მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის – ექიმის რჩევები

21.09.2021 • 3545
როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის – ექიმის რჩევები

ორსულობისთვის სხეულის მომზადება აუცილებელია როგორც ნაყოფის, ისე თავად ორსულის ჯანმრთელობისთვის, თუმცა როგორც მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, მის პრაქტიკაში ახალი წყვილების ძალიან მცირე ნაწილი თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ექიმი ამბობს, რომ გინეკოლოგს ქალები უმეტესად დაორსულების შემდეგ მიმართავენ და პრობლემების გადაჭრაც ორსულობის პერიოდში უწევთ.

  • რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ქალმა ორსულობისთვის მომზადება?

პროცესს, რომლის დროსაც წყვილი ემზადება ჯანმრთელი პატარას ჩასახვისთვის, ორსულობის დაგეგმვა ჰქვია. მზადება სასურველია დაიწყოს 2-3 თვით ადრე. სასურველია კონსულტაცია გინეკოლოგთან, ენდოკრინოლოგსა და თერაპევტთან.

ამ პერიოდში ინიშნება ფოლიუმის მჟავა 400 მკგ/დღეში, მომავალ დედას და მამას გაეწევა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ თავი შეიკავონ ტოქსიკური ნაერთების მიღებისგან, მათ შორის ალკოჰოლისგან, თამბაქოსგან, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებებისგან.

ორსულობის განმავლობაში, უშუალოდ ბავშვისა და ბავშვის მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად იცვლება ქალის ორგანიზმიც.

  • რა არის ფოლიუმის მჟავა?

ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი B ვიტამინის ფორმა, რომელიც ორსულობის დროს ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას.

დეფექტების ჩამოყალიბება უმეტესად ორსულობის პირველ 3-4 კვირაში ხდება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფოლადის მიღება სწორედ ამ პერიოდში, როცა ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი. რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღება დაორსულებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

  • რა არის მთავარი რჩევები, რაც უნდა გაითვალისწინოს ქალმა დაორსულებამდე?

ორსულობის დადგომამდე დაახლოებით 2-3 თვით ადრე საჭიროა თადარიგის დაჭერა. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად.

უნდა დაადგინოთ ხომ არ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და დადებითი პასუხის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ დაორსულებამდე ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი, როგორც თქვენ, ისე თქვენმა პარტნიორმაც.

ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. დაორსულებამდე უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად მოიწესრიგოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალისტთან ერთად.

  • წონის კონტროლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვისა და ჯანმრთელი ფეხმძიმობის მეტი შანსი აქვთ; აქ იგულისხმება როგორც ნორმაზე მეტი, ისე ნორმაზე ნაკლები წონაც. სწორი კვების შედეგად ორგანიზმში გროვდება ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების მარაგი.
  • თამბაქოს მოხმარება უნდა შეწყვიტოთ. ცნობილია, რომ არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობების რისკი კი – მეტი;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მოხმარება. ეს ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს;
  • შეწყვიტეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ეს ამცირებს ბავშვის ჩასახვის შანსს და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას.
  • საჭიროა ვიზიტი სტომატოლოგთანაც, რათა მოიწესრიგოთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები.
  • ფეხმძიმობის დროს (განსაკუთრებით I ნახევარში) განვითარებული წითურა ნაყოფის სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ თუ ქალს წითურა არ აქვს მოხდილი, დაფეხმძიმებამდე რვა თვით ადრე უნდა აიცრას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: