მთავარი,სიახლეები

რა ღირს კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება

13.10.2021 • 8451
რა ღირს კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება

თუკი საცხოვრებელ კორპუსში ბინები გადააკეთეს, კედლები დაშალეს, კორპუსს რამე დააშენეს ან მიაშენეს, ვინ შეამოწმებს და რა ფასად? – ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ.

„ბათუმელებმა“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იკითხა: რა პირობებით არის შესაძლებელი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური შემოწმება და რა ფასად?

ექსპერტიზის ბიუროში განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ შემთხვევაში ექსპერტიზის წინაშე სწორად დაისვას კითხვა, რაზეც შემდეგ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

„ექსპერტიზის დანიშვნამდე, მოქალაქეს ადგილზე აქვს შესაძლებლობა  უფასო კონსულტაცია გაიაროს დარგის მაღალკვალიფიციურ ექსპერტთან, რომელიც ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ყველა კითხვაზე და ასევე, დაეხმარება სასურველი კვლევის სრულფასოვნად ჩატარებისთვის,  ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სწორად ფორმულირებაში,“ – მოგვწერეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.

შენობის მდგრადობასა თუ სხვა ტექნიკურ პრობლემებზე ტარიფები მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული. ამ დადგენილებას ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზეც ნახავთ.

დადგენილების მიხედვით, მაგალითად, ვიზუალური დათვალიერებით ტექნიკური მდგომარეობის დადგენის ტარიფები ასეთია:

  • 0-დან 500 კუბურ მეტრამდე – 200 ლარი
  • 501 კუბური მეტრიდან – 5 000 კუბურ მეტრამდე – 500 ლარი
  • 5001-დან – 10 000 კუბურ მეტრამდე – 1000 ლარი

ამის შემდეგ ყოველ 5 ათას კუბურ მეტრზე მომსახურების საფასურს 200 ლარი დაემატება.

იმავე დადგენილების მიხედვით, კონსტრუქციაში ბზარების მონიტორინგი 100 ლარი ღირს [ერთი კონსტრუქცია], ხოლო შენობის ერთ ნაწილზე უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევის დადგენა 300 ლარად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ვადებს – ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ საინჟინრო ექსპერტიზას 30 სამუშაო დღე სჭირდება, თუმცა დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დაინიშნოს დაჩქარებული ექსპერტიზა, როცა დასკვნა 10 დღეში დაიდება. ამ შემთხვევაში დამკვეთი მომსახურების გაორმაგებულ საფასურს იხდის.

„ექსპერტიზის სრულფასოვნად  ჩატარებისთვის აუცილებელია ექსპერტს მიეცეს შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გამოსაკვლევი ობიექტი,“ – აღნიშნეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

______________

ფოტოზე: ბზარები გორგასლის 153 ნომერში მდებარე სახლის კედლებზე. ფოტო: FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: