მთავარი,სიახლეები

ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

19.08.2021 • 4880
ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

დღეს ბათუმში ექიმებმა – ლევან ანთაძემ, ვახტანგ კალოიანმა და სხვებმა ბრიფინგი გამართეს, რომლის მთავარი თემაც კოვიდვითარება და გამოსავლის გზების ძიება იყო.

ექიმების განცხადებით, ისინი მზად არიან აამოქმედონ დამატებით ცხელი ხაზი იმ შემთხვევებისთვის, თუ ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან შესაბამის სამსახურებს, ვერ მიიღებენ ექიმის რჩევებს, როცა ვერ გადაჰყავთ პაციენტები კლინიკებში და ა.შ.

„ეს ცხელი ხაზი შეეცდება დაეხმაროს ადამიანებს ექიმის რჩევებით, ასევე პისიარტესტებსა და ვაქცინაციაზე ინფორმაციის გაცემით და ა.შ.“ – ითქვა ბრიფინგზე.

ცხელი ხაზის ნომერი იქნება: 555 70 07 72

როგორც ექიმმა ლევან ანთაძემ განაცხადა, უპირველესად საჭიროა რეანიმაციული საწოლების მობილიზება, დამატებითი სუნთქვის აპარატები და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ვაქცინაციის გაფართოება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში.

ექიმების განცხადებით, სოფლის ამბულატორიები უნდა ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, იქ მომუშავე ადამიანებს აქვთ ვაქცინაციის გამოცდილება, რადგან ისინი მონაწილეობენ კალენდარული ვაქცინაციის პროცესში და ბრიფინგის მონაწილეებს შეუძლიათ მათი გადამზადება, თუ როგორ გაკეთდეს კოვიდის ვაქცინა, როგორ წარიმართოს პროცესი.

ექიმები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან:

  • მონაწილეობა მიიღონ საველე ჰოსპიტლის მუშაობაში;
  • ონლაინკლინიკების მუშაობაში;
  • მზად არიან შეიტანონ წვლილი აცრების ხელმისაწვდომობის გაზრდაში ნებისმიერი ფორმით – სოფლის ამბულატორიების მხარდაჭერით და ა.შ.

ექიმები მოუწოდებენ ხელისუფლებას დროული გამოვლენის მიზნით:

  • გაზარდოს ტესტირების რაოდენობა რისკჯგუფებისთვის;
  • სასწრაფოდ მოხდეს საწოლების (მათ შორის კრიტიკული საწოლების) მობილიზაცია კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: