მთავარი,სიახლეები

რა უნდოდა სუს-ში აჭარის ფინანსთა მინისტრს?

30.08.2021
რა უნდოდა სუს-ში აჭარის ფინანსთა მინისტრს?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დღეს, 30 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] მივიდა. სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით, მინისტრი არ გამოუკითხავთ და მას მხოლოდ ერთ საქმეზე „ინფორმაცია გააცნეს“.

„ჯაბა ფუტკარაძე არ გამოუკითხავთ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში. აქ არც ის დაადასტურეს, რომ ჯაბა ფუტკარაძე სუს-ში იმყოფებოდა.

სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით კი, ჯაბა ფუტაკარაძეს სუს-ში ინფორმაცია გააცნეს ქობულეთში რამდენიმე თვის წინ ქრთამის აღების საქმეზე.

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ვიტალი ქარცივაძე 2021 წლის 18 მარტს დააკავა. მაშინ სუს-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვიტალი ქარცივაძემ მიწის კონკრეტული ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა, ხოლო 2 ათასი აშშ დოლარი წინასწარ აიღო.

სუს-ის პრესცენტრში დღეს განმარტეს, რომ ამ საქმეში მოწმეებმა დაასახელეს ჯაბა ფუტკარაძეც, რომელიც საბოლოოდ არ გამოუკითხავთ და არც დღეს ჰქონია გამოძიებას მინისტრთან კითხვები.

რას გულისხმობს „ინფორმაციის გაცნობა“ და რატომ ჩათვალა საჭიროდ სუს-მა, რომ მინისტრისთვის, რომელსაც საქმეში არანაირი სტატუსი არ აქვს, ინფორმაცია უნდა გააცნოს? – სუს-ის პრესცენტრში მოკლედ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მსგავსი პროცედურა დასაშვებია.

„საქმის მასალებს, როგორც წესი, აცნობენ დაზარალებულებს,“ – ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, თუმცა ის დასძენს, რომ მასაც სმენია მსგავსი პრაქტიკის შესახებ, როცა გამონაკლის შემთხვევებში საქმის მასალებს დაინტერესებულ პირებს აცნობენ და ეს საგამოძიებო ორგანოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: