განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ეს არ იქნება უბრალოდ მთაში მიტანილი წიგნები | მეკო ჩაჩავა

20.08.2021
ეს არ იქნება უბრალოდ მთაში მიტანილი წიგნები | მეკო ჩაჩავა

ავტორი: მეკო ჩაჩავა, იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის კონსულტანტი

___

დღეს იაპონიის საელჩოს საგრანტო გუნდისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, წიგნებით დატვირთული მობილური ბიბლიოთეკა გავაცილეთ მაღალმთიან აჭარაში, კითხვით მიღებული ბედნიერება რომ ჩაუტანოს მათ, ვისაც წიგნებთან ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა.

საქართველოს მთები რომ ქვეყნის მთავარი საიმიჯო ნაწილი და ქართული იდენტობის გამომხატველია, ბევრისგან გვსმენია და ბევრგან გვინახავს, თუმცა, მთის მიმართ  არა მხოლოდ რომანტიკული, არამედ რეალობასთან შეჯერებული მიდგომებია საჭირო.

სამწუხაროდ, ახალი არ არის, რომ მთის მაცხოვრებლები ყოველდღიურად მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის არის შეზღუდული ხელმისაწვდომობა აუცილებელ და მნიშვნელოვან რესურსებზე.

ბევრი ჩვენგანისთვის მთაში წიგნების კითხვა ზაფხულთან, არდადეგებთან და ბებია-ბაბუასთან ასოცირდება, თუმცა მთაში მაცხოვრებელი ბავშვებისთვის წიგნები არის და იქნება ყოველდღიურობის გაფერადების ძირითადი საშუალება, რადგანაც ყველა სხვა კულტურულ-შემეცნებითი რესურსი კინო, თეატრი, მუსიკალური ღონისძიებები, ინტერნეტი და ტელევიზია მათთვის მიუწვდომელი ან შეზღუდულია.

ამ პროექტის მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ეს არ იქნება უბრალოდ მთაში მიტანილი წიგნები, არამედ წაკითხულის განხილვის, ახალ თემებზე მსჯელობისა და თანამედროვე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ავტორებთან პირადად შეხვედრის ადგილი და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი იდეისა და ინიციატივის საწყისი.

უკვე არა ერთხელ ითქვა წიგნების ჯადოსნურ ძალაზე, რომ ცხოვრებას გვიფერადებს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ და გალაქტიკის მიღმა გვაძლევს მოგზაურობის შესაძლებლობას. ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს წიგნის მნიშვნელოვან როლზე დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების და შენარჩუნების პროცესში.

სწორად შერჩეულ წიგნებს შეუძლია ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ადამიანის და სამყაროს მრავალფეროვნების აღმოჩენა, მისი დაკვირვება და მიმღებლობა, თანაგრძნობა, თანამშრომლობა, კონფლიქტების მოგვარება და სხვა. ეს დაუსრულებელი ჩამონათვალია იმ უნარების, რომლებიც 21 საუკუნეში არსებულ შინაგან ბრძოლებში თუ გარეთ არსებულ ომებში აუცილებლად დაგვეხმარება.

ძალიან დიდი მადლობა „ბათუმელებს“ და „ნეტგაზეთს“ ამ საჭიროების დანახვისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის, მადლობა იაპონელ გადასახადის გადამხდელებს ამ იდეის ხორცშესხმისთვის.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია გავიზიაროთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ახლა მხოლოდ დაიწყო და რომელსაც დრო და დრო ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება, რათა დროთა განმავლობაში ახალი სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებით შეივსოს ეს თაროები და ბუქმობილი აჭარის რეგიონსაც გასცდეს, რატომაც არა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას მხარდაჭერით ეს იქნება ბავშვისა და ახალგაზრდას ასაკზე მორგებული, ინკლუზიური, გენდერულად და კულტურულად მგრძნობიარე ბიბლიოთეკა, რომელიც სოფელ-სოფელ, კარდაკარ გააფერადებს გულსა და გონებას.

_________________________________

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: