მთავარი,სიახლეები

გამძვინვარებული კოვიდი ბათუმში და მთავრობა, რომელიც წესების დარღვევას არ ხედავს

06.08.2021 • 9300
გამძვინვარებული კოვიდი ბათუმში და მთავრობა, რომელიც წესების დარღვევას არ ხედავს

„სამი დღეა ვრეკავ და სასწრაფო არ მოდის“, „ოჯახის ექიმი არ მირეკავს“, „სიცხე მაქვს 40 გრადუსი, ექიმს ვერ ვუკავშირდები“, „ბავშვი მყავს გადასაყვანი, რა გავაკეთო მირჩიეთ“, – ამ შინაარსის სტატუსებმა ფეისბუქში, განსაკუთრებით მიზნობრივ ჯგუფებში კოვიდსიტუაციის დამძიმებასთან ერთად იმატა. დახმარების სათხოვნელად კონკრეტული პირები „ბათუმელების“ რედაქციაშიც რეკავენ.

ვითარება განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირაა იცვლება უარესობისკენ.

მოქალაქეები ყვებიან, რომ 112 მათ ოჯახის ექიმთან ამისამართებს. უხსნიან, რომ სწორედ ის აფასებს პაციენტის სიმძიმეს და იღებს გადაწყვეტილებას გადასაყვანია თუ არა ინფიცირებული კლინიკაში. ოჯახის ექიმი კი ეუბნება, რომ უნდა დაელოდონ რეაგირებას. პაციენტები ჩივიან, რომ ლოდინი ხშირად დიდხანს გრძელდება – ტემპერატურის მატება, მით უფრო თუ ეს ორ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ოჯახის წევრებში პანიკურ შიშს იწვევს.

დღეს, 6 აგვისტოს, დილის მონაცემებით აჭარაში მოქმედ კლინიკებში, რომლებიც კოვიდპაციენტებს იღებენ, მხოლოდ 119 ადგილი იყო თავისუფალი. მოგვიანებით კი რამდენიმე კლინიკაში ადგილები მთლიანად შეივსო.

ამ დროისთვის კოვიდპაციენტების მიმღები განყოფილებები აჭარის 9 კლინიკაში მოქმედებს. ესენია: „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „მედცენტრი“, „ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ბომონდი“, „BMC“, ბაუ, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრი და „შუახევის სამედიცინო ცენტრი“.

კლინიკები ახალი პაციენტების მიღებას ყოველდღიური გაწერების ხარჯზე ახერხებენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პროცესი დინამიურია და გაწერილი პაციენტების ადგილს ახალი პაციენტები იკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდით ინფიცირებულების, პარალელურად კი გართულებული შემთხვევების რაოდენობაც იმატებს, პროცესის მართვა რთულდება.

„თერაპიულ განყოფილებაში გაწერებთან ერთად ადგილები ეგრევე ივსება, მოთხოვნა დიდია. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ უკვე რამდენიმე დღეა მიღება გაჩერებული იმის გამო მაქვს, რომ ადგილები არ არის. მძიმე რეანიმაციულ პაციენტს მინიმუმ ორი კვირა სჭირდება,  შედეგი რომ მივიღოთ. მომართვიანობა დიდია, ზარები ბევრია, მაგრამ მეტის მიღება ჩვენ არ შეგვიძლია“, – განმარტავს დეა ქაჯაია, „მედცენტრის“ დირექტორი.

„მედცენტრს“ კოვიდპაციენტებისთვის 95 ადგილი აქვს გათვალისწინებული, აქედან 25 საწოლი რეანიმაციულ-ინტენსიურ განყოფილებაშია. დანარჩენი კი თერაპიულ განყოფილებაში. დღეს, 14:00 საათისთვის, როდესაც ჩვენ მას ვესაუბრეთ, კლინიკაში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი დაკავებული იყო.

„მედცენტრის“ დირექტორს ვკითხეთ, საჭიროების შემთხვევაში თერაპიულ განყოფილებაში ადგილების დამატების შესაძლებლობაზე. გვიპასუხა, რომ მაქსიმუმია, რასაც ახლა კლინიკა აკეთებს.

კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში 140 ადგილი აქვს ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს [ბაუ], მათ შორის 18 ადგილია რეანიმაციულ განყოფილებაში, „ბაუ“-ში ამბობენ, რომ ამ დროისთვის კოვიდპაციენტისთვის ადგილი აქვთ, თუმცა არ აკონკრეტებენ რამდენი. გვეუბნებიან, რომ ადგილები შესაძლოა გამოთავისუფლდეს და მალევე შეივსოს.

„ეს მაქსიმუმია“ – სამედიცინო პერსონალის ამოწურვადი რესურსი

„ეს არის საქართველოს ჯანდაცვის რესურსების მაქსიმუმი“ – ასე აფასებს ბათუმელი ექიმი, სოფო ბერიძე შექმნილ ვითარებას. დაზუსტებული საწოლფონდის, ტექნიკური საჭიროებების, რეფერირების, სასწრაფო დახმარების გამართულად მუშაობისა და სხვა საჭიროების გარდა, ის სამედიცინო პერსონალზე, ადამიანურ რესურსზე ამახვილებს ყურადღებას: „ადამიანურ რესურსს აქვს ზღვარი და ზუსტად ამ ზღვარზე ვიმყოფებითო“.

სამედიცინო პერსონალის რესურსის შესაძლო ამოწურვაზე ჩვენთან საუბარში დეა ქაჯაიამაც გაამახვილა ყურადღება:

„ჯერჯერობით ვუძლებთ, მაგრამ იცით, რომ ყველანაირ რესურსს აქვს ბოლო. პერსონალი გადატვირთულია, არამხოლოდ ფიზიკურად, ასევე მორალურად. ეს ხომ პირველი ტალღა არ არის ჩვენთვის. პერსონალი უკვე მეორე წელია ებრძვის ამ ვერაგ დაავადებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, რომ ამ რესურსსაც აქვს ბოლო და ერთ დღესაც ამოიწურება.“

  „თავი დავიცვათ, დაგვიდექით გვერდში“ – ექიმების მიმართვა

„პირველი და უნივერსალური, შეუცვლელია პირბადე, დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება და ვაქცინაცია“, – გვეუბნება სოფო ბერიძე. – „თუ ყველა არ მივუდგებით ისე, რომ ჩვენი მოვალეობაა თავი დავიცვათ, ყველაფერი გართულდება. ავიცრათ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ის აქტივობები, რომლებიც არ არის საჭირო… ქორწილი რომ არ გავაკეთოთ ხომ შეიძლება, დაბადების დღეზე რომ არ წავიდეთ – ეს ყველამ უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი მოვალეობა. დაუდექით ექიმს გვერდით, ჩვენ ბევრი ექიმი დავკარგეთ, ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, ვერაგია ეს დაავადება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: