ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ზედა ჭარნალი – სოფელი, სადაც დაპირებების შესრულებას წლებია ელიან [Video]

10.06.2021 • 2614
ზედა ჭარნალი – სოფელი, სადაც დაპირებების შესრულებას წლებია ელიან [Video]

სოფელი ზედა ჭარნალი ხელვაჩაურში მდებარეობს და ჭარნალის თემს მიეკუთვნება. აქაურები ამბობენ, რომ წლებია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ შეუსრულებელ დაპირებებს ისმენენ. „არჩევნები რომ მოახლოვდება, გამოჩნდებიან, ჩვენი ხმა თუ სჭირდებათ, მოდიან და დაპირებებს გვაძლევენ. ეს დაპირებები თქმულებად რჩება, შესრულებას ვერ ვხედავთ”, – ამბობს სოფლის მკვიდრი, მელანო გოგუაძე.

“არც გარე განათება გვაქვს გზაზე, არც ეზოში, ბოძები ძველია და მორყეული, გვეშინია, ვინმეს არ დაეცეს ქარის დროს, წაქცეულა კიდეც. წყალიც მღვრიე მოდის, ბოსლები ააღებინეს ხალხს, პარკს მოვაწყობთ ლამაზი ადგილიაო და მესამე წელია არც პარკი მოაწყეს, არც მიწა გამოგვიყეს სანაცვლოდ. მოედანს შეგვპირდნენ, აზომეს და არაფერი გაკეთებულა, ბავშვები ფაქტიურად ძროხის საძოვარზე დარბიან”, – ამბობს სოფელ ზედა ჭარნალის მცხოვრები ნაზიბროლა ფუტკარაძე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ჭარნალის თემის წარმომადგენელი, ნუგზარ აბაშიძე ამბობს, რომ ზედა ჭარნალში სკვერის და შამბოს მოწყობის პროექტები უკვე არსებობს. თუმცა მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტით მათი მოწყობა გათვალისწინებული არ არის. პროექტით, სკვერი იქ უნდა აშენდეს, სადაც ადრე ბოსლები იდგა. „ვაპირებთ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და წელს ალბათ მოესწრება ამ ორივე პროექტის განხორციელება“, – ამბობს ნუგზარ აბაშიძე.

„პროექტი უკვე მომზადდა. ველოდებით, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით ბიუჯეტში ჩასვან“, – ამბობს ის.

ზედა ჭარნალის მოსახლეობის თქმით, მათ სკვერის მოწყობის შესახებ დაპირება დაახლოებით სამი წლის წინ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ მდინარის პირას

ციური მამალაძე და მელანო გოგუაძე

ბოსლები სწორედ ამ მიზნით დაანგრიეს. “ახორები დაგვანგრევინეს, პარკი უნდა მოეწყოთ. ჩვენი ბავშვები დაიზარდნენ, არც პარკი აქვთ და არც ნაწველი, მაწონი და რძე აღარ აქვთ, რომ ვაჭამოთ. იმის გამო, რომ არ გვაქვს ბოსელი, არ გვაქვს საშუალება, რომ ძროხები სადმე დავაბათ და გვყავდეს… ეზოში მოვიბა ძროხა? სად წავიყვანო?” – ამბობს ციური მამალაძე.

“ბოსლების აღებას დავეთანხმეთ იმის გამო, რომ ბავშვებს პარკი ჰქონოდათ. ჩვენც არ მოგვწონდა გზის პირას ბოსელი, მაგრამ არ ჩანს არაფერი უკვე რამდენი ხანია. მაგის გამო გავყიდე ძროხა, რომ ახორი დამანგრევინეს”, – ამბობს მელანო გოგუაძე.

რაც შეეხება ბოსლებისთვის ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ნუგზარ აბაშიძე ამბობს: „გამორიცხულია, ალტერნატიულ სივრცეს ვერანაირად ვერ შევთავაზებთ იქედან გამომდინარე, რომ იქვე კორპუსებთან ბოსლები ვერ მოხერხდება… ბევრს აქვს საკუთრებაში მიწა, მოშორებით 50, 70 თუ  100 მეტრში. ჩვენ ვუთხარით, რომ ვისაც მესაქონლეობის განვითარება უნდა – მივესალმებით, ოღონდ თქვენს საკუთრებაში, თქვენს მიწაზე, ასე შევთანხმდით“.

საკანალიზაციო შამბო

“კანალიზაცია გვაქვს გაყვანილი ეგერ, ნაძვის ძირში, წყალში. არ მაქვს-მეთქი არ ვამბობ, რადგან არ იყო სხვა საშუალება”, – ამბობს ნაზი ცინცაძე. მისივე განმარტებით, სამი წლის წინ სამეზობლო შეამხანაგდა და შამბოს მოსაწყობად ფული შეაგროვეს, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიამ საქმე არ გააგრძელა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამი წლის წინ შამბოსა და სკვერის მოწყობის პროექტი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. უშუალოდ შამბოს პროექტი გასულ წელს, სკვერის პროექტი კი წელს მომზადდა.

“ორი წლის წინ პროექტი არ იყო, ეს იყო იდეის დონეზე, გასულ წელს პანდემიამ შეგვიშალა ხელი, სამწუხაროდ. წელს პროექტი გავაკეთეთ და ველოდებით, რომ მოგვარდება ანუ დანაპირები შესრულდება.

2021 წლის ბიუჯეტში ეს პროექტი გაწერილი არ არის, რადგან წელს მომზადდა. ველოდებით ბიუჯეტში ცვლილებებს, რომ პროექტი განხორციელდეს. ვფიქრობ, წელს მოესწრება”, – ამბობს ნუგზარ აბაშიძე.

საკანალიზაციო შამბოს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მერის ჭარნალის თემის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს პროექტიც მზად არის და ბიუჯეტში ცვლილებებს ელოდება.

“ამ სამუშაოების შესრულების თანხის 5%-ს იხდის მოსახლეობა და სრულად აფინანსებს ხელვაჩაურის ბიუჯეტი, ამიტომაც შეაგროვა ამხანაგობამ თანხა. შამბოს პროექტიც მომზადებულია, საპროექტოშია და ველოდებით. ეს დაახლოებით 27 000-ლარიანი პროექტია. სკვერთან ახლოს არის შამბო, ერთ სისტემაშია ეს ყველაფერი”, – ამბობს ნუგზარ აბაშიძე.

მისივე განმარტებით, სკვერისა და შამბოს პროექტი  ერთობლივად უნდა განხორციელდეს – “ისე ახლოსაა ეს ტერიტორიები ერთმანეთთან, რომ იქ რომ სამუშაოები დაიწყება, ტერიტორიის გადათხრა და ტერიტორიის მოწესრიგება ერთიანად უნდა მოხდეს, რომ ერთით გაკეთებული საქმე მეორეთი არ დავაზიანოთ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: