„ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგოს“ – განაცხადა დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა ვის მისცა ხმა – კახა კალაძეს, ნიკა მელიას თუ ორივე კანდიდატი გადახაზა:
„როცა ჩვენ არჩევანის უფლებას გვართმევენ, როცა ორივე პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის“ – თქვა მან.
გახარიამ ასევე კომენტარი გააკეთა პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გუშინ, 29 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.
„ჩემმა კოლეგებმა გუშინ ძალიან კარგი კომენტარიგააკეთეს, ვინც გასაყიდია, უნდა გაიყიდოს.
ველოდები და მზად ვარ იმისთვის, რომ როგორც დაანონსდა, ღიად თქვეს, რომ ვიყიდით, დავაშინებთ, „ქართული ოცნება“ ამას გააგრძელებს. ვიღაცები ამას გაუძლებენ, ვიღაცები ვერ გაუძლებენ, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ პოზიტიური პროცესია“ – აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, პარტიას „საქართველოსთვის“ არ ექნება არავისთან კოალიცია – „იქ სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა იყო და ეს იყო „ლელოსთან“, ჩვენ კი, ვთანამშრომლობთ“ – დასძინა მან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გახდომის სიმულირებას გეგმავს:
„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას.
როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება.
შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე… ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს. დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს (იმიტირებული შიმშილობის შესახებ).
… მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, ყიდულობს. დღეში სამი ლიტრა ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი“ – თქვა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის გადაყვანას სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში. თავად სააკაშვილი კი უარს ამბობს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მას იქ საფრთხე ემუქრება.
დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები საქართველოში უკვე გაიხსნა.
აჭარაში მერის არჩევნების მეორე ტური ორ მუნიციპალიტეტში, ბათუმსა და ხელვაჩაურში იმართება. ორივე მუნიციპალიტეტში კონკურენტები არიან მმართველის პარტიის, „ქართული ოცნების“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები.
ბათუმში მერობის კანდიდატები არიან:
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“
გიორგი კირთაძე – ერთიანი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა
არჩევნების პირველ ტურში გიორგი კირთაძემ 31 443 ხმა მიიღო, არჩილ ჩიქოვანმა კი – 30 776 ხმა.
ხელვაჩაურში მერობის კანდიდატები არიან:
მიშა ბოლქვაძე – – ერთიანი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა
ზაზა დიასამიძე – „ქართული ოცნება“
არჩევნების პირველ ტურში ზაზა დიასამიძემ 10 967 ხმა მიიღო, მიშა ბოლქვაძემ კი – 9 942 ხმა.
მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები აჭარაში მიმდინარეობს ქედაში, ხელვაჩაურსა და ხულოში.
ძირითადად მეორე ტურში ამომრჩეველს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, გამონაკლისია ხულო, სადაც პირველ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა. ამ ოლქში ორი კანდიდატია: ირაკლი ბოლქვაძე პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ლევან მახარაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ხულოში მეორე ტურზე ამომრჩეველი მივა მეორე მაჟორიტარულ ოლქშიც. აქ კანდიდატები არიან ნადიმ დეკანაძე „ქართული ოცნებიდან“ და თენგიზ შანთაძე – „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ქედაში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ მე-2 სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატები: ევგენი ცინცაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოთარ ხარაძე „ქართული ოცნებიდან“.
ხელვაჩაურში მე-5 და მე-6 სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება მეორე ტური. მე-5 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მამუკა ჯევაიში „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ელიზბარ ზოიძე „ქართული ოცნებიდან“, ხოლო მე-6 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია შოთა ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – დავით დუმბაძე.
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეორე ტური მიმდინარეობს.
საქართველოს მოსახლეობა მეორე ტურში ირჩევს მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში – საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი შეადგენს 2 088 722-ს.
45 წლის თამილა თურმანიძემ ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე, მეოთხე სტადია, სამი წლის შემდეგ დაამარცხა.
თამილა გვიყვება, რომ 3 წლის წინ, როცა ჩივილები დაეწყო, ექიმთან მისვლისგან თავს იკავებდა, რადგან შიშობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
„ძალიან ცუდად რომ ვიყავი და ვეღარ ვმუშაობდი, წავედი თბილისში, მეგობრების რჩევით.
მანამდე ექიმთან არ მივდიოდი, არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ამ მძიმე დაავადებასთან მექნებოდა საქმე. ვიძახდი, ცუდი აურაა – მეთქი, თურმე რომელ აურაზეა ლაპარაკი, ჩემი საქმე ძალიან მძიმედ იყო.
ჩემი დაავადება მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე იყო. თავიდან არ ვიცოდი, რომ ავთვისებიანი იყო, არ ვიცოდი რომ მეოთხე სტადია იყო“ – იხსენებს თამილა.
თამილას თქმით, მკურნალობის საწყის ეტაპზე იყო საუბარი მკერდის მოკვეთის აუცილებლობაზე, თუმცა მკურნალობა, ექიმის რჩევით, ქიმიოთერაპიის კურსით დაიწყო.
თამილას მეტასტაზები მრავალ ადგილას ჰქონდა, მათ შორის მენჯშიც. იხსენებს, რომ ბრძოლის ეს ეტაპი ყველაზე რთული იყო მისთვის.
„ერთი კვირა ვიწექი ლოგინში, საჭმლის გამკეთებელი არავინ არ მყავდა, ყველაზე მძიმედ მახსენდება ეს წუთები. არ მინდოდა არავის შეწუხება, თორემ შემეძლო“ – ამბობს თამილა.
თამილამ სიმსივნის დასამარცხებლად ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩაიტარა. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში სულ სჯეროდა, რომ დაავადების დამარცხებას შეძლებდა და ამ განწყობის შენარჩუნებაში ექიმი – ონკოლოგი, ნათია რატიანი დაეხმარა.
„8 ქიმიის გავლით მე დავამარცხე სიმსივნე, მე ეს შევძელი და მე მჯერა, რომ ყველა შეძლებს“ – ამბობს თამილა.
თამილა სამ თვეში ერთხელ მკურნალობის კურსს გადის. 20 ოქტომბერს მთელი სხეულის გამოკვლევა ჩაიტარა. ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთული იყო დალოდებოდა პასუხს, ეშინოდა სიმსივნის პროგრესირების.
ექიმის სატელეფონო ზარმა და პასუხმა თამილა ძალიან გაახარა – სიმსივნის პროგრესირება არ შეინიშნება.
თამილა თურმანიძე
თამილა ამბობს, რომ კიბოსთან ბრძოლისას ფინანსური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია:
„ყველას არ აქვს საშუალება, რომ იმკურნალოს. ძალიან რთული ეტაპებიც მქონდა, იმიტომ, რომ ფინანსურად ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მკურნალობა, როცა ადამიანი რაღაც თანხას გჩუქნის, უხერხულობის მომენტიც გაქვს“.
თამილა აღნიშნავს მხარდაჭერას, რომელსაც გარშემომყოფებისგან გრძნობდა: „მეგობრები, თანამშრომლები, ყველა ფეხზე დადგა… ყველამ, ვინც კი გაიგო ჩემი მდგომარეობის შესახებ, დამეხმარა, უცხო იყო თუ ნაცნობი“.
თამილა სილამაზის სალონში დიასახლისად და ბავშვთა საავადმყოფოს კაფეტერიაში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. ერთი პერიოდი, ჯანმრთელობის გამო, მუშაობას ვერ ახერხებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამომჯობინდა, სამსახურში დაბრუნება შესთავაზეს. თამილას ბევრი არ უფიქრია, სამსახურში დაბრუნდა და სილამაზის სალონში კვირაში 5 დღე, დილიდან საღამომდე მუშაობს.
მეტიც, ესეც არ იკმარა და მეორე სამსახურიც იპოვა – ბავშვთა საავადმყოფოს კაფეტერიაში, შაბათ-კვირას.
თამილა ძმასთან ერთადაც ცხოვრობს. ამბობს, რომ სწორედ ოჯახის წევრის მიმართ დიდი სიყვარული იყო მისთვის სიცოცხლისთვის ბრძოლის სტიმული.
„ვთქვი, რომ მე ვიცოცხლებ ჩემი ძმის ხათრით. მე თუ ცოცხალი ვარ, თუ კი კარგად ვარ და ფეხზე ვდგავარ, ჩემი ძმის დამსახურებაა, მან ჩემთვის ყველაფერი გააკეთა. უკანასკნელი თეთრიც გაიღო, რომ მე ფეხზე დავმდგარიყავი“ – ამბობს თამილა.
კითხვაზე, რა არის მთავარი, როცა ძუძუს კიბოს ებრძვი, თამილა ამბობს, რომ მისი აზრით, გადამწყვეტი ფსიქოლოგიური განწყობა, ოპტიმიზმი, ირგვლივ მყოფების თანადგომა და დროული დიაგნოსტიკაა:
„რა თქმა უნდა, ხასიათია მთავარი. სულ კარგ ხასიათზე ვიყავი. ქიმიას რომ ვიკეთებდი, ვიცინოდი, ვმხიარულობდი. რა მექნა?!
და დავუჯეროთ ექიმს, გავიაროთ სკრინინგი, რომელიც ახლა უფასოა“.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბევრი ილაპარაკა, ძირითადად სააკაშვილზე და 1 წერილიც გაავრცელა. შეავსე ტესტი და შეამოწმე, როგორც იცნობ მის განცხადებებს.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავს აქცენტებს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებშიც ვხვდებით, მმართველ პარტიასა და ბიზნესს შორის ორმხრივი სიმპათია ყველაზე კარგად მაინც არჩევნების წინ ჩანს ხოლმე.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის „ოცნების“ შემწირველების ჩამონათვალში, ყველაზე მაღალი თანხებით – 40 ათასი ლარი და ზემოთ, შენატანით ფიქსირდებიან ბიზნესმენები, რომლებიც სახელწიფოსგან იღებენ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს, აშენებენ კორპუსებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, სასტუმროებს, აპარტოტელებს და ამ ყველაფრისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობა მუდმივად სჭირდებათ.
მათ შორის არიან შპს „ალიანსისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეებიც. ისინი არჩევნების წინ, ახლაც და მაშინაც [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს], არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიას ეხმარებოდნენ.
უნდა ითქვას ისიც, რომ აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ „ალიანსის“ ერთ-ერთ დირექტორად დანიშნეს, კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი თინა ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.
ამ კომპანიის ფლირტზე მმართველ პარტიასთან და პირიქით, ბევრჯერ გამოვაქვეყნეთ. შემწირველთა სიაში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ „ალიანსის“ პარტნიორი, ბესიკ ჟღენტი დაფიქსირდა, მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.
ბესიკ ჟღენტი შპს „ალიანს ფრივილიჯის“ 16 პროცენტის მფლობელია, კომპანია ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს 54-სართულიან ცათამბჯენს აშენებს. ბესიკ ჟღენტი ფლობს ასევე შპს „ალიანსის“ 15 პროცენტს და „ალიანსი ქობულეთის“ 30 პროცენტს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ოცნებას“ 60 000 ლარი დავით ბალაძემაც შესწირა, ამდენივე შეიტანა მან მმართველი პარტიის ანგარიშზე 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.
ბიზნესმენმა დავით ბაინდურაშვილმა „ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა, ის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მფლობელია, მათ შორის არის შპს „ბალავარი“, კომპანიას თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო პროექტი აქვს. კომპანია სახელწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს და სახელმწიფო უწყებებისგან მაღალბიუჯეტიან დაკვეთებსაც იღებს.
მეორე ტურში მხარდასაჭერად „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ჯეირან ომანაძემ, ეს მისი პირველი შენატანი არ არის, გასულ წელს მან პარტიას 50 000 ლარი შესწირა. ჯეირან ომონაძე შპს ჯ და ჯ – ს 50 პროცენტის მფლობელია. ეს კომპანია სახელწიფო ტენდერებში მონაწილეობს და ხშირად იგებს კიდეც. მისი ძირითადი დამკვეთები არიან საქართველოს გზების დეპარტამენტი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. ომანაძე არის ასვე შპს როსტვერკის ასი პროცენტის მფლობელი, ამ კომპანიის ერთ-ერთი აქტიური დამკვეთია საქართველოს წყალმომარაგების კომპანია.
„ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა ასევე ბიზნესმენმა დავით გურიელმა. ისიც რამდენიმე კომპანიის დირექტორი და თანამესაკუთრეა. დავით გურიელი არის ასევე საქართველოს ტურიზმის სატრანსპორტო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
მმართველ პარტიას მეორე ტურისთვის ბათუმის საკრებულოს წევრებიც დაეხმარნენ. ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს 10-მა წევრმა „ოცნებიდან“, პარტიას ჯამში 60 000 ლარი შესწირეს.
მმართველ პარტიას მეორე ტურში, მთლიანობაში, 1 მილიონ 465 623 ლარი შესწირეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურისთვის 178 834 ლარი შესწირეს. მეორე ტურისთვის პარტიას 50 000 ლარი შესწირა დიმიტრი ჩიქოვანმა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში მან 57 000 ლარი გაიღო. აქედან 7 000 ლარი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ შესწირა. გასულ საპარლამეტო არჩევნებზე დიმიტრი ჩიქოვანს, პარტია ევროპული საქარეთველოს ანგარიშზე 60 000 ლარი შეიტანია.
პარტიას 25 000 ლარი შესწირა გიორგი გიგალაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარამდე შესწირა ასევე მამუკა მჭედლიძემ, ის შპს „სამშენებლო კომპანიას“ დამფუძნებელია.
„ეს კიდევ უფრო გააბრაზებს ამომრჩეველს ისევ „ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ამ პატარა ქალაქში ყველამ იცის, რომ საფლავი არ გაყიდულა და ეს არც იგეგმებოდა,“ – იმედოვნებს გიორგი კირთაძე პლაკატებზე – „გიორგი კირთაძე გამყიდველია“, რომლებიც ბათუმში წუხელ ღამით გააკრეს. პლაკატებზე წერია ისიც, რომ ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა 72 ქონება გაყიდა ერთ ლარად, მათ შორის, იუნკრების საფლავი.
გიორგი კირთაძის ინფორმაციით, პლაკატები ბათუმში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა გააკრეს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში პალაკატებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პრესცენტრში გვითხრეს, რომ პლაკატების გაკვრასთან კავშირი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.
ეს თემა – იუნკრების საფლავის გასხვისება – „ქართული ოცნების“ წევრებმა და სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებულმა ძალებმა არჩევნების მეორე ტურის წინ გაააქტიურეს ბათუმში. რამდენიმე დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც, მაგალითად, უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ დავით თედორაძე ამბობდა, რომ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, იუნკრების საფლავიც კი გაასხვისა, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
„პლაკატების გაკვრასთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, არ ვიცი ვინ გააკრა,“ – გვიპასუხა დავით თედორაძემ, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მან უარი გვითხრა დაეკონკრეტებია, რასაც აქციაზე ამბობდა: რაზე დაყრდნობით განაცხადეთ აქციაზე, რომ გიორგი კირთაძემ იუნკრების საფლავი გაყიდა? – ვკითხეთ დავით თედორაძეს.
„სხვაგან გაარკვიეთ ეს სიმართლე,“ – გვიპასუხა დავით თედორაძემ და ტელეფონი გათიშა.
პლაკატებთან კავშირი უარყო თენგიზ თავდგირიძემაც, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია და ერთ-ერთია, რომელიც ე.წ. იუნკრების საფლავთან აქციას ესწრებოდა.
„არანაირი კავშირი არ მაქვს პლაკატებთან მე, „ბათუმელების“ სხვა კითხვებს არ ვუპასუხებ,“ – გვითხრა თენგიზ თავდგირიძემ.
ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე განმარტავს, რომ გმირთა სკვერის გაყიდვა არც იგეგმებოდა, მისი მიმდებარე ტერიტორია გადასცეს აჭარის მთავრობას, თუმცა საბოლოოდ, მის გასხვისებაზეც უარი თქვეს. გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი სხვა პროტესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების რეაქციას ანგარიში გაუწია.
იუნკრების საფლავი არ არის, ისტორიაც არ იციან…
„ისტორიაც არ იციან, იუნკრების საფლავი იქ არ არის, იქ არის გმირთა სკვერი… საუბარია მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაზე, რაზეც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ დავიხიეთ უკან.
მე არ ვამბობ იმას, რომ ყოველთვის ვუსმენდით პროტესტს, მაგრამ ეს მართლა იყო გამონაკლისი. ჩვენ დავინახეთ მძაფრი რეაქცია და აღარ გადავეცით მიწის ეს ნაკვეთი ინვესტორს. განსხვავება რომ დავინახოთ, მაგალითად, ახლა მძაფრი რეაქციაა ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე და ამის მიუხედავად უკანონოდ სართულებიც ემატება, არავინ ითვალისწინებს პროტესტს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ასევე უსამართლოდ მიიჩნევს ბრალდებას იმაზე, რომ 1 ლარად ქონებას ასხვისებდა. გიორგი კირთაძე ოპონენტებს ახსენებს, რომ 1 ლარად ქონების გასხვისების უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს არც კი ჰქონდა, ხოლო არაერთ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტი გადასცემს ქონებას აჭარის მთავრობას კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად.
HBO იღებს სერიალს, სახელწოდებით „ლონდონგრადი“, რომელშიც მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, პოლონიუმით მოწამლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს შეასრულებს.
BBC-ი წერს, რომ სერიალს ბრიტანელი ჟურნალისტის, ალან კოუელის წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელსაც „უკანასკნელი ჯაშუში“ / „The Terminal Spy“ ჰქვია. წიგნი 2006 წელს ლონდონში ლიტვინენკოს მოწამვლას შეეხება.
სცენარს სერიალისთვის დევიდ სკარპა წერს, რეჟისორი კი ოსკაროსანი ბრაიან ფოგელი იქნება.
ლიტვინენკო იყო როგორც სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ), ასევე თანამედროვე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი წევრი. იგი დაიღუპა ლონდონში 2006 წელს.
ლიტვინენკო ირწმუნებოდა, რომ შესაძლოა ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილიყო ჩართული 1999 წელს რუსეთში სახლების აფეთქების საქმეში. მან წიგნიც დაწერა ამ თემაზე, სახელწოდებით – „ФСБ взрывает Россию“. რუსეთში ეს ტექსტი ფედერალურ სიაშია შესული, როგორც ექსტრემისტური რესურსი.
ბრიტანელმა სამართალდამცავებმა გამოძიებით დაადასტურეს, რომ ლიტვინენკო იშვიათი რადიოაქტიური ნივითიერებით, პოლონიუმ 210-ით იყო მოწამლული, დამნაშავეებად კი მისივე ყოფილი კოლეგები დასახელდნენ ФСБ-დან: ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი.
ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვდა ლუგოვოის ექსტრადიციას, რომ ის სასამართლოს წინაშე წარმსდგარიყო, როგორც მკვლელობაში ბრალდებული, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა. ლუგოვოი უარყოფდა თავის ბრალეულობას ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეში. ახლა ის დუმის ანტიკორუფციული კომიტეტის პირველი მოადგილეა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გამომძიებელმა რობერტ ოუენმა დაასკვნა, რომ ლუგოვოი და კოვნუტი სავარაუდოდ მოქმედებდნენ ФСБ-ს ხელმძღვანელის, ნიკოლაი პეტრუშევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მითითებით. კრემლში ამ გამოძიებას ზედაპირული და არაპროფესიონალური უწოდეს.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით 218 სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. ონლაინსწავლობს 415 ცალკეული კლასიც.
მიმდინარე კვირაში კორონავირუსი სკოლის მასწავლებლების 0.9 და მოსწავლეების 0.3 პროცენტს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხოლოდ 69.6 პროცენტია აცრილი.
ამავე წყაროს ცნობით, სექტემბრიდან დღემდე დისტანციურად ატარებს გაკვეთილებს 142 მასწავლებელი.
ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი ბოლო მიმდინარე კვირაში 8,17 პროცენტია. ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 3965 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით.
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მონაწილეები გაივლიან შესაბამის სასწავლო კურსს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორ მოამზადონ და წარადგინონ პეტიცია; საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკას; საპროექტო იდეებისა და ბიზნესიდეების შედგენას; საჯარო კამპანიებისა და პიარკამპანიების დაგეგმვას; ასევე, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და სხვა. ამასთან, პროექტის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
პროექტის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსით, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ უკვე გამოაცხადა – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროექტის – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:
[checklist]
18 წლისა და მეტი ასაკის ქალებს
14-29 წლის ახალგაზრდებს
[/checklist]
პროექტის ფარგლებში:
ქალები –
გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებში შეისწავლიან: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებს და ფორმებს, პეტიციის მომზადებას და წარდგენას, ბიუჯეტირების პროცესს და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, საპროექტო იდეების და ბიზნესიდეების შემუშავებას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ექსპერტების დახმარებით, მონაწილეები შეიმუშავებენ და წარადგენენ პეტიციებს მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეზე, შეიმუშავებენ საპროექტო და ბიზნესიდეებს.
ახალგაზრდები –
გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებში შეისწავლიან: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებს და ფორმებს, საჯარო გამოსვლას, პრეზენტაციის ტექნიკას, საპროექტო იდეების შედგენას, საჯარო კამპანიებისა და პიარკამპანიების დაგეგმვას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაატარონ ურთიერთსაგანმანათლებლო ტრენინგები, დაგეგმონ და ჩაატარონ საჯარო აქციები/საინფორმაციო კამპანია.
პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: ijhbatumi2001@gmail.com უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV) და საკონტაქტო ინფორმაცია.
სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში (Subject) ჩაიწეროს – კონკურსის მონაწილე.
შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:
წარმოდგენილი რეზიუმეს (cv) ანალიზი
გასაუბრება – კომპეტენციის დადგენისა და უნარების განსაზღვრის მიზნით
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სამი სკოლა – ორი ბათუმში, ერთი – ხულოში და 68 ცალკეული კლასი სხვადასხვა სკოლაში.
ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,84 და მოსწავლეების 0,52 პროცენტს.
„2021 წლის სექტემბრიდან ანუ სწავლის განახლებიდან დღემდე სკოლებში 333 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი და 78 ადმინისტრაციულ პერსონალს,“- ამბობს სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 82, 3 პროცენტია ვაქცინირებული.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდით გარდაიცვალა 3 ადამიანი.
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი და ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ბაციაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს მათი პარტიის წევრის მიერ პარტიის დატოვებაზე.
„ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ ირაკლიმ ვერ გაუძლო სავარაუდო ზეწოლას და ეს გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ უფრო სამწუხაროა მისი განმარტება, რომ თითქოს პარტია ვინმესთან თანამდებობებს ინაწილებს.
ჭადრაკის თამაში რომ იცოდეს, ვეტყოდი, რომ ნათამაშები სვლა არ ბრუნდება.
ერთადერთი სწორი სვლა ირაკლი, პარტიასთან ერთად საკრებულოს დატოვებაცაა, რადგან არ შეიძლება დაჰპირდე ამომრჩეველს ერთი და გააკეთო მეორე“, – მოსწერა ნინო ბაციაშვილმა „ბათუმელებს“. ის რიგაში საჭადრაკო ტურნირზე იმყოფება და სწორედ იქ შეიტყო, ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვების შესახებ.
გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. იგი ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრია.
პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, აკაკი გვიანიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის ყოფილი წევრი, ირაკლი თავდგირიძე, რომელმაც დღეს გაავრცელა განცხადებაპარტიის დატოვების შესახებ, მოისყიდეს.
ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აკაკი გვიანიძემ:
„ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს, რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე უფრო მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ამ გეგმების შესრულებას ვაპირებთ. რაც დავპირდით ამომრჩეველს, აუცილებლად შევასრულებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმში“.
აკაკი გვიანიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტია არ აპირებს შეეკრაა ოპოზიციას და ან მმართველ პარტიას.
„ორივე სწორედ იმ მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი,“ – აღნიშნა აკაკი გვიანიძემ.
გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ დღეს დატოვა. იგი ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს მომავალი წევრია. თავდგირიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.
ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრების არჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ერთად – 16.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ხიდების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას და მოვლა-შენახვით სამუაოებს.
ძირითად მიმართულებებზე დასრულდა სამუშაო პროცესები, დარჩენილ მონაკვეთებზე ინტენსიურად გრძელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
მუხაესტატე-ვერულიძეები-ოჩხამურის 1600 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო.
ბობოყვათი-სინასკურას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი ხიდით შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენი-სამების მიმართულებით 1300 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი.
რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტით ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა განხორციელდა, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მახოს ხიდი-გონიოს ხიდს მალე ახალი საავტომობილო გზით დაუკავშირდება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჭოროხის საავტომობილო გზის (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) დარჩენილ მონაკვეთზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში 2200 გრძ. მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი და დამცავი ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის სამრეწველო ზონის განვითარებისთვის, რომელიც ამავდროულად დაბა ხელვაჩაურის შემოვლითი გზის ფუნქციას შეითავსებს.
აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქედაში, სოფელ წონიარისში 72 მეტრიანი ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.
საავტომობილო ხიდი ბათუმი ახალციხის გზას-ხეობასთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო:რკინა-ბეტონის მალები, რკინა-ბეტონის ფილა, ბურჯები ხიმინჯებით, მოხდა ხიდის ჰიდროიზოლაცია და დაიგო ასფალტობეტონის საფარი.
მოეწყო ორივე მხარეს ქვეითთა სავალი, შესასვლელები შემოიფარგლა პარაპეტებით.
ხიდის სიგრძე 72 მეტრს, ხოლო სიგანე 8 მეტრს შეადგენს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის ადგილობრვი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1800 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტირებული გზით წყალსაყრის თემში რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც, გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.
დასკვნით ეტაპზეა შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ტურისტული მნიშვნელობის შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.
აღნიშნული გზით ჩირუხის მთაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა (შავი ტბა, ტურისტული მიმართულება) საავტომობილო გზის 4,25 კმ. მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
უკვე დასრულდა მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები .
ამ ეტაპზე მიმდინარეობს არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
რეაბილიტირებული გზით მწვანე ტბიდან შავ ტბამდე ვიზიტორები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.
სოფელ ვაშლოვანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრე არხები, ზღუდარები და საყრდენი კედლები, რომლის დასრულების შემდგომ დაიგება ასფალტობეტონის საფარი.
რეაბილიტირებული გზით 150 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.
რიყეთი-გასაყარის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალი ხიდით 60 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
ვაშლოვანი-შურმულის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ახალი ხიდით 150 ადგილობრივი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მომავალ, 2022 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უკვე განისაზღვრა ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც მომავალი წლისთვის 436 მილიონ ლარს შეადგენს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობაც და მომავალი წლისთვის 135 მილიონით იქნება განსაზღვრული.
„ამ დაფინანსების ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაზრდა,“ – ამბობს რიჟვაძე.
მთავრობის სხდომაზე რიჟვაძემ ასევე თქვა, რომ ბათუმში ავარიულ სახლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მუნიციპალური პროგრამების ფარგლებშია გათვალისწინებული და ამისთვის მომავალი წლისთვის 20 მილიონი ლარი იქნება თვითმმართველობის ბიუჯეტში გათვალისწინებული.
„პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება 630 ოჯახი, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს, ხოლო 2025 წლისთვის 3 ათასამდე ოჯახის იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე საცხოვრისით,“ – ამბობს რიჟვაძე.
29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3965 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 48513 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 43 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარაში – 161, იმერეთში – 753, ქვემო ქართლში – 325, შიდა ქართლში – 290, გურიაში – 115, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 271, კახეთში – 427, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 34.
28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.87%.
გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. იგი ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრია.
„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან [ლელოს ჩათვლით] ნებისმიერი სახით თანამშრომლობა… ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში,“ – წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი თავდგირიძე.
ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრების არჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად – 16.
ფეისბუქპოსტში ირაკლი თავდგირიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.
„მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!,“ – წერს ირაკლი თავდგირიძე.
ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ „ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნება და ირაკლი თავდგირიძე რეალურად დამოუკიდებელი კი არა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას? – ირაკლი თავდგირიძეს ამ დროისთვის მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
კითხვებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ ბათუმის საკრებულოში გახარიას პოლიტიკური პარტიის სხვა წევრებიც. „საქართველოსთვის“ წევრმა, აკაკი გვიანიძემ გვითხრა, რომ დღის განმავლობაში ამ თემაზე ბრიფინგს გამართავენ.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურს ელიან, ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავენ პოლიტიკური პარტიები, პარალელურად კი ბათუმში ბოლო თვეებია ერთი თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ – რის გაკეთებას აპირებენ ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში?
რის გაკეთებას აპირებენ ჩინეთის მოქალაქეები ბათუმში
„მენეჯერმა გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნებია და ბევრი ჩინელი ერთად არ უნდა დაინახონ ქუჩაში. ამიტომ, ძირითადად, სავაჭრო ცენტრში ან სანაპიროზე გავდივართ”, – გვეუბნება ჩინეთის მოქალაქე, რომელთან კავშირზეც ანონიმურად გავედით.
მისი თქმით, ის უკვე ორი თვეა „მეტრო სითის“ (მეტრო ჰოლდინგის ერთ-ერთი პროექტი) მიმდებარედ ცხოვრობს და თავის გუნდთან ერთად იმ ჩინელებისთვის ქმნის სერვისს, რომლებსაც საქართველოში ცხოვრება ან/და მუშაობა სურთ.
ჩინეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ასევე ანონიმურად შევხვდით, გვითხრა, რომ „ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია“. მას თუ დავუჯერებთ, ის თავის თანაგუნდელებთან ერთად უფრო მრავალრიცხოვანი ჩინური თემის მისაღებად ამზადებენ გარემოს – ხსნიან სუპერმარკეტებს, კვებისა და გართობის ობიექტებს, კაზინოს, KTV-ის, მასაჟის სალონს, ჩამოაქვთ ჩინური პროდუქცია, ყიდულობენ და ქირაობენ უძრავ ქონებებს, ავტომობილებს, ბიზნესებს.
მისი თქმით, მალე ბათუმში ჩინური თემი გაიზრდება – „ახლა დაახლოებით 3-4 ათასია, ხოლო მომავალში კიდევ 8 ათასი შემოვა“.
ორივე პირი აქამდე დუბაიში მუშაობდა, ისე როგორც ბათუმში ჩამოსული ჩინელების უმეტესობა. ბათუმში ჩინელებთან დაკავშირებულ ბიზნესს რომ დუბაისთან მივყავართ, „მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორი რაულ კახაძე ირიბად ადასტურებს, როდესაც ახალ ინვესტიციაზე საუბრობს.
სწორედ „მეტრო ჰოლდინგია“ ის კომპანია, რომელმაც ბათუმში ჩინურ-ქართული ინვესტიცია დააანონსა.
3 აგვისტოს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რაულ კახაძემ ბათუმში, ფიროსმანის #12-ში ახალი თაუერის მშენებლობა დააანონსა, რომელშიც, მისი თქმით, 150 მილიონი დოლარის ღირებულების ჩინურ-ქართული ინვესტიცია განხორციელდებოდა.
აქ 7023 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი „მეტროსთან“ დაკავშირებულმა კომპანია სს „დე გრუპმა“ მანამდე რეკორდულ ფასად – 30 მილიონ ლარად შეისყიდა. კომპანიამ 1 კვ.მეტრში 4 271 ლარი გადაიხადა.
სს „დე ჯგუფი“, სს „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ და ჩინეთის მოქალაქე ჰოუ იანანიმ 2021 წლის 10 მაისს დაარეგისტრირეს [ამ სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება 19 ივლისს შეიცვალა].
საზოგადოების სახელის შეცვლამდე ჩინეთის მოქალაქემ კუთვნილი წილი – 75% უსასყიდლოდ გადასცა „მეტრო ატლას ჯორჯიას“.
ბოლო მონაცემებით, სს „ვესთ თუერსში“ აქციები ოთხ სუბიექტს აქვს განაწილებული:
30%-ს ფლობს ქართული „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, სს “მეტრო ატლას ჯორჯია”;
50% ეკუთვნის შპს “ქონსთრაქშენ ქოს” – ეს კომპანია მიმდინარე წლის გაზაფხულზე კამბოჯის მოქალაქემ [ფილიპინური წარმოშობა] თომას შუმ დააფუძნა;
თითქმის 10%-ის მფლობელია შანხაიში დაბადებული თურქეთის მოქალაქე ოზგურ ქურთი;
10%-ზე ოდნავ მეტს ფლობს ჩინეთში დაბადებული კამბოჯის მოქალაქე – შინ შაომინი.
ოზგურ ქურთი, ჩინური წარმოშობის ბიზნესმენი, რომელსაც თურქეთის მოქალაქეობა აქვს, „ვესთ თაუერსის“ გარდა კიდევ ახალ პროექტში ითანამშრომლებს „მეტრო ჰოლდინგთან“. ამის შესახებ „ბათუმელებმა“ 26 ოქტომბერს დაწერა.
ჩინური ბანერები ბათუმის ქუჩებში
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შპს „შინჩიბა“ ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 4 ცათამბჯენისაშენებას გეგმავს.
ამ კომპანიაში ოზგურ ქურთის წილი 80%-ია, 10% „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი 10% – ბინ ლიანგ ჰუანგს – ასევე ჩინეთში დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს.
მეწილეების ჩინურ წარმოშობაზე კითხვას „მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დირექტორმა, რაულ კახაძემ უპასუხა, რომ ინვესტიცია დუბაიდან იქნება – „ინვესტორებს დუბაიში ბიზნესცენტრები აქვთ“.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც 4 ცათამბჯენი უნდა აშენდეს, მდებარეობისთვის ასევე მოულოდნელად მაღალ ფასად გაიყიდა – 9 904 კვ.მეტრი 15 მილიონ 94 428 ლარად [1 კვ.მეტრი 1524 ლარად].
ოზგურ ქურთი და ბინ ლიანგ ჰუანგი ბათუმში კიდევ ერთ კომპანიის – შპს „მეგა პალასის“ მფლობელები არიან. კომპანია მათ საკუთრებაში 15 ივნისს გადავიდა. „მეგა პალასი“ გორგილაძის #120-ში მდებარე სასტუმრო-კომპლექსის „ბესთ ვესთერნ პრემიერის“ მფლობელია.
„მეტრო ჰოლდინგი“ – უკანონო მშენებლობა და ამ მისამართზე ჩინეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიები
„მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიის სს „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ მიერ გოგოლის #11ბ-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა ჯერ არც მშენებლობა შეჩერებულა და არც მის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას მოჰფენია ნათელი.
გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, 28 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ მიმდინარე მშენებლობა დაკავშირებულია ბათუმში არალეგალური ჩინური ონლაინკაზინოების IT მართვის ცენტრების მოწყობასა და კრიპტოვალუტის წარმოების გადმოტანასთან.
ოფიციალური პირები სხვა განმარტებას აღარ აკეთებენ, ამიტომ ვცადეთ ისევ ოპოზიციონერი დეპუტატისგან მიგვეღო მეტი ინფორმაცია.
ჩინური ბილბორდები ბათუმში
„მათთან დასაქმებული ჩვენი თანაქალაქელები, ქართველები, რომლებიც მუშაობენ ამა თუ იმ კომპანიაში, გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები (ჩინეთის მოქალაქეები) ბათუმში ქმნიან ჩინური უკანონო ონლაინკაზინოების მხარდამჭერ ცენტრს თუ ბაზას. ასევე ახსენებენ ბითკოინებს, რაზედაც ჩვენ არ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, თუმცა ბიძინა ივანიშვილის სიყვარული ბიტკოინებისადმი კარგად ვიცით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გამორიცხული”, – ამბობს გიორგი კირთაძე.
ჩვენ რამდენიმე წყარომ, ანონიმურობის დაცვის პირობით, გვითხრა, რომ ამ მისამართზე, უკვე აშენებულ კორპუსებში, ჩინელები მუშაობენ კომპიუტერებთან.
ტერიტორიაზე ჩვენც დავაფიქსირეთ რამდენიმე მათგანი ძვირადღირებული ავტომანქანებით.
მეტი ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე რთულია, თუმცა საინტერესოა რომ შპს „ქონსთრაქშენ ქო“, რომელიც „ვესთ თაუერსის“ აქციათა 50%-ის მფლობელია, აღნიშნულ მისამართზეა რეგისტრირებული. ასევე, ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში ჩინეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 23-ზე მეტი კომპანიის იურიდიული მისამართიც გოგოლის ქუჩა #11ბ არის.
ბათუმში უკვე ყველა იმაზე საუბრობს, რომ ჩინელები ქირაობენ ან/და ყიდულობენ სახლებს, აპარტამენტებსა და სასტუმროებს საბაზროზე ბევრად მაღალ ფასად.
ყიდულობენ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომანქანებს, მათ კერძო საკუთრებას კი გაძლიერებული დაცვა იცავს.
ჩვენ ვცადეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაგვერკვია, ჩინეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ბოლო თვეებში, რა მიზნითა და დოკუმენტაციით, ჩინეთთან კავშირში მყოფი რამდენი ბიზნესი დარეგისტრირდა. უწყებამ კანონით განსაზღვრული ყველა ვადის გასვლის მიუხედავად, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ სხვა სახელმწიფო უწყებებიც.
ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტებით, ჩინეთის მოქალაქეებმა 2021 წლის ზაფხულში ბათუმში 23 კომპანია დარეგისტრირეს. ამ კომპანიების წესდების მიხედვით, მათი ძირითადი საქმიანობა არის სათამაშო ტექნოლოგიები, სასტუმროს საქმიანობა, ქონების მართვა, დაცვა და დასუფთავება, ალაფურშეტის ორგანიზება.
ერთ-ერთი სასტუმროს მესაკუთრე, რომელიც მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა ინფორმაციის მოწოდებას, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით, აცხადებს, რომ თავისი სასტუმრო ბათუმში, 2 წლით გასცა იჯარით.
„წელიწადში 40 ათას დოლარზე მეტს მიხდიან. სულზე მომისწრო, კოვიდის გამო სეზონი ჩავარდა და ბანკის გადასახადს ვერ ვიხდიდი… ხელშეკრულებაში ჩამიწერეს, რომ თუ სასტუმროში დავაპირებ მისვლას, წინასწარ უნდა დავურეკო“, – გვიყვება სასტუმროს მესაკუთრე.
ჩვენ გადავამოწმეთ ის სასტუმროებიც, რომლებიც ვიცით, რომ ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ ნაქირავები. მათი ნაწილის შესახებ ინფორმაცია რეესტრში არ არის ასახული, რაც სრული სურათის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.
თუმცა, ვიპოვეთ ათობით კერძო საკუთრება [მათ შორის, ბინები, კომერციული ფართობები, სასტუმროები], რომლებიც ჩინეთის მოქალაქეების მიერ 2021 წლის ზაფხულში ბათუმში დარეგისტრირებულ კომპანიებს აქვთ აღებული იჯარით.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონებები ამ კომპანიებს 2023-2026 წლის ჩათვლით აქვთ აღებული.
ჩინურ ინვესტიციებს საქართველოში აქტიურად აკვირდება და კვლევის ანგარიშებს პერიოდულად აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევნისთვის“.
„ჩვენ რაც ვიცით, არის სასტუმროების დახურვა ბათუმში, IT ჯგუფებია ჩამოსული და თუ არ ვცდები, გოგოლის ქუჩაზე შენდება მათთვის რაღაც შენობა“, – გვითხრა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
„რომ დავიჯეროთ, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობს ასეულობით კაცი იმიტომ, რომ ერთადერთ ოფიციალურად დაანონსებულ ჩინურ-ქართულ „ვესთ თაუერის“ მშენებლობაზე იმუშავონ, სუპერარარეალისტური და აბსოლუტურად არასერიოზულია“, – გვითხრა თინა ხიდაშელმა.
იგი ვარაუდობს, რომ ჩინური აქტივობები ბათუმში კავშირშია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან:
„ჩვენ ვაკვირდებით და ვიკვლევთ მსგავს შემთხვევებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ანალოგიური ოპერაცია განხორციელდა და პრაქტიკულად ყველგან, ეს იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ჩვენი ინტერესის საგანი ეს გახდა ფოთის გამო, ვინაიდან ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბატონი ივანიშვილის და ჩხარტიშვილის ინტერესები ერთმნიშვნელოვნად მონოპოლისტურია და როდესაც ასეთი საგადასახადო სამოთხე არსებობს ბათუმითან ახლოს, რა თქმა უნდა, ავტომატურად გაგვიჩნდა განცდა, რომ ეს ღონისძიება, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, გადაჯაჭვულია სწორედ ფოთში საქმიანობასთან. ეხლა სწორედ ამას ვამოწმებთ”.
ჩინურიმედიადუბაისშესახებ
20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიWeChat-ის (პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმა ჩინეთში) ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა და საგანგებოდ შეახსენა ჩინეთის მოქალაქეებს, რომ გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე არ ჩაერთონ ონლაინგემბლინგსა და სხვა მომიჯნავე საქმიანობაში.
საელჩო იუწყებოდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედი ონლაინგემბლინგის ჯგუფებმა ბოლო პერიოდში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაინაცვლეს.
„აღნიშნული ჯგუფები ონლაინთამაშების, ონლაინვაჭრობისა და კომპიუტერული პროგრამირების „ლეგალურ“ საფარველქვეშ მოტყუებით იწვევენ ჩინელ მოქალაქეებს საამიროებში სამუშაოდ ისეთი განცხადებებით, როგორიცაა „მაღალანაზღაურებადი სამსახური“, „ონლაინმედია“, „გეიმინგი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საელჩო უსაფრთხოების ნორმების შეხსენებასთან ერთად აღნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო და საკონსულო კოორდინაციას უწევს საამიროების პოლიციის მიერ კრიმინალში ეჭვმიტანილთა დაკავება-ექსტრადაციას.
ჩინეთის მთავრობამ ამ პერიოდში ჩაატარა რამდენიმე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, გაამკაცრა კანონმდებლობა და შემოიღო არასაჯარო შავი სია, რომელშიც ისეთი ქვეყნებია შეტანილი, სადაც ჩინეთის მოქალაქეებზე გათვლილი უკანონო სათამაშო დაწესებულებებია მოწყობილი როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ.
ჩინური ბანერები ბათუმის შესახებ ინტერნეტში
„დევნა დაიწყო იმის გამო, რომ ყოველწლიურად ტრანსასაზღვრო არალეგალური ფსონები იწვევს 1 ტრილიონი ჩინური იუანის (145 მილიარდი აშშ დოლარი) გადინებას ჩინეთიდან ოფშორულ ვებსაიტებსა და კაზინოებში, რაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და სოციალურ სტაბილურობას“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც მოამზადა ორგანიზაციამ ARF Council on Anti-Illegal Betting and Related Financial Crime.
ამავე ანგარიშდან ირკვევა, რომ 2019 წელს ჩინეთში 25 000 ადამიანი დააკავეს არალეგალურ ფსონებთან დაკავშირებული აქტივობებისათვის. 2020 წელს ეს რიცხვი 110 000-მდე გაიზარდა. რეიდები ეწყობოდა როგორც ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის გამოყოფილია ფილიპინები და კამბოჯა, სადაც სათამაშო ჰაბები იყო მოწყობილი.
მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთმა ტრანსსასაზღვრო არალეგალურ გემბლინგთან დაკავშირებული პირებისთვის ამნისტია გამოაცხადა და 30 აპრილამდე ჩაბარებისა და აღიარების სანაცვლოდ, მსუბუქ სასჯელს ან სასჯელის სრულად გაუქმებას დაჰპირდა. მათ, ვინც ამ ვადაში არ დანებდებოდა, სხვადასხვა მძიმე სასჯელით დაემუქრა.
იმავე ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ზეწოლის შემდეგ კამბოჯასა და ფილიპინებში სხვადასხვა რეგულაცია შემოიღეს სათამაშო ბიზნესის გასაკონტროლებლად, რთული გახდა იქ ოპერირება. შესაბამისად, ჩინელებზე გათვლილი სათამაშო ბიზნესის მოსაწყობად სხვა ქალაქები, მათ შორის, დუბაი გახდა მიმზიდველი.
2021 წლის პირველ მარტს ძალაში შევიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სისხლის სამართლის მე-11 შესწორება, რომლითაც გაიზარდა სასჯელი ტრანსსასაზღვრო გემბლინგთან დაკავშირებით, მათ შორის, დასჯადი გახდა ჩინეთის მოქალაქეების სხვა ქვეყანაში სათამაშო ტურიზმის მიზნით წაყვანა. ასევე დაანონსდა ტურისტული დანიშნულებების შავი სიისთვის ახალი მიმართულებების დამატება. მართალია, ეს სია დახურულია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩინეთის საელჩოს ზემოთ ხსენებულ განცხადებას, სავარაუდოა დუბაი ამ სიაშია.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, დუბაი შესაძლოა აღარ არის უსაფრთხო ზემოთ ხსენებული ჯგუფებისთვის, რომლებიც, ჩინეთის საელჩოს ცნობით, არალეგალურ ტრანსსასაზღვრო გემბლინგს ეწევიან.
ვაკანსიებიჩინეთისმოქალაქეებისთვისბათუმში
თუ საქართველოს ჩინური სახელწოდებით მოძებნით ფეისბუქზე, ნახავთ რამდენიმე ჯგუფს და განცხადებას. ჩვენს ყურადღებას იქცევს დახურული ჯგუფი, რომლის სახელის ცვლილებების ისტორიიდანაც ირკვევა, რომ ჯგუფი გასული წლის 18 მაისს შეიქმნა, როგორც „ტაილანდში ჩინელთა საკომუნიკაციო ჯგუფი“.
ჯგუფში გაერთიანებულია 13 ათასზე მეტი მომხმარებელი. წესების მიხედვით ჯგუფში გაზიარებული ინფორმაციის გატანა მკაცრად აკრძალულია.
როგორც საჯარო ინფორმაციიდან ჩანს, ჯგუფი აქტიურია.
ამ ჯგუფში პოსტავენ ჩინურენოვან ვაკანსიებზე ბათუმში, დუბაიში, მალაიზიაში. ასევე იპოვით სხვადასხვა სერვისის შეთავაზებას.
განმცხადებლები ბათუმში ჩამოსვლის მსურველებს სთავაზობენ უძრავ ქონებას, სასტუმროებს, აპარტამენტებს და ასევე ეძებენ თანამშრომლებს – კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტებს,მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. მთავარი მოთხოვნაა კანდიდატი იყოს ჩინეთის ან ტაივანის მოქალაქე.
ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, კომპანია 365完美集团, საქართველოში, ბათუმის ოფისში სამუშაოდ იწვევს 18-35 წლამდე ადამიანებს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ტაივანიდან, მალაიზიიდან, მიანმარიდან, ვიეტნამიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, რომლებსაც კარგად შეუძლიათ ჩინურად კომუნიკაცია. განცხდებას თან ერთვის ბათუმის რამდენიმე ფოტო.
365完美集团 – ჩინურენოვანი ონლაინთამაშებისა და ონლაინკაზინოს საიტია. საიტზე მოცემულია ინფორმაცია თამაშისა და ფსონების დადების მრავალფეროვნებაზე; გადახდისა და განაღდების უსაფრთხო გზებზე და სხვა დეტალები.
ამ კომპანიის განცხადებებს კიდევ ერთ ჩინურენოვან დასაქმების საიტზე მივაგენით, სადაც კომპანიის საქმიანობის აღწერში მითითებულია, რომ კომპანიას 10- წლიანი გამოცდილება აქვს და ოფისებს ფლობს, მათ შორის დუბაიში.
ამ ეტაპზე შეუძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, არსებობს თუ არა კავშირი ბათუმში მიმდინარე მოვლენებსა და დუბაიში თაღლითური ჯგუფების დევნის დაანონსებას შორის.
თუმცა ფაქტია, საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება ხელს უწყობს, რომ ინფორმაცია მკაცრად იყოს გასაიდუმლოებული.
სწორედ ამ გასაიდუმლოებაზე აკეთებს აქცენტს თინა ხიდაშელიც:
თინათინ ხიდაშელი
„ამ ქვეყანაში ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში ყველაფერი არასწორად ხდება, მაგრამ ამ მასშტაბის ბურუსი არც ერთ სხვა ურთიერთობას არ ჰქონია, როგორიც ბათუმის შემთხვევაში გვაქვს. ეს ამძაფრებს ეჭვს – გარდა იმისა, რომ არასწორად ხდება რაღაც, ასევე შესაძლოა არალეგალურ საქმიანობასთანაც გვქონდეს საქმე. სხვა შემთხვევაში ჩინურ მედიაში მაინც გაჩნდებოდა ამ აქტივობაზე ინფორმაცია“.
„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამომრჩეველი გაიზარდა – პოლიტიკოსები როცა ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებს გაიჩენენ, პირიქით, აღიზიანებენ“, – მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე საკუთარ დაკვირვებას და დასკვნას გვიზიარებს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
ასლან ჭანიძის დაკვირვებით, მერობის კანდიდატები ბათუმში მეორე ტურის სამზადისში ნაკლებად საუბრობენ რეალურ თვითმმართველობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში, ისევე, როგორც სახელისუფლებო პარტიამ მთლიანად ქვეყანაში, მთავარი აქცენტი საბოლოო გამარჯვებაზე გააკეთა და იმის მიუხედავად, რომ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ეკუთვნის, ამომრჩევლის დარწმუნებას ცდილობს, უმრავლესობა მაინც ჩემი იქნებაო.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ კი კოალიციური მმართველობის შესაძლებლობაზე დადო ფსონი.
„იმისთვის, რომ მოეზიდა სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერები, გიორგი კირთაძემ ყურადღება გაამახვილა მრავალპარტიულობაზე და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც უთხრა, რომ ოპოზიციურ საკრებულოში „ქართული ოცნება“ უნდა მართავდეს, მაგალითად, იმ კომიტეტს, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს ეფექტური მონიტორინგის შესაძლებლობა.
ის ესაუბრება ასევე გახარიას მხარდამჭერებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ის სამი წარმომადგენელი, ვინც საკრებულოში შევიდა გახარიას პარტიიდან, არ დაიჩაგრება…
არჩილ ჩიქოვანს კი, ახალი არაფერი უთქვამს. შესაძლოა, მას ჰქონდეს იდეები და შეთავაზებები, მაგრამ პარტიას აქვს გაჟღერებული რადიკალური პოზიცია, რომ ის არ აპირებს ვინმესთან კოალიციის შექმნას. „ქართული ოცნება“ არც იმას ამბობს, რომ გახარიას გუნდის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებს. გადმოვიბირებო, ამას ამბობს, რაც შესაძლოა, პირიქით, გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს გახარიას ამომრჩევლისთვის,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ბათუმში, როგორც საკრებულოს, ასევე მეორე ტურის ბედს გახარიას მხარდამჭერები გადაწყვეტენ.
„არაა გამორიცხული, „ქართული ოცნების“ ელიტის განცხადებებმა გამაღიზიანებლად იმოქმედოს გახარიას პარტიის ამომრჩეველზე. ჩვენთან ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ვინაა ლიდერი. მართალია, გახარიას პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატზე არ იყო აგრესია მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, მაგრამ გახარიას პოლიტიკური გუნდის ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია თავად გახარიას ფაქტორი, რომელსაც ლანძღავ და მოღალატეს უწოდებ.
გახარიას პოლიტიკურ გუნდსაც აქვს სერიოზული გამოწვევა, რადგან თუ ამ პოლიტიკური ძალისგან საკრებულოში არჩეული წევრები „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ, შემდეგ არჩევნებზე მას ამომრჩეველი აღარ მისცემს ხმას – მე თუ გახარიას ვაძლევ ხმას, ამით ვემიჯნები „ოცნებას“ და შენ თუ მაინც „ოცნებაში“ გადადიხარ, რაღა გამოვიდა.
გახარიას მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურზე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, მათი გადასახედიდან, ორი უბედურებიდან რომელია უფრო ნაკლები,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.
ასლან ჭანიძე
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს ასევე მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – არჩილ ჩიქოვანი ზოგჯერ უსამართლო ბრალდების სამიზნეც ხდება, როცა, მაგალითად, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევაშიც მას ადანაშაულებენ.
„შესაძლოა, არ მუშაობს მონიტორინგის მექანიზმები, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ჩვენ, მოქალაქეებიც ვაშავებთ?
ამ არჩევნებზე მთავარი თემა მაინც უკანონო მშენებლობაა, ანუ არა რაღაც ფანჯრის გამოჭრა და სართულის დაშენება, არამედ მთელი კორპუსების უკანონოდ აშენება. ამ ფონზე ძალიან რთულია ამომრჩეველს უთხრა, რომ რამეს ჰპირდები, რადგან შენ უკან უკანონო კორპუსები შენდება და შენ არაფერს აკეთებ,“ – გვითხრა ასლან ჭანიძემ.
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა მე-7 წელი გრძელდება ბათუმის სასამართლოში და არ დასრულებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი 2021 წლის არჩევნებზეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოცხი „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა.
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომელსაც პროკურატურა პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული და პროცესები იშვიათად ტარდება. მაგალითად, ამ საქმის ადვოკატს პაატა ბოლქვაძის თქმით, დაახლოებით ზაფხულში იყო ბოლო სხდომა.
რამდენიმე სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ათეულობით ყოფილი პატიმარი მოუყვა, როგორ აწამებდნენ ციხეში.
„მორიგი სხდომა 4 ნოემბერსაა ჩანიშნული,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციიდან. აქ პროცესის გახანგრძლივება პანდემიას დაუკავშირეს.
„დაახლოებით 50 მოწმე კიდევ არის დასაკითხი,“ – ზუსტად ვერ იხსენებს დასაკითხი მოწმეების რაოდენობას ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.
„ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“ სულ 116 მოწმეა. შესაბამისად, თუ იგივე ტემპით გაგრძელდა მოწმეების დაკითხვა, ამ პროცესის დასრულებას მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება.
გარდა ამისა, გამორიცხული არაა, ვინც უკვე დაკითხეს, მისი ხელახლა დაკითხვა და პროცესის თავიდან დაწყება გახდეს საჭირო. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით 9 აგვისტოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოშია გამწესებული, თუმცა ის ამ დრომდე ბათუმში მუშაობს.
რატომ არ გადადის სამუშაოდ ბათუმიდან თბილისში მოსამართლე დავით მამისეიშვილი – ესეც ვკითხეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერს, რომელმაც იუსტიციის საბჭოში გადაგვამისამართა. იუსტიციის საბჭოს პრესცენტრიდან კი, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
ამ საქმის განხილვა მაქსიმუმ 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსამართლის პასუხისმგებლობაზე იუსტიციის საბჭოს არ უმსჯელია. საქმეს არც სათადარიგო მოსამართლე ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი „ციხის ყოფილი უფროსების“ დავის დასრულებამდე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისში გადავა, ხელახლა დაიწყება დროის ათვლა და ყოფილი პატიმრების ისტორიების მოსმენაც.
„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“, თითქმის ერთი წლის შემდეგ მას აქეთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ „მიზანმიმართულად არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება“.
ამჯერადაც ვერ ამოქმედდა „ოცნების“ ცნობილი დაპირება: „სამართლიანობის აღდგენა“ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი რეჟიმს ახსენებენ, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც დღეს ვიცე-პრემიერია.
აგვისტოს ომის მონაწილე სერჟანტის მკვლელობიდან უკვე 13 წელი გავიდა.
სერჟანტი როინ შავაძე ბათუმში 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. ის ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ქუთაისის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. იმავე საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.
როინ შავაძეს ოფიციალური ბრალდება არა სამშობლოს ღალატს, არამედ ნარკოტიკს უკავშირდება.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.
დაწინაურდა ამ საქმის პროკურორიც – ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ, წინასაარჩევნოდ, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, „ოცნების“ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებდნენ, რაც როინ შავაძის ქვრივისთვის კომპენსაციის გადახდის გარდა ეფექტური გამოძიების ჩატარებას გულისხმობს.
ერთი წლის შემდეგ „ბათუმელები“ დაინტერესდა – რა შეიცვალა?
ადვოკატი რამინ პაპიძე, რომელიც დაზარალებულად ცნობილი სერჟანტის ქვრივის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ ხელისუფლებას ერთი საპროცესო მოქმედებაც კი არ ჩაუტარებია.
„ეს საქმე ისევ თაროზეა შემოდებული… მუდმივად მაქვს კონტაქტი გამომძიებლებთან. გაცნობებთო, სულ ამას ამბობენ.
ჩვენ ველოდებით წლისთავს, როცა სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ოფიციალურად მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს. როგორც იცით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.
რამდენად არსებობს ობიექტური გამოძიების შესაძლებლობა ახლა? – ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში 12-მდე მოწმის ჩვენებაა, რომლებსაც აღიარებითი ჩვენება აქვთ გამოძიებისთვის მიცემული.
„ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკითხულია აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების დაახლოებით 12 თანამშრომელი. მათ აღიარებული აქვთ, რომ ჩაიდინეს როინ შავაძის მკვლელობა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ თითქოსდა როინ შავაძის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმა… ამბობენ, რომ როცა დაკავებული სერჟანტი თბილისში გადაჰყავდათ, გაქცევას აპირებდა, იარაღის ხელში ჩაგდება მოახერხა და ჩვენი მისამართით დაიწყო სროლა, ამ დროს მოვახდინეთ მისი ლიკვიდაციაო, რაც ზღაპარია.
ასევე დასტურდება, რომ ჩხრეკა იქ არ ჩატარებულა, ამას 60 კაცი ადასტურებს და გამომძიებელიც, ვინც ყალბი ოქმი შეადგინა, პასუხისგებაში არ მიუციათ,“ – აღნიშნავს რამინ პაპიძე.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიების ნება რომ ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს, მარტივად შეიძლებოდა იმის დადგენა, ვინ დაავალა გამომძიებელს ყალბი ოქმის შედგენა და პროკურორიც, რომელიც პასუხის მოთხოვნის ნაცვლად დააწინაურეს, იტყოდა: რატომ წარმართა გამოძიება არასრულად.
„თემურ პატარაძე [აჭარაში კუდის ყოფილი უფროსი] როცა დაჭერილი ჰყავდათ, დაკითხეს. მან თქვა – მერაბიშვილმა დამავალა შავაძის თბილისში გადაყვანაო. ერთი კითხვაც არ დაუსვეს მერაბიშვილს ამ საქმეზე,“ – დასძინა რამინ პაპიძემ „ბათუმელებთან“.
რა ეტაპზეა „როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება“? – ვკითხეთ დანაშაულის ჩადენიდან 13 წლის შემდეგაც პროკურატურის პრესცენტრს. თუმცა პასუხი არც ამჯერად მიგვიღია.
პასუხი არც თეა წულუკიანმა გაგვცა. მას მივწერეთ: რატომ არ გააქტიურდა საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ მაინც, როცა უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დასდო ბრალი „ოცნების“ ხელისუფლებას არაეფექტურ გამოძიებაში?
თეა წულუკიანმა გუშინ, 27 ოქტომბერს, თბილისში მმართველი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: „სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.“
თავის თმიან ნაწილში წარმოქმნილი მსხვილი და წვრილი აქერცლილი ელემენტები – ქერტლი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. არსებობს მოსაზრება, თითქოს ქერტლი პირადი ჰიგიენის წესების არასათანადოდ დაცვის შედეგია. ექიმი-დერმატოლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა – როგორც წესი, კანის აქერცვლა გამოწვეულია კანის სიმშრალით ან დაავადებებით.
ქალბატონო ნატალია, რა არის ქერტლი და რატომ ჩნდება ის?
ქერტლი კანის მკვდარი უჯრედებია, იგი შეიძლება იყოს წვრილი და ადვილად სცილდებოდეს კანს, შეიძლება იყოს მსხვილფირფიტოვანი და კანს შორდებოდეს თმის დავარცხნისას. ზოგ შემთხვევაში წარმოიქმნება მორუხო-მოთეთრო აქერცლილი კერები, რომლებიც განლაგებულია არა მარტო თავის თმიან ნაწილში – პროცესი შეიძლება გავრცელდეს სახეზე, კისერსა და სხეულზე.
ჩვეულებრივ, აქერცვლა ნორმალური ფიზიოლოგიური წარმონაქმნია და ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ამ ქერტლს ვერ ვხედავთ. არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებით კი ეს ე.წ. დაღუპული უჯრედების რაოდენობა იზრდება და ვითარდება ჭარბი აქერცვლა, რაც უკვე შესამჩნევია თვალისთვის.
ქერტლი ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს, შეიძლება განვითარდეს რაღაცის ნეგატიური ზემოქმედებით, მაგალითად, არასწორად შერჩეული შამპუნის გამო, კვების რეჟიმის დარღვევის ან გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო. ასევე მოქმედებს სტრესი, ულტრაიისფერი დასხივება, ჭარბი და აგრესიული საშუალების გამოყენება თმის შეღებვის ან/და დახვევის დროს. თუ ამ ფაქტორების ზემოქმედებას შევამცირებთ ან სულაც შევწყვეტთ, ყველაფერი ჩადგება ნორმის ფარგლებში.
დიდი რაოდენობით ქერტლის წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადებაც.
რა დარღვევების მაჩვენებელი შეიძლება იყოს ქერტლი?
სებორეული დერმატიტი ხშირად განპირობებულია პათოლოგიური პროცესებით, ეს შეიძლება იყოს ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია, ეპიდერმისის უჯრედების დაჩქარებული სიკვდილი და მიკროორგანიზმების გამრავლება.
ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია ზოგადად განპირობებულია ჰორმონალური ფონის შეცვლით. ჰორმონალური ფონი იცვლება პუბერტატულ პერიოდში, ორსულობის, მენოპაუზის დროს. სებორეის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს კაცების ჰორმონ ტესტოსტერონის ჭარბი პროდუქცია ორგანიზმში. ამიტომ კაცებში უფრო ხშირია სებორეული დერმატიტი, ვიდრე ქალებში.
რა თქმა უნდა, სებორეის განვითარებას ხელს უწყობს დაბალი იმუნიტეტი, მაგალითად, აივ დადებით პაციენტებში სებორეა ათჯერ უფრო ხშირია, ვიდრე პირებში, ვისაც ნორმალური იმუნიტეტი აქვთ. სებორეული დერმატიტი პროგრესირებას იწყებს ასევე ნერვული სისტემის დაზიანების დროს, მაგალითად, დამბლის დროს, პარკინსონის დაავადებისას.
სებორეა არსებობს მშრალი და ცხიმოვანი. გადამდები არ არის. მშრალი სებორეის დროს კერები არის წარმოქმნილი თავის თმიან ნაწილზე, წარბებზე, წამწამებზე, წვერ-ულვაშის მიდამოებში. ქერტლი ამ დროს არის თეთრი ფერის, მსხვილფირფიტოვანი, მწვავდება უფრო ზამთრის პერიოდში, ხელს უწყობს ტემპერატურის ცვალებადობა და კანის სიმშრალე. დაავადების პროგრესირების დროს კანზე (სხეულზე, ძირითადად, გულმკერდის, სახის მიდამოსა და ყურის ნიჟარებში) შეიძლება წარმოიქმნას მოვარდისფრო ლაქები, რომლებიც დაფარულია თეთრი ქერტლით.
ცხიმიანი სებორეის დროს უფრო მეტად გამოიყოფა ცხიმი და ამ დროს მკვდარი უჯრედები ადვილად არ შორდება კანს, ისინი წარმოქმნიან ცოტა მოზრდილი ზომის კონგლომერატებს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, რომ ამ კონგლომერატებში გამრავლდეს სოკოები, რომლებიც ბინადრობენ თავის თმიან ნაწილში მცირე რაოდენობით. სოკოები შთანთქავენ ცხიმის კომპონენტებს, გამოყოფენ თავიანთ ნივთიერებებს, რომელთაც გააჩნიათ გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე, იწვევენ ანთებით პროცესებს და აქერცვლას.
სოკოს გამრავლებას ხელს უწყობს სითბო, მომატებული ტენიანობა და აქტიური პროცესის დროს, როცა არის გამწვავება, დაზიანებულ კანზე წარმოიქმნება ქერქები. აი, ამ ქერქების ქვეშ ვრცელდება პათოლოგიური სოკოები.
ქერტლი არ არის გადამდები, ეს არ არის კონტაგიოზური დაავადება. ნორმაში, თავის თმიან ნაწილში, არის სოკო, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. იმისთვის, რომ ეს სოკო გამრავლდეს, საჭიროა ხელშემწყობი ფაქტორები.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, როდესაც პროცესი ხანგრძლივად (მაგალითად, ერთ თვეზე მეტ ხანს) მიმდინარეობს და პაციენტი თავისი ძალებით ვერ უმკვლავდება ამ პრობლემას. ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და დაინიშნოს მკურნალობა როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი.
რა რეკომენდაციები არსებობს შამპუნის შერჩევასა და თავის დაბანის სიხშირესთან დაკავშირებით?
როდესაც ქერტლი წარმოქმნილია გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებით, შესაძლოა სწორად შერჩეული შამპუნით მოვაგვაროთ პრობლემა. რაც შეეხება დაბანას – ხშირად არ შეიძლება. თავისა და ტანის კანზე წარმოიქმნება უხილავი წყალლიპიდური მანტია, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს პათოლოგიური ფლორის შეღწევისაგან. ხშირი დაბანით ჩვენ ვაცილებთ კანს ამ მანტიას და კანი ხდება დაუცველი, უფრო ადვილად ღიზიანდება და შეიძლება მასში შეაღწიოს პათოლოგიურმა ფლორამ, მაგალითად, მეორადმა ინფექციამ. რა თქმა უნდა, ეს სოკოს განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. სითბო, ტენიანობა, ნესტი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს სოკოს განვითარებას.
ზოგადად, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თავის დაბანა 3-4 დღეში ერთხელ. როცა კანის სიმშარალეა გამოხატული, უფრო ნაკლები სიხშირით შეიძლება დაბანა, რადგან დაბანა, გელების, საპნის გამოყენა უფრო აშრობს კანს. კანის სიმშრალის დროს დაბანის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ კანის დამატენიანებლები.
ძალიან ბევრი სახის შამპუნი არსებობს დღეს, ის უნდა შევარჩიოთ კანისა და თმის ტიპის მიხედვით. არსებობს შამპუნები მშრალი თმისთვის, ცხიმიანი თმისთვის. არსებობს შამპუნები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებაც.
როგორ მკურნალობენ?
თუ ქერტლი არ ქრება შამპუნის შეცვლისა და სხვა ფაქტორების აღმოფხვრის შედეგად, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ-დერმატოლოგს. ის დაადგენს მიზეზს, თუ რა იწვევს ჭარბი ქეწრტლის წარმოქმნას და დანიშნავს სათანადო მკურნალობას.
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ცნობილი რუსი ვლოგერი და ჟურნალისტი იური დუდი 100 000 რუბლით [დაახლოებით 1400 დოლარი] დააჯარიმა. დუდს, რომელსაც პოპულარული შოუ აქვს იუთუბიზე, ნარკოტიკების პროპაგანდაში დასდეს ბრალი.
კერძოდ, დუდის ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინელმა ვლოგერმა ივან რუდსკოიმ ნარკოტიკებთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე ისაუბრა. საუბრის დაწყებამდე გადაცემაში ეკრანზე გამოჩნდა წარწერა – „ნარკოტიკები ბოროტებაა და არ გამოიყენოთ“. ინტერვიუში კი ამ თემაზე საუბრისას რამდენიმე ადგილას ვიდეო აჩქარებულია და ტიტრით განმარტებულია, რომ აჩქარება ხდება იმ მიზეზით, რომ საუბრისას გამოყენებულია სიტყვები, რომლებიც რუსეთში სამართალდამცავებმა შეიძლება ნარკოტიკების მოხმარებისკენ მოწოდებად მიიჩნიონ.
რუსული მედია წერს, რომ დუდი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ჟურნალისტის დაჯარიმებას გამოეხმაურა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე თავდასხმა.
საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, თურქეთში, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილკოისთან ახალი აეროპორტის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის.
ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა დაიხარჯა.
„აეროპორტი მთლიანად ზღვაზეა აშენებული. შესაძლოა ეს ამ ტიპის პირველი აეროპორტია გარკვეული მახასიათებლების გამო. გამოვიყენეთ განსაკუთრებული საინჟინრო ტექნიკა. არ უნდა იფიქროთ, რომ ქვები უბრალოდ ჩავყარეთ. ჩვენი აეროპორტის ფსკერი მაქმანივით არის ამოქარგული,“ – ამბობდა რიზეს გუბერნატორი ქემალ ჩებერი მიმდინარე წლის თებერვალში „ჰაბერ თურქისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ახალ აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი ექნება და ის ყველა სახის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. აეროპორტი წელიწადში სამი მილიონი მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი და ის მოემსახურება როგორც რიზესა და ართვინს, ისე მთელი შავი ზღვის რეგიონს.
ცალკე აღსანიშნავია აეროპორტის არქიტექტურა. რიზე-ართვინის აეროპორტის სანავიგაციო კოშკი ჩაის ჭიქის ფორმის იქნება, შესასვლელი ჩაის ფოთლის ფორმის იქნება, ხოლო აეროპორტის მთავარ შენობაში განთავსდება ჩაის მუზეუმი.
აეროპორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას.
თავდაპირველად ახალი აეროპორტის გახსნა 2020 წლის 29 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მიზეზად პანდემია და ამის გამო შემცირებული მუშახელი დასახელდა. თურქეთის მეგა პროექტის მშენებლობა 750 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.
ახალი აეროპორტის რენდერი ფოტო: თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის, ადილ კარაისმაილოღლუს ტვიტერიდან
შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს საცნობ ნიშნებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მოტყუებით ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით სძალავენ ფულს.
შრომის ინსპექციის სამსახურში შესულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი, ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენის თაობაზე, რაც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას.
შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს’’ კონტროლისადმი დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს აღსრულებას.
ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე.
შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს მოსთხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა.
დღეს, 28 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ხელვაჩაურის საკრებულოს ახალარჩეულმა წევრმა მალხაზ თავდგირიძემ. ის ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაზა დიასამიძეს მეწარმეების მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს.
მალხაზ თავდგირიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ზაზა დიასამიძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წელს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტზე. ვახო კომახიძეს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ხელვაჩაურში საგამოძიებო სიუჟეტის მომზადების დროს სასტიკად სცემეს.
„ზაზა დიასამიძე – მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, მუნიციპალიტეტის მეწარმეებს ხვდება და გარკვეული ხმების სანაცვლოდ, მაგალითად, შარაბიძეებში თუ არის ვინმე მეწარმე, ეუბნება, „მომიტანე 200-300 ხმა, მე რომ მერი გავხდები,პირდაპირი წესით, ყოველგვარი კონკურსის გარეშე გადმოგცემ ისეთ ტენდერებს, რომელიც იქნება მომგებიანი თქვენთვის და დიდ ფულს იშოვით“. ამ საუბრებს არაერთხელ შესწრებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები. თან, ამ საუბრებში იკვეხნის, რომ თუ მერი გავხდები, დასაჭერთა სია მაქვს და ამ სიაში არის მალხაზ თავდგირიძეცო. ჩემზე საუბრობს. რა დავუშავე არ ვიცი“, – ამბობს მალხაზ თავდგირიძე „ბათუმელებთან“.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეხება დიასამიძესთან და რის გამო შეიძლება ემუქრებოდეს მას? – თავდგირიძე ამბობს, რომ ზაზა დიასამიძესთან საქმიანი გადაკვეთა არ ჰქონია. თუმცა დასძენს, რომ დიასამიძის მსგავსად წლების წინ ისიც პოლიციაში მუშაობდა და თადარიგის ოფიცერია.
„დიასამიძეც თადარიგის ოფიცერია უკვე. კოლეგიალურად და მეგობრულად მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა და შელაპარაკების დონეზეც არ გვქონია გადაკვეთა. შესაძლოა იმიტომ [მაკავებს], რომ მე ოპოზიციის საარჩევნო სიაში ვიყავი პირველი ნომერი და ასე შევედი საკრებულოში, მათთვის კი ყველა მიუღებელია, ვინც ოპოზიციაშია“, – ამბობს თავდგირიძე.
რაც შეეხება ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტს, მალხაზ თავდგირიძის თქმით, ის ყოფილი გამომძიებელია და აქვს ინფორმაცია, რომ კომახიძის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დიასამიძის წინააღმდეგაც იყო დაწყებული.
„ჩემს წარმოებაში მსგავსი საქმე არ ყოფილა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ აჭარის პროკურატურაში ამ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა. ასევე ისმის კითხვა, რატომ იყო გაქცეული რუსეთში და რატომ ემალებოდა მართლმსაჯულებას? რატომ არ ჩამოდიოდა საქართველოში, ვინ უკრძალავდა. ის სწორედ ამის გამო აფარებდა თავს რუსეთის ფედერაციას“, – ამბობს თავდგირიძე.
მისი თქმით, ზაზა დიასამიძე 2004 წელს, „აჭარის ვარდების რევოლუციიდან“ მალევე წავიდა რუსეთში, თავის ნათესავ ვაჟა თაბაქიძესთან ერთად და მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდნენ, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.
მალხაზ თავდგირიძის განცხადებებიდან გამომდინარე „ბათუმელები“ ზაზა დიასამიძესაც დაუკავშირდა. მერობის კანდიდატს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტთან და მართლა თუ იყო გამოძიება დაწყებული მის წინააღმდეგ.
„ვინ ვახო კომახიძე, რა კომახიძე? სად იყო ეს ბრიფინგი? 2004 წელს ხელვაჩაურში ჟურნალისტის ცემის ფაქტი? – რა სისულელეა. მასეთ სისულელეებზე შეიძლება განცხადება ვაკეთო? მაგენმა კარგად მოიკითხონ ყველაფერი“, – გვითხრა მოკლე სატელეფონო საუბარში ზაზა დიასამიძემ და დასძინა, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებოდა.
მოგვიანებით ზაზა დიასამიძის პრესცენტრმა განმარტა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
„ბათუმელები“ ვახტანგ კომახიძესაც დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ ფიგურირებდა გამოძიების საქმის მასალებში ზაზა დიასამიძე. კომახიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესში როცა იმყოფებოდა ხელვაჩაურის პოლიციაში, რამდენიმე პირი ამოიცნო, თუმცა ვინაობა არც მაშინ იცოდა.
„როგორც მახსოვს, ორი პირი ამოვიცანი, თუმცა მათი სახელები არ მახსოვს. ბრალდებულებზე შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეს გოგი კუპრეიშვილს, რადგან მასაც ედავებოდა გამოძიება ამ საქმეში“, – ამბობს ვახტანგ კომახიძე. მისი თქმით, აღნიშნული საქმე წინა ხელისუფლების დროს დაიხურა.
პროკურატურის ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, რომელმაც დედას ჭრილობები მიაყენა, დამნაშავედ ცნო.
„2021 წლის 29 იანვარს, სენაკში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა“ – წერს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვში, მოსკოვის რაიონსა და რუსეთის სხვა რეგიონებში, კოვიდის შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლების გამო დაიწყო ლოკდაუნი , ე.წ. არასამუშაო დღეები, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
იკეტება მაღაზიების ნაწილი, სავაჭრო ცენტრები და ფიტნესკლუბები, სკოლებში არდადეგები გამოცხადდა, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლიათ მუშაობა.
შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაქცინაციის პუნქტებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 28 დღის განმავლობაში რუსეთში კოვიდით 26 972 ადამიანი გარდაიცვალა და კოვიდის 843 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსეთი მსოფლიო კოვიდრუკაზე ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებით მესამე ადგილზეა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MAXIM SHIPENKOV
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3-8 გრადუსი
ღამით: 0-3 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 30-31 ოქტომბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა.
საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განისაზღვრა 150 000 ლარი, სადაც კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ და შუახევის მუნიციპალიტეტმა თანაბრად მიიღეს ფინანსური მონაწილეობა.
,,სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში დავაფინანსეთ. განათლების მხარდაჭერა, ისევე როგორც ადგილობრივი თემების გაძლიერება, რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებში წვლილის შეტანა, მომდევნო წლებშიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება.“ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის ხელმძღვანელმა ნინო დიასამიძემ.
,,ძალიან კარგი ტენდენცია დაიწყო კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის. ჩვენ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, გავაკეთეთ საბავშვო ბაღის პროექტი და თანადაფინანსებისთვის მივმართეთ კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას“, კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და თანაბარი ფინანსური მონაწილეობით განვახორციელეთ ჩანჩხალოს ბაღის მშენებლობა. სკოლანდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სკოლაში მიდის ბავშვი საბავშვო ბაღიდან, უფრო კომუნიკაბელურია, თამამია და ამავდროულად მისი თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე კერძო სექტორთან.“ – განაცხადა შუახევის მერის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ.
სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მენეჯერი როზა მახარაძე
,,ჩაჩხალოს საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით რაც ბაღის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. ყველა შესაძლებლობა აქვთ პატარებს, რომ ხატონ, ითამაშონ, გაერთონ, ამავდროულად გვაქვს მათ ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული ლიტერატურა. ჩვენს ბაღში 12 ადამიანი მუშაობს და მათ შორის არის ფსიქოლოგი. ვფიქრობთ, ყველა პირობას ვქმნით, რომ პატარები მოვამზადოთ სკოლისთვის.’’- ამბობს სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მენეჯერი როზა მახარაძე.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“, შუახევის მერიასთან თანამშრომლობით, მომავალ წელს საბავშო ბაღის გარე სივრცის მოწყობას დააფინანსებს.
28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4009 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 46 107 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 45 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარაში – 105, იმერეთში – 732, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 279, გურიაში – 113, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 296, კახეთში – 523, მცხეთა-მთიანეთში – 69, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.
27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.89%.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 49 468 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.