მთავარი,სიახლეები

ინდოელ სტუდენტებს შორის ქართული ყველაზე კარგად მე ვიცი – მომავალი კარდიოქირურგი ბსუ-დან 

22.03.2021 • 2351
ინდოელ სტუდენტებს შორის ქართული ყველაზე კარგად მე ვიცი – მომავალი კარდიოქირურგი ბსუ-დან 

ყოველ დილით 26 მაისის პარკს გაივლის და უნივერსიტეტში მიდის ლექციებზე. კარგ ამინდში ზღვისპირას დადის სამეცადინოდ მეგობრებთან ერთად. საქართველოში ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ რაჰულ სეერვიმ მალე ქვეყანა უნდა დატოვოს და მშობლიური ინდოეთის ქალაქ რაჯასტანში უნდა დაბრუნდეს.

რაჰული 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებაზე რომ ესწავლა. მის მსგავსად ბათუმში 650-მდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს.

რაჰულ სეერვი. ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების მეექვსე კურსის სტუდენტი ინდოეთიდან

 

„არ შემხვედრია საქართველოში ინდოელი სტუდენტი, ვინც ქართული ჩემზე უკეთ იცის“

პანდემიის პირობებში, როცა ინდოეთშიც თითქმის ყველაფერი გაჩერდა და ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, საქართველო არაერთმა ინდოელმა სტუდენტმა დატოვა – ბევრმა ოჯახმა ვეღარ შეძლო ფინანსურად დახმარებოდა უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს.

რაჰული ამ მხრივ გამონაკლისია. ის ბათუმში დარჩა და ახლა დიპლომის მიღებას ელოდება. საქართველოში ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა: პანდემიის, იზოლაციის, კულტურული გაუცხოებისა და ახლობლების მონატრების, მაგრამ, როგორც ის ამბობს, ამ ყველაფერს დადებითი ემოციები სჭარბობს, რაც მისთვის ბათუმში ცხოვრებას მოაქვს.

რაჰული ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. ენის სამთვიან კურსზე საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიწყო სწავლა. მერე ქართველი მეგობრები გაიჩინა და პრაქტიკულმა ურთიერთობებმა, ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ბევრი რამ ასწავლა. რაჰული ამბობს, რომ ბათუმში მცხოვრებ ინდოელ სტუდენტებს შორის ის ყველაზე კარგად საუბრობს ქართულად.

რაჰულ სეერვი მეგობრებთან ერთად

„2015 წელს ჩამოვედი საქართველოში 38 სტუდენტთან ერთად. აბსოლუტურად ყველაფერი ახალი იყო ჩვენთვის: ენა, კულტურა, ხალხი. ქართული ენის სწავლა პირველივე სემესტრიდან დავიწყე, ქართველები გავიცანი და ბევრს ვლაპარაკობდით. ასე ვისწავლე ენა. „რაფერ ისწავლე ასე კარგად ქართული? რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობ? სად სწავლობ?“ ამ კითხვებს მისვამენ ხოლმე საქართველოში ყველაზე ხშირად. ჯერ არ შემხვედრია საქართველოში ინდოელი სტუდენტი, ვინც ქართული ჩემზე უკეთ იცის. ქართველი მეგობარი უფრო მეტი მყავს აქ, ვიდრე ინდოელი. ეს დამეხმარა ენის კარგად სწავლაში“, – ამბობს რაჰულ სეერვი.

 

პანდემია უცხოეთში

სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის მეექვსე, დამამთავრებელი კურსი ძირითადად სულ პრაქტიკული მეცადინეობისგან შედგება. მომავალი ექიმებისთვის ეს პრაქტიკა საავადმყოფოებსა და მედპუნქტებში უმნიშვნელოვანესია. პანდემია სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა რაჰული მეექვსე კურსზე გადავიდა. აიკრძალა საავადმყოფოებში სტუდენტებისთვის პრაქტიკა, შეიზღუდა გადაადგილება და საუნივერსიტეტო ლექციებმა ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.

მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის ინტუბაციისა და გინეკოლოგიური პრაქტიკის ონლაინ ჩატარება უშედეგოდ მიიჩნია ფაკულტეტის დეკანმა და 3 თვით ლექციები სტუდენტებს საერთოდ შეუჩერდათ, მანამ სანამ საავადმყოფოებში პრაქტიკის შესაძლებლობა კვლავ არ გაჩნდა.

ასე დარჩა რაჰულ სეერვი ნაქირავებ სახლში მარტო და იზოლაციაში.

„3 თვე ვიყავი სახლში მარტო. გამიჩნდა ფინანსური პრობლემები, ყველაფერი გაძვირდა! ეს ჩემს ჯიბესაც დაეტყო. რაღაც პერიოდი კარფურში დახლები დაცარიელდა, შეშინებული ხალხი ყველაფერს ყიდულობდა.

ჩემი ინდოელი მეგობრები აქ ცხოვრობდნენ და ქირის ფულს ტყუილად იხდიდნენ. შუქი, გაზი, კომუნალური გადასახადებია კიდევ… ინდოეთშიც კრიზისია. აქ მყოფ სტუდენტებს ძირითადად ინდოეთიდან ეხმარებიან ოჯახები. ზოგმა ვეღარ შეძლო შვილს ფინანსურად დახმარებოდა და ჩემი ბევრი მეგობარი პანდემიის დროს ინდოეთში დაბრუნდა – ვეღარ ირჩენდნენ აქ თავს“, – ამბობს სტუდენტი.

რაჰულს სწავლა წესით გასული წლის ზაფხულში უნდა დაესრულებინა, მაგრამ პანდემიამ მისი კურსი 1 წლით გაახანგრძლივა.

 

დისკრიმინაციის მსხვერპლი საქართველოში არასდროს ვყოფილვარ

რაჰული გვიამბობს, რომ ინდოელი სტუდენტები ერთადაც ცხოვრობენ ბათუმში და ცალ-ცალკეც. ადრე თავადაც მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა, მერე მისი „რუმმეითები“ ინდოეთში დაბრუნდნენ და მარტო გადაწყვიტა ცხოვრება.

მედიცინის ფაკულტეტის ინდოელი სტუდენტების ძირითადი გეგმა ასეთია: ამთავრებენ საქართველოშ 6-წლიან კურსს, მოიპოვებენ დიპლომს, ბრუნდებიან ინდოეთში და იქ აბარებენ გამოცდას ზოგადი პროფილის ექიმის ლიცენზიის მისაღებად.

„ეს ძალიან სერიოზული და რთული გამოცდაა. მე ზაფხულში მიწევს ამ გამოცდის ჩაბარება ინდოეთში. ვამთავრებ აქ სწავლას და ვბრუნდები რაჯასტანში. მინდა კარდიოქირურგი გავხდე და ამ საქმეში დახელოვნებას კიდევ წლები სჭირდება. ეს გზა ინდოეთში უნდა გავიარო.

დისკრიმინაცია? – არა. დისკრიმინაციის მსხვერპლი საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, არც ჩემი მეგობარი ინდოელი სტუდენტებისგან მსმენია მსგავსი რამ. პირიქით, ქართველები ტკბილი ხალხია, აქ ქართველი მეგობარი უფრო მეტი მყავს, ვიდრე ინდოელი, ხან მე დავდივარ მათთან სტუმრად, ხან თვითონ მოდიან ჩემთან“, – ამბობს რაჰულ სეერვი.

რაჰულ სეერვი მეგობრებთან ერთად

ინდოეთში ჩემი ქალაქიდან ზღვაზე რომ აღმოვჩნდე, 8-საათიანი გზა უნდა გავიარო

ბორჯომი, ბაკურიანი, გუდაური, სვანეთი, თბილისი, ქობულეთი – რაჰულმა საქართველოში ექვსწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ ნახა. 6 წლის განმავლობაში ინდოეთში მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა ჩასვლა. არდადეგების თავისუფალ დროს ძირითადად საქართველოს მონახულებას უთმობდა ან პრაქტიკას საავადმყოფოებში.

ამბობს, რომ ინდოეთი ძალიან ენატრება, მაგრამ საქართველოში 6-წლიანი ცხოვრება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„მსოფლიოში ალბათ სულ 10, 15 უნივერსიტეტი თუ იქნება ასეთი: ზღვისპირას იყოს და მეორე მხარეს პარკი ჰქონდეს ტბით. ბათუმი იდეალური ქალაქია. არასდროს დამავიწყდება ეს სასიამოვნო გზა პარკის გავლით უნივერსიტეტამდე და ზღვისპირას მეცადინეობები, საუბრები სანაპიროზე მეგობრებთან ერთად.

რაჰულ სეერვი ბსუ-ს ბიბლიოთეკაში

ხანდახან ინდურ და ქართულ სამზარეულოს შორის დიდ მსგავსებას ვპოულობ. უბრალოდ ერთია, რომ ინდური კერძები კიდევ უფრო ცხარეა ქართულ კერძებთან შედარებით და უფრო უხვად ვიყენებთ სანელებლებს. ლობიოს თითქმის ისე ვაკეთებთ ინდოეთშიც, როგორც საქართველოში კეთდება. სანელებლებისა და ინგრედიენტების 80% იგივეა.

ისე კი, ინდოეთი არის ქვეყანა, სადაც ყოველ 50 კილომეტრში სხვადასხვაგვარია სამზარეულო, ენა და კიდევ ბევრი რამ.

ჩემი ქალაქიდან, რაჯასტანიდან რომ ზღვაზე აღმოვჩნდე, 8-საათიანი გზა უნდა გავიარო ტრანსპორტით დედაქალაქამდე. აქ კი ზღვა უნივერსიტეტთან მაქვს. როცა მეცადინეობით ვიღლები, პარკში ვსეირნობ, ტბისპირას, ყავასაც აქვე მივირთმევ ხოლმე. მალე დავტოვებ საქართველოს. ზაფხულში უკვე ინდოეთში ვიქნები“, – ამბობს რაჰულ სეერვი.

____

გადაბეჭდვის წესი


ასევე: