აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ხელოვნური ნაგებობებისა და ხიდების მშენებლობას, რეაბილიტაციას და მოვლა-შენახვას.
მიმდინარე წელს 34 მიმართულებით 60 645 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა, განხორციელდება 18 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაგეგმილია 306 ხელოვნური ნაგებობის სხვადასხვა მიმართულებით მოწყობა და 113 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგება.
რამდენიმე მიმართულებით სამუშაო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, ხოლო დარჩენილ მიმართულებებზე ხორციელდება სამუშაო პროცესი.
- მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობისა და მოვლა-შენახვისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 009 000 ლარი დაიხარჯება.
ამ ეტაპზე ქობულეთში 7 მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო 3 მიმართულებით: თეთროსანი-ზედა ხუცუბნის 1973 მეტრ მონაკვეთზე, ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთსა და ალამბარი-ბასილაძე-შავიშვილების მიმართულებით 800 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დაბა ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე 1158 მეტრ მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტებით ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი ეწყობა. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ინსტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საფარის დაგების სამუშაოები.
დასრულდა ასევე აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
530 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო, ამ ეტაპზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტირებული გზა სოფელ ლეღვასა და ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს.
ახალი გზით 50 ოჯახი ისარგებლებს.
ასევე ქობულეთში სხვადასხვა მიმართულებით 20 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა შენახვისათვის 11 052 000 ლარი დაიხარჯება.
ამ ეტაპზე კაპანდიბი-ახალისოფლისა და ახალშენი-სამებას საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხელვაჩაურში მნიშვნელოვანია ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია-შეკეთება, სადაც ხელოვნური ნაგებობების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელში, სადაც 70 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა.
ახალი პროექტით ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა ხორციელდება, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ასევე ხელვაჩაურში სხვადასხვა მიმართულებით 20 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
- მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისათვის 10 616 000 ლარი დაიხარჯება.
ქედაში მნიშვნელოვანი ტურისტული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მახუნცეთი-ზედა მახუნცეთის საავტომობილო გზის 1270 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები.
აღნიშნული გზით კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს სოფელში მცხოვრები 60 ოჯახი, ასევე ვიზიტორებიც.
ქედის მუნიციპალიტეტში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს. სამუშაოები სპეციალური ტექნიკით ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხიდზე მალების მონტაჟი, განაპირა ბურჯზე ფრთების მოწყობა და ძველი ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ახალი ხიდით სოფლების – აბუქეთას, კანტაურასა და ტიბეთას მოსახლეობა ისარგებლებს. ხიდი სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ასევე ქედაში სხვადასხვა მიმართულებით 21 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
- მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისათვის 10 883 580 ლარი დაიხარჯება.
ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით საავტომობილო გზის 2215 მეტრ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური ნაგებობები და სანიაღვრე არხები.
აღნიშნული გზა უკავშირდება ჭვანისა და ბარათაულის თემებს.
რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ასევე შუახევში სხვადასხვა მიმართულებით 18 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
- მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის და მოვლა შენახვისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში 11 253 190 ლარი დაიხარჯება.
ხულოში მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მწვანე ტბიდან შავ ტბამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 4250 მეტრ მონაკვეთზე არმირებული წესით ცემენტ-ბეტონის საფარს დააგებენ.
რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.
ასევე, დანისპარაული-ველათი-ალმის იაილას მიმართულებით დააგებენ არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის გზის საფარს.
დასკვნით ეტაპზეა ყინჩაური-წაბლანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 900-მეტრიანი მონაკვეთი. უკვე დასრულდა საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, მილებისა და ზღუდარების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
რეაბილიტირებული გზით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ხულოში სხვადასხვა მიმართულებით 21 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.