ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ეკლესიასთან სკვერში ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს

19.08.2021
ეკლესიასთან სკვერში ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს

ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში [ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში] 80 კვ/მ ტერიტორიას 5-წლიანი იჯარით გასცემს.

მომავალმა მოსარგებლემ იჯარით აღებულ ნაკვეთზე უნდა მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/ატრაქციონები, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ნაკვეთის მიმდებარე სკვერში კი – უფასო სასრიალო და საქანელები.

აუქციონში გამარჯვებული ნაკვეთის სარგებლობისთვის ვალდებული იქნება ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 7 600 ლარი შეიტანოს, თუმცა ეს არის აუქციონის საწყისი ფასი. აუქციონის ბიჯი  230 ლარია.

ელექტრონული აუქციონი გამოცხადებულია და 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

 აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალი მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია:

  • „მიწის ნაკვეთზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/პარკი; რომლის მოწყობის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, უნდა განათავსოს სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი, მათ შორის კარუსელები, ბატუტი, სათევზაო აუზი და სხვა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა“;
  • მანვე „ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვეში, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის სიახლოვეს [სკვერში] უნდა განათავსოს ბავშვთა სასრიალო [უფასო], სათამაშო მაგნიტური სილა [უფასო] და შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ინკლუზიური მინისაქანელები [უფასო] და სხვა;
  • იჯარის უფლებით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
  • განახორციელოს როგორც იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება“.

აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე ბილეთების რეალიზაციის მიზნით განათავსოს სალარო ჯიხური; თუმცა ეკრძალება ამავე ნაკვეთზე განათავსოს სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების ობიექტი.

ადგილი სკვერში, რომელსაც ბათუმის მერია იჯარით გასცემს / ფოტო აუქციონიდან

„იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა“, – აღნიშნულია აუქციონის პირობაში.

ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში, მათ შორის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაზეც გამოაცხადა აუქციონი, თუმცა ეს პროექტი არ შედგა:

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: