მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა

09.12.2020 • 2477
როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის:

  • ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას.
  • ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, რომლებიც იმიტაციას უკეთებენ COVID-19 ვირუსს, რათა ორგანიზმში უსაფრთხოდ წარმოიქმნას იმუნური რეაქცია.
  • ვირუსული ვექტორული ვაქცინები – იყენებენ გენური ინჟინერიით შექმნილ ვირუსს, რომელიც მოწყობილია იმგვარად, რომ მას არ შეუძლია გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ აწარმოებს კორონავირუსის ცილებს, უსაფრთხოდ რომ წარმოქმნას იმუნური რეაქცია.
  • რნმ და დნმ ვაქცინები – ეს უახლესი მიდგომაა, რომელიც იყენებს გენეტიკურად შემუშავებული რნმ (რიბონუკლეინის მჟავას) ან დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას) იმისთვის, რომ წარმოქმნას ცილა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციას თავადვე უსაფრთხოდ გამოიწვევს.

Moderna-ს ვაქცინის მსგავსად, Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 95%-ია, ინფორმაციული რნმ ტიპის ვაქცინაა, ანუ მუშაობს ორგანიზმში გენეტიკური მასალის, ი-რნმ–ის შეყვანით, რომელიც შეიცავს კორონავირუსის ე.წ. “წვეტოვანი” ცილის შექმნის ინსტრუქციას.

თავად კომპანია Pfizer-ი ასე განმარტავს ვაქცინის მუშაობის პრინციპს: ი-რნმ – ან ინფორმაციული რნმ – ეს არის მოლეკულა, რომელიც შედგება ნუკლეოტიდებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან უნიკალური წყობით, რათა უჯრედებს გადასცენ გენეტიკური ინფორმაცია ი-რნმ– ით კოდირებული ცილების ან ანტიგენების წარმოებისთვის.

როგორც კი ვაქცინაში შემავალი ი-რნმ მოხვდება სხეულის უჯრედებში, უჯრედები იყენებენ თავიანთ გენეტიკურ აპარატებს გენეტიკური ინფორმაციის თარგმნისა და ი-რნმ ვაქცინით დაშიფრული ანტიგენების წარმოსაქმნელად. შემდეგ ანტიგენები გამოისახებიან უჯრედის ზედაპირზე, სადაც მათ ამოიცნობს იმუნური სისტემა, რომელიც წარმოშობს რეაქციას, მათ შორის ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებით.

  • როგორია ი-რნმ ვაქცინის მუშაობის პრინციპი

სხვა ვაქცინების მსგავსად, ი-რნმ ვაქცინებიც ასწავლიან იმუნურ სისტემას ვირუსის მსგავსი საფრთხის ამოცნობას, რათა დაიწყოს თავის დასაცავად ანტისხეულების გამომუშავება. მაგრამ, თუ ტრადიციული ვაქცინები უმეტესად იყენებენ დაავადების გამომწვევი ორგანიზმის დეაქტივირებულ დოზებს, ი-რნმ ვაქცინა მოწყობილია ისე, რომ თავად აწარმოოს ეს ცილები. ი-რნმ – მოლეკულა, რომელიც შეიცავს ინსტრუქციას უჯრედებისთვის, თუ როგორ აწარმოონ ცილები – შედის უჯრედებში.

COVID 19-ის შემთხვევაში, ი-რნმ ვაქცინა აძლევს უჯრედებს ინსტრუქციებს ახალი კორონავირუსის “წვეტი” ცილის წარმოების დასაწყებად – ცილის, რომელიც ეხმარება ვირუსს უჯრედში შეღწევაში. თვითონ წვეტი ცილა საზიანო არ არის, მაგრამ იგი ბიძგს აძლევს იმუნურ სისტემას დაიწყოს თავდაცვითი რეაქცია.

„მოლეკულა, რომელსაც მოკლედ ეწოდება ი-რნმ – მყიფეა და თუ მას პირდაპირ სხეულში შევიყვანთ, ჩვენი ბუნებრივი ფერმენტების მიერ ნაწილებად დაიჭრება. ვაქცინის დასაცავად, Pfizer და BioNTech-მა ი-რნმ შეახვიეს ზეთოვან ბუშტებში, რომლებიც ლიპიდური ნანონაწილაკებისგანაა დამზადებული,” – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.



  • რატომ კეთდება ორი ინექცია?

Pfizer-BioNTech ვაქცინა კეთდება ორ ინექციად, 21 დღის შუალედით. საქმე ის არის, რომ მიუხედავად პირველი დოზით გამოწვეული ადრეული დაცვის რეაქციისა, არ არის ზუსტად ცნობილი, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მისი დაცვა.

ვაქცინის ეფექტურობა პირველი დოზის შემდეგ დაახლოებით 52 პროცენტია – ამბობს Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევისა და განვითარების განყოფილების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი უილიამ გ. გრუბერი „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას. მეორე დოზის შემდეგ კი ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 95 პროცენტამდე იზრდება.

„ვაქცინის ორი დოზა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას“, – ამბობს ის.

  • რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა 

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ, MHRA– მ Pfizer / BioNTech Covid ვაქცინა გასულ კვირას დაამტკიცა. Pfizer / BioNTech Covid ვაქცინა 95% ეფექტურია, ეს უკვე აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც (FDA) დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა საგანგებო ავტორიზაციას მიიღებს.

BBC-ის ცნობით, FDA ოფიციალური გადაწყვეტილების მისაღებად ხვალ, 10 დეკემბერს შეიკრიბება. „სააგენტოს ვაქცინა ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ კვლევის მონაცემები შესაბამისობაშია მისი საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოს რეკომენდაციებთან“ – წერს BBC.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: