მთავარი,სიახლეები

შემწირველები – არჩევნები 2021

29.10.2021 • 1083
შემწირველები – არჩევნები 2021

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს აქცენტებს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებშიც ვხვდებით, მმართველ პარტიასა და ბიზნესს შორის ორმხრივი სიმპათია ყველაზე კარგად მაინც არჩევნების წინ ჩანს ხოლმე.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის „ოცნების“ შემწირველების ჩამონათვალში, ყველაზე მაღალი თანხებით – 40 ათასი ლარი და ზემოთ, შენატანით ფიქსირდებიან ბიზნესმენები, რომლებიც სახელწიფოსგან იღებენ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს, აშენებენ კორპუსებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, სასტუმროებს, აპარტოტელებს და ამ ყველაფრისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობა მუდმივად სჭირდებათ.

მათ შორის არიან შპს „ალიანსისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეებიც. ისინი არჩევნების წინ, ახლაც და მაშინაც [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს], არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიას ეხმარებოდნენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ „ალიანსის“ ერთ-ერთ დირექტორად დანიშნეს, კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი თინა ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

ამ კომპანიის ფლირტზე მმართველ პარტიასთან და პირიქით, ბევრჯერ გამოვაქვეყნეთ. შემწირველთა სიაში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ „ალიანსის“ პარტნიორი, ბესიკ ჟღენტი დაფიქსირდა, მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ბესიკ ჟღენტი შპს „ალიანს ფრივილიჯის“ 16 პროცენტის მფლობელია, კომპანია ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს 54-სართულიან ცათამბჯენს აშენებს. ბესიკ ჟღენტი ფლობს ასევე შპს „ალიანსის“ 15 პროცენტს და „ალიანსი ქობულეთის“ 30 პროცენტს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ოცნებას“ 60 000 ლარი დავით ბალაძემაც შესწირა, ამდენივე შეიტანა მან მმართველი პარტიის ანგარიშზე 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

ბიზნესმენმა დავით ბაინდურაშვილმა „ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა, ის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მფლობელია, მათ შორის არის შპს „ბალავარი“, კომპანიას თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო პროექტი აქვს. კომპანია სახელწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს და სახელმწიფო უწყებებისგან მაღალბიუჯეტიან დაკვეთებსაც იღებს.

მეორე ტურში მხარდასაჭერად „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა  ჯეირან ომანაძემ, ეს მისი პირველი შენატანი არ არის, გასულ წელს მან პარტიას 50 000 ლარი შესწირა. ჯეირან ომონაძე შპს ჯ და ჯ – ს 50 პროცენტის მფლობელია. ეს კომპანია სახელწიფო ტენდერებში მონაწილეობს და ხშირად იგებს კიდეც. მისი ძირითადი დამკვეთები არიან საქართველოს გზების დეპარტამენტი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.  ომანაძე არის ასვე შპს როსტვერკის ასი პროცენტის მფლობელი, ამ კომპანიის ერთ-ერთი აქტიური დამკვეთია საქართველოს წყალმომარაგების კომპანია.

„ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა ასევე ბიზნესმენმა დავით გურიელმა. ისიც რამდენიმე კომპანიის დირექტორი და თანამესაკუთრეა. დავით გურიელი არის ასევე საქართველოს ტურიზმის სატრანსპორტო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

მმართველ პარტიას მეორე ტურისთვის ბათუმის საკრებულოს წევრებიც დაეხმარნენ. ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს 10-მა წევრმა „ოცნებიდან“, პარტიას ჯამში 60 000 ლარი შესწირეს.

მმართველ პარტიას მეორე ტურში, მთლიანობაში, 1 მილიონ 465 623 ლარი შესწირეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურისთვის 178 834 ლარი შესწირეს. მეორე ტურისთვის პარტიას 50 000 ლარი შესწირა დიმიტრი ჩიქოვანმა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში მან 57 000 ლარი გაიღო. აქედან 7 000 ლარი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ შესწირა. გასულ საპარლამეტო არჩევნებზე დიმიტრი ჩიქოვანს, პარტია ევროპული საქარეთველოს ანგარიშზე 60 000 ლარი შეიტანია.

პარტიას 25 000 ლარი შესწირა გიორგი გიგალაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარამდე შესწირა ასევე მამუკა მჭედლიძემ, ის შპს „სამშენებლო კომპანიას“ დამფუძნებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: