ბსუ-ს პროფესორები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საპროტესტო აქცია გამართეს და  განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებული არიან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობით, ასევე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. პროფესორები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დროულად გადაიყვანოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი მაღალტექნოლოგიურ, სამოქალაქო კლინიკაში.

„ამ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ეს ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, მათ შორის საქართველოს მთავრობამ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული. მათი რეკომენდაციაა, რომ გადაიყვანონ ის შესაბამის კლინიკაში. ამიტომ ჩვენც მოვითხოვთ იმავეს, გადაიყვანონ სააკაშვილი დაუყოვნებლივ“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

ბსუ-ს პროფესორები  სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ამავე უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი კახა სურგულაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ქმედებებით ხელისუფლება ემსგავსება პუტინისა და ლუკაშენკოს მთავრობას.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს საქართველოში გამოცხადებული სიკვდილის პროპაგანდა. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპა, მაშინ სხვა გზით უნდა წავიდეთ და არა პუტინის რუსეთის და ლუკაშენკოს ბელორუსიის გზით. ჩვენ ამ ქმედებით, რასაც ახლა ვაკეთებთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ევროპას უარს ვეუბნებით. მე არ მინდა ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი ან ბელორუსი“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მახარაძეც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს დაცული.

„აქ არ არის მხოლოდ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი, ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სააკაშვილის საკითხმა კიდევ უფრო მეტად გამოააშკარავა ეს. სამი დღის წინ 75 წლის გავხდი და მსგავსი რამ არც ფაშისტების დროს წამიკითხავს. მთელი ერი უნდა ადგეს ფეხზე და მოითხოვოს სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – ამბობს ის.

ბსუ-ს პროფესორები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ოთარ ცეცხლაძის თქმით, სოციალურ ქსელში შექმნილია პეტიციის ტექსტი და ვისაც სურს, რომ დაცული იყოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და გადაიყვანონ ის შესაბამის კლინიკაში, შეუძლია ელექტრონულად მოაწეროს ხელი.

მათივე თქმით, პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტში დასაქმებულ პირებს, ასევე სტუდენტებსაც – ელექტრონულად და ასევე ბეჭდური სახით.

„როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, როდესაც შეიქმნა კონსილიუმი და თითქმის ყველა ამბობს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ არის არც სამედიცინო პერსონალის კვალიფიციური გუნდი, არც ლაბორატორიული კვლევის საშუალებები, სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია“, – ამბობს ოთარ ცეცხლაძე.

ბსუს პროფესორები სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ ბათუმელები

ოთარ ცეცხლაძის თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, შესაძლოა მივიღოთ ფატალური შედეგი და არავინ იცის ქვეყანა კიდევ რა გამოწვევის წინაშე დადგება: „ის დაპირისპირება, რაც არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, პიროვნებებსა და საზოგადოებას შორის, კიდევ უფრო გამწვავდება და შესაძლოა ქვეყანა მიიყვანოს სრულ კოლაფსამდე“.

____

ამავე თემაზე:

ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

პენსიონერი, რომელმაც შვილის წამლებისთვის სესხი აიღო – „ლოგინად ჩავარდა, უნდა მოვარჩინო“

„სესხი შვილის წამლებისთვის გამოვიტანე, აღარ იყო მეტი საშველი,“ – ამბობს ოზურგეთში, სოფელ შრომაში მცხოვრები ციალა ჩხაიძე. ის 70 წლისაა და შვილს უვლის, რომელსაც გადაადგილება უჭირს.

დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობას და არსებობის ერთადერთი წყარო მხოლოდ პენსიაა, საიდანაც 65 ლარი ყოველთვიურად სესხის დასაფარი თანხაა.

„გვიან აღმოუჩინეს შაქარი, ვერ მიხვდნენ ექიმები და ორი თითი მოკვეთეს ფეხზე,“ – გვიყვება პენსიონერი შვილზე. – „მაისში ინსულტიც მიიღო და მთლად წაიქცა, აღარ შეუძლია გადაადგილება, მოძრაობა… 10 დღის წამალში 150 ლარია საჭირო, რით მეყიდა? სესხი ავიღე და ვიყიდე წამლები, ახლა ვეღარ ვყიდულობ, მარტო წნევის წამლებს ვყიდულობ, რომ ისევ არ მიიღოს ინსულტი…

პენსია დაუნიშნეს ჩემს შვილსაც: პირველი ჯგუფია, 49 წლისაა, ჯერ არ აუღია პენსია, ველოდებით.

ნევროპათოლოგი სჭირდება, მასაჟისტი აუცილებელიაო, ექიმმა გვითხრა, მაგრამ რანაირად?“ – კითხულობს ციალა ჩხაიძე.

  • პენსიონერმა სესხის ხელშეკრულებაც გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც მან მხოლოდ პროცენტში 2669 ლარი უნდა გადაიხადოს. მას  2020 წელს აუღია სესხი – 1980 ლარი. პენსიონერი სესხის გადახდას 2026 წელს დაასრულებს.

„ხან 300 ლარი გამოვიტანე, ხან – 400. როცა მჭირდებოდა, რა მექნა? მერე გამიერთიანეს და ეს გამოვიდა ჯამში. მხოლოდ შაქრის წამალს გვაძლევს მთავრობა უფასოდ, მეტს არაფერს.

მეც იცით, რამდენი წამალი მჭირდება? სახსრები მტკივა, სიარული მიჭირს, მაგრამ ჩემს თავს ვინღა დარდობს. ჩემი შვილი ლოგინად ჩავარდნილია და უნდა მოვარჩინო,“  – ამბობს ციალა ჩხაიძე.

ციალა ჩხაიძეს სოფელ შრომაში კერძო სახლი აქვს. მისი თქმით, სახლი ურემონტოა და არ აქვს სველი წერტილებიც კი. დედა-შვილს აქვს მანდარინის ბაღი.

„ალბათ ამის გამოა, რომ დახმარებაც არ მომიწია. მეუღლე სამი წლის წინ დამეღუპა, სხვა არავინ მყავს, ძალიან გვიჭირს,“ – გვითხრა ციალა ჩხაიძემ.

ციალა ჩხაიძეს „ლიბერთი ბანკმა“ სესხი 35 პროცენტად მისცა.

პენსიონერების ძვირადღირებული სესხის პრობლემაზე „ოცნების“ ხელისუფლებამ დაპირება რამდენჯერმე გასცა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ამ დრომდე კონკრეტული გადაწყვეტილება არც პარლამენტში ამ საკითხის გამო შექმნილ სამუშაო ჯგუფს მიუღია.

„ბათუმელები“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცდილობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს ჰკითხოს, ხომ არ იგეგმება საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა რამდენიმე დეპუტატმა შემოგვითვალა, რომ საკითხს არ იცნობენ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

დედა-შვილი ციალა და გრიგოლ ჩხაიძეები

ამ თემაზე:

პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

გარდაიცვალა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ახალი საკრებულოს წევრს ენმ-დან, რეზო ხარაზს, რომელმაც თავისი კოლეგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, საკრებულოს ახალი წევრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო.

ნუგზარ ფუტკარაძე ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 წევრი დარჩა საკრებულოში, „ლელოს“ – 1 წევრი, გახარიას პარტიას – 2 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი [გახარიას პარტიის მესამე წევრმა ირაკლი თავდგირიძემ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია].

„ქართული ოცნება“ კი 16 წევრით არის წარმოდგენილი საკრებულოში.

შესაბამისად, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ადგილები ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ასე გადანაწილდება:

  • მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ – 16 წევრი
  • ოპოზიცია – 17 წევრი
  • დამოუკიდებელი დეპუტატი – 1 წევრი

ახალი საკრებულოს შეკრების თარიღი ცესკოს ჯერ არ გამოუცხადებია.

საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს ახალ წევრს მომავალი წლის მაისში აირჩევენ შუალედური არჩევნების გზით. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, „თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში.“

__________________

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

 

აჭარაში ტურიზმის მდგრადი განვითარების გაზომვის ევროპული მოდელი ინერგება

გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება, მათზე დაყრდნობით საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ. აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის  წარმომადგენლები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას უშლის ხელს, ეს კი ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია. ინდუსტრია 4.0-ის ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია შევაგროვოთ და ანალიზი გავუკეთოთ დიდი მონაცემებს, რისი გამოყენება ტურიზმის სფეროს უფრო სიღრმისეული სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული მიდგომა დაგვეხმარება შევიმუშავოთ უფრო მეტად მდგრადი სტარატეგიები თუ ბიზნეს მოდელები, რაც ერთის მხვრივ თანამედროვე ტურიზმით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან უკეთესად გამკლავების, მეორეს მხრივ ხშირი მოგზაურების და ახალი ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

შავი ზღვის აუზში ტურიზმის სექტორი სტაბილური ტემპით ვითარდება. რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს ტურისტებს შესთავაზოს უფრო მდგრადი, ინოვაციური და დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი. სწორედ ამიტომ, ევრო კომისიამ, აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში, თანადააფინანსა შავი ზღვის 3 ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა და რუმინეთი, ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟი. უფრო კონკრეტულად, პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის – მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი  განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცამების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან – 2021 წლის ნოემბრამდე.

პროექტის მთავარი სიახლე რამოდენიმე ფაქტორისგან შედგება: იგი ტურიზმს გავლენას აფასებს როგორც ეკონომიკური ინდიკატორებით, ასევე სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვით თუ ურბანულ ფაქტორები. ქართულ რეალობაში დამკვიდრდა ტურიზმის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით გაზომვა, შედეგად, გვერდით გვრჩება ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხი, რაც გულისხმობს ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორის გაანალიზებით დადგინდეს ტურიზმის დადებითი თუ უარყოფითი გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე. ეს კი, თავის თავში, მოიცავს დიდი მოცულობის მონაცემების გადამუშავებას, რასაც სჭირდება ტექნოლოგიების ჩართულობა, რადგანაც ტრადიციული ხერხები აქ ნაკლებად გვადგება. შესაბამისად TIM მოდელი ეყრდნობა მრავალი იდიკატორის გაზომვას დიდი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენებით.

ზემოაღნიშნული შედეგების ფართო პრეზენტაცია მოხდება მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ქალაქ ლუბლიანაში (სლოვენია), მაღალი რანგის ფორუმზე „ტურიზმი,დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“, რომელსაც დაესწრება ევრო კომისიის, საქართველოს, რუმინეთის და უკრაინის შესაბამისი ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან და აკადემიური სფეროდან.

ღონისძიებაზე დისტანციურად დასწრება შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციით.

აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020), ესპანეთში.

პროექტი თანადაფანინანსებულია ევრო-კომისიის მიერ,მისი ოფიციალური პარტნიორი გახლავთ აჭარის ა.რ. ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო, ხოლო განმხორციელებელია „ტურიზმის ინსტიტუტი“

77 გარდაცვლილი და კოვიდის 4446 ახალი შემთხვევა – 18 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4446 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77ადამიანი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, 18 ნოემბერს კოვიდკლინიკებში მკურნალობს 6505 ადამიანი. ხელოვნურ სუნთქვაზეა 383 პაციენტი.

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 190 შემთხვევა.

სარფის საბაჟოზე 565 000 ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის გამო პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი.

„ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება“, – ამბობს საგამოძიებო სამსახური.

ამავე წყაროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

როგორ ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი და რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას | ექიმის რჩევები

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან როცა ორგანიზმი ეფექტურად ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს.

სტატისტიკის თანახმად, დიაბეტით დაავადებულთა 80% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 85 000 ადამიანია დიაბეტით დაავადებული.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დიაბეტის ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

  • ბატონო გიზო, რა არის დიაბეტი?

დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით, ანუ ჰიპერგლიკემიით. განასხვავებენ ორი ტიპის დიაბეტს, ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ორივე შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე არის მომატებული.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც უფრო ხშირია მოსახლეობაში და რომელიც ხასიათდება ჰიპერგლიკემიით. ამ დროს პანკრეასში ვერ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით ინსულინი, ან წარმოიქმნება ნორმაზე მეტი, მაგრამ ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია, არ ხდება მისი ათვისება და განვითარებულია ინსულინრეზისტენტობა, ანუ ინსულინის გამოყენება ვერ ხერხდება სათანადოდ.

ინსულინი ეს არის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს სისხლიდან გლუკოზის გადატანას უჯრედში, რომ ის დაინახოს უჯრედმა და გამოიყენოს, როგორც ენერგიის წყარო.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ავტოიმუნური დაავადებაა. ეს არის ინსულინდამოკიდებული ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც პანკრეასი ავტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს.

თუ ინსულინი არ წარმოიქმნა, ესე იგი მისი დეფიციტი გვაქვს, შესაბამისად ეს პროცესი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას. ამ დროს მკურნალობა მიმდინარეობს ინსულინთერაპიით, ანუ დეფიციტის გამო საჭირო ხდება ინსულინის შევსება ხელოვნურად. ტიპი 2 უფრო ხშირად 30 წლის შემდეგ ვლინდება, ტიპი 1 უფრო მცირე – სკოლამდელ ან სკოლის ასაკში.

  • რა იწვევს დიაბეტს?

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის ლიპიდური სპექტრის დარღვევა ორგანიზმში, მეტაბოლური დარღვევები ანუ სიმსუქნე, ჭარბი წონა, არაჯანსაღი კვება.

ეს მოიცავს ტკბილეულის; ფერადი, გაზიანი სასმელების; ჩიფსების, შემწვარი კარტოფილის; ფენოვანი თუ სხვა ხაჭაპურის და ზოგადად, სწრაფი კვების ობიექტების მშრალი საკვების მოხმარებას.

ადამიანმა უნდა მიიღოს სადილად წვნიანი საკვები, რაციონში უნდა იყოს ხილი და ბოსტნეულიც. ასევე, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, არ შეიძლება მთელი დღე ჯდომა თუნდაც სამსახურში, მით უმეტეს ასეთი კვებით. ეს ყველაფერი ერთად ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.

ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა, სხვადასხვა ვირუსული წარმომავლობის დაავადებები, რაც იწვევს ბეტა უჯრედების დაზიანებას. მაგალითად, ვირუსული ინფექციისას შეიძლება უცხო ანტიგენი მოხდეს ჩვენს ორგანიზმში, ამის საპასუხოდ ჩვენი იმუნური სისტემა აქტიურდება, გამოყოფს ანტისხეულებს, რომ ეს უცხო ანტიგენი მოიშოროს, შესაბამისად ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და იმ ანტიგენების მოშორების პროცესში ის აზიანებს საკუთარ ბეტა უჯრედებსაც, რის შემდეგაც ინსულინის გამოყოფა ვეღარ ხდება, სწორედ ამ დროს ვითარდება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი.

თუ ადამიანს გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, ანუ დედას, მამას თუ ბიძას აქვს დიაბეტი, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეცადოს, წონაში არ მოიმატოს (განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ), მოერიდოს ალკოჰოლს, თამბაქოსა და სწრაფ კვებას. იყოს ფიზიკურად აქტიური.

  • რა სიმპტომებით ამოიცნობა ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი?

ძირითადი სიმპტომებია:

[checklist]

  • პირის სიმშრალე;
  • მწარე გემოს შეგრძნება;
  • წყურვილი;
  • წონაში კლება;
  • ხშირი შარდვა – ამ დროს შეიძლება დაემართოს საშარდე გზების ინფექცია, აღენიშნებოდეს წვა და ტკივილი მოშარდვისას ან ქავილი;
  • ახასიათებს ღამით შარდვა;
  • ბოლო პერიოდში შეიძლება დააკლდეს მხედველობა;
  • შეიძლება დაიწყოს თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
  • უძილობა;
  • ადინამიურობა, ანუ ადამიანი არის სულ დაღლილი;
  • შეიძლება იყოს აცეტონის მსგავსი სუნი პირის ღრუში.

[/checklist]

თუ რამდენიმე თვე მაღალი აქვს შაქრის დონე ადამიანს და მან ამის შესახებ არ იცის, შეიძლება დაეწყოს ქვედა კიდურებში ტკივილის შეგრძნება, ფეხების დაჭიმვა, დაბუჟება, ტერფების გაყინვის ან სიმხურვალის შეგრძნება, აქვს ასევე შეგრძნება თითქოს რაღაც ერჭობა ფეხის გულში (ეს უკვე დიაბეტური ნეიროპათიაა).

ასეთი ნიშნების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები.

  • რა გართულებები მოჰყვება დიაბეტს?

ზოგადად დიაბეტის დროს ორგანოები ზიანდება შეუქცევადად, ძირითადად ზიანდება სისხლძარღვები, იწვევს მიკრო და მაკროანგიოპათიას. ამ დროს ზიანდება თირკმელი, თვალი, პერიფერიული ნერვული სისტემა, სისხლძარღვები, შესაბამისად გვაქვს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა: დიაბეტური რეტინოპათია (თვალის ბადურას დაავადებები), ნეფროპათია (თირკმლის დაავადებები), ანგიოპათია (სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები), კარდიოვასკულარული დაავადებები, რასაც მოჰყვება შემდგომში ინფარქტი, ინსულტი, რაც მძიმე გამოსავალია შაქრიანი დიაბეტის დროს.

  • როგორ მკურნალობენ დიაბეტს?

ტიპი 1 დიაბეტის დროს ინსულინი დეფიციტშია, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი მკურნალობის არის ინსულინოთერაპია, რა დროსაც ხელოვნურად შეგვყავს ინსულინი ორგანიზმში, რათა მოვახდინოთ ჰიპერგლიკემიის კომპენსირება.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინი არსებობს ორგანიზმში, ამიტომ ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დოზის ჰიპოგლიკემიური პრეპარატები – როგორც ტაბლეტირებული, ისე ინექციების სახითაც. შესაძლოა, ავადობის პერიოდში, არ იყოს პაციენტისთვის საკმარისი მხოლოდ ჰიპოგლიკემიური პრეპარატები და გლუკოზის დასტაბილურების ანუ ნორმასთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით, დასჭირდეს გადაყვანა ინსულინოთერაპიაზე.

ცხადია, მნიშვნელოვანია ასაკი და სხვა მიმდინარე დაავადებები.

ორივე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე და ასევე მნიშვნელოვანია პაციენტმა „იმეგობროს“ როგორც ენდოკრინოლოგთან, ისე კარდიოლოგთან, ნეფროლოგთან და ოფთალმოლოგთან. საჭიროა პერიოდული კვლევები.

  • დიაბეტის დროს როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი?

მკურნალობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა. თუ პაციენტმა დიეტა არ დაიცვა, მხოლოდ მკურნალობას სათანადო ეფექტი ვერ ექნება.

დიაბეტის დროს უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლების, ცხიმებისა და მაღალკალორიული პროდუქტების მიღება, რადგან ცხიმი და ნახშირწყალი საბოლოო ჯამში მაინც გარდაიქმნება გლუკოზად.

ადამიანს შეუძლია მიირთვას: წიწიბურა, შვრია, უცხიმო რძის პროდუქტები (ხაჭო, მაწონი, ყველი), წვნიანები. არა ცხარე ბოსტნეული – კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ქინძი, ოხრახუში. საჭმელში გემოვნებით შესაძლებელია ნივრისა თუ პრასის გამოყენება, ცოცხლად არ უნდა მიიღოთ.

შეზღუდულად შეიძლება სტაფილოსა და ჭარხლის მოხმარება. შაქრის მაღალი შემცველობის გამო, მათი ცოცხლად მიღება არ არის რეკომენდებული.

დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული ტკბილეულის მიღება, კერძოდ: ფერადი გაზიანი სასმელები, მურაბა, ჯემი, ნამცხვარი, ტორტი.

როცა შაქრის დონე მკურნალობის ფონზე დაბლა იწევს, ადამიანს სურვილი უჩნდება რომ ტკბილეული მიიღოს. დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის არსებობს სპეციალური „ტკბილეული“ შაქრის შემცვლელი დამატკბობლებით.

შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, მაგრამ ისეთი, რომელიც შედარებით მჟავეა, მაგალითად, ციტრუსი (მანდარინი – თუ ტკბილი არ არის); ვაშლი შეიძლება, მაგრამ არა მთლიანი და ისიც უნდა შეარჩიოს სახეობის მიხედვით – არა ტკბილი.

პაციენტს შეუძლია მიირთვას ცოტა რაოდენობით კენკროვნები.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ყურძენს, ხურმას, მსხალსა და ლეღვს – ეს ხილი ძალიან ტკბილია და რეკომენდაციას ვაძლევ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მათი მიღებისგან. მაქსიმუმ მიიღოთ იმდენი, რომ უბრალოდ სურვილი მოიკლან.

ზოგადად, დიაბეტის მქონე ადამიანებმა უნდა იკვებონ პატარა ულუფებით და ხშირ-ხშირად.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან

დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმში სამ მისამართზე განიხილეს ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი.

მერიას ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას კანონი ავალდებულებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ინასარიძის №29-ში დაესწრო, საზღვაო სასწავლებლის, „ანრის“ საკონფერენციო დარბაზში.

საბავშვო ბაღების აშენება და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმება – ეს ის ორი თემაა, რაზეც ბიუჯეტის განხილვის დროს ინასარიძისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ისაუბრეს.

მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდნენ, ინასარიძეზე და სხვაგანაც უმეტესად ამხანაგობების თავმჯდომარეები არიან. ძირითადად ისინი ავსებენ დარბაზს და საუბრობენ ხალხის სახელით.

ამხანაგობების თავმჯდომარეები ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობებით გამოირჩევიან და რამდენიმე მათგანი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ კოორდინატორადაც მუშაობს არჩევნებზე. ასე იყო ბოლო არჩევნებზეც.

„არ ვიცი, სად არის განხილვა, რის განხილვაა? შეგვიშვებენ?“, – გვითხრეს ინასარიძის №29-ის მიმდებარედ ადამიანებმა, რომლებიც იქვე ცხოვრობენ და ბიუჯეტის საჯაროდ განხილვის შესახებ ინფორმაცია არც კი აქვთ. რადგან არ მიიწვიეს, მათ შენობაში შესვლაც აღარ ისურვეს.

„არჩევნებამდე ხომ გვნახულობენ?“ – გვითხრა ერთმა მოქალაქემ საბიუჯეტო განხილვის დაწყებამდე.

„მე-6 სართულზე უნდა იყვნენ, თუ მეხუთეზეა, აღარ მახსოვს,“ – მეუბნება საზღვაო სასწავლებლის დაცვის თანამშრომელი, შესასვლელში რომ დგას და ხელით მანიშნებს კიბის უჯრედისკენ.

საკონფერენციო ოთახში სიმშვიდეა. მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი, გიორგი სურმანიძე, 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს აცხადებს. ის მაგიდის თავშია. გრძელი მაგიდის გარშემო ყველა ადგილი დაკავებულია. ამხანაგობის თავმჯდომარეები ხალხის სახელით დიდ ეკრანზე აკვირდებიან რიცხვებს და მშვიდად ისმენენ იმავე რიცხვებს, რასაც მერიის წარმომადგენელი დაუზარებლად აცხადებს.

ბიუჯეტის განხილვა

„…ხალხი ითხოვს სახლების შემოწმებას, ყველა ითხოვს,“ – ამბობს ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე იზო ხალვაში, როცა ბიუჯეტის პრეზენტაცია სრულდება. სხვა თავმჯდომარეებიც სხვადასხვა მოძრაობით ეთანხმებიან მოსაზრებას ავარიულ სახლებზე.

„თავის დროზე, სამართლიანი დამოკიდებულება რომ ყოფილიყო, ალბათ ეს შემთხვევაც არ მოხდებოდა,“ – არ აკონკრეტებს, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსში სადარბაზოს ჩამოქცევას იხსენებს, ნანგრევებში მოყოლილ და დაღუპულ ადამიანებს, ბავშვებს.

იზო ხალვაში ითხოვს ამხანაგობის თავმჯდომარეების ინფორმირებას და პასუხისმგებლობაში გარკვევას.

„ტელევიზიით ვნახე 100-პროცენტიანი ხელმოწერა იყოო და ნოტარიულად დამოწმებულიო… სინამდვილეში ვიცით, როგორ შაბლონურად კეთდება ეს ოქმები, თითქოს თანხმობა არსებობს,“ – ამბობს იზო ხალვაში.

„გაყალბებას გულისხმობთ?“ – ჩუმად კითხულობს მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აკაკი ბერიძე.

„ვითხოვ, რომ გაძლიერდეს ამხანაგობების ინსტიტუტი… ამხანაგობის თავმჯდომარეებს აჯობებს ჰკითხოთ, რა ხდება, რადგან ძალიან ბევრგან არის გამოღებული საყრდენი კედელი, მარკეტებია მოწყობილი და ასე შემდეგ,“ – განმარტავს ამხანაგობის თავმჯდომარე და აქცენტი ხელმოწერების გაყალბებიდან უკვე ქალაქის საცობის პრობლემაზე გადააქვს.

„იგეგმება საპარკინგე ადგილების მოწყობა? ძალიან ხშირად გავლა ჭირს, ასევე დილით და საღამოს ისეთი საცობებია ქობულეთის მიმართულებით…,“ – მიმართა მერიის წარმომადგენლებს ისევ ლია ხალვაშმა.

კითხვის პასუხად მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ აკაკი ბერიძემ თქვა, რომ რამდენიმე ქუჩაზე ქალაქის ცენტრში ქვაფენილის აყრა და ასფალტ-ბეტონის მოწყობა იგეგმება.

„საპარკინგე სივრცე გაიზრდება… გარდა ამისა, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგალითად, გადაკეტილი იყო ბაგრატიონის ქუჩა, ესეც ქმნიდა საცობებს,“ – აღნიშნა აკაკი ბერიძემ.

„ავარიული სახლები როგორ შემოწმდება? ჩემი კორპუსი 40 წლის წინ არის აშენებული,“ – საუბარში ერთვება ამხანაგობის თავმჯდომარე დარეჯან მამულაძე. მერიის წარმომადგენლები მას და სხვებსაც პასუხობენ, რომ მომავალი წლიდან უკვე 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არსებული სახლებისთვის. ხოლო მომდევნო 4 წელში ავარიული სახლებისთვის 80 მილიონის დახარჯვაა დაგეგმილი.

მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აკაკი ბერიძე ამხანაგობების თავმჯდომარეებს ეუბნება იმასაც, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ მიმართონ ექსპერტიზას და საცხოვრებელი კორპუსების ტექნიკური შემოწმება მოითხოვონ.

„როგორც ვიცი, დაახლოებით 2 ათასი ლარი ჯდება ტექნიკური შემოწმება,“ – გვპასუხობს აკაკი ბერიძე, რომელსაც იქვე ვკითხეთ, თუ იცის, რა ჯდება ექსპერტიზის ჩატარება ამ მიმართულებით და ვინმემ შეუკვეთა თუ არა ეს დამოუკიდებლად?

„ბათუმელებს“ ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს, რომ 500 კუბურ მეტრამდე ნაგებობის ტექნიკური შემოწმება 500-მდე ლარი ღირს. აქ ნახავთ, დაახლოებით რა დაგიჯდებათ საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება.

ამხანაგობის თავმჯდომარეები უარყოფის ნიშნად ხელს იქნევენ და მოკლედ დასძენენ, რომ დამოუკიდებლად ექსპერტიზისთვის არ მიუმართავთ.

„კერძო სახლებზე თუ ვრცელდება ეს შემოწმება? ბევრი კერძო სახლია,“ – სახლების ტექნიკურ შემოწმების პრობლემას ხედავს ლევან ბერიძეც, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. მან ასევე ისურვა, რომ ნარკომომხმარებლების სარეაბილიტაციო პროგრამაზე გააკეთოს აქცენტი მერიამ.

„კარგია სამი ბაღი რომ შენდება, მაგრამ ეს არაა საკმარისი,“ – საბავშვო ბაღების საკითხის გააქტიურება სცადა ამხანაგობის კიდევ ერთმა თავმჯდომარე ომარ ბოლქვაძემ.

„ჩემს სახლს უკან ბაღია და ვერ მიმყავს ბავშვი… დამატება გვინდა ხალხო, უბანი გაიზარდა, ხომ ხედავთ რამხელა მშენებლობებია,“ – ფანჯრებისკენ ითხოვა ყურადღება ამხანაგობის თავმჯდომარემ.

„ელექტრონული სისტემაა, ბევრი მიწერილია…“, – განმარტება სცადა მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, სოფიო მიქელაძემ. სხვებმა დაამატეს, რომ ზოგი ხელვაჩაურიდანაც დადის, სხვა ადგილებიდან და ამიტომ აღარაა ადგილი.

„ხო მაგრამ ისიც ბავშვია ხომ? ყველა ბავშვი კარგია, ყველა ბავშვი ლამაზია,“ – გაცხარდა ომარ ბოლქვაძე და დარბაზიდან გასვლა დააპირა.

მერიის წარმომადგენლებმა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ამ მიმართულებით კონკრეტული ვერაფერი უთხრეს, გარდა ამისა, რომ გაისად დამატებით 3 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.

„ისედაც იცით, რა მდგომარეობაა,“ – შეხვედრის დასრულების შემდეგ ამხანაგობების თავმჯდომარეებმა კომენტარისგან თავის შეკავება არჩიეს, თუმცა რამდენიმეს ჰქონდა სათქმელი.

„მე მინდა გაშუქდეს ბაღების პრობლემა. ჩემს ბინაში, მაგალითად, ახლაც შეგიძლიათ მოიკითხოთ სამი შვილის დედა. ახლა შეეძინა მესამე შვილი და გუშინ დამირეკა, იქნებ სადმე დამატოვებინო უფროსებიო… სად წაიყვანოს? მუშაობს. ბევრია ასეთ დღეში,“ – გვითხრა დარეჯან მამულაძემ.

ამხანაგობების თავმჯდომარეების თქმით, ისინი ბიუჯეტის განხილვას რომ უნდა დასწრებოდნენ, მერიიდან გააფრთხილეს.

რატომ არ მიიწვიეს სხვა მოქალაქეები საბიუჯეტო განხილვაზე როგორც მერიამ, ასევე ამხანაგობების ხელმძღვანელებმა?

„შეეძლო ყველას მოსულიყო, მაგრამ ამხანაგობის კრებაზე აღარ ჩამოდის ხალხი, დაიღალა ყველაფრისგან ხალხი, პანდემიის გამო ვიწრო წრეში ჩატარდა,“ –  გვიყვება ირინე გოჩოლეიშვილი უკვე დაცარიელებულ საკონფერენციო დარბაზში, სადაც მერიის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი ასწორებს დაცარიელებულ სკამებს მაგიდის გარშემო.

„ჩემი სახლიც ავარიულია, ხელოვანების სახლია, მაგრამ ხომ ხედავთ მხატვრები ვეღარ ხატავენ, მომღერლები აღარ მღერიან… წლინახევრის წინ აივანი ჩავარდა, სინკარებითაა ნაშენები ჩვენი სახლი. შეგვეშინდა და შემოწმება ვითხოვეთ. გვითხრეს, დაგაფინანსებთო, ველით ტენდერს და აღდგენას,“ – ამბობს ის.

„ოთხი მოქალაქეც იყო, მხოლოდ ამხანაგობების თავმჯდომარეები არ ყოფილან,“ – გვეუბნება ქალი რწმუნებულის აპარატიდან, ვიდრე საკონფერენციო დარბაზის კარს გამოკეტავს.

მოქალაქეებს კითხვები არ დაუსვამთ.

ბათუმის საკრებულოს ჯერ ბიუჯეტის განხილვა არ დაუწყია, თუმცა არაა გამორიცხული, ბიუჯეტი უკვე გადარჩეულმა საკრებულომ დაამტკიცოს. მაგალითად, ზუგდიდში, სადაც ბათუმის მსგავსად, საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციაა, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი დაიწყო.

უმუშევრობის დონე საქართველოში 22,1 პროცენტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტლისთვის უმუშევრობის დონემ 22, 1 პროცენტამდე აიწია. იმავე წყარო ცნობით, 2020 წელს უმუშევრობის დონე 18,5 პროცენტი იყო, 2017 წელს კი – 17,6 %.

საქსტატისვე მონაცემებით, სამუშაო ძალის მაჩვენებლები სქესის მიხედვით ასე ნაწილდება:  ქალების უმუშევრობის დონე არის 18, 9%, მამაკაცების უმუშევრობის დონის პროცენტული რაოდენობა კი 24,5-ია.

უმუშევარი ქალების რიცხვი 2021 წლის მეორე კვარტლისთვის საქართველოში 124 200-ია, უმუშევარი მამაკაცების რაოდენობა კი 220 400-ია. ამ მონაცემების თანახმად ქვეყანაში 344 600 უმუშევარია.

საინტერესო მონაცემია დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით:

ბოლო მონაცემებით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 246,300 ადამიანია დასაქმებულია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში;

დასაქმების მომდევნო ყველაზე დიდი სფეროა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, სადაც 188 000 ადამიანია დასაქმებული.

დასაქმების მესამე ყველაზე დიდი მიმართულება განათლებაა – ამ სფეროში 145 800 ადამიანი მუშაობს.

ბავშვებს აღელვებთ, როგორ იკლო შემოსავლებმა მათ ოჯახებში – პედაგოგი მოსწავლეებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე და როგორ რეაგირებენ მოზარდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე. ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიაში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ესაუბრა. ეკა წულუკიძე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრიცაა.

  • ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ პანდემიის გავლენებზე, როგორ აისახა თქვენს სოფელზე და სკოლაზე?

ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლა ვართ, 25 მოსწავლე გვყავს. თუმცა პანდემია ისევე აისახა ჩვენზეც, როგორც ბევრ სკოლაზე. როცა პირველად ჩაიკეტა ყველაფერი და ონლაინზე გადავედით, რთული იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის – არ გვქონდა ონლაინ მუშაობის გამოცდილება.

არ გვქონდა ინტერნეტი, ყველა ბავშვს არ მიუწვდებოდა ხელი ტექნიკაზე და ძალიან რთულ სიტუაციაში მოგვიწია მუშაობა. ხელით ვწერდი დავალებებს და ისე ვუგზავნიდი მოსწავლეებს. ჩაკეტილობამ, რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებში ჩააყენა მოსწავლეები, რადგან ვიღაც ახერხებდა ონლაინზე შემოსვლას, ვიღაც ვერა. ამ ჩაკეტილობის შემდეგ ვერ მოვახერხეთ რემედიაცია, რადგან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.

  • მაგალითად, რა ფაქტორები იყო?

თუნდაც ის, რომ შემცირებული იყო გაკვეთილების ხანგრძლივობა, ამას დაემატა დასვენებებიც და ასე შემდეგ.

როცა იმ წლის სასკოლო პროგრამაც გასავლელი გაქვს, უკვე გავლილის ხელმეორედ გავლისთვის დრო ნაკლებად გრჩება. რა თქმა უნდა, გვქონდა მცდელობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრა.

ამასთან, რაღაც არასტაბილურობის განცდაც აქვთ ბავშვებს წელსაც. შარშან ჩვენს სოფელში არ იყო ვირუსი, მაგრამ წელს ორჯერ მოგვიწია ჩაკეტვა. ახლახან ვიყავით ონლაინსწავლებაზე და მუდმივად გვეშინია, რომ შეიძლება ისევ მოგვიწიოს დისტანციურზე გადასვლა. მუდმივად ვჩქარობთ, რომ მოვასწროთ პროგრამის გავლა. ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვებზე.

წელს შევამჩნიე ის, რომ ბავშვები უფრო მოდუნდნენ. ქალაქისგან განსხვავებით სოფლის ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემა ნაკლებად აქვთ, მაგრამ ზოგადად, მაინც მოდუნებული არიან.

  • წელს პანდემიას და მისგან წარმოშობილ პრობლემებს პოლიტიკური კრიზისიც დაემატა. დღეს არსებული პოლიტიკური რყევები თუ ახდებს გავლენას ბავშვების განწყობაზე?

ვფიქრობ, სოფელში ნაკლებად, რადგან მოზარდები ტელევიზორს ნაკლებად უყურებენ, ბავშვები კი ჯერ ბოლომდე ვერ იაზრებენ რა ხდება. თუმცა, შესაძლოა ამდენი დაძაბულობა დროთა განმავლობაში აღიბეჭდოს მათ ფსიქიკაზეც. ეს პროცესები ჩვენთვის, უფროსებისთვის უფრო რთულია.

  • ის, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა ქვეყანაში, ამაზე არ საუბრობთ ხოლმე უფროსკლასელებთან?

კი, რა თქმა უნდა ვსაუბრობთ, მაგრამ რაღაცნაირად, ჩვენზე ამყარებენ ისევ იმედს ბავშვები და ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიპოვით ამ ყველაფრისგან გამოსავალს.

მათი შიშები სოციალურ პრობლემებს უფრო უკავშირდება. აღელვებთ თუნდაც ის, როგორ გაიყინა და გაჩერდა ყველაფერი, როგორ იკლო ეკონომიკურმა შემოსავლებმა ოჯახებში. ცხადია, ისინი დარდობენ იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მათ მომავალზე აისახოს.

აღელვებთ უმუშევრობა, პროფესიის სწორად შერჩევა ადარდებთ, რადგან შეიძლება ისეთი პროფესია აირჩიონ, რაც მომავალში პურს ვერ აჭმევთ. ძიების პროცესში არიან.

უკვირთ, რატომ შეიძლება ჩვენი სახელმწიფო მუდმივად იყოს გაჭირვებული, ბევრმა სახელმწიფომ დაძლია კრიზისი და ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ. საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რადგან არ შეიძლება ამხელა რესურსების მქონე ქვეყანა მუდმივად ხელგაშვერილი იყოს – აი, ეს კითხვები უჩნდებათ.

  • თქვენი პასუხები როგორია ამ კითხვებზე?

მე ვეუბნები, რომ, პირველ რიგში, საკუთარ პროფესიაზე დაფიქრდნენ, რომ ამ ყველაფერში სამომავლოდ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დაფიქრდნენ თუნდაც პროფესიულ განათლებაზე, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ბოლო პერიოდში. მეწარმეობაზე დაიწყონ ფიქრი, რომ სხვას კი არ უნდა ელოდონ მუდმივად, არამედ თვითონ უნდა შექმნან რაღაც.

ხშირად ვამბობ, რომ არ უნდა იყვნენ დამოკიდებული „სიღარიბის პროგრამაზე“, რომელიც მე, პირადად, ძალიან მაღიზიანებს, რადგან ადამიანებს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

მესმის, რომ ბევრი ოჯახისთვის ეს პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად მარტოხელა, დაუძლურებული ადამიანებისთვის, მაგრამ ბევრისთვის დამაბრკოლებელიც ხდება. აღარ ეძებენ სამუშაოს. თუმცა სამუშაო ადგილები სახელმწიფომ უნდა შექმნას, აქეთკენ უნდა მიმართოს რესურსები, ერთი ქარხანა მაინც გახსნას, რომ ადამიანები დასაქმდნენ. დოვლათიც შეიქმნება, სახელმწიფოც მოგებული იქნება და ოჯახებიც. ახლა კი ამ მიზერულ შემწეობებზეა ხალხი დამოკიდებული. როცა სამუშაო ადგილებს არ ქმნის სახელმწიფო, ადვილია მისცე შემწეობა და ასე დაიმშვიდო სინდისი. ამით არც სიღარიბე დაიძლევა და არც ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება.

  • პროფესიული განათლება ახსენეთ, მიუწვდებათ სოფლის ბავშვებს პროფესიულ სასწავლებლებზე ხელი?

ვფიქრობ, ყველაფერი აქედან უნდა დავიწყოთ. განათლებაში სწორად უნდა გადანაწილდეს თანხები, რადგან ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა თუნდაც მასწავლებლების გადამზადებაზე, მაგრამ ჩვენ მაინც იგივე პრობლემებში ვტრიალებთ. მაინც ბევრ მასწავლებელს ემუქრება სისტემიდან გასვლა და ვერ ამზადებს დღეს სკოლა მოსწავლეებს ცხოვრებისთვის.

პროფესიულ განათლებაზე რომ აქცენტი კეთდება ეს კარგია, ჩვენს რეგიონშიც არის კარგი პროფსასწავლებელი, მნიშვნელოვანი პროგრამებით, თუმცა ახალგაზრდებს არ მიუწვდებათ ხელი, რადგან სასწავლებელს არ აქვს კამპუსი, სადაც სოფლებიდან წამოსული ახალგაზრდები დარჩებიან. ჩვენი ხეობა ძალიან განფენილია და ვიწრო, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. სოფლიდან სასწავლებელში რომ ჩამოხვიდე და უკან დაბრუნდე, სულ ცოტა 80 ლარი გიჯდება.

მოზარდი სხვაგან ვერ დარჩება. გამოდის, მხოლოდ დაბაში და მიმდებარე სოფლებში ვინც ცხოვრობს, მხოლოდ მათთვისაა ეს ხელმისაწვდომი.

წელს მეც ჩავაბარე პროფესიულში, სამკერვალო საქმე უნდა ვისწავლო, რადგან პანდემიაში თეთრეულის კერვა შემომესწავლა და მინდა პროფესიონალურად დავეუფლო. თანაც მეწარმეობის პროგრამა მაქვს სოფლის ქალებისთვის და სკოლაშიც ვასწავლი.

მე დევნილი ვარ და შესაძლოა რაღაც მიზერული თანხით დამაფინანსოს დევნილთა სამინისტრომ გადაადგილება, მაგრამ შეღავათები არ ვრცელდება ბავშვებზე, არც სოციალურად დაუცველებზე. როგორ უნდა იარონ კოლეჯში?

ლიეტუვა საქართველოს 50 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას აჩუქებს

ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცეს 50,000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა.

ამის შესახებ წერს ფეისბუქზე ლიეტუვის საელჩო საქართველოში.

„დღეს ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცეს 50,000 დოზა ფაიზერ-ბაიონტეკის, იგივე კომირნატის ვაქცინა.

ლიეტუვა აგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის ფარგლებშიც ივლისის თვეში საქართველოს უკვე გადმოეცა 15,000 დოზა ვაქსზევრიას, იგივე ასტრაზენეკას ვაქცინა“ – წერია საელჩოს განცხადებაში.

ახალგაზრდებმა ხულოდან ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო მიიღეს – „სოლიდარობის თემი“ 

„სოლიდარობის თემს“ ტოლერანტობის ქომაგის პრიზი გადასცეს.

„სოლიდარობის თემი“ სულ რაღაც 6 თვეა რაც დაარსდა ხულოში, თუმცა ამ მოკლე დროში თემის წევრებმა შეძლეს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე და პრობლემაზე მუშაობა.

„სოლიდარობის თემს“ 10 ახალგაზრდა აქტივისტი ჰყავს ამ დროისთვის, რომელთა მთავარი მიზანი დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მსხვერპლი ადამიანების თუ კონკრეტული ჯგუფების სოლიდარობა და სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერაა.

„ბათუმელები“ სოლიდარობის თემის ერთ-ერთ დამფუძნებელს ზაზა მიქელაძეს ესაუბრა, რომელსაც ვკითხეთ, თუ რამ განსაზღვრა ტოლერანტობის ქომაგის პრიზით თემის დაჯილდოება და რატომ არის ეს ახალგაზრდა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი.

„ჩვენი პირველი გამოჩენა საჯარო სივრცეში უკავშირდება სოლიდარობას ეთნიკური უმცირესობების მიმართ, როდესაც მათ ჰქონდათ პროტესტი იმაზე, რომ სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობების საკითხები გადაიტანა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის საქმიანობაში – საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები განიხილა არა როგორც საკუთარი მოქალაქეები, არამედ როგორც უცხო ქვეყნის დიასპორა.

ჩვენ ამ დროს გამოვიჩინეთ სოლიდარობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ეს იყო ჩვენი პირველი აქტიურობა.

შემდეგი აქტიურობა უკავშირდება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, როცა ჩავატარეთ აქტიური კამპანია „თავისუფლების მეჩეთის“ მხარდასაჭერად და ამაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და მეგობარი გვიჭერდა მხარს.

მესამე და საკვანძო საკითხი ვფიქრობ იყო 5 ივნისის ამბებზე ჩვენი თანმიმდევრული და მყარი პოზიცია – ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ინკლუზიური, თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და მისი ფუნდამენტური უფლებები იქნება უზრუნველყოფილი, სადაც ადამიანებს უფლება ექნებათ გამოიყენონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, – გამოხატვის და შეკრების უფლება. ამის დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს“, – გვეუბნება ზაზა მიქელაძე.

მისი თქმით, „სოლიდარობის თემის“ თანმიმდევრულმა და მწყობრმა პოზიციამ, როგორც ეთნიკურ უმცირესობებთან, ასევე რელიგიურ უმცირესობებთან და ქვიარ თემთან მიმართებაში, განაპირობა სახალხო დამცველის და რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილება, მათთვის გადაეცათ ტოლერანტობის ქომაგის პრიზი.

რა გამოცდილება შეიძინა „სოლიდარობის თემმა“ ქვიარ თემთან მიმართებაში ამ პროცესებში – ვკითხეთ ზაზა მიქელაძეს. ის ამბობს, რომ ამ თემთან მიმართებაში სოლიდარობის თემი მოკვლევის პროცესშია და აქტიური კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. შესაბამისად, აპირებენ დაიწყონ უფრო აქტიური მუშაობა არა მხოლოდ მათი უფლებების ადვოკატირების, ასევე სოციალურ მხარდაჭერის კუთხითაც.

5 ივნისის მოვლენების დროს, როდესაც რელიგიურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის მუსლიმთა სამმართველომ ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი შინაარსის განცხადება გააკეთა, ჩვენი პოზიცია იყო მყისიერი – დავუკავშირდით მუფთს და ავუხსენით, რომ ეს განცხადება შესაძლოა ყოფილიყო ძალადობის წამხალისებელი და დაღვრილიყო სისხლი.

ამის შემდეგ, თითქოს შეიცვალა მიდგომა – მუსლიმთა სამმართველომ და არა მარტო მათ, იეზიდთა უმაღლესმა სასულიერო საბჭომაც დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია. ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია მთელი პროცესის განმავლობაში მყარად დავიცავით, როგორც მედია სივრცეში, ასევე ჩვენს ოფიციალურ გვერდზეც და პერსონალი ურთიერთობების შემთხვევაშიც.

თუ ჩვენ გვინდა, რომ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უფლებები, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჯგუფის დისკრედიტაციის დროს ვიდგეთ იქ, სადაც ეს არის საჭირო. ამიტომ არ გვჯერა და არ გვწამს ფრაგმენტული თანასწორობის, ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება იარსებოს, იცხოვროს და ჰქონდეს კეთილდღეობა“, – ამბობს ზაზა მიქელაძე „ბათუმელებთან“.

„სოლიდარობის თემი“

„სოლიდარობის თემი“ არის რეგიონული ორგანიზაცია, თემის საქმიანობის ძირითადი არეალი არის აჭარა და საქართველოს ის რეგიონები, სადაც აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ კომპაქტურად.

„პირველი რიგში ჩვენი საქმიანობა არის მუსლიმი თემის უფლებრივი საკითხების კვლევა და ადვოკატირება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აჭარის და არა მხოლოდ აჭარის კონტექსტში, ისტორიის კვლევა, – ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ალტერნატიული ცოდნის შექმნას ქართველი მუსლიმების შესახებ იქნებიან ეს საზოგადო მოღვაწეები თუ დღეს არსებული სივრცის ფონზე, მისი განვითარების პროცესების ისტორიულ კონტექსტში.

ასევე ჩვენ გვაქვს ეკომიგრანტებისა და ქალების საჭიროებების ადვოკატირების საქმიანობა.

ასევე, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და ცენტრების განვითარება და ახალგაზრდების გააქტიურება, სამოქალაქო აქტივიზმის გამოცოცხლების ხელშეწყობა და როგორც უკვე აღვნიშნე, ქვიარ თემის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების ადვოკატირება“-ამბობს ზაზა მიქელაძე.

თუმცა როგორც მიქელაძე ამბობს, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ „სოლიდარობის თემს“ ჰქონდეს მისი მკვეთრი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე.

„ბუნებრივია ჩვენ არ ვიზღუდავთ საკუთარ თავს და მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროცესში ყოველთვის გვქონდეს ჩვენი პოზიცია“-ამბობს ზაზა მიქელაძე.

„სოლიდარობის თემს“ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეზე გადაეცა.

„თაღლითური ჯგუფები მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ“ – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, გამოავლინეს თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა – საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – დააფუძნეს და ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბული“-ს (Market Bull LTD) რეკლამა. ვებგვერდზე – marketbull.live – კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.

საიტზე აღნიშნული იყო, რომ კომპანია ავტორიზებულია და ვაჭრობის შესაბამისი ლიცენზია გააჩნია.

აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია დაინტერესებულ პირებს ეხმარებოდა საფონდო ბირჟაზე მომგებიან ონლაინვაჭრობაში. მან დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ მისი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება.

კომპანიის თანამშრომლის თქმით, მათ საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდათ და ე.წ. „სავაჭრო“ თანხა დაზარალებულს მისთვის უნდა გადაეცა.

შეთანხმების შესაბამისად, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა 164 580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ეკვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა.

დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული კრიპტოვალუტა, ვითომდა სარფიან ვაჭრობებში მონაწილეობის მისაღებად, დაზარალებულის მიერ სრულად იქნა გადარიცხული კომპანიის წარმომადგენლის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე.

პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე, კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ, შეადგინა 91 643.96 აშშ დოლარი.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს,“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (თაღლითობა, – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.

„გვსურს გავაფრთხილოთ საქართველოს მოსახლეობა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ყალბი ვებგვერდებით და შეთავაზებებით საფონდო ბირჟაზე და კრიპტოვალუტის ვითომდა მომგებიან ონლაინვაჭრობას სთავაზობენ. მოგიწოდებთ, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს“ – აცხადებს პროკურატურა.

იმ კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის.

ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაკავება კანონის წინაშე თანასწორობას ეფუძნება და ეს მასაც კარგად ჰქონდა გააზრებული. მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.

ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მე რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უწყებებისგან, მათ შორის სახალხო დამცველისგან, იუსტიციის სამინისტროსგან, ჯანდაცვის სამინისტროსგან. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.

პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებული ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს წინამორბედს. „ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებას სრული უფლება აქვს ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია  ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. „ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. ამიტომ მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების შესრულებას“.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე ვალდებულია საზოგადოებას კარგად აუხსნას, რატომ ვერ იქნება ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უზრუნველყოფილი და ახსნას ის საფრთხეები რაც ამ პროცესს უკავშირდება.

„ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ინფორმციის გაცემა რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე. ინფორმაციის ნაკლებობა კი თავისთავად კვებავს მღელვარებას“-ამბობს ის.

სალომე ზურაშვილმა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ კომენტერებზეც გააკეთა აქცენტი.

„ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია კარგად იყოს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა და ქმედება.

ქვეყანა რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა და ნებისმიერი პროვოკაცია, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ითხოვს დაფიქრებას და ყურადღებას“-ამბობს ზურაბიშვილი.

ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად, 34.9 მლნ დოლარად გაიყიდა

ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“ 16 ნოემბერს, ნიუ იორკში, „სოთბის“ აუქციონზე, 34.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

„დიეგო და მე“ ფრიდა კალოს ერთ-ერთი ბოლო ავტოპორტრეტია.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც ლათინო-ამერიკელი მხატვრის ნამუშევრის შესაძენად გადაუხდიათ. წინა რეკორდი ეკუთვნოდა დიეგო რივერას, რომელთანაც ფრიდა კალოს მღელვარე რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

ბოლო წლებია ფრიდა კალოს ნამუშევრებზე ფასი სულ უფრო იზრდება. 2016 წელს მისი ნამუშევარი – „ორი შიშველი ტყეში“ – 8 მლნ დოლარად გაიყიდა.

_____________

ფოტოზე: „დიეგო და მე“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ANDY RAIN

2022 წლის აპრილიდან მოპედის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მოპედების რეგისტრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება.

ცვლილების თანახმად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი – “AM” კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.

შსს-ს ცნობით, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარია 16 წელი.

“AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, ამის შემდეგ კი სავალდებულო გახდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.

ასევე, “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას მომსახურების საფასურის გადახდა არ იქნება საჭირო.

რა მარშრუტით იმოძრავებს 4 ახალი ავტობუსი ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალურ ავტოპარკს 4 ახალი ავტობუსი შეემატა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, EURO 5 სტანდარტის, 3 ავტობუსი 10 მეტრის სიგრძისაა და თითოეულს 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ხოლო EURO 6 სტანდარტის 1 ავტობუსის სიგრძე 8 მეტრია და 53 მგზავრს მოემსახურება.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

ქობულეთის მერიის ცნობით, 3 ახალი ავტობუსი ქალაქში, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე, 1 ავტობუსი კი ჭახათის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით იმოძრავებს.

ავტობუსი

SUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი ბათუმის მერიამ შეიძინა 5 521 595 ევროდ. 36 ავტობუსი ბათუმის ავტოპარკს გადაეცა, დანარჩენი 4 კი – ქობულეთის მუნიციპალიტეტს.

თიბისი გუნდის 500 ახალ წევრს ეძებს

თიბისი, წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. აქ, ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა შეუერთდე თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყო კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდე 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

თიბისი მილიონობით მომხმარებელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყოველდღიურად სთავაზობს თანამედროვე სერვისებსა და პროდუქტებს.

თიბისი ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს — თიბისი შენთვის ქმნის გარემოს, სადაც საწყისი ეტაპიდანვე გხვდება ტრამპლინი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.

თიბისი არა მარტო ლიდერი ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში, არამედ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასაც წარმოადგენს და მისი გუნდი აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებს, რომლებიც მუდმივად ავითარებენ ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს. შესაბამისად, შენ გეძლევა შესაძლებლობა, დაიწყო კარიერა მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ცოდნას ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპეციალისტები გაგიზიარებენ.

თიბისი მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე. ამის დასტურია თიბისის IT აკადემია, რომელიც საშუალებას გაძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლო თანამედროვე, მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიური მიმართულებით, შეძლო მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროსთან სწრაფი ადაპტაცია და მინიმალურ დროში საინფორმაციო ტექნოლოგიების მრავალ დისციპლინაში ცოდნის გამდიდრება.

თიბისი საბანკო და ტექნოლოგიური სფეროების გარდა სხვა მრავალი მიმართულებითაც გთავაზობს ვაკანსიებს — თიბისის ეჯაილ გუნდები გეძებენ შენ და გთავაზობენ განვითარებას შენთვის საინტერესო სფეროებში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრე ვებსაიტს თიბისი კარიერა

თუ შენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გსურს, თიბისის თავი გააცნო, მაშინ ამ ბმულზე ატვირთე რეზიუმე ან 1-წუთიანი ვიდეო, რომელშიც ისაუბრებ შენს საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, მოტივაციაზე, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურს თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეს შენი საკონტაქტო დეტალების ჩვენთვის გაზიარება.

18 ნოემბერს ლეონიძის ქუჩაზე წყალი 6 საათით შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 18 ნოემბერს, დილის 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ლეონიძის ქუჩაზე.

წყლის შეწყვეტის მიზეზი, კომპანიის განმარტებით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

 

კოვიდით აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა – 17 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 136 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 1758 ადამიანი მკურნალობს, მათგან 553 კოვიდკლინიკაშია, ხოლო 969 – ონლაინკლინიკაში.

დღეს, 17 ნოემბერს, კორონავირუსის 4732 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ბოტანიკო“ პროექტის სიმაღლეში გაზრდას ითხოვს – მწვანე კონცხი

შპს „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე მიმდინარე სამშენებლო პროექტში ცვლილებას ითხოვს. კომპანიას მერიაში წარდგენილი აქვს პროექტი, რომელიც შეთანხმებულ შვიდსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას, ასევე შენობის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს.

ბათუმის საკრებულო ამ საკითხს დღეს სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოსთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „იცვლება საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულება, ნებართვით დამტკიცებული 7 სართულის ნაცვლად წარმოდგენილია 8 სართული. დაგეგმილია  სააგარაკე სახლის და სპორტული და გასართობი შენობის მოწყობა. განაშენიანების ინტენსივობის ფართობი შეადგენს 8 850 მეტრს“.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება.

კომპანია ითხოვს ასევე შენობის ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას – საცხოვრებელი კომპლექსის ნაცვლად სააგარაკო სახლი და სპორტული-გასართობი კომპლექსი აშენდება.

მშენებლობა 8850 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია.

მხოლოდ დღეს “სილქფესტი” ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პირობების მთელი თვით გააქტიურებას გვთავაზობს

სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტები მთელი თვით ულიმიტო პირობებით ისარგებლებენ, თუ 17 ნოემბრის „სილქფესტის“ პაკეტებს გაიაქტიურებენ: 

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – კომბინაციით *019*6# ან *202*4#
  • ულიმიტო სასაუბრო – 10 ლარად – კოდით *202*3#

[/checklist]

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ორივე პაკეტით სარგებლობა.

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე 15 თეთრი;
უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეც-დანიშნულების ნომრებზე.
„სილქფესტის“ აქციების გააქტიურება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

ბათუმში სახლი დაიწვა

ბათუმში გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საცხოვრებელი სახლი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

ხანძარი ბათუმში, თაყაიშვილს ქუჩაზე

როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია განცხადებით მიმართვის შემდეგ დაეხმარება.

„სახლი გადაიხურება დროებით ტენტით, შემდეგ, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შევისწავლით ზარალს და ამის მიხედვით დავეხმარებით,“- გვითხრეს სააგენტოში.

72 გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 4732 ახალი შემთხვევა – 17 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 4732 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი.

აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე 6614 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.

 

Pfizer-ი კოვიდის სამკურნალო აბების გენერიკულ ვერსიებს დაუშვებს 95 ქვეყანაში

დღეს, 16 ნოემბერს, „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ გენერიკების მწარმოებლებს მისცემს საშუალებას, ექსპერიმენტული, COVID-19 ანტივირუსული აბი მიაწოდონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 95 ქვეყანას. 

„როიტერსის“ ინფორმაციით, Pfizer-სა და მედიკამენტების საპატენტო ფონდს [MPP] შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმება საშუალებას მისცემს გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს, ლიცენზია მისცეს გენერიკების მწარმოებლებს, რათა შექმნან ანტივირუსული პრეპარატის საკუთარი ვერსიები. 

კომპანია Pfizer-ი თავის ტაბლეტებს Paxlovid-ის სახელწოდებით გაყიდის. 

კომპანია Pfizer-მა, რომელიც ასევე აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, განაცხადა, რომ კლინიკური კვლევების მიხედვით, მედიკამენტი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ან სიკვდილს მოზრდილებში, რომლებიც კოვიდით მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

პრეპარატი გამოყენებული იქნება რიტონავირთან, აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტთან ერთად. 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს კიდევ ერთი იარაღი, რათა დავიცვათ ადამიანები COVID-19-ის დამანგრეველი ზემოქმედებისგან“, – თქვა მედიკამენტების საპატენტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ გორმა.

იგი იმედოვნებს, რომ Pfizer-ის კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტის გენერიკული ვერსია რამდენიმე თვეში იქნება ხელმისაწვდომი.

„ჩვენ გვჯერა, რომ ორალურ ანტივირუსულ პრეპარატებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ COVID-19 ინფექციების სიმძიმის შემცირებაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ  ყველა ადამიანს – არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს ან რა ვითარებაში – ჰქონდეს წვდომა ამ მიღწევებზე,“ – განაცხადა Pfizer-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ. 

Pfizer-მა განაცხადა, რომ კოვიდის სამკურნალო მედიკამენტს გაყიდის თითოეული ქვეყნის შემოსავლის დონის მიხედვით. 

შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მკურნალობის საფასური ახლოს იქნება იმ ღირებულებასთან, რომლითაც ტრანსნაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ – Merck-მა შეაფასა მედიკამენტი – დაახლოებით 700 დოლარი ერთი კურსისთვის.

ამავე თემაზე: 

„ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდის ახალი პრეპარატი 89%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს

პედაგოგი გორიდან, რომელიც 10 წელია ხულოში ასწავლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხატია თეთრაძე მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ათი წელია ასწავლის და შვილთან, მარიამთან ერთად, აქვე ცხოვრობს.  

ხატია თეთრაძე განათლების პროგრამის –  „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. იგი მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში 10 წლის წინ ჩამოვიდა გორიდან. იქიდან მოყოლებული ხატია პროგრამის ფარგლებში ხულოს სხვადასხვა სკოლაში ასწავლის. ამჯერად ის აგარის სკოლის მასწავლებლად მუშაობს. 

„ბათუმელები“ ხატია თეთრაძეს პროფესიულ გამოცდილებასა და ხულოში სასკოლო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. 

  • რამდენად რთული იყო თქვენთვის და თქვენი შვილისთვის ადაპტირება ახალ გარემოსთან? 

მარიამი ძალიან პატარა იყო, მამა რომ დაეღუპა. მოვკიდე ჩემს ექვსი წლის შვილს ხელი და წამოვედი მაღალმთიან აჭარაში. ჩემი შვილი პირველ კლასში სოფელ მთისუბნის სკოლაში მივიყვანე, სადაც პირველად დავიწყე მასწავლებლად მუშაობა, წამოვედით დედა-შვილი მაღალმთიან აჭარაში და უკვე ათი წელია, რაც ხულოში ვასწავლი, მარიამი კი – სწავლობს. 

მიჭირდა, თუმცა მაინტერესებდა შვილთან ერთად მთებში წასვლა. როცა გადანაწილებით ხულოში მოვხვდი, არც ერთი წამით არ მიფიქრია უკან დახევაზე. 

აჭარაში ერთხელ ვიყავი ნამყოფი, ხულო მანამდე რუკაზე მქონდა მხოლოდ ნანახი. თავიდან ვამბობდი, რომ ერთი წელი უნდა გავძლო, ფეხებითაც რომ დამკიდონ-მეთქი.

აჭარლები თბილი და გულიანი ხალხი აღმოჩნდა, დღეს აქ მცხოვრები ადამიანების იმედი მაქვს. ვიცი, თუ რაიმე დამჭირდება, ჩემი მასპინძლები ჩემ გვერდით იქნებიან. 

  • ათი წელია ხულოში ასწავლით. როგორ ფიქრობთ, რა მთავარი გამოწვევა აქვთ მაღალმთიანი სოფლების სკოლებს?  

მთაში წამოსვლა არავის უნდა, მეტი დაფინანსებაა საჭირო, რომ სკოლებს ჰყავდეთ კვალიფიციური პედაგოგები, ბევრმა მოინდომოს სოფლებში წამოსვლა და აქ სწავლება. სკოლაში, რომელშიც ახლა ვასწავლი, არ გვყავს ხელოვნების მასწავლებელი, ისევ ჩვენ გვაქვს გადანაწილებული საათები. ხელოვნების პედაგოგისთვის ვაკანსია არაერთხელ გამოვაქვეყნეთ, მაგრამ არავინ მოვიდა, არ სურთ ალბათ ასე შორს წამოსვლა და მუშაობა. 

ბავშვებს არ აქვთ ტექნიკა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როცა იძულებულნი ვართ ონლაინსწავლებაზე გადავიდეთ. ბავშვებს უჭირთ გაკვეთილებზე დასწრება, ინტერნეტის ჩართვაც კი რთულია მათთვის, ეს მათი ოჯახების  ფინანსურ მდგომარეობას ამძიმებს. 

ტექნიკა არც სკოლაშია, ვერ ვახერხებ სკოლაში ყოფნის დროს შევიტანო ელექტრონულ ჟურნალში ქულები, იძულებული ვარ ეს სახლიდან გავაკეთო. მატერიალური ჟურნალის მოსპობა დიდი პრობლემაა, მართალია, მე მშვენივრად ვიყენებ კომპიუტერს, მაგრამ  ვხედავ, რომ ბევრ პედაგოგს უჭირს, ეს ფაქტია. 

სკოლის შენობა ისეთ ადგილას გვაქვს, სადაც არ იჭერს მობილური, დარეკვასა და ინტერნეტზე საუბარი ზედმეტია. 

ხატია თეთრაძე გაკვეთილზე
  • როგორია მოსწავლეების სწავლის ხარისხი? 

ბავშვები მონდომებულები არიან, შეგნება და ზრდილობა ნამდვილად არ აკლიათ, არც შრომისმოყვარეობა, რასაც გავცემ, ათმაგად მიბრუნდება, უნდათ სწავლა, მაგრამ სოციალური პრობლემები აქვთ. 

მთის ცხოვრება რთულია, ბავშვები  მშობლებს ყოველდღიურ საქმეში ეხმარებიან, საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვთ. ფიზიკური შრომისთვის უწევთ სკოლის გაცდენა, რაც, ბუნებრივია, მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. 

  • თქვენი აზრით, რა საჭიროებები აქვთ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს? 

დაცარიელებული მთა მიტოვებულ ეკლესიას ჰგავს. მე არც მიტოვებული ეკლესია მინდა და არც ცარიელი მთა. 

ყოველ წელს მინიმუმ 2-3 ოჯახი კეტავს სახლს, სხვაგან მიდიან საცხოვრებლად. მინდა, რომ მთაში მცხოვრები ხალხის ხელშეწყობა გაიზარდოს, რათა მთებში ცხოვრება შენარჩუნდეს. 

მთას მთიელი თუ გაამაგრებს მხოლოდ. მე და ჩემნაირი ხალხი მთას ვერ გავამაგრებთ, მართალია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ მთას სხვანაირი ამტანობა სჭირდება, სხვანაირი ბრძოლისუნარიანი ხალხი. მე კი ვაკეთებ ჩემს საქმეს სკოლაში, მაგრამ აქ ძლიერი ხალხია საჭირო, რომლებიც მხოლოდ მთამ შეიძლება გამოზარდოს.

 აი, მთისუბანში, სადაც პირველად მივედი, 37 მოსწავლე დამხვდა, დღეს 17 მოსწავლე ჰყავთ, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. 

მე სანამ შემეძლება, ვიქნები აქ.  მიმაჩნია, რომ მე ვარ ჯარისკაცი ფორმის გარეშე და ვადგები ჩემს ქვეყანას.

  • რა გამოწვევების წინაშე ხართ პედაგოგები? 

ბავშვებთან ერთად პედაგოგებიც ძალიან დაჩაგრულები ვართ. ძალიან ხშირად იცვლება მოთხოვნები, მუდმივი ცვლილებებია, მუდმივად გვიწევს რაღაც საბუთების შეგროვება.

კრედიტების მარათონმა, მასწავლებლების გარკვეულმა ჯიბრმა, ბევრი მასწავლებელი გადაკიდა ერთმანეთს და ბავშვებსაც დააშორა. პედაგოგები გადართულები არიან ჰქონდეთ მეტი კრედიტი, მაღალი სტატუსი, აიღონ მაღალი ხელფასი – ამას ცდილობენ და ამ პროცესში ბავშვები ზარალდებიან… ჩემი აზრით,  არ უნდა ყოფილიყო დიფერენცირება 4 და 7-კრედიტიან პედაგოგებს შორის. 

ორი წლის წინ დაგვიანონსეს, რომ ვისაც გვსურდა მენტორობა, მათთვის დაინიშნებოდა გამოცდა, გადაგვიყვანეს მოსაცდელ რეჟიმში და ველოდებით როდის დანიშნავენ, რომ გავიდეთ გამოცდაზე მენტორის სტატუსის მისაღებად. 

  • საიდან დადიხართ სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად? 

სოფელში, სადაც ვიწყებ მუშაობას, ვქირაობ ოთახს ოჯახში და ამ ოჯახის წევრებთან ერთად ვცხოვრობ, ქირას პროგრამა – “ასწავლე საქართველოსთვის” უზრუნველყოფს. 

შაბათ-კვირას ბათუმში მივდივარ ხოლმე მარიამთან ერთად, ბინა შევიძინე. ბინის ბათუმში  ყიდვა მარიამმა გადამაწყვეტინა, მას ძალიან უყვარს აჭარა.

მარიამ მაისურაძე, ხატია თეთრაძის შვილი: „მიჭირდა გაცნობიერება, რატომ გადავდიოდით სკოლიდან სკოლაში, ჩემი კლასელების დატოვება არ მინდოდა, რადგან შეჩვეული ვიყავი მათ. არ ვიცოდი ახალ სკოლაში როგორი კლასელები მეყოლებოდა. მაგრამ აქ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, მეხმარებიან, რომ ახალ გარემოს ადვილად შევეგუო. აღარ მიჭირს მეგობრების გაჩენა, როგორც ადრე. უფრო კომუნიკაბელური გავხდი. ჩემი კლასელები მუსლიმები არიან, მე კი – ქრისტიანი. ერთმანეთს ვუყვებით ჩვენი რელიგიების შესახებ. ბავშვები აქ სულ საქმობენ, ბევრ ბავშვს არ აქვს დრო სათამაშოდ, რადგან ძალიან დატვირთულები არიან და ოჯახში მუშაობენ“.
  • თქვენი და თქვენი მასპინძლების რელიგიურ განსხვავებას ხომ არ შეუქმნია დისკომფორტი? 

პირველად 2012 წელს ჩამოვედი ხულოში, ოქტომბერში. „ბაირამობა“ იყო,  ამ დღესასწაულისთვის ტკბილეული მე მოვამზადე, თავადაც მიხაროდა. ძალიან მაკვირვებდა ის, რომ სუფრაზე ღვინო არ იდგა. ვერ წარმომედგინა დღესასწაული სასმელის გარეშე. ამიხსნეს, რატომ არ სვამდნენ სასმელს. სულ ვკითხულობდი – ეს რატომ? ის რატომ? მასპინძლები მიხსნიდნენ. 

როცა მუსლიმ ბავშვებს ვასწავლი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, ხშირად ვავლებ პარალელს ისლამსა და ქრისტიანობას შორის, ვსვამ სამსჯელო, სააზროვნო კითხვებს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ მე პატივს ვცემ მათ რელიგიას და ვგრძნობ, თავადაც იგივე განწყობა აქვთ ჩემი და მარიამის რელიგიურ მრწამსზე. 

რელიგია არასდროს გამხდარა რაიმე სახის დისკომფორტის გამომწვევი, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მასპინძლებისთვის. 

______________

მთავარ ფოტოზე: ხატია თეთრაძე მოსწავლეებთან ერთად

ავარიულობა 3 წლის წინ დადგინდა, მერია ისევ ექსპერტიზას ითხოვს – კორპუსი რურუას ქუჩაზე

ბათუმში, რურუას ქუჩის პირველში საცხოვრებელი კორპუსი ადამიანებმა, 72-მა ოჯახმა,  თითქმის სრულად დაცალეს, რომლებიც წლებია მერიისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვდნენ.

ეს კორპუსი რომ ავარიულია, 2018 წელს დაადგინა ბათუმის მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა მას შემდეგ ამ მისამართზე არაფერი შეცვლილა. დღეს, 16 ნოემბერს, ბათუმის მერიამ ისევ ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

ადამიანებმა რურუას პირველში მდებარე კორპუსში, საკუთარ ბინებში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი გუშინ საღამოს თქვეს, როცა მოულოდნელად შენობის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა. კორპუსის ეზოში შეკრებილები ჟურნალისტებს მოუყვნენ, როგორ დაწერეს მორიგი წერილი და გაუგზავნეს მერიაში ერთი თვის წინაც, როცა 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუაპა.

„…შესწავლილი თუ იყო, არ მქონდა ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება ექსპერტიზის დასკვნა, რომ განვსაზღვროთ დეტალურად რა არის საჭირო: გამაგრება არის შესაძლებელი თუ დემონტაჟი უნდა მოხდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე, რომელიც გუშინ შემთხვევის ადგილზე ამბობდა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

ლელა სურმანიძის ინფორმაციით, კორპუსი ოჯახებმა თითქმის სრულად დაცალეს. 40 ოჯახი სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად, 10 ოჯახი, ვინც აქ ბინებს ფლობს, სოფელში ცხოვრობს, ხოლო სხვებმა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნათესავებთან არჩიეს გადასვლა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ 10 სამუშაო დღეში, დაჩქარებული წესით ელის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის შემდეგაც მერიაში გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რატომ არის საჭირო ექსპერტიზა ისევ, როცა დასკვნა უკვე არსებობს? – ვკითხეთ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს.

„იქ დეტალური კვლევა არ იყო გაკეთებული, სამი წლის წინანდელ დასკვნას ვერ დავეყრდნობით ახლა, რადგან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება განიცადა ამ შენობამ. ამ დასკვნით ვერ განსაზღვრავ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ შენობასთან მიმართებით,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს შევახსენეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნაში 34 ავარიული სახლის შესახებ დეტალური მონაცემებია და, მათ შორის, რურუას პირველში მდებარე კორპუსის შესახებ ცალსახად წერია ეს: „ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია“.

ექსპერტიზის დასკვნაში რურუას 1-ში მდებარე კორპუსზე წერია ესეც: „შენობის გამაგრება და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩასატარებელი სამუშაოების არარენტაბელურობიდან გამომდინარე“.

„მხოლოდ არარელევანტურობის და თანხის თვალსაზრისით ვერ ვიმსჯელებთ,“ – ამბობს ლელა სურმანიძე და დასძენს, რომ, მაგალითად, 2018 წელს მომზადებულ დასკვნაში გაურკვეველია, რას გულისხმობს ექსპერტი, როცა ის წერს, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადა 100 წელია.

„როგორც გავიგე, ეს კორპუსი აუშენებიათ 70-იანი წლების ბოლოს იმისთვის, რომ მშენებლებს ღამე გაეთიათ. ეს ყოფილა როგორც დროებითი საცხოვრებელი და აქ ოჯახები უკვე 40 წელია ცხოვრობენ,“ – აღნიშნა ლელა სურმანიძემ.

მაშინ რისთვის მომზადდა ეს დასკვნა 3 წლის წინ და რამდენი დაიხარჯა ამისთვის? ახალი დასკვნის მომზადებას რამდენი დასჭირდება? – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ახლა რამდენი დაჯდება ან ძველი რამდენი დაჯდა, არ ახსოვს, მაგრამ ადასტურებს, რომ ეს „ძვირადღირებულია“. ლელა სურმანიძე მიიჩნევს, რომ პრობლემაა, როცა ექსპერტიზის დასკვნას სამი წელი რეაგირება არ მოჰყვა, თუმცა ის ცდილობს აქცენტის გადატანას მომავალ წელზე, როცა სავარაუდოდ ავარიული სახლებისთვის 20 მილიონის დახარჯვაა დაგეგმილი.

რურუას ქუჩა # 1 ავარიული სახლი

„გეთანხმებით, რომ პრობლემაა. მე ვერ გიპასუხებთ… სამი წლის წინ რატომ ჩატარდა ეს ექსპერტიზა. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო, გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან გაყვანილია ოჯახები 2 – 3 წელი.

მთავარი არის ის, რომ ეს პრობლემა წამოიწია და ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული ავარიული სახლებისთვის,“ – გვითხრა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

რამდენ ხანს იქნებიან ადამიანები სასტუმროში? – ლელა სურმანიძე განმარტავს, რომ მერია ვერ მოსთხოვს ოჯახებს დაუყოვნებლივ დაცალონ საცხოვრებელი კორპუსი, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში არაა საუბარი იმაზე, რომ ეს საფრთხის შემცველია.

„რადგან შეშინდა მოსახლეობა და მეც ვნახე პირველ სართულზე დაზიანებული კედლები, კედლების შეერთება, ვამჯობინეთ, რომ გაგვეყვანა ეს ადამიანები,“ – დასძინა ლელა სურმანიძემ.

ვის დასჭირდება კოვიდპასპორტის თავიდან აღება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც 16 ნოემბრამდე აიღეს კოვიდპასპორტი იუსტიციის სახლში და აპირებენ უცხოეთში გამგზავრებას, კოვიდპასპორტის განახლება მოუწევთ.

ღიბრაძის თქმით, საქართველო ერთიან ელექტრონულ კოვიდსივრცეს 17 ნოემბრიდან შეუერთდება, ამიტომ აქამდე აღებული კოვიდპასპორტები არ იქნება ასახული ერთიან სისტემაში.

„კოვიდპასპორტები ვალიდური იქნება მხოლოდ ხვალიდან, ანუ 17 ნოემბრიდან.

სამწუხაროდ, ადრე გაცემულ კოვიდპასპორტებზე სისტემა არ ვრცელდება, ამიტომ სისტემაში მხოლოდ ხვალიდან გაცემული კოვიდპასპორტები იქნება ასახული. იმ პირებმა, ვინც საზღვარგარეთ აპირებენ გამგზავრებას, აუცილებლად უნდა განაახლონ კოვიდპასპორტი“ – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

მისი თქმით, იგივე მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ ცნობაზე, რომლებიც გაცემულია ამცრელი ან ტესტირების დაწესებულებების მიერ.

„უცხოეთში გამგზავრებამდე მოქალაქემ მაინც უნდა გადაამოწმოს იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც მიემგზავრება, რადგან ყველა ქვეყანას მაინც განსხვავებული პოლიტიკა აქვს აცრებთან მიმართებაში და შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანა ითხოვდეს ბუსტერდოზას ან რომელიმე კონკრეტული ვაქცინით რომ იყოთ აცრილი,“ – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

ევროკომისიამ  საქართველოს კოვიდპასპორტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება  რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქართველო ამ ერთიან სისტემაში, სადაც 49 ქვეყანაა ჩართული, ოფიციალურად 17 ნოემბრიდან ჩაერთვება.

კოვიდპასპორტების ციფრული ვერსიის გამოყენებისთვის აუცილებელია ტელეფონში ჩამოტვირთოთ QR კოდის წამკითხველი აპლიკაცია. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

რამდენადაც გვადარდებს ქვეყნის პრობლემები, იმდენად დაგვეხმარება დასავლეთი – ბათუ ქუთელია

47 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ხელისუფლება არ თანხმდება. დღეს, 16 ნოემბერს, მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული ექსპრეზიდენტის მონახულებაზე უარი უთხრეს უკრაინის სახალხო დამცველს, მანამდე კი სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

რას ნიშნავს ევროპარლამენტარის მიმართ ეს დამოკიდებულება და რა რეაქციას უნდა ველოდოთ დასავლეთიდან? – ამ საკითხებზე “ბათუმელები” აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, ატლანტიკური საბჭოს და ელენე ხოშტარიას პარტია “დროას” წევრს, ბათუ ქუთელიას ესაუბრა.

  • 13 ნოემბერს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე უარი უთხრეს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, წერილი გამოაქვეყნა და კრიმინალების მფარველი უწოდა ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ “აღიარებენ, რომ კანონი უნდა კანონობდეს”. ევროპარლამენტარის ციხეში არშეშვება, მისი იგნორირება და მსგავსი ბრალდებები რას ნიშნავს?

რაც კობახიძემ თქვა, ამაზე სერიოზულ მსჯელობას აზრი არ აქვს. ეს არის რუსული ხაზი. სახელმწიფოს მიმტაცებლებს არაფერში აწყობთ ევროკავშირთან ღია, გახსნილი ურთიერთობა. არც ის პრინციპები, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშია.

მიუხედავად დეკლარირებული განცხადებებისა, არც მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო რეალური ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომაც სამიზნედ ჰყავთ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ პროცესში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მათ შორის ანა ფოტიგაც, რომელიც ერთ-ერთი ჩემპიონია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის. ასევე ნატოში საქართველოს გაწევრიანების. დიდი ხნის ისტორიის მქონე, თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსია და ძალიან სავალალოა, როდესაც პირდაპირ რუსეთზე მიბმული პოლიტიკოსები მას აბრალებენ კრიმინალების მფარველობას.

პირადი შეფასებების გარეთ რომ დავინახოთ, ეს არის ღიად გაცხადებული კურსის ცვლილება. რომელსაც ზოგი უფრო ადრე ხედავდა, ზოგი – გვიან. მგონი, ეს ბოლო წვეთი იყო. „ქართული ოცნება“ რეალურად საქართველოს მიაქანებს რუსეთისკენ და არა ევროპისკენ.

  • 47 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. ცალკეული ევროპარლამენტარის თუ ყოფილი ელჩის გარდა არ გვინახავს/წაგვიკითხავს არც ევროპიდან და არც აშშ-დან ჩართულობა/განცხადებები იმ დოზით და შინაარსით, რაც მსგავს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში გვესმოდა ხოლმე. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

ეს არის ექსტრაორდინარული სიტუაცია, მსგავსი მანამდე არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავდათ პოლიტიკური პატიმრები. ამ საკითხზე რეაგირება ისე, როგორც ამას ითხოვს დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს სტანდარტები, ავტომატურად ნიშნავს საქართველოს გადადებას არადემოკრატიული ქვეყნების კალათაში.

ეს სხვა გარემოებებს შექმნის მათთვისაც და ჩვენთვისაც, ამიტომაც ისინი აკვირდებიან პროცესს. ასე ხდება ხოლმე, დასავლეთის რეაგირება არ არის მყისიერი ასეთ საკითხებზე, ძალიან ბევრი ნიუანსია. თუმცა არაფორმალურად ძალიან ბევრი ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს ამ საკითხზე. მანამ ფორმალურად გაცხადდება, რომ საქართველოს ჰყავს ავტორიტარული მმართველი ან საქართველო გადავიდა ავტორიტარიზმის სიაში. ამას მოკვლევა სჭირდება. ბევრ გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს ეს საქართველოს.

სწორედ ამიტომაც იყო საგანგაშო ის, რაც მათ გააკეთეს, როგორც მოექცნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და შემდეგ რა რეაქციები ჰქონდათ ამაზე.

იყო საუბრები სანქციებზე, წინა პოლიტიკური უმსგავსობების ჩადენისას, პოლიტიკური პატიმრების, შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევისას და ა.შ. „ბლუმბერგი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ჰერალდ ტრიბუნი“ წერდა ამაზე, მაგრამ მერე ეს თემა კოვიდის გამო გადავიდა მეორე მხარეს – საერთო მსოფლიო გაჭირვება იყო და აქცენტები სხვაგან გადავიდა. მაგრამ დღეს ისევ უკან დაბრუნდა.

იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, რეალურად ემართა ეს ქვეყანა, თავისი ძალაუფლების განმტკიცებით და ხელების გრეხვით არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

  • დამოკიდებულება, რომ დასავლეთის როლი ამ პროცესებში პასიურია და თითქოს დასავლეთს აღარ ვაინტერესებთ, რამდენად სწორია?

არ არის ასე. ამას ცდილობს სამთავრობო პროპაგანდა და მათთან დაკავშირებული სუბიექტები, ასევე რუსული პროპაგანდა ავრცელებს. საქართველოს თემა მარტო საქართველოსი არ არის. დასავლეთის ინტერესებშია, რომ აქ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. დასავლეთი საკუთარ ინტერესებზე ხომ არ იტყვის უარს? შესაბამისად, დასავლეთი საქართველოს მიმართ იმოქმედებს ისე, როგორც მის საუკეთესო ინტერესებშია, მაგრამ ასევე საქართველოს მხრიდანაც არის გადასადგმელი ნაბიჯები, კერძოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც.

რამდენადაც ჩვენ გვადარდებს ჩვენი ქვეყნის პრობლემა, იმდენად აღმოგვიჩენენ ისინი დახმარებას. ეს არის საერთო ბრძოლა. ეს არ არის მარტო დასავლეთის ბრძოლა: არაა ასე, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი დავსხდეთ, ვიღაცა მოვა და ჩვენს საქმეს გააკეთებს; არც ის, რომ ჩვენ მარტო ვართ ამ ბრძოლაში და სხვას არავის არ ვაინტერესებთ.

ჩვენ ვართ მოკავშირეები, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ჩვენი სხვა მეგობრები ზუსტად ამაზე საუბრობენ. ეს არის საერთო ბრძოლა და საერთო ბრძოლაში ყველა აკეთებს მაქსიმუმს საერთო მტრის წინააღმდეგ.

საერთო მტერია რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი და სახელმწიფოს მიტაცება, რომელიც გააფორმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში.

  • აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში ძალიან მოზომილია. მაგალითად, 10 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომახლოდან აკვირდება”, თუ როგორ ეპყრობიან ექსპრეზიდენტს. ააკაშვილთან დაკავშირებით თითქმის არაფერი გვსმენია არც კონგრესმენებისგან და არც სხვა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსებისგან. ოგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაკვირვება?

ჩვენ გვქონდა აშშ-ის კონგრესმენების სერიოზული განცხადებები. სამწუხაროდ, ყველა მათგანს შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე მიანიშნა პომპეომ.

არც ერთი ეს ეტაპი ტყუილად არ ყოფილა. ყველა ეტაპი არის იმის მცდელობა, რომ მინიმალური ჩარევით დააბრუნონ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე. ამ სისტემამ არ იმუშავა. რაც ერთხელ ნაცადია და არ იმუშავა, იმას არავინ აღარ გაიმეორებს. ახლა ალბათ საჭიროა უფრო ხისტი ჩარევა. დარწმუნებული ვარ და ჩემი მცდელობებიც აქეთ არის მიმართული ჩვენს პარტნიორებს ზუსტად ავუხსნათ, რომ შემდეგ ეტაპზე უნდა იყოს ხისტი ქმედებები. წინა მეთოდებმა არ იმუშავა, არ მოიტანა ეფექტი. პირიქით. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო ღრმად გადაუხვია ავტორიტარიზმის გზაზე. არცერთი მიცემული შანსი დასავლელი პარტნიორების არ გამოიყენეს.

  • ააკაშვილის ციხეში ყოფნის პარალელურად სულ გვესმის, რომ აი, ევროპელმა პოლიტიკოსებმა მას უთხრესარ წახვიდე საქართველოში და ის მაინც წავიდა. მიიჩნევა, რომ ევროპული პოლიტიკა უფრო რაფინირებულია, სააკაშვილი კი აღმოჩნდა ჯიუტი პოლიტიკოსი, რომელიც არ დაემორჩილა ამ მითითებებს

ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ რომელიმე პოლიტიკოსს ევროპელებმა სთხოვონ დამორჩილება. ასე არ ხდება და არც ევროპელი პოლიტიკოსები არავის არ ეტყვიან, გინდა თუ არა წადი და ჩაჯექი ციხეში.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იცოდნენ – თუ სააკაშვილი ჩაჯდებოდა ციხეში, ეს იქნებოდა პოლიტიკური კრიზისის მომასწავებელი. ამიტომ ამ რჩევას არ მისცემდნენ და ლოგიკურიცაა, რომ არ უნდა მიეცათ.

გამოსვლა, ციხეში ჩაჯდომა და ამ ფორმით პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ექსტრაორდინარული ნაბიჯი, რომელიც თავის შედეგებს მოიტანს, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტული პოლიტიკური მეთოდები უკვე „ქართულ ოცნებასთან“, არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან არ და ვეღარ ჭრის. სააკაშვილმა არ დაუჯერა, ასე არ ხდება. ბუნებრივია, არც შიმშილობაზე არ მოუწოდებდნენ. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური პოლიტიკური გადაწყვეტილება.

  • ეს არაპროგნოზირებადობა, ინდივიდუალიზმი, სააკაშვილის ნაცნობ და ასევე საქართველოს მეგობარ პოლიტიკოსებს ხომ არ აფრთხობს და ამის გამო ერთგვარად ხომ არ დისტანცირდებიან? ამის გამო ხომ არ იკავებენ თავს ღია მხარდაჭერისგან?

პოლიტიკოსები არიან სხვადასხვა სტილის. ზოგს შეიძლება მოსწონდეს არაპროგნოზირებადობა. ძალიან კარგია პროგნოზირებად სამყაროში ცხოვრება, მაგრამ როდესაც უპირისპირდები რუსულ ავტორიტარიზმს, რუსული სტილით სახელმწიფოს მიტაცებას, პროგნოზირებადი ნაბიჯები არ ჭრის.

ნელი და პროგნოზირებადი ნაბიჯებით ლუკაშენკო მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა. იყო ილუზიები, რომ პუტინი და რუსეთი  გახდებოდა დასავლეთის პარტნიორი, მაგრამ გახდა მთავარი ავტორიტარული აგრესიული ძალა.

ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ეს არის განსაკუთრებული ეტაპი მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ავტორიტარული და არათავისუფალი სამყარო გადავიდა შეტევაზე. “ფრიდონ ჰაუსის” მონაცემებს თუ შევხედავთ, თავისუფალი სამყარო შემცირდა. არათავისუფალი სამყაროა შეტევაზე გადმოსული და უკან შეტევაზე გადასვლას სჭირდება არაორდინალური ნაბიჯები. ეს, ბუნებრივია, განსაზღვრულ წესებს არ დაექვემდებარება.

თუმცა, როდესაც ახალ მსოფლიო წესრიგამდე მივალთ, იმედია, მერე უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკური ქმედების საშუალება გვექნება.

ამ ეტაპზე გვაქვს ის, რაც გვაქვს და ეს არის გარემოებებით ნაკარნახევი, ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა, რომლის ფრონტიც გაშლილია მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ვართ ცალკე. ეს არ არის სააკაშვილის ბრძოლა ცალკე პუტინის წინააღმდეგ, ან ქართველების ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის თავისუფალი სამყაროს ბრძოლა არათავისუფალ სამყაროსთან. რიგ შემთხვევებში ექსტრაორდინარული ნაბიჯები იწვევს ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის უკმაყოფილებას. ასე მუშაობს პოლიტიკა და ასე იქმნება მსოფლიოში პრეცედენტები წარმატებული ნაბიჯის. თავის დროზე, მაგალითად, 2003 წელს, არშემდგარი სახელმწიფოდან #1 დემოკრატიის შუქურას გაჩენა ამ რეგიონში თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ეს მოხდა არაორდინალური ნაბიჯების შედეგად.

  • ელისუფლების ბოლო განცხადებები აჩენს კითხვას, ღიად ხომ არ იწყებსქართული ოცნებაერთგვარიბალანსისდაცვას რუსულ და დასავლურ ორბიტებს შორის. თქვენ რას ფიქრობთ?

ერთადერთი, რაშიც „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად მოქმედებდა, დასავლური ორბიტიდან საქართველოს ჩამოშორება და ნელ-ნელა რუსულ ორბიტაზე გადაყვანა იყო, პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც და სოციალურადაც.

თუ ნახავთ ელექტროენერგიის იმპორტს, მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, ფული რუსული შემოდის, სხვა ინვესტიცია ამ ქვეყანაში არ შემოდის, კორუფციული სისტემა რუსული გახდა – ანუ ყველაფრით უკვე ვემსგავსებით რუსულ ავტორიტარულ სისტემას. ე.წ. სუვერენულ დემოკრატიას. ამიტომაც ეს განცხადებები ყველაზე უფრო ლოგიკურია „ქართული ოცნების“ ქცევაში და მოსალოდნელიც იყო.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იანუკოვიჩის მომენტი – ის, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა სწრაფად და მოულოდნელად უკრაინაში, რასაც უკრაინელების რეაქცია მოჰყვა. იქ არ გამოვიდა რუსული ოპერაცია. აქ, როგორც ჩანს, რუსეთმა იხმარა ჭკუა და “ქართულ ოცნებასთან” ერთად ნელ-ნელა დაიწყო გადასვლა რუსულ რელსებზე.

ბაყაყის მოხარშვის თეორიაა – თუ ნელ-ნელა აუწევ ტემპერატურას, ვერ გრძნობს ბაყაყი ამას და თუ სწრაფად აუწევ, უცებ ამოხტება. აი, ასე, ნელ-ნელა მოახდინეს დეგრადირება სისტემის და გადაიყვანეს რუსულ ორბიტაზე. ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის. სამწუხაროდ, მივდიოდით აქეთკენ. ადრე თუ გვიან ყველა ხვდება რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი კობახიძის განცხადება ბოლო, ოფიციალური გაფორმება იყო იმის, რომ დასავლეთი „ქართულ ოცნებასთან“ საერთოს ვერასდროს იპოვის იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი არიან ახლა კონსტრუირებული.

  • 11 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიება მოთხოვნაზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის საგნად იქცა. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ სხვადასხვაგვარად წაიკითხა. თქვენ რას ფიქრობთ, რა უთხრა ევროსასამართლომ მესამე პრეზიდენტს?

ევროსასამართლომ მარტო მესამე პრეზიდენტს არ უთხრა. ევროსასამართლომ უთხრა ყველა მხარეს, ვინც არის ჩართული. პირველი – ევროსასამართლომ 24-მდე ითხოვა დრო დამატებითი საკითხის შესწავლისთვის. ევროსასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე, ამიტომაც მოუწოდა სააკაშვილს, რომ შეეწყვიტა შიმშილობა და პარალელურად ასევე დაავალა ხელისუფლებას, ვისი პასუხისმგებლობაცაა, ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სათანადო ზრუნვა.

მეორე – ევროსასამართლომ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი შიმშილობს და აპროტესტებს. ასევე გაიზიარა ის, რომ ამას სჭირდებოდა სასწრაფო რეაგირება და სწორედ ამიტომაც მიიღო ეს საქმე წარმოებაში.

ასევე ევროსასამართლომ მხარეებს დაუტოვა დრო – 24-მდე იპოვონ პოლიტიკური გამოსავალი. ასეთი გამოსავალი რამდენჯერმე შესთავაზეს „ქართულ ოცნებას“, წინა სხვა კრიზისებში – დაწყებული პროპორციული არჩევნებით, 20 ივნისის შემდგომ პროცესებით. არც ერთი ეს შეთავაზება „ქართულ ოცნებას“ არ გამოუყენებია არასდროს. პირიქით, საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. ახლაც ზუსტად იმავეს აგრძელებს.

„აჭარული ღვინის სახლი“ – გემრიელი და საინტერესო თავგადასავალი სტუმრებისთვის

როცა ბათუმელებს აჭარული კერძები მოენატრებათ, თანაც ისეთი ნოყიერი და გემრიელი, როგორსაც სახლში ამზადებენ, „აჭარულ ღვინის სახლს“ ეწვევიან.

„აჭარული ღვინის სახლი“ გარდა მრავალფეროვანი მენიუსი, ბევრ სხვა საინტერესო და სასიამოვნო თავგადასავალს სთავაზობს სტუმრებს.

სადილი შატოს ტიპის რესტორანში უსაფრთხო გარემოში

„აჭარული ღვინის სახლის“ სამზარეულო გამორჩეული და განსხვავებულია. იმისთვის, რომ თითოეული ტრადიციული კერძი სწორედ ისეთი იყოს, როგორსაც მაღალმთიან სოფლებში საუკუნეების განმავლობაში ამზადებდნენ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადგილობრივი მზარეულები ყველა საჭირო ინგრედიენტს საკმარისზე მეტი რაოდენობით იყენებენ. ყველა კერძი სახლში მომზადებულს ჰგავს, ოღონდ უფრო დახვეწილი ვიზუალით. აქ განსაკუთრებით მოსწონთ ფხალ-ლობიო, კიტრის სალათი, მჭადი, კაიმაღი და ჩლეჩილი ყველი, იახნი, სინორი. თუმცა აქ ყველა კერძი გემრიელია.

სადილობა ოჯახებსა თუ მეგობრებს შეუძლიათ როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. აჭარის ბუნების მშვენიერება აქ დარბაზებშიც აღწევს – დიდრონი ფანჩატურებიდან ულამაზესი ეზო, ვაზის ბაღი, მთები და მდინარე მოსჩანს. დახურულ სივრცეში სადილობა ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ღია სივრცეში, რადგან აქ ყველა რეგულაცია დაცულია, ამიტომ აქ დროს მშვიდად და სასიამოვნოდ გაატარებთ.

ღვინის დეგუსტაცია

ღვინის სახლში ბუნებრივია ღვინოც საუკეთესო აქვთ. რესტორანში შეგიძლიათ ერთდროულად დააგემოვნოთ რამდენიმე სახეობის ღვინო. ჩვენი მიმტანები, როგორც სომელიები, აქ მოსულ სტუმრებს უხსნიან, როგორ შეიგრძნონ ღვინის თითოეული წვეთის გემო. განსაკუთრებულია აქვე ჩამოსხმული ჩხავერი, რომელიც ბრენდ „პორტო ფრანკოთია“ ცნობილი. ეს ღვინო ჩხავერისგან მზადდება, რომელიც დასავლეთ საქართველოში ვაზის უნიკალური ჯიშია. აღნიშნული ღვინო მოვარდისფროა და ის განსაკუთრებით ქალებს მოსწონთ. არის როგორც მშრალი, ასევე ნახევრად ტკბილი.

კომპანია ასევე აწარმოებს ქვევრში დავარგებულ თეთრ, წითელ მშრალი და ტკბილ ღვინოებს, სხვადასხვა ხილის არომატის მქონე ბაბაურის კასრში დავარგებულ ჭაჭასა და შუშხუნა ღვინოს. სასმელების დაგემოვნებისთვის მთლიანი ბოთლის ყიდვა არ მოგიწევთ, ამიტომ აქ წარმოებული პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ეთნოგრაფიული მუზეუმი

„აჭარულ ღვინის სახლში“ აჭარის ავთენტური გარემოა. იგი მოიცავს საფეხმალო ბილიკებს, ადგილობრივი ვაზის ჯიშის მცირე ხაზს, მარანს, ენოთეკას, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაწყობილ ოთახებს. ინტერიერში ყველა დეტალი ისე არის შერჩეული, რომ თავი ეთნოგრაფიულ მუზეუმში იგრძნოთ. აქვე ნახავთ წინა საუკუნის ქვის საწნახელს, აჭარული ოჯახის ყოფის ამსახველ ისტორიულ არტეფაქტებს. თითოეული ნივთი თუ დეკორაცია უნიკალურია და თავის ისტორიას ჰყვება. ამიტომაც რესტორნის ენოთეკას მცირე ზომის მუზეუმის დატვირთვა აქვს. აქ ზოგიერთი ნივთის ახლოს ნახვა და შეხებაა შესაძლებელი.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დაწურვის რიტუალშიც.

შეჩერებული წამი

თითქმის ყოველდღე რესტორნის სტუმრები არიან მექორწილეები, ბაღისა და სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებსაც სურთ დაუვიწყარი მოგონებები და აქ ყოფნის თითოეული წამის დაფიქსირება. ინდივიდუალური თუ ჯგუფური ფოტო და ვიდეოსესიებისთვის მომხიბვლვლელი ვაზის ხეივანი, ეთნოგრაფიული კუთხე და ღვინის სახლის საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობები.

კომპლექსში არსებულ კოშკზე ასვლა განსაკუთრებით შეყვარებულ წყვილებს ხიბლავთ. აქ ხშირად სთხოვენ ხელს თაყვანისმცემლები თავიანთ რჩეულებს.

და ეს ყველაფერი არ არის… ამაში რომ დარწმუნდეთ, უნდა ეწვიოთ „აჭარულ ღვინის სახლს“, სადაც დაუვიწყარი თავგადასავალი გელით.

ღვინის სახლი მუშაობს ყოველდღე, 10 საათიდან 22:00 საათამდე.

დასაჯავშნად დარეკეთ:

577 21 40 02
577 21 40 01
577 21 40 21

ევროპისა და აზიის ფერმებში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ბოლო დღეებში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ევროპასა და აზიაში ფრინველის მძიმე გრიპის რამდენიმე აფეთქება დააფიქსირა.

ჩინეთში ამ წლის მონაცემებით უკვე 21 ადამიანი დაინფიცირდა ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით, რაც ამ ვირუსის გავრცელების 2020 წლის მთლიან მაჩვენებელზე მეტია.

სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა ვირუსის აფეთქების შემთხვევა ფრინველის ფერმაში. ინფორმაცია ამის შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს სამხრეთ კორეის ხელისუფლების ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა. ფერმაში ყველა ფრინველი დახოცეს.

ასევე, გასულ კვირას იაპონიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააფიქსირა ფრინველის გრიპის 2021 წლის ზამთრის სეზონის პირველი აფეთქება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მეფრინველეობის ფერმაში. სეროტიპი ამ ეპიდაფეთქებაში იყო H5N8.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში, ნორვეგიაში, დაფიქსირდა H5N1 ფრინველის გრიპის აფეთქება ფრინველების ფერმაში.

Reuters-ი წერს, რომ მას შემდეგ, რაც ანტვერპენის მახლობლად ფრინველის გრიპის მაღალი პათოგენური ვარიანტი გამოვლინდა, ბელგიის მთავრობამ ბრძანება გასცა, რომ მიმდინარე კვირიდან ფერმერებს შინაური ფრინველები ჰყავდეთ დახურულ სივრცეში.

Guardian-ი წერს, რომ ამ თვის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა ფრინველის გრიპის პრევენციული ზომა, რაც ავალდებულებს ფრინველის ყველა მეპატრონეს მკაცრი ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შოტლანდიაში ფრინველის გრიპის გავრცელების საპასუხოდ ფრინველების გუნდი დახოცეს.

ფრინველის გრიპის გავრცელება პირველ რიგში მეფრინველეობის ინდუსტრიას ემუქრება, რადგან ამ ვირუსის აფეთქებების შედეგად, წინა წლებში, ფერმებში ათობით მილიონი ფრინველი განადგურდა. მსგავსი ეპიდაფეთქებები ასევე ხშირად იწვევს შეზღუდვებს ვაჭრობაში.

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებები ჩვეულებრივ შემოდგომაზე ხდება, მას გადამფრენი გარეული ფრინველები ავრცელებენ.

დღეისთვის ცნობილია, რომ ფრინველის გრიპის H5N1-ვირუსით შესაძლოა დაინფიცირდნენ გარეული და შინაური ფრინველები, ღორები, ცხენები, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ვეშაპები, სელაპები და ადამიანები. კვლევები ადასტურებს, რომ ვირუსის მასპინძელთა წრე თანდათან ფართოვდება.

ფრინველის გრიპი ადამიანს გადაეცემა ინფიცირებულ ფრინველთან შეხების ან მისი საკვებად გამოყენების შემთხვევაში.

ბათუმში ორმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო

მოძრაობას – „შენთან ერთად“ წევრები კახა  მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე ბათუმში, ენმ-ს ოფისში შიმშილობას იწყებენ. მათი განცხადებით, შიმშილობის მოტივი სოლიდარობაა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში.

„შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას, რომელსაც მივიჩნევთ ამორალური ადამიანებისგან შემდგარ დაჯგუფებად, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენები და მათი ნაბიჯებიც მოწმობს, ვუბიძგოთ მორალური გადაწყვეტილებებისკენ, მაგრამ თუ ამ პროტესტს შემოუერთდებიან სხვებიც და ვიქნებით უფრო ბევრნი,  ეს იქნება იძულების მექანიზმი ჩვენს ხელში,“- ამბობს კახა მიქელაძე.

მოშიმშილეების მოთხოვნაა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რადგან მათი აზრით, პროცესი გასცდა მართლმსაჯულების ფარგლებს და პირადი ანგარიშსწორების სახე მიიღო.

„ის, რასაც ვხედავთ, არის პირადი ანგარიშსწორება, რადგან ადამიანს მათი უსამართლო სასამართლოს უფლებაც წაართვეს და არ მიჰყავთ სასამართლო პროცესებზე. ინკვიზიციის თანამედროვე მოდელია რაღაც ის, რასაც ვხედავთ,“ – ამბობს კახა მიქელაძე „ბათუმელებთან“.

სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ათი წევრი შიმშილობს, მათ შორის, ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა.

სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო შიმშილობა გიორგი ბარამიძემაც.

როგორ აიღებს პენსიონერი აცრის შემდეგ 200-ლარიან დანამატს

8 ნოემბრიდან საქართველოში ყველა პენსიონერი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ჩაიტარებს, 200 ლარს იღებს ერთჯერადი საპენსიო დანამატის სახით.

ვაქცინაციის წამახალისებელი ეს აქცია ვრცელდება იმ პენსიონერებზე, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული თანხა პენსიონერს „ლიბერთი ბანკში“, მისივე ანგარიშზე ჩაერიცხება.

სააგენტოს ცნობით, ის მოქალაქეები, რომლებიც აცრის პირველ დოზას 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაიკეთებენ, ერთჯერად დანამატს 2022 წელს მიიღებენ.

200-ლარიანი საპენსიო დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

საპენსიო დანამატს მიიღებენ მხოლოდ ის პენსიონერები, რომლებიც პირველ აცრას ახლა ჩაიტარებენ.

ბათუმში გაიმართება სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

28 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი” გაიხსნება. 

„პირველი ავტოგრაფი“ 7 დღეს გაგრძელდება და 5 დეკემბერს დასრულდება. 

ფესტივალი ბათუმში ერთდროულად სამ სცენაზე გაიმართება – ბათუმის დრამატულ თეატრში, თეატრში – „ახალი სცენა“ და თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 

ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ „არტ პორტალი.“

ფესტივალის დირექტორი, მიხეილ გაბაიძე ამბობს, რომ „პირველ ავტოგრაფზე“ წელს დაახლოებით 12 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილო. მისივე თქმით, საყმაწვილო-სასკოლო დასები შერჩეულია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

რეპერტუარის შერჩევა სასკოლო დასებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა ქართული ნაწარმოების წარდგენა.

ასევე, სკოლები წყვეტენ იმასაც, რა ასაკის მოსწავლეებისგან შედგება დასები. 

„ჩვენ სკოლებს ვუთხარით – თუ თქვენ სპექტაკლში გჭირდებათ 6 წლის ბავშვი, იყოს 6 წლის ბავშვიც, მაგრამ ვურჩიეთ, რომ არ ყოფილიყვნენ მეთორმეტეკლასელები, რადგან აბიტურიენტები არიან, შეიძლება ვერ მოიცალონ. ეს რეკომენდაციის სახით, თუმცა ასაკზე შეზღუდვა არ გვაქვს. მთავარია, იყვნენ სკოლის ასაკის ბავშვები,“ – ამბობს მიხეილ გაბაიძე.

ფესტივალის ორგანიზატორები ინფორმაციას ფესტივალის შესახებ „ზუმისა“ და „თიმსის“ საშუალებით აწვდიდნენ სკოლებს:

„აღმოჩნდა, რომ მეტწილად, დასები ამ ფესტივალისთვის შეიქმნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი-ორი სკოლა იყო, სადაც სპექტაკლის მომზადების გამოცდილება ჰქონდათ, დასები არ ჰყავდათ.

ვთხოვეთ, რომ ყველა დასისთვის დაერქმიათ სახელი, რაც ერთგვარად ბიძგი იქნება იმისთვის, რომ თუ მომავალ წელს ბავშვები შეიცვლებიან, სასკოლო დასი გააგრძელებს სიცოცხლეს,“ – აღნიშნა მიხეილ გაბაიძემ. 

უკვე ცნობილია სპექტაკლების ჩამონათვალიც, რომლებსაც მოსწავლეები წარადგენენ.

მაგალითად: ბათუმის №1 საჯარო სკოლა მუშაობს „ბაკულას ღორებზე“; №2 საჯაროს სკოლა ნოდარ დუმბაძის „ბოშების“ წარდგენას აპირებს; ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ გოდერძი ჩოხელის „მართა“ აირჩია; ქობულეთის სოფელი საჩინო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ წარადგენს ნაწყვეტს; ხელვაჩაურიდან ჭარნალის სკოლის დასი „ჩხიკვთა ქორწილზე“ მუშაობს და ა.შ.

15-დან 20 ნოემბრამდე მოსწავლეები სპექტაკლებს ღონისძიების ორგანიზატორებსა და ხელმძღვანელებს წარუდგენენ. მიხეილ გაბაიძის თქმით, სპექტაკლები სცენებზე გადანაწილდება მათი სპეციფიკისა და მასშტაბის მიხედვით.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ღონისძიება დაიყოფა საფესტივალო და არასაფესტივალო რეპერტუარებად. 

ორგანიზატორის განმარტებით, ამგვარი განაწილება დამოკიდებულია ფესტივალში მონაწილე დასების რაოდენობასა და თეატრალური სივრცეების თავისუფალ განრიგზე. მისივე თქმით, საფესტივალო სპექტაკლების შერჩევისას ყურადღება მიექცევა მეტყველებას, სასცენო კოსტიუმებს, მუსიკალურ გაფორმებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. 

„არასაფესტივალო წარმოდგენებს კი წლის განმავლობაში, სადაც მათ მოესურვებათ ან ჩვენ შევთავაზებთ სივრცეებს, მაინც ჩავატარებთ, რომ დასებმა არ დაკარგონ ენთუზიაზმი და მოემზადონ მომავალი წლისთვის,“ – ამბობს მიხეილ გაბაიძე. 

ფესტივალზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს 5 ნომინაციაში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი ვაჟი. 

ნომინაციებში გამარჯვებული დასებისთვის შერჩეულია ჯილდოც:

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პრიზი გვექნება. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. გვინდოდა ყოფილიყო რამე ბათუმთან ასოცირებული, ეს იქნება ისტორიის გაცოცხლება. ჩამოისხმება და იქნება ღირებული სკულპტურა, რაც ასოცირდება ბათუმთან.”

ფესტივალის დირექტორი მიხეილ გაბაიძე და სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი მიზნად ისახავენ თეატრის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

„პროექტის მიზანია ახალგაზრდებს შევაყვაროთ თეატრი, რადგან, არ მოვერიდები ამის თქმას, ზოგიერთმა მათგანმა თეატრის მისამართიც კი არ იცის.

სამინისტროსაც ამ პროექტის შექმნის იდეა გაუჩნდა მას შემდეგ, რაც დრამატულ თეატრში გამოჩნდა სპექტაკლი „ჰელადოსი“. მას მოჰყვა დიდი გამოხმაურება და ვაპირებთ, რომ სწორედ ამ სპექტაკლით გავხსნათ ღონისძიება“ – ამბობს მიხეილ გაბაიძე. 

ფესტივალის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს და ფინანსდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

„გვექნება, როგორც ამას ვუწოდეთ, სუფთა დაფა – კითხვარი, რომელიც ყველას დაურიგდება და ვისაც რა მოესურვება, შეძლებს დაწეროს, იქნება ეს შთაბეჭდილება, ჩანახატი თუ კრიტიკა.

ერთ-ერთი კითხვა იქნება იმის შესახებ, თუ რა სიხშირით უნდა მაყურებელს, რომ ეს ფესტივალი იმართებოდეს – წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ და ა.შ“ – ამბობს მიხეილ გაბაიძე. 

პროექტის ორგანიზატორებს სურთ, საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი საერთაშორისოდ აქციონ.

______________

ფოტოზე: საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება ბათუმის დრამატულ თეატრში.

ბათუმში გაიხსნა ინტელიექსპრესისა და ინექს გრუპის ახალი ფილიალი

დღეს, ბათუმში, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის და საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო საფოსტო გადამზიდი კომპანია ინექს გრუპის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N50-ში, ახალი ფილიალი გაიხსნა. 

ინტელიექსპრესი და ინექს გრუპი მუდმივად აფართოვებენ საკუთარ ქსელს და ამატებენ ახალ სერვისებს. ამავე 2021 წელს კომპანიებმა ერთობლივი, ახალი, ფილიალები გახსნეს, როგორც საზღვარგარეთ: თურქეთში (სტამბული, Tel.: +902125300110), იტალიასა (რომი, Tel.: +3906636945) და კვიპროსში (პაფოსი, Tel.: +35726652575), ისე საქართველოში: გორსა და თბილისში. 

ინტელიექსპრესი მსოფლიოში ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. მისი მრავალფეროვანი ფინანსური სერვისებით სარგებლობა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. სერვისი მოიცავს: სწრაფ ფულად გზავნილებს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, თანხის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ფილიპინებში, პაკისტანსა და ინდოეთში, სალომბარდე და იპოთეკურ სესხებს და სხვა. კლიენტთა მომსახურების მაღალ სტანდარტებთან ერთად, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა  ისარგებლონ კონკურენტული ტარიფებითა და ინდივიდუალური შეთავაზებებით.

ბათუმის ფილიალში ასევე შესაძლებელია ინექს გრუპის სრული სერვისებით სარგებლობა. ონლაინ გამოწერილი, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების მიღება და გაგზავნა. ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ინექს გრუპი  საშუალოდ 3 მილიონ კილოგრამამდე ამანათის ტრანსპორტირებას ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს ყველაზე მსხვილი კერძო გადამზიდი კომპანიის სტატუსს, რომელიც მუდმივად ზრუნავს კომპანიის განვითარებაზე. დღეის მდგომარებით ინექს გრუპი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 46 სერვის ცენტრით.

საქართველოში ინექს გრუპის ფილიალები იხილეთ ბმულზე

ინტელიექსპრესის ფილიალების სრული სიის სანახავად კი მიჰყევით ბმულს.

საქართველოში ცხვრისა და თხის რაოდენობა კვლავ მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის III კვარტალი წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ცხვრისა და თხის რაოდენობა კვლავ მცირდება.

სტატისტიკის თანახმად, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0 პროცენტით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა.

ბოლო ერთ წელში შემცირდა ღორისა და ფრინველის რაოდენობაც.

სტატისტიკის თანახმაც, საქართველოში ღორის რაოდენობა 232.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 16.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით ჩამორჩება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში მეცხოველეობის შესახებ 2021 წლის საბოლოო მონაცემები 2022 წლის 15 ივნისს გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე: 

ქართული ცხვრის ბიზნესი და პრობლემები

Exit mobile version