მთავარი,სიახლეები

„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

31.08.2021
„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

დღეს, 31 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ძვირადღირებული პრეპარატის – „ტოცილიზუმაბის“ ხელმისწავდომობაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც პაციენტების ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელებში, პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, თუმცა კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუკი კლინიკა ეუბნება მას, რომ მედიკამენტი არ აქვთ და თვითონ უნდა შეიძინოს? – გაბუნია ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ.

„მეც წავიკითხე ასეთი პოსტები ფეისბუქში, რომ იქნებ შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ, რომ იქნება პაციენტი გადარჩეს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, რადგან მედიკამენტი აქვთ მხოლოდ დიდ კლინიკებს და ჩვენ ვახერხებთ მათთან კომუნიკაციას, რომ მოხდეს პრეპარატის გადანაწილება იქ, სადაც ეს პრეპარატი სჭირდებათ. აქ არ უნდა ჩაერიოს პაციენტი და არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო.

არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტის ოჯახისთვის ამ მედიკამენტის მოთხოვნა, რადგან ბაზარზე ასე მედიკამენტი არ იყიდება. არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით არ არსებობს. თუ სადმე გაიგეთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, კარგი იქნება, თუ ჩვენც შეგვატყობინეთ“, – ამბობს გაბუნია.

მან ასევე ისაუბრა მონოკლონურ ანტისხეულებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა საქართველოში შემოიტანონ.

„ბოლო პერიოდში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების პრაქტიკა აქტიურდება, ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ მონოკლონურ ანტისხეულებს და ჩვენ ვმუშაობთ მათთან იმისთვის, რომ მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში და მომდევნო 3-4 კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება,“- ამბობს გაბუნია.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კოვიდით 70-80 ადამიანი კვდება. დღევანდელი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 79 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: