ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პარკინგისა და პანორამული რესტორნის იჯარით გაცემა დაიწყო.
ბათუმის სტადიონი
კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ).
ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.
ბათუმის სტადიონი
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 2023 წელს უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გამართავს.
„ძალიან გთხოვ, დამაძინე“ – ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურში და არასდროს დამავიწყდება“ – 31 წლის რეანიმატოლოგმა შავლეგ კუტალაძემ ორთვე-ნახევარი გაატარა კოვიდით დაავადებული ადამიანების გარემოცვაში. ამ ხნის მანძილზე არ გასულა გარეთ, არ უნახავს ოჯახის წევრები. ექიმი, რომელიც ამბობს, რომ დამარცხდა ფსიქოლოგიურ ომში, პაციენტების და საკუთარი განცდების შესახებ გვიყვება. იგი ახლა კოვიდგანყოფილებაში აღარ მუშაობს.
პანდემიაში
იმ დროს, როცა უხილავ სენთან ბრძოლაში ჩავერთე, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ასევე, კოვიდსივრცის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის რეანიმაციულ განყოფილებაში. რეალურად, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ შრომამ, ემოციურმა თუ ფიზიკურმა დატვირთვამ და განლევამ, რაც მე განვიცადე პანდემიის მეორე ტალღის დროს.
ყოველი დღე იწყებოდა სასტუმროს იზოლაციიდან და გადიოდა რეანიმაციის ოთახში. ამ პერიოდში დაახლოებით 127-მა პაციენტმა გამოიარა ეს საშინელი სივრცე.
შავლეგ კუტალაძე
პირველი, რაც ამ სივრცეში გვხვდებოდა, იყო ძლიერი ხმაური, რომელმაც ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამ ხმას ჟანგბადის გამფანტველი აპარატები გამოსცემდნენ. ამ ადამიანებს სჭირდებოდათ 6-ჯერ მეტი ჟანგბადი, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, 22-25 პაციენტზე თითქმის სრული დატვირთვით მომუშავე ჟანგბადის გამფანტველები, რომლებიც გამაყრუებელ ხმებს გამოსცემენ.
ამასთან, სასუნთქი აპარატები, რომლებიც პაციენტებს ეხმარებოდა, ხშირად გამოსცემდნენ განგაშის სიგნალს, რადგან პაციენტის სუნთქვის რეჟიმი და აპარატის პარამეტრები ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. და ეს მანქანები შეუჩერებლად, მთელი სიმძლავრით მუშაობდა მთელი დღე.
ეს ხმები განსაკუთრებით ჩარჩა ჩემს ცნობიერებაში. ხანდახან ისეთი აუტანელია, რომ ვცდილობ განვერიდო იმ გარემოს. წარმოიდგინეთ, რვა-ათი საათი შეუწყვეტლივ გესმის ეს ხმები.
ზოგჯერ მინდოდა ხუთი წუთი, რომელსაც კვებას ვუთმობდით, არ დასრულებულიყო.
როცა გარეთ გავდიოდი, ვხედავდი, რომ ამ ხმების გარეშეც არსებობს სამყარო. ახლა ვცდილობ, რომ სიჩუმეში უფრო მეტი დრო გავატარო, რადგან ვფიქრობ, რომ რეაბილიტაცია სრულყოფილად ვერ გავიარე.
ყველა პაციენტის სახე მახსოვს
ამ სახეების დავიწყება შეუძლებელია. მათ სახეზე იყო შიში.
წარმოიდგინეთ, ხარ სივრცეში, სადაც დამოუკიდებლად წყლის დალევაც კი არ შეგიძლია, რადგან ეს 10 წამი, რაც წყლის დალევას სჭირდება, გიჯდება რამდენიმე საათი, რომ აინაზღაურო პირვანდელი, წყლის დალევამდე მდგომარეობა, ისეთი მძაფრი სუნთქვის უკმარისობა ეწყებოდათ ამ ათი წამით ნიღბის მოხსნის დროს.
ამ ყველაფერს ცნობიერად უყურებ და ხედავ, რომ შენ გარშემო ყოველდღიურად ვიღაცისთვის ცხოვრება მთავრდება.
ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, საწოლს ჩაჭიდებული, როგორი ემოციურები ხდებოდნენ ყოველი ახალი პაციენტის შემოსვლისას თუ ცუდად დამთავრებულ ისტორიაზე.
შავლეგ კუტალაძე კლინიკაში
ერთი მოხუცი ბებოს სიტყვები ძალიან დამამახსოვრდა. 20-25 დღე მკურნალობდა ჩვენთან, სანამ კრიტიკულად დამძიმდებოდა, იმდენად ვერ გაუძლო ამ გარემოს და ჩარევებს, ორი დღე მეხვეწებოდა -„ძალიან გთხოვ ბებო, დამაძინე“. ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურში გაუთავებლად, არასდროს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
ასევე თხოვნა ერთ-ერთი პაციენტის, რომ ოჯახის წევრებს დამშვიდობებოდა. მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ვიდეოთვალი ჩაგვერთო. იყო ძალიან, ძალიან ცუდი მომენტები.
ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის ერთი ახალგაზრდა ქალის ამბავი. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 24-საათიანი შეუჩერებელი ბრძოლა მიდიოდა ჩვენი, მისი ოჯახის წევრების, მთელი კლინიკის. ჩემი ხელით გადავიყვანე სასუნთქ აპარატზე, დავპირდი, რომ აუცილებლად გავიღვიძებდით… თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა.
შავლეგ კუტალაძე, ექიმი რეანიმატოლოგი
ვერ დავუშვებდი, რომ ამის უფლება არ მიმეცა
იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტის ოჯახის წევრებს მივეცი რეანიმაციაში შემოსვლის უფლება. ბუნებრივია, მათი უსაფრთხოების დაცვით. უბრალოდ ვერ დავუშვებდი, რომ ამის შესაძლებლობა არ მიმეცა, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრები იყო.
ყველაზე რთულია, როცა გინდა ადამიანს აუხსნა, რომ თუ ეს შვებას მისცემს, შეუძლია ბოლო წუთები გაატაროს ოჯახის წევრთან.
წარმოიდგინეთ, კარგავთ ახლობელს და იცით, რომ მის ცხედარს ვერ ნახავთ. რაღაც საშინელ შავ პარკშია შეფუთული, რომლის გახსნის უფლებაც არ გაქვთ.
ჩვენთან არსებობს ტრადიცია, როცა მიცვალებულს რამდენიმე დღით აჩერებენ სახლში და ეს არის პერიოდი, როცა ვემშვიდობებით და რაღაცნაირად ვხარჯავთ ემოციას. ბევრ ადამიანს ეს ალბათ შვებას ჰგვრის. და წარმოიდგინეთ, ამ საშინელი დაავადების დროს, ჩვენ ეს განცდაც კი მოგვესპო.
ჩვენვე გვიწევდა მიცვალებულების მოწესრიგება, ზოგის მართლმადიდებლური წესით, ზოგის მუსლიმური წესით, სხვადასხვა თხოვნით, რომ „გეხვეწები, იქნებ ეს კაბა ჩააცვათ და ასე ჩაასვენოთ ამ საშინელ ტომარაში“ … ვერ აღგიწერთ, რა განცდაა ეს.
სოლიდარობა, რომელიც პანდემიამ გააჩინა
იყო პოზიტიური შემთხვევებიც და ეს იყო საოცარი სოლიდარობა კოვიდით დაავადებული ადამიანების ახლობლების, საოცარი თანაგრძნობის განცდა.
როცა პაციენტი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავდა, ზოგი ახერხებდა, რომ ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად შეეძინა ეს საკვები მეზობელ ქვეყანაში და გადმოეტანა. როცა პაციენტის ისტორია ცუდად სრულდებოდა, ახლობლებს მეორე დღესვე მოჰქონდათ ეს საკვები და უსასყიდლოდ ტოვებდნენ კლინიკაში.
ასევე მოჰქონდათ მედიკამენტები. უნდა გენახათ, როგორ უნაწილებდნენ ერთმანეთს ყველაფერს, როგორ უცვლიდნენ კონტაქტებს და ეხმარებოდნენ.
ექიმები პანდემიაში
საყვედურები
არ დაგიმალავთ ჩემს ემოციას, როდესაც ერთი ქალი გარდაიცვალა ღამით, მომიწია ეს ამბავი მისი ოჯახის წევრებისთვის მეცნობებინა. ესეც ერთ-ერთი მძიმე მომენტი იყო ამ ამბავში.
როცა დავურეკე და შევატყობინე, ტელეფონში მესმის რეპლიკა – „ჰო, რა თქმა უნდა, აბა მოხუცებულს ვინ მიხედავდა“.
სამი დღე ვიყავი სრულად განადგურებული, არ დამიწყია მაშინ არაფრის ახსნა, უბრალოდ მორალურად გავნადგურდი.
თუ ის ადამიანი ამას წაიკითხავს, მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი წამი არც ერთ პაციენტს არ მოჰკლებია ყურადღება.
თუ ექთანმა 10 წუთით პალატაში შესვლა დააგვიანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ 10 წუთში 20-25 პაციენტისთვის უნდა მიეცა ანტიბიოტიკი და ეს არ არის უყურადღებობა.
იზოლაციაში – ოჯახისგან შორს
ორთვე-ნახევარი სახლში არ ვყოფილვარ. არ მინახავს ოჯახის წევრები, არ გავსულვარ გარეთ. ვცდილობდით კომბინიზონიც არ გაგვეხადა 4 საათი მაინც, ვერიდებოდით წყლის დალევას, რომ არ გვქონოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.
ყოველი მეორე ღამე იყო 24-საათიანი ფხიზელი მდგომარეობა. ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრი წელი ვიმუშავე ემერჯენსში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაუდებელი მედიცინის ბრიგადებშიც ვმუშაობდი. მეგონა, ამაზე ექსტრემალური არაფერი იქნებოდა, მაგრამ ვერც კი მოვა იმ დაღლასთან, იმ ფსიქოლოგიურ სტრესთან და მორალურ განადგურებასთან, შიშთან, რასაც უამრავი ადამიანის თვალებში ვხედავდი, რაც ამ პერიოდში განვიცადე.
თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნება, ამ გამოცდას მეორედ ვერ ჩავაბარებ. ახლაც კი, როცა მიწევს იმ სივრცესთან შეხება, ვცდილობ ზღურბლს არ გადავაბიჯო. მე უარი ვთქვი იქ დაბრუნებაზე.
ბოლოს, როცა აუტანელი გახდა ეს ყველაფერი, ვითხოვე, რომ როცა კომენდანტის საათი დაიწყებოდა, იქნებ ერთი საათი გარეთ გასვლის უფლება მოეცათ. დიდი თხოვნის შემდეგ, რამდენჯერმე მივაღწიე ამას და ამ ერთი საათის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და თავისუფლება… და, რა თქმა უნდა – სიცოცხლე.
„არ არსებობს კოვიდი, მოგონილია (?)“
არ ვიცი რა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ასე ფიქრობენ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა, შეუძლია მონახოს ვიდეოები ინტერნეტში, ზოგი ლეგალურია, ზოგი – არალეგალური და ნახოს, როგორ იხრჩობიან ადამიანები უჟანგბადობისგან. ამაზე საშინელი განცდა თუ რამე არსებობს, შემიძლია უკან წავიღო ჩემი ემოციები და განცდა.
ეს არ არის მარტო დაავადება, ეს არ არის მარტო გარდაცვალება, ეს არის ძალიან დიდი ტანჯვით… ვერ აღგიწერთ იმ განცდას, რასაც ამ ადამიანების თვალებში ვკითხულობდით.
არ ვიცი როგორ გადავრჩი, მაგრამ კოვიდი არ გადამიტანია. ვაქცინაც ორჯერ გავიკეთე. ქორი რომ წიწილას წაიღებს, ასეთი განცდა მქონდა. სულ მესმოდა, რომ დღეს ამას დაუდასტურდა, დღეს იმას და გადაიყვანეს.
საკუთარი თავის რეაბილიტაციას იმით ვცდილობ, რომ გადარჩენილ პაციენტებზე ვფიქრობ და ეს ცოტათი, მაგრამ მაძლევს შვებას, რომ ბოლომდე არ დავმარცხებულვართ.
დღეს, 10 ივნისს, ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ და კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდიან.
ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებებში აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სხვადასხვა ღონისძიებას ორგანიზებას აჭარის კულტურის სამინისტრო და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფენ. სამინისტრო და სააგენტო [შესაბამისად 30 და 70 ათასი ლარის] მომსახურებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდიან.
სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 15 ივნისს, აჭარის რეგიონში საზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარება:
მასშტაბური „ფრანების შოუ“, რომელიც გაიმართება დღის 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, ბულვარის წინ, სანაპირო ტერიტორიაზე. ფრანების ღონისძიებაზე აუშვებენ 50 სხვადასხვა ზომის ფრანს, მათ შორის გიგანტურ, სამოყვარულო და სპორტულ ფრანებს.
სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ფრანების აშვების მასტერკლასებში. ღონისძიების ტერიტორია იქნება გაფორმებული 40 საფესტივალო დროშით.
მოეწყობა სპეციალური სცენა, რომელიც მაღალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობით იქნება გამართული და მოცემული ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება პროფესიონალი დიჯეების მიერ.
40-კაციანი გამოცდილი გუნდი იმუშავებს ტექნიკურად გამართულ შოუპროგრამაზე;
„მოძრაობის თეატრი“ ზღვის თემატიკით და ილუზიონისტის შოუ გააერთიანებს პერფორმანსებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიმები, ე.წ. „ცოცხალი ქანდაკებები“, თინეიჯერი სკეიდბორდისტები, ოჩოფეხებზე მოსიარულე მსახიობები და სხვ.
„ჩვენი მხრიდან სეზონის გახსნის მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებაში საზაფხულო განწყობის შექმნა და მეორე მხრივ, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა და მოწოდება, რომ აჭარა მზად არის კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ვიზიტორების მისაღებად, რაც ტურიზმის გამოცოცხლების მთავარი მიზანი და მესიჯია.“ – აცხადებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:
• საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება ზღვაში;
• ტურიზმის სექტორთან შეხვედრა და მათი დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზება;
• საზეიმო განწყობის შექმნა ქალაქში (დეკორაცია, დროშები, ყვავილები);
• ზაფხულის ტურისტული სეზონის ანონსი და ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება (ფოტო – ვიდეოგადაღება, რეკლამა სოციალურ მედიაში);
• ღონისძიებაზე covid19-ის გავრცელების პრევენციისა და რეგულაციის დაცვის ღონისძიებები;
• ფეიერვერკი ზღვის სანაპიროზე.
სააგენტოს განცხადებით, წვიმის შემთხვევაში ღონისძიების ერთი კომპონენტი, ზღვაში დაგეგმილი ცერემონია, 15 ივნისის ნაცვლად გადაიდება 20 ივნისამდე ან გაუქმდება.
—
საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც.
საქართველოში, გარკვეული ქვეყნებიდან შენოვლენ მოქალაქეები მხოლოდ უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტითაც.
საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები სრულად ნახეთ აქ:
აჭარის ზღვის სანაპიროზე, ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში, მაშველები აგრძელებენ 2 ადამიანის ძებნის სამუშაოებს.
სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს. საუბარია ორ სხვადასხვა შემთხვევაზე, ქობულეთისა და კვარიათის სანაპიროებზე ორი კაცი სხვადასხვა დროს შევიდა ზღვაში და მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამაშველო სამუშაოებში გამოიყენება კატარღები, დრონები და კვადროციკლები სანაპირო ზოლის მონიტორინგისთვის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით.
სოფელი ზედა ჭარნალი ხელვაჩაურში მდებარეობს და ჭარნალის თემს მიეკუთვნება. აქაურები ამბობენ, რომ წლებია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ შეუსრულებელ დაპირებებს ისმენენ. „არჩევნები რომ მოახლოვდება, გამოჩნდებიან, ჩვენი ხმა თუ სჭირდებათ, მოდიან და დაპირებებს გვაძლევენ. ეს დაპირებები თქმულებად რჩება, შესრულებას ვერ ვხედავთ”, – ამბობს სოფლის მკვიდრი, მელანო გოგუაძე.
“არც გარე განათება გვაქვს გზაზე, არც ეზოში, ბოძები ძველია და მორყეული, გვეშინია, ვინმეს არ დაეცეს ქარის დროს, წაქცეულა კიდეც. წყალიც მღვრიე მოდის, ბოსლები ააღებინეს ხალხს, პარკს მოვაწყობთ ლამაზი ადგილიაო და მესამე წელია არც პარკი მოაწყეს, არც მიწა გამოგვიყეს სანაცვლოდ. მოედანს შეგვპირდნენ, აზომეს და არაფერი გაკეთებულა, ბავშვები ფაქტიურად ძროხის საძოვარზე დარბიან”, – ამბობს სოფელ ზედა ჭარნალის მცხოვრები ნაზიბროლა ფუტკარაძე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ჭარნალის თემის წარმომადგენელი, ნუგზარ აბაშიძე ამბობს, რომ ზედა ჭარნალში სკვერის და შამბოს მოწყობის პროექტები უკვე არსებობს. თუმცა მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტით მათი მოწყობა გათვალისწინებული არ არის. პროექტით, სკვერი იქ უნდა აშენდეს, სადაც ადრე ბოსლები იდგა. „ვაპირებთ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და წელს ალბათ მოესწრება ამ ორივე პროექტის განხორციელება“, – ამბობს ნუგზარ აბაშიძე.
„პროექტი უკვე მომზადდა. ველოდებით, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით ბიუჯეტში ჩასვან“, – ამბობს ის.
ზედა ჭარნალის მოსახლეობის თქმით, მათ სკვერის მოწყობის შესახებ დაპირება დაახლოებით სამი წლის წინ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ მდინარის პირას
ციური მამალაძე და მელანო გოგუაძე
ბოსლები სწორედ ამ მიზნით დაანგრიეს. “ახორები დაგვანგრევინეს, პარკი უნდა მოეწყოთ. ჩვენი ბავშვები დაიზარდნენ, არც პარკი აქვთ და არც ნაწველი, მაწონი და რძე აღარ აქვთ, რომ ვაჭამოთ. იმის გამო, რომ არ გვაქვს ბოსელი, არ გვაქვს საშუალება, რომ ძროხები სადმე დავაბათ და გვყავდეს… ეზოში მოვიბა ძროხა? სად წავიყვანო?” – ამბობს ციური მამალაძე.
“ბოსლების აღებას დავეთანხმეთ იმის გამო, რომ ბავშვებს პარკი ჰქონოდათ. ჩვენც არ მოგვწონდა გზის პირას ბოსელი, მაგრამ არ ჩანს არაფერი უკვე რამდენი ხანია. მაგის გამო გავყიდე ძროხა, რომ ახორი დამანგრევინეს”, – ამბობს მელანო გოგუაძე.
რაც შეეხება ბოსლებისთვის ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ნუგზარ აბაშიძე ამბობს: „გამორიცხულია, ალტერნატიულ სივრცეს ვერანაირად ვერ შევთავაზებთ იქედან გამომდინარე, რომ იქვე კორპუსებთან ბოსლები ვერ მოხერხდება… ბევრს აქვს საკუთრებაში მიწა, მოშორებით 50, 70 თუ 100 მეტრში. ჩვენ ვუთხარით, რომ ვისაც მესაქონლეობის განვითარება უნდა – მივესალმებით, ოღონდ თქვენს საკუთრებაში, თქვენს მიწაზე, ასე შევთანხმდით“.
საკანალიზაციო შამბო
“კანალიზაცია გვაქვს გაყვანილი ეგერ, ნაძვის ძირში, წყალში. არ მაქვს-მეთქი არ ვამბობ, რადგან არ იყო სხვა საშუალება”, – ამბობს ნაზი ცინცაძე. მისივე განმარტებით, სამი წლის წინ სამეზობლო შეამხანაგდა და შამბოს მოსაწყობად ფული შეაგროვეს, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიამ საქმე არ გააგრძელა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამი წლის წინ შამბოსა და სკვერის მოწყობის პროექტი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. უშუალოდ შამბოს პროექტი გასულ წელს, სკვერის პროექტი კი წელს მომზადდა.
“ორი წლის წინ პროექტი არ იყო, ეს იყო იდეის დონეზე, გასულ წელს პანდემიამ შეგვიშალა ხელი, სამწუხაროდ. წელს პროექტი გავაკეთეთ და ველოდებით, რომ მოგვარდება ანუ დანაპირები შესრულდება.
2021 წლის ბიუჯეტში ეს პროექტი გაწერილი არ არის, რადგან წელს მომზადდა. ველოდებით ბიუჯეტში ცვლილებებს, რომ პროექტი განხორციელდეს. ვფიქრობ, წელს მოესწრება”, – ამბობს ნუგზარ აბაშიძე.
საკანალიზაციო შამბოს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მერის ჭარნალის თემის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს პროექტიც მზად არის და ბიუჯეტში ცვლილებებს ელოდება.
“ამ სამუშაოების შესრულების თანხის 5%-ს იხდის მოსახლეობა და სრულად აფინანსებს ხელვაჩაურის ბიუჯეტი, ამიტომაც შეაგროვა ამხანაგობამ თანხა. შამბოს პროექტიც მომზადებულია, საპროექტოშია და ველოდებით. ეს დაახლოებით 27 000-ლარიანი პროექტია. სკვერთან ახლოს არის შამბო, ერთ სისტემაშია ეს ყველაფერი”, – ამბობს ნუგზარ აბაშიძე.
მისივე განმარტებით, სკვერისა და შამბოს პროექტი ერთობლივად უნდა განხორციელდეს – “ისე ახლოსაა ეს ტერიტორიები ერთმანეთთან, რომ იქ რომ სამუშაოები დაიწყება, ტერიტორიის გადათხრა და ტერიტორიის მოწესრიგება ერთიანად უნდა მოხდეს, რომ ერთით გაკეთებული საქმე მეორეთი არ დავაზიანოთ”.
9 ივნისს ბელორუსში სასამართლომ 2 წელი მიუსაჯა „ევროპული ბელორუსის“ აქტივისტს, პოლინა შარენდო პანასიუკს. მას ქვეყნის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს და მილიციელებისთვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლინამ 2 წელი უნდა გაატაროს კოლონიაში და ჯარიმის სახით 1800 დოლარის ეკვივალენტი უნდა გადაიხადოს 3 მილიციელის მორალური კომპენსაციისთვის.
9 ივნისს სასამართლოზე პოლინა შარენდო პანასიუკმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოწოდებაზე, მოსამართლის შემოსვლისას ამდგარიყო, განაცხადა, რომ ბანდიტების შემოსვლაზე ფეხზე არ ადგებოდა.
„მე მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნალს მივცემ ჩვენებას ლუკაშენკოს დანაშაულებზე. ბელორუსში ახლა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმეა შესაძლებელი – ხელისუფლების მიტაცებაზე“, – განაცხადა მან.
პოლინამ აღნიშნა, რომ იგი ტყვედაა აყვანილი და სასამართლოდ არ მიიჩნევს ამ პროცესს.
„თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავს უწოდოთ სტალინის „ტროიკა“, ჟანდარმერია, მაგრამ თქვენ არ წარმოადგენთ ლეგიტიმურ სასამართლოს,“ – განაცხადა პოლინამ.
იგი ორი შვილის დედაა.
პოლინა შარენდო-პანასიუკი 2021 წლის 3 იანვარს დააკავეს საკუთარ ბინაში. ბინის ჩხრეკის ფორმალური მიზეზი გახდა ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელშიც, მილიციის აზრით, პოლინამ მილიციელი შეურაცხყო. პოლინამ ბელორუსის მილიციას კარი არ გაუღო და კარი სამართალდამცავებმა ჩამოიღეს.
სასამართლოზე მილიციელებმა განაცხადეს, რომ დაზარალდნენ. მათი ჩვენების თანახმად, ბინაში შეჭრილ ერთ მილიციელს პოლინამ სახეში შეაფურთხა, მეორისთვის კი შეეცადა ნიღაბი მოეხსნა და ამ დროს ცხვირი გაუკაწრა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონებში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები ისე, რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
მაისში აჭარაში განსაკუთრებული სურნელია. მთისკენ თუ აიღებთ გეზს, გირჩევთ, ავტომანქანის ფანჯრები ბოლომდე ჩამოსწიოთ. კი არის ყველაფერი მწვანე, მაგრამ აკაციის ყვავილები თავის თეთრ ხაზებს აუცილებლად გამოკვეთს ამ პეიზაჟში და კრიალა ჰაერსაც გააჯერებს გამაბრუებელი ნექტრის სურნელით.
მთიან აჭარაში ამ დროს მიწა უკვე დამუშავებულია და მოსახლეობა ძირითადად ნარგავების განაწილებით არის დაკავებული. ამ მშვენიერ გზაზე ერთ ოჯახში შევჩერდებით, ფუტკრებივით მშრომელი ადამიანების და თავად ფუტკრების სამოსახლოში.
ფუტკრის სკები
სოფელი დიდაჭარა ხულოს რაიონში მდებარეობს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. ჩვენი გმირები – ჯამბულ წულუკიძე და ლია დეკანაძეც აქ ცხოვრობენ.
ლია დეკანაძე
ლია დეკანაძე თავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიყვება:
“დილით ადრე, 7 საათზე ვდგები. დღის ამ ნაწილში დილის საოჯახო საქმეებით ვარ დაკავებული, ქმარს ვაცილებ სამსახურში, შემდეგ თავს ვიწესრიგებ და მე და ჩემი შვილი ერთად მივდივართ სკოლაში. ჩემი უმცროსი შვილი სკოლაში სწავლობს, მე კი უკვე 26 წელია პედაგოგად ვმუშაობ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქალიშვილი ქალაქში სწავლობს და შეგვეძლო ჩვენც იქ გვეცხოვრა, მაინც ვამჯობინებთ აქაური, სოფლის ცხოვრება.”
“სკოლიდან დაღლილი რომ მოვდივარ, მერე მახსენდება, რომ ფუტკრებთან ვარ წასასვლელი ან უკვე საღამოა და ბოსტანში ნარგავები მაქვს მოსარწყავი. ასე საქმეში გადის დრო და დაღლასაც ვეღარ ვგრძნობ.
თავიდან მეშინოდა, რა თქმა უნდა, ფუტკრებთან მუშაობა, მაგრამ ახლა დღე ისე არ გავა, რომ ჩემი ზუზუნა მეგობრები არ მოვინახულო.”
ლია დეკანაძემ მეფუტკრეობა განავითარა აჭარისწყალი ჯორჯიას დახმარებით, რომელმაც საწყის ეტაპზე მას ფუტკრების სამი ოჯახი, ეკიპირება და პესტიციდები გადასცა.
ლიას მეუღლე, ჯამბულ წულუკიძე, აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალური გუნდის ოფიცერია და აქტიურადაა ჩართული რეგიონში კომპანიის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტების დაგეგმვასა და მოსახლეობასთან დიალოგში.
” 2013 წლიდან ვმუშაობ კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიაში მოსახლეობასთან ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენი მოვალეობა იყო ყოველდღიურად შევხვედროდით მოსახლეობას და მათთან მიგვეტანა ინფორმაცია, თუ რა კეთდებოდა და როგორ. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გამოწვევებით იყო სავსე და იმის დამსახურებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ხალხთან სწორი კომუნიკაცია იყო და დასაქმებულებიც ძირითადად ადგილობრივები ვიყავით, ეს პრობლემები გადაილახა.
შუახევიჰესის მშენებლობის პერიოდში დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო დასაქმებული სხვადასხვა კარგად ანაზღაურებად პოზიციაზე. ამან განაპირობა ის, რომ მათი ოჯახები ფინანსურად გაძლიერდნენ და დღეს აღარ ფიქრობენ სოფლის დატოვებაზე”.
ჯამბულ წულუკიძე
“ის, რომ თავად ჰესი დღეს წარმატებით ოპერირებს, გამოიმუშავებს და აწვდის ქვეყანას ელექტროენერგიას, დიდწილად ხალხთან სწორი კომუნიკაციის და დიალოგის დამსახურებაა. ამ პერიოდში ხორციელდებოდა და დღესაც მიმდინარეობს არაერთი სოციალური პროექტი, რომლებიც ადგილობრივი თემის ჩართულობით და საინიციატივო ჯგუფების მობილიზებით დაიგეგმა.
წინასწარ ფიქსირდებოდა იდეები, სოფლის საჭიროებები და ერთობლივი მოლაპარაკებებით წყდებოდა კონკრეტული პროექტის განხორციელება. ამგვარი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლის მოსახლეობამ უკეთ იცის, თუ რა სჭირდება მას ყველაზე მეტად.
სწორი განვითარებით და მიდგომებით სოფელი ყოველთვის იქნება ხალხით სავსე,” – ამბობს ჯამბულ წულუკიძე.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა.
საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა მოიცავს მხოლოდ იმ მესაკუთრეებს, რომელთა მიწის ნაკვეთები პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მესაკუთრეებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ამგვარად გაზარდოს მათი პროდუქტიულობა. საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:
მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა;
მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა;
თხილის წარმოება.
მხოლოდ მეფუტკრეობის განვითარებისთვის 89 დამწყებ და გამოცდილ ფერმერს გადაეცა ფუტკრის ოჯახები სრული აღჭურვილობით და საჭირო პესტიციდებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, შაბათს, 12 ივნისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 13 ივნისს კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა.
9 ივნისს პრაღაში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, კარგად იცნობენ ფილმი-ზღაპრიდან – „სამი კაკალი კონკიასათვის“, რომელშიც მსახიობი კონკიას როლს ასრულებს.
ფილმში კონკიას როლის შესრულებისას მსახიობი 20 წლის იყო.
„სამი კაკალი კონკიასათვის“ 1973 წელსაა გადაღებული ჩეხოსლოვაკიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებიდან 48 წელი გავიდა, დღესაც ბევრი მაყურებლისთვის „სამი კაკალი კონკიასათვის“ ამ ზღაპრის საუკეთესო ეკრანიზაციად რჩება.
ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით საერთაშორისო პროექტის „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“ ფარგლებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგების სერია “უსაფრთხოების სტადარტები ტურიზმის სფეროში”
ტრენინგის აუდიტორიასწარმოადგენდენ – არსებული ტურისტული მომსახურების მომწოდებლები, სასტუმროები, ჰოსტელები, აპარტ-ოტელები, გესთჰაუსები, რესტორნები, და ა.შ. (საშუალოდ 45-50 მონაწილე) ტრენინგზე დასწრება მონაწილეებისთვის იყო უფასო და ტრენინგების დასრულებისას გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ტრენინგების მიზანი იყო ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების საკითხებზე პრაქტიკული ტიპის ტრენინგის ორგანიზება, რაც დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს არსებული რეგულაციების, ტურიზმის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს:
[checklist]
შრომის უსაფრთხოების რეგულაციები
Covid19 რეგულაციები
სახანძრო უსაფრთხოების საკითხები
დაცვისა და უსაფრთხოების ოპერირების პროცედურები
ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები
[/checklist]
ტრენინგის პროცესში მოწვეული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ექსპერტები, და ასევე StaySafeHospitality Georgia-ს დამფუძნებელი და უსაფრთხოების ექსპერტი.
ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და შემდგომ ეტაპზე საერთაშორისო პარტნიორებთან (StaySafeHospitality, ShadowSec) და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილია აქტიური მუშაობა ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით (ტრენინგები, ვორქშოფები, კონსალტინგი, პროგრამული უზრუნველყოფები და ა.შ.).
თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხებს მნიშნველოვანი ყურადღება ეთმობა. ეს განსაკუთრებით მნიშნველოვანია ტურიზმის სექტორისთვის, რომელიც სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრიაა და სერვისის ხარისხს, სანდოობას დღესდღეობით მნიშნველოვნად განაპიროებებს ის თუ რამდენად კარგადაა მოგვარებული ქვეყანაშიც და კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებშიც უსაფრთხოების სტანდარტები.
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com
Web: www.ibdipc.org; www.facebook.com/ibdipc
ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.
„მითხრა, კანონიერი ქურდი ვარ, ენცო და უნდა მოხსნა ეს ყადაღები, ჩემი არ გეშინიაო?… ასევე მითხრა, შენ როგორ გგონია, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქში მერებსო? ლაშა კომახიძე მე გავათავისუფლეო,“ – გვიყვება სოფო ნებიერიძე. მას კომპანია „ბათინვესტის“ მეწილესთან, რომლის დირექტორადაც მუშაობდა, სასამართლო დავა აქვს და ამბობს, რომ ემუქრებიან. სოფო ნებიერიძის თქმით, მას კანონიერ ქურდთან გასაუბრებამდე კომპანიის მეწილე, ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე და მისი მეგობარი, „ოცნების“ აქტივისტი, გოჩა ბარამიძე ემუქრებოდნენ.
სოფო ნებიერიძის თქმით, ეს ამბავი დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა. 4 თვის წინ გამოძიებას მტკიცებულებები მიაწოდა სუპერმარკეტების ქსელის – „ფარფურის“ დამფუძნებელმა, თამარ კახიძემაც. „ფარფური“ კი მაღაზიების ის ქსელია, რომლის სამივე ფილიალში, როგორც მფლობელი აცხადებს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხანძარი ზედიზედ გაჩნდა.
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე „ფარფურის“ მაღაზიაში ხანძარი დღეს, 9 ივნისს გაჩნდა. თამარ კახიძეც მუქარაზე საუბრის დროს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს ასახელებს, „ოცნების“ აქტივისტ გოჩა ბარამიძეს და ქურდული სამყაროს ავტორიტეტ „ენცოს“.
გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, ვინ აჩენს ხანძარს „ფარფურის“ მაღაზიებში. მიმართვიდან 4 თვის თავზე გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა კანონიერი ქურდის და მისი მეგობრების მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტებზე, რაზეც გამომძიებლებს 4 თვის წინ ესაუბრნენ, როგორც სოფო ნებიერიძე, ასევე თამარ კახიძე.
რატომ არ დაიწყო გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ეს კითხვა დილით დავსვით. თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
რატომ ესაუბრა „ენცო“ სოფო ნებიერიძეს?
სოფო ნებიერიძე კომპანია „სლავა 2015“-ის დირექტორი იყო და კომპანიის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ სასამართლოში. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, ისტორიული სახლი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2015 წელს დაანგრია და ახალი, მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე ნებართვა მიიღო. სახლის დანგრევის შემდეგ კომპანიამ სახელად „ბათინვესტი“ დაირქვა. ეს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძის კომპანიაა, რომელსაც ახლა სოფო ნებიერიძე უპირისპირდება.
„მურმან ჯინჭარაძემ თავიდანვე მითხრა, ფული არ მაქვს, ხელფასს ვერ მოგცემო. სამაგიეროდ, თუკი ნებართვას ამაღებინებ, სახლის საერთო ფართობის 15 პროცენტს მოგცემო. ჩვენ ამ პირობით ხელშეკრულებაც გავაფორმეთ… როგორც იცით, პროექტზე ნებართვა მივიღეთ, მაგრამ მურმან ჯინჭარაძემ ფართობის დათმობაზე უარი მითხრა, პატრონი მყავს და ვერაფერსაც დამაკლებო,“ – გვიყვება სოფო ნებიერიძე.
სოფო ნებიერიძის თქმით, მურმან ჯინჭარაძის „პატრონი“ გოჩა ბარამიძე აღმოჩნდა, რომელიც „ოცნების“ აქტივისტია, ასევე კანონიერი ქურდი სახელად „ენცო“.
„გოჩა ბარამიძე არის დაახლოვებული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც არის კალაძის ოჯახის წევრი, პარკინგის და ყვითელი ავტობუსების ბიზნესის ნაწილი მაგისაა…. შემდეგ ჩარიეს უკვე „ენცო“, როცა მიხვდნენ, რომ არ ვჩერდებოდი, სამოქალაქო წესით მივმართე სასამართლოს და ქონების დაყადაღება მოვითხოვე. სასამართლომ ჩემი შუამდგომლობა უზრუნველყოფაზე დააკმაყოფილა და ვაჟა-ფშაველას 13 დააყადაღა დავის განხილვის დასრულებამდე,“ – ამბობს სოფო ნებიერიძე.
„ბათინვესტის“ ყოფილი დირექტორის თქმით, მას „ენცო“ გოჩა ბარამიძის ტელეფონით ესაუბრა, რასაც პოლიციელებიც შეესწრნენ.
„იმ დღეს გოჩა ბარამიძეს „ოცნების“ ოფისის წინ შევხვდი, „რეტროს“ წინ, ათი ფეხის ნაბიჯზე იქვე პოლიციელები იდგნენ. გოჩა ბარამიძემ ტელეფონი მომაწოდა და გავიგონე, „ენცო“ გელაპარაკებათ, არ გეშინიათო?“ – იხსენებს სოფო ნებიერიძე. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მას პოლიციისთვის მიმართვა გადაუწყვეტია.
სოფო ნებიერიძის თქმით, მის შეშინებას თავდაპირველად ქურდული სამყაროს სხვა ავტორიტეტის – მერაბ ჯანგველაძის სახელით ცდილობდნენ, თუმცა მასთან არ უსაუბრია.
„გოჩა ბარამიძეს ამ ამბებამდეც ვიცნობდი, ის „ოცნების“ აქტივისტი იყო. მეც „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი, ძალიან აქტიური, მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ… რა ელიტური ძარცვა ყოფილა და რა კრიმინალური?
მემუქრებოდა გოჩა ბარამიძე და მურმან ჯინჭარაძეც. „ენცოსთან“ საუბრის მერე მითხრა გოჩა ბარამიძემ, ვერაფერს გახდები, სამი შვილი გყავს, არ გეშინიაო? მურმან ჯინჭარაძემ მითხრა, ვინაა მოსამართლე, ვიყიდით მაგასაცო…
გამომძიებელმა მომთხოვა მტკიცებულებები, მაგრამ მე „ენცო“ როგორ უნდა ჩამეწერა? სხვისი ტელეფონით ვესაუბრე. ამ მუქარების შემსწრე სხვადასხვა მოწმე არსებობს, მაგრამ ძიება არ დაიწყეს. მე გაჩერებას და გაჩუმებას არ ვაპირებ. თუკი მოსამართლეს იყიდიან, ჩემს სახლსაც გავყიდი და სტრასბურგში წავალ,“ – დაასრულა სოფო ნებიერიძემ „ბათუმელებთან“.
სოფო ნებიერიძის სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.
„ენცო“ ჩემი კარის მეზობელია, დაგანახებთ, რასაც გიზამთო“ – „ფარფურის“ დამფუძნებელი
გამოძიების უმოქმედობაზე აქვს პრეტენზია თამარ კახიძესაც, ის კომპანია „ფარფურის“ დამფუძნებელია. ეს კომპანია სამ მაღაზიას ფლობს ბათუმში. ხანძარი დღეს, 9 ივნისს, „ფარფურის“ მესამე მაღაზიაში გაჩნდა.
მფლობელის თქმით, „ენცო“ ამ საქმეშიც ფიგურირებს.
ხათუნა კახიძის თქმით, ქურდულ სამყარომდე მისი და მისი კომპანიის საქმე მას შემდეგ მივიდა, როცა ყოფილ ბიზნესპარტნიორს – მურმან ჯინჭარაძეს სასამართლო დავა მოუგო და ვალის დაბრუნება მოსთხოვა. საქმე აღსრულების ეტაპზეა.
„დაგვანებე თავი, თორემ დაგანახებთ, რასაც ვიზამო, გვეუბნებოდა მურმან ჯინჭარაძე… მემუქრებოდა არასრულწლოვან შვილებზეც. შემდეგ მურმანმა ჩართო ამ დავაში მისი მეგობარი გოჩა ბარამიძე. მან თქვა, რომ „ენცო“ ჩემი კარის მეზობელია, დაგანახებთ, რასაც გიზამთ თუ არ გაჩერდებითო,“ – გვიყვება თამარ კახიძე.
თავად „ენცოსთან“ თამარ კახიძეს არ უსაუბრია.
თამარ კახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გამოძიებას დაახლოებით 4 თვის წინ მიაწოდა, როცა გაიგო, რომ ანალოგიური დავა მურმან ჯინჭარაძესთან სხვასთანაც ჰქონდა.
„პირდაპირი მუქარები 3 ივნისიდან შეწყდა, 3 ივნისს გაჩნდა ხანძარი „ფარფურის“ პირველ ფილიალში,“ – იხსენებს თამარ კახიძე. 7 ივნისს ხანძარი გაუჩნდა „ფარფურის“ მეორე მაღაზიას, ხოლო დღეს, 9 ივნისს, მესამე მაღაზიაც დაიწვა. თამარ კახიძის თქმით, მას და კომპანიის სხვა თანამშრომლებს უკვე დაფარული ნომრიდან მისდით შეტყობინებები: „აწი, „ლიმონკებს“ შემოგიგდებთ, ჯერ სად ხართ“.
მაღაზიებში გაჩენილი ხანძრის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია ნივთის დაზიანების მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ჯერ არ გასულა.
რა ვიცოდით აქამდე „ენცოს“ შესახებ?
„შეკრება რომ მოხდა, ამ პროცესში კანონიერი ქურდიც იყო ჩართული,“ – უთხრა გასული წლის ზაფხულში მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. „ენცო ბათუმსკის“ სახელი პირველად „წულუკიძეების საქმეში“ გაჟღერდა. მაშინ სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძემ [რეზო წულუკიძის ძმა] „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ წინასაარჩევნოდ ე.წ. ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში „ენცო“ მონაწილეობდა, იგივე დავით ტუღუში.
ამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე კი, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ თქვა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან – კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ, თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.
ახლა რეზო წულუკიძე ისევ პატიმარია უკვე სხვა საქმეზე. დააპატიმრეს ფირუზ წულუკიძე და კიდევ ხუთი პირი და ეს მას შემდეგ, როცა ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, თუმცა ჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებული წულუკიძეები და ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ ყველა აქციაში მონაწილეობდნენ და აქტიურად უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“.
„ოცნების“ აქტივისტი გოჩა ბარამიძე: მე არაფერ შუაში ვარ
„წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“ კანონიერი ქურდის „ენცოს“ გარდა სასამართლო პროცესზე გასულ წელს გაჟღერდა „ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძეც“, ვისაც დღეს მუქარაში ადანაშაულებენ.
„ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – ეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე 2020 წლის 8 სექტემბერს თქვა. ადვოკატმა მაშინ მოსამართლეს უთხრა, რომ ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა. მაშინ ბიზნესმენმა მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“ უარყო ასეთი შეხვედრა.
დღეს, 9 ივნისს, მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„მე არაფერ შუაში ვარ, სხვა კითხვებს არ ვუპასუხებ,“ – დამშვიდობება ამჯობინა „ბათუმელებთან“ საუბარს გოჩა ბარამიძემ, როცა მას მუქარის და კანონიერ ქურდებთან კავშირებზე ვკითხეთ. გოჩა ბარამიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ბათუმის მერიაში არ მუშაობს, რა ინფორმაციაც მის შესახებ მედიაში ჟღერდება და უმუშევარია.
გოჩა ბარამიძე პირად ფეისბუქგვერდზე აქტიურად აზიარებს „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების სასარგებლო ინფორმაციას. რა პოზიცია აქვს გოჩა ბარამიძეს „ქართულ ოცნებაში“? – ვკითხეთ ამ პარტიის პრესცენტრსაც, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
___
მთავარი ფოტო: „ფარფურის“ მაღაზია ბათუმში ხანძრის შემდეგ
როცა დამწყები მსახიობი ხარ, სცენაზე გასვლამდე გგონია, სადაცაა გული გაგისკდება და მოკვდებიო – გვითხრა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა დავით ჯაყელმა. მას ბევრი როლი აქვს შესრულებული და თავდაპირველი ღელვაც გამოცდილებასთან ერთად თანდათან გაქრა, ახლა თეატრი და სცენა მისთვის სიამოვნებაა, რომელსაც არც ერთი ნარკოტიკი არ შეედრება. არადა, წლების წინ შემთხვევით აირჩია ეს პროფესია. „ეს საჩუქარი იყო“ – ამბობს დავით ჯაყელი. მას თეატრსა და პროფესიულ არჩევანზე ვესაუბრეთ.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც მსახიობს უნდა ახასიათებდეს?
ნიჭთან ერთად მგონია, რომ ინტელექტი. მარტო ინტელექტუალური მსახიობი ფონს ვერ გადის და მარტო ნიჭიერი – ღირებულს ვერაფერს ქმნის, თუ ინტელექტუალური ბაზა არ გააჩნია. არ ვგულისხმობ მაინცადამაინც წიგნიერებას, შინაგან ინტელექტზე მაქვს აქცენტი. თუ ამ ყოველივეს ერთვის წიგნიერებაც, უკეთესია.
რომ არ ყოფილიყავით მსახიობი, რომელ პროფესიას აირჩევდით?
ჩემს ნებაზე რომ ყოფილიყო, მუსიკოსი ვიქნებოდი, სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ინსტრუმენტს არ ვფლობ, მაინც ხელოვნების სფეროს გავყვებოდი, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, პიანინოზე დაკვრა ვისწავლო.
ანუ ყოველთვის მსახიობობა არ გსურდათ?
არასდროს არ მსურდა მსახიობობა. არც არაფრისადმი მქონია მისწრაფება, გარდა იმისა, რომ ბავშვობაში კოსმონავტობაზე ვოცნებობდი.
მე და ჩემი ცოლის ძმა მეზობლები ვიყავით, მაშინ ის სწავლობდა ხელოვნების ინსტიტუტში, ერთხელაც ლექციაზე მიმიპატიჟა და მეც გავყევი, ბატონი მერაბ ლებანიძე იყო მათი პედაგოგი. როცა დავჯექი და ვუყურე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ძალიან მარტივი იყო როლის შესრულება და მეც გამომივიდოდა. გარდა ამისა, სიტუაციამაც ძალიან მომხიბლა, ყველა ერთმანეთთან მეგობრობდა, ერთობოდნენ ერთად. ამანაც მიბიძგა, რომ ეს უნივერსიტეტი ამერჩია.
გამოცდებზე, სხვათა შორის, სრულიად მოუმზადებელი გავედი, თუმცა უმაღლესი ქულები ავიღე, ალბათ, ამან იქონია გავლენა რეზო მირცხულავაზე, შემდგომში ჩემს პედაგოგზე, და კატეგორიულად მოითხოვა, მე მისი დასის წევრი ვყოფილიყავი.
ეს იყო საჩუქარი ზეციდან, ასე მგონია.
ხელოვნების ინსტიტუტი თავშესაფრად გამოჩნდა, მეც ვცადე ბედი და აქამდე მოვედი.
ისე, დიდად არც არჩევანი მქონია. ჩემს დროს კორუფცია იყო. რაც არ უნდა კარგად შეგესრულებინა საგამოცდო დავალებები, მაინც გარკვეული თანხის გადახდა იყო საჭირო, რომ სასურველ ფაკულტეტზე მომხდარიყავი.
ყველაფერს მისტიკურ გარემოებებთან ვაკავშირებ, რომ არ ჩარეულიყო ღმერთი, მე არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი დღეს – ეს იყო გზა, რომელიც მიჩვენეს და მეც გავყევი.
“განმშორებელი”
არის თქვენ მიერ შესრულებული როლი, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონთ?
არა. სულ მრჩება ისეთი შეგრძნება, რომ მეტის გაკეთება შემეძლო, თვითკმაყოფილებას არ ვეძლევი. გულწრფელი ვარ ამაში – არასოდეს მაკმაყოფილებს კონკრეტული შედეგი. სადაც ჩათვლი, რომ პროფესია შეისწავლე და იფიქრებ, რომ განვითარება აღარ გჭირდება, მგონი, იქ მთავრდება ყველაფერი, და, ალბათ, უნდა წახვიდე.
თუ არსებობს ისეთი როლი, რომელიც ჯერ არ გითამაშიათ, მაგრამ გინდათ, რომ შეასრულოთ?
არ მაქვს საოცნებო როლი. საერთოდ, ღმერთთან რაღაცების დაკავშირება მიყვარს, განსაკუთრებით, ადამიანის ყოფის. სულ მგონია, რომ ზემოდან ადამიანს ყოველთვის ის ეგზავნება, რისთვისაც იგი მზად არის იმ კონკრეტულ მომენტში. შესაბამისად, მგონია, რომ მაღლა უკეთესად იციან მე რა უნდა ვითამაშო.
რომელ ჟანრში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად?
არ მაქვს ჟანრობრივი დანაყოფები, ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მთავარია პროცესი, მნიშვნელოვანია, გაგიმართლოს რეჟისორში. მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
თუ მოუმწიფებელ, პროფესიულად შეუმდგარ რეჟისორთან გაქვს ურთიერთობა, ცოტა რთულია, თავის იდეებში ჩამოყალიბებულთან მუშაობა გაცილებით მარტივია.
„თოლია“„სინდრომი ანუ ვის უგალობ, ვისა“
იმ რეჟისორებს შორის, რომლებთანაც გიმუშავიათ, ვის და რატომ გამოარჩევდით?
რა თქმა უნდა, არიან ისეთი რეჟისორები, რომლებთან მუშაობამაც ძალიან ბევრი პროფესიული უნარი შემძინა, რაც ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო.
ზოგადად მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობ ამ პროფესიას, შესაბამისად, ვისაც შეუძლია სარგებლის მოტანა ამ გზაზე, ის ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. ყველა რეჟისორს გააჩნია რაღაც ისეთი, რამაც შეიძლება ბევრი შეგძინოს და გაგამდიდროს, კონკრეტულ გვარებს აღარ დავასახელებ, იმიტომ, რომ არ ვგულისხმობ ერთ და ორ ადამიანს, თუმცა სამზე მეტი არ არის.
რატომ კინო ან რატომ თეატრი?
თეატრი გაძლევს შესაძლებლობას (თუ შენ გულწრფელად გაინტერესებს ეს პროფესია), რომ დაუსრულებლად გაზარდო შენი შემოქმედებითი პოტენციალი და სულ ისწავლო რაღაც ახალი. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. ისეთი პროფესიაა, რომ ზრდას ვერ შეწყვეტ, სულ მისდევ დროის განვითარებას და შენც იძულებული ხარ, არ ჩამორჩე მოვლენებს, თანაც ეს სფერო სწრაფად ვითარდება.
ბევრი წვალების მიუხედავად, სარეპეტიციო პერიოდია უაღრესად საინტერესო, მერე გადიხარ სცენაზე და ერთ უწყვეტ ჯაჭვს სთავაზობ მაყურებელს. ეს არის ისეთი სახის სიამოვნება, რომელსაც არ ედრება ნარკოტიკი.
კინოშიც შეიძლება ამ ხარისხის მიღწევა, თუმცა ქართულ კინოში ყოველთვის ზოგავენ ფულს, გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან.
ეს აისახება ფილმზეც.
ისიც არის, რომ იქ რეპეტიციების გარეშე შედიხარ გადასაღებ მოედანზე, მთავარია ტექსტი ისწავლო და ეს არ არის ხელოვნება ჩემთვის.
თეატრში ფიქრის საშუალება გაქვს, რეპეტიციაზე სინჯავ სხვადასხვა ხერხს და ეძებ უკეთესს, თუმცა თეატრთან შედარებით, დაფინანსება კინოში მეტია, რაც ერთგვარი სულისმოთქმის საშუალებაა მსახიობისთვის. კინოში მეტია ცნობადობაც. ხალხი თეატრში ნაკლებად დადის და ტელევიზორს უყურებს.
და თქვენ რომელმა მათგანმა მოგიტანათ პოპულარობა?
სერიალმა – „ხელოვნური სუნთქვა“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხალხი ტელევიზორის ყურებას ამჯობინებს. თეატრის მაყურებელი მეტ-ნაკლებად მიცნობდა, მაგრამ ჩემი პოპულარობა მაინც სერიალის შედეგია.
„ხელოვნური სუნთქვა“
გახსოვთ თუ არა ის ემოცია და შეგრძნებები, რომლებიც თქვენს სადებიუტო გამოსვლას მოჰყვა?
როგორ არ მახსოვს, ეს იყოს საშინელება, კოშმარი…დღემდე ვერ ვუსმენ იმ მუსიკას, პირველი სპექტაკლი რომლითაც იწყებოდა. სტრესული პროფესიაა, დამწყებისათვის განსაკუთრებით. სცენაზე გასვლამდე რეალურად ის შეგრძნებები გაქვს, რომ სადაცაა გული გაგისკდება და მოკვდები.
როდესაც შეუიარაღებელი ხარ პროფესიაში, ეს ღელვა გახლავს თან, მერე, გამოცდილებასთან ერთად, მუნდირს ისხამ და მღელვარებაც თანდათან ქრება.
დღეს უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ საერთოდ არ ვნერვიულობ სცენაზე გასვლის წინ. სულ მახსენდება ბიძინა მიქაუტაძის, ფანტასტიკური პიროვნებისა და მსახიობის სიტყვები, რომელსაც ვკითხე ეშინოდა თუ არა სპექტაკლში თამაშის, რაზეც მიპასუხა – მე რა მაშინებს? ვინც მიყურებს იმან ინერვიულოსო.
“ბოლო გაჩერება”
თუ იგეგმება ახალი პროექტი, რომელშიც მაყურებელს თქვენი ხილვა შეეძლება?
დიახ, ძირითადად თეატრში. ახლახან გვქონდა „თოლიას“ საპრემიერო ჩვენებები. რა თქმა უნდა, თეატრმა უნდა განაგრძოს სვლა და უახლოეს პერიოდში ჩაეშვება მომდევნო სპექტაკლის რეპეტიციები.
2020-2021 წლები, ცნობილი მიზეზების გამო, რთული აღმოჩნდა ხელოვანებისთვის. თქვენ რა დაგაკლოთ ან იქნებ შეგმატათ დროის ამ მონაკვეთმა?
მე შემმატა, ცალსახად, იმიტომ, რომ სახლში ყოფნა არ მომიწია. ამ ერთი წლის განმავლობაში სულ რეპეტიციები მქონდა – ზაზა სიხარულიძის მიერ დადგმული სპექტაკლის „სჯანი“, ლეონიდ ანდრეევის მიხედვით. საკმაოდ რთული მასალა იყო სამუშაოდ. ფაქტობრივად, მონოსპექტაკლია – ოთხი მსახიობი თამაშობს.
ბედნიერი ვარ, რომ ასე მარტივად გადავლახე პანდემიური პერიოდი. თუ მსახიობი ფორმიდან ამოვარდება, მერე ბევრი შრომა უწევს პირვანდელი ფორმის დასაბრუნებლად, მე ამ პროცესებს ავცდი.
თქვენ მუშაობთ ბათუმში. გიფიქრიათ დედაქალაქში გადასვლაზე?
ვერ ვიტყვი, რომ არ ვფიქრობ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ წავიდოდი. ჩემთვის ბათუმის თეატრი ოჯახია, სახლია, მაგრამ ასევე ძალიან დიდი ინტერესი მაქვს რა ხდება დედაქალაქის კონკრეტულ თეატრებში, რომელთაც არ დავასახელებ.
მეორე მხრივ, მე სამი შვილი მყავს. მე რომ აქაურობა დავტოვო, მათ ჩემი ხელი მიაკლდება და ჩემთვის ოჯახი მაინც პირველია.
რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება?
ცხოვრებაა ჩემი, არც მეტი, არც ნაკლები. ამის მიღმა ჩემს თავს ვერ ვხედავ. იმდენად დიდია ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი, რომ მაიძულებს მუდმივად ვიმუშაო პროგრესისთვის.
სრულყოფილებამდე ბევრი მიკლია, ეს კარგად მაქვს გააზრებული, თუმცა სწრაფვა ამ სრულყოფილებისაკენ არის მიზეზი, რომ ამის იქით უბრალოდ ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს, როგორც პერსონას.
საჯარო სივრცეების უფასოდ გამოყენების შესაძლებლობა ბათუმის პარკებში, სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში უფრო და უფრო იზღუდება. ცხადია მათთვის, ვისაც სკვერების გამოყენება არა კომერციული მიზნებისთვის, არამედ დასასვენებლად სურთ.
პანდემიის მიზეზით ღია სივრცეების ათვისების წახალისებამ უხერხულობის ის ზღვარიც წაშალა, რაც ოფიციალურ შეთანხმებებში მაინც, ბალანსის დაცვას აიძულებდა ბათუმის მერიას. ახლა კომერციული ობიექტების მეპატრონეებს საზოგადოებრივ სივრცეებში უფრო მეტი ადგილის ათვისების საშუალებას აძლევენ.
ამ ყველაფრის შედეგად კი დაზარალდნენ მოქალაქეები, რომლებსაც რეკრეაციულ სივრცეებში დასვენება საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს, დანახარჯის გარეშე სურთ. მათთვის დისკომფორტია „სხვის სუფრასთან ახლოს გადაადგილება ან იქვე ჩამოჯდომა“. ეს პრობლემა უფრო მწვავდება, თუ სკვერში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დააპირებთ დასვენებას.
სკვერი ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე, რომელიც კაფედ გადაიქცა
ასეთივე ვითარება დაგხვდებათ ბათუმში ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერშიც. დასასვენებლად ამ მწვანე სივრცეს თუ აირჩევთ, აქვე მდებარე კაფეს ინვენტარის გამოყენება მოგიწევთ, რადგან ყველა სკამი და მაგიდა აქ ამ კაფეს საკუთრებაა. ამ სივრცეში მხოლოდ ფოტოს გადასაღებადაც რომ შეხვიდეთ, მიმტანი მაშინვე მოგაკითხავთ კითხვით: „ხომ არ დაგეხმაროთ?“
თუ მიმტანს თავადაც ჰკითხავთ კერძო ტერიტორიაზე ხომ არ იმყოფებით, ის გიპასუხებთ რომ – ასეა. თუმცა ასე ნამდვილად არ არის. პატარა, უსტატუსო სკვერი ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე, მუნიციპალური საკუთრებაა.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ რეკრეაციული სივრცის ათვისებაზე ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ნებართვა გაცემული არ არის. კაფეს მეპატრონეს განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა მერიას ნებართვა ჯერ არ გაუცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალური სივრცე უკანონოდ არის ათვისებული. ამ ინფორმაციას არც კაფეს მეპატრონე უარყოფს:
„კაფე მაქვს დიდი ხანია. ის ადგილი კი, სადაც ახლა მაგიდები მაქვს განთავსებული, მე თვითონ მოვაწყვე საკუთარი ხარჯებით. ტერიტორია იყო ტალახით და ნაგვით სავსე, მანქანების სადგომად იყო ქცეული. ვინაიდან მიმდებარედ კაფე მქონდა და პანდემიის პირობებში სასურველი იყო ღია სივრცეში მუშაობა, ყოფილ მერს ლაშა კომახიძეს შევთავაზე, რომ ამ ადგილს მოვაწესრიგებდი. მოვაწესრიგე კიდეც. მოგვიანებით მერიას მივმართე ოფიციალურად – მაგიდების განთავსებაზე თანხმობა ვითხოვე. ჯერ თანხმობა არ მიმიღია, თუმცა ჩემი კაფესთვის [რადგან ტერასაც მაქვს] მისი მოწყობა მაინც მნიშვნელოვანი იყო“, – გვითხრა გიორგი კომახიძემ.
მისი თქმით, ტერიტორიის იჯარით აღება არ სურს, რადგან მხოლოდ სეზონურად მუშაობს.
სკვერი ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე, რომელიც კაფედ გადაიქცა
ამ სკვერის გაგრძელებაზე, ზუბალაშვილის #37-ში, 3392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „კ.მ. გრუპმა“ პირობიან აუქციონზე შეისყიდა და შემდეგ ვალდებულებიანად [გარიგების საფუძველზე] DS Group-ს გადასცა. კაფე აქ მშენებლობის დაწყებამდეც ფუნქციონირებდა. როგორც მისი მესაკუთრე გვეუბნება, კომპანია დაჰპირდა, რომ მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა და ასეც მოიქცა.
რა გარანტია აქვს კაფეს მეპატრონეს, რომ ნებართვას მიიღებს სარეკრეაციო სივრცეში მაგიდებისა და სკამების განთავსებაზე [მან ამ სკვერის მოწყობაზე ფინანსური ხარჯი გასწია], რას იზამს, თუ ასეთ ნებართვას ვერ მიიღებს? – ამ კითხვებზე გიორგი კომახიძე პასუხობს, რომ ვერაფერს მოიმოქმედებს, რადგან ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა.
ამ ნაკვეთზე სკვერის მოწყობის ვალდებულება მშენებელ კომპანიას ჰქონდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, DS Group-ი მთავრობას აქ სკვერის მოწყობის ნაცვლად ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის აღდგენაზე შეუთანხმდა.
სკვერი, რომელიც კაფემ აითვისა, რეესტრის მონაცემებით 491 კვ.მეტი გამწვანებული სივრცეა.
„კარავი პოლიციელების თვალწინ და აჭარის მთავრობის სახლის წინ წამართვეს და აღარ მიბრუნებენ,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირია და 26 მაისს პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა. 26 მაისიდან ამ დრომდე ჯემალ ჭელიძის სოციალური პრობლემები აჭარის მთავრობაში არავინ მოისმინა.
„რადგან არავინ მოიცალა ჩემთვის, მე ისევ მოვედი აქ, რადგან მთავრობა ვალდებულია, მომაქციოს ყურადღება,“ – გვითხრა ჯემალ ჭელიძემ. ის დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვის გაშლას აპირებდა.
ჯემალ ჭელიძის თქმით, მას კარავი წაართვეს ჟურნალისტების მისვლამდე. ის აცხადებს, რომ ადგილზე პოლიციელები დახვდნენ, თუმცა კარავი სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა ჩამოართვა.
კარვის ჩამორთმევას თვალს ადევნებდნენ აჭარის მთავრობის დაცვის წევრებიც.
„არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ რადგან პოლიციელებმა ხელი არ შეუშალეს, ალბათ პოლიციელია… ვკითხე, რატომ მართმევდა კარავს, რატომ არ მაქვს ამის უფლება. მითხრა, დავბრუნდები და დაგელაპარაკებიო. ველოდები,“ – აღნიშნა ჯემალ ჭელიძემ.
აჭარის მთავრობის სახლის წინ ახლაც არიან შეკრებილი სამართალდამცველები, თუმცა მათ არ უპასუხეს კითხვას, ვინ და რატომ ჩამოართვა მოქალაქეს კარავი.
შსს-ს პრესცენტრში ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.
ჯემალ ჭელიძე პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს მას შემდეგ, რაც მისი ორი შვილი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობის შემდეგ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ჯემალ ჭელიძის თქმით, ეტლის ჩაბარების შემდეგ ის ეტლითაც ვეღარ სარგებლობს.
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის, 10 ივნისს, ოთხი სააქციო პაკეტი იქნება შეთავაზებული.
კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
[checklist]
3 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 4 ლარად
400 ლოკალური წუთი – 6 ლარად
8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად
3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად
[/checklist]
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს ქუთაისში იმყოფება, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს ჰესი „იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა, არ გავაგრძელებთ“.
მთავრობის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ; იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის პირობები, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით პროექტს არ გავაგრძელებთ.
„ჩვენ ვესაუბრებით ინვესტორს და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ ერთ-ერთი ობიექტის დაწვა დღეს სცადეს. მფლობელი ამბობს, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა ამ ქსელზე თავდასხმის.
„ბათუმელები“ მაღაზიათა მფლობელს, თამარ კახიძეს ესაუბრა. ქალის თქმით, მას აშანტაჟებენ და აიძულებენ, რომ ბიზნესი დათმოს. მაღაზიის მფლობელი ქალი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე, ყოფილი პოლიციელის, გოჩა ბარამიძის დახმარებით ახორციელებს.
„მურმან ჯინჭარაძე არის ჩემი მოვალე, ძალიან დიდი ვალი აქვს, მას არ სურს ვალის დაბრუნება და ამ ფორმით ცდილობს ჩემზე ზეწოლას.
ბოლო ერთ კვირაში სამჯერ სცადეს ჩვენი მაღაზიების დაწვა. ერთი შემთხვევა იყო აეროპორტის გზატკეცილზე, მეორე შემთხვევა – ხელვაჩაურის გზატკეცილზე და მესამე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.
მე გამოძიებასაც მივეცი ჩვენება და იმავეს გეტყვით, რომ ყველა ამ შემთხვევას ვუკავშირებ მურმან ჯინჭარაძეს. ეს ადამიანი ფიგურირებს ძმები წულუკიძეების საქმეშიც და როგორც თვითონ ამბობს პირად საუბრებში, მას ზურგს უმაგრებს ვინმე გოჩა ბარამიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ყოფილი პოლიციელია“, – გვითხრა თამარ კახიძემ.
ქალი ამბობს, რომ ეს ადამიანები არა მარტო მასზე ახორციელებენ ზეწოლას, არამედ მათ სახელს ბიზნესების შანტაჟის გზით წართმევის არაერთი ფაქტი უკავშირდება.
„როგორც თვითონ ამბობს ჯინჭარაძე, მას გოჩა ბარამიძე ლობირებს, რომელსაც კავშირები აქვს ე.წ. კანონიერ ქურდებთან და ის ასევე ხშირად ახსენებს შსს მინისტრს გომელაურს, რომელიც თითქოს მასთან არის დაახლოებული.
ჯინჭარაძეს რომ ჩემი ვალი აქვს, ეს ვალი არის ოფიციალურად აღიარებული, ამაზე არის სააღსრულებლო წარმოება დაწყებული. თუმცა ჯინჭარაძემ გააყალბა სავალე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თითქოს მას ვალი გადახდილი აქვს. დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს თამარ კახიძე.
„ფარფურის“ მფლობელი ამბობს, რომ ის არ არის კმაყოფილი გამოძიებით, რადგან პროცესი ჭიანურდება.
„დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე ჩატარდა ექსპერტიზა და ამ დრომდე პასუხი არ არის. ასევე, ვიდეოთვალში იდენტიფიცირებულია ავტომანქანა, მარკა და სანომრე ნიშანი, თუმცა ამ დრომდე არ არის დადგენილი მფლობელი.
არსებობს ჩანაწერებიც, მურმან ჯინჭარაძისა და გოჩა ბარამიძის საუბრის, რომელიც აქვს გამოძიებას. რამდენიმე დღის წინ მივმართე განცხადებით შსს მინისტრს და გენერალურ პროკურორს და ველოდები რეაგირებას“, – ამბობს კახიძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს სამინისტროს და ჰკითხა, რა პროცესშია გამოძიება „ფარფურის“ მაღაზიების დაწვის მცდელობის ფაქტებზე. პოლიციაში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
რაც შეეხება მურმან ჯინჭარაძეს და გოჩა ბარამიძეს, „ბათუმელები“ ცდილობს მათთან დაკავშირებას. შესაბამისად, მათ განმარტებას აქვე შემოგთავაზებთ.
“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა ბონდო გ.-მ. მას ძმის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებული 54 წლისაა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ძმას საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან სახეში ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ეს შემთხვევა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, აპრილში.
საქმის მასალების მიხედვით, ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონება იყო. ისინი საერთო ეზოთი სარგებლობდნენ და ცხოვრობდნენ სახლში, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. მკვლელობა სახლის იმ ნაწილში მოხდა ოჯახის წევრების თვალწინ, სადაც ბრალდებული ცხოვრობს.
შემთხვევის შემდეგ ბონდო გ. თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები, რაც ამ საქმეზე შეგროვდა, დასაშვებად მიიჩნიეს და იმავდროულად სადავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე მოწმეების ჩვენებებს პირდაპირ მოისმენს.
სასამართლო პროცესს ბრალდებული დისტანციურად დაესწრო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
“ბრალდებული თვითონ არის დაინტერესებული, რომ გაირკვეს სიმართლე, ყველაზე მეტად თვითონ მას სურს ეს… ჩვენ კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ, როცა სასამართლო მსჯელობდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე.
პროკურორის მტკიცებით, ბონდო გ. პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
“ერთი ფაქტი შეგიძლიათ დაასახელოთ, როცა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობას ჰქონდა ადგილი? ციხიდანაც შეიძლება დაურეკო ვინმეს,” – პროკურორ თორნიკე გოგეშვილს უპასუხა ადვოკატმა.
ადვოკატმა მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.
მოსამართლემ ბონდო გ. პატიმრობაში დატოვა.
“ახალი გარემოება გამოვლენილი არ არის,” – დასძინა თამარ ბეჟანიშვილმა.
მოსამართლემ ბრალდებულს შესთავაზა, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, რადგან ბონდო გ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან და კანონი ითვალისწინებს მსგავსი შემთხვევები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
“უარს ვამბობ 12 მსაჯულზე, მოსამართლემ განიხილოს,” – თქვა ბრალდებულმა.
რა კვალიფიკაციას მიიჩნევს ბრალდებული სამართლიანად? – ვკითხეთ ადვოკატს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი აბაშიძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. თუმცა მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დაზიანებები სხეულზე ბრალდებულსაც ჰქონდა.
„რომ მქონდეს შანსი რამდენჯერმე დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი, ისევ, ისევ და ისევ“ – გვითხრა ბათუმელმა მასწავლებელმა, მადონა გვიანიძემ, რომელიც წლებია მსოფლიო ისტორიას ასწავლის. იგი გაკვეთილზე სოციალურ ქსელებსაც იყენებს და ამბობს, რომ ცდილობს, ყველა გაკვეთილი განსხვავებული იყოს. ინტერვიუში იგი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
ეს პროფესია ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან დედა პედაგოგი მყავს, ასე რომ ამ სფეროში ვტრიალებდი, მაგრამ იყო პერიოდი მოსწავლეობისას, როცა მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, შემდეგ იურისტობაზე ვფიქრობდი, მაგრამ იმდენად რამდენადაც მშობლებმა არ მომცეს უფლება წავსულიყავი ქალაქიდან, ალტერნატივა აღნიშნულ პროფესიაში დავინახე.
ამ პროფესიის მთავარი სირთულე, ვფიქრობ, არის ის, რომ უნდა შეაღო ყველა ბავშვის გულის კარი, აუცილებლად უნდა გტკიოდეს ის, რაც სტკივა მას და უნდა გიხაროდეს ის, რაც მას უხარია.
თუ ამას ვერ გააკეთებ, უკვე პრობლემებს აწყდები… სერიოზულ პრობლემებს აწყდები და არაფერი გამოგივა!
მოსწავლეს შეიძლება შეეშალოს, მასწავლებელსაც… მაგრამ მეორე დღეს ის შეცდომა მასწავლებელმა თვითონ უნდა გამოასწორო, მოსწავლისგან გამოსწორებას არ უნდა ელოდო და ნიშნისმოგების ამბები არ უნდა იყოს. თუ ეს შეგიძლია, პრობლემა არ შეგექმნება.
ალბათ უფრო გულწრფელობა. ჰო, ეს არის! უბრალოდ, მე ვინ ვარ, ეს ვარ, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ცხოვრებაში. როგორც ვიხარჯები იქ, ისე ვიხარჯები აქაც და როცა ამას მოსწავლე ხედავს და გიბრუნებს, აქ ალბათ ჯერ მოწონება, შემდეგ უკვე სხვა ემოციები ჩნდება.
თითქმის ყველაფერს, რაც კი შემიძლია და არ შემიძლია.
ველოსიპედს თავიდან მე ვერ შევქმნი, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემი გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და მაქსიმალურად იყოს დატვირთული.
თითოეული გაკვეთილი არის დრო, რომელიც მოსწავლემ საინტერესოდ უნდა გაატაროს.
იმისათვის, რომ სწავლება გავხადო ეფექტური, ჩემი და მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს 21-ე საუკუნის სტანდარტებს. ვფიქრობ, ასეთი, ინტერაქტიული გაკვეთილები უნდა ჩატარდეს ხშირად, რომ მოსწავლეებისთვის მასალა უფრო დასამახსოვრებელი, პროცესი კი საინტერესო და სასიამოვნო იყოს.
შარშან, პანდემიის დროს,თქვენბათუმისბულვარშიატარებდითგაკვეთილებს. რაიყოამიდეისინსპირაცია? და აქვე გკითხავთ – ონლაინსწავლებაზერასფიქრობთ? თქვენი აზრით, რამდენადაქვსამასეფექტიდაშედეგი?
შარშანდელი წელი იყო მართლაც წარმოუდგენელი. მეგონა, რომ გადაულახავი სირთულის წინაშე ვიდექი, თუმცა არა მარტო მე, არამედ სრულიად სამყარო ამ დღეში აღმოჩნდა.
ვფიქრობ, არ დავბნეულვართ პედაგოგები, მალე ავუღეთ ალღო. ონლაინსწავლება სოციალურ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, ვერ სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, ნაკლები შრომა არ ჩაგვიდია.
ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი – ეკრანს მიღმა დარჩენილი მოსწავლე რამდენად პასუხისმგებლობით იქცეოდა. სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ როგორც კი თბილი ამინდი დაიწყო, ეს იყო აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი, გავედით ბულვარში. გვაძლევს ჩვენი ქალაქი ამის საშუალებას. დავარქვით ამ ადგილს „ჩვენი ეზო“ და ვთანამშრომლობდით იქ, ვფიქრობ, მშვენივრად გამოგვივიდა ყველაფერი… ის დანაკლისი, რაც მქონდა ონლაინრეჟიმიდან გამომდინარე, ყველანაირად ავანაზღაურეთ.
რთულია, თუმცაღა ზოგჯერ გაკვეთილისთვის მე თვითონაც ვიყენებ სოციალურ ქსელს.
მაგალითად, მომითხოვია იგივე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ისტორიული პიროვნების გვერდის შექმნა, მიწერ-მოწერა. მსგავსი აქტივობით ვცდილობ მოსწავლეებმა იგივე სოციალური ქსელი შემეცნებითად და საინტერესო კუთხითაც გამოიყენონ.
ის, რომ დღეს ბავშვი მოსწყვიტო ამას, ძალიან რთულია… მე ამას ვერ გავაკეთებ! გარკვეული პერიოდით შეიძლება რაღაცით დააინტერესო, მაგრამ ისე, რომ მთელი დღეების განმავლობაში არ შეეხოს ტელეფონს, ეს დღეს მართლაც წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არასწორიც.
არა მარტო სკოლის ასაკის მოსწავლეები, არამედ ზრდასრულებიც არიან მიჯაჭვული დღეს ტელეფონს, მთავარია ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ზომიერება დაიცვას.
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია და მისაღებია. მე მოვისმენ და თუ კრიტიკა მართლა ჯანსაღია და თუ ვფიქრობ, რომ რაღაც შემეშალა, რა თქმა უნდა, იქ წერტილს დავსვამ და აღარ გავიმეორებ.
რარჩევასმისცემდითადამიანებს, რომლებიცახლადგამენნაბიჯს და აპირებენ გახდნენ პედაგოგები?
მე მქონია შეხება ახალგაზრდებთან, რომლებსაც არც კი განუხილავთ, რომ გახდებოდნენ პედაგოგები, მაგრამ ჩვენი ურთიერთობების შემდეგ, რაც ძალიან მეამაყება, შეუცვლიათ აზრი და დღეს არიან, მაგალითად, ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტები… რამდენიმე წლის შემდეგ ისინიც შეაღებენ სკოლის კარებს და მოსწავლეებთან ექნებათ ურთიერთობა, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის.
რა შემიძლია ვუთხრა ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ პედაგოგობას?! – რთულ გზას დაადგნენ, თუმცა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ეს გზა. ეს ის გზაა, რომელიც არ მოგცემს უფლებას დაბერდე, იმიტომ, რომ სულ ახალგაზრდებთან გიწევს ურთიერთობა და შენც იმ ასაკის ხდები, რა ასაკის ახალგაზრდებთანაც ატარებ დღეებს.
აუცილებლად, ბედნიერი ვარ! მე იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ ამ სიყვარულს ვერ გავცვლი ვერცერთ ჯილდოზე. ეს არის სიხარული, რაც შეიძლება განიცადოს მხოლოდ მასწავლებელმა.
როდესაც უყურებ ვარსკვლავებანთებულ თვალებს და ხედავ, რომ აი, ამ თვალებში იკითხება სიყვარული… და როდესაც ეიმედები ადამიანს, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა! როდესაც უკვე მეგობრად გთვლის, ესეც ძალიან, ძალიან მაგარია!
რომ მქონდეს შანსი, რამდენჯერმე დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ეს იმხელა სიამოვნებაა, ალბათ ხელახლა მასწავლებელი ვიქნებოდი. ისევ, ისევ და ისევ.
მოქალაქეები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ ინფიცირდება სრულად ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსით და „მაშინ რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც უნდა დაავადდე?“
„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანს იცავს კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. თუმცა არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისგან“, – განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
როგორ გვიცავს ვაქცინა?
ცნობილია, რომ იმუნური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმის დაცვას, კერძოდ, გამომუშავდება ანტისხეულები, იგივე Y-ის ფორმის პროტეინები, რომლებიც ეკრობიან მიკრობებს და ანეიტრალებენ მათ.
ასევე, T უჯრედები (T ლიმფოციტები) პოულობენ და ანადგურებენ ინფიცირებულ უჯრედებს. „ანტისხეულები გამომუშავდება ვირუსის ზედაპირზე უფრო ცვალებადი ცილების წინააღმდეგ, ხოლო T უჯრედების მთავარი სამიზნე ვირუსის შიგნით არსებული უფრო მდგრადი ცილებია. ამასთან, T უჯრედები დაავადების სიმძიმის შემცირებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
ანტისხეულებს ადამიანის ორგანიზმი სწორედ ვაქცინიის შედეგად გამოიმუშავებს. თუმცა მას ამისთვის დრო სჭირდება – ანტისხეულებს ორგანიზმი აცრის შემდეგ დაუყოვნებლივ არ გამოიმუშავებს: ვაქცინის ორი დოზა, 21 დღის ინტერვალით, უზრუნველყოფს 79% ეფექტურობას კლინიკურად გამოვლენილი SARS-CoV-2 ინფექციის წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან 14 ან მეტი დღის გასვლის შემდეგ.
სწორედ ამიტომ, არსებობს სრულად ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების მცირე რისკი, რომელიც ცნობილია, როგორც “breakthrough infection”-ი და მოსალოდნელია არამხოლოდ კოვიდის, არამედ ნებისმიერი ვაქცინაციის შემთხვევაში.
რა არის სრულად ვაქცინაციის მიუხედავად დაინფიცირების მიზეზი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებული პირების დაინფიცირების რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. პირველი ის, რომ ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავებულია, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული მედიკამენტების მიღება (მაგალითად, იმუნოსუპრესანტები) ან ასაკი.
„ხანდაზმულ ასაკში ადამიანის იმუნური სისტემა ვეღარ რეაგირებს ახალ ანტიგენებზე (ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება, რომელიც აიძულებს თქვენს იმუნურ სისტემას გამოიმუშაოს ანტისხეულები მასთან საბრძოლველად) და ვაქცინებზე, ისე როგორც ახალგაზრდა ასაკში.
კვლევის მონაცემებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ახალი შტამები⠀⠀
ვაქცინირებული პირების დაინფიცირების კიდევ ერთი მიზეზი ვირუსის ახალი შტამების გავრცელებაა, რომლებიც „უსხლტებიან“ იმუნიტეტს და ვაქცინირებულ პირებშიც იწვევენ დაავადებას.
„ზოგადად, ვირუსებისთვის, განსაკუთრებით კი რნმ ვირუსებისთვის, როგორიცაა SARS-CoV-2, დამახასიათებელია მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა, რომელთაგან ზოგი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს.
მიუხედავად ამისა, ეს ახალი შტამებიც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეფექტურად გაანეიტრალოს იმუნურმა სისტემამ, რადგან მუტაციის შედეგად ნაკლებად იცვლება ვირუსის ის ნაწილები, რომელთა ამოცნობაც ანტისხეულებსა და T უჯრედებს შეუძლიათ“.
ამიტომ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციამ – „ვაქცინირებულის კოვიდით შესაძლო დაინფიცირების შესახებ, საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაბნეულობა და არ გახდეს ვაქცინაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის მიზეზი“.
ვაქცინირებულებში ინფიცირების შემთხვევების კვლევა მეცნიერებს ხელს შეუწყობს დახვეწონ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ან შეიმუშაონ დამატებითი („ბუსტერ“) დოზებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
თურქული მედიის ცნობით, მარმარილოს ზღვის ზედაპირის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდა დაიწყეს.
სტამბოლში 8 ივნისს დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მობილიზაციას მარმარილოს ზღვის ჭარბი წყალმცენარეებისგან გასაწმენდად.
„ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს მარმარილოს ზღვას, არ დავტოვებთ მას ბედის ანაბარა“, – განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა.
კამპანიაში ერთვება თურქეთში მარმარილოს ზღვის პირას მდებარე შვიდივე ქალაქი, მათ შორის, სტამბოლიც.
მარმარილოს ზღვაში ლორწო წარმოიქმნა ზღვაში წყალმცენარის, ფიტოპლანქტონის გამრავლების შედეგად, რაც გამოწვეულია გლობალური დათბობისა და წყლის დაბინძურების გამო.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHINფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
9 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება.
მიუხედავად ოფიციალური რეგისტრაციის საზეიმოდ დაშვებისა, კვლავ აკრძალულია ხალხმრავალი წვეულებები, მათ შორის ქორწილი.
ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები, არაუმეტეს 10 პირი, სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.
ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს, ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge.
წყვილმა კალენდარში უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენენ.
ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1970 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი კ.ჭ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 ივნისს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, გადაჭრილი სანადირო თოფის – ე.წ. აბრეზის მუქარით ოპერატორს 135 ლარი გასტაცა და მიიმალა“, – წერს შსს.
სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
ჩინეთში გადაწყვეტილება მიიღეს კორონავირუსზე „სინოვაკის“ ვაქცინით აცრან ბავშვები 3 წლის ასაკიდან.
ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება ბავშვების ვაქცინაცია ჩინეთში.
„სინოვაკის“ პირველი და მეორე ფაზის კვლევებმა, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ისეთივე უსაფრთხო და ეფექტურია ბავშვებისთვის, როგორც უფროსებისთვის“ – განაცხადა გასულ პარასკევს „სინოვაკის“ მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა ინ ვეიდონგმა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ეთერში.
„სინოვაკმა“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციაპირველ ივნისს მიიღო.
2021 წლის 7 ივნისს ქალაქ ბრესტის სასამართლომ ბელარუსი აქტივისტის, პოლინა შარენდო-პანასიუკის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც მისი თანამოაზრეები ბრესტის ჟანა დარკს უწოდებენ.
ბელარუსი აქტივისტი ქმართან ერთად უკვე დიდი ხანია მონაწილეობს ბელორუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ. ისინი არაერთხელ დააკავეს, აღძრული იყო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები მათ წინააღმდეგ.
2019 წელს პოლინა შარენდო-პანასიუკი ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც დეპუტატობის კანდიდატი. მან პირდაპირ ეთერში ლუკაშენკოს დიქტატორი უწოდა და ის ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებში დაადანაშაულა. ამ მიმართვის შემდეგ იგი არჩევნებიდან მოხსნეს.
პოლინა შარენდო-პანასიუკი 2021 წლის 3 იანვარს დააკავეს საკუთარ ბინაში. ბინის ჩხრეკის ფორმალური მიზეზი გახდა ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელშიც, მილიციის აზრით, პოლინამ მილიციელი შეურაცხყო. პოლინამ ბელორუსის მილიციას კარი არ გაუღო და კარი სამართალდამცავებმა ჩამოიღეს.
ახლა 7 მილიციელი აცხადებს, რომ დაზარალებულები არიან. მათი ჩვენების თანახმად, ბინაში შეჭრილ ერთ მილიციელს პოლინამ სახეში შეაფურთხა, მეორისთვის კი შეეცადა ნიღაბი მოეხსნა და ამ დროს ცხვირი გაუკაწრა.
პოლინა შარენდო-პანასიუკი
იანვრიდან ივნისამდე პოლინა 30 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კარცერში.
ჯამში პოლინა შარენდო-პანასიუკის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 3 მუხლითაა დაწყებული: ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეურაცხყოფისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის და ძალადობისა და მუქარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ.
თავად პოლინა არათუ დანაშაულს, არამედ სასამართლოსაც არ აღიარებს.
7 ივნისს მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ეს არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური რეპრესიაა.
„მე ვიცი, რომ თქვენ უბრალოდ მოლაპარაკე თავი ხართ. …ყველა განაჩენი წინასწარაა გამოტანილი. ეს მხოლოდ დეკორაციაა. ამ განაჩენებს არა აქვთ იურიდიული ძალა და არ არის კანონიერი. მე მათ არ ვცნობ. ბელარუსის სახელმწიფო ციხეები ლუკაშენკოს რეჟიმის პირად საპყრობილეებად იქცა“, – განაცხადა პოლინამ სასამართლოზე.
სასამართლოზე აკრძალული იყო ვიდეო და ფოტოგადაღება. მეტიც, სხდომის დაწყებამდე დამსწრეებს მობილური ტელეფონების გამორთვა მოსთხოვეს.
პროკურატურა პოლინასთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განაჩენი ხვალ, 9 ივნისს, გახდება ცნობილი.
პოლინას ქმარი, ანდრეი შარენდო ამბობს, რომ მისი ცოლი ნამდვილი მებრძოლია. მისი თქმით, პოლინა არა მხოლოდ კარცერში ჩასვეს, არამედ უარს ეუბნებოდნენ საჭირო მედიკამენტებზეც. იგი მიიჩნევს, რომ პოლინას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე რეალურად ემუქრება. ანდრეი შარენდო სისხლის სამართლის სხვა საქმის ფიგურანტია, მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ ცოლის სასამართლო პროცესზე დასწრების ნება დართეს.
პოლინასა და ანდრეის ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. პოლინას დაპატიმრების შემდეგ ანდრეისთან სოციალური სამსახურიდან მივიდნენ და მიანიშნეს, რომ ბავშვებს აღრიცხვაზე აიყვანდნენ, როგორც სოციალურად საშიშ სიტუაციაში მყოფთ.
ანდრეი შარენდო შვილებთან ერთად
შინაპატიმრობამდე ანდრეი შარენდოს ნაცნობები ურჩევდნენ, დაეტოვებინა ქვეყანა შვილებთან ერთად, მაგრამ მან უარი განაცხადა ბელარუსიდან წასვლაზე.
„ცოლის მიტოვება და ქვეყნის დატოვება ახლა დამარცხებას ნიშნავს. ჩვენ აქ დავრჩებით გამარჯვებამდე, ჩვენი შვილების მომავლისათვის“, – ამბობს ანდრეი შარენდო.
ბინაში, სადაც პოლინა და ანდრეი ცხოვრობენ ბავშვებთან ერთად, ჯერ ისევ დგას ნაძვის ხე. ანდრეი ახალ წლამდე დააკავეს, 3 იანვარს კი დააკავეს პოლინა. ანდრეი ამბობს, რომ არ აპირებენ ნაძვის ხის დაშლას მანამ, სანამ ოჯახი ერთად არ შეხვდება ახალ წელს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ ფეისბუქის თავის გვერდზე ახლახან დაწერა.
„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.
მთავრობის თავმჯდომარე კორონავირუსზე 13 მაისს აიცრა „სინოფარმით“, 3 ივნისს კი მეორე დოზით აიცრა. როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვეუბნებიან, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
სოფელ ხურჩაში 4 თვის წინ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შევიდნენ და გალიდან გადმოპარული 4 ადამიანი უკან – აფხაზეთში დააბრუნეს. ქართულ მედიაში არაფერი თქმულა, თუ რა ბედი ეწიათ იძულებით წაყვანილებს. ხურჩაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რუსი ჯარისკაცები სოფელს ძაღლებით აღარ დასხმიან თავს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ამ სოფელში – „ბათუმელების“ რეპორტაჟი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან.
„28 წელი გავიდა, რაც ომი დამთავრდა თითქოს და მე წელს გავარემონტე ცოტა ჩემი სახლი. ჯერ ერთი, მანამდე რემონტის ფული სად იყო, მაგრამ რომც ჰქონოდა ადამიანს, ეშინოდა – ვაიმე, ხვალ მექნება დასატოვებელი, ზეგ მექნება დასატოვებელი. „საზღვრისპირა“ სოფელში ცხოვრება… რთულია, ძალიან რთულია. ემოციებით, განცდებით სავსეა,“ – გვიყვება დოდო თორია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში ცხოვრობს.
ხურჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ მდინარე ენგური იქცა ე.წ. სასაზღვრო ზოლად, რომლითაც აფხაზეთი საქართველოს გამოეყო. ხურჩა საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ერთადერთი სოფელია ენგურს გაღმა.
წელს, იანვარში ხურჩაში ინციდენტი მოხდა – რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და სოფლის ცენტრამდე ძაღლებით სდიეს მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.
ხურჩა
დოდო თორია ამბობს, რომ მიუხედავად ორი ომისა, რომლებიც გამოიარა, 2016 წლამდე ხურჩა ცოცხალი სოფელი იყო, სადაც ადამიანებს პურის ფული არ უჭირდათ, რადგან სამუშაო ჰქონდათ. სოფელში ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. სასაზღვრო პუნქტის ირგვლივ კი ინფრასტრუქტურა განვითარდა და ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდათ.
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც 2016 წლის 19 მაისს აფხაზმა „მესაზღვრემ“ რაშიდ კანჯი ოღლიმ გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ხურჩისწყალზე გადებულ ხიდზე მოკლა.
„აი, აქ მოკლეს გიგა ოთხოზორია,“ – დოდო თორია ზუსტად იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ოთხოზორია მოკლეს და აგრძელებს: „საზღვრიდან გამოყვნენ და ზუსტად აქ მოკლეს მაგ ბიჭი. ვიდეოთვალის ჩანაწერი გექნებათ ნანახი რამხელაზე არიან გადმოსული“.
კადრები, რომელზეც დოდო თორია საუბრობს, ინტერნეტში დღემდე იძებნება. მასში გარკვევით ჩანს, როგორ კლავს მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს. რაშიდ კანჯი ოღლი ქართულმა სასამართლომ გაასამართლა და დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა.
ამ შემთხვევის შემდეგ ჩაიკეტა ხურჩა-ნაბაკევის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ენგურის შენაკადზე (ხურჩისწყალზე) იყო განთავსებული. ხიდზე, რომელიც ხურჩისწყალზეა გადებული, 2016 წლამდე, ყოველდღიურად ათობით საქართველოს მოქალაქე გადაადგილდებოდა გალის მიმართულებით და პირიქით. დღეს აფხაზეთში მოხვედრის ერთადერთი ლეგალური გზა ენგურის ხიდია.
ხურჩაში მცხოვრებთ ხიდის ჩაკეტვამ დიდი ზიანი მიაყენა. შეწყდა მიმოსვლაც და შემოსავლის წყაროც.
სოფელი ხურჩა
„წარმოიდგინეთ, ჩაკეტვამდე ორი „მარშუტკა“ მუშაობდა, ერთი მუნიციპალური ავტობუსი და 45 ტაქსი. აქ გეგონებოდა, ერგნეთში რომ იყო ხოლმე, ეგეთი სავაჭრო ადგილი. მაღაზია მქონდა – პროდუქტებს ვყიდდი. აქვე კაფე მუშაობდა, თონის პური ცხვებოდა. ადგილობრივები მუშახელად მუშაობდნენ – ტვირთის გადაზიდვაში ეხმარებოდნენ ხალხს. გამშვებ პუნქტთან თხილის ჩაბარების წერტილები იყო. გალელებს სანტექნიკა რომ გადაჰქონდათ, ვგიჟდებოდი, რანაირად-მეთქი. ორჯერ დამწვარი მოსახლეობა მესამეჯერ აკეთებდა სახლს. მუშაობა იყო გაცხელებული.
[ჩაკეტვამ ]ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა სოფლის მოსახლეობაზე. იქითაც იმოქმედა და ჩვენკენაც. გალის რაიონის საზღვრისპირა სოფლებისთვის ხურჩა-ნაბაკევის დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გზა უფრო მოსახერხებელი იყო იქაური მოსახლეობისთვის. ახლა საქართველოში რომ გადმოვიდნენ, ჯერ ენგურის ხიდამდე უნდა მივიდეს, მერე იქ სხვა მანქანა ხვდება, მერე ხიდი უნდა გადაიაროს. ხიდიდან ისევ სხვა მანქანაში უნდა ჩაჯდეს, რომ ზუგდიდში წამოვიდეს,“ – გვიხსნის დოდო თორია.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად „საზღვარი“ ჩაკეტილია, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლები მაინც ცდილობენ გადმოკვეთონ „საზღვარი“ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო აფხაზეთიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ, ამიტომ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საზღვარს არალეგალურად კვეთდნენ.
დოდო თორია იხსენებს წელს, იანვარში, მომხდარ შემთხვევას [მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა სავალდებულო კარანტინი], რა დროსაც რუსმა სამხედროებმა დაარღვიეს ე.წ. საზღვარი, გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები დააკავეს და უკან, აფხაზეთში გადაიყვანეს.
„გალის რაიონის მცხოვრები ოთხი სული იყო – ერთი კაცი, ორი ქალი და ბავშვი. ეტყობა, დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. გამოედევნენ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით. ამ დროს ეს გადმოსულები სოფლის შუა ცენტრამდე იყვნენ უკვე მოსულები. რუსი ჯარისკაცების ძაღლებმა იპოვეს დამალულები. კაცი ცემით გადაათრიეს. ქალებიც დაიჭირეს, ბავშვიანად და წაიყვანეს უკან. მერე რა მოელოდათ, არ ვიცი – ალბათ, ჯარიმას გადაახდევინებდნენ. დაპატიმრებით არ აპატიმრებენ. ახლა მავთულებია გაბმული, მაშინ არ იყო. ჭიშკარი იყო, რომელიც გააღეს და გამოედევნენ ამ გადმოსულებს,“ – გვიყვება დოდო თორია.
დოდო ამბობს, რომ პოლიცია სოფელში სასაზღვრო ზოლს მუდმივად არ იცავს. საპოლიციო ძალები იქ მხოლოდ პატრულირებენ.
„გამყოფი ზოლი აქ გრძელია. იციან, სად შეიძლება გადასვლა. რუსმა ჯარისკაცებმაც ჩვენზე უკეთ იციან საზღვარი – ვინ სად როგორ გადადის, იმიტომ, რომ ნაფეხურები ხომ რჩება? თან ყოველ 50 მეტრში ვიდეოთვალი უყენიათ და ყველაფერს ხედავენ,“ – ამბობს დოდო.
კითხვაზე, რა შეიცვალა ამ შემთხვევის შემდეგ, დოდო პასუხობს, რომ თუ არ ჩავთვლით მაღაზიის გამყიდველის დაკითხვაზე დაბარებას, რომელიც ფაქტის თვითმხილველი გახდა, არაფერი შეცვლილა.
„არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. არგაღიზიანების პოლიტიკა ხომ გვაქვს ჩვენ. ყოველ ჩვენგანზე ისახება ეს. წარმოიდგინეთ, აქ [მდინარის პირას] ბავშვები თამაშობენ. ვინმე რომ გადმოვიდეს და ის ბავშვები რომ წაიყვანოს, ვინაა ხელშემშლელი? არავინ. აქედან გამომდინარე, შიშის ფაქტორი კი არის, მაგრამ მიჩვეულები ვართ უკვე. მივეჩვიეთ. ამ შიშსაც მივეჩვიეთ, განცდასაც მივეჩვიეთ,“ – ამბობს დოდო.
საკუთარი სახლის დატოვება ორჯერ მოუწია – პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მეორედ კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ამბობს, რომ 1993 წელს მის სახლში აფხაზებს შტაბი ჰქონდათ გახსნილი.
„ყველაფერი გაზიდეს სახლიდან. სააბაზანოში ქათმები ჰყავდათ დამწყვდეული. როცა სახლი დავიბრუნე გაოხრებულ-გაჩანაგებული იყო, ცარიელი,“- იხსენებს დოდო.
დოდო თორდიამ სახლი მეორედ, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დატოვა. იხსენებს ტანკების კოლონას, რომელიც ნაბაკევიდან გადმოვიდა ხურჩაში და ზუგდიდისკენ გაემართა. დოდომ და მისმა ოჯახმა მაშინ სახლი ორი თვით დატოვა.
„14 სული საქონელი მყავდა. ენგური დიდი იყო და ვერ გადავიყვანეთ. ყველაფერი წაიღეს ისევ. დაცარიელებული დამხვდა სახლი“.
„ზეთი დაახლოებით ერთი ლარით გაიაფდა,“ – გვითხრეს დღეს, 8 ივნისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში ზეთით მოვაჭრეებმა. აქ ვეცადეთ იმის გარკვევა, თუ როგორ აისახა საკვები პროდუქტების, მათ შორის, იმპორტირებული პროდუქციის ფასზე ლარის კურსის გამყარება. 8 ივნისის მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან არის 3.18, აპრილში ლარის გაუფასურების მაჩვენებელი კი 3.45-მდე იყო.
„მაგალითად, ეს ხუთლიტრიანი ბოთლით ზეთი 32 ლარი ღირდა აქამდე და ლარ-ნახევარი დააკლდა, უფრო დაბალფასიან ზეთს დააკლდა ფასი. ის, რაც 47 და 48 ლარი გახდა, ახლაც იგივე ფასია, დაახლოებით 10 დღეა, რაც შეიცვალა ფასები და აისახა ლარის გამყარება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ სირაბიძემ.
იმპორტირებული პროდუქტებიდან გაიაფდა შაქარიც. მოვაჭრეების თქმით, ერთი ტომარა შაქარი ლარის გაუფასურების დროს 104 ლარი ღირდა, ბოლო დღეებში კი დაახლოებით 5 ლარით გაიაფდა.
„შაქარს კილოს უკვე ვყიდდით 2 ლარად 20 თეთრად, ახლა ისევ ორ ლარში ვყიდით… მეტი არაფერი არ გაიაფებულა, რაღაც თეთრები თუ დააკლდა, ისაა,“ – დასძინა თამაზ სირაბიძემ.
ბათუმის აგრარულ ბაზარში გვითხრეს, რომ გაიაფდა ქათამიც.
„ქათამი იმპორტირებული არ არის, მაგრამ გაიფდა ის საკვები, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ ქათმების გამოსაკვებად,“ – ამბობს იამზე აბჟანდაძე. დღევანდელი მონაცემებით, კილოგრამი ქათმის ფასი დაახლოებით 7 ლარია.
„აქამდე 8 ლარი იყო, რვა-ნახევარიც,“ – დასძინა ქათმებით მოვაჭრემ.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის, რეკლამისა და სხვა სახის უფლებებით 5 წლით სარგებლობაზე აუქციონია გამოცხადებული. საწყისი თანხა [წლიური საიჯარო ქირა] 1 მილიონი ლარია, ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 25 ათასი ლარი.
პირობებიანი აუქციონი აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ გამოაცხადა. წინადადებების მიღება დაწყებულია და ის 2021 წლის 23 ივნისს დასრულდება.
სააუქციონო პირობები:
„ა) აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება და შედეგად განისაზღვრება სტადიონის ახალი სახელწოდება შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
შენიშვნა: აუქციონში გამარჯვებულის მიერ სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას“ და საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს სტადიონის მესაკუთრეს.
ბ) სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულმა, სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სტადიონის ახალი სახელწოდების მოცულობითი ასოებით განთავსება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე პერიმეტრზე;
გ) სურვილის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს, სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შენობის სახურავზე (ზედხედზე) საკუთარი ხარჯებით დაიტანოს სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა;
დ) ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე ფასადი სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით (არაუმეტეს კვირაში 7 საათისა) განათდება აუქციონში გამარჯვებულის კორპორატიულ ფერში. ამავე კორპორატიულ განათებაზე, შესაძლებლობის ფარგლებში, განხორციელდება სტადიონის ახალი სახელწოდების ან/და აუქციონში გამარჯვებულის ლოგოს გამოსახვაც (დამოკიდებულია წარწერის სირთულესა და ლოგოს დიზაინზე);
ე) სტადიონის მესაკუთრე აუქციონში გამარჯვებულს ხელშეკრულების მოქმედების ვადით სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნესბოქსსა და 5 (ხუთი) საპარკინგე ადგილს;
ვ) აუქციონში გამარჯვებულს მიეცემა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის შიდა პერიმეტრზე რეკლამის ან/და სტადიონის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების უფლება, არაუმეტეს 3 ბანერისა;
ზ) ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გასამართი ღონისძიებების (მათ შორის სპორტული, კულტურული და ა.შ.) ბილეთებზე, ღონისძიების ჩატარების ადგილად მიეთითება სტადიონის ახალი სახელწოდება;
თ) სტადიონის მესაკუთრის მიერ განხორციელებული მასობრივი კომუნიკაციისას სტადიონი მოხსენებული იქნება ახალი სახელწოდებით;
ი) ზემოაღნიშნულის გარდა სხვა დამატებითი აქტივობები დასაშვებია სტადიონის მესაკუთრესთან შეთანხმებით (სხვადასხვა სახის სარეკლამო-საიმიჯო აქტივობები/კამპანიები და მისთ.);
კ) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საიჯარო ქონების გამოთავისუფლება და მეიჯარისთვის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება;
შენიშვნა: უეფას ან ფიფას ეგიდით გასამართი მატჩების ჩატარებისას, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,თ“ პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია განხორციელდება ღონისძიების ორგანიზატორის თანხმობის შემთხვევაში. „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაცია განხორციელდება ღონისძიების ორგანიზატორის თანხმობის შემთხვევაში“.
აუქციონში გამარჯვებული მხოლოდ ზემოთ აღნიშნული უფლებებით ისარგებლებს და ეს არ იქნება სტადიონის მართვის/მენეჯმენტის გადაცემა 5 წლით.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ საკუთრებაშია. სტადიონს აღნიშნული კომპანია მართავს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.