საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ისეთი ხალხმრავალი შეკრებები, როგორიცაა ქოწილები და ქელეხები, ასევე მსგავსი ტიპის სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები დღეიდან, 9 აგვისტოდან, აიკრძალა.
ყველა სარიტუალო დარბაზი, რომელიც მსგავს ღონისძიებას ჩაატარებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტს დალუქავენ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა ქორწილები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაინც იმართებოდა, სახელმწიფოს კი, რეაგირება არ ჰქონია.
გიორგი ღიბრაძის განმარტებით ამ შემთხვევაში მთავრობა ჯარიმებს ვერ ჩამოწერს:
„ ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, რადგან საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო აქტი. წინა პროექტი ითვალისწინებს 23 ივლისამდე დამრღვევებისთვის ამნისტიის გამოცხადებას. იმ პერიოდის შემდეგ არანაირი განხილვა ამ თემაზე არ ყოფილა და ალბათ არც იქნება“
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია ცის ქვეშ, ხუთზე მეტი ადამიანის შეკრების დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
პირბადის ტარება აუცილებელია ასვე დახურულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არ იცვლება და დამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება.
ხვალიდან, 10 აგვისტოდან, პირბადეების ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო იქნება ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.
ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება. თუმცა, ჯარიმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, რადგან მთავრობას თავად ჯარიმების დაწესება არ შეუძლია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
სამინისტრო აქვეყნებს აჭარაში იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების კვლევა ხდება COVID 19 -ზე სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – PCR კვლევაც.
რა შემთხვევაში ტარდება PCR კვლევა უფასოდ? – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „თუ მოქალაქეს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები [სიცხე, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა და სხვა], ან იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, ამ შემთხვევაში პირველ რიგში უკეთდება სწრაფი ტესტი და თუ პასუხი იქნება უარყოფითი, შემდეგ მას უტარებენ PCR კვლევასაც. შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო დაწესებულება ადგილზე იღებს“.
დაწესებულებები, სადაც სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში PCR კვლევები ტარდება
„ნაკლებკონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი… კონკრეტიკაზე შემდეგ იქნება მსჯელობა, უნდა გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებულების მოტივაცია. ეს არის ჩვენი გუნდის მიდგომა. გაიზარდა პოლიციელების, პედაგოგების ხელფასები, დადგა დროს საჯარო მოხელეების“ – განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრმა, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, ჯერ არ დააკონკრეტა, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც საარჩევნოდ მთავარ ადმინისტრაციულ რესურსად მიიჩნევა, მთავრობა უჩენს მოლოდინს, რომ არჩევნების შემდეგ, 2022 წლის ბიუჯეტში მათი ხელფასი გაიზრდება.
დღეს, 9 აგვისტოს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მერის ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია. მაგალითად, ბათუმის მერის ხელფასი4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი – 3500 ლარია.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ბოლო 5 – 7 წლის განმავლობაში „საჯარო მოხელეების ხელფასი იყო გაყინული“, რამაც საჯარო სამსახურის კონკურენტუნარიანობა შეამცირა.
რატომ იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი ახლა, წინასაარჩევნოდ? – ჟურნალისტების ამ კითხვის პასუხად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ახლა იწყება ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება წლის ბოლომდე“.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპეკულაციაზე დამოკიდებული და „ეს უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით და ფორმულებით“. აქ დღეს განმარტეს, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი გარკვეული პერიოდულობით შეფასდება და მოიმატებს სპეციალური ფორმულით, რომელსაც შეიმუშავებენ.
9 აგვისტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში ბათუმის კოვიდკლინიკებში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, მათგან ორი 83 წლის იყო, ერთი – 87 წლის.
დღეს, 9 აგვისტოს, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 59 წლის ქალი, რომელსაც, კლინიკის ინფორმაციით, თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა. გარდაცვალების ეს შემთხვევა ხვალინდელ, 10 აგვისტოს სტატისტიკაში აისახება.
ბოლო 24 საათში საქართველოში 44 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, გუშინდელი მონაცემებით – 30.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში 6 128 პირი გარდაიცვალა.
„1800-2000 ლარია მერების ხელფასი… მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა დღეს, 9 აგვისტოს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის მერის ხელფასი თვეში 2 ათასი ლარი იყოს.
ბათუმის მერის ხელფასი4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი – 3500 ლარია.
„წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 ათას ლარად, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას,“ – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება.
„წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია… ვერ ვუწევთ კონკურენციას კერძო სექტორს,“ – დასძინა პრემიერმა.
ბათუმის მერიაში 2020 წელს გაცემული ხელფასები / წყარო: ბათუმის მერია
გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მემედ აბაშიძის, იუსუფ კობალაძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატი ნინო საკანდელიძე – ინფორმაციას ბათუმის დრამატული თეატრი ავრცელებს.
ნინო საკანდელიძე 1955 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გარდაცვალებამდე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. გადაღებულია ფილმებში: „ზღვის შვილები“, „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“ და „თეთრი ქვები“.
ნინო საკანდელიძე ასევე ავტორია ლექსების რამდენიმე კრებულისა.
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნინო საკანდელიძეს მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტის (1976), საქართველოს სახალხო არტისტის (1987) საპატიო წოდებები. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის არაერთგზის დაჯილდოებულია თეატრალური პრემიით.
ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია ნინო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
ტიკარაძემ დღეს, 8 აგვისტოს, მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც აიცრა კოვიდზე ან მალე მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას.
„იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის – ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია,“ – ვკითხულობთ მინისტრის განცხადებაში.
დღეს, 8 აგვისტოს, კორონავირუსზე აცრისშემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციებზე იმსჯელებს.
„ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ჩაკეტვაზე და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არის და ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.
ღარიბაშვილი, რომელიც დღეს ნიღბების საჭიროებაზე საუბრობდა, გუშინ თავად იყო ნიღბის გარეშე ხალხმრავალ წვეულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გამუდმებით მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ წვეულებების გამართვისგან.
უკვე ორი კვირაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებსღია სივრცეში პირბადის ტარების საჭიროებაზე, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს ამ რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება არ მიუღია.
დღეს, 8 აგვისტოს კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი.
იგი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.
ღარიბაშვილის აცრას კორონავისურზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესწრებოდა.
„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობა დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას შეუძლია და ზოგადად, მეცნიერებს მთელ მსოფლიოში, შესთავაზოს მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი, ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად, არის ვაქცინაცია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი გუშინ იუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.
„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის ფონზე, რომ მთავრობა მოსახლეობას ქორწინებისგან და ქეიფებისგან თავშეკავებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას სთხოვს, მაშინ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე ილხენს, ფიზიკური დისტანციის დარღვევით და პირბადის გარეშე.
7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3- ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კითხვა ჩვენს ბუნებას ააშკარავებს. შინაგან, შეუმჩნეველ უნარებს ამოქმედებს, ჩვენს დამოკიდებულებას რომ განსაზღვრავენ სამყაროსადმი.
წიგნით ჩვენ მხოლოდ სხვის ნააზრევს არ ვეცნობით. ადამიანი წიგნებში საკუთარ თავს კითხულობს. სხვის ნააზრევში საკუთარ თავს ეძებს, მაგრამ ისეთს, როგორიც ჯერ არ გაუცნია.
ბევრისგან მსმენია, რომ კითხვისას მუდამ თან სდევთ განცდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინათ იცოდნენ. ეს განცდა მართლაც ძლიერია. შესაბამისად, წიგნები მისტიკაცაა, რაღაც არაამქვეყნიურთან დამაკავშირებელი და თან ყველაზე ახლოს მდგომი იმ ყოფასთან, მუდამ რომ თან გვდევს.
ჭილაძის რომანებით ვისწავლე, რომ წიგნები გასაქცევ საშუალებად არ უნდა იქცეს. წიგნებს შეუძლიათ გაქცევაზე მეტი შემოგვთავაზონ. ხელოვნება ხშირად ისეთ რამეებს განგვაცდევინებს, რის არსებობასაც საკუთარ თავთან არ ვაღიარებთ.
წიგნები საშუალებას გვაძლევენ შორიდან შევხედოთ საკუთარ თავს, ჩვენს კითხვებს, დარდებს, ინტერესებს, ისეთ რაღაცებსაც, რაც გვაბედნიერებს. წიგნები გვეხმარება უფრო ჯანსაღად, წრფელად შევაფასოთ მოცემულობა. კითხვის, შემეცნების პროცესი თანაბრად მოქმედებს ინდივიდზეც და მისი საშუალებით საზოგადოებაზეც.
ხშირად ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად ჩქარია, რომ ყურადღების მიღმა რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. წიგნები კი დროის მიღმა, მშვიდ, უდარდელ გარემოში გველოდებიან და გვიცდიან, შეუძლიათ დროსთან ჭიდილშიც კი მოგვეხმარონ, ისევე, როგორც ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტაში“ სწავლობენ მდინარისგან უდროობას.
წიგნები სავსეა სიტყვებით. ყველა მკითხველი სიტყვებთან თამაშობს ლოგოსობანას. ამ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ აზრებთან ჭიდილით არ შემოიფარგლება, არამედ გარემოზეც მოქმედებს. მკითხველი ან იგებს სამყაროს, საგნებს, განცდებს, სიცოცხლეს, ან აუფასურებს და კარგავს მათ.
ამიტომ, წიგნი სიცოცხლის ადგილს არ იკავებს, მაგრამ მის ფასეულ ნაწილად გვევლინება. შესაძლოა სიცოცხლე მოთავსდეს მასში, არაერთი მოთავსებულა და სწორედ მისით შემონახულა ჩვენამდე, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ – წიგნი სიცოცხლისთვისაა და არა სიცოცხლე წიგნისთვის. წიგნთან ურთიერთობის საშუალება კი განურჩევლად ყველას უნდა ჰქონდეს.
აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მქონე პირებს 3000 ლარს გადასცემს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თანხა ასევე გამოეყოფა 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. ჯამში 27 ოჯახზე გაიცემა 81 000 ლარი.
დახმარება სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გამოიყოფა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 112 000 ლარია.
„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის ფონზე, რომ მთავრობა მოსახლეობას ქორწინებისგან და ქეიფებისგან თავშეკავებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას სთხოვს, მაშინ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე ილხენს, ფიზიკური დისტანციის დარღვევით და პირბადის გარეშე.
7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.
ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.
26 ივლისს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და ეს მათ შორის „უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგია“. ამასთან, მან თქვა:
„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“.
პარტიამ „საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება „გახარია – საქართველოსთვის“
პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა.
2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი – №25 გახარია – საქართველოსთვის.
გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ 29 მაისს წარადგინა.
ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე.
საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ატიკის მდებარე კუნძულ ევიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ათასობით ჰექტარი ტყე. მოხდა ათობით სოფლის ევაკუაცია, 2500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს კუნძულიდან და გაარიდეს ცეცხლს.
უკვე მეექვსე დღეა საბერძნეთი ებრძვის ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ორი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, მათ შორის ერთი მოხალისე-მეხანძრე იყო.
საბერძნეთში ჩავიდნენ მეხანძრეები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, კვიპროსიდან, ხორვატიიდან, შვედეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან და შეერთებული შტატებიდან.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, მიცოტაკისმა „კოშმარული ზაფხული“ უწოდა ამ პერიოდს და პირობა დადო, რომ მთავრობა პირველ რიგში ხანძრით დაზარალებულებს გაუწევს დახმარებას.
თურქული მედიის ცნობით, დღეს, 8 აგვისტოს, თურქეთის დასავლეთ ნაწილში ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ავტოკატასტროფა ბალიკესირის გზატკეცილზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფებს 11 ადამიანი დახვდათ გარდაცვილი, 3 დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 8 აგვისტოს 21 საათიდან 9 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით იწვიმებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 30 – 35 გრადუსი
ღამით: 27 – 31 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10-11 აგვისტოს ბათუმში და მთელს აჭარის ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევას დღეს, 8 აგვისტოს დაასრულებს. ქვეყნის მასშტაბით 84 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკო 3-3 დროებით წევრს შეარჩევს. საოლქო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი ცესკომ 3 აგვისტოს გამოაცხადა.
აჭარის ზოგიერთი საოლქო კომისიის დროებით წევრად ცესკოს მიერ შესარჩევ კონკურსანტებს შორის არიან ისეთი საარჩევნო გამოცდილების მქონე პირებიც, რომლებიც ადრე სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ, ზოგიერთი ცესკოს მიერ დანიშნული კომისიის წევრი იყო, ზოგი კონკურსანტი საჯარო სამსახურში მუშაობდა, ან მოქმედი საჯარო მოხელეა.
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად 17-წევრიან საოლქო კომისიაში ცხრა წევრს ბარიერგადალახული პარტიები წარადგენენ [თითოეულ პარტიას კომისიაში თითო წევრი ეყოლება], 6 პარლამენტის მიერ შერჩეული პროფესიული წევრი იქნება [ისინი ხუთწლიანი ვადით ირჩევიან], 3 დროებით წევრს კი, ცესკო კონკურსის წესით შეარჩევს.
ვინ იბრძვის საოლქო კომისიაში მოსახვედრად
ბათუმი
ცესკოს ინფორმაციით ბათუმის საოლქო კომისიაში მოსახვედრად 7 კონკურსანტი იბრძვის. მათ შორის არის სოფიო კახაძე – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ყოფილი მდივანი, მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა.
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მოსახვედრად შესარჩევ კონკურსანტთა სიაშია ასევე ზაალ ზაალიშვილი, მას საარჩევნო საკითხებზე მუშაობის, ასევე ცესკოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, როგორც ცესკოს დანიშნული წევრი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ზაალ ზაალიშვილი ისნის #5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, შემდეგ კი დროებითი წევრი იყო. სწორედ მისი ჩვენება დევს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის საქმეში, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს].
კონკურსანტებს შორისაა დავით ფარტენაძე. ის სხვადასხვა არჩევნებზე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრის, ასევე თავმჯდომარის პოზიციებსაც იკავებდა. 2020 წილის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ხელვაჩაურის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.
ბათუმის საოლქო კომისიის დროებით წევრობაზე განაცხადი შეიტანა ასევე გია ტაკიძემ, საარჩევნო გამოცდილება მასაც აქვს, აქვს ასევე „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილება. ის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.
ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრობის კონკურსის პრეტენდენტები არიან ასევე მზია მჟავანაძე, ამირან გოგიავა და ნატო ნაცარიშვილი.
ქობულეთი
ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მოსახვედრად ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის მანონი შავიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის ქობულეთის საარჩევნო კომისიაში უსკოს წარმოადგენდა.
კონკურსანტები არიან ასევე მამუკა გოგიტიძე, ია ბერიძე, ეკატერინე მენაბდე-კაიკაციშვილი და ლია ბალაძე.
ხელვაჩაური
ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წევრობა სურს გოჩა მჟავანაძეს, ის სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, თუმცა, საარჩევნო გამოცდილება არ აქვს. სამაგიეროდ აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2018-2019 წლებში ის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროისთვის კი ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილებაში მუშაობს. ამბობს, რომ თუ ცესკო არჩევანს მასზე შეაჩერებს, შვებულებაში გავა. „ნეიტრალური, უპარტიო და ობიექტური ადამიანი ვარ“ – დასძინა მან.
გურამ კახაძეც ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის კანდიდატია. მას არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ბოლოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო.
არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ასევე უშანგი მიქელაძეს, ის რამდენიმე არჩევნებზე საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.
ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან ასევე კობა სალუქვაძე, გუგული ქოქოლაძე და მერაბ ფარტენაძე.
ქედა
ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობა სურს მზიური შავაძეს, ის ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაა, თუმცა არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება მასაც აქვს.
ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტები არიან ასვე ლევან სურმანიძე, ნაზიბროლა დუმბაძე, ჯემალ ბერიძე, თამარ სურმანიძე, ნადიმ დოლიძე და დავით სირაბიძე.
შს მინისტრის ბრძანებით სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი განისაზღვრა. ამავე ბრძანებით, ცვლილებები შევიდა სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესში.
ახალი წესების დარღვევა კი, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში.
„ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას“ – აცხადებს შსს.
ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებითაც. „იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა“.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით.
„ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად“ – აცხადებს შსს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი, ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს [28 აგვისტოს] გაიხსნება.
რა ვალდებულებები აქვს გადამფრენ ფრინველებზე მონადირეს, ასევე სად იკრძალება ნადირობა, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
მთავარი ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მდებარე გმირთა ხეივანს ღობავენ. ამ ეტაპზე ხეივანი მთლიანად შემოიღობება ფიროსმანის ქუჩიდან იმ ადგილის ჩათვლით, სადაც ჟიული შარტავს მემორიალია. ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ, შარტავას გამზირის აღნიშნულ მონაკვეთში ქვეითად მოსიარულეები ტროტუარის გარეშე რჩებიან და მათ ავტომობილების სავალ გზაზე მოუწევთ გადაადგილება.
ბათუმის მერიაში დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ადგილზე კი, მუშებმა გვითხრეს, რომ „ამ ადგილზე, რომელიც ახლა ჩაბეტონებულია, უნდა მოეწყოს გამწვანება, სასეირნო ბილიკები და მაგიტომ იღობება. ჯერ ეს მონაკვეთი, შემდეგ კი, ამ ზოლის სხვა მონაკვეთები აქედან სტადიონის მიმართულებით [ბაგრატიონის ქუჩამდე]“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის მერიის წინადადებით ამ ზოლში მწვანე კორიდორი უნდა მოეწყოს.
ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ აბუსერიძის ქუჩები.
ფონდის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული ადგილები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, რომელშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებიც მონაწილეობდნენ. ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „საბა კონსტრაქშენთან“ ფონდმა 2021 წლის 16 ივნისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 20 მილიონი ლარია, თუმცა ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აუქციონის გარეშე, პრეისკურანტით გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრულია თითოეული ობიექტის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტული სამუშაოების ზღვრული ღირებულებები. ანუ ტენდერში მონაწილემ ამა თუ იმ სამუშაოს ღირებულება ფონდს, პრეისკურანტის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს.
„ფონდის წერილობითი მითითების მიხედვით, თითოეული ლოკაციისათვის მიმწოდებელი დაიწყებს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დაასრულებს აღნიშნული მითითების მიღებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარულ თვეში.
დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შემდეგ, შემსყიდველის წერილობითი მითითების მიხედვით, თითოეულ ლოკაციაზე მიმწოდებელი დაიწყებს სამშენებლო სამუშაოების შესრულებას და დაასრულებს არაუგვიანეს 6 კალენდარული თვეში.“
კომპანია „საბა კონსტარქშენში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ, ხეივნის იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად შემოღობილია, სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოები კი ამ ზოლში [ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით] პარალელურად გაგრძელდება.
ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ ხეივნის შუაში [მანქანის სავალ ნაწილებს შორის] მოქალაქეები ქვეითად ვეღარ გადაადგილდებიან /მოქალაქეებს ფიროსმანის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე ტროტუარად კეთილმოუწყობელი ბილიკი [ფოტოზე მარჯვნივ] დარჩებათ, რომელიც ერთ ადგილზე „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანია „ვესთ თაუერსმა“ [რომელიც აქვე 242 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენს აშენებს] გადაკეტა – ჯიხური ჩადგა. / შარტავას გამზირი / 7.08.2021ტროტუარი არ არის ჟიული შარტავას ქუჩის მეორე მხარესაც, გმირთა ხეივნის გასწვრივ, სადაც კარგა ხანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“ სამშენებლო ღობე აქვს განთავსებული / „ორბის“ სამშენებლო ღობე შარტავას გამზირზე / 4.08.2021შარტავას გამზირი ბათუმში / 7.08.2021
ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] 44 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო ცენტრში გვითხრეს პაციენტი რეანიმაციაში 31 ივლისს მოათავსეს; მას დაუდგინდა თანმდევი დაავადებაც.
მისი მდგომარეობა გუშინ, 6 აგვისტოს დამძიმდა და ღამით გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა სხვა კლინიკაში. 21 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] კორონავირუსით, 24 ივლისს მოათავსეს, ის გუშინ, 6 აგვისტოს გარდაიცვალა.
7 აგვისტოს დილის მონაცემებით საქართველოში სულ 38 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, თუმცა გარდაცვალების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ოფიციალურად აღარ ქვეყნდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში აჭარაში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა.
„გარდაცვალება რესპუბლიკურში 0“ – ძირითადად ასე ამთავრებს აჭარის მთავრობა ყოველ დილით აჭარაში წინა 24 საათში დაფიქსირებულ კოვიდსტატისტიკას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან რეგიონში არავინ გარდაცვლილა. რეგიონში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას უკვე დიდი ხანია აღარ ავრცელებენ, თუმცა, არ ვიცით ვისი გადაწყვეტილებით.
სავარაუდოდ გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზე მიიღეს, რადგან ასეთ ინფორმაციას [გარდაცვალება რეგიონების მიხედვით] არც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში აჭარაში კორონავირუსით 31 პირი გარდაიცვალა, ხოლო აგვისტოში 12. წინა თვეების მონაცემები ამ ეტაპზე არ გვაქვს.
7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან სულ 38 პირი გარდაიცვალა, აქედან რამდენი გარდაიცვალა აჭარაში არ ვიცით, არც სხვა რეგიონების მასშტაბით გვაქვს ინფორმაცია.
Stopcov.ge-ს თანახმად პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 444 559 შემთხვევა გამოვლინდა. 397 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 054 კი გარდაიცვალა.
გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის, ვაქცინაცია სოფლებში სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე განხორციელდება. შესაბამისი განკარგულება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ გამოსცა.
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ჯგუფების დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით.
გეგმიური ამბულატორიული მომსხურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით.
მუნიციპალურ სააზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს დააევალათ უზრუნველყონ ვაქცინაციის ლოკაციებზე შესაბამისი ვაქცინებით მომარაგება და ცივი ჯაჭვის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამცრელ ბრიგადებსა და ასაცრელ კონტინგენტს შორის კოორდინაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლობის ვაქცინაციის მიზნით დაევალათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა და შეთანხმება ცენტრსა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან. ასევე ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ასაცრელი პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა უზრუნველყონ ვაქცინაციის ოპერატიული შტაბის ჩამოყალიბება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადააუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართვის ხელშეწყობა. ასევე ვაქცინაციის მიზნით მუნიციპალიტეტების მდეებარე სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაფერისი სოფლის ამბულატორიების შერჩევის პროცესის ხელშეწყობა.
განათლებისა და მეცნიერეების სამინიტროს საჭიროების შემთხვევაში სგანმანათლებლო დაწესებულების შენობების გამოყოფა, სასწავლო პროცესის აღდგენამდე პერიოდში, ხოლო თავდაცვის სამინისტროს, სააჭირობის შეთხვევაში აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამდიცინო პერსონალის გამოყოფა, ასევე მოსაცდელი სივრცეების მოწყობის ხელშეწყობა დაევალათ.
განკარგულებით განსსაზღვრული ღონისძებების კოორდინაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 444 569, ბოლო 24 საათში – 4216
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 397240, ბოლო 24 საათში – 1735
მათ შორის გარდაცვლილი – 6054 , ბოლო 24 საათში – 38
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 45351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26470, PCR ტესტით – 18881
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,3%, ბოლო 14 დღის – 8,33%, ბოლო 7 დღის – 9,25%
სულ აცრილია – 606988, დღიურად აცრილია – 23231
კარანტინის რეჟიმში – 42
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6426
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2523
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა – 620, იმერეთი – 464, ქვემო ქართლი – 217, შიდა ქართლი – 195, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 265, კახეთი – 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249; თვითიზოლაციაში კი 31 752ადამიანი იმყოფება.
წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ და მაღალმთიან სოფელში ცხოვრობთ, სადაც არც წიგნების მაღაზიაა და არც ახალი გამოცემებით მარაგდება ბიბლიოთეკა.
ერთ დღეს კი შენს სოფელში ახალი წიგნებით დატვირთული დიდი მანქანა, „ბუქმობილი“ მოდის და სასოფლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს ახალ წიგნებს.
რა არის მოგზაური ბიბლიოთეკა?
„ბუქმობილი“ ანუ მოგზაური ბიბლიოთეკა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პროექტია.
პროექტის მიზანია აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ხელი მიუწვდებოდეთ წიგნებზე.
ყველა ბავშვს, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ბავშვებს, მოზარდებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წაიკითხონ ახალი წიგნები, შეხვდნენ თანამედროვე ავტორებს და მათგან მოისმინონ მათივე წაკითხული ტექსტები.
მოგზაური ბიბლიოთეკის მიზანია პირველ ეტაპზე აჭარის 65 სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით მოამარაგოს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მეგობრები, პროექტის იდეის მხარდამჭერები შესაძლებლობისამებრ რიცხავენ შემოწირულობებს სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნებით მოსამარაგებლად.
მხარდამჭერებმა უკვე შეძლეს 10 000-მდე ლარის მოგროვება, რაც დასაწყისისთვის ძალიან კარგია, მაგრამ 65 სოფლის ბიბლიოთეკა მინიმუმ 1000 ლარის წიგნებით რომ მომარაგდეს, ამისთვის 65 ათასი ლარია საჭირო.
„მოგზაური ბიბლიოთეკა“ აგვისტოს ბოლოდან დაიწყებს აჭარის სოფლებში მოგზაურობას.
ლიტერატურა, კინო და საუბრები ღია ცის ქვეშ – მოგზაურ ბიბლიოთეკასთან ერთად
„ბუქმობილი“ არ იქნება მხოლოდ მოგზაური ბიბლიოთეკა, რომელიც წიგნებით მოამარაგებს სოფლებს.
„ბუქმობილის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იძლევა შესაძლებლობას სოფლებში, ღია ცის ქვეშ მოეწყოს კინოჩვენებები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე.
პროექტში ჩართული ადამიანები გეგმავენ „ბუქმობილით“, პერიოდულად, სხვადასხვა ქართველ ავტორს შეახვედრონ ახალგაზრდები. იქნება საინტერესო შეხვედრების ტრანსლირების შესაძლებლობაც.
სოფლებში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე პერიოდულად მოეწყობა სემინარები და ვორქშოფები არტისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, ფსიქოლოგებისა და სხვათა მონაწილეობით.
„ბუქმობილი ჩავა ბავშვებთან, რომელთა სოფლებში არც კინოთეატრებია და არც წიგნის მაღაზიები“
„მოგზაური ბიბლიოთეკის“ პროექტების მენეჯერი, ირმა დიმიტრაძე ამბობს, რომ დიდი ხანია ფიქრობდნენ, როგორ შეიძლებოდა აჭარის მთიან სოფლებში ბავშვებსა და მოზარდებს არაფორმალური განათლების მიღებაში დახმარებოდნენ:
ირმა დიმიტრაძე
„გროვდებოდა ამბები იმაზე, რომ ბევრგან არ იყო ინტერნეტი, აჭარის სასოფლო ბიბლიოთეკებს არ ჰქონდათ ახალი წიგნები, მხატვრული ლიტერატურა.
რედაქციაში სულ იყო დისკუსია და წუხილი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ჩვენ რა შეიძლებოდა ამისთვის გაგვეკეთებინა.
თავიდან იყო იდეა, რომ სამარშრუტო ტაქსით წაგვეღო წიგნები სოფლებში, მერე იდეა დაიხვეწა.
აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო მობილური ბიბლიოთეკის გაკეთება, რადგან მსოფლიოში არის ასეთი – მოძრავი ბიბლიოთეკის, „ბუქმობილის“ პრაქტიკა. დავიწყეთ მოლაპარაკებები იაპონიის საელჩოსთან, რომელსაც ჩვენი იდეის შესახებ ვუთხარით და მათი საშუალებით ზღაპრულმა იდეამ ხორცი შეისხა.
იაპონიის საელჩომ „ბუქმობილისთვის“ ზედგამოჭრილი დიდი მანქანა გადმოგვცა, რაც ნიშნავს, რომ წიგნებით დატვირთული, ინტერნეტითა და კომპიუტერებით აღჭურვილი, მზის ენერგიაზე მომუშავე „ბუქმობილი“ ჩავა ბავშვებთან, რომელთა სოფლებში არც კინოთეატრებია და არც წიგნის მაღაზიები“ – ამბობს ირმა დიმიტრაძე.
„სოფლად მცხოვრები ბავშვები იმსახურებენ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც განათლებისა და განვითარებისთვისაა საჭირო“
„ბათუმელების“ სოცმედია მენეჯერი, მარიამ მუთიძე იხსენებს, რომ ბათუმში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, შეეძლო ეყიდა ახალი გამოცემები წიგნის მაღაზიებში, თუმცა სოფელში მცხოვრები მის მეგობარს ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა უწევდა ამისთვის:
მარიამ მუთიძე
„ეს ჩემი მეგობარი იყო პირველი ადამიანი თავის სოფელში, ვისაც „ჰარი პოტერი“ და სხვა ისეთი წიგნები ჰქონდა, რაც მაშინ პოპულარული იყო.
უჭირდა ჩემს მეგობარს წიგნების მოძიება, ბათუმში წამოსულებს აბარებდა ამ წიგნებს, მერე ისინი ეძებდნენ წიგნის მაღაზიებში, ძლივს პოულობდნენ და მიჰქონდათ უკან, ჩემი მეგობრისთვის, სოფელში.
ჩემთვის ეს პროექტი ჩემი მეგობრის ბავშვობის გაცოცხლებაა“ – ამბობს მარიამ მუთიძე.
იგი ამბობს, რომ სოციალურ პასუხისმგებლობა მისთვის პირველ რიგში ნიშნავს მოქალაქეების ზრუნვას სხვა ადამიანებზე:
„მგონია, რომ ეს არის ის სოციალური კონსტრუქტი, რითაც უკეთეს ადამიანებად ვიქცევით, პიროვნულ კმაყოფილებას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ჩვენ თუ რაღაც შესაძლებლობა გვაქვს, ეს შესაძლებლობა უნდა გავხადოთ სხვა ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი – თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად.
განათლება არის ძალა და თავდაჯერება, რომ დამოუკიდებლად გადადგა ნაბიჯები, რაც შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სამყარო სწრაფად იცვლება და ძალიან რთულია ადაპტირდე გარემოსთან ცოდნის გარეშე.
უამრავი ნიჭიერი ბავშვი გვინახავს მაღალმთიან სოფლებში და ვინ, თუ არა სოფლად მცხოვრები ბავშვები, იმსახურებენ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც განათლების, წიგნიერების, განვითარებისთვისაა საჭირო“ – ასე მიაჩნია მარიამს.
„ჩვენი დიდი სურვილია რეალურად ვაჩვენოთ მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია განათლებისა და ახალგაზრდების, ბავშვთა საკითხების სოციალური მხარდაჭერა.
არსებობს მოსაზრება, რომ ვისაც სწავლა უნდა ყველგან ისწავლის და ვისაც კითხვა უნდა, წაიკითხავს. მაგრამ ასეთ ბავშვებს დიდი დახმარება სჭირდებათ, რომ მათი მისწრაფებები და სურვილები განვითარდეს, არ ჩაკვდეს ჩანასახშივე“ – ამბობს მარიამ მუთიძე.
საიდან ვიცით რომელ ბიბლიოთეკას რა წიგნები სჭირდება?
პროექტში ჩართულმა ადამიანებმა შეისწავლეს აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლები, შეხვდნენ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს, გამოითხოვეს ინფორმაცია წიგნადი ფონდის შესახებ – სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ხდება შერჩევა, თუ რა წიგნებს გადასცემენ ბიბლიოთეკას გადასცემენ.
აჭარის სოფლებში მხოლოდ ოცამდე სასოფლო ბიბლიოთეკაა ხულოსა და შუახევში. ძველი სასოფლო ბიბლიოთეკები 2006 წელს დაიხურა და საჯარო სკოლებს გადაეცა.
საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები ექვემდებარება რესურსცენტრს და განათლების სამინისტროს, მხოლოდ რამდენიმე სოფელშია სასოფლო ბიბლიოთეკა შემორჩენილი, რაც არაა საკმარისი და ეს ბიბლიოთეკები ყოველწლიურად არც ახლდება.
ახალგაზრდები, ზრდასრულები, არამხოლოდ ბავშვები, ხშირად სწორედ სასოფლო ბიბლიოთეკებს აკითხავენ, ამიტომ სასოფლო ბიბლიოთეკებს მოგზაური ბიბლიოთეკა აუცილებლად მოამარაგებს სკოლის ბიბლიოთეკებთან ერთად.
„რამდენიმე კრიტერიუმია, მაგალითად წიგნადი ფონდის ზომა, განახლების სიხშირე, მოსწავლეების რაოდენობა, სოფლის მდებარეობა… რთულია ერთი კრიტერიუმით შერჩევა, რადგან, მაგალითად, შეიძლება იყოს სოფელი, სადაც ბევრი მოსწავლე არაა, მაგრამ სოფელი იმდენად მოწყვეტილია გარემოს და იმდენად რთულ გეოგრაფიულ პირობებშია, რომ წიგნის მოძიების ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვს, მაშინ როცა, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე სოფელს შესაძლოა ჰქონდეს ერთი ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა“, – ამბობს ირმა დიმიტრაძე.
„ორბელიანი მეტი“ – პლატფორმა სოციალური ინიციატივებისა და იდეების მხარდასაჭერად
მოგზაური ბიბლიოთეკა სოციალური პროექტია, თანხა წიგნების შესაძენად შემოწირულობებით გროვდება.
„ცხადია, 65 ათასი ლარის მობილიზებას მხოლოდ ჩვენი მედიაორგანიზაცია ვერ შეძლებდა 65 სოფლის ბიბლიოთეკის წიგნებით მოსამარაგებლად. ამიტომ დავიწყეთ საჯარო, სახალხო ფონდების მოძიება და პირველ ეტაპზე დავიწყეთ კამპანია სოციალურ პლატფორმაზე – „ორბელიანი მეტი“ – ამბობს ირმა.
„ორბელიანი მეტი“ სოციალური ინიციატივებისა და იდეების მხარდასაჭერი პლატფორმაა, რომელიც ნაწილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსდება და თან აძლევს საშუალებას იდეის მხარდამჭერებს თავადაც შეიტანონ ფინანსური წვლილი ამა თუ იმ იდეის განხორციელებაში.
მას შემდეგ რაც მოგზაურმა ბიბლიოთეკამ შემოწირულობებით 4000 ლარი შეაგროვა, პლატფორმამ „ორბელიანი მეტი“ეს თანხა გააორმაგა, შეგროვილ თანხას ნელ-ნელა კიდევ ემატება შემოწირულობები და მოგზაური ბიბლიოთეკის ანგარიშზე ახლა ათი ათასამდე ლარია.
როცა მოგზაური ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ხარ, შენს მიერ დარიცხული თითოეული ლარი მოგზაური ბიბლიოთეკის პლატფორმაზე აისახება, თუ ანონიმურად გსურს იდეის მხარდაჭერა – ასეც შესაძლებელია.
ხშირად მოგზაურ ბიბლიოთეკას იდეის მხარდამჭერები ეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა წიგნებით დონაცია. დიახ, შესაძლებელია.
წიგნებით დონაციის შემთხვევაში ავსებთ სპეციალურ ფორმას, სადაც ადგენთ სიას, რომელი წიგნების გაგზავნა გსურთ სოფლებში, ფორმას უგზავნით „მოგზაურ ბიბლიოთეკას“, შემდეგ კი, წიგნების ადგილზე მიტანის დეტალებსა და ვადებზე პროექტის კონსულტანტი გაგესაუბრებათ.
მოგზაური ბიბლიოთეკის ღია ბაზაში აისახება ვინ რა წიგნი გადასცა მოგზაურ ბიბლიოთეკას და რომელი წიგნი რომელი სოფლის ბიბლიოთეკას გადაეცა.
„იდეის მხარდამჭერები გვირეკავენ, გვწერენ, გვეკითხებიან კიდევ რით დაეხმარონ მოგზაურ ბიბლიოთეკას“
მოგზაური ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად პირველი წერილი იურისტმა სულხან სალაძემ დაწერა და მეგობრები გამოიწვია. მერე ამ საქმეში სხვა მხარდამჭერებიჩაერთნენ.
ირმა დიმიტრაძე გვიყვება, რომ ფეისბუქზე არ წყდება წერილები:
„იდეის მხარდამჭერები გვირეკავენ, გვწერენ, გვეკითხებიან, კიდევ რით დაეხმარონ მოგზაურ ბიბლიოთეკას. რიცხავდნენ წიგნებისთვის ფულს და იწვევდნენ თავიანთ მეგობრებსაც, წიგნის მაღაზიები გვწერდნენ, რომ წიგნებს შეგვირჩევდნენ და გადმოგვცემდნენ.
ასე იქმნება მოგზაური ბიბლიოთეკის მხარდამჭერების ქსელი, ადამიანები პოულობენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ „ბუქმობილი“ ჯერ არ დაძრულა.
ეს პირველი მხარდაჭერა იყო ძალიან ძვირფასი, რამაც მაგრძნობინა, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და იზამს ბევრ კარგ საქმეს“ – ამბობს ირმა დიმიტრაძე.
„სამი დღეა ვრეკავ და სასწრაფო არ მოდის“, „ოჯახის ექიმი არ მირეკავს“, „სიცხე მაქვს 40 გრადუსი, ექიმს ვერ ვუკავშირდები“, „ბავშვი მყავს გადასაყვანი, რა გავაკეთო მირჩიეთ“, – ამ შინაარსის სტატუსებმა ფეისბუქში, განსაკუთრებით მიზნობრივ ჯგუფებში კოვიდსიტუაციის დამძიმებასთან ერთად იმატა. დახმარების სათხოვნელად კონკრეტული პირები „ბათუმელების“ რედაქციაშიც რეკავენ.
ვითარება განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირაა იცვლება უარესობისკენ.
მოქალაქეები ყვებიან, რომ 112 მათ ოჯახის ექიმთან ამისამართებს. უხსნიან, რომ სწორედ ის აფასებს პაციენტის სიმძიმეს და იღებს გადაწყვეტილებას გადასაყვანია თუ არა ინფიცირებული კლინიკაში. ოჯახის ექიმი კი ეუბნება, რომ უნდა დაელოდონ რეაგირებას. პაციენტები ჩივიან, რომ ლოდინი ხშირად დიდხანს გრძელდება – ტემპერატურის მატება, მით უფრო თუ ეს ორ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ოჯახის წევრებში პანიკურ შიშს იწვევს.
დღეს, 6 აგვისტოს, დილის მონაცემებით აჭარაში მოქმედ კლინიკებში, რომლებიც კოვიდპაციენტებს იღებენ, მხოლოდ 119 ადგილი იყო თავისუფალი. მოგვიანებით კი რამდენიმე კლინიკაში ადგილები მთლიანად შეივსო.
ამ დროისთვის კოვიდპაციენტების მიმღები განყოფილებები აჭარის 9 კლინიკაში მოქმედებს. ესენია: „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „მედცენტრი“, „ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ბომონდი“, „BMC“, ბაუ, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრი და „შუახევის სამედიცინო ცენტრი“.
კლინიკები ახალი პაციენტების მიღებას ყოველდღიური გაწერების ხარჯზე ახერხებენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პროცესი დინამიურია და გაწერილი პაციენტების ადგილს ახალი პაციენტები იკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდით ინფიცირებულების, პარალელურად კი გართულებული შემთხვევების რაოდენობაც იმატებს, პროცესის მართვა რთულდება.
„თერაპიულ განყოფილებაში გაწერებთან ერთად ადგილები ეგრევე ივსება, მოთხოვნა დიდია. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ უკვე რამდენიმე დღეა მიღება გაჩერებული იმის გამო მაქვს, რომ ადგილები არ არის. მძიმე რეანიმაციულ პაციენტს მინიმუმ ორი კვირა სჭირდება, შედეგი რომ მივიღოთ. მომართვიანობა დიდია, ზარები ბევრია, მაგრამ მეტის მიღება ჩვენ არ შეგვიძლია“, – განმარტავს დეა ქაჯაია, „მედცენტრის“ დირექტორი.
„მედცენტრს“ კოვიდპაციენტებისთვის 95 ადგილი აქვს გათვალისწინებული, აქედან 25 საწოლი რეანიმაციულ-ინტენსიურ განყოფილებაშია. დანარჩენი კი თერაპიულ განყოფილებაში. დღეს, 14:00 საათისთვის, როდესაც ჩვენ მას ვესაუბრეთ, კლინიკაში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი დაკავებული იყო.
„მედცენტრის“ დირექტორს ვკითხეთ, საჭიროების შემთხვევაში თერაპიულ განყოფილებაში ადგილების დამატების შესაძლებლობაზე. გვიპასუხა, რომ მაქსიმუმია, რასაც ახლა კლინიკა აკეთებს.
კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში 140 ადგილი აქვს ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს [ბაუ], მათ შორის 18 ადგილია რეანიმაციულ განყოფილებაში, „ბაუ“-ში ამბობენ, რომ ამ დროისთვის კოვიდპაციენტისთვის ადგილი აქვთ, თუმცა არ აკონკრეტებენ რამდენი. გვეუბნებიან, რომ ადგილები შესაძლოა გამოთავისუფლდეს და მალევე შეივსოს.
„ეს მაქსიმუმია“ – სამედიცინო პერსონალის ამოწურვადი რესურსი
„ეს არის საქართველოს ჯანდაცვის რესურსების მაქსიმუმი“ – ასე აფასებს ბათუმელი ექიმი, სოფო ბერიძე შექმნილ ვითარებას. დაზუსტებული საწოლფონდის, ტექნიკური საჭიროებების, რეფერირების, სასწრაფო დახმარების გამართულად მუშაობისა და სხვა საჭიროების გარდა, ის სამედიცინო პერსონალზე, ადამიანურ რესურსზე ამახვილებს ყურადღებას: „ადამიანურ რესურსს აქვს ზღვარი და ზუსტად ამ ზღვარზე ვიმყოფებითო“.
სამედიცინო პერსონალის რესურსის შესაძლო ამოწურვაზე ჩვენთან საუბარში დეა ქაჯაიამაც გაამახვილა ყურადღება:
„ჯერჯერობით ვუძლებთ, მაგრამ იცით, რომ ყველანაირ რესურსს აქვს ბოლო. პერსონალი გადატვირთულია, არამხოლოდ ფიზიკურად, ასევე მორალურად. ეს ხომ პირველი ტალღა არ არის ჩვენთვის. პერსონალი უკვე მეორე წელია ებრძვის ამ ვერაგ დაავადებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, რომ ამ რესურსსაც აქვს ბოლო და ერთ დღესაც ამოიწურება.“
„პირველი და უნივერსალური, შეუცვლელია პირბადე, დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება და ვაქცინაცია“, – გვეუბნება სოფო ბერიძე. – „თუ ყველა არ მივუდგებით ისე, რომ ჩვენი მოვალეობაა თავი დავიცვათ, ყველაფერი გართულდება. ავიცრათ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ის აქტივობები, რომლებიც არ არის საჭირო… ქორწილი რომ არ გავაკეთოთ ხომ შეიძლება, დაბადების დღეზე რომ არ წავიდეთ – ეს ყველამ უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი მოვალეობა. დაუდექით ექიმს გვერდით, ჩვენ ბევრი ექიმი დავკარგეთ, ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, ვერაგია ეს დაავადება“.
თურქეთის 44 პროვინციაში 208 ხანძრიდან 196 ხანძრის კერა ლოკალიზებულია. მეხანძრეები ამ დრომდე 12 ხანძარს ებრძვიან თურქეთის 5 პროვინციაში – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა ჟურნალისტებთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს 6 პირი, რომლებიც მუღლაში ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილი.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ამჟამად ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ 56 სახანძრო ვეტმფრენს. ხუთი ვეტმფრენი ღამის ხედვით უკრაინამ გაგზავნა თურქეთში, ეს ვეტმფრენები დღე-ღამის განმავლობაში იქნება გამოყენებული ხანძრის ჩასაქრობად.
თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარება აზერბაიჯანიც, საიდანაც ექვსასზე მეტი მეხანძრე-მაშველი ჩავიდა ხანძრებთან საბრძოლველად.
ხანძრების შედეგად თურქეთში ათამდე ადამიანი დაიღუპა, მოხდა 17 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.
ავტორი: რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
___
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება უკავშირდება იმ საღამოებს, როცა მაღალსიცხიანი ვიწექი და ყველა თავს მევლებოდა (ჩემი ჯანმრთელობის სისუსტის წყალობით ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა). ასეთ დროს დედა გადადებდა ხოლმე ყველა საქმეს, საწოლთან მეჯდა და წიგნებს მიკითხავდა. ისიც მახსოვს, გვერდით რომ მომიწვებოდა და თუ რამე ემოციურს კითხულობდა, როგორ ჩამოუგორდებოდა ხოლმე თვალის კუთხიდან ცრემლი. დავცქეროდი, როგორ მოგორავდა საფეთქლისკენ, ვიდრე ყურამდე და მერე კისერში უჩინარდებოდა.
დედას თვალის კუთხიდან დაგორებულმა ცრემლებმა მასწავლა, რომ შეიძლება რამე, რაც შენ არ გადაგხდენია, რაც შენ ფიზიკურად არ გამოგივლია, შენ რეალობაში არ შეგხვედრია, გახდეს შენი ფიქრისა და განცდების მიზეზი.
დიასახლისი ბიბლიოთეკარი იყო დედა და კარგად ესმოდა წაკითხულის ძალაც და მნიშვნელობაც. მასთან ერთად ვიმოგზაურე ტომ სოიერის ხალისიან და ხიფათიან გზებზე, მასთან ერთად ვჯაყჯაყებდი რვა ბავშვიან სატვირთო მანქანაში, მასთან ერთად დავწანწალებდი რასმუსივით…
მერე, როცა მარტომ გავაგრძელე მოგზაურობა წიგნების სამყაროში, როცა მიყვარდა და ვიბრძოდი, მეშინოდა და ხაფანგებს ვაგებდი ჩემ საყვარელ გმირებთან ერთად, მაშინ ვხვდებოდი, რომ ყველა ჯერზე კიდევ ერთხელ ვცხოვრობდი, კიდევ ერთი და ახალი ადამიანი იბადებოდა ჩემში. და მერე, ცხოვრების გზაზე, როცა რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდი, ან მომხდარ ამბავს ვაფასებდი, ვერც კი ვამჩნევდი ამ მსჯელობაში რამდენი სიცოცხლე, რამდენი ჩემს გულსა და გონებაში ჩასახლებული ადამიანი მონაწილეობდა.
ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, დადასტურებულად ვიცით, რომ ეს სიცოცხლე ნამდვილად გვაქვს. ამ ერთ სიცოცხლეში მხოლოდ ერთი კონკრეტული ცხოვრების გამოცდილება შეიძლება გვქონდეს, არა და სხვებისთვის თანაგანცდა, თანაზიარება, ემპათია მაშინაა ნამდვილი და ბუნებრივი, როცა სხვის ამბავს საკუთარ გამოცდილებასთან აკავშირებ. რაც მეტი ადამიანის სიცოცხლით შეგიძლია იცხოვრო, რაც მეტი ადამიანის გულის ნადებს გაიგებ და გაითავისებ, მით მეტად გესმის მთელი სამყაროს გულისცემაც და ამ სამყაროს მკვიდრთა ტკივილიცა და სიხარულიც.
წიგნის ყდები ის სარკმლებია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით. რაც მეტი სარკმელია ჩვენს ცხოვრებაში, მით მეტად ვგრძნობთ და აღვიქვამთ სიცოცხლეს.
ვფიქრობ, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ადამიანებს დაეხმარო და მათ ცხოვრებაში ბეეევრი სარკმელი გააჩინო. სარკმლები, საიდანაც მზის სხივები შევა. სარკმლები, საიდანაც შეიძლება ვიღაცის თვალის კუთხიდან დაგორებული ცრემლი, ჩვენის გულის წვერს მოხვდეს.