განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი უდავოდ სოფელია – ვანო ჩხიკვაძე

21.08.2021 • 1739
წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი უდავოდ სოფელია – ვანო ჩხიკვაძე

ავტორი: ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

___

თუკი წიგნების საკითხავად დედამიწაზე იდეალური ადგილი არსებობს, ეს უდავოდ სოფელი უნდა იყოს. იქ, სადაც ყველაზე ახლოს ხარ რეალობასთან და რეალურ, თამაშისა და ხელოვნურობისგან დაცლილ სამყაროსთან. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, სოფელი იყო და რჩება წიგნის საკითხავად იდეალურ ადგილად, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

წლების წინ, ჩემს სიყმაწვილეში სოფელს ბიბლიოთეკაც ჰქონდა, მაგრამ არეულმა ყოფამ, პრივატიზაციის პროგრამამ და სეკვესტრირებულმა სახელმწიფო ხარჯებმა, მასაც თავის ხელი დაატყო და ის დღეს ინდივიდის საცხოვრებელ სახლად არის გადაქცეული. არადა მგონია, რომ სოფელს სწორედ ასეთი, თანამედროვედ მოწყობილი სივრცე აკლია, სადაც ახალგაზრდობა თავს მოიყრის და წიგნის კითხვის საინტერესო და ხანგრძლივი პროცესი დაიწყება.

ამიტომაც იყო, როდესაც „ბათუმელების“ ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, თეთრი შურით შემშურდა იმ ხალხის, ვინც ამ პროექტით ისარგებლებს, ანუ დონორების ენით რომ ვთქვათ ბენეფიციარი გახდება.

გუშინდელივით მახსოვს ის პირველი წიგნი, რომელიც მაშინ აწ უკვე საცხოვრებლად ქცეული ბიბლიოთეკიდან წამოვიღე. ზამთარი, თოვლი, სიწყნარე ირგვლივ – აი თოვლმა რომ იცის ისეთი და აქა-იქ კანტიკუნტად ადამიანის ნაკვალევი თოვლზე.  მე კი მკლავში ამოჩრილი ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მომქონდა.

სიყმაწვილეს უკან რომ გადაახვევ, არის ხოლმე კადრები, რომელიც ერთ-ერთი პირველი ამოგიტივტივდება. ეს კადრიც სულ ჩემთანა და ხშირად ცოცხლდება. მერე ისიც მახსოვს, როგორ ვიჯექი ბუხართან და წიგნს ვკითხულობდი. ამ კადრებზე სულ ჭაბუას ნათქვამი მახსენდება – „ცხოვრება ის არის, რაც გვახსოვს. დანარჩენი არსებობააო“.

„ბათუმელები“ დიდ, მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდა და ამ საქმეს მრავლად ჰყავს გულშემატკივარი. მიუხედავად ციფრული სამყაროში ცხოვრებისა, მეეჭვება ელ.ვერსიებმა წიგნი სრულად ჩაანაცვლოს. მინიმუმ ბევრი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ ეს მოხდება.

წარმატებები მინდა ვუსურვო ამ საქმეს და ბედნიერი ვიქნები, თუ „ბათუმელების“ ამ ინიციატივების მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდება. დარწმუნებული ვარ, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მკითხველს წიგნი უფრო მეტად შეუყვარდება, გაივლის წლები და იქ მცხოვრები ახალგაზრდები ამ ამბავს ტკბილად მოიგონებენ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: