მთავარი,სიახლეები

„მე დიასპორა არ ვარ“ – რატომ არ ესმის პარლამენტს ეთნიკური უმცირესობების

18.03.2021 • 1505
„მე დიასპორა არ ვარ“ – რატომ არ ესმის პარლამენტს ეთნიკური უმცირესობების

დღეს, 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა, საპროტესტო აქციას გამართავს სლოგანით – „მე დიასპორა არ ვარ“.

16 მარტს საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შექმნა. პროტესტი სწორედ დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს კომიტეტი სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს როგორც დიასპორას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“. „ბათუმელები“ ქამრან მამადლის – ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა.

ქამრანი საზოგადოებას და მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას განუმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება იყვნენ საქართველოში დაბადებული და აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დიასპორების ნაწილი.

„საქართველოს მოსახლეობის 6,3 პროცენტი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მთლიანობაში მოსახლეობის 13,2 პროცენტი არის ეთნიკური უმცირესობა. დიასპორა, აკადემიური განმარტებით ნიშნავს ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც ისტორიულად კავშირი ჰქონდათ რომელიმე სახელმწიფოსთან და რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი გადაცხოვრდნენ, გადავიდნენ სხვა ქვეყანაში.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს მიგვაჩნია, რომ არასდროს არ ვყოფილვართ სხვა ქვეყნის ნაწილი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს ნაწილი, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ჩვენი დიასპორად მონიშვნა, არსებითად პრობლემურია ჩვენთვის“, – ამბობს ქამრან მამადლი.

საპროტესტო აქცია – „მე დიასპორა არ ვარ“.

დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მოითხოვენ გაუქმდეს დიასპორის კომიტეტის ბაზაზე შექმნილი კომისია და ეს კომისია შეიქმნას ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის კომიტეტის ბაზაზე.

„ასევე მნიშვნელოვანია კომისიის წევრების შერჩევის საკითხიც. დიასპორის კომიტეტის შემთხვევაში ეს პროცესი იყო გაუმჭვირვალე, არაინკლუზიური, დახურული, რადგან ამდენი ხანია ამ სფეროში ვართ და ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ასეთი კომისია იქმნებოდა პარლამენტში. არანაირი კონსულტაცია არ გაუვლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფარული, დახურული პროცესის შედეგად შექმნილი კომისია ხელისუფლებამ სპეციალურად შეარჩია, რადგან ასეთი კომისია არსებითად კრიტიკულ პოზიციებს და მოსაზრებებს არ დააყენებს კომისიის მუშაობის პროცესში“, – მიიჩნევს ქამრან მამადლი.

მისი აზრით, დიასპორის კომიტეტში ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის კომისიის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან პრობლემური მიდგომაა, რადგან დიასპორის კომიტეტის ქვეშ ასეთი კომისიის შექმნა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავს სხვა ქვეყნის დიასპორად. „ამდენი წლის განმავლობაში, მაგალითად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ცდილობს, რომ მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც აუხსნას და დაუმტკიცოს, რომ ჩვენ საქართველოში არ ვართ არც ერთი ქვეყნის დიასპორა და ჩვენ ვართ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ იმ არსებით თანასწორობას საქართველოში, რომელიც დეკლარირებულია. თუმცა ამ გადაწყვეტილებით ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად აცხადებს, რომ არის სამოქალაქო თანასწორობის და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ეთნიკურ, ეროვნულ, რელიგიურ თუ სხვა ნებისმიერ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი საქართველოს მოქალაქეობაა, ამ გადმოსახედიდან, როცა სახელმწიფო მაინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და უქვემდებარებს ასეთ კომისიას დიასპორის კომიტეტს, ეს ცალსახად გვაფიქრებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს გააზრებული ის, რომ ჩვენ არ ვართ დიასპორა“, – ამბობს ქამრანი.

სახელმწიფო საუბრობს, რომ ამ კომისიის შექმნით, ეთნიკურ უმცირესობებს ინტეგრაციაში უნდა შეუწყოს ხელი, რაზეც ქამრან მამადლი ამბობს, რომ ეს არის ზედაპირული განცხადებები. „საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო თანამეგობრობის და დღეს არსებული ლიბერალური პერსპექტივის გამოძახილია ეს განცხადებები, რომლებიც შინაგანად არ აქვს ხელისუფლებას გააზრებული. ჩვენი შეფასებით, პოლიტიკური ელიტა ასეთი პერსპექტივიდან უყურებს ეთნიკურ უმცირესობებს. სწორედ ეს გვიბიძგებს იქეთკენ, რომ ხმა ავიმაღლოთ“, – ამბობს ქამრანი.

ქამრანს ვკითხეთ, თუ რატომ არ ჰქონდათ კრიტიკული პოზიცია იმ ადამიანებს, ვინც ეთნიკური უმცირესობების სახელით ესწრებოდა პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნას.

ქამრან მამადლი ამბობს, რომ ის ვერ იქნება მათ მიმართ ძალიან კრიტიკული. „ჩვენ გვესმის მათი, რადგან ეთნიკური უმცირესობები იმდენად არიან გარიყულები ჩვენს საზოგადოებაში, რომ ის პლატფორმა, რაც პარლამენტში იქმნება და მათ ეპატიჟებიან საუბრისთვის, შეიძლება რაღაც მომენტში მაცდური იყოს კონკრეტული წარმომადგენლებისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაკრიტიკებთ თემის წარმომადგენლებს, რადგან თავისთავად, ასეთი საბჭოს შექმნა არ არის პრობლემური, პირიქით პარლამენტთან, მთავრობასთან უნდა არსებობდეს ასეთი საბჭოები, სადაც უმცირესობების წარმომადგენლები შეძლებდნენ თავიანთი ხმა და წუხილები, გამოცდილება, გამოწვევები მიიტანონ სახელმწიფოსთან. მაგრამ ასეთი წარმომადგენლობები არ უნდა არსებობდეს დიასპორის კომიტეტის ფრთის ქვეშ“, – ამბობს ქამრან მამადლი.

დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე არა მარტო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოვლენ, რომლებიც წლებია ამ სფეროში აქტიურად მუშაობენ და იცავენ უმცირესობების უფლებებს.

რატომ გადაწყვიტეს მსგავსი კომიტეტის შექმნა? – ამ კითხვის დასმა „ბათუმელებმა“ სცადა ბექა ოდიშარიასა და რიმა ბერაძესთან. ისინი ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

__________________________________

მთავარი ფოტო: „მე დიასპორა არ ვარ“- ელნურ ალისოის ფეისბუქის გვერდიდან

_________

ამავე თემაზე:

ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: