მთავარი,სიახლეები

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

22.09.2021 • 2600
სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

„სპეციალისტებიც არ მოსულან ჯერ, რომ შეესწავლათ რა დღეშიც ვართ,“ – ამბობს მურმან აბუსელიძე, რომლის სახლსაც მდინარე ბარცხანამ საძირკველი თითქმის გამოაცალა.

ამ მდინარის ჩაყოლებაზე, გოროდოკის უბანში, სხვა სახლებშიც აღარ აპირებენ ღამის გათევას. აქ 6 ოჯახს ელოდება საფრთხე. მდინარე ბარცხანის ქვედა ნაწილში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები 5 ოჯახი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს ქირით.

„გვიანი ღამე იყო, ხმაური გავიგონე, გაიღვიძეთ, მდინარემ დამბა წაიღოო,“ – გუშინდელ, 21 სექტემბრის ღამეს იხსენებს ქეთევან აბუსელიძე, რომელიც უკვე თავის სახლში ვეღარ შედის. ის გოროდოკში ცხოვრობს. ქეთევან აბუსელიძის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ შეატყობინეს ბათუმის მერიას პრობლემის შესახებ, ადგილზე გუშინ და მანამდეც იყო მერიის წარმომადგენელი მისული, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„2006 წელს ავაშენეთ ეს სახლი, მიწა ვიყიდეთ და ნებართვა ავიღეთ. აქამდეც დიდდებოდა მდინარე, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, – აღნიშნა ქეთევან აბუსელიძემ „ბათუმელებთან“.

მდინარე ბარცხანა სახლს საძირკველს აცლის, ბათუმი

მურმან აბუსელიძის თქმით, მერია მდინარის ნაპირის გამაგრებას აპირებს, თუმცა ჯერ ამისთვის ბიუჯეტში ფული არ არის.

„მანამდე კი სტიქია არ იცდის. სასტუმროში გადასვლა კი შეგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით, ახლობელთან გადავიყვანეთ ბავშვები გუშინ ღამე და დღესაც იქ იქნებიან, მაგრამ ასე რამდენ ხანს ვიქნებით?“ – კითხულობს მურმან აბუსელიძე.

მურმან აბუსელიძე

სახლები მდინარე ბარცხანის პირას, გოროდოკის დასახლება

ადიდებულმა მდინარემ გუშინ ღამით ამ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოებიც წაიღო. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ჯებირები მოძველდა და ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის სანაპიროზე მცხოვრებ ოჯახებს.

„2 ოჯახი გასულია ალტერნატიულ საცხოვრებელში და მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ქირით შესაბამისი ფართის შერჩევის მიზნით. მდგომარეობას სწავლობს კომისია, რომლის გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდება შემდგომი ღონისძიებები,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრიდან.

მდინარე ბარცხანამ რამდენიმე დღის წინ უკვე წაიღო ნაზიბროლა სიხარულიძის სახლის ნაწილი. ეს ბარცხანის დასახლებაა, სადაც ბათუმის მერიამ მდინარე ბარცხანის სანაპიროსთან გარკვეული სამუშაოები ჩაატარა, თუმცა გასული წლის სექტემბერში 5 ოჯახი ქირით გაიყვანა.

„ქირით ვცხოვრობ ზუსტად ერთი წელია. მერია გვიხდის 300 ლარს თვეში. ვერაფერი გავიგე, რას გვიპირებენ,“ – გვიყვება ნაზიბროლა სიხარულიძე, – „სახლის ძველი ნაწილი, რაც მდინარეს გადაურჩა, აქ მე დამხვდა როცა დავოჯახდი და 60 წლისაა მინიმუმ ეს სახლი.

4 წლის წინ ჩემმა შვილმა ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და ახალი ორი ოთახი მოაწყო, აბაზანა-ტუალეტიც გააკეთა და ეს ახალი ნაწილი მთლიანად წაიღო მდინარემ, სესხი გადასახდელია… ძველ სახლში შესვლაც კი საშიშია.

ამას წინათ ორი კაცი იყო მოსული. ძალიან რთული ობიექტია, არ ვიცით, რა იქნებაო და წავიდნენ“, – გვითხრა ნაზიბროლა სიხარულიძემ.

ნაზიბროლა სიხარულიძე

მდინარე ბარცხანის სანაპიროზე მცხოვრები ოჯახები, ბარცხანის დასახლება

ამ დასახლებაში მერიას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტი ჯებირების გაკეთების დროს დაავიწროვეს და შესაბამისი გათვლების გარეშე ჩაატარეს სამუშაო.

„ფაქტია, წლების განმავლობაში თუ ვიტბორებოდით, ახლა სახლები მიაქვს მდინარეს პირდაპირ,“ – საუბარში მოქალაქე ერთვება, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

„არადა, სექტემბრის იმ დღეს ისეთი მზე იყო, დავიწვით ხალხი, საღამოს 10-ზე წამოვიდა უცებ კოკისპირული… ღამით დავურეკე გამგებელს, მიშველეთ-მეთქი. იმავე ღამეს გამიყვანეს ქირით და მერე არაფერი,“ – ასრულებს თხრობას ნაზიბროლა სიხარულიძე და შორიდან გვაჩვენებს, როგორ არის შეჭრილი მდინარე მის სახლში.

„აღნიშნულ მისამართზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა კომისიის მიერ, რომლის დასრულების შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები,“- მოგვწერეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრესცენტრიდან. აქ ვერ დაგვიკონკრეტეს, კონკრეტულად რა სახის სამუშაო ჩატარდა ამ ტერიტორიაზე აქამდე.

ბათუმის მერიისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩატარდა მდინარე ბარცხანის სანაპიროზე, რატომ გაუარესდა აქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა და რატომ გაიზარდა პრობლემის მასშტაბი მოგვარების ნაცვლად?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: