მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

იმედია, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში – სულხან სალაძე მოგზაურ ბიბლიოთეკაზე

07.07.2021 • 3925
იმედია, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში – სულხან სალაძე მოგზაურ ბიბლიოთეკაზე

ავტორი: სულხან სალაძე

სახლი ქედაში, სადაც ვიზრდებოდი სავსე იყო წიგნებით. რაც თავი მახსოვს, მახსოვს წიგნებიც. წლების შემდეგ, როცა ჩემი ბავშვობის პერიოდის გააზრებას ვცდილობდი, მივხდი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი ჩანდა, საზაფხულო არდადეგების დროს, ერთადერთი ხსნა წიგნების კითხვა იყო.

პირველი წიგნი რაც წავიკითხე – იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ აღმოჩნდა. პირველი კლასის დასრულების შემდეგ, თითქმის მთელი სამი თვე ვკითხულობდი ამ წიგნს და იმ დღიდან მოყოლებული, წიგნები სულ თან დამყვება. მას შემდეგ, ჟანრობრივად, გემოვნება და ინტერესი ბევრჯერ შემეცვალა. უცვლელი დარჩა მთავარი – წიგნი.

ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი დიდებულ მარკ ტვენს ეკუთვნის. მრავალი წლის წინ, „ტომ სოიერის თავგადასავალმა“, საბოლოოდ მომწამლა კითხვისადმი სიყვარულით. დღემდე მახსოვს დასაწყისი:

„- ტომ!

პასუხი არ არის.

– ტომ!

პასუხი არ არის.

– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მოხუცმა ცხვირზე ჩამოიწია სათვალე და“… ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დაიწყო.

მახსოვს, ტომ სოიერის თავგადასავალს რომ ვკითხულობდი, წიგნის მთელი სიუჟეტი თვალწინ ცოცხლდებოდა და კადრებად ლაგდებოდა ჩემს წინ. დიდი სიამოვნება იყო მარკ ტვენის გაცნობა და მის სამყაროში შესვლა.

ტომ სოიერს,  ასტრიდ ლინდგრენის – „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“ მოჰყვა. მერე იყო: ჟიულ ვერნის – „80000 კილომეტრი წყალქვეშ“, ჯონათან სვიფტის – „გულივერის მოგზაურობა“ და ა.შ. შემდეგი კიდევ ბევრი ლიტერატურული აღმოჩენა. ქედაში, ჩემი ბავშვობის სახლში, თერთმეტი დაუვიწყარი წელი გავატარე წიგნებთან ერთად.

ბავშვობიდან დიდი დრო გავიდა. ახლა მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად დოკუმენტური პროზა მიზიდავს. თუმცა უცვლელი დარჩა ერთი, სიყვარული წიგნების მიმართ. ალბათ ამიტომაც არის, რომ აგერ უკვე ათი წელია, საქართველოსთან დაკავშირებულ, ძველ რარიტეტულ გამოცემებს ვეძებ ყველგან. ვეძებ და ბევრი ვიპოვე უკვე.

ცხადია, ამ ჩანაწერის იდეა რარიტეტული წიგნებისადმი ჩემს ინტერესს არ უკავშირდება. გპირდებით ამგვარი წიგნების შესახებაც მოვყვები ოდესმე. მანამდე სხვა, უფრო სწორედ მთავარი მინდა ვთქვა, რის გამოც ამ წერილის ვწერ.

როგორც PISA-ს კვლევა მოწმობს, სოფლად მცხოვრები ბავშვები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს სკოლაში სწავლის დაახლოებით 1,5 წელს უტოლდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით კი, ბავშვების 44%-ს საქართველოში 3 საბავშვო წიგნიც არ აქვს. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა და სინამდვილეში იგი იმაზე მძიმეა, ვიდრე PISA-ს, ან გაეროს ბავშთა ფონდის მონაცემების გაცნობისას დაგრჩათ.

არადა დრო ძალიან სწრაფად გადის. ტექნოლოგიური პროგრესის და აჩქარებული სამყაროს პირობებში, ზემოთ აღნიშნულმა 1,5 წელმა შესაძლოა, სოფლად მცხოვრები ბავშვების მთელი მომავალი ცხოვრება განსაზღვროს. სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ისეთივე წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო სიკეთეზე, როგორც ურბანულ გარემოში მცხოვრებ ბავშვებს. თანაბარი სასტარტო პირობების არ არსებობის ფონზე, იზრდება უთანასწორობა.

ვიცი, რომ მხოლოდ წიგნები არ არის გამოსავალი და მხოლოდ წიგნები ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, მაგრამ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ პროექტში ჩართვა და კარგ წამოწყებაში ჩვენი წვლილის შეტანა, შესაშური საქმე იქნება.

სიამოვნებით ვიღებ ამ გამოწვევას და ვერთვები კამპანიაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის სამოცზე მეტ სოფელში, სკოლის, თუ სოფლის ბიბლიოთეკებისთვის,  თანამედროვე მხატვრული და სპეციალობების შესაბამისი წიგნების საჩუქრად მიწოდებაა.

დიდი იმედი მაქვს, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში.

 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: