ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

10-მილიონიან ტენდერში გაურკვეველია გზა ხელვაჩაურში კეთდება თუ ქედაში

20.08.2021
10-მილიონიან ტენდერში გაურკვეველია გზა ხელვაჩაურში კეთდება თუ ქედაში

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 10 350 158 ლარით გამოაცხადა, თუმცა ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, გაუგებარია ეს მონაკვეთი კონკრეტულად სად მდებარეობს.

ტექნიკურ დავალებაში, ასევე გარემოსდაცვით მართვის გეგმაში, აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე“. აღნიშნულია ისიც, რომ დასახლებულ მონაკვეთებში, მაგალითად [სოფ. აჭარისწყალი] გზა გაგანიერებულია 8-9 მ-მდე.

სოფელი აჭარისწყალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, თუმცა გარემოსდაცვითი მართვის გეგმას, რომელიც 2021 წელსაა მომზადებული, თან ახლავს რუკა, რომელზეც საპროექტო გზის მონაკვეთია დატანილი. ამ რუკის მიხედვით, სარეაბილიტაციო გზა სოფელ აჭარისწყალს არ გაივლის.

ამავე რუკით, გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაზეც ტენდერია გამოცხადებული, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს – საპროექტო გზის მონაკვეთი იწყება დაბა ქედაში და მთავრდება ქედის სოფლების – ვარჯანისისა და წონიარისის მიმდებარედ:

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, აღნიშნულია წითელი ხაზით / ფოტო ტენდერის დოკუმენტებიდან / ტენდერი გამოცხადებულია „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37+300-კმ45+450 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“.

„ბათუმელებს“ სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ახლავს, აღარ გადაუმოწმებია და განმარტებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით.

„სამუშაოები დაიწყება ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და გაგრძელდება სოფელ წონიარისამდე“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

აღნიშნული ტენდერი გზების დეპარტამენტმა 2021 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია:

„ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 14 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს დეპარტამენტის წერილობითი დავალების მიღებამდე. ვალდებულია ასევე სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში“.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის სარეაბილიტაციო მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: