“ არქივიდან

 

ხულოში, გოდერძიზე, სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას 305 ათას ლარად ყიდის

ხულოში [რიყეთის თემში], გოდერძის უღელტეხილზე 1597 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 64,77 კვ.მ ფართობის შენობას სასტუმროს აშენების პირობით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. პირობის მიხედვით, მომავალმა მყიდველმა აქ მინიმუმ 20-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, რომელსაც 15 წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს პროფილს.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 305 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 7 500 ლარი, საგარანტიო თანხა – 76 250 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2021 წლის 8 აპრილს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ქონების მყიდველს შეუძლია აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:

2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა; 2022 წლის 20 დეკემბრამდე კი, დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

ამასთან, მომავალმა მყიდველმა უნდა უზრუნველყოს:

  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა არანაკლებ 10 000ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთოსათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის, სადაც განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 20 სასტუმროს ნომერი, მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბრისა შენობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა შენობა-ნაგებობის, ექსპლუატაციაში გადაცემა/ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს;
  • დასაქმებულთა თანაფარდობისა და პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
აუქციონზე გატანილი ქონება / ფოტო: აუქციონიდან

 

 

აჭარის მთავრობის პასუხი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთ, რომლებმაც დღეს გზა გადაკეტეს

„სპეციალური სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანების პროტესტის საპასუხოდ.

აჭარის მთავრობა ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, წლების განმავლობაში რის გამო ვერ მოხერხდა კრიტერიუმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება, ვის ერგება საცხოვრებელი ფართობი ბიუჯეტის ხარჯზე. „ოცნების ქალაქის“ დასახლება ბათუმში 2012 წელს გაჩნდა და წლების განმავლობაში მთავრობის უმოქმედობის პარალელურად, იქ თვითნებურად ჩასახლებული ადამიანების რაოდენობა იმატებს.

დღეს, 21 მარტს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ადამიანებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ხვალ ბაგრატიონის ქუჩის გადაკეტვას აპირებენ და ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე აჭარის მთავრობა მათ ხელშეკრულებებს არ გაუფორმებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სპეციალური სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულია „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა და ისინი იღებენ მონაწილეობას კრიტერიუმების შემუშავების პროცესში.

“კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაცია Unicef-ის და წითელი ჯვრის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ე.წ “ოცნების ქალაქის” პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების (582 ბინა) გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 592 098 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

დღეს, 21 მარტს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება.

ამ წუთებში [13:20 სთ] პოლიციამ მოახერხა და ავტომანქანების მოძრაობა აღდგა, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები რჩებიან ქუჩაში. მათ გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე გადაკეტილი აქვთ.

პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი და აქციის მონაწილეებს არ აძლევს გზის სრულად გადაკეტვის საშუალებას.

განახლება: [13:40 სთ] აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დღეს შეწყვიტონ აქცია. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ხვალ, 22 მარტს, დღის 2 საათზე ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე განახლდება. მათივე თქმით, ისინი ხვალაც გადაკეტავენ გზას [ბაგრატიონის ქუჩას], თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ მივლენ და არ გააფორმებენ ხელშეკრულებებს ოჯახებთან, რაც იქნება გარანტია, რომ ისინი მშენებარე კორპუსებში ბინებს მიიღებენ.

 

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს / 21.03.2021 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს / 21.03.2021 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

„ოცნების ქალაქი“ ისევ საპროტესტო აქციას მართავს | Live

Exit mobile version