მთავარი,სიახლეები

ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში

21.09.2021 • 2284
ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში

ირაკლი ბერიძე ქობულეთის მერობის კანდიდატია პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. 2008-2010 წლებში ის იყო ქობულეთის საკრებულოს იურისტი, 2019  წლამდე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ დირექტორად.

  • ბატონო ირაკლი, როგორ აღმოჩნდით გახარიას პარტიაში?

აქამდე არ ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ვიზიარებდი გახარიას პოზიციას, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რადგან ასე ქვეყანა წინ ვერ წავა. როდესაც შეიქმნა ქობულეთში გახარიას გუნდი და ჩამოყალიბდა საარჩევნო შტაბი, გადაწყდა მე მეხელმძღვანელა. დიდი გამოცდილება მაქვს საარჩევნო საკითხებში ადმინისტრირების კუთხით და კარგად ვიცნობ საარჩევნო კანონმდებლობას.

  • რას პირდებით მოსახლეობას?

ჩემი მთავარი პრიორიტეტია, რომ ქობულეთი იქცეს სპორტის და ტურიზმის ქალაქად. მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს სპორტში და განვითარდეს სპორტული ტურიზმიც.

დღეს ქობულეთში არ არის სპორტსკოლა, გაუქმებულია ველოსპორტის კლუბები. მაგალითი მეზობელი თურქეთიდან, კერძოდ ანტალიის რეგიონიდან უნდა ავიღოთ. ზღვის სანაპიროზე გვაქვს უამრავი ასათვისებელი მიწის ნაკვეთი, სწორედ აქ უნდა მოეწყოს სხვადასხვა სპორტული მოედანი. ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ თურქეთში, არამედ აქეთ უნდა მოვიწვიოთ კლუბები.  მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან. თურქეთს კონკურენცია უნდა გავუწიოთ.

შესწავლილი მაქვს თურქული ბაზარიც. მაგალითად, თურქეთში ათდღიანი საწვრთნელი შეკრება ერთი სპორტსმენისთვის ჯდება 780 ევრო, ე.წ. გადოლარების პრინციპიდან გამომდინარე ჩვენც უნდა გავხადოთ 780 დოლარი.

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ხარჯების შემცირება იგივე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან საკმაოდ იაფი ჯდება ტრანსპორტირება საქართველოში, ვიდრე თურქეთში გადაფრენა. მინიმუმ ნახევრდება ფასები. ამიტომ შესაძლებელია მოვიწვიოთ მეზობელი ქვეყნების სპორტული კლუბები. რეალურად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქობულეთში ტურიზმთან ერთად სპორტიც განვავითაროთ.

ეს ნიშნავს დამატებითი შემოსავლის წყაროებს და კერძო ბიზნესთან ერთად 5-10 წლის განმავლობაში რენტაბელურად იქცევა ეს სფერო. შემდეგ აქ შემოსულ თანხას დავაბანდებთ ბავშვთა სპორტის განვითარებაში.

  • როგორც ბათუმში, ქობულეთშიც არის ტენდენცია პლაჟების ჩაკეტვის, უსახური მშენებლობების. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ზღვისპირა ზოლის განვითარება?

ქობულეთი ინფრასტრუქტურის მხრივ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საკითხის გადაწყვეტის დროს არ არიან საქმეში ჩართული სპეციალისტები. უნდა ჩაერთონ ურბანისტები, არქიტექტორები, გეოლოგები, რომ არ მივიღოთ დაბეტონებული ქობულეთი.

ქობულეთი ძალიან პატარაა და დაბეტონებას ვერ აიტანს. პლაჟი უნდა მოწესრიგდეს, ვიზიტორისთვის უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, საშხაპეებით, გასახდელებით.

ზღვისპირა ზოლში ჩემთვის მისაღებია სასტუმროები, რადგან სასტუმრო არის დოვლათის შემქმნელი. საქმდება ადგილობრივი, ბიუჯეტში შედის დამატებითი შემოსავლები, ბევრი ვიზიტორია და ეს არ უნდა გავუშვათ ხელიდან.

თუმცა მშენებლობები უნდა იყოს შეთანხმებული ურბანისტებთან, კარგად დაგეგმილი, ისეთი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც არ დაამახინჯებენ იერ-სახეს და საფრთხეს არ შეუქმნიან მეზობელ ბიზნესს.

  • ხშირად ინვესტორები ცათამბჯენებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან ამაში ხედავენ მოგებას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ბიზნესს სჭირდება სწორი ახსნა, ქობულეთში ცათამბჯენს ფუნქციონირება გაუჭირდება, რადგან გაგვიჭირდება მათთვის კომუნიკაციების სწორად მიწოდება, გაგვიჭირდება საპარკინგე ადგილების გამოყოფა და ასე შემდეგ. ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი. ჩვენ შეგვიძლია ისეთი ადგილები შევთავაზოთ, სადაც შეუძლია ინვესტორმა ჩადგას ორი 6 – სართულიანი კორპუსი და არა ცათამბჯენი.

თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების ტერიტორიაზე ბევრი ადგილია, რომელიც გაყიდულია ინვესტორებზე, მაგრამ წლებია დაკონსერვებულია. ჩვენ ინვესტორს პირობიანი წესით უნდა მივცეთ მიწის ნაკვეთები, რომ შემდეგ არ მოხდეს მსგავსი რამ. არც დაწყებას კითხულობს ვინმე და არც დასრულებას, არც ხარისხს და არც იმას, დასაქმდებიან თუ არა ადგილობრივები.

დამტკიცებული პროექტების გადაკეთება და დაშენებები უნდა დასრულდეს. როცა გეოლოგი გეუბნება, რომ ამ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია 7-8 სართულის აშენება, შემდეგ 4-5 დაემატება, ეს საფრთხის შემცველია და არ უნდა მოხდეს ასეთი რამ.

  • თუმცა ფაქტია, რომ „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც თქვენმა ლიდერმა თქვა ერთხელ, ხშირად ხუჭავენ თვალს მსგავს პროექტებზე.   

ის გარიგება, რომელიც ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, ის გარიგება, რომელიც შემდგომში მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, ასეთ თემებზე კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები და არასდროს წავალ კომპრომისზე.

  • ფიჭვნარში რომ აპირებენ მშენებლობებს, ამაზე რას ფიქრობთ, თუ არის თქვენთვის მისაღები?

ეს პროექტი – „მწვანე ქალაქი“, წესით, დასრულებული უნდა ყოფილიყო აქამდე, მაგრამ ჯერ არც კი დაწყებულა. იმედია, არ გაკეთდება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიას და ხელი უნდა შევუწყოთ ისტორიული ძეგლების განვითარებას. არ შეიძლება არქეოლოგიური გათხრების ადგილზე იყოს სასტუმრო ან მშენებარე კორპუსი.

ვფიქრობ, ქალაქის მასშტაბები უნდა გაიზარდოს ისე, როგორც მოხდა ეს ბათუმში და ქობულეთის შემოგარენი ამის შესაძლებლობას იძლევა.

დღეს ქობულეთის ბიუჯეტი 36 მილიონი ლარია და ამისთვის საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ ბიზნესთან ერთად ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უნდა განვითარდეს ქალაქი. ბიუჯეტის ფულით საინვესტიციო გარემო უნდა შევქმნათ, კომუნალური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. მაგალითად, კარიერის დასახლებაში, რომელიც ზღვისპირა ზოლია, რამდენიმე ჰექტარია ასათვისებელი, ასევე ფიჭვნარის ზოლი, სადაც მისაყვანია კომუნიკაციები და სხვა სისტემები. სახელმწიფო ამაში უნდა დაეხმაროს ბიზნესს.

  • ტრანსპორტზე, ველობილიკებზე რა გეგმები გაქვთ?

ჩემი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ტრანსპორტი, აუცილებლად უნდა განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეს ქალაქში გაუმართავი და მოუწესრიგებელი მიკროავტობუსები მოძრაობს. ტრანსპორტი აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული – ქობულეთში თითქოს ვაშენებთ ტურისტულ ქალაქს და საერთოდ არ ვფიქრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებსაც საერთოდ არაფერს ვთავაზობთ.

მარტო ქობულეთში 3 377 შშმ პირი ცხოვრობს, აქედან 120 უსინათლოა. რეალურად, ჩვენ ამ ხალხს ვთავაზობთ, რომ ისხდნენ სახლში. ადაპტირება ეხება არა მარტო ტრანსპორტს, არამედ სასტუმროებს, კაფე-ბარებს, გზებს.

ერთი ნაპირი გააკეთეს ზღვასთან ეტლით მოსარგებლე პირებისთვის და უნდა ნახოთ, როგორი ჩასასვლელია – უღელტეხილს ჰგავს. ეტლით მოსარგებლეს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ამ სერვისით სარგებლობა, თორემ თანმხლები პირი თუ დასჭირდა, ის აღარ არის ადაპტირებული გარემო. შესაძლებელია გაკეთდეს ელექტროჩასასვლელიც ამ ბილიკზე. 13 კილომეტრია ქალაქში ზღვისპირა ზოლი და ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველ მოსახლეობას არ შეუძლია დამოუკიდებლად ავიდეს ტრანსპორტში, მიიღოს პირველადი სერვისი, ზაფხულში გავიდეს ზღვაზე.  ჩვენ მათ ვთავაზობთ ადაპტირებულ ქალაქს. ასევე გვექნება საინტერესო ტურისტული პაკეტები უცხოელი შშმ ტურისტებისთვის და გაჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო ქალაქისთვის.

  • კიდევ რაში ხედავთ ქობულეთის განვითარების პოტენციას?

ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ სოფელს შევთავაზოთ კონკრეტული პროექტი, რომელიც ამ სოფლის კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული.  მაგალითად, ბობოყვათში, ბუკნარში, ჩაქვსა და ციხისძირში, სადაც ზღვისპირა ზოლია, ტურიზმთან ერთად სოფლის მეურნეობაც შეგვიძლია განვავითაროთ. დღეს მოცვსა და თხილზეა მოთხოვნა ევროპულ ბაზარზე, მაგრამ  წლების შემდეგ შესაძლოა სხვა პროდუქტზე გაჩნდეს მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ როგორც ჩაი და ციტრუსი, ასევე სხვა კულტურებიც. ჩვენ მოსახლეობას მოყვანილი პროდუქციის ბრენდირებასა და ბაზრების მოძიებაში უნდა დავეხმაროთ.

  • როგორც ვიცით, ის ტერიტორიები ქობულეთში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ხეები წაიღო, არ აღუდგენიათ. თქვენ რა ხედვა გაქვთ ამაზე?   

ძალიან დიდი ქარსაფარი ზოლია ბევრ სოფელში განადგურებული. პირველ რიგში, ეს უნდა აღდგეს. იმ სოფლებში, საიდანაც ხეები გადაიტანეს, გზებზე ბეტონის ფილები დააგეს, რომელიც დღეს ამორტიზებულია და ეს გზებიც დასაგებია.

  • ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ არსებობს სკეპტიციზმი. „ყველა თავისი კეთილდღეობისთვის მოდის“, „მხოლოდ თავისიანებს დაასაქმებს“, „მოდის, რომ ფული იშოვოს“ – ამბობენ ადამიანები. მჭედლიშვილის მაგალითი იცით ალბათ, ქობულეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის. თქვენ რა ქონებას ფლობთ?

ჩემს სახელზე ამ წუთას რეგისტრირებულია 450 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, სადაც განლაგებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე, ბანკის დახმარებით მეოთხე წელია ექსპლუატაციაშია შესული ოთხსართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესია. პანდემიიდან გამომდინარე ცოტათი უჭირს ბიზნესს, მაგრამ მაინც მოვახერხე საბანკო ვალდებულებები დამეფარა.

ასევე გამაჩნია მიწის ნაკვეთი სოფელ მუხაესტატეში, სადაც ციტრუსისა და თხილის კულტურა მაქვს გაშენებული 2500 კვ.მ სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ეს არის დღეს ჩემი ქონების ჩამონათვალი.

რაც შეეხება კორუფციით დაგროვებულ ქონებას, იქნება ეს ირაკლი ბერიძე თუ სხვა, რა თქმა უნდა, მან უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას მოიპარავ თუ არამიზნობრივად გახარჯავ, ჩემი აზრით, ესეც კორუფციაა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს თანამდებობის პირმა.

სანამ ეს მიდგომა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომ ხალხის ფული სწორად, რაციონალურად უნდა დახარჯო, მანამდე იქნება ეს პრობლემები. უკანონოდ ნაშოვნი ფულით სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა კი დანაშაულია და ამისთვის ადამიანმა პასუხი უნდა აგოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: