განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩვენი მასწავლებლების 70-80 პროცენტი აცრილია – ბათუმის 4 სკოლის დირექტორი 

30.08.2021 • 4770
ჩვენი მასწავლებლების 70-80 პროცენტი აცრილია – ბათუმის 4 სკოლის დირექტორი 

ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების 70-80 პროცენტი ვაქცინირებულია. „ბათუმელები“ ოთხი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, აღნიშნული სკოლები მაღალკონტინგენტიანია.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ 125 თანამშრომლიდან 82 აცრილია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„ნაწილი კი, ვინც დარჩა, ზოგს პირველი დოზა აქვს გაკეთებული და მეორეს ელოდება. ნაწილს რაღაც ჩვენება აქვს“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

მარიზა აბაშიძის თქმით, სკოლა მზადაა იმისთვის, რომ მოსწავლეები მიიღოს და დაიცვას სკოლის შიგნით უსაფრთხოება, მაგრამ დღეს არსებული ეპიდსიტუაცია მაინც საფრთხის შემცველია. „გააჩნია, როგორი ვითარება იქნება 15 სექტემბრისთვის. შესაძლოა დასტაბილურდეს სიტუაცია“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

მე-18 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან დავითაძეც ამბობს, რომ სკოლის თანამშრომელთა 70 პროცენტი აცრილია.

„დარჩენილი ნაწილიდან ერთი კლინიკაში მკურნალობს კოვიდზე, ნაწილს გადატანილი აქვს და დროის გასვლას ელოდება, რომ აიცრას“, – ამბობს რუსუდან დავითაძე.

მისი თქმით, სკოლაში უსაფრთხოების თვალსაზრისით იდეალური მდგომარეობაა. „თუმცა თუ მშობლები და ბავშვები არ აიცრებიან, ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. იყო კატეგორია მშობლების, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეშინოდათ და შემდეგ მაინც გამოუშვეს ბავშვები სკოლაში. თუმცა რამდენიმე მოსწავლე არ მოვიდა სკოლაში და ბოლომდე დისტანციურად ისწავლა“, – აცხადებს დირექტორი.

ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ამ სკოლაში 110-დან 75 თანამშრომელი აცრილია.

„ის, ვინც არ არის ამ დრომდე ვაქცინირებული, აქედან შვიდ-რვას კოვიდი აქვს. ზოგი დასასვენებლად იყო წასული და ახლა დაბრუნდა ქალაქში. ნაწილი ერთი დოზით აცრილია და ჯერ არ უწევს მეორე დოზა. ვფიქრობ, სექტემბრისთვის 80 პროცენტი იქნება აცრილი. მე კოვიდი გადავიტანე, თუმცა „ასტრაზენეკათი“ ავიცერი შემდეგ“, – გვითხრა ნუგზარ სურმანიძემ.

1800 მოსწავლე სწავლობს შარაბიძეების საჯარო სკოლაში. ამ სკოლის დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, 100 თანამშრომლიდან 10-ს კოვიდი აქვს, ნაწილი კი ერთი დოზითაა აცრილი.

„70 პროცენტი ვაქცინირებულია. სკოლა მზად არის, რომ დაიცვას ყველა რეგულაცია, თუმცა რისკი მაინც არსებობს, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროს წინა წელს იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეებს გადაედოთ ვირუსი. ამიტომ, როგორც საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით ჩვენც“, – გვითხრა მან.

რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, სკოლის დირექტორების თქმით, დისტანციური სწავლების მიუხედავად, გასული წლის აკადემიური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია.

„პირველკლასელების შედეგები მაინტერესებდა და გადავამოწმე. არაუშავს, საკმაოდ კარგი შედეგები იყო. არ იყო იმაზე ცუდი, პირისპირ სწავლებისას რაც გვქონდა: ისეთი ბავშვები, რომლებსაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ, პანდემიამდეც გვყავდა“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

მარიზა აბაშიძის თქმით, მოსწავლეებში დამაკმაყოფილებელი იყო აკადემიური მოსწრება და ამაში ძალიან დიდი იყო მშობლების წვლილი. „ისინი თანმიმდევრულად და სწორად იყვნენ ჩართული პროცესში. პირველკასელებმა შეძლეს წერა-კითხვის შესწავლა. უფრო კომუნიკაციის პრობლემა იყო, ვიდრე მოსწრების“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

აჭარის მასშტაბით სულ 229 საჯარო სკოლაა, მათ შორის, 27  ბათუმში. ______________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: