მთავარი,სიახლეები

„მე დავამარცხე სიმსივნე“ – ბათუმელი ქალის კიბოსთან ბრძოლის ისტორია 

29.10.2021 • 8200
„მე დავამარცხე სიმსივნე“ – ბათუმელი ქალის კიბოსთან ბრძოლის ისტორია 

ავტორი: ევა ართმელაძე 

45 წლის თამილა თურმანიძემ ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე, მეოთხე სტადია, სამი  წლის შემდეგ დაამარცხა. 

თამილა გვიყვება, რომ 3 წლის წინ, როცა ჩივილები დაეწყო, ექიმთან მისვლისგან თავს იკავებდა, რადგან შიშობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. 

„ძალიან ცუდად რომ ვიყავი და ვეღარ ვმუშაობდი, წავედი თბილისში, მეგობრების რჩევით. 

მანამდე ექიმთან არ მივდიოდი, არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ამ მძიმე დაავადებასთან მექნებოდა საქმე. ვიძახდი, ცუდი აურაა – მეთქი, თურმე რომელ აურაზეა ლაპარაკი, ჩემი საქმე ძალიან მძიმედ იყო. 

ჩემი დაავადება მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე იყო. თავიდან არ ვიცოდი, რომ  ავთვისებიანი იყო, არ ვიცოდი რომ  მეოთხე სტადია იყო“ – იხსენებს თამილა. 

თამილას თქმით, მკურნალობის საწყის ეტაპზე იყო საუბარი მკერდის მოკვეთის აუცილებლობაზე, თუმცა მკურნალობა, ექიმის რჩევით, ქიმიოთერაპიის კურსით დაიწყო. 

თამილას მეტასტაზები მრავალ ადგილას ჰქონდა, მათ შორის მენჯშიც. იხსენებს, რომ ბრძოლის ეს ეტაპი ყველაზე რთული იყო მისთვის. 

„ერთი კვირა ვიწექი ლოგინში, საჭმლის გამკეთებელი არავინ არ მყავდა, ყველაზე მძიმედ მახსენდება ეს წუთები. არ მინდოდა არავის შეწუხება, თორემ შემეძლო“ – ამბობს თამილა.  

თამილამ სიმსივნის დასამარცხებლად ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩაიტარა. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში სულ სჯეროდა, რომ დაავადების დამარცხებას შეძლებდა და ამ განწყობის შენარჩუნებაში ექიმი – ონკოლოგი, ნათია რატიანი დაეხმარა. 

„8 ქიმიის გავლით მე დავამარცხე სიმსივნე, მე ეს შევძელი და მე მჯერა, რომ ყველა შეძლებს“ – ამბობს თამილა. 

თამილა სამ თვეში ერთხელ მკურნალობის კურსს გადის. 20 ოქტომბერს მთელი სხეულის გამოკვლევა ჩაიტარა. ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთული იყო დალოდებოდა პასუხს, ეშინოდა სიმსივნის პროგრესირების.

ექიმის სატელეფონო ზარმა და პასუხმა თამილა ძალიან გაახარა – სიმსივნის პროგრესირება  არ შეინიშნება. 

თამილა თურმანიძე

თამილა ამბობს, რომ კიბოსთან ბრძოლისას ფინანსური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია:

 „ყველას არ აქვს საშუალება, რომ იმკურნალოს. ძალიან რთული ეტაპებიც მქონდა, იმიტომ, რომ ფინანსურად ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მკურნალობა, როცა ადამიანი რაღაც თანხას გჩუქნის, უხერხულობის მომენტიც გაქვს“.

თამილა აღნიშნავს მხარდაჭერას, რომელსაც გარშემომყოფებისგან გრძნობდა: „მეგობრები, თანამშრომლები, ყველა ფეხზე დადგა… ყველამ, ვინც კი გაიგო ჩემი მდგომარეობის შესახებ, დამეხმარა, უცხო იყო თუ ნაცნობი“.   

თამილა სილამაზის სალონში დიასახლისად და ბავშვთა საავადმყოფოს კაფეტერიაში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. ერთი პერიოდი, ჯანმრთელობის გამო, მუშაობას ვერ ახერხებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამომჯობინდა, სამსახურში დაბრუნება შესთავაზეს. თამილას ბევრი არ უფიქრია, სამსახურში დაბრუნდა და სილამაზის სალონში კვირაში 5 დღე, დილიდან საღამომდე მუშაობს.

მეტიც, ესეც არ იკმარა და მეორე სამსახურიც იპოვა – ბავშვთა საავადმყოფოს კაფეტერიაში, შაბათ-კვირას. 

თამილა ძმასთან ერთადაც ცხოვრობს. ამბობს, რომ სწორედ ოჯახის წევრის მიმართ დიდი სიყვარული იყო მისთვის სიცოცხლისთვის ბრძოლის სტიმული. 

„ვთქვი, რომ მე ვიცოცხლებ ჩემი ძმის ხათრით. მე თუ ცოცხალი ვარ, თუ კი კარგად ვარ და ფეხზე ვდგავარ, ჩემი ძმის დამსახურებაა, მან ჩემთვის ყველაფერი გააკეთა.  უკანასკნელი თეთრიც გაიღო, რომ მე ფეხზე დავმდგარიყავი“ – ამბობს თამილა. 

კითხვაზე, რა არის მთავარი, როცა ძუძუს კიბოს ებრძვი, თამილა ამბობს, რომ მისი აზრით, გადამწყვეტი ფსიქოლოგიური განწყობა, ოპტიმიზმი, ირგვლივ მყოფების თანადგომა და დროული დიაგნოსტიკაა:

რა თქმა უნდა,  ხასიათია მთავარი. სულ კარგ ხასიათზე ვიყავი. ქიმიას რომ ვიკეთებდი, ვიცინოდი, ვმხიარულობდი. რა მექნა?! 

და დავუჯეროთ ექიმს, გავიაროთ სკრინინგი, რომელიც ახლა უფასოა“.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: