მუსლიმი, კათოლიკე და ევანგელისტი სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია

საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში სასულიერო პირების დაახლოებით 75-80 პროცენტი ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ავრცელებს.

ქართული მუსლიმური თემის სასულიერო პირების დაახლოებით 60 პროცენტია ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ასევე ქართველი კათოლიკე სასულიერო პირების 83 და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირების 75 პროცენტი.

აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთანაც“ დაადასტურეს აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილიც, ნაწილი კი ანტივაქსერული განწყობებით გამოირჩევა.

„ბათუმელებმა“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურს ჰკითხა,  რამდენი მართლმადიდებელი სასულიერო პირია აცრილი, თუმცა საპატრიარქოდან კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი.

დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ კვირას 17 670 შეადგინა, თუმცა სამედიცინო სფეროს ცალკეული წარმომადგენლები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ აიცრან და დაიცვან საკუთარი სიცოცხლე.

_________________________________

მთავარი ფოტო: კათოლიკე სასულიერო პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ტენესის შტატში წყალდიდობას 21 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, ეძებენ დაკარგულებს – აშშ

ამერიკის სამხრეთით მდებარე ტენესის შტატში 22 აგვისტოს წყალდიდობას, ბოლო ინფორმაციით, 21-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 20-ზე მეტი კი დაკარგულია. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით მათ შორის არიან ბავშვებიც.

მათივე განმარტებით მონაცემები ზუსტდება და დაკარგულთა და გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

ტენესის შტატში შაბათის დილიდან 6 საათის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა. ეს წვიმა ადგილობრივმა მეტეორლოგებმა „ისტორიულ“ წვიმად შეაფასეს. დაიტბორა სახლები, ავტომაგისტრალები, გზები. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივმა სამსახურმა წყალდიდობა „კატასტროფად“ შეაფასა.

თვითმხილველებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, წყლის დონე ძალიან მალე აიწია.

ევროპული და ამერიკული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს წყლით დაფარული ავტომანქანები, დატბორილი სახლები და წყლის უზარმაზარი ნაკადი, რომელიც ავტომაგისტრალებზე მდინარესავით მიედინება.

„სილქფესტის“ აქცია ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს გვთავაზობს

ერთი თვით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს, ულიმიტო პირობით, მხოლოდ 24 აგვისტოს გაიაქტიურებთ. 

შესაძლებელია ერთდროულად ორივე პაკეტის ჩართვაც კომბინაციით *202# :

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19₾ – აქტივაცია: *019# ან *202#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10₾ – აქტივაცია: *202# 

[/checklist]

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე.

„სილქფესტის“ აქციები ერთჯერადია და ამ შეთავაზებით სარგებლობენ, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები.  

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციების შესახებ ინფორმაცია. 

კანდიდატების შანტაჟი და მოსყიდვა – ბათუმში გახარიას გუნდის ბრალდებები ხელისუფლებას

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მათ კანდიდატებს აშანტაჟებს ან ცდილობს მოისყიდოს. ირაკლი მიქელაძემ ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი იმისთვის, რომ წარდგინების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებად ქართველი ხალხი გიპასუხებთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება“.

ირაკლი მიქელაძეს არ დაუსახელებია კონკრეტული პირები, ვისაც ხელისუფლება აშანტაჟებს ან სოლიდურ თანხას სთავაზობს. მან თქვა, რომ „მიუხედავად მათი დაშინებისა“ ამის შესახებ ინფორმაციას მაინც აწვდიან ადამიანები პარტიას.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს 25 აგვისტოს დაასახელებს.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

აჭარაში კოვიდის 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

აჭარაში, 23 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 5 პაციენტი.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 1033 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 1 408, ონლაინკლინიკაში – 5 215.

აჭარაში ამ დროისთვის კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვაზეა] 31 პაციენტი.

რეგიონში ამ დროისთვის სულ 117 192 დოზა ვაქცინაა გაკეთებული.

60 გარდაცვლილი და 2 354 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

60 გარდაცვლილი და 2 354 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

23 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 აგვისტოს დილის მდგომარეობით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517 098 , ბოლო 24 საათში – 2 354
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 453 488 , ბოლო 24 საათში – 5 200
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6 831 , ბოლო 24 საათში – 60
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 875, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 208, PCR ტესტით – 10 667
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,29%, ბოლო 14 დღის – 10,94%, ბოლო 7 დღის – 10,8%
  • სულ აცრილია – 979813, დღიურად აცრილია – 17 670
  • კარანტინის რეჟიმში – 125
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7400
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3 346

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარაში – 368, იმერეთში – 316, ქვემო ქართლში – 108, შიდა ქართლში – 108, გურიაში – 64, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 156, კახეთში – 166, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში –75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 56 753; მძიმე პაციენტია 1 557 , ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი.

46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 313, პირი, აჭარაში – 6 137, იმერეთში – 4 824.

ახალი სკვერი და სარეკრეაციო ზონა – 1,3 მილიონი ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სკვერი, ხოლო გონიოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. დაგეგმილია ასევე ქალაქის სხვადასხვა ადგილზე 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1,3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ტერიტორიაზე უკვე არსებული რეკრეაციული სივრცეების 80%-ზე მეტს არ აქვს მინიჭებული შესაბამისი სტატუსი. გამწვანებულ ადგილებს თუ მის გარკვეულ ნაწილს კი, მერია ან ასხვისებს, ან იჯარით გასცემს.

ამჯერად სკვერის მოწყობა დაგეგმილია ლეონიძის ქუჩაზე – გაგარინისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაში; ახალ სპორტკომპლექსთან. აქ უშუალოდ გამწვანებას, პროექტის მიხედვით, მთლიანობაში 963,1 კვადრატული მეტრი ფართობი დაეთმობა;

რეკრეაციული სივრცის მოწყობა კი დაგეგმილის გონიოს დასახლებაში – პლაჟთან ახლოს; აფსაროსის მე-3 შესახვევის მიმდებარედ. პროექტის თანახმად, ამ მიზნით მთლიანობაში გამოყოფილია 3 651 კვადრატული მეტრი ტერიტორია, ბილიკებისა და პარკინგის ჩათვლით.

ბათუმში „სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობასა და შესაბამისი ინვენტარის განთავსებაზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე, ასევე დასასვენებელი სკვერის მოწყობაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

სატენდერო თანხა ჯამში 1 350 000 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 5 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოები 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ამავე ტენდერის ფარგლებში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია იგეგმება შემდეგ მისამართებზე:

  • ჭავჭავაძის 78-88
  • პუშკინის 35-ა
  • პუშკინის 125-129
  • ვარშანიძის 102
  • ლერმონტოვის 125
  • ადლიის 99-101-103
როგორი იქნება ახალი სკვერი და სარეკრეაციო სივრცე, ნახეთ რენდერები:
ახალი სკვერი ლეონიძის ქუჩაზე / რენდერი
ახალი სარეკრეაციო სივრცე გონიოში / რენდერი

2020 წელს ბათუმში ჩატარდა სამოქალაქო მონიტორინგი, რომლის მიზანიც იყო ქალაქში არსებული რეკრეაციული სივრცეების მოძიება, შესწავლა და აღწერა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე უკვე არსებული რეკრეაციული სივრცეების 80%-ზე მეტს არ აქვს შესაბამისი სტატუსი მინიჭებული.

საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის საკრებულოში ონლაინპეტიციაც კი დაარეგისტრირა. მოქალაქეები გარკვეული ტერიტორიებისთვის, მაგალითად, როგორიცაა: ჭოროხის დელტა [გონიოს ყოფილი პოლიგონი] ტყე-პარკის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

2021 წლის 17 აგვისტოს კი, საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე საუბრისას განაცხადა, რომ აქ „უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებითოფისებით, ბანკებით“:

რამდენად მწვანეა ბათუმი და როგორია ამ მხრივ ბალანსი ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის? – ამ საკითხზე მსჯელობა ბათუმში მას შემდეგ უფრო აქტუალურია, რაც ქალაქში მშენებლობების ბუმია:

როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

 

 

„აიცერი… და შემდეგ ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ – ბათუმელი ბავშვების კამპანია

„აიცერი“-„გადაარჩინე სიცოცხლე“- „დაასრულე პანდემია“- „და შემდეგ“- „ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ – ამ თანმიმდევრობით უჭირავთ ბავშვებს ფერადი პლაკატები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვიდეორგოლად გაავრცელეს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის „კამპანიაში“ ჩართული ბავშვები მეზობლები არიან, ისინი ბათუმში, ერთ ეზოში ცხოვრობენ.

„ასეთი ვიდეორგოლის დამზადების იდეა მე გამიჩნდა, მას შემდეგ, რაც ხულოში ახალგაზრდებმა გამოაქვეყნეს ფოტოები. გავესაუბრე ბავშვებს, დავითანხმე და დავიწყეთ პლაკატების მომზადება. წარწერები თავად ბავშვებმა გააფერადეს. ფოტოები გადავიღე და ვიდეორგოლიც დავამზადე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვიდეორგოლის იდეის ავტორმა თამუნა რუსიძემ.

ბათუმში, აბუსერიძის 29ა კორპუსში მცხოვრები ბავშვები / ფოტო ვიდეორგოლიდან, რომელიც ამ ჰეშთეგებით გამოაქვეყნეს: #აი_👍 #დაასრულეპანდემია #გადაარჩინესიცოცხლე #შემოუერთდიკამპანიას #აი👍 აი_👍 აი_👍

22 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის კი, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი.

ბავშვობის წიგნებიდან გამოყოლილი სიტყვები უცნაურად თან გდევს მთელი ცხოვრება | სოფიო ზვიადაძე

ავტორი: სოფო ზვიადაძე, სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

___

რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც წიგნებზე ფიქრისთვის და მაღალმთიანი აჭარის სოფლების ბიბლიოთეკების დახმარებისთვის მოგიწვევენ. ამ ბლოგს პრეტენზია არ აქვს, ფართო საზოგადოება დაარწმუნოს წიგნის კითხვის სიკეთეში. ამაზე სხვები უკეთ წერენ და ამას ხომ თავად წიგნები ემსახურებიან. ეს ბლოგი უფრო სანიშნია, რომელიც აჭარის სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებს ახლავს. და აქ მთავარი წიგნია, რომელიც ჯერ არ ვიცით რა ემოციებს და თავგადასავლებს დაატრიალებს აჭარელი ბავშვების ცხოვრებაში, როგორ იმოქმედებს ერთი სიტყვა, ერთი ამბავი, ახლა, თუ წლების შემდეგ. 

ბავშვობის წიგნებიდან გამოყოლილი სიტყვები უცნაურად თან გდევს მთელი ცხოვრება. მას შემდეგ უამრავ წიგნს ვკითხულობთ, მაგრამ ჯადოსნური სიტყვები მაინც ბავშვობის ძველ წიგნებშია. ჯადოსნურია, იმიტომ, რომ უცხო სამყაროს უშიშრად შეცნობისკენ გვიწვევენ. სამყაროს შეცნობა მეტაფორა ან მხოლოდ წარმოსახვითი მოგზაურობა კი არ არის, არამედ ის შეიძლება „შემთხვევით“ პროფესიადაც იქცეს. 

წიგნების კითხვის ამბავი მგონია, საუკუნის წინ ქუთაისის გიმნაზიის სამი მოსწავლე სასწავლებლიდან რომ გაიპარა ამერიკაში გაქცევის სურვილით. ალბათ, გვარიანად თავბრუდამხვევი მომავალი ესახებოდათ და იქნებ, ასეთი ელოდათ კიდეც, მაგრამ თვით გუბერნატორი ჩარეულა მათ ძებნაში და  მოზარდები ისევ გიმნაზიაში დაუბრუნებიათ. რეზო ინანიშვილს თავის უბის წიგნაკში ჩაუწერია, როგორ არიგებდა ნიკო კეცხოველი სტუდენტებს, „თუ როგორ უნდა წახვიდე თუშეთში“, როგორ მტკიცედ უნდა იდგე კართან, როცა ყველა გეუბნება: „არ გინდა“, „სად მიდიხარ“, და არავითარ შემთხვევაში არ გადაიფიქრო წასვლა.

ამ მოგონებების და  „მეთოდის“ საშუალებით და კიდევ რამდენიმე წიგნის გავლენით, მეც წავედი თუშეთში. მაშინ იქ ასულ მგზავრს ტურისტი არ ერქვა, ის მთელი სოფლის სტუმარი იყო. მის პატივსაცემად „ახიას“ მართავდნენ. თუშეთში რეზო ინანიშვილიც მახსენდებოდა და ნიკო კეცხოველიც, და გულში სულ ვფიქრობდი „კიდევ კარგი, რომ არ გადავიფიქრე“.

ძველი მოგზაურებივით, რომლებიც ამერიკის აღმოჩენამდე სხვა ახალ მიწაზე  მოხვდებოდნენ ხოლმე, მეც წიგნების წყალობით არაერთხელ მოვხვდი „სხვა მიწაზე“. მეც არაერთხელ გამიჩნდა სურვილი, სხვა ქვეყანა და ადამიანები აღმომეჩინა. სწორედ ამ სურვილის შენარჩუნება მგონია, ერთ-ერთი ძვირფასი რამ, რაც შეიძლება წიგნებმა გაჩუქოს. ასე წამოვიღე ამ წიგნებიდან ერთ-ერთი ჯადოსნური სიტყვა „პატაგონია“. კიდევ ერთი მომნუსხველი სიტყვა, რომელიც დღემდე მახსოვს, არის „პოკერფლეტი“ – ბრეტ ჰარტის ძველ მწვანე წიგნში აღმოჩენილი ხმაურიანი დასავლეთის სინაზე და სევდა.

ამ წიგნის აკვიატება ზაფხულის არდადეგებზე დაიწყო, როდესაც სახლში „ამერიკული მოთხრობები“ აღმოვაჩინე და იქ წაკითხული ავტორების სხვა წიგნების ძიება დავიწყე. ისევე როგორც ყველაფერი სასურველი, საყვარელი წიგნებიც სხვაგან არის, სხვის სახლში გელოდება. ჰოდა, ზაფხულის არდადეგებზე აკვიატებული ეს წიგნიც, თურმე პატარა სოფლის უცნობი მოხუცი ქალის სახლში მელოდებოდა. ამ წიგნის ძიებამ გამაცნო ძვირფასი და საინტერესო ადამიანები, თავიანთი დაუვიწყარი ისტორიებით. იმ ვრცელ სიაში, თუ რა შეუძლია წიგნებს, მეგობრების და ადამიანების აღმოჩენაც უნდა შევიდეს – რაც არის ალბათ „ამერიკის აღმოჩენა“. ბავშვობის წიგნებიდან გამოყოლილი ჯადოსნური სიტყვები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია, პროფესიაშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რათა უშიშრად და მოწიწებით გადალახო უცხო სახლის ზღურბლი და გაიცნო სხვა ადამიანები. 

მოხარული ვარ, რომ აჭარაში სოფლის ბიბლიოთეკებს მცირედით დავეხმარები, ხოლო იმ წიგნებში მოსწავლეები მათთვის სანუგეშო ან  ჯადოსნურ სიტყვებს აღმოაჩენენ. 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ქობულეთის საკრებულოში

ქობულეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, ბონდო თედორაძემ დღეს, 22 აგვისტოს, დაასახელა ის კანდიდატები, რომლებიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქობულეთის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებენ.

მაჟორიტარობის კანდიდატების სია [გაერთიანებული ოპოზიციიდან] ქობულეთში:

  • მამუკა ჯაბნიძე – ქალაქ ქობულეთის პირველი ზონა
  • რამაზ გოხიძე – ქალაქ ქობულეთის მეორე ზონა
  • მერაბ ცინცაბაძე – ქალაქ ქობულეთის მესამე ზონა
  • ზურა კინწურაშვილი – ჩაქვი
  • მალხაზ დიასამიძე – ჩაისუბანი, საჩინო
  • დავით ოქროპირიძე – ციხისძირი
  • ლადო ჯაბნიძე – ბობოყვათი, დაგვა
  • გელა მამინაიშვილი – კვირიკე
  • მამუკა ცინაძე – ხუცუბანი, გვარა
  • გია გეგიძე – ჭახათი, სოფელი ქობულეთი
  • გივი მგელაძე – ზენითი, აჭყვისთავი, ალამბარი, მუხაესტატე
  • სოსო ქიძინიძე – დაბა ოჩხამური

ენმ-ს პარტიული სია:

  1. არჩილ ჯაფარიძე
  2. ლაშა კომახიძე
  3. ილონა ანანიძე
  4. სოლომონ ბაჯელიძე
  5. გიორგი კარალიძე
  6. ჯეირან წულუკიძე
  7. ირაკლი ტაკიძე
  8. ედუარდ ქავჟარაძე
  9. იამზე ცალქალამანიძე
  10. ლევან მახარაძე
  11. ია მახარაძე
  12. გურამ მესხიძე
  13. ამირან მახარაძე
  14. ზურა მესხიძე
  15. ანა კონცელიძე

გუშინ, 21 აგვისტოს, ბათუმის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ წარადგინა ის გუნდი, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს.

შრომის ინსპექციამ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა

შრომის ინსპექციის სამსახური აცხადებს, რომ წუხელ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა.

„ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.“ – აცხადებს სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ობიექტი დაილუქა.

„შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.“ – აღნიშნულია ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შრომის ინსპექციას უფლება აქვს აკრძალული ღონისძიების გამართვის შემთხვევაში დახუროს მთლიანად ობიექტი ან დროებით აკრძალოს ამ ობიექტზე არსებული კონკრეტული სივრცის ან ისეთი ნივთის გამოყენება, რომელიც „უშუალოდ კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან.“


22 აგვისტოს დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

3 803 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში ოთხშაბათამდე ხანმოკლე წვიმა, შემდეგ კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18– 23 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 აგვისტოს, ბათუმში და აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა. მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 აგვისტოს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

აჭარაში კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 აგვისტო

აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

22 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აჭარის საავადმყოფოებში 955 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 149 მძიმე პაციენტია, აქედან 28 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

1 247 ინფიცირებულია მოთავსებული აჭარის კოვიდსასტუმროებში. ბინაზე [ონლაინკლინიკაში] კი, 5 199 ინფიცირებული მკურნალობს.

აჭარაში 8 417 ადამიანი თვითიზოლაციაშია.

 

3 803 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

 

 

 

 

3 803 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

22 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 48 ადამიანი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 22 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 514744 , ბოლო 24 საათში – 3803
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 448288 , ბოლო 24 საათში – 5332
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6771 , ბოლო 24 საათში – 48
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34159, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19708, PCR ტესტით – 14451
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 10,8%
  • სულ აცრილია – 962165, დღიურად აცრილია – 23303
  • კარანტინის რეჟიმში – 82
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7345
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3494

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა – 598, იმერეთი – 506, ქვემო ქართლი – 163შიდა ქართლი – 168, გურია – 161სამეგრელო – ზემო სვანეთი – 246, კახეთი – 327მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095.

  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 149, იმერეთში – 346.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 28, იმერეთში – 21.
  • 3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 – თბილისში, 1 247 – აჭარაში.
  • 48 820 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

22 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 456, პირი, აჭარაში – 8 417, იმერეთში – 4 848.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC&PH] თანახმად, 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 10 პროცენტია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი.


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკა კოვიდის სამართავად, თუმცა ეს პოლიტიკა წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა გულის მოგებასა და აცრების აქტიურ პოპულარიზაციაზე უარის თქმას გულისხმობდა, “ანტივაქსერი ამომრჩევლის” დაკარგვის შიშით.

https://netgazeti.ge/news/560152/

5 ქალი – ნაციონალური მოძრაობის სია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ დღეს, 21 აგვისტოს, ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. ოპოზიციური პარტიის 15-წევრიან პროპორციულ სიაში 5 ქალია, სიის პირველი ნომერი კი ცნობილი ექიმი, ქირურგი კახა ქაშიბაძეა.

ენმ-ს სია:

  1. კახა ქაშიბაძე
  2. რევაზ ხარაზი
  3. თეკლა კავაზაშვილი
  4. ლაშა კილაბერია
  5. მამუკა ქობულაძე
  6. ნატო ნაცარაშვილი
  7. ალეკო ვარშალომიძე
  8. ილო ჯინჭარაძე
  9. ქეთი ლასტაკანიძე
  10. ბაჩი მექვაბიშვილი
  11. ირაკლი ზოიძე
  12. ეკა ზარია
  13. ლევან გორგილაძე
  14. როინ დვალი
  15. ელიზა ეფაძე

პრეზენტაციას, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში გაიმართა, დაესწრო პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიაც, რომელმაც პანდემიის დროს დაღუპულების რაოდენობასა და ზოგადად კრიზისზე ისაუბრა.

რაც შეეხება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გაერთიანებული ოპოზიციიდან. ესენი არიან:

  1. ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველო“ – ძველი ბათუმის დასახლება
  2. ბექა დიასამიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ –  კახაბრის, სამრეწველო და აღმაშენებლის ერთეულები
  3. ნაზი ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –  ჩაქვი, განთიადი, მწვანე კონცხი, ბარცხანა
  4. გენო თებიძე, „ლელო საქართველოსთვის“ – ხიმშიაშვილის დასახლება
  5. ნოდარ დუმბაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ჭაობის დასახლება
  6. დიმიტრი დარჩია, „დროა – ელენე ხოშტარია“ – მანთაშევისა და ბონის დასახლება
  7. ნუგზარ ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ადლია, ანგისის დასახლება

წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი უდავოდ სოფელია – ვანო ჩხიკვაძე

ავტორი: ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

___

თუკი წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი არსებობს, ეს უდავოდ სოფელი უნდა იყოს. იქ, სადაც ყველაზე ახლოს ხარ რეალობასთან და რეალურ, თამაშისა და ხელოვნურობისგან დაცლილ სამყაროსთან. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, სოფელი იყო და რჩება წიგნის საკითხავად იდეალურ ადგილად, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

წლების წინ, ჩემს სიყმაწვილეში სოფელს ბიბლიოთეკაც ჰქონდა, მაგრამ არეულმა ყოფამ, პრივატიზაციის პროგრამამ და სეკვესტრირებულმა სახელმწიფო ხარჯებმა, მასაც თავის ხელი დაატყო და ის დღეს ინდივიდის საცხოვრებელ სახლად არის გადაქცეული. არადა მგონია, რომ სოფელს სწორედ ასეთი, თანამედროვედ მოწყობილი სივრცე აკლია, სადაც ახალგაზრდობა თავს მოიყრის და წიგნის კითხვის საინტერესო და ხანგრძლივი პროცესი დაიწყება.

ამიტომაც იყო, როდესაც „ბათუმელების“ ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, თეთრი შურით შემშურდა იმ ხალხის, ვინც ამ პროექტით ისარგებლებს, ანუ დონორების ენით რომ ვთქვათ ბენეფიციარი გახდება.

გუშინდელივით მახსოვს ის პირველი წიგნი, რომელიც მაშინ აწ უკვე საცხოვრებლად ქცეული ბიბლიოთეკიდან წამოვიღე. ზამთარი, თოვლი, სიწყნარე ირგვლივ – აი თოვლმა რომ იცის ისეთი და აქა-იქ კანტიკუნტად ადამიანის ნაკვალევი თოვლზე.  მე კი მკლავში ამოჩრილი ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მომქონდა.

სიყმაწვილეს უკან რომ გადაახვევ, არის ხოლმე კადრები, რომელიც ერთ-ერთი პირველი ამოგიტივტივდება. ეს კადრიც სულ ჩემთანა და ხშირად ცოცხლდება. მერე ისიც მახსოვს, როგორ ვიჯექი ბუხართან და წიგნს ვკითხულობდი. ამ კადრებზე სულ ჭაბუას ნათქვამი მახსენდება – „ცხოვრება ის არის, რაც გვახსოვს. დანარჩენი არსებობააო“.

„ბათუმელები“ დიდ, მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდა და ამ საქმეს მრავლად ჰყავს გულშემატკივარი. მიუხედავად ციფრული სამყაროში ცხოვრებისა, მეეჭვება ელ.ვერსიებმა წიგნი სრულად ჩაანაცვლოს. მინიმუმ ბევრი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ ეს მოხდება.

წარმატებები მინდა ვუსურვო ამ საქმეს და ბედნიერი ვიქნები, თუ „ბათუმელების“ ამ ინიციატივების მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდება. დარწმუნებული ვარ, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მკითხველს წიგნი უფრო მეტად შეუყვარდება, გაივლის წლები და იქ მცხოვრები ახალგაზრდები ამ ამბავს ტკბილად მოიგონებენ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

ბათუმში ღამის თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება – სად გაათევს ღამეს 50 უსახლკარო

ბათუმში, ურეხში მდებარე მუნიციპალური ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებს დროებით „კარიტასი“ შეიფარებს. საუბარია 50 ადამიანზე, რომელიც ღამეს ამ თავშესაფარში ათევს. სექტემბრის ბოლოდან ურეხში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია უნდა დაიწყოს, რომელიც 2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„მოლაპარაკებები გავმართეთ ორგანიზაცია „კარიტასთან“, რომელსაც აქვს ასეთი თავშესაფარი ბათუმში. დაგვთანხმდნენ მიიღონ ჩვენი ბენეფიციარები – კვება ჩვენი იქნება და ფართობით თვითონ დააკმაყოფილებენ. ასე, რომ საკმაოდ კარგ პირობებში იქნებიან. სამუშაოები გაგრძელდება 2022 წლის ოქტომბრამდე და ეს თარიღიც მაქვს „კარიტასთანაც“ ნათქვამი. შესაბამის ხელშეკრულებას ამ დღეებში გავაფორმებთ“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა, ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა.

ურეხის დასახლებაში, ყოფილი ინტერნატის შენობაში მდებარე ღამის თავშესაფარი ამ სააგენტოს დაქვემდებარებაშია.

„კარიტასის“ უსახლკაროთა ღამის თავშესაფარი – „Cuore Amico“ კი, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე მდებარეობს.

ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 762 059 ლარით გამოაცხადა.

შპს „ბეგი ჯორჯია“ სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 2 495 000 ლარად სთავაზობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

„შენობის რეკონსტრუქცია როცა დასრულდება, ჩვენს ბენეფიციარებს დავაბრუნებთ, ანუ, ღამის თავშესაფარი ისევ აქ იქნება. თუმცა, საუბარია, რომ სხვა პროგრამებიც დაემატება… შესაძლოა ქუჩაში უმათვალყურეოდ დარჩენილ ბავშვებს დაეთმოს ერთი სართული. ახალი შენობა, ძირითადად, სოციალური სამსახურებით და პროგრამებით იქნება დატვირთული“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

დაახლოებით 4 წლის წინ, როცა შენობის რეკონსტრუქციის პროექტი მომზადდა, მაშინ საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე:

გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში 75 ადგილზე 145 მოსწავლე დარეგისტრირდა

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების [„კომაროვის“] სკოლაში მოსახვედრად გამოცდაზე 145 მოსწავლე დარეგისტრირდა. სკოლაში მოსწავლეები მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხებიან.

მათემატიკის გამოცდა 2021 წლის 25 აგვისტოს ჩატარდება.

სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა წელს მხოლოდ სამი კლასი იქნება და 75 მოსწავლეს მიიღებენ – 50 მოსწავლეს მე-7 კლასში [25-25 თითო კლასში] და 25 მოსწავლეს მე-8 კლასში.

გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული 145 მოსწავლიდან, ძირითადად არიან მოსწავლეები ბათუმიდან, ასევე ქობულეთიდან, თბილისიდან, ფოთიდან და გურიის რეგიონიდან.

ახალ სკოლას, რომელიც გოროდოკის დასახლებაში [სვიშჩევსკის ქ.N1-ში] მდებარეობს, აქვს საერთო საცხოვრებელიც, თუმცა წელს ის არ იფუნქციონირებს.

ბათუმში „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დასრულდა.

ახალი სკოლა, როგორც მე-3 კორპუსი, ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში იქნება.

რაც შეეხება პედაგოგებს, მათ, მათემატიკის გამოცდის დასრულებისა და მოსწავლეების ჩარიცხვის შემდეგ, კონკურსის წესით შეარჩევენ.

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

„ეიცერი ღმერთი ხათრიზა“ – ახალგაზრდების კამპანია ხულოში

„ეიცარი რამითჯერ გითხრა?!“, „ეიცერი ღმერთი ხათრიზა“, „ერიდე ანტივაქსერს, აღრიბასანს და საფრი ხიდს“, – ხულოში ახალგაზრდების ჯგუფმა ამ სლოგანებით კორონავირუსის აცრის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ონლაინში.

კამპანია იუმორისტულ ხასიათსაც ატარებს.

აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ამიტომ კამპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას განუმარტეს, მაგალითად, რას ნიშნავს „აღრიბასანი“.

„აღრიბასანი არის ავი სული (ბავშვობაში გვაშინებდნენ აღრიბასანით 😂). საფრის ხიდი არის ავარიული ხიდი ხულო-ახალციხის გზაზე, რომელსაც სულ პრობლემები აქვს (როგორც თავად გზას), – წერენ ავტორები.

კამპანიის ორგანიზატორი, სტუდენტი ივერი შაინიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მოსახლეობაში არ არის საკმარისი ინფორმაცია აცრის სიკეთეებთან დაკავშირებით და უფრო მითების სჯერათ:

„ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმით შეგვეტანა ჩვენი წვლილი, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობა პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაა. რახან ძირითადად ხულოში ვგეგმავთ კამპანიას, ჩავთვალეთ, რომ პლაკატებზე წარწერები, ფრაზები ადგილობრივი, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი დიალექტი შეგვეჩია, რამაც გაამართლა. დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში“.

ივერი შაინიძის თქმით, ისინი ამავე კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ: „ვაპირებთ როგორც კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის ინფორმირებას, ასევე გადაწყვეტილი გვაქვს ჩავწეროთ ვიდეორგოლები უხუცეს ადამიანებთან, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ“.

კორონავირუსის შედეგად ხულოში უკვე არაერთი ადამიანი გარდაიცვალა.

რატომ არ უნდა გავუმხილო დამსაქმებელს, რომ შშმ პირი ვარ და როდემდე

ავტორი: ესმა გუმბერიძე

შშმ პირი სამსახურის ძიების დროს აწყდება უამრავ დილემას, კითხვას. მაგალითად, უნდა თუ არა უთხრას დასაქმების მაძიებელმა შშმ პირმა პოტენციურ დამსაქმებელს თავისი სტატუსის შესახებ წინასწარ? საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმების მაძიებელი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მის მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულებას უკავშირდება. შესაბამისად, შშმ პირს თავისი სტატუსის გამხელის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს როგორმე უკავშირდება მის მიერ სამუშაოს შესრულებას, თუკი მისმა სტატუსმა შესაძლოა, სამუშაოს შესრულებაში შეუშალოს ხელი.

სხვა მხრივ კი არაა ვალდებული, გაამხილოს შეზღუდული შესაძლებლობა, მით უმეტეს, თუ დამსაქმებელი ამას პირდაპირ არ ეკითხება (ჩვენი რეალობიდან გამომდინარე იმდენად იშვიათია, შშმ პირი რომ ცდილობდეს დასაქმებას, დამსაქმებლებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შშმ პირიც შეიძლება მოვიდეს მათთან სამუშაოს მაძიებლად, ამიტომ დიდი ალბათობით კითხვას შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ არც დასვამენ).

თუმცა აქ შემოდის საგადასახადო კოდექსის, მე ვიტყოდი შშმ პირთა უფლებების დამრღვევი ნორმა, რომელიც შშმ პირს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით ავალდებულებს, დამსაქმებელს მიაწოდოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა ეს უკვე სამსახურში აყვანილ შშმ პირს ეხება.

ამასთან, შშმ პირს თუ არ უნდა დამსაქმებლისთვის სტატუსის გამხელა, შეუძლია, დაქვითული საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნოს დაბეგვრის მომდევნო წელს პირდაპირ შემოსავლების სამსახურისადმი მიმართვით. ამ შემთხვევაში დაბეგრილი თანხა ხანგრძლივი დროის შემდეგ დაუჯდება ანგარიშზე. ამასობაში ვალუტა უფასურდება.

აღსანიშნავია, რომ სტიგმით გაჯერებულ გარემოში დამსაქმებლებს ხშირად აქვთ შშმ პირებისადმი ირაციონალური შიში. შესაძლოა, ადამიანს სამუშაოს შესრულებაში ეს სტატუსი ხელს არ უშლიდეს და საერთოდაც უხილავი იყოს მისი დიაგნოზი, მაგრამ დამსაქმებელს მის შესახებ შეტყობა დიდი ალბათობით დაძაბავს და კანდიდატის საწინააღმდეგოდ განაწყობს. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ დამსაქმებელი გაიგებს რა კანდიდატის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, მას ავტომატურად დაბლოკავს.

საკმაოდ ხშირია, რომ შშმ პირებს დაბალი თვითშეფასება გვაქვს. გვგონია, რომ გაცილებით ნაკლები შეგვიძლია, ვიდრე რეალურად. ამის გამო პოტენციურ დამსაქმებელს ეგრევე ვეუბნებით ჩვენი სტატუსის შესახებ, თუნდაც ის უხილავი იყოს. ვეკითხებით დამსაქმებელს, შევძლებთ თუ არა სამუშაოს შესრულებას მაშინ, როცა ჩვენ უნდა ვუხსნიდეთ დამსაქმებელს, რომ შეგვიძლია, რადგან ჩვენ შესახებ არაფერი იციან. ზოგჯერ კი იმიტომ ვეუბნებით ნაადრევად, რომ გვეშინია მისი რეაქციის, სამსახურში ჩვენი აყვანის შემდეგ თუ გაიგო.

არადა, რაც უფრო გვიან გაიგებს დამსაქმებელი ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ და რაც უფრო აშკარად გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას, მით უფრო მარტივი იქნება ჩვენთვის დისკრიმინაციის ფაქტის დამტკიცება და შებრძოლება.

ერთი სიტყვით, დღეს არსებულ ქართულ დისკრიმინაციულ გარემოში ჩემი რჩევაა, თუ დამსაქმებელი პირდაპირ არ მიუთითებს, რომ ვაკანსიაზე განიხილავს ნებისმიერ კანდიდატურას სქესის, ეროვნების, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების… მიუხედავად, ჯობია ჩვენი სტატუსი არ გავამხილოთ მანამ, სანამ არ დაგვჭირდება გონივრული მისადაგება. ამით არაფერს ვკარგავთ:

ვისაც მაინც ენდომება ჩვენი დასაქმება, უკვე ისედაც დასაქმებული ვეყოლებოდით სტატუსის მიუხედავად; ვისაც არ ენდომებოდა, დასაქმების წინა ეტაპზეც გვტკიცებდა უარს და დასაქმების შემდეგაც არ მოერიდება ჩვენი გამობუნძულება.

მეორეს მხრივ, შშმ პირებს ვურჩევდი, მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი შეიტყობს ჩვენი სტატუსის შესახებ, მას დეტალურად განვუმარტოთ, თუ როგორ ვაპირებთ სამუშაო მოვალეობების შესრულებას და რა გონივრული მისადაგება დაგვჭირდება (თუ დაგვჭირდა] დაინტერესების შემთხვევაში უნდა ვაჩვენოთ კიდეც, მაგალითად, თუ დამხმარე საშუალების გამოყენებით ვიმუშავებთ. არ უნდა მოგვერიდოს, შეგვრცხვეს ან გვეწყინოს. ესეც აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმაა.

შშმ პირთა უსაფრთხოება სამუშაო ადგილას (და არამხოლოდ) ასევე გამოწვევაა და ხშირად დასაქმებაზე უარის თქმის საბაბ-მიზეზიც. შშმ პირებს ხშირად უარს ეუბნებიან დასაქმებასა თუ სხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვაზე, მათი უსაფრთხოებაზე ზრუნვის საბაბით. არის თუ არა ეს ჩვენი უფლებების დარღვევა? პირველ რიგში გაეროს შშმ პირთა კონვენციის ერთ-ერთი პრინციპია პირადი ავტონომია, მაშასადამე, პირადი არჩევანის თავისუფლება. თუ შშმ პირი სრულწლოვანია და სრულადაა ინფორმირებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მას, ისევე როგორც სამუშაოს სხვა მაძიებელს ან დასაქმებულს, აქვს გარისკვის უფლება.

ქართული კანონმდებლობაც არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს უპირატესობას და არამხოლოდ შშმ პირებთან მიმართებაში. მაგალითად, ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს ქალთათვის აკრძალულ სამუშაოთა ნუსხა. [ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დღემდე სუფევს აზრი, რომ ქალის ჯანმრთელობა სახელმწიფომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა დაიცვას, რათა შთამომავლობის ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი. ის, რომ ქალს შესაძლოა, სულ არ უნდოდეს შვილის გაჩენა, არ მოიაზრება).

შშმ პირებთან მიმართებაშიც საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს შშმ პირის დასაქმებას ღამის სამუშაოზე მისი თანხმობის გარეშე. თუმცა დასაქმებულის თანხმობით დამსაქმებელს შეუძლია ის ღამითაც ამუშავოს.

და მაინც, როგორ უნდა მივუდგეთ შშმ პირის უსაფრთხოებას სამუშაო ადგილას? პირველ რიგში, მისაწვდომი გარემო უსაფრთხო გარემოს საწინდარია. ყოველ საწარმოს ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (ყოველ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობით ასეა). მან უნდა შეაფასოს პროფესიული რისკები შშმ პირისთვისაც, დაგეგმოს გონივრული მისადაგების უზრუნველმყოფი ღონისძიებები. ამ სპეციალისტმა შესაძლოა, შეაფასოს, არსებულ ვითარებაში არის თუ არა შშმ დასაქმებული/სამუშაოს მაძიებელი მეტი რისკის ქვეშ. ეს მან უნდა შეაფასოს შშმ პირთან კონსულტაციით, გასაუბრებით. იქნებ, შშმ პირმა უკეთ იცის, როგორ ადაპტირდეს სამუშაო გარემოში და თავიდან აიცილოს მომეტებული რისკები.

თუ მომეტებული რისკის მიუხედავად შშმ პირი მაინც თანახმაა დასაქმებაზე, მას სამუშაოზე უარი არ შეიძლება ეთქვას, რადგან ის ინფორმირებულია რისკის შესახებ. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე სამუშაო გარემოს რისკიანობა შშმ პირისთვის უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, მასთან დიალოგით და არა მის გარეშე, დამსაქმებლის სტერეოტიპებისდა მიხედვით.

___

ესმა გუმბერიძე

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.“ – აცხადებს შსს

აჭარაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 აგვისტო

აჭარაში, 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 5 პაციენტი.

რეგიონის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 927 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 146 მძიმე პაციენტია; 26 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე, 4 984 ინფიცირებული პირი იმყოფება; აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 254 ინფიცირებულია მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაშია 8 205 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 4 901 ახალი შემთხვევა

აჭარაში, 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, ჯამში 111 941 დოზა ვაქცინა გაკეთდა.


ექიმების ერთმა ჯგუფმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

ბათუმში დღეს საკმაოდ გართულებულია ოჯახის ექიმებთან დაკავშირება. მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს.

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

საქართველოში 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 4 901 ახალი შემთხვევა

21 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან ქვეყანაში 74 პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 510941 , ბოლო 24 საათში – 4901
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 442956 , ბოლო 24 საათში – 2586
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6723 , ბოლო 24 საათში – 74
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 46595, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27813, PCR ტესტით – 18782
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 10,95%, ბოლო 7 დღის – 10,97%
  • სულ აცრილია – 938705, დღიურად აცრილია – 28555
  • კარანტინის რეჟიმში – 74
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7273
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3499

21 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638 ქვემო ქართლი – 249შიდა ქართლი – 272, გურია – 157სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 61 236, საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 192, აჭარაში – 927, იმერეთში – 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 146, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 26, იმერეთში – 20.

3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 – თბილისში, 1 254 – აჭარაში.

50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 458, პირი, აჭარაში – 8 205, იმერეთში – 4 848.

საქართველოში კოვიდპაციენტების მიღება საველე ჰოსპიტალშიც დაიწყო

 

ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

 

სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ კონტროლის ზონაში, სხვადასხვა წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები [7 ცალი და 1 ცალი ოქროს სამაჯური] გამოავლინეს.

„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საქამრეში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, არადეკლარირებული ოქროს სხმულები და სამაჯური აღმოაჩინეს [საერთო წონით – 60 გრ.]. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 034,8 ლარი შეადგინა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ეს არ იქნება უბრალოდ მთაში მიტანილი წიგნები | მეკო ჩაჩავა

ავტორი: მეკო ჩაჩავა, იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის კონსულტანტი

___

დღეს იაპონიის საელჩოს საგრანტო გუნდისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, წიგნებით დატვირთული მობილური ბიბლიოთეკა გავაცილეთ მაღალმთიან აჭარაში, კითხვით მიღებული ბედნიერება რომ ჩაუტანოს მათ, ვისაც წიგნებთან ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა.

საქართველოს მთები რომ ქვეყნის მთავარი საიმიჯო ნაწილი და ქართული იდენტობის გამომხატველია, ბევრისგან გვსმენია და ბევრგან გვინახავს, თუმცა, მთის მიმართ  არა მხოლოდ რომანტიკული, არამედ რეალობასთან შეჯერებული მიდგომებია საჭირო.

სამწუხაროდ, ახალი არ არის, რომ მთის მაცხოვრებლები ყოველდღიურად მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის შეზღუდული ხელმისაწვდომობა აუცილებელ და მნიშვნელოვან რესურსებზე.

ბევრი ჩვენგანისთვის მთაში წიგნების კითხვა ზაფხულთან, არდადეგებთან და ბებია-ბაბუასთან ასოცირდება, თუმცა მთაში მაცხოვრებელი ბავშვებისთვის წიგნები არის და იქნება ყოველდღიურობის გაფერადების ძირითადი საშუალება, რადგანაც ყველა სხვა კულტურულ-შემეცნებითი რესურსი კინო, თეატრი, მუსიკალური ღონისძიებები, ინტერნეტი და ტელევიზია მათთვის მიუწვდომელი ან შეზღუდულია.

ამ პროექტის მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ეს არ იქნება უბრალოდ მთაში მიტანილი წიგნები, არამედ წაკითხულის განხილვის, ახალ თემებზე მსჯელობისა და თანამედროვე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ავტორებთან პირადად შეხვედრის ადგილი და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი იდეისა და ინიციატივის საწყისი.

უკვე არა ერთხელ ითქვა წიგნების ჯადოსნურ ძალაზე, რომ ცხოვრებას გვიფერადებს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ და გალაქტიკის მიღმა გვაძლევს მოგზაურობის შესაძლებლობას. ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს წიგნის მნიშვნელოვან როლზე დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების და შენარჩუნების პროცესში.

სწორად შერჩეულ წიგნებს შეუძლია ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ადამიანის და სამყაროს მრავალფეროვნების აღმოჩენა, მისი დაკვირვება და მიმღებლობა, თანაგრძნობა, თანამშრომლობა, კონფლიქტების მოგვარება და სხვა. ეს დაუსრულებელი ჩამონათვალია იმ უნარების, რომლებიც 21 საუკუნეში არსებულ შინაგან ბრძოლებში თუ გარეთ არსებულ ომებში აუცილებლად დაგვეხმარება.

ძალიან დიდი მადლობა „ბათუმელებს“ და „ნეტგაზეთს“ ამ საჭიროების დანახვისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის, მადლობა იაპონელ გადასახადის გადამხდელებს ამ იდეის ხორცშესხმისთვის.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია გავიზიაროთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ახლა მხოლოდ დაიწყო და რომელსაც დრო და დრო ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება, რათა დროთა განმავლობაში ახალი სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებით შეივსოს ეს თაროები და ბუქმობილი აჭარის რეგიონსაც გასცდეს, რატომაც არა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას მხარდაჭერით ეს იქნება ბავშვისა და ახალგაზრდას ასაკზე მორგებული, ინკლუზიური, გენდერულად და კულტურულად მგრძნობიარე ბიბლიოთეკა, რომელიც სოფელ-სოფელ, კარდაკარ გააფერადებს გულსა და გონებას.

_________________________________

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

წიგნი ჩემს ცხოვრებაში | ლამარა აბჟანდაძე

ავტორი: ლამარა აბჟანდაძე, ბლოგერი, აქტივისტი 

დღეს ჩვენ ცხოვრებას რაც ყველაზე მეტად აუარესებს, ეს საზოგადოების  გაუნათლებლობაა. ასეთი საზოგადოება ადვილი სამართავიაო, ამბობენ.  სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლება, რომელსაც სურს ხალხი ადვილად მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ, სათანადოდ არ ზრუნავს განათლების საკითხებზე. მაგრამ ამაზე შემდეგ. ახლა კი მინდა, მოგიყვეთ წიგნის  მნიშვნელობაზე ჩვენ ცხოვრებაში.

როცა ბავშვი აზროვნებას და ლაპარაკს იწყებს, მშობლები მას სიტყვების შესაბამის საგანს უჩვენებენ ან, ეს თუ შეუძლებელია, ნახატებით, დასურათებული წიგნებით სარგებლობენ. წიგნი ბავშვის ცნობიერებაში  ადრეული ასაკიდან შემოდის, ასე რომ სასკოლო ასაკის ბავშვისთვის წიგნი უცვლელ მეგობრად იქცევა. აი, ამ დროს მთავარია, როგორც მშობლის, ასევე პედაგოგის როლი, თუ როგორ შეაყვარებს ბავშვს წიგნს.

თუკი მშობელი ადრეული ასაკიდან უკითხავს შვილს ზღაპარს, ან ადვილად გასაგებ, თანაც მისთვის საინტერესო ამბავს, მაშინ ბავშვისათვის წიგნი ძალიან საყვარელი და ახლობელი ხდება. როცა პედაგოგი მოსწავლეს შეაქებს კარგად კითხვისთვის, ხოლო არ დატუქსავს მაშინ, თუკი კითხვისას რაიმე შეეშალა და უბრალოდ შეუსწორებს, ამით ბავშვს კითხვა კიდევ უფრო მეტად შეუყვარდება.

მთავარია, ბავშვებს წიგნები ადრეული ასაკიდან შევაყვაროთ. შემდეგ კი მოზარდი უკვე თავისით მოძებნის საინტერესო წიგნებს და კითხვა მისი ცხოვრების თანამდევი გახდება.

მახსენდება ჩემი ბავშვობა, ომის შემდგომი წლები, როცა აკრძალულ წიგნებს ჩუმად ვკითხულობდი – ამ წიგნებს მამა საგულდაგულოდ კეტავდა. ეს იყო გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“, მიხეილ ჯავახიშვილის რომანები, ტიციან ტაბიძის ლექსები… მამა სასტიკად გვიკრძალავდა ამ წიგნების გამოჩენას, რადგან რომ გაეგოთ, აუცილებლად დააპატიმრებდნენ. ამ წიგნებმა ყველაზე მეტად შემირყია კომუნიზმის და კომუნისტების რწმენა.

ზრდასრული ადამიანი, ვისაც კითხვა უყვარს, როგორი დასაქმებულიც არ უნდა იყოს, ყოველთვის იპოვის დროს წიგნის წასაკითხად.

ახლახან  გავეცანი  ხათუნა ცხადაძის  პოსტს,  რომელშიც  ლაპარაკია  „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ შესანიშნავ პროექტზე  “მოგზაური ბიბლიოთეკა”. ამ პროექტის მიზანია აჭარის მაღალმთიან  სოფლებში ბიბლიოთეკის შექმნა. მგონია, რომ ასეთი პროექტები სხვა რეგიონებშიც უნდა ამოქმედდეს. წიგნი, როგორც იარაღი, უნდა გამოვიყენოთ  საზოგადოების  განათლებისათვის. თუ ხელისუფლება არ ფიქრობს, ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ხალხის წიგნიერებაზე და საზოგადოების განათლებაზე.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

10-მილიონიან ტენდერში გაურკვეველია გზა ხელვაჩაურში კეთდება თუ ქედაში

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 10 350 158 ლარით გამოაცხადა, თუმცა ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, გაუგებარია ეს მონაკვეთი კონკრეტულად სად მდებარეობს.

ტექნიკურ დავალებაში, ასევე გარემოსდაცვით მართვის გეგმაში, აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე“. აღნიშნულია ისიც, რომ დასახლებულ მონაკვეთებში, მაგალითად [სოფ. აჭარისწყალი] გზა გაგანიერებულია 8-9 მ-მდე.

სოფელი აჭარისწყალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, თუმცა გარემოსდაცვითი მართვის გეგმას, რომელიც 2021 წელსაა მომზადებული, თან ახლავს რუკა, რომელზეც საპროექტო გზის მონაკვეთია დატანილი. ამ რუკის მიხედვით, სარეაბილიტაციო გზა სოფელ აჭარისწყალს არ გაივლის.

ამავე რუკით, გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაზეც ტენდერია გამოცხადებული, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს – საპროექტო გზის მონაკვეთი იწყება დაბა ქედაში და მთავრდება ქედის სოფლების – ვარჯანისისა და წონიარისის მიმდებარედ:

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, აღნიშნულია წითელი ხაზით / ფოტო ტენდერის დოკუმენტებიდან / ტენდერი გამოცხადებულია „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37+300-კმ45+450 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“.

„ბათუმელებს“ სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ახლავს, აღარ გადაუმოწმებია და განმარტებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით.

„სამუშაოები დაიწყება ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და გაგრძელდება სოფელ წონიარისამდე“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

აღნიშნული ტენდერი გზების დეპარტამენტმა 2021 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია:

„ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 14 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს დეპარტამენტის წერილობითი დავალების მიღებამდე. ვალდებულია ასევე სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში“.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის სარეაბილიტაციო მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

ავღანელ ჩვილს ამერიკელ ჯარისკაცს აწვდიან ქაბულის აეროპორტში | ფოტოამბავი

ეს ფოტო ქაბულის აეროპორტშია გადაღებული.

ავღანელი კაცი ახალშობილს აწვდის ამერიკელ ჯარისკაცს მავრთულხლართს იქით.

ფოტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა 20 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტში გადაღებულ სხვა ფოტოებთან ერთად.

ფოტო: Reuters. Omar Haidari

რეპორტიორები ქაბულის აეროპორტიდან იუწყებიან, რომ აეროპორტში არიან ავღანელები, კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნიდან წასვლას თალიბანის მოსვლის შემდეგ.

„როიტერსის“ ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ავღანელები ბავშვებს უცხოელ ჯარისკაცებს გადასცემენ იმ იმედით, რომ ბავშვები მაინც გააღწევენ ავღანეთიდან.

 

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი ქუჩაში სიგარეტის გადაგდებაში გამოიჭირეს და 1000 ევროთი დააჯარიმეს 

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი ვოლფგანგ მუკშტაინი, რომელიც ამავე დროს მწვანეთა პარტიას წარმოადგენს, ვენაში ცეცხლმოკიდებული სიგარეტის გადაგდების დროს გამოიჭირეს. მინისტრი სქროლით მიდიოდა, როდესაც სიგარეტის ნამწვი მოისროლა ქუჩაში. ეს შენიშნა ახალგაზრდა ვენელმა და ლაივში მოჰყვა, რაც დაინახა. ვოლფგანგ მუკშტაინი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ახალგაზრდა არ იტყუება.

მინისტრს ავსტრიის კანონმდებლობის მიხედვით, 1000 ევროს გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ავსტრიული მედია იუწყება.

ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოინანია თავისი საქციელი.

„რასაკვირველია, სიგარეტის ნამწვი ყოველთვის სათანადოდ უნდა განადგურდეს. ვწუხვარ, რომ ეს არ გავაკეთე ორშაბათს. სხვათა შორის, პირველ რიგში, უმჯობესია არ დაიწყოთ მოწევა – ასე დაიცავთ გარემოს და საკუთარ ჯანმრთელობას“, – თქვა მინისტრმა.

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც შენიშნა, რომ მინისტრმა სქროლით ჩაიქროლა და ანთებული სიგარეტი ქუჩაში მოისროლა. მინისტრი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა

ვოლფგანგ მუკშტაინის თქმით, ის ასევე თანხას შესწირავს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას და იყიდის ჯიბის საფერფლესაც.

ამ ისტორიის განხილვისას მედია ასევე წერს, რომ მწვანეები, როგორც წესი, გარემოს დაცვის თვალსაზრისით მკაცრები მხოლოდ სხვების მიმართ არიან.

ბილბორდებზე წაშლილი ქალები ქაბულის ქუჩებში | ფოტო

ეს ფოტოები ავღანეთში, ქალაქ ქაბულში დღეს, 20 აგვისტოსაა გადაღებული. ქვეყნის სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ სილამაზის სალონის სარეკლამო ბილბორდებზე ქალების გამოსახულებები ჩამოხიეს ან გადაღებეს.

ავღანეთის მართვის სისტემაში თალიბების დაბრუნებას შესაძლოა ქალთა უფლებების მასობრივი დარღვევები მოჰყვეს.

ბევრი ავღანელი სკეპტიკურად განწყობილი რჩება თალიბების მიმართ, განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ახსოვთ თალიბანის ულტრაკონსერვატიული ისლამისტური შეხედულებები, რომელიც ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს, ჩაქოლვას, ამპუტაციას და საჯაროდ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STRINGER
ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STRINGER
ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STRINGER

სამომხმარებლო სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქცია ტერაბანკისგან

ტერაბანკი მსურველებს დაინტერესებულ პირებს სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებს განსაკუთრებული პირობებით სთავაზობს. სპეციალური აქცია 16 აგვისტოს დაიწყო და მის ფარგლებში მომხმარებლები სესხებზე 3 თვის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ, რას იმას ნიშნავს, რომ ისინი სესხის პროცენტისა და ძირის გადასახადისგან თავისუფლები იქნებიან.

აქცია განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს დააინტერესებთ, რომლებსაც რამდენიმე მცირე სესხის, მინიკრედიტისა თუ განვადების გაერთიანება ან უბრალოდ პირადი მოხმარების ნივთების შეძენა სურთ. აქციაში ჩართვა შეუძლიათ ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს.

აღსანიშნავია, რომ სესხის მოთხოვნა დაინტერესებულ პირებს დისტანციურად, ონლაინგანაცხადის შევსებით შეუძლიათ. ტერაბანკის არსებული კლიენტები დადასტურების შემდეგ სესხს ინტერნეტბანკით გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ მოუწევთ.

რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, აქციის ფარგლებში გამარტივებულია ბარათების დამტკიცების პროცესი და მოქმედებს ახალი პირობები. კერძოდ, 7%-ითაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთი, წლიური მომსახურების საკომისიო კი მხოლოდ 25 ლარია.

სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქცია ორი თვის განმავლობაში  გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

საველე ჰოსპიტალში კოვიდპაციენტების მიღება დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის მართვაში ჩაერთო საველე ჰოსპიტალი დიღომში – ინფორმაცია ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დაადასტურა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ დაგვეწყო საველე ჰოსპიტლის ოპერირება. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას დიღომში“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, საველე ჰოსპიტალი ძირითადად გამოყენებული იქნება დროებითი დაყოვნებისთვის.

„ჩვენთვის მთავარია მოხდეს პაციენტის სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება. ვფიქრობთ, 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება, შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, ამჟამად ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით, კოვიდკლინიკებში ადგილები თავისუფლდება ძირითადად ბრუნვის ხარჯზე.

აჭარაში 12 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

ბოლო 24 საათში საქართველოში 59 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის 12 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის დიაგნოზით აჭარაში.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარაში კოვიდით 24 საათში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

რამდენიმე კვირაა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და დღეში საშუალოდ 400-900 ახალი შემთხვევა დასტურდება.

ამავე თემაზე: 

ხულოში კოვიდით 37 წლის კაცი გარდაიცვალა

 

ხულოში კოვიდით 37 წლის კაცი გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში კოვიდით 37 წლის კაცი, ზვიად პაქსაძე გარდაიცვალა. ის ამავე სოფლის რწმუნებული იყო.

დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გურამ კახაძის თქმით, მის კოლეგას კორონავირუსი დაახლოებით ხუთი დღის წინ დაუდასტურდა. „დაბაში ასაცრელად გამოვიდა. სიცხე მქონდა და ტესტმა კორონავირუსი აჩვენაო – ასე მითხრა, როცა დავურეკე“, – ამბობს გურამ კახაძე. მისივე ინფორმაციით, ზვიად პაქსაძე ოთხი დღის წინ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში.

ის წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

გურამ კახაძის თქმით, ზუსტად არ იცის სოფელ კორტოხში არიან თუ არა ადამიანები თვითიზოლაციაში. ამ სოფელში სხვა ინფიცირებულების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. ასევე აქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს – მეუღლეს და შვილებს ტესტით ვირუსი არ დაუდასტურდათ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა,  ქვეყნის მასშტაბით – 59.

სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი.

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ პანდემიაში ამ მიმართულებით ეკისრებათ.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40 პროცენტს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მოვუწოდებ მასწავლებლებს, რომ გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას,“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

სამინისტროს განცხადებით, მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს ჰკითხა, რა გეგმა აქვს სამინისტროს ახალი სასწავლი წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება განსხვავებული პირობები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პედაგოგებისთვის და რა შემთხვევაში განახლდება სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში?

სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო ცდილობს აქტიური კამპანია გამართოს, რომ მეტი მასწავლებელი აიცრას სწავლის დაწყებამდე.

„ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შემდგომი ეტაპები ამის მიხედვით დაიგეგმება,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

______________________________

ფოტოზე: მასწავლებელთა ვაქცინაცია/„იუნისეფი“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18– 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22-23 აგვისტოს, ბათუმში და  აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

Exit mobile version