განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

არ არსებობს სიკეთე, რომელიც გადაწონის ცოდნის გავრცელებით გამოწვეულ სიკეთეს – ლაშა ჯანჯღავა

30.08.2021 • 2983
არ არსებობს სიკეთე, რომელიც გადაწონის ცოდნის გავრცელებით გამოწვეულ სიკეთეს – ლაშა ჯანჯღავა

ავტორი: ლაშა ჯანჯღავა, ილიაუნის მოწვეული პედაგოგი

___

როგორც დედამ მითხრა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კითხვა არ ვიცოდი, შემეძლო მეფურცლა წიგნები დაუსრულებლად. ჩემი წიგნთან პირველი შეხვედრა სწორედ ამ ასაკში მოხდა. ვიჯექი და ვფურცლავდი არაილუსტრირებულ წიგნებს, მთელი სახლის ბიბლიოთეკა „გადაკითხული“ მქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კითხვა ვისწავლე, დეიდაშვილთან ერთად ფოთში ვაწყობდით შეჯიბრებას კითხვაში – მოვინიშნავდით წიგნიდან ათ გვერდს და ვინც უფრო სწრაფად წაიკითხავდა, ის იყო გამარჯვებული. ასე დღის განმავლობაში ხან ის იმარჯვებდა, ხან – მე. რა თქმა უნდა, აზრი ვერ გამოგვქონდა, თუმცა წიგნის მიმართ სიყვარული იმ დროიდან მომყვება.

გავიდა დრო და ვკითხულობდი წიგნებს იმისთვის, რომ ჩემი ყოფა გამემართლებინა, მეპოვა ჩემი გარემოსთვის მისაღები და გასამართლებელი დეტალები. არ უარვყოფ, ხშირად ვპოულობდი და აღფრთოვანებული ვინიშნავდი ადგილებს, „ჩემნაირებსაც“ ვუზიარებდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვფიქრობ, „კითხვა“ ვისწავლე. აქამდე თუ ჩემი ყოფის უბადრუკი მატერიის შავბნელი მოცემულობიდან მბჟუტავ სინათლის ნაწილს ვებღაუჭებოდი, უკვე პირიქით, სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლე და კრიტიკული კითხვების დასმა დავიწყე – „გავბედე აზროვნება“; „გამოქვაბულიდან“ თავის დაღწევის გზებს ვეძებდი და სწორედ კითხვა დამეხმარა ამ გზის პოვნაში. (პროცესი, შესაძლოა, დაუსრულებელიც კი იყოს, თუმცა მთავარია, სტატიკურად არ ვდგავარ).

მე კულტურის სუბიექტური ბუნება შევიცანი…

კულტურა როგორც კი შემოდის ადამიანის ეგზისტენციაში და ცხოვრების წესებსა და საზღვრებს ადგენს, ერთადერთი, რაც ამ საზღვრების დანგრევაში გვეხმარება, არის წიგნი. ჩვენთვის დაწესებული დოგმები, ქცევის წესები და ერთფეროვნება ირღვევა მაშინ, როდესაც წიგნის დახმარებით უამრავ სხვა სამყაროსა და კულტურას ვეცნობით. ვხვდებით, რომ მხოლოდ „ჩვენი“ კულტურა არ არსებობს და იგი უნივერსალური არ არის. ეტაპობრივად იმასაც ვიაზრებთ, რომ წიგნთან ურთიერთობის შემდეგ გარკვეული გაგებით „უკულტუროებიც“ კი ვხვდებით და ვფიქრობ, ეს ინდივიდის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

უნდა აღინიშნოს, რომ „უკულტუროები“ საბოლოოდ თავად ქმნიან ახალ, მოდერნიზებულ კულტურას, რომელიც სრულიად განსხვავდება ძველისგან; ახლის შესაქმნელად კი საჭიროა ძველის გაანალიზება და გარდაქმნა, რაშიც ისევ და ისევ წიგნი გვეხმარება.

ადამიანს, რომელიც კულტურას გაურბის, მხოლოდ ორი რამის იმედი შეიძლება ჰქონდეს – საკუთარი თავისა და წიგნის. მარტო დარჩენილი ადამიანი სვამს კითხვებს, მუდმივად ძიების პროცესშია, რადგან მისთვის ყველა აქამდე პასუხგაცემული კითხვა საეჭვო ხდება; სურს თავად ეძიოს კითხვებზე პასუხები და აი, ეს არის მისი, როგორც გონიერი არსების, მთავარი ფუნქცია. სწორედ საკუთარი თავის აღმოჩენისა და ჩვენი ფუნქციის შესასრულებლად გვჭირდება მჭიდრო ურთიერთობა წიგნთან.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ხალხი წიგნებს არ კითხულობს; პრობლემა აღქმაა. ჯერ ვერ გავაცნობიერეთ, რომ კითხვის პროცესი გულისხმობს განსჯასა და გაგებას. ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა გავთავისუფლდეთ კულტურისგან, რომელიც ცდილობს, ყველა ერთნაირად წარმოგვაჩინოს.

პროექტი „მოგზაური ბიბლიოთეკა“  მნიშვნელოვანია, ვინაიდან არ არსებობს სიკეთე, რომელიც გადაწონის ცოდნის გავრცელებით გამოწვეულ სიკეთეს.

ეს პატარა წერილი კი ეძღვნება აკაკის, ჩემს დეიდაშვილს, რომელთან ერთადაც ათ-ათ გვერდად დავიწყე წიგნის სიყვარული.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: