მთავარი,სიახლეები

გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

01.06.2017 • 2812
გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

ბათუმის მუნიციპალური თავშესაფარი შესაძლოა საპატრიარქოს გადაეცეს. ურეხში, ვარშანიძის 74-ში მდებარე ღამის თავშესაფარში ის მოხუცებიც გადავლენ, რომლებიც ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩაზე საპატრიარქოს სავანეში ცხოვრობენ.

ეს ინფორმაცია წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორმა, იოანე ბარამიძემ დაგვიდასტურა. მისი თქმით, პროექტი უკვე არსებობს და ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა ბათუმის წლევანდელ ბიუჯეტში რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს საპატრიარქო შენობას ზღვის პირას, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა მოხუცთა სავანეა.

„ამაზე საუბარი იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. მერიაში მომზადდა პროექტიც, რომლის მიხედვითაც ურეხის თავშესაფრის 4-სართულიან შენობას კიდევ ერთი სართული უნდა დაემატოს და დაახლოებით 180 მოხუცის მოთავსების საშუალება გვექნება. ეს იყო ბათუმის მერიის ინიციატივა, რომ შენობა გადმოეცათ ჩვენთვის. როგორც ჩანს, დაფინანსებას ელოდებიან. როდის დაფინანსდება შენობის რეაბილიტაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – გვითხრა იოანე ბარამიძემ.

კითხვაზე, რა გაიხსნება საპატრიარქოს კუთვნილ შენობაში, სადაც ამჟამად წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე ფუნქციონირებს, სავანის დირექტორი, იოანე ბარამიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, „თუმცა გამორიცხული არაა, საპატრიარქომ ინკლუზიური სწავლების საბავშვო ბაღი გააფართოოს, რაც ამჟამადაც არის ჩვენ გვერდით,“ – გვითხრა იოანე ბარამიძემ.

„ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განიხილება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში მუნიციპალური თავშეფრის საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახებ.

ეს საკითხი რომ განიხილებოდა, ამას ბადრი გოგიძე ადასტურებს. ის ბათუმის მერიის ააიპ-ის „სოციალური სერვისების სააგანტოს“ ხელმძღვანელია. ეს სააგენტო უწევს ადმინისტრირებას ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარს.

„განიხილებოდა და პროექტიც არსებობს რეაბილიტაციის, მაგრამ ამ ეტაპზე თავშესაფრის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხი აღარ განიხილება. რატომ აღარ განიხილება ახლა, ეს არ ვიცი“ –  გვითხრა ბადრი გოგიძემ.

„მუნიციპალური თავშესაფრის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება“, – უთხრა არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. ის განმარტავს, რომ მერიაში საპატრიარქოსთვის, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციისთვის თავშესაფრის გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება, ვიდრე მერია თავშესაფრის რეაბილიტაციას არ დაასრულებს. ის აზუსტებს, რომ საუბარია არა ქონების, არამედ მართვის უფლების გადაცემაზე.

„სამწუხაროდ, წელს ბიუჯეტში რეაბილიტაციისთვის თანხა ვერ გამოიძებნა. რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, ვის გადაეცემა სამართავად თავშესაფარი,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.

ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარში, ვარშანიძის ქუჩაზე, ამ დროისთვის 45 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ადამიანებს აქ მხოლოდ ღამის გათევა შეუძლიათ. თავშესაფარს მერია წელიწადში 227 500 ლარით აფინანსებს.

ბათუმის მერია აფინანსებს ასევე საპატრიაქროს კუთვნილებაში არსებულ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს – 803 ათასი ლარით. საპატრიარქო სავანეს დაახლოებით 276 ათასი ლარით აფინანსებს. ამ სავანეში 122 მოხუცი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: