სიახლეები

სუსი ქობულეთში მიწის კომისიის თავმჯდომარის დაკავებაზე: ქრთამის სახით აიღო 2 ათასი დოლარი

18.03.2021 • 1615
სუსი ქობულეთში მიწის კომისიის თავმჯდომარის დაკავებაზე: ქრთამის სახით აიღო 2 ათასი დოლარი

ქობულეთში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის დაკავებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ, ვიტალი ქარცივაძემ, მიწის კონკრეტული ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა, ხოლო 2 ათასი აშშ დოლარი წინასწარ აიღო.

„გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი,“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ქარცივაძე ქობულეთის საკრებულოს წევრიცაა „ქართული ოცნებიდან“. ის სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი დეპუტატია.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ვიტალი ქარცივაძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გადაბეჭდვის წესი