განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ლოგოსობანა | მათე სარალიშვილი

08.08.2021 • 1458
ლოგოსობანა | მათე სარალიშვილი

ავტორი:  მათე სარალიშვილი, მწერალი

___

კითხვა ჩვენს ბუნებას ააშკარავებს. შინაგან, შეუმჩნეველ უნარებს ამოქმედებს, ჩვენს დამოკიდებულებას რომ განსაზღვრავენ სამყაროსადმი.

წიგნით ჩვენ მხოლოდ სხვის ნააზრევს არ ვეცნობით. ადამიანი წიგნებში საკუთარ თავს კითხულობს. სხვის ნააზრევში საკუთარ თავს ეძებს, მაგრამ ისეთს, როგორიც ჯერ არ გაუცნია.

ბევრისგან მსმენია, რომ კითხვისას მუდამ თან სდევთ განცდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე  დიდი ხნის წინათ იცოდნენ. ეს განცდა მართლაც ძლიერია. შესაბამისად, წიგნები მისტიკაცაა, რაღაც არაამქვეყნიურთან დამაკავშირებელი და თან ყველაზე ახლოს მდგომი იმ ყოფასთან, მუდამ რომ თან გვდევს.

ჭილაძის რომანებით ვისწავლე, რომ წიგნები გასაქცევ საშუალებად არ უნდა იქცეს. წიგნებს შეუძლიათ გაქცევაზე მეტი შემოგვთავაზონ. ხელოვნება ხშირად ისეთ რამეებს განგვაცდევინებს, რის არსებობასაც საკუთარ თავთან არ ვაღიარებთ.

წიგნები საშუალებას გვაძლევენ შორიდან შევხედოთ საკუთარ თავს, ჩვენს კითხვებს, დარდებს, ინტერესებს, ისეთ რაღაცებსაც, რაც გვაბედნიერებს. წიგნები გვეხმარება უფრო ჯანსაღად, წრფელად შევაფასოთ მოცემულობა. კითხვის, შემეცნების პროცესი თანაბრად მოქმედებს ინდივიდზეც და მისი საშუალებით საზოგადოებაზეც.

ხშირად ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად ჩქარია, რომ ყურადღების მიღმა რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. წიგნები კი დროის მიღმა, მშვიდ, უდარდელ გარემოში გველოდებიან და გვიცდიან, შეუძლიათ დროსთან ჭიდილშიც კი მოგვეხმარონ, ისევე, როგორც ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტაში“ სწავლობენ მდინარისგან უდროობას.

წიგნები სავსეა სიტყვებით. ყველა მკითხველი სიტყვებთან თამაშობს ლოგოსობანას. ამ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ აზრებთან ჭიდილით არ შემოიფარგლება, არამედ გარემოზეც მოქმედებს. მკითხველი ან იგებს სამყაროს, საგნებს, განცდებს, სიცოცხლეს, ან აუფასურებს და კარგავს მათ.

ამიტომ, წიგნი სიცოცხლის ადგილს არ იკავებს, მაგრამ მის ფასეულ ნაწილად გვევლინება. შესაძლოა სიცოცხლე მოთავსდეს მასში, არაერთი მოთავსებულა და სწორედ მისით შემონახულა ჩვენამდე, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ – წიგნი სიცოცხლისთვისაა და არა სიცოცხლე წიგნისთვის. წიგნთან ურთიერთობის საშუალება კი განურჩევლად ყველას უნდა ჰქონდეს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: