Batumelebi | სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს – Batumelebi
RU | GE  

სარეკლამო კამპანიისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 7,9 მილიონს სექტემბრიდან დახარჯავს

სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 7 988 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის გეგმავს „როგორც ვირტუალურ, ასევე სტანდატრულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას და საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას“.

„სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
ამდენად, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, დროული ნაბიჯების განხორციელება ინდუსტრიის სწრაფი და ეფექტიანი აღდგენისთვის, რაც გულისხმობს მიზნობრივ ბაზრებზე სწორი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებას, კერძო სექტორის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას და ტურისტული ნაკადის სწრაფ და გრძელვადიან აღდგენას“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის განაცხადში.

ამ განაცხადის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი პრიორიტეტია:

  • „შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე, ქვეყნის იმ ტურისტული პროდუქტების წარმოჩენა, რომელიც აქტუალურია კოვიდ 19-ის გათვალისწინებით“.
  • „აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, პოტენციური მომხმარებლებისათვის კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზებასა და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას.“
  • „სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, ადმინისტრაცია ასევე ახორციელებს მონაცემების შესყიდვას საქართველოში არსებული საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების შესახებ“.
  • „დაგეგმილია ადმინისტრაციის ახალი პორტალის შექმნა, კონტენტის მომზადება და მართვა. ადმინისტრაციის ყველა არხის განახლება ახალი ციფრული სტრატეგიის შესაბამისად. ზემოხსენებული მნიშვნელოვანია ვინაიდან ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებული პორტალი და სოც.ქსელები ქვეყნის მთავარი ტურისტული საკომუნიკაციო არხებია. მოხდება ყველა აქტივობის მუდმივი რეპორტინგი“.

ძირითადი ღონისძიებები და სავარაუდო ღირებულება:

  1. რეკლამა საერთაშორისო არხებზე (30/15 წამიანი სარეკლამო ვიდე რგოლის განთავსება) – სავარაუდო ღირებულება – 1 800 000 ლარი;
  2. ციფრული მომსახურების შესყიდვა – 1 500 000 ლარი;
  3. FB& IG რეკლამა & ციფრული მედია მარკეტინგი – 500 000 ლარი;
  4. წარმომადგენლობითი კომპანიების მომსახურება მიზნობრივ ბაზრებზე – 3 000 000 ლარი;
  5. რეგიონების პოპულარიზაცია: რაჭისა & სვანეთის პოპულარიზაცია – 1 000 000 ლარი;
  6. გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია – 176 000 ლარი;
  7. საქართველოში არსებული ბრენდის სასტუმროების სტატისტიკური მონაცემები -12 000 ლარი

ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა/ბაზრობებში მონაწილეობისთვის საგამოფენო სტენდის აგების მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი სატენდერო პროცედურების ჩატარება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან ორგანიზაციები და აგრეთვე მათი ქვეკონტრაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ მომსახურებებს საზღვარგარეთ, ელექტრონული ტენდერის პროცედურებში მონაწილეობას არ იღებენ“.

ამასთან,  „ციფრული მომსახურების შესყიდვა კი, მიზანშეწონილია OUTSOURCE კომპანიისგან. ვინაიდან პორტალის ინფრასტრუქტურის აგება და ეფექტური კონტენტის შექმნა აღნიშნული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოს ფარგლებში კი კომპეტენტური კომპანიის მოძიება სირთულეებთან არის დაკავშირებული, მიზანშეწონილია მოხდეს კონკრეტული კომპანიების მოძიება და კვლევის ფარგლებში შემსრულებლის გამოვლენა“.

უცხოეთიდან ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა – ივნის-ივლისის მონაცემი

მთავარი ფოტო: ბათუმი, 29 აგვისტო, 2021 წელი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com