დადასტურდა კოვიდის 1653 ახალი შემთხვევა

23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 553 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 47 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

22 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.44%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარაში – 100, იმერეთში – 227, ქვემო ქართლში – 116, შიდა ქართლში – 117, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 180, კახეთში – 241, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქედის მუნიციპალიტეტში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული.

მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • რამინ ბერიძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

რამინ ბერიძე ქედის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრია. იგი პროფესიით იურისტია.

ბერიძე 2004-2005 წელს შპს „ქედის ბეთლემის“ დირექტორი იყო, 2005 წლიდან 2008 წლამდე კი – ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის თემში რწმუნებულის მოადგილე.

რამინ ბერიძე
  • ელგუჯა ნაკაშიძე – „გახარია – საქართველოსთვის“

ელგუჯა ნაკაშიძე გახარიამ წარადგინა, როგორც ჰიდროელექტროსადგურის ყოფილი დირექტორი. ნაკაშიძე 1998-2004 წლებში მართავდა აჭარის ჰიდროელექტროსადგურს, შემდეგ კი, სხვადასხვა წლებში, მუშაობდა აჭარის ენერგოკომპანიაში, ქედის საკრებულოში და აჭარის უმაღლეს საბჭოში – მოწვეულ კონსულტანტად.

იგი პროფესიით ინჟინერია.

ელგუჯა ნაკაშიძე
  • როლანდ ბერიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

როლანდ ბერიძე ამ დრომდე ქედის მერის მოადგილეა. მანამდე ბერიძე აჭარის საავტომობილო გზების მართვის დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში მუშაობდა. უფრო ადრე კი „პსპ“ ჯგუფის სარევიზიო – საკონტროლო სამსახურის რევიზორი იყო.

როლანდ ბერიძე პროფესიით მათემატიკოსია.

როლანდ ბერიძე

 

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ოპოზიციონერს მობილური წაართვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მობილური ტელეფონი წაართვა. შემთხვევა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, მოხდა.

მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს წაართვეს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატია და მოქალაქეების მერის მოადგილესთან შეხვედრას იღებდა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მერის მოადგილე შეხვედრის გადაღებით გაღიზიანდა.

„გათიშე რა, არა გაქვს უფლება,“ – ისმის ჩანაწერში ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახა ფუტკარაძის ხმა. ამ ფრაზის თქმის შემდეგ ის მობილური ტელეფონის ვიდეოკამერისკენ მიიწევს და ჩანაწერი წყდება.

„მან გათიშა ვიდეო და ტელეფონს აღარ მიბრუნებდა. ამბობდა, რომ გადაღების უფლება არ მქონდა,“ – ამბობს გიორგი ნაგერვაძე. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სხვა პირების მიერ გადაღებული პირდაპირი ჩართვები გააზიარა, სადაც ჩანს, რომ გიორგი ნაგერვაძე, ასევე ოპოზიციური ერთობის ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე, მერის მოადგილეს მობილური ტელეფონის დაბრუნებას სთხოვენ.

ვიდეოჩანაწერების მიხედვით, კადრებში ჩანს ხელვაჩაურის მერის მოადგილე, რომელსაც ხელით მობილური ტელეფონი ზურგს უკან გააქვს. ის მოთხოვნას არ პასუხობს და ცდილობს მოქალაქეებს გაესაუბროს.

„ინციდენტამდე შევხვდით შარაბიძეების დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც დატბორილები არიან… მოქალაქეებმა გვთხოვეს, რადგან მერიის წარმომადგენლები არ ეცნობიან ჩვენს პრობლემებს, შეგვახვედრეთ მერსო. ჩვენ მივყევით ადამიანებს ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ეს ინციდენტი მოხდა.

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ტელეფონი მას შემდეგ დამიბრუნა, როცა ადგილზე პოლიციელები მოვიდნენ, “ – გვიყვება გიორგი ნაგერვაძე.

„თქვენ მისაკუთრებას რას ეძახით? მე წავართვი ტელეფონი იმ ქმედებიდან გამომდინარე, რასაც ის სჩადიოდა. მე არ ვიცი, ის ნაგერვაძე იყო თუ სხვა გვარის წარმომადგენელი,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილე ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს მას შემდეგ წაართვა, როცა მისი თხოვნის მიუხედავად ის მოქალაქეებთან შეხვედრას იღებდა. ხელვაჩაურის მერს ვკითხეთ, რატომ არ ჰქონდა საჯარო სივრცეში, ხელვაჩაურის საკრებულოს შენობაში, ოპოზიციის წარმომადგენელს ვიდეოს გადაღების უფლება?

„ეს არის დესტრუქციული ძალა, მაგათ აინტერესებთ თემის მოწყობა, რაღაცნაირი შანტაჟი… უფრო მტკივნეული საკითხები იყო იქ, უხვი ნალექის შედეგად ბევრი მოქალაქე დაზარალდა, ჩვენ გავიყვანეთ ეს ადამიანები დასკვნების მომზადებამდე. მოვდივარ სამსახურში დაღლილი, დაახლოებით 4 საათზე და მხვდება ეს დესტრუქციული ძალა მიშა ბოლქვაძის მეთაურობით, თურმე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო მოქალაქეებს ყურადღებას არ აქცევს. მე მოქალაქეებს მივმართე, რომ ამოსულიყვნენ ჩემთან და მათ გულის სატკივარს მოვისმენდი,“ – ამბობს კახა ფუტკარაძე.

რატომ დააბრუნა მობილური ტელეფონი ხელვაჩაურის მერის მოადგილემ პოლიციელების ადგილზე მისვლის შემდეგ?

„კარგად მოიკითხეთ. მე წავართვი ტელეფონი და დავუბრუნე დაახლოებით 15 წუთის შემდეგ. მოვიდა იქ ქალბატონი, ზრდილობიანად მომმართა და დავაბრუნე,“ – გვიპასუხა კახა ფუტკარაძემ.

დაიწყო თუ არა გამოძიება? – „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მიმართა ამ კითხვით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ზუსტად ორი თვის წინ – 22 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ მიკროფონი მიითვისა. მას მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია და მისთვის არც პასუხი მოუთხოვიათ. მაშინ იურისტები ამბობდნენ, რომ საფრთხეს შეიცავს, როცა მინისტრის ამგვარი ქმედება დაუსჯელი რჩება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/555983/

დღეს ბათუმის 10 ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 20:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
ჯავახიშვილის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
გრიბოედოვის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
ლერმონტოვის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
თაყაიშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
ჯავახიშვილის შესახვევი – სრულად; სარაჯიშვილის ქუჩა – სრულად;
გრიბოედოვის შესახვევი – სრულად;
ლორიას ქუჩა – სრულად;
პუშკინის ქუჩა – შარტავას ქუჩიდან – ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე;
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა – სარაჯიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე;
მამია კომახიძის ქუჩა – სარაჯიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე;

უკრაინელი რეჟისორი კინოზე, რუსულ იმპერიალიზმსა და ციხეში გატარებულ წლებზე

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ახალი ფილმი „მარტორქა“ აჩვენეს. სენცოვი ყოფილი პოლიტპატიმარია, მან რუსეთის ციხეში 5 წელი გაატარა და 2019 წელს, კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა ისტორიული გაცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოლეგ სენცოვი „ბათუმელებთან“ პატიმრობის წლებზე, ბოლო ფილმზე, სამომავლო გეგმებსა და პუტინის რუსეთზე საუბრობს.

  • პირველ რიგში, ახალ ფილმზე მინდა გკითხოთ, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე ახლახან აჩვენეს. რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი მიბრუნებოდით 90-იანი წლების უკრაინის ცხოვრებას?

ეს სცენარი 2011 წელს დავწერე. ოთხმოცდაათიანმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა უკრაინის საზოგადოებაზე. ფილმი ახალგაზრდა კაცზეა, რომელმაც მძიმე გზა განვლო კრიმინალურ სამყაროში – მაშინ რომ მართავდა ქვეყანას.

[ფილმში] ფაქტები ნამდვილია, მაგრამ მეც გამოვიგონე ისტორიები, რაღაც ჩემიც დავამატე, რადგან ცხოვრება დრამატურგიული არ არის, თავისი კანონზომიერებით ვითარდება. კინოში კი, ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს, სადღაც უნდა მიდიოდეს ამბავი. ამიტომ მე ავიღე რეალური მოვლენები ძირითად ამბად, რის მიხედვითაც დაიწერა სცენარი და დავამატე ისტორიები, კინოდრამატურგია რომ გამოსულიყო.

  • ბოლო ფილმს „მარტორქა“ დაარქვით. ხომ არ შთაგაგონათ ეს სათაური ეჟენ იონესკოს ამავე სახელწოდების პიესამ, სადაც ფაშიზმზეა მინიშნება? თქვენს ფილმში სიმბოლურად იქცევიან ადამიანები მარტორქებივით, იონესკოს პიესაში კი მთელი ქალაქის მცხოვრებლები გადაიქცევიან ნამდვილ მარტორქებად. 

სიმართლე გითხრათ, იონესკოს ამ პიესასთან კავშირზე არ მიფიქრია, თუმცა ჩემს ფილმშიც აგრესიის სიმბოლოა მარტორქა. ეს სქელტყავიანი ცხოველია, რომელსაც არ ღირს სადმე გადაეყარო. ასეთი ანდაზაც არსებობს, რომ მარტორქა ცუდად ხედავს, მაგრამ მისი წონა და გაქანება პრობლემაა გარშემომყოფებისთვის. ფილმის მთავარი გმირიც ასეთია, სქელტყავიანი და საშიშად აგრესიული.

ოთხმოცდაათიანმა წლებმა ჩვენ შეგვცვალა, გავხდით უფრო აგრესიულები და აღარ გვჯეროდა სახელმწიფოსი, ქვეყანა ნეპოტიზმში იყო ჩაძირული. არ მუშაობდა ინსტიტუციები და მხოლოდ ახლობლობით ხდებოდა ყველაფერი. მარტორქებივით სქელკანიანი და აგრესიული ხალხი იკავებდა მაღალ პოზიციებს, ისინი ახლაც პოლიტიკაში არიან და ზემოქმედებენ უკრაინაზე.

  • მაგრამ გავლენა საზოგადოებაზე აქვს კულტურას და სამოქალაქო აქტივიზმსაც, თქვენ თუ გიგრძნიათ თქვენი ფილმების გავლენა მაყურებელზე?  

ჩემი, როგორც რეჟისორის გავლენა პუბლიკაზე არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის გავლენა. თუ ვლაპარაკობ და ვწერ პოლიტიკურ თემებზე, ამას ყოველთვის უფრო მეტი რეზონანსი აქვს, ვიდრე ჩემს წიგნებსა და ფილმებს. 6 წიგნი მაქვს დაწერილი. ვისურვებდი, მხოლოდ შემოქმედებით პროცესთან მქონდეს საქმე, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ მიწევს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ასე გამოვიდა.

ისე კი ვისურვებდი ჩემი წიგნებით და ფილმებით ვახდენდე გავლენას. კულტურის, ხელოვნების გავლენა ზოგადად ნელი, სიღრმისეული და საინტერესო პროცესია, პოლიტიკური გავლენა დროებითია, სწრაფად წარმავალი და ერთჯერადი.

  • საბჭოთა ეპოქის გავლენა იგრძნობა უკრაინულ საზოგადოებაში დღემდე? როგორ ფიქრობთ, რამდენად გადაიაზრა უკრაინამ საბჭოთა წარსული?

საბჭოთა წარსული ძალიან დიდ გავლენას ახდენს დღემდე უკრაინაზე, რადგან რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ დიდია ჩვენთან. ისინი საკუთარ თავს რუსეთთან უფრო აიგივებენ, ვიდრე უკრაინასთან და პუტინივით მიაჩნიათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი კატასტროფა იყო.

ასე უკრაინაში ბევრი ფიქრობს – აღმოსავლეთში, სამხრეთში, დონბასსა და ყირიმში მცხოვრები. შეუძლებელია ამ ტიპის ოკუპაცია, თუ მოსახლეობისგან დიდი მხარდაჭერა არ აქვს ოკუპანტს. ყირიმი ყოველთვის განსაკუთრებულად იყო რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ. რუსულენოვანი მოსახლეობა ძირითადად რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების მაყურებელია, რომლებსაც უკრაინა მტრად ჰყავთ მიჩნეული. ფაქტობრივად, ამ ხალხის სახით მეხუთე კოლონა გვყავს უკრაინაში. ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ უყვართ უკრაინა.

ოლეგ სენცოვი

გადააზრებას რაც შეეხება, ეს ხანგრძლივი პროცესია, გვაქვს საბჭოთა მუზეუმები უკრაინაში, უამრავი გამოფენა ეწყობა, იღებენ ფილმებს 1917 წლის რევოლუციაზე, უკრაინის პირველი დამოუკიდებლობის მცდელობაზე 1918 წელს, „გოლოდომორზე“, მეორე მსოფლიო ომის, უკრაინის საბჭოთა ოკუპაციის, ამ პერიოდში დისიდენტთა ბრძოლების შესახებ.

  • რთულია არ შევეხოთ რუსეთში, პატიმრობაში გატარებულ წლებს და თქვენი შიმშილობის აქციას. ეს პერიოდი, ახლა, 2 წლის შემდეგ, ბიოგრაფიის რა ნაწილია თქვენთვის, რას დაივიწყებდით ამ პერიოდიდან, რა იყო თქვენი საყრდენი პატიმრობის ამ რთულ წლებში?

არაფრის დავიწყება არ მინდა, ესეც ცხოვრების ნაწილი იყო, რომელიც, მადლობა ღმერთს, დასრულდა. ჩემი შიმშილობის შესახებ უამრავი ვინმე წერდა, მწერდნენ პირადადაც, გასამხნევებლად.

პოლიტპატიმრების ნაწილი 2 წლის წინ გაგვათავისუფლეს, ნაწილი ისევ ციხეში რჩება. ასზე მეტი უკრაინელი პოლიტპატიმარია ციხეში – რუსეთსა და ყირიმში.

სეპარატისტებს დონბასში 200-ზე მეტი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული. მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ასე რომ, ეს ომი არ დამთავრებულა.

პირადად ჩემი პატიმრობა კი დასრულდა, მაგრამ რუსეთი აგრძელებს სისხლისმსმელ პოლიტიკას და მონობისკენ გვექაჩება უკრაინელებს.

  • როგორი იყო გათავისუფლების პროცესი, ელოდით, რომ 5 წელიწადში გაგათავისუფლებდნენ?

როგორც იცით, დიდი კამპანიები ტარდებოდა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით და სხვა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. მეც ვშიმშილობდი არამხოლოდ საკუთარი თავის, უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენ მათ კრემლის ტყვეებს ვუწოდებთ.

მაშინ 64 ასეთი პოლიტპატიმარი ვიყავით. მე ორი წლის წინ, ტყვეთა გაცვლის შედეგად გავთავისუფლდი. 35 უკრაინელი ტყვე გაგვათავისუფლეს ასე, 2 წლის წინ.

პუტინი დათანხმდა ტყვეთა გაცვლას არა იმიტომ, რომ ჩვენი გათავისუფლება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მობეზრებული ჰქონდა ჩვენი სახელები, რომელსაც სულ ახსენებდნენ და სურდა გათავისუფლებულიყო ამ გვარებისგან, ცხელი კარტოფილები ვიყავით მის ხელში და „ხელი გაგვიშვა“. გაგვათავისუფლა, მაგრამ დააპატიმრა სხვები. ეს უწყვეტი წრეა, რომელიც არ მთავრდება და ალბათ არც დამთავრდება სანამ პუტინია ხელისუფლებაში, ალბათ მის სიკვდილამდეც კი.

  • ელოდით გათავისუფლებას, თუ ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?

რა თქმა უნდა, ველოდი. პატიმარი დაპატიმრების პირველი დღიდანვე გათავისუფლებას ელოდება. ჩემი ქმედებით არავინ დაზარალებულა, არ ყოფილა არც აფეთქება, არც მკვლელობა, ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ ჩემს საქმეზე და შავით თეთრზე ჩანდა, რომ ეს ფალსიფიცირებული, პოლიტიკური საქმე იყო. ამიტომაც იყო ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლა ასეთი რეზონანსული. თუმცა არ მეგონა, თუ 5 წელს გაგრძელდებოდა პატიმრობა.

  • თქვენი სახელი ერთდროულად უკავშირდება კინოს და პოლიტიკას, ხშირად გთხოვენ კომენტარებს პოლიტიკურ საკითხებზე. გიფიქრიათ პოლიტიკოსობაზე? რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, ამ გადმოსახედიდან, რომ იფიქროთ პოლიტიკაში წასვლაზე?

პოლიტიკა ამქვეყნად ყველაზე ბინძური საქმეა და უკრაინაში კიდევ უფრო ბინძური.

ჩვენთან ისეთი ძალები ებრძვიან ერთმანეთს, რომ არც ერთ მხარესთან არ მოგინდება საქმის დაჭერა.  სამწუხაროდ, ესაა რეალობა. ძალიან რთულია გვქონდეს ილუზია, რომ ამ გარემოში გამოჩნდებიან ნათელი და სუფთა ძალები, ვინც საქვეყნო საქმეების კეთებას დაიწყებს ისე, როგორც საჭიროა.

უახლოეს მომავალში წარმოდგენაც კი არ შემიძლია, ვისთან შეიძლება ვასოცირდებოდე. შეიძლება შორეულ მომავალში შევცვალო ჩემი ცხოვრება.

მე რამდენიმე ცხოვრება გავიარე, ახლა რეჟისორის ცხოვრებით ვცხოვრობ და ვფიქრობ, დიდხანს ასე ვიცხოვრო, რადგან ბევრი იდეა მაქვს, რასაც განხორციელება სჭირდება. რეჟისორული ცხოვრების დასრულების შემდეგ არ ვიცი რა იქნება. შეიძლება წავიდე პოლიტიკაში, შეიძლება იახტით მსოფლიოს გარშემო დავიწყო მოგზაურობა, არ ვიცი.

  • საქართველოს და უკრაინას ჰყავს საერთო მტერი, პუტინის რუსეთის სახით. თქვენი აზრით, რუსეთის და უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში გადამწყვეტია პუტინის ფაქტორი, თუ რუსული იმპერიალიზმი?

ეს პრობლემების ნაკრებია. პუტინი წარმოადგენს რუსული იმპერიალიზმის ნაწილს მხოლოდ. იმპერიის გაფართოების და გაძლიერების იდეას რომ არ უჭერდეს მხარს ხალხი, პუტინს და კრემლს დამოუკიდებლად მოქმედება გაუჭირდებოდა.

მე ვიყავი რუსეთში და ადამიანების დიდი ნაწილი უჭერს მხარს პუტინს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობისთვის წლებია სხედან ციხეში. რუსეთის მოსახლეობის ნახევარი ვერ იტანს პუტინს და ეს სიმართლეა, მაგრამ 90%-იანი მხარდაჭერა აქვს არჩევნებზე.

როცა პუტინი რუსეთში მიმართავს შიდა რეპრესიების მეთოდს, ეს არ მოსწონს მოსახლეობას, მაგრამ როცა კრემლი იწყებს სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას დიადი რუსეთის შექმნის იდეით, პუტინს ყველა ეთანხმება.

სამწუხაროდ, ესაა რუსული მენტალობა, რისგანაც ვერ გათავისუფლდნენ.

  • თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთმა იმპერიალისტური პოლიტიკა შეცვალოს?

უამრავი იმპერია იყო სხვადასხვა დროს დედამიწაზე, რომლებიც სხვათა ტერიტორიების მიტაცების ხარჯზე არსებობდნენ. დიდი კრახის და დაშლის მერე ყველას მოუწია დაფიქრება იმაზე, რომ ვერ იცხოვრებდნენ მუდმივად სხვათა ტერიტორიების მიტაცების რეჟიმში. დაიკავეს მხოლოდ ის ტერიტორიები, რაც ისტორიულად ეკუთვნოდათ და დაიწყეს კიდეც განვითარება. მათ შეცვალეს დამოკიდებულებები.

რუსეთს კი დაემართა ისე, რომ დაიშალა რუსეთის იმპერია, გაუქმდა მონარქია, დაიშალა საბჭოთა კავშირიც, მოაკლდათ ტერიტორიები, მაგრამ ისევ იმპერიალისტური მენტალიტეტით ცხოვრობენ.

შესაძლოა ეს უკანასკნელი იმპერიაც კი არის დედამიწაზე, სადაც ხალხი ასე აზროვნებს. რუსეთს სჭირდება დიდი პოლიტიკური დაღმასვლა იმის გასაცნობიერებლად, რომ იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით და მუდამ მტაცებლის თვალით არ შესცქეროდეს მეზობლებს.

მილიონობით ადამიანი დაიხოცა გერმანია-საფრანგეთის ხანგრძლივ ომებში, ახლა მათ საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსი აქვთ და ფულიც საერთო აქვთ. ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ და არა მიტაცებისკენ. სანამ ასეთი ღრმა პოლიტიკური ცვლილებები არ დაიწყება რუსეთში, არ დაიწყება არც მენტალური ცვლილებები, კარგი არც არაფერი მოხდება მათთან, ამ ცნობიერებით ვერ განვითარდებიან.

  • 19 სექტემბერს კიევში გაიმართა „კიევი პრაიდი“, რომელიც მშვიდობიანად ჩატარდა. მედია წერს, რომ გაიმართა კონტრაქციაც, მაგრამ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. წელს საქართველოშიც იგეგმებოდა პრაიდი, თუმცა აქციის დაწყებამდე ჟურნალისტები სასტიკად დაარბიეს და პრაიდი ვერ შედგა. თქვენი დაკვირვებით, როგორ შეძლო ამის მიღწევა უკრაინამ – ერთ სივრცეში, ერთ ქალაქში დაეშვა ორი აქცია ერთმანეთის პარალელურად?

ვერ ვიტყვი, რომ შემწყნარებლები იყვნენ „კიევი პრაიდის“ მოწინააღმდეგე კონტრაქციის წევრები და ამიტომ ჩატარდა პრაიდიც და კონტრაქციაც. ეს კონტრაქციის მონაწილეების ტოლერანტულობის ხარჯზე არ მომხდარა. უბრალოდ, სახელმწიფომ ისწავლა ამგვარი აქციების დარეგულირება, სახელმწიფო ევროპული პრინციპების და თანასწორობის მომხრეა. ეს არის ის ღირებულებები, საითაც უკრაინა ისწრაფვის. მაგრამ სასურველი იქნებოდა სხვა ნაწილშიც ასევე ვისწრაფოდეთ ევროპისკენ.

ვერ ვიტყვით, რომ უკრაინაში არ აქვთ აგრესია ლგბტ ადამიანების მიმართ. უბრალოდ, წახალისებულია ტოლერანტული დამოკიდებულება სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან და არ ითვლება კარგ ტონად, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ჩაგრავ ადამიანებს.

ასეთ აქციებზე თუ ვინმეს ჩაგრავენ, პოლიცია არ ხუჭავს თვალს და არ წირავს თანასწორობის იდეას. პოლიცია უკრაინაში თანასწორობის მხარესაა.

აქამდე ასე არ იყო. ეს პროგრესია ჩვენთან.

  • ისევ პატიმრობის წლებს რომ დავუბრუნდეთ, როგორ აღწერდით რუსულ ციხეს?

ყველა ციხე არასასიამოვნოა. იქ ჩანს, როგორ ფუნქციონირებს მთელი საზოგადოება. შეიძლება არ გაგანადგურონ ფიზიკურად, მაგრამ აქვთ მორალური მკვლელობის და ადამიანების ზომბებად ქცევის მცდელობები.

არაფერი აქვს ციხის წესებს საერთო დისციპლინასა და წესრიგთან. ეს, უბრალოდ, ფსიქოლოგიური განადგურებაა, რადგან ასეა მოწყობილი სისტემა. ციხე არავისთვისაა გამოსასწორებელი ადგილი, იქიდან ყოველთვის უარესი გამოდიხარ, ვიდრე შესვლამდე იყავი. ყველას ამახინჯებს პატიმრობა მორალურად.

სოლჟენიცინის დროინდელ ციხესთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, კი. შიმშილით და სიცივით პატიმრებს არ კლავენ, სამაგიეროდ სცემენ, დასცინიან, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ და საშინელებების კეთებას გაიძულებენ, რომ დაგიქვემდებარონ.

მასობრივ რიგში დგომა, მასობრივი მისალმებები, კიდევ ბევრი რამ, რაც გამცირებს. მე ჩრდილოეთის ბანაკში ვიყავი, სადაც ზამთარი 9 თვეს გრძელდება, 9 თვე თოვლი არ დნება. ტემპერატურა -50 გრადუსამდე ეცემა, პოლარული ღამეებია, საშინელი ბუნებრივი გარემო და საშინელი დამოკიდებულებაც შენ მიმართ.

ვიყავი 5 კვადრატულ მეტრ ბეტონის საკანში. მეძინა რკინის საწოლზე. ხელსაბანიც რკინისა იყო და გვქონდა პატარა სარკმელი, გისოსებიანი, საიდანაც არაფერი ჩანდა. საკანში ორნი ვიყავით, ითვლება, რომ მარტო შეიძლება თავი მოიკლა და ამიტომ ვინმეს აუცილებლად შემოგისახლებენ.

  • ინტერვიუს დასასრულს მინდა ისევ კინოს დავუბრუნდეთ. უკვე იცით რა იქნება თქვენი შემდეგი პროექტი? რაზე აპირებთ მუშაობას?

კი, ვიცი რაზეც ვიმუშავებ. ერთი სცენარი ჯერ კიდევ ციხემდე მქონდა დაწერილი, 3 სცენარი ციხეში დავწერე, 4 სცენარი მაქვს, რომელთა გადაღებაც ხვალვე შემიძლია დავიწყო. გამოვიყენე ციხე: დავწერე წიგნები, რომანები და მოთხრობები. სცენარები და კინო ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

ერთი სცენარი ოჯახურ დრამას, გაყრის პირას მყოფ ოჯახს ეხება. მეორე ამერიკული ისტორიაა. ამერიკელ პროდიუსერს მოეწონა ეს სცენარი.

ციხე ჩემთვის შემოქმედებითი შვებულების ადგილი იყო. 5 წელი უქმად არ ვყოფილვარ. ვმუშაობდი და განვითარებას ვცდილობდი.

კაფეში ტურისტს 15 000 ლარი ჩამოაჭრეს ანგარიშიდან, დაკავებულია 1 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს – თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

„მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ „სკარპაში“, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად – 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15 000 ლარი.

კომპლექსურმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ „როიალშიც“. კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ „როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის – 1450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს,“ – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

„სპეციალისტებიც არ მოსულან ჯერ, რომ შეესწავლათ რა დღეშიც ვართ,“ – ამბობს მურმან აბუსელიძე, რომლის სახლსაც მდინარე ბარცხანამ საძირკველი თითქმის გამოაცალა.

ამ მდინარის ჩაყოლებაზე, გოროდოკის უბანში, სხვა სახლებშიც აღარ აპირებენ ღამის გათევას. აქ 6 ოჯახს ელოდება საფრთხე. მდინარე ბარცხანის ქვედა ნაწილში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები 5 ოჯახი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს ქირით.

„გვიანი ღამე იყო, ხმაური გავიგონე, გაიღვიძეთ, მდინარემ დამბა წაიღოო,“ – გუშინდელ, 21 სექტემბრის ღამეს იხსენებს ქეთევან აბუსელიძე, რომელიც უკვე თავის სახლში ვეღარ შედის. ის გოროდოკში ცხოვრობს. ქეთევან აბუსელიძის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ შეატყობინეს ბათუმის მერიას პრობლემის შესახებ, ადგილზე გუშინ და მანამდეც იყო მერიის წარმომადგენელი მისული, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„2006 წელს ავაშენეთ ეს სახლი, მიწა ვიყიდეთ და ნებართვა ავიღეთ. აქამდეც დიდდებოდა მდინარე, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, – აღნიშნა ქეთევან აბუსელიძემ „ბათუმელებთან“.

მდინარე ბარცხანა სახლს საძირკველს აცლის, ბათუმი

მურმან აბუსელიძის თქმით, მერია მდინარის ნაპირის გამაგრებას აპირებს, თუმცა ჯერ ამისთვის ბიუჯეტში ფული არ არის.

„მანამდე კი სტიქია არ იცდის. სასტუმროში გადასვლა კი შეგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით, ახლობელთან გადავიყვანეთ ბავშვები გუშინ ღამე და დღესაც იქ იქნებიან, მაგრამ ასე რამდენ ხანს ვიქნებით?“ – კითხულობს მურმან აბუსელიძე.

მურმან აბუსელიძე
სახლები მდინარე ბარცხანის პირას, გოროდოკის დასახლება

ადიდებულმა მდინარემ გუშინ ღამით ამ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოებიც წაიღო. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ჯებირები მოძველდა და ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის სანაპიროზე მცხოვრებ ოჯახებს.

„2 ოჯახი გასულია ალტერნატიულ საცხოვრებელში და მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ქირით შესაბამისი ფართის შერჩევის მიზნით. მდგომარეობას სწავლობს კომისია, რომლის გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდება შემდგომი ღონისძიებები,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრიდან.

მდინარე ბარცხანამ რამდენიმე დღის წინ უკვე წაიღო ნაზიბროლა სიხარულიძის სახლის ნაწილი. ეს ბარცხანის დასახლებაა, სადაც ბათუმის მერიამ მდინარე ბარცხანის სანაპიროსთან გარკვეული სამუშაოები ჩაატარა, თუმცა გასული წლის სექტემბერში 5 ოჯახი ქირით გაიყვანა.

„ქირით ვცხოვრობ ზუსტად ერთი წელია. მერია გვიხდის 300 ლარს თვეში. ვერაფერი გავიგე, რას გვიპირებენ,“ – გვიყვება ნაზიბროლა სიხარულიძე, – „სახლის ძველი ნაწილი, რაც მდინარეს გადაურჩა, აქ მე დამხვდა როცა დავოჯახდი და 60 წლისაა მინიმუმ ეს სახლი.

4 წლის წინ ჩემმა შვილმა ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და ახალი ორი ოთახი მოაწყო, აბაზანა-ტუალეტიც გააკეთა და ეს ახალი ნაწილი მთლიანად წაიღო მდინარემ, სესხი გადასახდელია… ძველ სახლში შესვლაც კი საშიშია.

ამას წინათ ორი კაცი იყო მოსული. ძალიან რთული ობიექტია, არ ვიცით, რა იქნებაო და წავიდნენ“, – გვითხრა ნაზიბროლა სიხარულიძემ.

ნაზიბროლა სიხარულიძე
მდინარე ბარცხანის სანაპიროზე მცხოვრები ოჯახები, ბარცხანის დასახლება

ამ დასახლებაში მერიას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტი ჯებირების გაკეთების დროს დაავიწროვეს და შესაბამისი გათვლების გარეშე ჩაატარეს სამუშაო.

„ფაქტია, წლების განმავლობაში თუ ვიტბორებოდით, ახლა სახლები მიაქვს მდინარეს პირდაპირ,“ – საუბარში მოქალაქე ერთვება, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

„არადა, სექტემბრის იმ დღეს ისეთი მზე იყო, დავიწვით ხალხი, საღამოს 10-ზე წამოვიდა უცებ კოკისპირული… ღამით დავურეკე გამგებელს, მიშველეთ-მეთქი. იმავე ღამეს გამიყვანეს ქირით და მერე არაფერი,“ – ასრულებს თხრობას ნაზიბროლა სიხარულიძე და შორიდან გვაჩვენებს, როგორ არის შეჭრილი მდინარე მის სახლში.

„აღნიშნულ მისამართზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა კომისიის მიერ, რომლის დასრულების შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები,“- მოგვწერეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრესცენტრიდან. აქ ვერ დაგვიკონკრეტეს, კონკრეტულად რა სახის სამუშაო ჩატარდა ამ ტერიტორიაზე აქამდე.

ბათუმის მერიისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩატარდა მდინარე ბარცხანის სანაპიროზე, რატომ გაუარესდა აქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა და რატომ გაიზარდა პრობლემის მასშტაბი მოგვარების ნაცვლად?

როდის ექნებათ წყალი და კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს [ვიდეო]

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოქალაქე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა – KfW 2020 წელს ბათუმისთვის ამ მიზნით 60 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს მთავრობამ კი ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაიტანა.

რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება
შემოერთებულ ტერიტორიებზე როგორ უნდა მიიყვანოთ წყალი და კანალიზაცია? სად ნახავთ ამისთვის თანხას და რამდენ ხანში? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებს დაუსვა.
  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: 

“ვფიქრობ, ჩვენმა თანაქალაქელებმა იციან, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა შეძლო და იმის კეთება დაიწყო ამ ქალაქში, რაც კომუნისტების დროსაც ვერ გაბედა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ. ბათუმის ძირითად ნაწილში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა სრულად.

სათავე ნაგებობიდან გამწმენდ ნაგებობამდე – წყლის სათავე ნაგებობიდან წყლის მილების, მათ შორის კანალიზაციის სისტემის მონტაჟის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის და ა.შ. გრანდიოზული რამ მოხდა ჩვენს ქალაქში.

პროექტები, მოძიებული დონორები, ხშირ შემთხვევაში დატოვებული ფულიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ქარს გაატანა. კორუფციული გზებით მერე ჯიბეებში დალექეს. არ ვიცი, კოვიდფონდს გადასცეს და მერე იქედან ატკატებით დაუბრუნდა პარტიას, თუ პარტიის კონკრეტულ ჩინოვნიკებს. ფაქტია, რომ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო სრულად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია. დაწყებულიც კი არ აქვთ.

ის თანხა, 60 მილიონი, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელმა თავისივე ხელწერით გადასცა საქართველოს მთავრობას, კოვიდთან ბრძოლის ფონდში, 10 მილიარდის კვალდაკვალ, რომელიც სესხად აქვს აღებული… კარგად ვიცით, ეს თანხები როგორც გაიფლანგა. მიმაჩნია, რომ იყო დანაშაული.

ეს 60 მილიონიც არ ჰყოფნის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას. ახლა, როგორც ვიცი, ბევრად ნაკლების მოლოდინი აქვთ მათ, რომლითაც მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალების გაკეთებას აპირებენ და ეს რაღაცა მოსახლეობისთვის არ იქნება ხელშესახები.

მოკლედ, გვაქვს გამოცდილება, გავაგრძელებთ მუშაობას და ისევე როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სრულად ბათუმი იქნება წყლისა და კანალიზაციის სისტემით რეაბილიტირებული.

რესურსები – ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გვქონდა ამ მიმართულებით გადადგმული, KFW-სთან მოლაპარაკებით, როგორც ძალიან დაბალპროცენტიან სესხს, ისე გრანტების მიღებას ვახერხებდით. უნდა გავაგრძელოთ ეს ასევე ეფექტურად, როგორც ამას ვახერხებდით.

რადგან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ესეც დავასახელე, ნიშნავს იმას, რომ [არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში] მეორე დღიდანვე მერია და პასუხისმგებელი პირები იწყებენ ამაზე მუშაობას”.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“: 

“ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგზის გავაკეთე კომენტარი. კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, მეხუთე ფაზის საკონსულტაციო ტენდერი უკვე ჩატარებულია. კოვიდპანდემიის გამო იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა და აღნიშნული თანხა მიმართული იქნა კოვიდის მართვის ფონდში. შესაბამისად, შემდგომი პროცედურები გრძელდება”.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“:

ჩემთვის მთავარი იქნება, რომ არამარტო წყლის და კანალიზაციის პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ ეკონომიკური და ტურისტული ცენტრების შექმნა იქნება საჭირო, რაც გამოიწვევს შემოერთებულ ტერიტორიებზე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ეს თავისთავად გამოიწვევს შემოერთებული ტერიტორიების სწრაფ და ეფექტურ განვითარებას.

რესურსები – ზოგადად, მუნიციპალიტეტში ვაპირებთ, მთელი რიგი მიმართულებებით გადავხედოთ დღეს არსებულ ბიუჯეტს და მოვახდინოთ ამ ბიუჯეტის მაქსიმალურად მობილიზაცია იმისთვის, რომ, პირველ რიგში, აღნიშნული პრობლემების მოგვარება დავიწყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო გრანტები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფერში დაგვეხმარება და ამის კარგი მაგალითია KFW-ი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს. მინდა ამას ხაზი გავუსვა, ეს არ არის არც ერთი მერის წარმატების შედეგი, ეს არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დამსახურება, რომლებიც მზად არიან, რომ ყოველთვის დაგვეხმარონ.  სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უარი თქვას იმ ევროპულ ღირებულებებზე და დახმარებაზე, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს.

რაც შეეხება ვადებს, ჩემს ადგილას [ვინმემ] რა თარიღიც არ უნდა ახსენოს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტყუილი და მე როგორც ვთქვი, არ ვაპირებ ჩემს მოქალაქეებთან ურთიერთობის დაწყებას ტყუილით. იმიტომ, რომ ეს იქნება გაწერილი პროგრამა, რომელსაც შემდგომ ერთობლივად ყველა იხილავს.

წყალი შეწყდება თამარის, განთიადის, მახინჯაურის და ხელვაჩაურის დასახლებებში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 სექტემბერს, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება თამარის, განთიადის, მახინჯაურისა და ხელვაჩაურის დასახლებებში.

წყლის შეწყვეტის მიზეზი მდინარეებზე მღვრიე წყლის დონის მომატებაა.

აჭარაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია.

 

20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 112-ზე დაფიქსირდა 420 შეტყობინება, ხოლო მერიის ცხელ ხაზზე – 250 შეტყობინება.

20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. მერია იუწყება, რომ პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა.

„შესული შეტყობინებებიდან 50-ზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, 25 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, ხოლო 20 მისამართზე ამ დროისთვის მიმდინარეობს.

მუშაობა დაიწყო კომისიამ, რომელიც განიხილავს ყველა შემთხვევას და მომდევნო დღეებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ასევე, მერიის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის მერიის სერვისცენტრებს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

ბენზეში დროებით მოწყობილ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზის 97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდინარე ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი.

„საჭიროა სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა, რის გამოც 2021 წლის 22 სექტემბერს 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ – წერს გზების დეპარტამენტი.

წუხელ, 21 სექტემბერს, ბათუმში მოსულმა წვიმამ ბათუმსა და ხელვაჩაურში ქუჩები დატბორა.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ამავე თემაზე: 

წყალდიდობა ბათუმში ძლიერი წვიმის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი

გოროდოკში 1 სახლს მდინარემ საძირკველი გამოაცალა, ექვსს საფრთხე ემუქრება

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანამ ხიდის ჯებირები და დამბები მოარღვია. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა აცნობეს. მდინარე 6 საცხოვრებელ სახლს უქმნის საფრთხეს. ერთ-ერთ სახლს უკვე გამოაცალა საძირკველი, ხოლო ერთ-ერთი მესაკუთრის ეზო წაიღო.

„ჩვენ წუხელ ღამითვე ვიგრძენით საფრთხე. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ადექით, დამბა წაიღოო. ხუთის 15 წუთი იყო. 15 წუთში მოვიდა ანზორ დავითაძე, გამგებელი“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც აცხადებს, რომ საფრთხე რეალურია.

„ერთი „სინკარი“ წინა გაწვიმებაზე წაიღო. დავწერეთ განცხადება მერიაში… დღეს – ხვალ და აჰა, წაიღო. გამგებელი მოვიდა და სურათები გადაიღო. ველოდებით“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოროდოკში მცხოვრებმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ქეთინო აბუსელიძემ, რომლის სახლსაც ასევე ემუქრება საფრთხე.

აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მერია მათ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას დაჰპირდა.

ამ დროისთვის ბათუმში აღარ წვიმს. თუმცა ამინდის პროგნოზით ისევ წვიმაა მოსალოდნელი.

___

გუშინ საღამოდან კოკისპირული წვიმაა ბათუმში, რის გამოც არაერთი ოჯახი დაზარალდა. ბათუმში დაიტბორა სახლები, არაერთი კომერციული ობიექტი თუ ავტომანქანები. ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. ბათუმის მერიის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად დაეხმარებიან.

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად დაეხმარებიან – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში კი დაიტბორა ათობით ქუჩა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებსაც.

მერიის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის პარალიზება გამოიწვია სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, „რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა.“- ამბობს მერია.

თოდოგაურში მეწყერმა ფერდსამაგრი კედელი ჩამოშალა

თოდოგაურის 90 ნომერში მეწყერმა ჩამოშალა ფერდსამაგრი კედელი. მერიის ინფორმაციით, დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. „პარალელურად მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა გეოლოგების მიერ.  გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანაზე“.

ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შევიდა მერიაში. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა. საჭიროების შესაბამისად მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა,“-აცხადებს მერია.

__________________________

ამავე თემაზე:

ფერიაში მეწყერმა 3 სახლი წაიღო – მსხვერპლი არ არის

 

 

წყალდიდობა ბათუმში ძლიერი წვიმის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი

ძლიერი წვიმა ბათუმში წუხელ, 21 სექტემბერს დაიწყო. დღეს დილით ბათუმელებს დატბორილი ქუჩები, ავტომანქანები და დაბალსართულიანი შენობების დატბორილი პირველი სართულები დახვდათ რიგ ქუჩებზე.

ძლიერმა წვიმამ დატბორა სახლები და ქუჩები ხელვაჩაურშიც.

წვიმის შედეგად ქალაქის შემოგარენში განვითარდა მეწყრული პროცესები. ფერიის დასახლებაში სტიქიამ სამი სახლი წაიღო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს; ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ სახლების საძირკველს საფრთხე შეუქმნა.

ცხელ ხაზზე ბათუმიდან ასობით ზარი შევიდა დახმარების თხოვნით.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც სტიქიას ასახავს. ფოტოები გადაღებულია „ბათუმელების“ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლების მიერ.

წვიმა 21 სექტემბერს, ღამით დაიწყო და რამდენიმე საათში ქუჩების დატბორვა დაიწყო
დატბორილი ქუჩა ბათუმში
ძლიერი წვიმა ფაქტობრივად მთელი ღამე არ შეჩერებულა
22 სექტემბერს ათეულობით ქუჩა დატბორილი იყო
წყლის ამოტუმბვა ეზოდან
22 სექტემბრის დილა ბათუმში
დატბორილი ქუჩა ბათუმში
დატბორილი ეზო ხელვაჩაურში
წვიმამ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დატბორა კერძო სახლების პირველი სართულებიც
ეზოები
დატბორილი მანქანა
დაიტბორა მაღაზიები პუშკინის ქუჩაზე
დატბორილი ქუჩა ბათუმში
ბენზინგასამართი სადგური წყალში
დატბორილი ქუჩა ბათუმში
ძლიერი წვიმის შემდეგად დატბროლი ბათუმი

აჭარაში კოვიდით 4 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 130 შემთხვევა | 22 სექტემბერი

22 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ დროისთვის აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 515 პაციენტი, მათგან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის  2 016 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 პაციენტი გარდაიცვალა.

„სილქფესტი“ ულიმიტო პაკეტების აქციას იწყებს

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს 22 და 23 სექტემბერს შესაძლებლობა ექნებათ მთელი თვით ჩაირთონ  ულიმიტო პირობები.

„სილქფესტის“ აქციით ფიზიკური და იურიდიული პირები  გაიაქტიურებენ:

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტს – 19 ლარად –  კომბინაციით *019# ან *202#
  • ულიმიტო სასაუბროს* – 10 ლარად  – კოდით *202# 

[/checklist]

შესაძლებელია ორივე პაკეტის ჩართვა და 30 დღე ულიმიტო პირობებით სარგებლობა.

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

 

 

ფერიაში მეწყერმა 3 სახლი წაიღო – მსხვერპლი არ არის

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფერიის დასახლებაში, სამი სახლი წაიღო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს მეწყრული პროცესები არაერთ სოფელში განვითარდა. ზუსტი ზიანის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ფერიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ბეგლარ აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მეწყერი შევარდა ზურაბ ბაკურიძის სახლში, სადაც ერთი ქალი დაზიანდა.

„ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეწყერმა დაანგრია ჯუმბერ ქართველიშვილისა და რამაზ ანთაძის საცხოვრებელი სახლები. ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან და დროებით საცხოვრებელში გადავიყვანთ“, – ამბობს ბეგლარ აბაშიძე.

მისი თქმით, მეწყრული პროცესების განვითარების რისკები ისევ არსებობს. „ჩაკეტილია გზები, შიდა გზები, მაგრამ ველოდებით ტექნიკას და ეტაპობრივად გაიწმინდება“, – ამბობს აბაშიძე.

მეწყერი ჩამოწვა ყოროლისთავში და ჩახერგა ცენტრალური გზა

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესია სალიბაურსა და ორთაბათუმშიც.  მეწყერმა ასევე ჩახერგა ცენტრალური გზა სოფელ ყოროლისთავში, მასაურასა და წიქარეულში.

_____________________

მთავარი ფოტო: სოფელი მასაურა, სადაც მეწყერმა გზა წაიღო.

ბათუმში დღეს და ხვალაც იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ბათუმში დღეს, 22 სექტემბერსაც, იწვიმებს.

წვიმა და ღრუბლიანი ამინდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ღამით კი შესაძლოა წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდეს, მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი.

პერიოდულად ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ხვალ, 23 სექტემბერსაც. მაღალმთიან აჭარაში კი მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.

ჰაერის ტემპერატურა  დაიკლებს და ბარში დღისით 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში – 10-15 გრადუსი.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს.

წუხელ ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა.

ამავე თემაზე:

კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა | ფოტო

 

 

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ათობით ქუჩაა დატბორილი. რთული მდგომარეობაა პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩებზე, სადაც წყალმა პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში შეაღწია და დატბორა.

დატბორილი მაღაზია პუშკინის ქუჩაზე. მაღაზიის მფლობელის თქმით, დაახლოებით 5 ათასი ლარის საქონელი გაუფუჭდათ

წვრილი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მერიასა და 112-ში დილის 6 საათის შემდეგ რეკავდნენ. „არც მთავრობიდან ყოფილა არავინ და არც ბათუმის მერიიდან. დილის 6 საათის შემდეგ აქ ვართ. 1 მეტრო სიმაღლის წყალი იდგა მაღაზიებში“, – გვითხრეს ადგილზე მაღაზიების მეპატრონეებმა.

დატბორილი მაღაზია პუშკინის ქუჩაზე. მეპატრონე ამბობს, რომ ძალიან ბევრი გასაყიდი ნივთი გამოუსადეგარი გახდა

სავაჭრო ობიექტების მფლობელები ასუფთავებენ დატბორილ და ატალახებულ სავაჭრო ობიექტებს და ცდილობენ დაახარისხონ გაფუჭებული საქონელი.

დატბორილი მაღაზია მელიქიშვილის ქუჩაზე

დატბორილი მაღაზია პუშკინის ქუჩაზე

 

პუშკინის ქუჩაზე ასევე დაიტბორა მანქანებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი მონაცემი არ ვრცელდება.

ცხელ ხაზზე 40-მდე ზარი შევიდა – კოკისპირული წვიმა ბათუმში

ბათუმში წუხელ კოკისპირული წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები, ეზოები, დაბალსართულიანი სახლები და სავაჭრო ობიექტები დაიტბორა.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მეტად დატბორილია ბაგრატიონის, თავდადებულის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები.

ცხელ ხაზზე დატბორვის შესახებ 40-მდე ზარი შევიდა.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ყველაზე პრობლემური ადგილების ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ჯგუფები და სპეცტექნიკა, იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები, ჩართულია სამაშველო სამსახურის ჯგუფებიც“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

დატბორილია ხელვაჩაურის ქუჩებიც, ეზოებში წყალი დგას.

ამავე თემაზე: 

კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა | ფოტო

კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა | ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დღეს, 22 სექტემბერს, დაიტბორა.

მელიქიშვილის ქუჩა
მელიქიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს კვეთა
დატბორილი ქუჩა ბათუმში
მელიქიშვილის ქუჩა
დატბორილი ქუჩა ბათუმში
დატბორილი ქუჩა ბათუმში. ნინო ჩხაიძის ფოტო
დატბორილი ქუჩა ბათუმში, ჭაობის დადახლება. მალხაზ ჭკადუას ფოტო
დატბორილი ქუჩა ბათუმში, ჭაობის დადახლება. მალხაზ ჭკადუას ფოტო
დატბორილი ქუჩა ბათუმში, ჭაობის დადახლება. მალხაზ ჭკადუას ფოტო
დატბორილი ქუჩა ბათუმში. ნინო ჩხაიძის ფოტო

ავსტრალიაში კოალების მესამედი დაიღუპა ბოლო 3 წელში

ავსტრალიაში დაიღუპა კოალების დაახლოებით 30% ბოლო სამი წლის განმავლობაში, გვალვის, ტყის ხანძრისა და ხეების გაჩეხვის შედეგად.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცემა ციტირებს ავსტრალიის კოალას ფონდის თავმჯდომარეს, დებორა ტაბარტს, რომელიც აცხადებს, რომ ეს კოალების რაოდენობა დრამატულად შემცირდა.

იგი ამბობს, რომ ავსტრალიას ესაჭიროება კანონი კოალას დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოპულაცია კიდევ უფრო შემცირდება.

ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის თქმით, ბოლო წლებში ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად 3 მილიარდამდე ცხოველი დაიღუპა ან გადასახლდა.

ხანძრის გარდა კოალებს ემუქრებათ ჩვეულებრივზე თბილი ამინდი, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

„თუ კოალების შემცირება ამ ტემპით გაგრძელდება 20-30 წლის განმავლობაში, კოალა შესაძლოა შუა ასწლეულში საერთოდ გაქრეს ველური ბუნებიდან,“ – აცხადებენ სპეციალისტები.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/BIANCA DE MARCHI

ამავე თემაზე: 

ასობით კოალა დაიღუპა ხანძრის შედეგად – ავსტრალიაში ფაქტს ტრაგედია უწოდეს

რას ამბობს კობახიძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე

„გეთანხმებით, რომ შეიძლებოდა სწრაფად დარეგულირებულიყო ეს ყველაფერი. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის,“ – უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ბათუმში.

ირაკლი კობახიძე დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა.

რატომ არ იცვლება კანონი და ვერ ახერხებს ხელისუფლება უკანონო მშენებლობის შეჩერებას? – ვკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რადგან გუშინ, 20 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ამ პრობლემაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ „კანონია შესაცვლელი“.

საუბარია იმაზე, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 6-ჯერ დააჯარიმა გოგოლის ქუჩაზე მშენებლობის მწარმოებელი და გამოცემულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება, თუმცა რადგან ჯარიმები კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება.

იმას, რომ ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს უკანონო მშენებლობის შეჩერებას, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს.

„გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა… თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა თბილისისთვის და ბათუმისთვის და არის მემკვიდრეობით მიღებული სერიოზული პრობლემა, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი. უამრავი ნებართვა იყო გაცემული და იმ ნებართვების საფუძველზე ახლაც მიმდინარეობს მშენებლობები,“ – გვითხრა ირაკლი კობახიძემ.

9 წელი არ იყო საკმარისი კანონის შესაცვლელად? – ვკითხეთ „ქართული ოცნების“ ლიდერს.

„არსებობს პრინციპული პოლიტიკური ნება იმისა, რომ სივრცითი მოწყობის საკითხები დარეგულირდეს სათანადოდ ისევე, როგორც ეს არის მიღებული ევროპულ ქვეყნებში და დასავლეთის სივრცეში,“ – გვიპასუხა ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

რატომ არ იბარებენ სუსის უფროსს პარლამენტში? – კობახიძის კომენტარი

დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რატომ არ დაიბარეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებთან დაკავშირებით.

„ოპოზიცია ითხოვდა მთელი წლის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე. რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება, ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები. არჩევნებამდე არ იმართება პლენარული სხდომები, ამის რესურსი არ აქვს პარლამენტს, რადგან ყველა დეპუტატი ჩართულია საარჩევნო პროცესში. აქედან გამომდინარე, როგორც კი განახლდება პარლამენტის მუშაობა, შეგვიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ,“ – ამბობს კობახიძე.

გავრცელებულ ფაილებში საუბარია მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. თუკი დადასტურდება აღნიშნული სასულიერო პირების თანამშრომლობის ფაქტი რუსეთის უშიშროებასთან, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? – ამ კითხვას კობახიძე ასე პასუხობს:

„უსაფრთხოების სტრუქტურების მუშაობას რაც შეეხება, ამას აქვს თავისი სპეციფიკა, ყველაფერს აწესრიგებს კანონმდებლობა, როგორც კონტრდაზვერვით, ასევე დაზვერვის სფეროში მუშაობას, უსაფრთხოების კუთხით მუშაობას და სამართალდამცავები მუშაობენ ამ კანონის შესაბამისად.

ის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სახელმწიფო უსაფრთხოება, ეს არის ამ სამსახურის დამსახურება და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი გაკეთდება კანონის ფარგლებში,“ – ამბობს კობახიძე.

_________________________________

ამავე თემაზე:

პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე

ვინ არიან შუახევის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში 4 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „პარტიოტთა ალიანსს“, „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • როინ ზოიძე – ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5]

როინ ზოიძეს ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

როინ ზოიძე

იგი ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო, მან საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის მაისში დატოვა.

  • გიორგი ტარიელაძე –დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ [საარჩევნო ნომერი 8] 

ცესკოს მონაცემებით, შუახევში მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გიორგი ტარიელაძე იქნება.

  • შალვა გოგიტიძე – „გახარია – საქართველოსთვის“ [საარჩევნო ნომერი 25]

შალვა გოგიტიძე 2021 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, შუახევის მერის თანაშემწედ მუშაობდა.

1981 წელს მუშაობდა კომკავშირის შუახევის რაიონულ კომიტეტში. ასლან აბაშიძის დროს, თითქმის 5 წლის განმავლობაში იყო აჭარის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. 

2007 წელს შალვა გოგიტიძე „ქართული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი იყო 2012 წლამდე.

  • ომარ ტაკიძე – „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41]

ომარ ტაკიძე შუახევის ჯერ კიდევ მოქმედი მერია. იგი ერთი წელია ამ პოზიციაზეა, მანამდე კი მერის მოადგილე იყო.

ტაკიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. საკრებულოში მუშაობამდე იყო შპს „ეკონომიას“ დირექტორი და წილის მფლობელი. ეს შპს ახლაც აქტიურია, თუმცა რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიაში ომარ ტაკიძეს წილი აღარ აქვს.

ომარ ტაკიძე

 

მრავალფუნქციური კომპლექსი „პანორამა“ სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის სისტემებით

სმარტერისა და თაუერ გრუპის წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, მრავალფუნქციური კომპლექსი „პანორამა“ სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემებით.

პროექტი „პანორამა“ წარმოადგენს 40 სართულიან მულტიფუნქციურ კომპლექს შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ერთდროულად განთავსდება, როგორც პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები, ისე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცე. აპარტამენტებში გათვალისწინებულია სრული რემონტი, ავეჯი და ტექნიკა.

გარდა ამ ზემოთ ხსენებული უპირატესობებისა „პანორამა“ უპასუხებს თანამედროვე ტექნოლოგიებს უახლეს გამოწვევებსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი თითოეული აპარტამენტი აღიჭურვება ჭკვიანი სახლის სისტემებით.

ამ კუთხით ბაზარზე შეირჩა ყველაზე გამოცდილი კომპანია ინოვაციური მიმართულებით, რომელმაც მოახდინა თანამედროვე სისტემებისა და პრაქტიკული საჭიროებების იდეალური შერწყმა.

„პანორამა“-ს მომავალ მობინადრეებს ექნებათ განსაკუთრებული შესაძლებლობები, რადგან მათ შეეძლებათ საკუთარი უძრავი ქონების მართვა და მონიტორინგი, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული კომპლექსი არის საინვესტიციო, მაშინ ეს უპირატესობა კიდევ უფრო საჭირო და პრაქტიკული ხდება.

„პანორამა“-ს მომავალ მობინადრეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებებით, როგორებიცაა:

კარის ჭკვიანი საკეტი – საშუალებას მისცემს მობინადრეებს დისტანციურად გააქირაონ უძრავი ქონება და მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია თუ ვინ სტუმრობს მათ ბინას.

გათბობა-გაგრილების ავტომატიზება – მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლონ სახლის ტემპერატურა, აპლიკაციის მეშვეობით.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვა – ჭკვიანი სახლის სისტემა ასევე საშუალებას მისცემს მობინადრეებს, მართონ სახლში არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა მანძილის შეუზღუდავად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სმარტერი უკვე 7 წელია, რაც აქტიურად განაგრძობს ჭკვიანი სახლის სისტემებისა და სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. სმარტერის მიერ განხორციელებული პროექტების სიაში შედის 15.000 ზე მეტი აპარტამენტი, სხვადასხვა წამყვან დეველოპერულ პროექტებში!

 

ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში

ირაკლი ბერიძე ქობულეთის მერობის კანდიდატია პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. 2008-2010 წლებში ის იყო ქობულეთის საკრებულოს იურისტი, 2019  წლამდე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ დირექტორად.

  • ბატონო ირაკლი, როგორ აღმოჩნდით გახარიას პარტიაში?

აქამდე არ ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ვიზიარებდი გახარიას პოზიციას, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რადგან ასე ქვეყანა წინ ვერ წავა. როდესაც შეიქმნა ქობულეთში გახარიას გუნდი და ჩამოყალიბდა საარჩევნო შტაბი, გადაწყდა მე მეხელმძღვანელა. დიდი გამოცდილება მაქვს საარჩევნო საკითხებში ადმინისტრირების კუთხით და კარგად ვიცნობ საარჩევნო კანონმდებლობას.

  • რას პირდებით მოსახლეობას?

ჩემი მთავარი პრიორიტეტია, რომ ქობულეთი იქცეს სპორტის და ტურიზმის ქალაქად. მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს სპორტში და განვითარდეს სპორტული ტურიზმიც.

დღეს ქობულეთში არ არის სპორტსკოლა, გაუქმებულია ველოსპორტის კლუბები. მაგალითი მეზობელი თურქეთიდან, კერძოდ ანტალიის რეგიონიდან უნდა ავიღოთ. ზღვის სანაპიროზე გვაქვს უამრავი ასათვისებელი მიწის ნაკვეთი, სწორედ აქ უნდა მოეწყოს სხვადასხვა სპორტული მოედანი. ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ თურქეთში, არამედ აქეთ უნდა მოვიწვიოთ კლუბები.  მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან. თურქეთს კონკურენცია უნდა გავუწიოთ.

შესწავლილი მაქვს თურქული ბაზარიც. მაგალითად, თურქეთში ათდღიანი საწვრთნელი შეკრება ერთი სპორტსმენისთვის ჯდება 780 ევრო, ე.წ. გადოლარების პრინციპიდან გამომდინარე ჩვენც უნდა გავხადოთ 780 დოლარი.

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ხარჯების შემცირება იგივე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან საკმაოდ იაფი ჯდება ტრანსპორტირება საქართველოში, ვიდრე თურქეთში გადაფრენა. მინიმუმ ნახევრდება ფასები. ამიტომ შესაძლებელია მოვიწვიოთ მეზობელი ქვეყნების სპორტული კლუბები. რეალურად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქობულეთში ტურიზმთან ერთად სპორტიც განვავითაროთ.

ეს ნიშნავს დამატებითი შემოსავლის წყაროებს და კერძო ბიზნესთან ერთად 5-10 წლის განმავლობაში რენტაბელურად იქცევა ეს სფერო. შემდეგ აქ შემოსულ თანხას დავაბანდებთ ბავშვთა სპორტის განვითარებაში.

  • როგორც ბათუმში, ქობულეთშიც არის ტენდენცია პლაჟების ჩაკეტვის, უსახური მშენებლობების. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ზღვისპირა ზოლის განვითარება?

ქობულეთი ინფრასტრუქტურის მხრივ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საკითხის გადაწყვეტის დროს არ არიან საქმეში ჩართული სპეციალისტები. უნდა ჩაერთონ ურბანისტები, არქიტექტორები, გეოლოგები, რომ არ მივიღოთ დაბეტონებული ქობულეთი.

ქობულეთი ძალიან პატარაა და დაბეტონებას ვერ აიტანს. პლაჟი უნდა მოწესრიგდეს, ვიზიტორისთვის უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, საშხაპეებით, გასახდელებით.

ზღვისპირა ზოლში ჩემთვის მისაღებია სასტუმროები, რადგან სასტუმრო არის დოვლათის შემქმნელი. საქმდება ადგილობრივი, ბიუჯეტში შედის დამატებითი შემოსავლები, ბევრი ვიზიტორია და ეს არ უნდა გავუშვათ ხელიდან.

თუმცა მშენებლობები უნდა იყოს შეთანხმებული ურბანისტებთან, კარგად დაგეგმილი, ისეთი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც არ დაამახინჯებენ იერ-სახეს და საფრთხეს არ შეუქმნიან მეზობელ ბიზნესს.

  • ხშირად ინვესტორები ცათამბჯენებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან ამაში ხედავენ მოგებას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ბიზნესს სჭირდება სწორი ახსნა, ქობულეთში ცათამბჯენს ფუნქციონირება გაუჭირდება, რადგან გაგვიჭირდება მათთვის კომუნიკაციების სწორად მიწოდება, გაგვიჭირდება საპარკინგე ადგილების გამოყოფა და ასე შემდეგ. ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი. ჩვენ შეგვიძლია ისეთი ადგილები შევთავაზოთ, სადაც შეუძლია ინვესტორმა ჩადგას ორი 6 – სართულიანი კორპუსი და არა ცათამბჯენი.

თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების ტერიტორიაზე ბევრი ადგილია, რომელიც გაყიდულია ინვესტორებზე, მაგრამ წლებია დაკონსერვებულია. ჩვენ ინვესტორს პირობიანი წესით უნდა მივცეთ მიწის ნაკვეთები, რომ შემდეგ არ მოხდეს მსგავსი რამ. არც დაწყებას კითხულობს ვინმე და არც დასრულებას, არც ხარისხს და არც იმას, დასაქმდებიან თუ არა ადგილობრივები.

დამტკიცებული პროექტების გადაკეთება და დაშენებები უნდა დასრულდეს. როცა გეოლოგი გეუბნება, რომ ამ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია 7-8 სართულის აშენება, შემდეგ 4-5 დაემატება, ეს საფრთხის შემცველია და არ უნდა მოხდეს ასეთი რამ.

  • თუმცა ფაქტია, რომ „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც თქვენმა ლიდერმა თქვა ერთხელ, ხშირად ხუჭავენ თვალს მსგავს პროექტებზე.   

ის გარიგება, რომელიც ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, ის გარიგება, რომელიც შემდგომში მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, ასეთ თემებზე კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები და არასდროს წავალ კომპრომისზე.

  • ფიჭვნარში რომ აპირებენ მშენებლობებს, ამაზე რას ფიქრობთ, თუ არის თქვენთვის მისაღები?

ეს პროექტი – „მწვანე ქალაქი“, წესით, დასრულებული უნდა ყოფილიყო აქამდე, მაგრამ ჯერ არც კი დაწყებულა. იმედია, არ გაკეთდება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიას და ხელი უნდა შევუწყოთ ისტორიული ძეგლების განვითარებას. არ შეიძლება არქეოლოგიური გათხრების ადგილზე იყოს სასტუმრო ან მშენებარე კორპუსი.

ვფიქრობ, ქალაქის მასშტაბები უნდა გაიზარდოს ისე, როგორც მოხდა ეს ბათუმში და ქობულეთის შემოგარენი ამის შესაძლებლობას იძლევა.

დღეს ქობულეთის ბიუჯეტი 36 მილიონი ლარია და ამისთვის საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ ბიზნესთან ერთად ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უნდა განვითარდეს ქალაქი. ბიუჯეტის ფულით საინვესტიციო გარემო უნდა შევქმნათ, კომუნალური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. მაგალითად, კარიერის დასახლებაში, რომელიც ზღვისპირა ზოლია, რამდენიმე ჰექტარია ასათვისებელი, ასევე ფიჭვნარის ზოლი, სადაც მისაყვანია კომუნიკაციები და სხვა სისტემები. სახელმწიფო ამაში უნდა დაეხმაროს ბიზნესს.

  • ტრანსპორტზე, ველობილიკებზე რა გეგმები გაქვთ?

ჩემი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ტრანსპორტი, აუცილებლად უნდა განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეს ქალაქში გაუმართავი და მოუწესრიგებელი მიკროავტობუსები მოძრაობს. ტრანსპორტი აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული – ქობულეთში თითქოს ვაშენებთ ტურისტულ ქალაქს და საერთოდ არ ვფიქრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებსაც საერთოდ არაფერს ვთავაზობთ.

მარტო ქობულეთში 3 377 შშმ პირი ცხოვრობს, აქედან 120 უსინათლოა. რეალურად, ჩვენ ამ ხალხს ვთავაზობთ, რომ ისხდნენ სახლში. ადაპტირება ეხება არა მარტო ტრანსპორტს, არამედ სასტუმროებს, კაფე-ბარებს, გზებს.

ერთი ნაპირი გააკეთეს ზღვასთან ეტლით მოსარგებლე პირებისთვის და უნდა ნახოთ, როგორი ჩასასვლელია – უღელტეხილს ჰგავს. ეტლით მოსარგებლეს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ამ სერვისით სარგებლობა, თორემ თანმხლები პირი თუ დასჭირდა, ის აღარ არის ადაპტირებული გარემო. შესაძლებელია გაკეთდეს ელექტროჩასასვლელიც ამ ბილიკზე. 13 კილომეტრია ქალაქში ზღვისპირა ზოლი და ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველ მოსახლეობას არ შეუძლია დამოუკიდებლად ავიდეს ტრანსპორტში, მიიღოს პირველადი სერვისი, ზაფხულში გავიდეს ზღვაზე.  ჩვენ მათ ვთავაზობთ ადაპტირებულ ქალაქს. ასევე გვექნება საინტერესო ტურისტული პაკეტები უცხოელი შშმ ტურისტებისთვის და გაჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო ქალაქისთვის.

  • კიდევ რაში ხედავთ ქობულეთის განვითარების პოტენციას?

ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ სოფელს შევთავაზოთ კონკრეტული პროექტი, რომელიც ამ სოფლის კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული.  მაგალითად, ბობოყვათში, ბუკნარში, ჩაქვსა და ციხისძირში, სადაც ზღვისპირა ზოლია, ტურიზმთან ერთად სოფლის მეურნეობაც შეგვიძლია განვავითაროთ. დღეს მოცვსა და თხილზეა მოთხოვნა ევროპულ ბაზარზე, მაგრამ  წლების შემდეგ შესაძლოა სხვა პროდუქტზე გაჩნდეს მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ როგორც ჩაი და ციტრუსი, ასევე სხვა კულტურებიც. ჩვენ მოსახლეობას მოყვანილი პროდუქციის ბრენდირებასა და ბაზრების მოძიებაში უნდა დავეხმაროთ.

  • როგორც ვიცით, ის ტერიტორიები ქობულეთში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ხეები წაიღო, არ აღუდგენიათ. თქვენ რა ხედვა გაქვთ ამაზე?   

ძალიან დიდი ქარსაფარი ზოლია ბევრ სოფელში განადგურებული. პირველ რიგში, ეს უნდა აღდგეს. იმ სოფლებში, საიდანაც ხეები გადაიტანეს, გზებზე ბეტონის ფილები დააგეს, რომელიც დღეს ამორტიზებულია და ეს გზებიც დასაგებია.

  • ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ არსებობს სკეპტიციზმი. „ყველა თავისი კეთილდღეობისთვის მოდის“, „მხოლოდ თავისიანებს დაასაქმებს“, „მოდის, რომ ფული იშოვოს“ – ამბობენ ადამიანები. მჭედლიშვილის მაგალითი იცით ალბათ, ქობულეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის. თქვენ რა ქონებას ფლობთ?

ჩემს სახელზე ამ წუთას რეგისტრირებულია 450 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, სადაც განლაგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე, ბანკის დახმარებით მეოთხე წელია ექსპლუატაციაშია შესული ოთხსართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესია. პანდემიიდან გამომდინარე ცოტათი უჭირს ბიზნესს, მაგრამ მაინც მოვახერხე საბანკო ვალდებულებები დამეფარა.

ასევე გამაჩნია მიწის ნაკვეთი სოფელ მუხაესტატეში, სადაც ციტრუსისა და თხილის კულტურა მაქვს გაშენებული 2500 კვ.მ სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ეს არის დღეს ჩემი ქონების ჩამონათვალი.

რაც შეეხება კორუფციით დაგროვებულ ქონებას, იქნება ეს ირაკლი ბერიძე თუ სხვა, რა თქმა უნდა, მან უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას მოიპარავ თუ არამიზნობრივად გახარჯავ, ჩემი აზრით, ესეც კორუფციაა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს თანამდებობის პირმა.

სანამ ეს მიდგომა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომ ხალხის ფული სწორად, რაციონალურად უნდა დახარჯო, მანამდე იქნება ეს პრობლემები. უკანონოდ ნაშოვნი ფულით სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა კი დანაშაულია და ამისთვის ადამიანმა პასუხი უნდა აგოს.

5 პროგრამა, რომლებზეც ბსუ-ში წელს ყველაზე მეტი მოთხოვნაა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 1 295 პირველკურსელი მიიღო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან სახელმწიფო გრანტი მხოლოდ 95- მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო 400-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ისწავლის.

წელს, როგორც უნივერსიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, გამოიყო ხუთი მიმართულება, რომლებზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა:

[checklist]

  • ფსიქოლოგია
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • ისტორია
  • ქართული ფილოლოგია
  • სამართალმცოდნეობა

[/checklist]

რაც შეეხება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს, მაგალითად, ფიზიკა, ბიოლოგია, მშენებლობა, ქიმია, ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერია – მხოლოდ ნაწილობრივ შეივსო. ამ მიმართულებებზე სავალდებულო იყო მათემატიკის ჩაბარება.

ბსუ-ს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, განსაკუთრებით ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც აისახა კიდეც პროგრამების ხუთეულში.

„წელს პირველად, სრულად დაკომპლექტდა გერმანული და ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებები. ასევე, გაზრდილია სტუდენტების კონტინგენტი საბაკალავრო პროგრამებზე, „შევსების მაჩვენებელი გვაქვს 95 პროცენტი“, – ამბობენ ბსუ-ში.

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის – ექიმის რჩევები

ორსულობისთვის სხეულის მომზადება აუცილებელია როგორც ნაყოფის, ისე თავად ორსულის ჯანმრთელობისთვის, თუმცა როგორც მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, მის პრაქტიკაში ახალი წყვილების ძალიან მცირე ნაწილი თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ექიმი ამბობს, რომ გინეკოლოგს ქალები უმეტესად დაორსულების შემდეგ მიმართავენ და პრობლემების გადაჭრაც ორსულობის პერიოდში უწევთ.

  • რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ქალმა ორსულობისთვის მომზადება?

პროცესს, რომლის დროსაც წყვილი ემზადება ჯანმრთელი პატარას ჩასახვისთვის, ორსულობის დაგეგმვა ჰქვია. მზადება სასურველია დაიწყოს 2-3 თვით ადრე. სასურველია კონსულტაცია გინეკოლოგთან, ენდოკრინოლოგსა და თერაპევტთან.

ამ პერიოდში ინიშნება ფოლიუმის მჟავა 400 მკგ/დღეში, მომავალ დედას და მამას გაეწევა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ თავი შეიკავონ ტოქსიკური ნაერთების მიღებისგან, მათ შორის ალკოჰოლისგან, თამბაქოსგან, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებებისგან.

ორსულობის განმავლობაში, უშუალოდ ბავშვისა და ბავშვის მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად იცვლება ქალის ორგანიზმიც.

  • რა არის ფოლიუმის მჟავა?

ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი B ვიტამინის ფორმა, რომელიც ორსულობის დროს ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას.

დეფექტების ჩამოყალიბება უმეტესად ორსულობის პირველ 3-4 კვირაში ხდება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფოლადის მიღება სწორედ ამ პერიოდში, როცა ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი. რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღება დაორსულებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

  • რა არის მთავარი რჩევები, რაც უნდა გაითვალისწინოს ქალმა დაორსულებამდე?

ორსულობის დადგომამდე დაახლოებით 2-3 თვით ადრე საჭიროა თადარიგის დაჭერა. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად.

უნდა დაადგინოთ ხომ არ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და დადებითი პასუხის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ დაორსულებამდე ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი, როგორც თქვენ, ისე თქვენმა პარტნიორმაც.

ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. დაორსულებამდე უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად მოიწესრიგოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალისტთან ერთად.

  • წონის კონტროლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვისა და ჯანმრთელი ფეხმძიმობის მეტი შანსი აქვთ; აქ იგულისხმება როგორც ნორმაზე მეტი, ისე ნორმაზე ნაკლები წონაც. სწორი კვების შედეგად ორგანიზმში გროვდება ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების მარაგი.
  • თამბაქოს მოხმარება უნდა შეწყვიტოთ. ცნობილია, რომ არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობების რისკი კი – მეტი;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მოხმარება. ეს ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს;
  • შეწყვიტეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ეს ამცირებს ბავშვის ჩასახვის შანსს და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას.
  • საჭიროა ვიზიტი სტომატოლოგთანაც, რათა მოიწესრიგოთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები.
  • ფეხმძიმობის დროს (განსაკუთრებით I ნახევარში) განვითარებული წითურა ნაყოფის სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ თუ ქალს წითურა არ აქვს მოხდილი, დაფეხმძიმებამდე რვა თვით ადრე უნდა აიცრას.

თიბისის ჩართულობით და USAID-ის მხარდაჭერით, BTU-ში Android & iOS ლაბი გაიხსნა

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, Android & iOS ლაბი გაიხსნა. ამ სივრცეში, USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 13 სექტემბერს iOS და Android-ის მიმართულებით 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები დაიწყო.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი, რომლის როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანი ინდუსტრიის განვითარება და მასში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოტანაა. გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც და სწორედ ამ მიზნით 2019 წელს დაარსდა თიბისის IT აკადემია, რომელსაც 400-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

თიბისი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე დამსაქმებელი ტექნოლოგიების მიმართულებით, პროექტის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკულ ქეისებს, სტაჟირების შესაძლებლობას და მასტერკლასებს შესთავაზებს, რომელსაც თიბისიდან მოწვეული პროფესიონალები ჩაატარებენ.

პროექტში მონაწილეობას 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს და მათი შერჩევა წინასწარი რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მოხდა.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას:

 

Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  1. Android studio-ს გარემოში მუშაობა
  2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
  3. Android-ის აპლიკაციების შექმნა
  4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
  5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება

 

iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  1. Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა
  2. Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
  3. iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა
  4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
  5. აპლიკაციის App Store-ზე განთავსება

 

BTU-ში, აღნიშნული კურსების ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება. სტუდენტები, ასევე, შეძლებენ, შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები. თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ექსპერტები სტუდენტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულნი პრაქტიკული სამუშაოების მიმართულებით.

პროექტის მიზანია საქართველოში iOS/Android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.

დააკავეს 3 პირი, ვინც 28 წლის კაცს ხელ-ფეხი შეუკრა და არხში დაახრჩო – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, მათგან ორ ბრალდებულს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, ერთს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ.-მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს.

შემდეგ კი, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,” – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ის განცხადებით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი)  ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“

ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. ჩვენი მუნიციპალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია და მათ შორის არის ერთ-ერთი ეს, რომელიც საჭიროებს აუცილებელ მოგვარებას. ამისთვის საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები. ჩვენი გუნდი მზად არის, რომ ამ პრობლემაზე აქტიურად იმუშაოს.

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: 

ციფრები ზუსტად არ ვიცი, ალბათ არაა გასაკვირი. იმ შენობაში როცა ვმუშაობდი [გულისხმობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდს], მაშინ ყოველთვიურ, ყოველკვირეულ სტატისტიკას ამასთან მიმართებაში ვეცნობოდი. ახლა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის ძალიან ბევრი.

ჩაუბარებელს თავისი ახსნა აქვს, რატომ არის ჩაუბარებელი. სიცოცხლისათვის საშიში თუ არის, მისი ჩაბარება არის წარმოუდგენელი. უფრო მეტიც, მე ვაპირებ, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი გვქონდეს უკანონო მშენებლობაზე. ზოგადად, ნებართვის გაცემის შემდგომ მშენებლობებზეც. იმიტომ, რომ არ მივიღოთ ის სავალალო შედეგები, რაც გვაქვს. მაშინ, როცა ბათუმში უცებ აღმოაჩენ, რომ აშენდა 8-სართულიანი სახლი, რომელსაც არ აქვს მშენებლობის ნებართვა, მიმაჩნია, რომ ეს არის კატასტროფა. არ შეიძლება მერმა მხოლოდ 8 სართულის აშენების შემდეგ გაიგოს, რომ თურმე უნებართვო მშენებლობა ჰქონია ქალაქში. ცალსახად, აქამდე არ უნდა მივიდეთ.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ალბათ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიღებული. ბევრი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. ვაპირებ, საკრებულოზე ვიმსჯელოთ, მათ შორის იცით, რომ აპრობირებული მეთოდია ლეგალიზების ნაწილი. დამატებით მოსაკრებლის სანაცვლოდ ნებართვების გაცემა და ა.შ. ამ საკითხებზე ვაპირებთ, რომ საკრებულოზე ვიმსჯელოთ. გააჩნია შენობის მდგომარეობას.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“:

არის რიგი გამოწვევები ამ მიმართულებით და ზედამხედველობის სამსახურს უფრო დეტალური ინფორმაცია ექნება, ვინაიდან ყოველდღიურად ციფრები არის ცვლადი, ნაწილი ექსპლუატაციაში შედის შენობების, ნაწილზე ახალი სანებართვო ისინი, რაც იყო ძველი გაცემული, ახალ სამშენებლო პროცესში შედიან.

კანონიერ შენობებს რაც შეეხება, როდესაც ის აკმაყოფილებს ყველა იმ პარამეტრს და ნორმატივს, რასაც ითვალისწინებს სამშენებლო კოდექსი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით იქნება კანონით დადგენილი პროცედურები. ამის შემდგომ შესაბამისი სამსახური, ამ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია და არქიტექტურის სამსახური მიიღებენ გადაწყვეტილებებს. თუ არის შესაბამისი პროექტი და ვიღებთ ექსპლუატაციაში, დანარჩენ შემთხვევაში გაწერილია მკაფიოდ როგორც სამშენებლო კოდექსში, ასევე რეგლამენტში, ასევე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში რა უნდა მოიმოქმედოს ნებისმიერმა საჯარო უწყებამ, არის თუ არა ჩასაბარებელი ეს პროექტი.

იცით, რომ არაერთგზის, ძალიან ბევრჯერ რეაგირება გაკეთებულა მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებულების შემთხვევაში. ძალიან ბევრი სასამართლო პროცესიც არის, ძალიან ბევრი გადაწყვეტილებაც არის მიღებული და აღსრულების პროცესია დაწყებული და ა.შ. რაც კანონითაა დადგენილი. ბუნებრივია, ცოცხალი ორგანიზმია მუნიციპალიტეტი, შესაბამის ღონისძიებებს განვახორციელებთ. 2*2=4 – ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა.

___

შენიშვნა: კანდიდატებთან ინტერვიუ ჩაწერილია 8, 9 სექტემბერს. 15 სექტემბერს აღმოჩნდა, რომ ბათუმში უკანონოდ 7 კორპუსი შენდება.

ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება იზრდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს 3,000,080 ლარამდე ზრდის. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობის ზრდაა. სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სამინისტრომ 2016 წელს შეიმუშავა, პროგრამა ყოველწლიურად იხვეწება და ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული ხდება. 2022 წლიდან ჩვენ ვზრდით სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას. მომავალ წელს გაზრდილი ბიუჯეტითა და თანადაფინანსებით ეკომიგრანტებისათვის 100 უსაფრთხო საცხოვრებელი სახლის შეძენა იგეგმება“, – აცხადებს მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

დღემდე ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი 552-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეისყიდა.

აჭარის მთავრობისათვის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა პროგრამული დაფინანსებისა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან იღებენ. მიმდინარე წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სარეზერვო ფონიდან ფინანსური დახმარება გაეწია 281 ოჯახს.

2013 წლიდან დღემდე ამავე მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივი დახმარება გაიცა 3 960 ოჯახზე.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ეკომიგრანტ ოჯახებს ეხმარება, სოციალური სახლების მშენებლობა და საცხოვრებელი ფართებით უსასყიდლოდ მიღებაა. 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა 14 სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, სადაც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა 719 ოჯახი.

აჭარაში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება, მალე 20 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა ქედის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

2013 წლიდან აჭარის მთავრობამ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი. ასევე ფინანსური დახმარება გაეწია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც აქტიური მეწყრული პროცესია განვითარებული.

მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, კერძოდ, ძალაში შევიდა აჭარის ა/რ მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ – სამართ­ლებ­რივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის/რეაბილიტაციისა და გადატანის მიზნით. წესი არეგულირებს ასევე, სოციალურ სახლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართობების განაწილებისა და გადაცემის კრიტერიუმებს. აღნიშნული დადგენილებით, პირველად ქართულ სამართლებრივ სივრცეში  განხორციელდა ოჯახთა დაყოფა სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად.

ამოქმედდა განკარგულება,  რომელიც უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედებს ისეთი ნორმატიული მოდელი, რომლითაც სრული საჯაროობის დაცვით ხორციელდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა დაზარალების კატეგორიების და ხარისხების კლასიფიკაციის განსაზღვრა და შესაბამისი მიზნობრივ/ქმედითი  დახმარების გაწევა.

„კუნძულზე ბაითს ჩამადგმევინებ?“ – თორნიკე რიჟვაძეს პალმის რტოები და ბუშტები მიუტანეს

„კუნძულზე ბაითს ჩამადგმევინებ?“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 21 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური ერთობის ახალგაზრდა წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებას დასცინის, როცა ის ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე საუბრობს.

„მსგავსი კი არა, უფრო დაბალი დონის პროექტებიც არ გვინახავს თორნიკე რიჟვაძისგან, ამიტომაც არ მჯერა ეს ირონიაა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლევან გორგილაძე. მისი თქმით, აბსურდია ხელოვნურ კუნძულზე საუბარი, როდესაც უფასო სასადილოებში მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება.

„ეს დაცინვაა, როდესაც ქვეყანა ებრძვის მცოცავ ოკუპაციას, როდესაც სამსართულიან ამბასადორს ბულვარში უკვე მე-17 სართული დააშენეს, როცა მერია უკანონო კორპუსების მშენებლობას ვერ აჩერებს,“ – პრობლემების ჩამონათვალი გააჟღერა აქცია – პერფორმანსზე ლევან გორგილაძემ.

„ეს არის საარჩევნო სპექტაკლი,“ – მიიჩნევს ალექსანდრე ფიფია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. მან ყურადღება გაამახვილა სანაპირო ზოლის ხელოვნური გამაგრების პრობლემაზე.

„რა დღეშია სანაპირო ვხედავთ ყოველი შტორმისას, რამდენიმე დღე დასუფთავებას სჭირდება, წვიმაში ბათუმელებს ქუჩაში გამოსვლა უჭირთ,“ – აღნიშნა ალექსანდრე ფიფიამ.

აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს სიმბოლურად პალმის რტოები მიუტანეს ბუშტებით.

„რადგან პალმა უყვარს, იქნებ ბუშტებიც შეიყვაროს…“ – უთხრეს აქციის მონაწილეებმა მთავრობის შესასვლელთან მობილიზებულ პოლიციელებს. ლევან გორგილაძე  და კიდევ რამდენიმე აქტივისტი „თავისუფლების კვარტალში“ ე.წ. ბუშტების აქციაზე დააკავეს.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, 21 სექტემბერი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, ვინ არის ინვესტორი და რა პროექტზეა საუბარი.

ამ თემაზე:

რიჟვაძის დაანონსებული კუნძული თამარის დასახლების გასწვრივ განიხილება

 

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე | აფიშა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფილმების ნახვა კინოთეატრ „აპოლოში“ და საღამოს ევროპის მოედანზეა შესაძლებელი.

გთავაზობთ აფიშას, რა ფილმების ნახვა შეგიძლიათ დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალზე.

  • 12.00 საათზე – „ორმო“, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ
  • 13.30 საათზე –  მოკლემეტრაჟიანი ფილმები: აპარატი, ჰასან ნაჯმაბადი, ირანი, 2021, 15 წთ.; ორფეროვანი, სარაჯუდინ ბაიათი, ავღანეთი, 2021, 10 წთ.;  დევეკი, ურია ჰერცი, ისრაელი, 2021, 15 წთ.; მარტოსული ლილი, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021, 22 წთ.;   მოსაწვევი, იანგ თანგი, ჰაო ჯაო, ჩინეთი, 2021, 13 წთ.;   ორმო, მარია ჩერნი, საქართველო, 2021, 15 წთ.; ბრანკა, აკოს კოვაჩიზი, უნგრეთი, 2021, 20 წთ’. სახლში დაბრუნება, რაფი მოვსესიანი, სომხეთი, 2021, 18 წთ.
  • 16.00 საათზე – „ჰასანის ვალდებულება“, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი, 2021, 147 წთ.
  • 18.45 საათზე – „მდუმარე“, პასკალ რაბატე , საფრანგეთი, 2020, 85 წთ.
  • 20.30 საათზე – „ჩვენ აქ ვართ, ახლოს“, რომან ბალაიანი, უკრაინა, 2020, 90 წთ. 22.30
  • 22.30 საათზე– „მეხსიერება“, აპიჩატოპონგ ვერასეტაკულე, კოლუმბია/ტაილანდი/დიდი ბრიტანეთი/ საფრანგეთი, 2021, 136 წთ.

კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზეც, ღია სივრცეში, სადაც დასწრება თავისუფალია.

  • 20.00 საათზე – „MSHT-15 ბედნიერების ანგელოზი“, ვახტანგ კუნცევ გაბაშვილი, საქართველო, 2021, 70 წთ.
  • 21.30 საათზე –  შავი მზე, მარი ლარივე, საფრანგეთი, 2021, 20 წთ. მიწაში, კასპერ კელდსენი, დანია, 2021, 14 წთ.  როგორც მიკონოში , ალესანდრო პორციო, იტალია, 2021, 15 წთ.; სიყვარული, მიხალ ციხომსკი, პოლონეთ, 2020 27 წთ.; ჩრდილოეთ პოლუსი, მარია აპჩევსკა, მაკედონია/სერბეთი, 2021; 15 წთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების დაცვით ტარდება.

კერძოდ, კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელია პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

კინოფესტივალის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულიდან ერთ-ერთი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ კინოსეანსზე შესვლის წინ (ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში), წინააღმდეგ შემთხვევაში კინოსეანსზე დასწრებას ვერ შეძლებთ და არც შეძენილი ბილეთი დაბრუნდება უკან.

წელს ფესტივალის სეანსების გარკვეული ნაწილი ფასიანია.უფასო/თავისუფალი დასწრება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, ღია ჩვენებების დროს და, ასევე, კინოთეატრ „აპოლოში“ საფესტივალო დღეებში, პირველ ორ სეანსზე. „აპოლოში“ ნაშუადღევს ოთხ საათიდან გაიყიდება ბილეთები, რაც, ფესტივალის განცხადებით, „აპოლოს“ ონლაინსისტემის გამოყენების ღირებულებაა. ბილეთის ფასია 3 ლარი თითო კინოსეანსზე.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. 

 

ბათუმში გაავდრდება, მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 სექტემბერს, ბათუმში და მთელი აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვაზე ღელვა 4-5 ბალს მიაღწევს.

Exit mobile version