ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

03.08.2021 • 3985
მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის ბოლოს განაცხადა. ასევე გააუქმა მთელი რიგი შეზღუდვები – ჩვენი ეკონომიკა მორიგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებსო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას, მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე, რამდენი პირი დააჯარიმეს. მანამდე უწყება ამას მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს აქვეყნებდა.

შერბილდა სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლიც. ყოველ შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში – ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადეს პრაქტიკულად არავინ ატარებს.

ამ ვითარებაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ „ქორწილებში ნუ წავლენ“. არადა, მაგალითად ბათუმში, მინიმუმ ორჯერ იყო ისეთ ფაქტი, როდესაც ქორწილში ჩხუბის გამო გამოიძახეს პოლიცია. ადგილზე მისული სამართალდამცავები არც კი დაინტერესებულან, რატომ ტარდება აკრძალული „სოციალური ღონისძიება“. დაჯარიმებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

შესაბამისად, გვაქვს ვითარება, როცა შეზღუდვები გაუქმებულია, რეგულაციებს [მაგალითად, პირბადის ტარება] თითქმის არავინ იცავს, არსებული რეგულაციების დარღვევას არავინ აკონტროლებს, ხოლო დღეს კოვიდით დაინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების ბოლო დინამიკით, 100 000 მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება გარდაცვალების დღიურ მაჩვენებელს 100 000 მოსახლეზე შეწონილი მონაცემებით საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა. გარდაცვალების მაჩვენებლის დინამიკით საქართველოს მხოლოდ კუბა, ინდონეზია, მიანმარი, ეკვადორი, პარაგვაი, ფიჯი, ბოტსვანა, ნამიბია, ტუნისი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები უსწრებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ვაქცინაციის პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად პირბადის ტარებას და მოქმედი რეგულაციების დაცვას ასახელებს.

ჯანდაცვის სექტორი დღეს, 3 აგვისტოს, აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების პიკში ვართ და არსებული რეგულაციები მკაცრად უნდა იქნას დაცული.

კითხვაზე, რატომ არ აკონტროლებენ რეგულაციების დაცვას მკაცრად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ის აღმასრულებელი არ არის.

ბათუმის მაგალითზე, აღმასრულებელი, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი ევალება, ძირითადად, მერიის მუნიციპალური ინსპექციაა.

„ბათუმელებმა“ შესაბამის უწყებებში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ბათუმში ყოველდღიურად 122 მუნიციპალური ავტობუსი და 250-მდე სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. დღეს, 3 აგვისტოს კი, ამ 370 მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ინსპექციის მხოლოდ 8 ჯგუფი, ანუ 16 ადამიანი ამოწმებს.

„ვაკონტროლებთ მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. ამჟამად ოთხ ლოკაციაზე გვყავს ორ-ორი კაცი, დღის განმავლობაში იცვლება ლოკაციებიც და ცვლებში მუშაობენ, ვინაიდან დიდია ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი და შესაბამისად მორიგეობენ. არის ისეთი დღეებიც, როცა გაცილებით მეტიც მუშაობს ამ კუთხით, ანუ ჯგუფები ემატება, მაგალითად, როცა 12 ჯგუფი მუშაობს“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება დღეს, 3 აგვისტოს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს და მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, არჩილ ჩიქოვანსაც მოსთხოვეს საკრებულოში.

„ეს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნაც არის, ასევე რეპლიკის სახით დავამატებ, რომ ავტობუსებში პირბადე არავის უკეთია“, – განაცხადა სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა.

ამ საკითხს საკრებულოს სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. მათ მერის მოვალეობის შემსრულებელს რეგულაციების კონტროლის გამკაცრება მოსთხოვეს.

თავის მხრივ, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მერია ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით: „ჩვენ რეგულაციების დაცვის წასახალისებლად პირბადეების დარიგებაც დავიწყეთო“ .

ხომ არ აპირებს მუნიციპალური ინსპექცია ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის კონტროლის გამკაცრებას? – ეს შეკითხვა ინსპექციას დავუსვით.

„გამკაცრებული გვაქვს ნამდვილად… ჩვენ სხვა მიმართულებებიც გვაქვს – პარკირება და და ა.შ. ამიტომ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ შესაძლებლობების ფარგლებში. ვარიგებთ კიდეც პირბადეებს, გუშინაც დავარიგეთ, დღესაც დავარიგეთ იმათზე, ვისაც არ უკეთია. თუ არ იკეთებს პირბადეს, ვაჯარიმებთ, ან ვატოვებინებთ ტრანსპორტს, სიტუაციას გააჩნია“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში.

რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში ბოლო პერიოდში, ამ დროისთვის ინსპექციაში დათვლილი არ აქვთ. „მიმდინარე წელს, იანვრიდან ივნისის დასაწყისის ჩათვლით, 315 პირი დავაჯარიმეთო“, – გვითხრეს ინსპექციაში.

რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარებას, 22 ივნისიდან აღარ არის სავალდებულო. თუმცა, ძალაშია იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომლის დარღვევაც ასევე დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, „კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე“ ინფორმაცია 14 ივნისის შემდეგ საერთოდ აღარ გამოუქვეყნებია.

შსს თავისი ყოველდღიური განცხადებებით მოქალაქეებს მოუწოდებდა კიდევაც, რომ „დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.

სამინისტროს 14 ივნისიდან არც ამ შინაარსის განცხადება გაუვრცელებია.

იზოლაციაში მყოფ პირებს ადრე პოლიციაც აკონტროლებდა და ჯანდაცვაც. დღეს რა მექანიზმებს იყენებს სახელმწიფო, მაგალითად, იზოლაციის ან თვითიზოლაციის წესების დამრღვევების წინააღმდეგ? ამ კითხვაზე შს სამინისტროსგან პასუხს მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სამედიცინო სფეროს – იზოლაციაში მყოფი პირების შესახებ 112-დან შედის შეტყობინება ონლაინკლინიკაში [სპეციალურ პროგრამაში ფიქსირდება პირის მონაცემები, მისამართი და სხვა] და იზოლაციაში მყოფ პირს, უბნის მიხედვით, ონლაინკლინიკის ექიმი უკავშირდება ტელეფონით, ისიც ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

შესაბამისად, პირი იმყოფება თუ არა კონკრეტულ დროს იზოლაციის ადგილზე, ფაქტობრივად არ კონტროლდება.

3 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 25 623 პირი გადის [აქედან აჭარაში – 1 998] თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი [მათ შორის აჭარაში – 4 362].

სულ აცრილია – 523 466 ადამიანი.

საქართველოს კანონმდებლობით:

  • პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
  • იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარის კოვიდკლინიკებში კი 691 ადამიანი იმყოფება [მათგან 114-ის მდგომარეობა მძიმეა]. აჭარაში კოვიდკლინიკებში სულ 706 საწოლია მობილიზებული

ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ ექიმები მკაცრი რეგულაციებს ემხრობიან, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას კონსესუსით იღებს.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, მაშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების შემოღების წინადადებით მიმართავენ.

____

მთავარი ფოტო: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდზე არ აცრილა. მან კოვიდი აპრილის დასაწყისში გადაიტანა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: