Batumelebi | კონკურსანტები „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებით – ცესკო საოლქოებში წევრებს არჩევს კონკურსანტები „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებით – ცესკო საოლქოებში წევრებს არჩევს – Batumelebi
RU | GE  

კონკურსანტები „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებით – ცესკო საოლქოებში წევრებს არჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევას დღეს, 8 აგვისტოს დაასრულებს. ქვეყნის მასშტაბით 84 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკო 3-3 დროებით წევრს შეარჩევს. საოლქო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი ცესკომ 3 აგვისტოს გამოაცხადა.

აჭარის ზოგიერთი საოლქო კომისიის დროებით წევრად ცესკოს მიერ შესარჩევ კონკურსანტებს შორის არიან ისეთი საარჩევნო გამოცდილების მქონე პირებიც, რომლებიც ადრე სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ, ზოგიერთი ცესკოს მიერ დანიშნული კომისიის წევრი იყო, ზოგი კონკურსანტი საჯარო სამსახურში მუშაობდა, ან მოქმედი საჯარო მოხელეა.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად 17-წევრიან საოლქო კომისიაში ცხრა წევრს ბარიერგადალახული პარტიები წარადგენენ [თითოეულ პარტიას კომისიაში თითო წევრი ეყოლება], 6 პარლამენტის მიერ შერჩეული პროფესიული წევრი იქნება [ისინი ხუთწლიანი ვადით ირჩევიან], 3 დროებით წევრს კი, ცესკო კონკურსის წესით შეარჩევს.

ვინ იბრძვის საოლქო კომისიაში მოსახვედრად
  • ბათუმი

ცესკოს ინფორმაციით ბათუმის საოლქო კომისიაში მოსახვედრად 7 კონკურსანტი იბრძვის. მათ შორის არის სოფიო კახაძე – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ყოფილი მდივანი, მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მოსახვედრად შესარჩევ კონკურსანტთა სიაშია ასევე ზაალ ზაალიშვილი, მას საარჩევნო საკითხებზე მუშაობის, ასევე ცესკოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა  საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, როგორც ცესკოს დანიშნული წევრი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ზაალ ზაალიშვილი ისნის #5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, შემდეგ კი დროებითი წევრი იყო. სწორედ მისი ჩვენება დევს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის საქმეში, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს პოლიციამ ორი პირი  დააკავა, რომლებიც შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს].

კონკურსანტებს შორისაა დავით ფარტენაძე. ის სხვადასხვა არჩევნებზე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრის, ასევე თავმჯდომარის პოზიციებსაც იკავებდა. 2020 წილის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ხელვაჩაურის საოლქო კომისიის დროებითი წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ბათუმის საოლქო კომისიის  დროებით წევრობაზე განაცხადი შეიტანა ასევე გია ტაკიძემ, საარჩევნო გამოცდილება მასაც აქვს, აქვს ასევე „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილება. ის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი წევრობის კონკურსის პრეტენდენტები არიან ასევე მზია მჟავანაძე, ამირან გოგიავა და ნატო ნაცარიშვილი.

  • ქობულეთი 

ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მოსახვედრად ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის მანონი შავიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის ქობულეთის საარჩევნო კომისიაში უსკოს წარმოადგენდა.

კონკურსანტები არიან ასევე მამუკა გოგიტიძე, ია ბერიძე, ეკატერინე მენაბდე-კაიკაციშვილი და ლია ბალაძე.

  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წევრობა სურს გოჩა მჟავანაძეს, ის სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, თუმცა, საარჩევნო გამოცდილება არ აქვს. სამაგიეროდ აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2018-2019 წლებში ის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროისთვის კი ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილებაში მუშაობს. ამბობს, რომ თუ ცესკო არჩევანს მასზე შეაჩერებს, შვებულებაში გავა. „ნეიტრალური, უპარტიო და ობიექტური ადამიანი ვარ“ – დასძინა მან.

გურამ კახაძეც ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის კანდიდატია. მას არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ბოლოს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო.

არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ასევე უშანგი მიქელაძეს, ის რამდენიმე არჩევნებზე საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.

ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან ასევე კობა სალუქვაძე, გუგული ქოქოლაძე და მერაბ ფარტენაძე.

  • ქედა

ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობა სურს მზიური შავაძეს, ის ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაა, თუმცა არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება მასაც აქვს.

ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტები არიან ასვე ლევან სურმანიძე, ნაზიბროლა დუმბაძე, ჯემალ ბერიძე, თამარ სურმანიძე, ნადიმ დოლიძე და დავით სირაბიძე.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი