მთავარი,სიახლეები

მთავრობა არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება

09.08.2021 • 2100
მთავრობა არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება

„ნაკლებკონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი… კონკრეტიკაზე შემდეგ იქნება მსჯელობა, უნდა გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებულების მოტივაცია.  ეს არის ჩვენი გუნდის მიდგომა. გაიზარდა პოლიციელების, პედაგოგების ხელფასები, დადგა დროს საჯარო მოხელეების“ – განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრმა, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, ჯერ არ დააკონკრეტა, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც საარჩევნოდ მთავარ ადმინისტრაციულ რესურსად მიიჩნევა, მთავრობა უჩენს მოლოდინს, რომ არჩევნების შემდეგ, 2022 წლის ბიუჯეტში მათი ხელფასი გაიზრდება.

დღეს, 9 აგვისტოს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მერის ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია. მაგალითად, ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი – 3500 ლარია.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ბოლო 5 – 7 წლის განმავლობაში „საჯარო მოხელეების ხელფასი იყო გაყინული“, რამაც საჯარო სამსახურის კონკურენტუნარიანობა შეამცირა.

რატომ იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი ახლა, წინასაარჩევნოდ? – ჟურნალისტების ამ კითხვის პასუხად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ახლა იწყება ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება წლის ბოლომდე“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპეკულაციაზე დამოკიდებული და „ეს უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით და ფორმულებით“. აქ დღეს განმარტეს, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი გარკვეული პერიოდულობით შეფასდება და მოიმატებს სპეციალური ფორმულით, რომელსაც შეიმუშავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: