მთავარი,სიახლეები

ავღანეთი და იქ გატარებული წლები – რას იხსენებენ ქართველი კონტრაქტორები 

31.08.2021 • 6250
ავღანეთი და იქ გატარებული წლები – რას იხსენებენ ქართველი კონტრაქტორები 

„თალიბანის შემოსვლის შემდეგ მომიწია ქაბულის ქუჩებში გადაადგილება და დამიჯერეთ, უკვე მზეც სხვანაირად ამოდის იქ,“ – ასე იწყებს საუბარს ავღანეთზე ლევან ჯანგირაშვილი.

ის ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც ავღანეთში მუშაობდნენ.

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული უბრძოლველად დაიკავა და ქვეყნის მართვა გადაიბარა, ათასობით ადამიანმა დაიწყო ქვეყნის დატოვება.

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქაბულში ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში სამოქალაქო კონტრაქტორად მუშაობდნენ, ერთი კვირა ელოდნენ ქაბულიდან გამომგზავრებას. საბოლოოდ კი საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარეებთან თანამშრომლობით გამოიყვანეს.

ლევან ჯანგირაშვილი სანამ ქაბულში სამოქალაქო კონტრაქტორი გახდებოდა, რამდენიმე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა. შესაბამისად, ავღანეთში არსებულ სიტუაციას კარგად იცნობდა.

ქაბულში, როგორც სამოქალაქო კონტრაქტორი 2018 წლის სექტემბერში ჩავიდა. ლევანის და სხვა კონტრაქტორების მისია მწვანე ზონის (სადაც განლაგებული იყო ავღანეთის ყველა ძირითადი სახელმწიფო ობიექტი) უსაფრთხოების დაცვა იყო.

თავის სამსახურზე საუბრისას, ლევან ჯანგირაშვილი ყოველდღიურ საფრთხეზე აკეთებს აქცენტს და გვიხსნის:

„წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქალაქში, მოძრაობა გადატვირთულია. არ იცი, რომელ მანქანაში ზის თვითმკვლელი ტერორისტი, არ იცი საიდან დაგეჯახება და სად აიფეთქებს თავს. ასეთ სიტუაციაში მუშაობა მაღალი რისკია“.

ქაბულის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საუბრისას, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალს“ იხსენებს და გვეუბნება, რომ ის, რაც მწერალმა საკუთარ წიგნში აღწერა, ავღანეთის და ავღანელების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

„გაჭირვებაში ცხოვრობენ. არ არსებობს საშუალო ფენა. არსებობენ ძალიან მდიდრები, რომლებიც არიან სამთავრობო კორპუსის წარმომადგენლები და არიან ღარიბები. ან ძალიან უჭირს იქ ადამიანს ან საერთოდ არაფერი არ უჭირს. მათი ცხოვრების ძირითად მიზანია გადარჩნენ და იცოცხლონ. იშოვონ საკმარისი საჭმელი, გამოკვებონ საკუთარი ოჯახი, ელემენტარული რაღაც ჰქონდეთ. ჩვენს ქვეყანას თუ შევადარებთ, იქ რომ ჩახვალ და ადგილობრივ სიტუაციას გაეცნობი, კიდევ ერთხელ ბედნიერი ხდები იმით, რომ იქ არ დაიბადე და დაიბადე საქართველოში.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ კვირაში ხუთი ტერაქტი ნორმა იყო ქალაქში. საერთაშორისო მნიშვნელობის ეს ამბები მაშინ ხდებოდა, როდესაც ამ ტერაქტებს ეწირებოდა ვინმე კოალიციის წარმომადგენელი, ნატოს ქვეყნიდან ან ევროკავშირიდან. ადგილობრივები… იქ ყოველდღე ვიღაც კვდება. მე, პირადად, ორ ტერაქტს შევესწარი. ერთი იყო, როდესაც ჩემს მეგობარს შეეჯახა თვითმკვლელი კამიკაძე. საბედნიეროდ, შეჯავშნულმა მანქანამ უშველა და ფეხი დაკარგა მხოლოდ. გადარჩა, საოცრად გადარჩა.

ქაბულის ერთ-ერთი ქუჩა მორიგი ტერაქტის შემდეგ. ფოტო: ლევან ჯანგირაშვილი

მეორე იყო მცდელობა ჩვენს ბაზაზე შემოღწევის. ღობესთან აიფეთქა თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა. საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო, ლამის თავზე დაგვენგრა შენობა, სადაც ვცხოვრობდით. ნანგრევებიდან გამოვძვერით და დავინახეთ, რომ უკვე ბაზაზე იყო შემოსული რამდენიმე ტერორისტი თვითმკვლელის ქამრებით. ასე ვთქვათ წმენდაზე შემოვიდნენ, იმ ადამიანების გასანადგურებლად, ვინც აფეთქებას გადაურჩა, მაგრამ ჩვენ ვიმარჯვეთ. რამდენიმე კაცი დაგვეღუპა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენ გავანადგურეთ ისინი.

ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. რისკი, ხიფათი, იარაღი ყოველთვის თან გაქვს, თავთან. არ იცი რა დროს რა მოხდება.

ადგილობრივებზე რა შეიძლება გითხრათ, ძირითადი ნაწილის განათლების დონე დაბალია. საარსებო პირობები, სოციალური ცხოვრების დონე დაბალია. ჯანდაცვის სისტემა მოშლილია, თუნდაც დღეს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე სრულიად უკონტროლო ვითარებაა. არავინ არ აწარმოებს იმის აღრიცხვას, რამდენია დაავადებული, რამდენია გარდაცვლილი, ვის კოვიდი აქვს, ვის რა აქვს,“ – გვიყვება ლევან ჯანგირაშვილი.

ქაბულში თალიბების შესვლის შემდეგ ათასობით ავღანელმა საკუთარი სახლი დატოვა და აეროპორტს მიაშურა. ლევან ჯანგირაშვილის თქმით, შეიძლება ყველა ავღანელი, ვინც აეროპორტში მივიდა, არ თანამშრომლობდა კოალიციურ ძალებთან, არც შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ავღანეთიდან თავის დაღწევის შანსი გაჩნდა, მისი გამოყენება გადაწყვიტეს.

„ყველა იმაზე ოცნებობს, რომ ამ ქვეყანას თავი დააღწიონ, ნორმალურად, მშვიდობიანად იცხოვრონ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

ავღანელები განსხვავებული კულტურის ხალხია და მათთან ურთიერთობას თავისებური ნიუანსები სჭირდება. ჩვენ გვყავდა ავღანელი თარჯიმნები, ვინც იცოდა ინგლისური და გვეხმარებოდნენ ადგილობრივებთან ურთიერთობის დამყარებაში. ესენი ყველა განწირულები არიან. თუმცა, როგორც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, ის იღებს პასუხისმგებლობას ამ ხალხზე და ცდილობს მაქსიმალურად გაიყვანოს ეს ხალხი ქვეყნიდან.

კინოფილმებში გინახავთ ალბათ ზომბები, რომ მოდიან და არაფერი აკავებთ, აი, ასეთ რაღაცეებს ვუყურე. ჩემი თვალით ვუყურებდი თვითმფრინავიდან რომ ცვიოდა ხალხი, ვერც წარმოვიდგენდი იმ სიმაღლეზე თვითმფრინავს თუ აყვებოდა ვინმე. რამდენიმე ადამიანი პირდაპირ ჩვენს ბაზასთან ახლოს ჩამოცვივდა.

ახლაც, ის ავღანელები, ჩვენთან ერთად ვინც მუშაობდა, მეც და ჩემს თანამშრომელ ბიჭებსაც გვწერენ: „იქნება დაგვეხმაროთ, წაგვიყვანოთ აქედან, მოწვევა გაგვიკეთოთ“.

გამორიცხულია ასეთი რამ, რადგან ჩვენ არ ვართ იმ კომპეტენციის მქონეები ვიღაცა მოვიწვიოთ ლტოლვილის სტატუსით, ჩემს ქვეყანას დავაკისრო ვალდებულებები. ეს მთავრობის გადასაწყვეტია და ჩვენ მაგ თემაში არ ვერევით,“ – ამბობს ლევან ჯანგირაშვილი.

ქაბულის აეროპორტი ფოტო: ლევან ჯანგირაშვილი

ქაბული მას შემდეგ, რაც თალიბანმა ის დაიკავა

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა, 16 ქართველი კონტრაქტორი იზოლაციაში აღმოჩნდა. გზა, რომელიც აეროპორტს აშორებდა, სახიფათო და ძნელად გასავლელი იყო. სამოქალაქო კონტრაქტორი ზაზა არაბული ქაბულში მუშაობდა ლევან ჯანგირაშვილთან ერთად. ერთკვირიან იზოლაციაში ერთად აღმოჩნდნენ.

„ჩემთვის ეს დღეები იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. აქ არ ვსაუბრობ შიშზე. შიში ნაკლებად იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ უბრძოლველად არავის არ დავნებდებოდით, ბოლოს და ბოლოს ჩვენს გამოცდილებას გამოვიყენებდით. მაგრამ ყოველი დღე იყო ახალი და ახალი ადრენალინის ზღვა. ვცდილობდით ზედმეტად არ გვეფიქრა. ერთმანეთით გადაგვქონდა ყველაფერი. ის იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. არ დამავიწყდება არასდროს,“ – იხსენებს ზაზა არაბული.

ზაზა არაბული თავის თანამშრომლებთან ერთად

ლევან ჯანგირაშვილის თქმით კი, თუ მსუბუქად შევხედავთ, მათი ცხოვრების ერთი კვირა, ეს იყო თალიბების ტყვეობაში ყოფნა.

„იმ დღეს (14 აგვისტოს) მორიგეები ვიყავით. თავად დავინახე თალიბანის რაზმები ქალაქში. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ტყვია არ გავარდნილა საერთოდ ისე შემოვიდნენ ქაბულში და ისე გადაიბარეს ხელისუფლება. არავის არ უბრძოლია. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ყველა პასუხისმგებელმა პირმა თავს უშველა. ზოგი ტაჯიკეთში გაიქცა, ზოგი სხვა პროვინციაში წავიდა. ფაქტობრივად, დედაქალაქი მიატოვეს ღვთის ანაბარა.

თალიბები არ არიან გუშინ გამოჩეკილი მებრძოლები, 30 წელია დაახლოებით იბრძვიან, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლები ჰყავთ, გამობრძმედილები და დამიჯერეთ არც დიპლომატიური ურთიერთობები ეშლებათ.

შემოვიდნენ ქალაქში, ბლოკადა გააკეთეს, გამოაცხადეს – არავის არ ვკლავთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა. 14 აგვისტოს გვიან საღამოს ადგილობრივი პოლიციის უფროსს დავურეკე. რა ხდება, სიტუაცია როგორია? მან მითხრა – მე აღარ ვარ პოლიციის უფროსი, აღარანაირი უფლება აღარ გამაჩნია, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, თალიბებმა ახალი პოლიციის უფროსი დანიშნესო.

ქალაქი ბლოკირებული იყო ყველა მოსახვევში, ყველა მნიშვნელოვან საკვანძო ადგილას უკვე იდგა თალიბანის გამშვები პუნქტები. შეჯავშნული მანქანებით პატრულირებდნენ. გადაადგილება შეუძლებელი იყო.

ჩვენი დამქირავებელი კომპანია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არავის არ შეეძლო იქ ჩვენი შველა. ბევრი საუბრობს იმას, რომ აი, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა. როგორ არა, ყველაფერი გააკეთეს, ალექსანდრე ღვთისიაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავუკავშირდით იმ დღესვე და ვუთხარით, რომ ასეთი სიტუაცია იყო. მართლაც, ამ ადამიანმა, რაც მის შესაძლებლობებში იყო, ყველაფერი გააკეთა. მუდმივ კონტაქტზე იყო, გვამხნევებდა, ეგეც დიდ რაღაცას ნიშნავს ასეთ დროს. თითქმის ყოველდღე ქაბულის აეროპორტში ჩვენ გველოდებოდა რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბორტი. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ვერ გამოვდიოდით ბაზიდან. ბაზის მთელი პერიმეტრი დაიჭირა თალიბანმა და უკვე მათ ნება-სურვილზე იყო გაგვიშვებდნენ თუ არ გაგვიშვებდნენ.

არ მინდა გავამუქო რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდით, მაგრამ ფაქტობრივად ხუთი დღე ვიყავით თალიბანის ტყვეობაში.

საბოლოოდ თავად თალიბები მოვიდნენ. მათი მაღალი თანამდებობების პირები და მაღალ დონეზე მოხდა მოლაპარაკება. ზოგადად, თალიბანი ცნობილია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ტერორისტებთან არცერთი ქვეყანა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ ავღანეთის ხელისუფლებას წარმოადგენს თალიბანი.

ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ელაპარაკა, მივიდნენ რაღაც შეთანხმებამდე, რის შედეგად ჩვენ მიგვიყვანეს აეროპორტის შესასვლელამდე. ეს იყო და ეს. იქიდან უკვე ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა განახორციელა ჩვენი ევაკუაცია პირდაპირ ლონდონში“, – გვიყვება ლევან ჯანგირაშვილი.

ზაზა არაბული იხსენებს გზას ბაზიდან ქაბულის აეროპორტამდე და ამბობს, რომ ერთ-ერთი რთული გზა იყო, რომელიც ოდესმე გაუვლია.

„თალიბებმა მიგვაცილეს აეროპორტამდე. იმ წერტილიდან (სადაც თალიბებმა მიგვიყვანეს) აეროპორტის შესასვლელამდე იყო დაახლოებით 500 მეტრი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ღია სივრცე – არანაირი დაცვა, არაფერი არ ჰქონდა. თალიბანმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და წავიდა. აეროპორტის შესასვლელში იდგნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც დროდადრო ისროდნენ, რომ აეროპორტში შეკრებილი ხალხის მასა გაეფანტათ. იქ ერთი საათი შევყოვნდით.

ლოდინის დროს, როცა ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ უცხოელები ვიყავით, ალბათ ერთი 100-150 კაცი მოგროვდა ჩვენი ავტობუსის ირგვლივ. მოდიოდნენ ჩუმად და საბუთებს გვაჩვენებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ნამუშევარი ჰქონდათ ამერიკელებთან, გვეხვეწებოდნენ იქედან წაგვეყვანა. სამწუხაროდ, ჩვენ დახმარების უფლება არ გვქონდა,“ – იხსენებს ზაზა.

საქართველოში დაბრუნებული ლევან ჯანგირაშვილი ლოდინის ერთ კვირას იხსენებს და ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო:

„იქ ვინც ვიყავით, 16-ივეს გვქონდა საბრძოლო გამოცდილება, ყოფილი სამხედროები ვიყავით ყველა. ავღანეთში რომ მიდიხარ, მით უმეტეს ისეთ სამსახურზე, როგორზეც ჩვენ ვიყავით, ყველას აქვს გათავისებული რისკები, რასთანაც შეიძლება შეხება მოგვიწიოს. მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცაა დამიჯერეთ. როცა არ იცი რას ელოდები, როცა არ იცი რას გადაწყვეტ, ყოველი დღე იწყება იმაზე ფიქრით დღეს რა იქნება, დაღამდება თუ არა. ეს ფსიქოლოგიურად განადგურებს ადამიანს. მოლოდინის რეჟიმი არის საშინელება. მაგას ისევ ბრძოლა სჯობს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: