ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აკრძალული ღონისძიების გამართვისას შესაძლოა აპარატურაც დალუქონ – ახალი წესი

13.08.2021 • 2727
აკრძალული ღონისძიების გამართვისას შესაძლოა აპარატურაც დალუქონ – ახალი წესი

მთავრობის ახალი დადგენილებით, შრომის ინსპექციას უკვე უფლება აქვს აკრძალული ღონისძიების გამართვის შემთხვევაში დახუროს მთლიანად ობიექტი ან დროებით აკრძალოს ამ ობიექტზე არსებული კონკრეტული სივრცის ან ისეთი ნივთის გამოყენება, რომელიც „უშუალოდ კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან.“

იზოლაციისა და კარანტინის წესებში აქამდე არსებული ჩანაწერით, თუ სარიტუალო და სხვა მსგავს დარბაზებში აკრძალულ ღონისძიებებს [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ. მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებას] თან ახლდა ჯანდაცვის მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობაც, შრომის ინსპექციას უფლება ჰქონდა, შსს-თან კოორდინაციით, დროებით დაეხურა ობიექტი.

„იზოლაციის წესებში არსებობდა ზოგადი ჩანაწერი, რომლის ჩაშლაც გახდა საჭირო. მაგალითად, ღია სივრცეს ვერ დალუქავდი, მაგრამ ახლა აპარატურას დალუქავ.

ძალიან კონკრეტულად და ძალიან ნათლად არის გაწერილი, რომ აიკრძალება კონკრეტული ადგილის, ინსტრუმენტის ან სხვა ნებისმიერი საგნის გამოყენება, რაც საჭიროა ასეთი ღონისძიების გამართვისთვის.

ნივთით სარგებლობის უფლება შეიზღუდება მანამდე, ვიდრე არ მოგვმართავს მესაკუთრე და არ დაასაბუთებს, რომ მისი გამოყენება აკრძალული ღონისძიებისთვის არ მოხდება“ – გვითხრეს შრომის ინსპექციაში.

შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შევიდა, რომლითაც „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.“

ახალი ცვლილებით:

თუ ასეთ აკრძალულ ღონისძიებას თან ახლავს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის გამოყენება [მათ შორის, ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება, რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან].

ამასთან, ზემოთ აღნიშნული დარღვევის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია უკვე უფლებამოსილია „შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ,

  • იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას,
  • ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

12 აგვისტოს საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომსრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები“, თუმცა, მასობრივი ღონისძიებები, იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით ამ დრომდეც აკრძალული იყო.

ამავე წესებით აკრძალული იყო ქორწილები, ქელეხები და სხვა მსგავსი ღონისძიებებიც, თუმცა მთავრობამ ასეთი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ 9 აგვისტოს ხელახლა განაცხადა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების ის პუნქტი, რომლითაც მსგავსი ღონისძიებები იყო აკრძალული, არ შეცვლილა. უბრალოდ აუცილებელია განმარტება/შეხსენება მოსახლეობისთვის, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში ესა და ეს ღონისძიება აკრძალულია. შეიძლება ადრე რაღაც აკრძალვის შესახებ დაანონსდა, მაგრამ მოსახლეობისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ ჰქონდეს ინფორმაცია დროის კონკრეტულ მონაკვეთში აკრძალული საქმიანობების შესახებ“ – გვითხრეს შრომის ინსპექციაში.

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 50 939 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამავე თემაზე:

ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: