განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონება სოფლის ბიბლიოთეკებს უკავშირდება | მარინა გიორგაძე

29.08.2021 • 2654
ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონება სოფლის ბიბლიოთეკებს უკავშირდება | მარინა გიორგაძე

ავტორი: მარინა გიორგაძე, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

___

მადლობა „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, ამ შესანიშნავი პროექტის ავტორებს: „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელიც აჭარის 65 მაღალმთიან სოფელში იმოგზაურებს და ბავშვებსა და მოზარდებს ახალ წიგნებს ჩაუტანს სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის!

სიამოვნებით ვუერთდები „მოგზაური ბიბლიოთეკის“ სოციალურ პროექტს (თანხა წიგნების შესაძენად შემოწირულობებით გროვდება), ვიწვევ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა პროფესორ-მასწავლებელს.

დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები და მეგობრები სიამოვნებით შემოუერთდებიან ამ კამპანიას. გავერთიანდეთ ამ შესანიშნავი იდეის ირგვლივ, ერთი წიგნის შესაძენი თანხაც საქმეა, როცა

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვების 44%-ს საქართველოში 3 საბავშვო წიგნიც კი არ აქვს.[/highlight]

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება სწორედ სოფლის ბიბლიოთეკებს უკავშირდება, ზაფხულობით დასასვენებლად სოფელსა თუ სააგარაკო დაბებში ჩასული, აუცილებლად ვსტუმრობდი იქაურ ბიბლიოთეკას და მათი მკითხველი ვხდებოდი. მეორე წელს ისევ მივაშურებდი იმავე ბიბლიოთეკას და ახალი წიგნები რომ არ მხვდებოდა, ხშირად იმავე წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ განსხვავებულად. ამიტომ, კარგად ვიცი, არასდროს კმარა დიდი წიგნების ერთხელ წაკითხვა, ეს ტექსტები მუდამ გვაბრუნებენ თავისთან და სხვაგვარად გვაკითხებენ თავს.

ბოლო წლებია, უფრო სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა მიწევს, ვიდრე მხატვრულის, მაგრამ მერწმუნეთ, ისტორიული, ფილოსოფიური, ზოგადად, სამეცნიერო წიგნებიც დიდი ინტერესით შეგიძლიათ წაიკითხოთ და ცოდნის გარდა ინტელექტუალური სიამოვნებაც მიიღოთ. ასეთი წიგნებითაც უნდა შეივსოს სასკოლო ბიბლიოთეკები.

სულ მგონია, რომ წიგნი ცოცხალი არსებაა, გესაუბრება, ემოციებით გავსებს, დღემდე ჩემს ბიბლიოთეკაში ყველაზე ძვირფასი ბავშვობიდან გამოყოლილი დედაჩემის ნაჩუქარი ილია ჭავჭავაძის ორტომეული და მამაჩემის ნაჩუქარი „ათას ერთი ღამის“ ტომებია (ზღაპრების წიგნი რომ ეგონა, ასეცაა, მაგრამ…), მიძღვნითი წარწერებით, სულს რომ მითბობს. სულ მახსოვს ბუკინისტებთან შეძენილი ჩემი ერთი პატარა გაცრეცილ ფურცლებიანი, მოცისფრო ყდით, წიგნი, უფრო წიგნაკი, რომელთან ერთად მთელი სტუდენტობა გავატარე, „ლათინურ-ქართული ლექსიკონი“, სულ ვკარგავდი, მერე ვპოულობდი, ბოლოს მაინც დავკარგე, მაგრამ სულ მახსოვს, მრავლისმთქმელი წარწერით: Habent sua fata libelli. მართლაც, წიგნებს თავისი ბედი აქვთ და უმბერტო ეკოსი არ იყოს, ამ ბედს ჩვენ, მკითხველებს გვიზიარებენ. ამიტომაა წიგნებთან ერთად ცხოვრება ასეთი დაუვიწყარი და საინტერესო თავგადასავალი!

შეკითხვა, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი, ისეთივე უაზრო და უსაფუძვლო მგონია, როგორ კითხვა „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“

ვერასდროს გავაკეთებ არჩევანს „ბიბლიას“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“, შექსპირის „ჰამლეტსა“ და „მეფე ლირს“, სერვანტესის „დონ კიხოტსა“ და სხვა უამრავ დიდ წიგნს შორის, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემი მეგზური იყო და ბევრი რამ მასწავლა, ან ვერ მასწავლა, მაგრამ მითხრა მაინც!

რომელი წიგნები ვიკითხოთ და რატომ? ისე კარგად აგვიხსნა კაცმა, რომელსაც ლიტერატურა მართლაც უყვარდა, უკეთ ვერ იტყვი, თუ რატომაა „სასწაული, იყო მკითხველი“. ჩვენ, მკითხველებს ხომ, ჩვენს საყვარელ წიგნებთან და პერსონაჟებთან ერთად ყველაფერი გვინახავს და განგვიცდია:

„მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც – ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია… ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო… და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, – ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის – ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად… როგორ… მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე… ადამიანის ფასიც იცი და გახსენდება, მაინც რომ აუცილებელია ხანდახან სიმარტოვე და რომ შეიძლება ხანდახან ქალაქგარეთ გასეირნება, რომ კიდევ არსებობს ღულელებისა და ნიჩბისის ტყე, და ღრმა გამოქვაბულები, სადაც შეგიძლია დიდხანს იჯდე, მოკუნტული, სიბნელესა და სინოტივეში და მერე, გამოსვლისას, მზის ძალუმ შუქზე თვალები ახამხამო და, ხელმეორედ დაბადებულმა, გაიფიქრო რომ ქვეყანა – დიდია და მშვენიერი, და როცა ათასგვარ სიკეთეს იგემებ, დაწყებულს უბრალოთი, როგორიცაა, ვთქვათ, გაგანია სიცხეში ზღვა და გათავებულს ზოგადი, ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომლის გამხელაც ბოდიში და, არ შეიძლება – თვითონ უნდა მიხვდეთ და, მიმხვდარი, შეიძლება პირქუშიც გახდე, მაგრამ ეს – სიყვარულის სიპირქუშეა, ეჰ…

ოკეანე ხარ, დიდი, მოქნილი თევზებით სავსე, ხან – გაცოფებული, თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც – მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები, ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ აუცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე, რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია, ვინაა ჩვენთან მარანია და ტენორიო, რადგან მთავარი დონ ჟუანები – ეს ჩვენა ვართ… – დონ ჟუან მკითხველიოები, ჰეეი, ვინ არ გვყვარებია, რანაირიღა ქალი… სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია, გაღუნული დანით – მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები – კაატინგა მიკაფია, ოკეანეში თეთრ მტრედს დავდევდი, მგონი, მიყვარდა, მთათა მწვერვალზე მიოცნებია და ამისათვის ოო, როგორ ვუწამებივართ, კატას – ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე, რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს…“ (გ. დოჩანაშვილი)

ამ საოცარმა კაცმა, რომელსაც ლიტერატურა ასე უყვარდა, ისე უბრალოდ აგვიხსნა დიდი მწერლებისა და წიგნების საიდუმლო, რომ არისტოტელეს „კათარსისის“ თეორიაც უკან მოიტოვა:

– მე, საყვარელო, ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება – როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს… რა, არა გჯერათ? – და რესპონტენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: – „დონ კიხოტი“, – მკლავს გვაჩვენებს და, სიმართლე – სიმართლედ: დაბურძგლულია…“

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის იმედით, რომ ცოტათი მაინც უკეთესები გავხდეთ! ყოველ შემთხვევაში, თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც „შვლის ნუკრის ნაამბობის“ კითხვისას შვლის მწვადი კი არ გაგვახსენდეს, არამედ სულ სხვა რამ, უფრო…

ჩემო პატარა მეგობრებო, თუ ისეთი „ბედნიერი მოსალოცები“ ხართ, რომ ჯერ პატარა უფლისწულსაც არ შეხვედრიხართ, მაშინ უსათუოდ ამით დაიწყეთ – ამ საოცარი წიგნით პატარებისთვის და იმ დიდებისთვის, ოდესღაც რომ პატარები იყვნენ, წიგნი მარტოობის, მეგობრობის, სიყვარულის, სასოწარკვეთისა და გადარჩენის, იმედის შესახებ! და არასდროს დაგავიწყდებათ აქ ამოკითხული ჯადოსნური ფრაზები:

  • როცა საიდუმლო მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს, არ დაემორჩილოს მას…
  • ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა…
  • ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს…
  • საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები…
  • საქმე ისაა, რომ რად დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება…
  • ადამიანები?.. არავინ იცის მათი ასავალ-დასავალი. ალბათ ქარი თუ ერეკება სადმე. მათ ხომ ფესვები არა აქვთ. უფესვოდ კი ძალიან ძნელია ცხოვრება…

ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი…

ადამიანები… ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან…

შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ… ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა…

სულ პირდაპირ თუ ივლი, შორს ვერ წახვალ…

მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი…

მარტო ბავშვებმა იციან, რასაც დაეძებენ…

როცა ხორხე ლუის ბორხესი თავის ბიბლიოთეკაზე საუბრისას დასძენს, „ახლა, ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სულ მუდამ ვფიქრობ უამრავ ლოდზე, რომელთა გადაბრუნებაც ვერ მოვასწარი, და ისეთებზეც, კვლავაც სიხარულით რომ შევეჭიდებოდი“, მახსენდება ბასილი კესარიელის „წერილი ახალგაზრდებს“… რომელშიც ურჩევს მათ, რა და როგორ იკითხონ და ძველ ანდაზას იხსენებს: „დასძარი ყოველი ქვა, რომლისგანაც კი, რაიმე სარგებელი გექნებათ“.

ჩემო პატარა მეგობრებო, ვიკითხოთ წიგნები და ვეცადოთ მაინც, გავხდეთ უკეთესები!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: