ავღანეთი და იქ გატარებული წლები – რას იხსენებენ ქართველი კონტრაქტორები 

„თალიბანის შემოსვლის შემდეგ მომიწია ქაბულის ქუჩებში გადაადგილება და დამიჯერეთ, უკვე მზეც სხვანაირად ამოდის იქ,“ – ასე იწყებს საუბარს ავღანეთზე ლევან ჯანგირაშვილი.

ის ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც ავღანეთში მუშაობდნენ.

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული უბრძოლველად დაიკავა და ქვეყნის მართვა გადაიბარა, ათასობით ადამიანმა დაიწყო ქვეყნის დატოვება.

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქაბულში ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში სამოქალაქო კონტრაქტორად მუშაობდნენ, ერთი კვირა ელოდნენ ქაბულიდან გამომგზავრებას. საბოლოოდ კი საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარეებთან თანამშრომლობით გამოიყვანეს.

ლევან ჯანგირაშვილი სანამ ქაბულში სამოქალაქო კონტრაქტორი გახდებოდა, რამდენიმე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა. შესაბამისად, ავღანეთში არსებულ სიტუაციას კარგად იცნობდა.

ქაბულში, როგორც სამოქალაქო კონტრაქტორი 2018 წლის სექტემბერში ჩავიდა. ლევანის და სხვა კონტრაქტორების მისია მწვანე ზონის (სადაც განლაგებული იყო ავღანეთის ყველა ძირითადი სახელმწიფო ობიექტი) უსაფრთხოების დაცვა იყო.

თავის სამსახურზე საუბრისას, ლევან ჯანგირაშვილი ყოველდღიურ საფრთხეზე აკეთებს აქცენტს და გვიხსნის:

„წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქალაქში, მოძრაობა გადატვირთულია. არ იცი, რომელ მანქანაში ზის თვითმკვლელი ტერორისტი, არ იცი საიდან დაგეჯახება და სად აიფეთქებს თავს. ასეთ სიტუაციაში მუშაობა მაღალი რისკია“.

ქაბულის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საუბრისას, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალს“ იხსენებს და გვეუბნება, რომ ის, რაც მწერალმა საკუთარ წიგნში აღწერა, ავღანეთის და ავღანელების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

„გაჭირვებაში ცხოვრობენ. არ არსებობს საშუალო ფენა. არსებობენ ძალიან მდიდრები, რომლებიც არიან სამთავრობო კორპუსის წარმომადგენლები და არიან ღარიბები. ან ძალიან უჭირს იქ ადამიანს ან საერთოდ არაფერი არ უჭირს. მათი ცხოვრების ძირითად მიზანია გადარჩნენ და იცოცხლონ. იშოვონ საკმარისი საჭმელი, გამოკვებონ საკუთარი ოჯახი, ელემენტარული რაღაც ჰქონდეთ. ჩვენს ქვეყანას თუ შევადარებთ, იქ რომ ჩახვალ და ადგილობრივ სიტუაციას გაეცნობი, კიდევ ერთხელ ბედნიერი ხდები იმით, რომ იქ არ დაიბადე და დაიბადე საქართველოში.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ კვირაში ხუთი ტერაქტი ნორმა იყო ქალაქში. საერთაშორისო მნიშვნელობის ეს ამბები მაშინ ხდებოდა, როდესაც ამ ტერაქტებს ეწირებოდა ვინმე კოალიციის წარმომადგენელი, ნატოს ქვეყნიდან ან ევროკავშირიდან. ადგილობრივები… იქ ყოველდღე ვიღაც კვდება. მე, პირადად, ორ ტერაქტს შევესწარი. ერთი იყო, როდესაც ჩემს მეგობარს შეეჯახა თვითმკვლელი კამიკაძე. საბედნიეროდ, შეჯავშნულმა მანქანამ უშველა და ფეხი დაკარგა მხოლოდ. გადარჩა, საოცრად გადარჩა.

ქაბულის ერთ-ერთი ქუჩა მორიგი ტერაქტის შემდეგ. ფოტო: ლევან ჯანგირაშვილი

მეორე იყო მცდელობა ჩვენს ბაზაზე შემოღწევის. ღობესთან აიფეთქა თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა. საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო, ლამის თავზე დაგვენგრა შენობა, სადაც ვცხოვრობდით. ნანგრევებიდან გამოვძვერით და დავინახეთ, რომ უკვე ბაზაზე იყო შემოსული რამდენიმე ტერორისტი თვითმკვლელის ქამრებით. ასე ვთქვათ წმენდაზე შემოვიდნენ, იმ ადამიანების გასანადგურებლად, ვინც აფეთქებას გადაურჩა, მაგრამ ჩვენ ვიმარჯვეთ. რამდენიმე კაცი დაგვეღუპა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენ გავანადგურეთ ისინი.

ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. რისკი, ხიფათი, იარაღი ყოველთვის თან გაქვს, თავთან. არ იცი რა დროს რა მოხდება.

ადგილობრივებზე რა შეიძლება გითხრათ, ძირითადი ნაწილის განათლების დონე დაბალია. საარსებო პირობები, სოციალური ცხოვრების დონე დაბალია. ჯანდაცვის სისტემა მოშლილია, თუნდაც დღეს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე სრულიად უკონტროლო ვითარებაა. არავინ არ აწარმოებს იმის აღრიცხვას, რამდენია დაავადებული, რამდენია გარდაცვლილი, ვის კოვიდი აქვს, ვის რა აქვს,“ – გვიყვება ლევან ჯანგირაშვილი.

ქაბულში თალიბების შესვლის შემდეგ ათასობით ავღანელმა საკუთარი სახლი დატოვა და აეროპორტს მიაშურა. ლევან ჯანგირაშვილის თქმით, შეიძლება ყველა ავღანელი, ვინც აეროპორტში მივიდა, არ თანამშრომლობდა კოალიციურ ძალებთან, არც შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ავღანეთიდან თავის დაღწევის შანსი გაჩნდა, მისი გამოყენება გადაწყვიტეს.

„ყველა იმაზე ოცნებობს, რომ ამ ქვეყანას თავი დააღწიონ, ნორმალურად, მშვიდობიანად იცხოვრონ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

ავღანელები განსხვავებული კულტურის ხალხია და მათთან ურთიერთობას თავისებური ნიუანსები სჭირდება. ჩვენ გვყავდა ავღანელი თარჯიმნები, ვინც იცოდა ინგლისური და გვეხმარებოდნენ ადგილობრივებთან ურთიერთობის დამყარებაში. ესენი ყველა განწირულები არიან. თუმცა, როგორც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, ის იღებს პასუხისმგებლობას ამ ხალხზე და ცდილობს მაქსიმალურად გაიყვანოს ეს ხალხი ქვეყნიდან.

კინოფილმებში გინახავთ ალბათ ზომბები, რომ მოდიან და არაფერი აკავებთ, აი, ასეთ რაღაცეებს ვუყურე. ჩემი თვალით ვუყურებდი თვითმფრინავიდან რომ ცვიოდა ხალხი, ვერც წარმოვიდგენდი იმ სიმაღლეზე თვითმფრინავს თუ აყვებოდა ვინმე. რამდენიმე ადამიანი პირდაპირ ჩვენს ბაზასთან ახლოს ჩამოცვივდა.

ახლაც, ის ავღანელები, ჩვენთან ერთად ვინც მუშაობდა, მეც და ჩემს თანამშრომელ ბიჭებსაც გვწერენ: „იქნება დაგვეხმაროთ, წაგვიყვანოთ აქედან, მოწვევა გაგვიკეთოთ“.

გამორიცხულია ასეთი რამ, რადგან ჩვენ არ ვართ იმ კომპეტენციის მქონეები ვიღაცა მოვიწვიოთ ლტოლვილის სტატუსით, ჩემს ქვეყანას დავაკისრო ვალდებულებები. ეს მთავრობის გადასაწყვეტია და ჩვენ მაგ თემაში არ ვერევით,“ – ამბობს ლევან ჯანგირაშვილი.

ქაბულის აეროპორტი ფოტო: ლევან ჯანგირაშვილი

ქაბული მას შემდეგ, რაც თალიბანმა ის დაიკავა

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა, 16 ქართველი კონტრაქტორი იზოლაციაში აღმოჩნდა. გზა, რომელიც აეროპორტს აშორებდა, სახიფათო და ძნელად გასავლელი იყო. სამოქალაქო კონტრაქტორი ზაზა არაბული ქაბულში მუშაობდა ლევან ჯანგირაშვილთან ერთად. ერთკვირიან იზოლაციაში ერთად აღმოჩნდნენ.

„ჩემთვის ეს დღეები იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. აქ არ ვსაუბრობ შიშზე. შიში ნაკლებად იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ უბრძოლველად არავის არ დავნებდებოდით, ბოლოს და ბოლოს ჩვენს გამოცდილებას გამოვიყენებდით. მაგრამ ყოველი დღე იყო ახალი და ახალი ადრენალინის ზღვა. ვცდილობდით ზედმეტად არ გვეფიქრა. ერთმანეთით გადაგვქონდა ყველაფერი. ის იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. არ დამავიწყდება არასდროს,“ – იხსენებს ზაზა არაბული.

ზაზა არაბული თავის თანამშრომლებთან ერთად

ლევან ჯანგირაშვილის თქმით კი, თუ მსუბუქად შევხედავთ, მათი ცხოვრების ერთი კვირა, ეს იყო თალიბების ტყვეობაში ყოფნა.

„იმ დღეს (14 აგვისტოს) მორიგეები ვიყავით. თავად დავინახე თალიბანის რაზმები ქალაქში. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ტყვია არ გავარდნილა საერთოდ ისე შემოვიდნენ ქაბულში და ისე გადაიბარეს ხელისუფლება. არავის არ უბრძოლია. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ყველა პასუხისმგებელმა პირმა თავს უშველა. ზოგი ტაჯიკეთში გაიქცა, ზოგი სხვა პროვინციაში წავიდა. ფაქტობრივად, დედაქალაქი მიატოვეს ღვთის ანაბარა.

თალიბები არ არიან გუშინ გამოჩეკილი მებრძოლები, 30 წელია დაახლოებით იბრძვიან, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლები ჰყავთ, გამობრძმედილები და დამიჯერეთ არც დიპლომატიური ურთიერთობები ეშლებათ.

შემოვიდნენ ქალაქში, ბლოკადა გააკეთეს, გამოაცხადეს – არავის არ ვკლავთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა. 14 აგვისტოს გვიან საღამოს ადგილობრივი პოლიციის უფროსს დავურეკე. რა ხდება, სიტუაცია როგორია? მან მითხრა – მე აღარ ვარ პოლიციის უფროსი, აღარანაირი უფლება აღარ გამაჩნია, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, თალიბებმა ახალი პოლიციის უფროსი დანიშნესო.

ქალაქი ბლოკირებული იყო ყველა მოსახვევში, ყველა მნიშვნელოვან საკვანძო ადგილას უკვე იდგა თალიბანის გამშვები პუნქტები. შეჯავშნული მანქანებით პატრულირებდნენ. გადაადგილება შეუძლებელი იყო.

ჩვენი დამქირავებელი კომპანია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არავის არ შეეძლო იქ ჩვენი შველა. ბევრი საუბრობს იმას, რომ აი, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა. როგორ არა, ყველაფერი გააკეთეს, ალექსანდრე ღვთისიაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავუკავშირდით იმ დღესვე და ვუთხარით, რომ ასეთი სიტუაცია იყო. მართლაც, ამ ადამიანმა, რაც მის შესაძლებლობებში იყო, ყველაფერი გააკეთა. მუდმივ კონტაქტზე იყო, გვამხნევებდა, ეგეც დიდ რაღაცას ნიშნავს ასეთ დროს. თითქმის ყოველდღე ქაბულის აეროპორტში ჩვენ გველოდებოდა რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბორტი. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ვერ გამოვდიოდით ბაზიდან. ბაზის მთელი პერიმეტრი დაიჭირა თალიბანმა და უკვე მათ ნება-სურვილზე იყო გაგვიშვებდნენ თუ არ გაგვიშვებდნენ.

არ მინდა გავამუქო რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით, მაგრამ ფაქტობრივად ხუთი დღე ვიყავით თალიბანის ტყვეობაში.

საბოლოოდ თავად თალიბები მოვიდნენ. მათი მაღალი თანამდებობების პირები და მაღალ დონეზე მოხდა მოლაპარაკება. ზოგადად, თალიბანი ცნობილია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ტერორისტებთან არცერთი ქვეყანა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ ავღანეთის ხელისუფლებას წარმოადგენს თალიბანი.

ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ელაპარაკა, მივიდნენ რაღაც შეთანხმებამდე, რის შედეგად ჩვენ მიგვიყვანეს აეროპორტის შესასვლელამდე. ეს იყო და ეს. იქიდან უკვე ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა განახორციელა ჩვენი ევაკუაცია პირდაპირ ლონდონში“, – გვიყვება ლევან ჯანგირაშვილი.

ზაზა არაბული იხსენებს გზას ბაზიდან ქაბულის აეროპორტამდე და ამბობს, რომ ერთ-ერთი რთული გზა იყო, რომელიც ოდესმე გაუვლია.

„თალიბებმა მიგვაცილეს აეროპორტამდე. იმ წერტილიდან (სადაც თალიბებმა მიგვიყვანეს) აეროპორტის შესასვლელამდე იყო დაახლოებით 500 მეტრი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ღია სივრცე – არანაირი დაცვა, არაფერი არ ჰქონდა. თალიბანმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და წავიდა. აეროპორტის შესასვლელში იდგნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც დროდადრო ისროდნენ, რომ აეროპორტში შეკრებილი ხალხის მასა გაეფანტათ. იქ ერთი საათი შევყოვნდით.

ლოდინის დროს, როცა ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ უცხოელები ვიყავით, ალბათ ერთი 100-150 კაცი მოგროვდა ჩვენი ავტობუსის ირგვლივ. მოდიოდნენ ჩუმად და საბუთებს გვაჩვენებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ნამუშევარი ჰქონდათ ამერიკელებთან, გვეხვეწებოდნენ იქედან წაგვეყვანა. სამწუხაროდ, ჩვენ დახმარების უფლება არ გვქონდა,“ – იხსენებს ზაზა.

საქართველოში დაბრუნებული ლევან ჯანგირაშვილი ლოდინის ერთ კვირას იხსენებს და ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო:

„იქ ვინც ვიყავით, 16-ივეს გვქონდა საბრძოლო გამოცდილება, ყოფილი სამხედროები ვიყავით ყველა. ავღანეთში რომ მიდიხარ, მით უმეტეს ისეთ სამსახურზე, როგორზეც ჩვენ ვიყავით, ყველას აქვს გათავისებული რისკები, რასთანაც შეიძლება შეხება მოგვიწიოს. მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცაა დამიჯერეთ. როცა არ იცი რას ელოდები, როცა არ იცი რას გადაწყვეტ, ყოველი დღე იწყება იმაზე ფიქრით დღეს რა იქნება, დაღამდება თუ არა. ეს ფსიქოლოგიურად განადგურებს ადამიანს. მოლოდინის რეჟიმი არის საშინელება. მაგას ისევ ბრძოლა სჯობს“.

ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის დამზადებაზე 7 პირი დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით ადამიანებს აკავებენ საქართველოში.

„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

დღეს, 31 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ძვირადღირებული პრეპარატის – „ტოცილიზუმაბის“ ხელმისწავდომობაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც პაციენტების ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელებში, პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, თუმცა კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუკი კლინიკა ეუბნება მას, რომ მედიკამენტი არ აქვთ და თვითონ უნდა შეიძინოს? – გაბუნია ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ.

„მეც წავიკითხე ასეთი პოსტები ფეისბუქში, რომ იქნებ შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ, რომ იქნება პაციენტი გადარჩეს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, რადგან მედიკამენტი აქვთ მხოლოდ დიდ კლინიკებს და ჩვენ ვახერხებთ მათთან კომუნიკაციას, რომ მოხდეს პრეპარატის გადანაწილება იქ, სადაც ეს პრეპარატი სჭირდებათ. აქ არ უნდა ჩაერიოს პაციენტი და არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო.

არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტის ოჯახისთვის ამ მედიკამენტის მოთხოვნა, რადგან ბაზარზე ასე მედიკამენტი არ იყიდება. არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით არ არსებობს. თუ სადმე გაიგეთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, კარგი იქნება, თუ ჩვენც შეგვატყობინეთ“, – ამბობს გაბუნია.

მან ასევე ისაუბრა მონოკლონურ ანტისხეულებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა საქართველოში შემოიტანონ.

„ბოლო პერიოდში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პრაქტიკა აქტიურდება, ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ მონოკლონურ ანტისხეულებს და ჩვენ ვმუშაობთ მათთან იმისთვის, რომ მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში და მომდევნო 3-4 კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება,“- ამბობს გაბუნია.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კოვიდით 70-80 ადამიანი კვდება. დღევანდელი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 79 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

 

შარაბიძეებში გზა საბავშვო ველოსიპედით და ეტლით გადაკეტეს

სოფელ შარაბიძეებში მოსახლეობამ გზა გადაკეტა და საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე ძირითადად ქალები და ბავშვები არიან გამოსულები, რომლებმაც გზის გადასაკეტად ველოსიპედები,  ქვები და საბავშვო ეტლი გამოიყენეს.

შარაბიძეებში მცხოვრებლები მათ დასახლებაში ცხოვრებისთვის შექმნილ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ აწუხებთ მტვერი და ხმაური, რომელსაც ცემენტის ქარხნები იწვევს.

„მთელი ღამის განმავლობაში ისმის ხმაური. საშინელებაა. შეუძლებელია აქ გაჩერება. ვითხოვთ ფილტრები დააყენონ. ხმაური და ვიბრაცია გააკონტროლონ. არც გზა არ გვაქვს, შეუძლებელია აქ გავლა,“ – ამბობენ ადგილობრივები.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიას წერილობით მიმართეს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობიდან მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

როდის შემცირდება კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს, 31 აგვისტოს, გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა აცრებზე, მოზარდებში კორონავირუსის გავრცელებასა და სიკვდილიანობის შემცირებაზე.

„14 წლამდე ბავშვების ინფიცირება გვაქვს 15 პროცენტი, თუ 19 წლამდე ჩავთვლით, ეს არის 20 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიკვდილიანობა შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირება შემცირდება:

„თუ ჩვენ მომდევნო 2 კვირაში დავიცავთ ყველა იმ წესს – პირბადე, ვაქცინაცია, შეზღუდვების და რეგულაციების დაცვა, რაც მოწოდებულია, თანდათან სიკვდილიანობის მაჩვენებელი… იცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი პროპორციულ დამოკიდებულებაშია შემთხვევათა რაოდენობასთან. ყოველ 1000 შემთხვევაზე, სამწუხაროდ, არის 10, 15, 20-მდეც გარდაცვალება. აქედან გამომდინარე, როგორც კი შევამცირებთ ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობას, თანდათან, ერთი კვირის შემდეგ, ამას მოჰყვება სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაც“.

ამირან გამყრელიძის თქმით, დეკემბრისთვის ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში ჩამოვა ინფიცირება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია გაგრძელდება, მაღალი მაჩვენებელი იქნება პირბადის ტარების და ასევე დაცული იქნება ყველა ის წესი, რასაც დაავადებათა კონტროლი მოუწოდებს მოსახლეობას.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში გამოყენებულია 1,2 მილიონი დოზა ვაქცინა, 800 000 ადამიანი აცრილია ერთი დოზით. ხოლო 400 000 ადამიანი – სრულად.

___

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა.

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება – მთავრობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 4 ოქტომბრამდე მუშაობას ვერ განაახლებენ. შეზღუდვა ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს და სააღმზრდელო დაწესებულებებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრამდე შეზღუდვები გაგრძელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. 

ხოლო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ახალ სასწავლო წელს 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ.

დღეს, 31 აგვისტოს, კორონავირუსით ქვეყანაში 79 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია.

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს ითქვა, რომ დისტანციურად სწავლებას, ჯერჯერობით, 4 ოქტომბრამდე მოიაზრებენ.

ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც.

მოგვიანებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება, სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

„საქართველოში მოქმედი შტამებდან 80 პროცენტი ფიგურირებს დელტა შტამი, რომელიც განსაკუთრებით დაერია ბავშვებს. ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა, ამიტომ ჯანდაცვის უწყებებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ სწავლა დისტანციურად გაგრძელდეს“, – ამბობს ჩხენკელი.

ჩხენკელის თქმით,  გამონაკლისი იქნება მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც სწავლა პირდაპირ განახლდება. „გამონაკლისი იქნება მედიცინის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები“.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და „ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.“

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მასწავლებლების 100%-იც რომ იყოს აცრილი, ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, სკოლის შენობებში სწავლება მაინც არ განახლდება.

მინისტრის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს თუ არ ჩამოცდება, სასწავლო პროცესი სკოლებში არ განახლდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა 10 პროცენტს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 4 სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

ამის შესახებ  დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ სხვა შეზღუდვებზე ისაუბრა. 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში.

სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეზღუდულია საბავშვო ბაღებში, როგორც საჯაროში, ასევე კერძოში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდით 79 ადამიანი გარდაიცვალა.

79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა – 31 აგვისტო

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 7 408  ადამიანია გარდაცვლილი.

31 აგვისტოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 741 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, PCR ტესტით – 12 136. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26%, ბოლო 7 დღის – 9,76%.

ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა – 423, იმერეთი – 608, ქვემო ქართლი – 244, შიდა ქართლი – 364, გურია – 146, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405, კახეთი – 438, მცხეთა-მთიანეთი – 159, სამცხე-ჯავახეთი – 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

არ არსებობს სიკეთე, რომელიც გადაწონის ცოდნის გავრცელებით გამოწვეულ სიკეთეს – ლაშა ჯანჯღავა

ავტორი: ლაშა ჯანჯღავა, ილიაუნის მოწვეული პედაგოგი

___

როგორც დედამ მითხრა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კითხვა არ ვიცოდი, შემეძლო მეფურცლა წიგნები დაუსრულებლად. ჩემი წიგნთან პირველი შეხვედრა სწორედ ამ ასაკში მოხდა. ვიჯექი და ვფურცლავდი არაილუსტრირებულ წიგნებს, მთელი სახლის ბიბლიოთეკა „გადაკითხული“ მქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კითხვა ვისწავლე, დეიდაშვილთან ერთად ფოთში ვაწყობდით შეჯიბრებას კითხვაში – მოვინიშნავდით წიგნიდან ათ გვერდს და ვინც უფრო სწრაფად წაიკითხავდა, ის იყო გამარჯვებული. ასე დღის განმავლობაში ხან ის იმარჯვებდა, ხან – მე. რა თქმა უნდა, აზრი ვერ გამოგვქონდა, თუმცა წიგნის მიმართ სიყვარული იმ დროიდან მომყვება.

გავიდა დრო და ვკითხულობდი წიგნებს იმისთვის, რომ ჩემი ყოფა გამემართლებინა, მეპოვა ჩემი გარემოსთვის მისაღები და გასამართლებელი დეტალები. არ უარვყოფ, ხშირად ვპოულობდი და აღფრთოვანებული ვინიშნავდი ადგილებს, „ჩემნაირებსაც“ ვუზიარებდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვფიქრობ, „კითხვა“ ვისწავლე. აქამდე თუ ჩემი ყოფის უბადრუკი მატერიის შავბნელი მოცემულობიდან მბჟუტავ სინათლის ნაწილს ვებღაუჭებოდი, უკვე პირიქით, სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლე და კრიტიკული კითხვების დასმა დავიწყე – „გავბედე აზროვნება“; „გამოქვაბულიდან“ თავის დაღწევის გზებს ვეძებდი და სწორედ კითხვა დამეხმარა ამ გზის პოვნაში. (პროცესი, შესაძლოა, დაუსრულებელიც კი იყოს, თუმცა მთავარია, სტატიკურად არ ვდგავარ).

მე კულტურის სუბიექტური ბუნება შევიცანი…

კულტურა როგორც კი შემოდის ადამიანის ეგზისტენციაში და ცხოვრების წესებსა და საზღვრებს ადგენს, ერთადერთი, რაც ამ საზღვრების დანგრევაში გვეხმარება, არის წიგნი. ჩვენთვის დაწესებული დოგმები, ქცევის წესები და ერთფეროვნება ირღვევა მაშინ, როდესაც წიგნის დახმარებით უამრავ სხვა სამყაროსა და კულტურას ვეცნობით. ვხვდებით, რომ მხოლოდ „ჩვენი“ კულტურა არ არსებობს და იგი უნივერსალური არ არის. ეტაპობრივად იმასაც ვიაზრებთ, რომ წიგნთან ურთიერთობის შემდეგ გარკვეული გაგებით „უკულტუროებიც“ კი ვხვდებით და ვფიქრობ, ეს ინდივიდის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

უნდა აღინიშნოს, რომ „უკულტუროები“ საბოლოოდ თავად ქმნიან ახალ, მოდერნიზებულ კულტურას, რომელიც სრულიად განსხვავდება ძველისგან; ახლის შესაქმნელად კი საჭიროა ძველის გაანალიზება და გარდაქმნა, რაშიც ისევ და ისევ წიგნი გვეხმარება.

ადამიანს, რომელიც კულტურას გაურბის, მხოლოდ ორი რამის იმედი შეიძლება ჰქონდეს – საკუთარი თავისა და წიგნის. მარტო დარჩენილი ადამიანი სვამს კითხვებს, მუდმივად ძიების პროცესშია, რადგან მისთვის ყველა აქამდე პასუხგაცემული კითხვა საეჭვო ხდება; სურს თავად ეძიოს კითხვებზე პასუხები და აი, ეს არის მისი, როგორც გონიერი არსების, მთავარი ფუნქცია. სწორედ საკუთარი თავის აღმოჩენისა და ჩვენი ფუნქციის შესასრულებლად გვჭირდება მჭიდრო ურთიერთობა წიგნთან.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ხალხი წიგნებს არ კითხულობს; პრობლემა აღქმაა. ჯერ ვერ გავაცნობიერეთ, რომ კითხვის პროცესი გულისხმობს განსჯასა და გაგებას. ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა გავთავისუფლდეთ კულტურისგან, რომელიც ცდილობს, ყველა ერთნაირად წარმოგვაჩინოს.

პროექტი „მოგზაური ბიბლიოთეკა“  მნიშვნელოვანია, ვინაიდან არ არსებობს სიკეთე, რომელიც გადაწონის ცოდნის გავრცელებით გამოწვეულ სიკეთეს.

ეს პატარა წერილი კი ეძღვნება აკაკის, ჩემს დეიდაშვილს, რომელთან ერთადაც ათ-ათ გვერდად დავიწყე წიგნის სიყვარული.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

ჩვენი მასწავლებლების 70-80 პროცენტი აცრილია – ბათუმის 4 სკოლის დირექტორი 

ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების 70-80 პროცენტი ვაქცინირებულია. „ბათუმელები“ ოთხი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, აღნიშნული სკოლები მაღალკონტინგენტიანია.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ 125 თანამშრომლიდან 82 აცრილია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„ნაწილი კი, ვინც დარჩა, ზოგს პირველი დოზა აქვს გაკეთებული და მეორეს ელოდება. ნაწილს რაღაც ჩვენება აქვს“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

მარიზა აბაშიძის თქმით, სკოლა მზადაა იმისთვის, რომ მოსწავლეები მიიღოს და დაიცვას სკოლის შიგნით უსაფრთხოება, მაგრამ დღეს არსებული ეპიდსიტუაცია მაინც საფრთხის შემცველია. „გააჩნია, როგორი ვითარება იქნება 15 სექტემბრისთვის. შესაძლოა დასტაბილურდეს სიტუაცია“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

მე-18 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან დავითაძეც ამბობს, რომ სკოლის თანამშრომელთა 70 პროცენტი აცრილია.

„დარჩენილი ნაწილიდან ერთი კლინიკაში მკურნალობს კოვიდზე, ნაწილს გადატანილი აქვს და დროის გასვლას ელოდება, რომ აიცრას“, – ამბობს რუსუდან დავითაძე.

მისი თქმით, სკოლაში უსაფრთხოების თვალსაზრისით იდეალური მდგომარეობაა. „თუმცა თუ მშობლები და ბავშვები არ აიცრებიან, ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. იყო კატეგორია მშობლების, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეშინოდათ და შემდეგ მაინც გამოუშვეს ბავშვები სკოლაში. თუმცა რამდენიმე მოსწავლე არ მოვიდა სკოლაში და ბოლომდე დისტანციურად ისწავლა“, – აცხადებს დირექტორი.

ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ამ სკოლაში 110-დან 75 თანამშრომელი აცრილია.

„ის, ვინც არ არის ამ დრომდე ვაქცინირებული, აქედან შვიდ-რვას კოვიდი აქვს. ზოგი დასასვენებლად იყო წასული და ახლა დაბრუნდა ქალაქში. ნაწილი ერთი დოზით აცრილია და ჯერ არ უწევს მეორე დოზა. ვფიქრობ, სექტემბრისთვის 80 პროცენტი იქნება აცრილი. მე კოვიდი გადავიტანე, თუმცა „ასტრაზენეკათი“ ავიცერი შემდეგ“, – გვითხრა ნუგზარ სურმანიძემ.

1800 მოსწავლე სწავლობს შარაბიძეების საჯარო სკოლაში. ამ სკოლის დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, 100 თანამშრომლიდან 10-ს კოვიდი აქვს, ნაწილი კი ერთი დოზითაა აცრილი.

„70 პროცენტი ვაქცინირებულია. სკოლა მზად არის, რომ დაიცვას ყველა რეგულაცია, თუმცა რისკი მაინც არსებობს, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროს წინა წელს იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეებს გადაედოთ ვირუსი. ამიტომ, როგორც საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით ჩვენც“, – გვითხრა მან.

რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, სკოლის დირექტორების თქმით, დისტანციური სწავლების მიუხედავად, გასული წლის აკადემიური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია.

„პირველკლასელების შედეგები მაინტერესებდა და გადავამოწმე. არაუშავს, საკმაოდ კარგი შედეგები იყო. არ იყო იმაზე ცუდი, პირისპირ სწავლებისას რაც გვქონდა: ისეთი ბავშვები, რომლებსაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ, პანდემიამდეც გვყავდა“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

მარიზა აბაშიძის თქმით, მოსწავლეებში დამაკმაყოფილებელი იყო აკადემიური მოსწრება და ამაში ძალიან დიდი იყო მშობლების წვლილი. „ისინი თანმიმდევრულად და სწორად იყვნენ ჩართული პროცესში. პირველკასელებმა შეძლეს წერა-კითხვის შესწავლა. უფრო კომუნიკაციის პრობლემა იყო, ვიდრე მოსწრების“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

აჭარის მასშტაბით სულ 229 საჯარო სკოლაა, მათ შორის, 27  ბათუმში. ______________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ხელოვნური ნაგებობებისა და ხიდების მშენებლობას, რეაბილიტაციას და მოვლა-შენახვას.

მიმდინარე წელს 34 მიმართულებით 60 645 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა, განხორციელდება 18 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაგეგმილია 306 ხელოვნური ნაგებობის სხვადასხვა მიმართულებით მოწყობა და 113 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგება.

რამდენიმე მიმართულებით სამუშაო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, ხოლო დარჩენილ მიმართულებებზე ხორციელდება სამუშაო პროცესი.

  • მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობისა და მოვლა-შენახვისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 009 000 ლარი დაიხარჯება.

ამ ეტაპზე ქობულეთში 7 მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო 3 მიმართულებით: თეთროსანი-ზედა ხუცუბნის 1973 მეტრ მონაკვეთზე, ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთსა და ალამბარი-ბასილაძე-შავიშვილების მიმართულებით 800 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დაბა ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე 1158 მეტრ მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტებით ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი ეწყობა. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ინსტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საფარის დაგების სამუშაოები.

დასრულდა ასევე აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

530 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო, ამ ეტაპზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტირებული გზა სოფელ ლეღვასა და ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს.

ახალი გზით 50 ოჯახი ისარგებლებს.

ასევე ქობულეთში სხვადასხვა მიმართულებით 20 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

დასრულდა ასევე აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა შენახვისათვის 11 052 000 ლარი დაიხარჯება.

ამ ეტაპზე კაპანდიბი-ახალისოფლისა და ახალშენი-სამებას საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხელვაჩაურში მნიშვნელოვანია ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია-შეკეთება, სადაც ხელოვნური ნაგებობების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელში, სადაც 70 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა.

ახალი პროექტით ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა ხორციელდება, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ასევე ხელვაჩაურში სხვადასხვა მიმართულებით 20 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
  • მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისათვის 10 616 000 ლარი დაიხარჯება.

ქედაში მნიშვნელოვანი ტურისტული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მახუნცეთი-ზედა მახუნცეთის საავტომობილო გზის 1270 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები.

აღნიშნული გზით კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს სოფელში მცხოვრები 60 ოჯახი, ასევე ვიზიტორებიც.

 

ქედის მუნიციპალიტეტში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს. სამუშაოები სპეციალური ტექნიკით ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ხიდზე მალების მონტაჟი, განაპირა ბურჯზე ფრთების მოწყობა და ძველი ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს.

ახალი ხიდით სოფლების – აბუქეთას, კანტაურასა და ტიბეთას მოსახლეობა ისარგებლებს. ხიდი სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ასევე ქედაში სხვადასხვა მიმართულებით 21 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
  • მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისათვის 10 883 580 ლარი დაიხარჯება.

ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით საავტომობილო გზის 2215 მეტრ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური ნაგებობები და სანიაღვრე არხები.

აღნიშნული გზა უკავშირდება ჭვანისა და ბარათაულის თემებს.

რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

ასევე შუახევში სხვადასხვა მიმართულებით 18 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
  • მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის და მოვლა შენახვისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში 11 253 190 ლარი დაიხარჯება.

ხულოში მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მწვანე ტბიდან შავ ტბამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში  4250 მეტრ მონაკვეთზე არმირებული წესით ცემენტ-ბეტონის საფარს დააგებენ.

რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.

ასევე, დანისპარაული-ველათი-ალმის იაილას მიმართულებით დააგებენ არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის გზის საფარს.

დასკვნით ეტაპზეა ყინჩაური-წაბლანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 900-მეტრიანი მონაკვეთი. უკვე დასრულდა საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, მილებისა და ზღუდარების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

რეაბილიტირებული გზით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

ხულოში სხვადასხვა მიმართულებით 21 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ასევე დანისპარაული-ველათი-ალმის იაილას მიმართულებით მოხდება არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.
ასევე დანისპარაული-ველათი-ალმის იაილას მიმართულებით მოხდება არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.

 

 

რა უნდოდა სუს-ში აჭარის ფინანსთა მინისტრს?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დღეს, 30 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] მივიდა. სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით, მინისტრი არ გამოუკითხავთ და მას მხოლოდ ერთ საქმეზე „ინფორმაცია გააცნეს“.

„ჯაბა ფუტკარაძე არ გამოუკითხავთ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში. აქ არც ის დაადასტურეს, რომ ჯაბა ფუტკარაძე სუს-ში იმყოფებოდა.

სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით კი, ჯაბა ფუტაკარაძეს სუს-ში ინფორმაცია გააცნეს ქობულეთში რამდენიმე თვის წინ ქრთამის აღების საქმეზე.

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ვიტალი ქარცივაძე 2021 წლის 18 მარტს დააკავა. მაშინ სუს-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვიტალი ქარცივაძემ მიწის კონკრეტული ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა, ხოლო 2 ათასი აშშ დოლარი წინასწარ აიღო.

სუს-ის პრესცენტრში დღეს განმარტეს, რომ ამ საქმეში მოწმეებმა დაასახელეს ჯაბა ფუტკარაძეც, რომელიც საბოლოოდ არ გამოუკითხავთ და არც დღეს ჰქონია გამოძიებას მინისტრთან კითხვები.

რას გულისხმობს „ინფორმაციის გაცნობა“ და რატომ ჩათვალა საჭიროდ სუს-მა, რომ მინისტრისთვის, რომელსაც საქმეში არანაირი სტატუსი არ აქვს, ინფორმაცია უნდა გააცნოს? – სუს-ის პრესცენტრში მოკლედ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მსგავსი პროცედურა დასაშვებია.

„საქმის მასალებს, როგორც წესი, აცნობენ დაზარალებულებს,“ – ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, თუმცა ის დასძენს, რომ მასაც სმენია მსგავსი პრაქტიკის შესახებ, როცა გამონაკლის შემთხვევებში საქმის მასალებს დაინტერესებულ პირებს აცნობენ და ეს საგამოძიებო ორგანოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

პატიმრების 66 % ვაქცინირებულია ერთხელ, 55 % ორჯერ – გაბუნია

„გამიჭირდება ამ ციფრის დასახელება, მაგრამ სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი,“ – უპასუხა დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პატიმრების კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, იცოდა თუ რამდენი პატიმარია ინფიცირებული, რადგან ადვოკატების თქმით, ათეულობით პატიმარია კორონავირუსით დაავადებული.

პატიმრის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პატიმრის დედაც ესაუბრა. მისი თქმით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში.

„მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში, ერთხელ ვაქცინირებულია ამ დროისთვის პატიმრების 66 პროცენტი, ხოლო ორჯერ ვაქცინირებულია 55 პროცენტზე მეტი, თანამშრომლების ვაქცინაცია დაიწყო აპრილის ბოლოდან. თანამშრომლების 80 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულია, ხოლო ორჯერ ვაქცინირებულია – 62 პროცენტი. ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადადების ალბათობა არის დაბალი,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, პატიმრების მისაღებად ასევე მზადაა კონკრეტული კლინიკები, თუმცა რამდენ პატიმარს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა, ეს ციფრი მინისტრის მოადგილეს არ დაუსახელებია.

რამდენი ბრალდებული  და მსჯავრდებულია ინფიცირებული covid 19 – ით, რამდენს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა და როგორ მოხდა პატიმრების ინფიცირება მკაცრად კონტროლირებად ტერიტორიაზე? – ამ კითხვებით პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს დღეს დილით მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

კლინიკები გადატვირთულია – გაბუნია ეპიდსიტუაციაზე

„შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული. კლინიკები გადატვირთულია. თითქმის 8 700-მდეა მობილიზებული საწოლების რაოდენობა, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს სექტორი. ამიტომ ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მონაცემი აჩენს იმედს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის.

„არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები, ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი. მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა. პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა ჩატარებული, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს კიდევ ესკალაცია.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვიცით, რომ გარდაცვალების შემთხვევების კვლევას სჭირდება გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას შემდეგ უკვე მოჰყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია.

ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა,“ – თქვა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, კლინიკები როტაციის პრინციპით ცდილობენ გაუმკლავდნენ ექიმებისა და ექთნების გადაღლილობას.

___

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 78 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის აჭრაში 8. ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვალების კლების ტენდენციას შემდეგი ორი კვირა არ ელოდება.

30 აგვისტოს მდგომარეობით, კოვიდით ქვეყანაში სულ 7 329 ადამიანია გარდაცვლილი.

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა სკოლებში – თამარ გაბუნიას განმარტება

დღეს, 30 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი პედაგოგები აიცრებიან და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, არის ყველაზე სასურველი მოდელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში, ასე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან.

თუმცა, ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება. ამიტომ პედაგოგთა ვაქცინაცია და ეპიდსიტუაცია – ეს ორი წინაპირობაა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სწავლა განახლდეს,“- ამბობს გაბუნია.

განათლების სამინისტროს ინფორაციით, ამ დროისთვის პედაგოგების მხოლოდ 46 პროცენტია აცრილი.

რატომ არ მუშაობს ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერები? – ენმ-ს კითხვა მერიას

„ქალაქში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები არ მუშაობს, ანტისანიტარიაა, ნახეთ, ყველგან ქვებია ზემოდან დაწყობილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პარტიული საარჩევნო სიის მეორე ნომერი. მან დღეს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ნაგვის ერთ-ერთ კონტეინერთან ბრიფინგი მოაწყო.

რეზო ხარაზის თქმით, მიწისქვეშა კონტეინერებისთვის ბოლო წლებში ასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ ხერხდება.

„მაგალითად, 2015 წელს მოეწყო ბათუმში 25 ადგილზე მიწისქვეშა კონტეინერი და ჯამში 80 ათას ლარამდე დაიხარჯა. შემდეგ წლებში კიდევ დაამატეს… არც ერთი კონტეინერი დღეს არ მუშაობს. სანდასუფთავების თანამშრომლებისგან გამიგია, რომ რამდენჯერმე ხელით დაასუფთავეს კონტეინერი, რადგან ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდა… თუ არ მუშაობს, მაშინ უნდა დალუქონ, მაგრამ დალუქულიც არაა, ქვები მოაწყვეს, მაგრამ ზოგიერთ ადგილზე ისევ ყრიან ნაგავს,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ განმარტებას „ბათუმის სანდასუფთავებაში“ გააკეთებენ, თუმცა ამ დრომდე უწყებაში ჩვენს სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხეს.

29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან გრანტი 6 500-მა მოიპოვა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 – მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

„რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.

სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6 500-ზე მეტ  სტუდენტზე,  სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი. „წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333“.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა დაახლოებით 3%-მა ისარგებლა – სულ შევიდა 3355 სააპელაციო განაცხადი, მათგან შეფასება შეიცვალა 1 435 შემთხვევაში.

__________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ეროვნული გამოცდები.

აჭარაში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – 30 აგვისტო

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდით გარდაიცვალა 8 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 1 012 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე, კოვიდსასტუმროში კი – 1 026 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი.

78 გარდაცვლილი, 1 915 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 7 329 ადამიანი გარდაიცვალა.

30 აგვისტოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 411 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, PCR ტესტით – 9 106. 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.04%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარაში – 247, იმერეთში – 180, ქვემო ქართლში – 88შიდა ქართლში – 140, გურიაში – 72სამეგრელო – ზემო სვანეთში – 171, კახეთში – 174მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

 

ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონება სოფლის ბიბლიოთეკებს უკავშირდება | მარინა გიორგაძე

ავტორი: მარინა გიორგაძე, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

___

მადლობა „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, ამ შესანიშნავი პროექტის ავტორებს: „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელიც აჭარის 65 მაღალმთიან სოფელში იმოგზაურებს და ბავშვებსა და მოზარდებს ახალ წიგნებს ჩაუტანს სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის!

სიამოვნებით ვუერთდები „მოგზაური ბიბლიოთეკის“ სოციალურ პროექტს (თანხა წიგნების შესაძენად შემოწირულობებით გროვდება), ვიწვევ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა პროფესორ-მასწავლებელს.

დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები და მეგობრები სიამოვნებით შემოუერთდებიან ამ კამპანიას. გავერთიანდეთ ამ შესანიშნავი იდეის ირგვლივ, ერთი წიგნის შესაძენი თანხაც საქმეა, როცა

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვების 44%-ს საქართველოში 3 საბავშვო წიგნიც კი არ აქვს.[/highlight]

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება სწორედ სოფლის ბიბლიოთეკებს უკავშირდება, ზაფხულობით დასასვენებლად სოფელსა თუ სააგარაკო დაბებში ჩასული, აუცილებლად ვსტუმრობდი იქაურ ბიბლიოთეკას და მათი მკითხველი ვხდებოდი. მეორე წელს ისევ მივაშურებდი იმავე ბიბლიოთეკას და ახალი წიგნები რომ არ მხვდებოდა, ხშირად იმავე წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ განსხვავებულად. ამიტომ, კარგად ვიცი, არასდროს კმარა დიდი წიგნების ერთხელ წაკითხვა, ეს ტექსტები მუდამ გვაბრუნებენ თავისთან და სხვაგვარად გვაკითხებენ თავს.

ბოლო წლებია, უფრო სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა მიწევს, ვიდრე მხატვრულის, მაგრამ მერწმუნეთ, ისტორიული, ფილოსოფიური, ზოგადად, სამეცნიერო წიგნებიც დიდი ინტერესით შეგიძლიათ წაიკითხოთ და ცოდნის გარდა ინტელექტუალური სიამოვნებაც მიიღოთ. ასეთი წიგნებითაც უნდა შეივსოს სასკოლო ბიბლიოთეკები.

სულ მგონია, რომ წიგნი ცოცხალი არსებაა, გესაუბრება, ემოციებით გავსებს, დღემდე ჩემს ბიბლიოთეკაში ყველაზე ძვირფასი ბავშვობიდან გამოყოლილი დედაჩემის ნაჩუქარი ილია ჭავჭავაძის ორტომეული და მამაჩემის ნაჩუქარი „ათას ერთი ღამის“ ტომებია (ზღაპრების წიგნი რომ ეგონა, ასეცაა, მაგრამ…), მიძღვნითი წარწერებით, სულს რომ მითბობს. სულ მახსოვს ბუკინისტებთან შეძენილი ჩემი ერთი პატარა გაცრეცილ ფურცლებიანი, მოცისფრო ყდით, წიგნი, უფრო წიგნაკი, რომელთან ერთად მთელი სტუდენტობა გავატარე, „ლათინურ-ქართული ლექსიკონი“, სულ ვკარგავდი, მერე ვპოულობდი, ბოლოს მაინც დავკარგე, მაგრამ სულ მახსოვს, მრავლისმთქმელი წარწერით: Habent sua fata libelli. მართლაც, წიგნებს თავისი ბედი აქვთ და უმბერტო ეკოსი არ იყოს, ამ ბედს ჩვენ, მკითხველებს გვიზიარებენ. ამიტომაა წიგნებთან ერთად ცხოვრება ასეთი დაუვიწყარი და საინტერესო თავგადასავალი!

შეკითხვა, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი, ისეთივე უაზრო და უსაფუძვლო მგონია, როგორ კითხვა „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“

ვერასდროს გავაკეთებ არჩევანს „ბიბლიას“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“, შექსპირის „ჰამლეტსა“ და „მეფე ლირს“, სერვანტესის „დონ კიხოტსა“ და სხვა უამრავ დიდ წიგნს შორის, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემი მეგზური იყო და ბევრი რამ მასწავლა, ან ვერ მასწავლა, მაგრამ მითხრა მაინც!

რომელი წიგნები ვიკითხოთ და რატომ? ისე კარგად აგვიხსნა კაცმა, რომელსაც ლიტერატურა მართლაც უყვარდა, უკეთ ვერ იტყვი, თუ რატომაა „სასწაული, იყო მკითხველი“. ჩვენ, მკითხველებს ხომ, ჩვენს საყვარელ წიგნებთან და პერსონაჟებთან ერთად ყველაფერი გვინახავს და განგვიცდია:

„მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც – ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია… ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო… და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, – ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის – ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად… როგორ… მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე… ადამიანის ფასიც იცი და გახსენდება, მაინც რომ აუცილებელია ხანდახან სიმარტოვე და რომ შეიძლება ხანდახან ქალაქგარეთ გასეირნება, რომ კიდევ არსებობს ღულელებისა და ნიჩბისის ტყე, და ღრმა გამოქვაბულები, სადაც შეგიძლია დიდხანს იჯდე, მოკუნტული, სიბნელესა და სინოტივეში და მერე, გამოსვლისას, მზის ძალუმ შუქზე თვალები ახამხამო და, ხელმეორედ დაბადებულმა, გაიფიქრო რომ ქვეყანა – დიდია და მშვენიერი, და როცა ათასგვარ სიკეთეს იგემებ, დაწყებულს უბრალოთი, როგორიცაა, ვთქვათ, გაგანია სიცხეში ზღვა და გათავებულს ზოგადი, ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომლის გამხელაც ბოდიში და, არ შეიძლება – თვითონ უნდა მიხვდეთ და, მიმხვდარი, შეიძლება პირქუშიც გახდე, მაგრამ ეს – სიყვარულის სიპირქუშეა, ეჰ…

ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე, ხან – გაცოფებული, თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც – მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები, ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ აუცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე, რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია, ვინაა ჩვენთან მარანია და ტენორიო, რადგან მთავარი დონ ჟუანები – ეს ჩვენა ვართ… – დონ ჟუან მკითხველიოები, ჰეეი, ვინ არ გვყვარებია, რანაირიღა ქალი… სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია, გაღუნული დანით – მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები – კაატინგა მიკაფია, ოკეანეში თეთრ მტრედს დავდევდი, მგონი, მიყვარდა, მთათა მწვერვალზე მიოცნებია და ამისათვის ოო, როგორ ვუწამებივართ, კატას – ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე, რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს…“ (გ. დოჩანაშვილი)

ამ საოცარმა კაცმა, რომელსაც ლიტერატურა ასე უყვარდა, ისე უბრალოდ აგვიხსნა დიდი მწერლებისა და წიგნების საიდუმლო, რომ არისტოტელეს „კათარსისის“ თეორიაც უკან მოიტოვა:

– მე, საყვარელო, ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება – როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს… რა, არა გჯერათ? – და რესპონტენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: – „დონ კიხოტი“, – მკლავს გვაჩვენებს და, სიმართლე – სიმართლედ: დაბურძგლულია…“

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის იმედით, რომ ცოტათი მაინც უკეთესები გავხდეთ! ყოველ შემთხვევაში, თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაგვახსენდეს, არამედ სულ სხვა რამ, უფრო…

ჩემო პატარა მეგობრებო, თუ ისეთი „ბედნიერი მოსალოცები“ ხართ, რომ ჯერ პატარა უფლისწულსაც არ შეხვედრიხართ, მაშინ უსათუოდ ამით დაიწყეთ – ამ საოცარი წიგნით პატარებისთვის და იმ დიდებისთვის, ოდესღაც რომ პატარები იყვნენ, წიგნი მარტოობის, მეგობრობის, სიყვარულის, სასოწარკვეთისა და გადარჩენის, იმედის შესახებ! და არასდროს დაგავიწყდებათ აქ ამოკითხული ჯადოსნური ფრაზები:

  • როცა საიდუმლო მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს, არ დაემორჩილოს მას…
  • ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა…
  • ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს…
  • საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები…
  • საქმე ისაა, რომ რად დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება…
  • ადამიანები?.. არავინ იცის მათი ასავალ-დასავალი. ალბათ ქარი თუ ერეკება სადმე. მათ ხომ ფესვები არა აქვთ. უფესვოდ კი ძალიან ძნელია ცხოვრება…

ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი…

ადამიანები… ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან…

შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ… ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა…

სულ პირდაპირ თუ ივლი, შორს ვერ წახვალ…

მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი…

მარტო ბავშვებმა იციან, რასაც დაეძებენ…

როცა ხორხე ლუის ბორხესი თავის ბიბლიოთეკაზე საუბრისას დასძენს, „ახლა, ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სულ მუდამ ვფიქრობ უამრავ ლოდზე, რომელთა გადაბრუნებაც ვერ მოვასწარი, და ისეთებზეც, კვლავაც სიხარულით რომ შევეჭიდებოდი“, მახსენდება ბასილი კესარიელის „წერილი ახალგაზრდებს“… რომელშიც ურჩევს მათ, რა და როგორ იკითხონ და ძველ ანდაზას იხსენებს: „დასძარი ყოველი ქვა, რომლისგანაც კი, რაიმე სარგებელი გექნებათ“.

ჩემო პატარა მეგობრებო, ვიკითხოთ წიგნები და ვეცადოთ მაინც, გავხდეთ უკეთესები!

სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს

სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 7 988 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის გეგმავს „როგორც ვირტუალურ, ასევე სტანდატრულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას და საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას“.

„სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
ამდენად, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, დროული ნაბიჯების განხორციელება ინდუსტრიის სწრაფი და ეფექტიანი აღდგენისთვის, რაც გულისხმობს მიზნობრივ ბაზრებზე სწორი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებას, კერძო სექტორის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას და ტურისტული ნაკადის სწრაფ და გრძელვადიან აღდგენას“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის განაცხადში.

ამ განაცხადის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი პრიორიტეტია:

  • „შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე, ქვეყნის იმ ტურისტული პროდუქტების წარმოჩენა, რომელიც აქტუალურია კოვიდ 19-ის გათვალისწინებით“.
  • „აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, პოტენციური მომხმარებლებისათვის კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზებასა და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას.“
  • „სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, ადმინისტრაცია ასევე ახორციელებს მონაცემების შესყიდვას საქართველოში არსებული საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების შესახებ“.
  • „დაგეგმილია ადმინისტრაციის ახალი პორტალის შექმნა, კონტენტის მომზადება და მართვა. ადმინისტრაციის ყველა არხის განახლება ახალი ციფრული სტრატეგიის შესაბამისად. ზემოხსენებული მნიშვნელოვანია ვინაიდან ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებული პორტალი და სოც.ქსელები ქვეყნის მთავარი ტურისტული საკომუნიკაციო არხებია. მოხდება ყველა აქტივობის მუდმივი რეპორტინგი“.

ძირითადი ღონისძიებები და სავარაუდო ღირებულება:

  1. რეკლამა საერთაშორისო არხებზე (30/15 წამიანი სარეკლამო ვიდე რგოლის განთავსება) – სავარაუდო ღირებულება – 1 800 000 ლარი;
  2. ციფრული მომსახურების შესყიდვა – 1 500 000 ლარი;
  3. FB& IG რეკლამა & ციფრული მედია მარკეტინგი – 500 000 ლარი;
  4. წარმომადგენლობითი კომპანიების მომსახურება მიზნობრივ ბაზრებზე – 3 000 000 ლარი;
  5. რეგიონების პოპულარიზაცია: რაჭისა & სვანეთის პოპულარიზაცია – 1 000 000 ლარი;
  6. გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია – 176 000 ლარი;
  7. საქართველოში არსებული ბრენდის სასტუმროების სტატისტიკური მონაცემები -12 000 ლარი

ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა/ბაზრობებში მონაწილეობისთვის საგამოფენო სტენდის აგების მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი სატენდერო პროცედურების ჩატარება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან ორგანიზაციები და აგრეთვე მათი ქვეკონტრაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ მომსახურებებს საზღვარგარეთ, ელექტრონული ტენდერის პროცედურებში მონაწილეობას არ იღებენ“.

ამასთან,  „ციფრული მომსახურების შესყიდვა კი, მიზანშეწონილია OUTSOURCE კომპანიისგან. ვინაიდან პორტალის ინფრასტრუქტურის აგება და ეფექტური კონტენტის შექმნა აღნიშნული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოს ფარგლებში კი კომპეტენტური კომპანიის მოძიება სირთულეებთან არის დაკავშირებული, მიზანშეწონილია მოხდეს კონკრეტული კომპანიების მოძიება და კვლევის ფარგლებში შემსრულებლის გამოვლენა“.

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

მთავარი ფოტო: ბათუმი, 29 აგვისტო, 2021 წელი

ბათუმი-ახალციხის გზაზე, დაბა შუახევთან, მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზ,ე დაბა შუახევთან, ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა უთხრა, რომ შეფერხების მიზეზი, როგორც მათ უთხრეს, გზაზე მიმდინარე სამუშაოებია:

„არის საცობი, თითქმის ნახევარი საათი ვიდექით, გვითხრეს, რომ კიდევ საათ-ნახევარი მოგვიწევდა ლოდინი, თუმცა ახლა [16:00 სთ.] მოძრაობა ცალმხრივად გახსნეს. ბათუმიდან ხულოს მიმართულებით ამ დროისთვის მანქანები გადაადგილდება; ხულოდან ბათუმის მიმართულებით კი, მოძრაობა კვლავ შეჩერებულია. მოწყობილია დროებითი გზა, რომელიც გვერდს უვლის იმ ადგილს, სადაც კლდე ააფეთქეს და სამუშაოები მიდის.“

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე შეფერხებები სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა პერიოდულობით ამ ბოლოს ხშირია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეფერხებების შესახებ ინფორმაციას თავის ვებგვერდზე წინასწარ აქვეყნებს, თუმცა, დეპარტამენტის გვერდზე, 29 აგვისტოს ამ გზაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ დევს.

თვითმხილველის თქმით, მოძრაობას აქ საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18– 23 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს, აჭარაში ზოგან, საღამოს და ღამით მოსალოდნელია ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

გადამხდელებისთვის უფასო იქნება შემოსავლების სამსახურის რიგი ელექტრონული მომსახურება 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც მომსახურების გაწევის მოთხოვნით სამსახურს განცხადებას [ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან] ელექტრონული ფორმით წარუდგენენ, ახალი შეღავათები 2021 წლის 25 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეღავათები გულისხმობს მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდის ახალ პირობებს, მათ შორის, რიგ შემთხვევებში საფასურის გადახდისგან სრულად გათავისუფლებას ან განახევრებას.

„ცვლილება ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებას და დისტანციური სერვისებით სარგებლობას, რისი მნიშვნელობაც განსაკუთრებით თვალნათლივ წარმოჩინდა გლობალური პანდემიის პირობებში. ამასთან განცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურ რეჟიმში, ნებისმიერ დროს.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

განცხადებების ჩამონათვალი, რომელთა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაშიც პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან:

•    საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
•    საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
•    გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენის შესახებ;
•    მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
•    მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
•    ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა;
•    გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში);
•    ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაცია.

საფასურები განახევრდება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში შემდეგ განცხადებებზე:

•    საგადასახადო ორგანოსთან შედარების აქტის გაფორმების შესახებ;
•    შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია სტაციონარული ობიექტებისათვის-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის;
•    მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის.

საფასურის გადახდის ახალი პირობით სარგებლობა მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს მიმართავს თხოვნით, „საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები“.

აჭარაში 11 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 385 ახალი შემთხვევა

29 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ამ დროისთვის აჭარაში მართვით სუნთქვაზეა 40  პაციენტი.

რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 1 007 პაციენტი; კოვიდსასტუმროში – 1252, ხოლო ბინზე [ონლაინკლინიკაში] – 5 788 პაციენტი.

29 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში კოვიდით 76 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 29 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აჭარაში სულ ჩატარებულია 137 870 აცრა, აქედან ერთი დოზით აცრილია აჭარის მოსახლეობის 27%, ხოლო 2 დოზით – 12.1%.

გამყრელიძე: 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ ამოიწურა – მეორე დოზა შენახულია ყველასთვის

76 გარდაცვლილი და 2 669 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

29 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში კოვიდით 76 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 217 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.49%, 7 დღის მანძილზე  – 10.15%.

ამ დროისთვის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 543 118 , ბოლო 24 საათში – 2 669
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 482 732 , ბოლო 24 საათში – 6 177
  • მათ შორის გარდაცვლილი – 7 251 , ბოლო 24 საათში – 76
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25 217, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 027, PCR ტესტით – 10 190
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,58%, ბოლო 14 დღის – 10,49%, ბოლო 7 დღის – 10,15%
  • სულ ჩატარდა – 1 145 925 აცრა, დღიურად აცრილია – 20 678
  • კარანტინის რეჟიმში – 113
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7 571
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3 072

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარაში – 385, იმერეთში – 327, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 129, გურიაში – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 183, კახეთში – 247, მცხეთა-მთიანეთში – 75, სამცხე-ჯავახეთში – 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში – 700, აჭარაში – 162, იმერეთში – 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი,  მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 40, იმერეთში – 28.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 799 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 127, აჭარაში – 6 529, იმერეთში – 4 063.

 

გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

ბერმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ასპინძაში, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ბერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უკანონო მშენებლობას აწარმოებს, კერძოდ, სატრაპეზოს აშენებს. სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად იყო ჟურნალისტი მონასტერში მისული.

კადრებში, რომელიც „ფორმულამ“ გაავრცელა ჩანს, რომ ჟურნალისტი დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ბერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის წარმოების ნებართვა და იყო თუ არა შეთანხმებული კულტურის სამინისტროსთან.

კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ბერმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

„კულტურული მემკვიდრეობა რას ნიშნავს, ძეგლთა დაცვაზე ამბობ? ერთ რაღაცას გეტყვით, ძეგლი დაუდგით დედათქვენს და მამათქვენს, როცა გარდაიცვლებიან. ეს ეკლესიაა. ეს ცოცხალი ორგანიზმია…კითხვა დაუსვი შენს იმას, ვინცა გყავთ წერეთელი თუ ვიღაცა, იმასაც კარგად ვიცნობ რა. ახლა იწერთ ხო? ისე შეგეწიოთ უფალი, როგორც იქცევით…

მისმინე შვილო დეგენერატი ხარ? ხომ არ ხარ დეგენერატი. წადი შენი დედა და**ცი. იდი ***უი რა. შეურაცხყოფას გაყენებ კი არა, დედას გიტირებთ…“ – ეს და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის ხუთწუთიან ვიდეოჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს საპატრიარქოს.

სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%

სწავლა სკოლის შენობებში რომ განახლდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებლების 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყანაში დღეს მასწავლებლების მხოლოდ 46 პროცენტია აცრილი.

„სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“, – განაცხადა 27 აგვისტოს ამირან გამყრელიძემ.

28 აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 9,42 პროცენტია.

რაც შეეხება აცრილ მასწავლებლებს – საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 28 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისსა და რეგიონებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 პროცენტამდე გაიზარდა“.

ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან ის ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით:

„ამავდროულად, მათ ექნებათ ვალდებულება, ტესტი ჩაიტარონ. თუ ორჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას [ტესტირებას]. მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ… ესენი არიან სხვადასხვა ესენციური ჯგუფები, როგორიც არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების თანამშრომლები, მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან“.

მასწავლებლები, პოლიციელები – აუცრელობის შემთხვევაში კიდევ ვისთვის იქნება ტესტირება ფასიანი [ინიციატივა]

არა დიქტატორთან შეთანხმებას – დევნილი ბელარუსების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმში ბელარუსმა აქტივისტებმა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება.

“ბათუმიდან ბრესტამდე არ არის დიქტატურის ადგილი”, “არა დიქტატორთან შეთანხმებას”, “თანამშრომლობა კაგებესთან არის მონაწილეობა ტერორში”, – სკანდირებდნენ ბელარუსი აქტივისტები.

“ბელორუსიაში გასული წლიდან ცუდი ვითარებაა. ლუკაშენკომ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მოქალაქეები მის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ამის შემდეგ დაიწყო ქვეყანაში ადამიანებზე ნადირობა, დევნა.

ადამიანებს არ აქვთ ხმის უფლება, სიტყვის თავისუფლება, მიტინგების გამართვის უფლება. ძალიან ბევრი ბელარუსი ჩამოვიდა აქ ბათუმში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საჭირო არაა ვიზა. ჩვენთვის ეს საკმარისად მეგობრული ქვეყანა და ხალხია. ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღეს აქ.

სამწუხაროდ გაფორმდა ბელარუსის კაგებესა და საქართველოს სუსს შორის შეთანხმება. ამ შეთანხმების გამო ბელარუსებისთვის აქ ცხოვრება სავსებით აღარაა უსაფრთხო. ადამიანები დაძაბულები არიან, მათ აღარ იციან დარჩნენ აქ თუ სასწრაფოდ წავიდნენ სხვა ქვეყანაში. ჩვენ დღეს სწორედ კაგებესა და სუსს შორის შეთანხმებას ვაპროტესტებთ,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნატალია მელიევსკაიამ.

საპროტესტო აქციაზე ბელარუს აქტივისტებთან იყვნენ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/559329/

დასრულდა სატუმბი სადგური, რომელიც ბათუმის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს

ბათუმში, ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. ამ სადგურმა უნდა შეამციროს როგორც ქალაქის დატბორვის საფრთხე, ისე არდაგანის ტბის დაჭაობება.

პროექტი KFW-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 5,5 მილიონი ევროა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „წლის ბოლოსთვის დასრულდეს სხვა მიმდინარე პროექტები, ასევე დაიწყება მე-5 ფაზა, რაც ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ ბათუმს ჰქონდეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა“.

ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის ტერიტორიაზე სატუმბი სადგურის, მშენებლობა 2020 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. ეს პროექტი დროში გაიწელა.

ამ სატუმბ სადგურში თავს იყრის ორი სანიაღვრე არხიდან შემომავალი წყალი – ნინოშვილის ქუჩის სანიაღვრე არხიდან და ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხიდან [რომელსაც თავის მხრივ, „ჭაობის“ დასახლებაში უერთდება კიდევ ერთი ცენტრალური სანიაღვრე არხი, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან გამოდის].

სატუმბ სადგურთან არხს ჰქონდა ე.წ. ფანჯარა [ფარდები], რომლიდანაც დიდი წვიმის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი ტბაში გადადიოდა.

ახალი სადგურის აშენებით, ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე არხებიდან წყალი ზღვაში გადაიტუმბება, რამაც ქალაქის დატბორვის რისკიც უნდა შეამციროს და არდაგანის ტბაშიც სანიაღვრე წყლები აღარ უნდა ჩავიდეს.

____

როდის დასრულდება სატუმბი სადგურის აშენება, რომელიც ბათუმის დატბორვის რისკებს შეამცირებს

აჭარაში კოვიდის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში აჭარაში კოვიდით სულ 1 011 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 1 010 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 159 მძიმეა, 40 კი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

1 139 პაციენტია რეგიონის კოვიდსასტუმროებში. მკურნალობას გადის ბინაზე – 5 366 კოვიდპაციენტი.

28 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში, დღეს, 7 103 ადამიანია თვითიზოლაციაში.

28 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 247ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი.


შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა.

დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით.

„რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.

დღეს საქართველოში კოვიდით 74 ადამიანი გარდაიცვალა.

28 აგვისტოს დილის მონაცემებით საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი,  მათგან აჭარაში – 40.


შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე

სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

ომბუდსმენმა სახალხო დამცველის აპარატში მომუშავეებს კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის ბრძანებას ნინო ლომჯარიამ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.

ამ ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

„კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გამოაქვეყნა.

რაც შეეხება იმ თანამშრომლებს რომლებიც ვაქცინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იტარებენ, მათ ევალებათ სამსახურში წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება.

„თანამშრომლებმა, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქვთ ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება (მათ შორის, Covid-19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, ფორმა N100 ან მსგავსი ტიპის სხვა დოკუმენტი), რომელშიც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის ან/და კონკრეტულ დროის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სახალხო დამცველის აპარატის საჭიროებებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია იმსჯელოს ამ თანამშრომლისათვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ ან/და დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების თაობაზე,“ – ნათქვამია ბრძანებაში.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით,  27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.

ამავე თემაზე:

სამსახურში ვაქცინაციის საბუთის მოთხოვნა დისკრიმინაციული არ არის — ლომჯარია

 

დადასტურდა კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 247ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში 3 053 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთი – 447, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 254, გურია – 121, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 389, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 693 საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 232, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 171.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში – 695, აჭარაში – 159, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 40, იმერეთში – 26.

ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

„არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. 26 ივლისის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხდყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

ლარი და თეთრი სახელმწიფოს სესხად ნამდვილად არ აუღია. მთავრობამ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ზემოთ აღნიშნული 2 ახალი სასესხო ხელშეკრულებით, IBRD-ისგან დამატებით ჯამში 113 700 000 ევრო ისესხა.

[checklist]

  • 2021 წლის 17 მაისს გაფორმდა –  საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი) – 85 მილიონ ევროზე.

[/checklist]

პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული გადახდებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.

[checklist]

  • 2021 წლის 9 ივნისს კი გაფორმდა –  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და საქართველოსა შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) – 28 700 000 ევროზე.

[/checklist]

ამ სესხის დანიშნულებაა: COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის განსახორციელება.

გარდა სესხისა, 2021 წლის მაის-ივნისში საქართველომ გააფორმა 2 ახალი საგრანტო შეთანხმებაც, ჯამში 66 960 382 აშშ დოლარსა და 23 737 626 ევროზე:
  • 2021 წლის 21 მაისს გაფორმდა – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად და 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა) – 66 960 382 აშშ დოლარზე.

საგრანტო შეთანხმების მიზანია საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, ასევე მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებითა და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებით.

  • 2021 წლის 24 ივნისს გაფორმდა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის საგრანტო შეთანხმება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ – 23 737 626 ევროზე.

ეს საგრანტო შეთანხმება გაფორმდა არსებული და ახალი დაცული ტერიტორიების დასახმარებლად, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგრადი სატყეო მეურნეობის დასაარსებლად, რაც მოიცავს ადგილობრივ სატყეო ოფისებს, მოსაზღვრე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და განმახორციელებელი კონსულტანტების მომსახურებას.

2021 წლის ახალ სესხებსა და გრანტებზე ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ოფიციალურად დაახლოებით 1 თვის წინ გამოითხოვა, პასუხი კი დღეს, 27 აგვისტოს მივიღეთ.

სასესხო ხელშეკრულებებისა და საგრანტო შეთანხმებების გარდა, მთავრობა სწორედ წელს გახდა იძულებული ძველი ევრობონდების დასაფარად ახალი ევრობონდები გამოეშვა, ანუ 1,7 მილიარდი ლარის სესხი/ვალი აეღო. ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები სწორედ ვალის აღების ფორმებია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ევრობონდების გამოშვება 2021 წლის 15-21 აპრილს განხორციელდა. საქმე იმაშია, რომ ადრე გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდები საქართველოს 2021 წლის აპრილში უნდა დაეფარა. სახელმწიფო ამ ვალის დაფარვას მიმდინარე წელს გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ იძულებული გახდა ძველი ვალი ახალი ვალით დაეფარა.

პრემიერის თქმით, „ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი“, რასაც ის მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდას უკავშირებს: „12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში“.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 22 ივლისს შევიდა.

ცვლილებაშესულ და გაზრდილ ბიუჯეტში გაწერილი 19,4 მილიარდი ლარიდან კი, ჯამში 5,2 მილიარდი ლარი, სწორედ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული სესხია. აქედან:

  • ევრობონდის რეფინანსირებისთვის – 1 მილიარდ 713 მილიონ 200 ათასი ლარი;

ასევე, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების დასაფინანსებლად:

  • საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172 მილიონი ლარი;
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229 მილიონი ლარი;
  • COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 მილიონი ლარი;
  • აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 1 მილიარდ 427 მილიონი ლარი;
  • ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286 მილიონი ლარი;
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები – 1 მილიარდ 389 მილიონ 800 ათასი ლარი.

გარდა ამისა, 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხადასხვა ღონისძიება, ჯამში 49 მილიონ 480 ათასი ლარის უცხოური გრანტითაც დაფინანსდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ბიუჯეტში სულ ჩამორიცხული და ათვისებულია:

სესხები[კრედიტები]:

537,78 მილიონი [USD] აშშ დოლარი [აქედან ევრობონდები – 500 მილიონი აშშ დოლარი],
518,87 მილიონი [EUR] ევრო,
0,03 მილიონი [KWD] ქუვეითური დინარი,
84,16 მილიონი [SDR] ინტერნაციონალური ვალუტა – ნასესხობის სპეციალური უფლებები;

გრანტები:

1,67 მილიონი [EUR] ევრო,
9,29 მილიონი [USD] აშშ დოლარი.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

 

Exit mobile version