განათლება,მთავარი

სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო

20.08.2021
სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი.

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ პანდემიაში ამ მიმართულებით ეკისრებათ.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40 პროცენტს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მოვუწოდებ მასწავლებლებს, რომ გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას,“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

სამინისტროს განცხადებით, მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს ჰკითხა, რა გეგმა აქვს სამინისტროს ახალი სასწავლი წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება განსხვავებული პირობები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პედაგოგებისთვის და რა შემთხვევაში განახლდება სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში?

სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო ცდილობს აქტიური კამპანია გამართოს, რომ მეტი მასწავლებელი აიცრას სწავლის დაწყებამდე.

„ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შემდგომი ეტაპები ამის მიხედვით დაიგეგმება,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

______________________________

ფოტოზე: მასწავლებელთა ვაქცინაცია/„იუნისეფი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: