არჩევნები,მთავარი,სიახლეები

როდის ექნებათ წყალი და კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს [ვიდეო]

22.09.2021 • 1022
როდის ექნებათ წყალი და კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს [ვიდეო]

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოქალაქე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა – KfW 2020 წელს ბათუმისთვის ამ მიზნით 60 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს მთავრობამ კი ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაიტანა.

რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება
შემოერთებულ ტერიტორიებზე როგორ უნდა მიიყვანოთ წყალი და კანალიზაცია? სად ნახავთ ამისთვის თანხას და რამდენ ხანში? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებს დაუსვა.
  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: 

“ვფიქრობ, ჩვენმა თანაქალაქელებმა იციან, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა შეძლო და იმის კეთება დაიწყო ამ ქალაქში, რაც კომუნისტების დროსაც ვერ გაბედა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ. ბათუმის ძირითად ნაწილში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა სრულად.

სათავე ნაგებობიდან გამწმენდ ნაგებობამდე – წყლის სათავე ნაგებობიდან წყლის მილების, მათ შორის კანალიზაციის სისტემის მონტაჟის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის და ა.შ. გრანდიოზული რამ მოხდა ჩვენს ქალაქში.

პროექტები, მოძიებული დონორები, ხშირ შემთხვევაში დატოვებული ფულიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ქარს გაატანა. კორუფციული გზებით მერე ჯიბეებში დალექეს. არ ვიცი, კოვიდფონდს გადასცეს და მერე იქედან ატკატებით დაუბრუნდა პარტიას, თუ პარტიის კონკრეტულ ჩინოვნიკებს. ფაქტია, რომ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო სრულად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია. დაწყებულიც კი არ აქვთ.

ის თანხა, 60 მილიონი, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელმა თავისივე ხელწერით გადასცა საქართველოს მთავრობას, კოვიდთან ბრძოლის ფონდში, 10 მილიარდის კვალდაკვალ, რომელიც სესხად აქვს აღებული… კარგად ვიცით, ეს თანხები როგორც გაიფლანგა. მიმაჩნია, რომ იყო დანაშაული.

ეს 60 მილიონიც არ ჰყოფნის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას. ახლა, როგორც ვიცი, ბევრად ნაკლების მოლოდინი აქვთ მათ, რომლითაც მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალების გაკეთებას აპირებენ და ეს რაღაცა მოსახლეობისთვის არ იქნება ხელშესახები.

მოკლედ, გვაქვს გამოცდილება, გავაგრძელებთ მუშაობას და ისევე როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სრულად ბათუმი იქნება წყლისა და კანალიზაციის სისტემით რეაბილიტირებული.

რესურსები – ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გვქონდა ამ მიმართულებით გადადგმული, KFW-სთან მოლაპარაკებით, როგორც ძალიან დაბალპროცენტიან სესხს, ისე გრანტების მიღებას ვახერხებდით. უნდა გავაგრძელოთ ეს ასევე ეფექტურად, როგორც ამას ვახერხებდით.

რადგან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ესეც დავასახელე, ნიშნავს იმას, რომ [არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში] მეორე დღიდანვე მერია და პასუხისმგებელი პირები იწყებენ ამაზე მუშაობას”.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“: 

“ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგზის გავაკეთე კომენტარი. კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, მეხუთე ფაზის საკონსულტაციო ტენდერი უკვე ჩატარებულია. კოვიდპანდემიის გამო იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა და აღნიშნული თანხა მიმართული იქნა კოვიდის მართვის ფონდში. შესაბამისად, შემდგომი პროცედურები გრძელდება”.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“:

ჩემთვის მთავარი იქნება, რომ არამარტო წყლის და კანალიზაციის პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ ეკონომიკური და ტურისტული ცენტრების შექმნა იქნება საჭირო, რაც გამოიწვევს შემოერთებულ ტერიტორიებზე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. ეს თავისთავად გამოიწვევს შემოერთებული ტერიტორიების სწრაფ და ეფექტურ განვითარებას.

რესურსები – ზოგადად, მუნიციპალიტეტში ვაპირებთ, მთელი რიგი მიმართულებებით გადავხედოთ დღეს არსებულ ბიუჯეტს და მოვახდინოთ ამ ბიუჯეტის მაქსიმალურად მობილიზაცია იმისთვის, რომ, პირველ რიგში, აღნიშნული პრობლემების მოგვარება დავიწყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო გრანტები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფერში დაგვეხმარება და ამის კარგი მაგალითია KFW-ი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს. მინდა ამას ხაზი გავუსვა, ეს არ არის არც ერთი მერის წარმატების შედეგი, ეს არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დამსახურება, რომლებიც მზად არიან, რომ ყოველთვის დაგვეხმარონ.  სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უარი თქვას იმ ევროპულ ღირებულებებზე და დახმარებაზე, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს.

რაც შეეხება ვადებს, ჩემს ადგილას [ვინმემ] რა თარიღიც არ უნდა ახსენოს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტყუილი და მე როგორც ვთქვი, არ ვაპირებ ჩემს მოქალაქეებთან ურთიერთობის დაწყებას ტყუილით. იმიტომ, რომ ეს იქნება გაწერილი პროგრამა, რომელსაც შემდგომ ერთობლივად ყველა იხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: