„სოლიდარობის თემს“ ტოლერანტობის ქომაგის პრიზი გადასცეს.
„სოლიდარობის თემი“ სულ რაღაც 6 თვეა რაც დაარსდა ხულოში, თუმცა ამ მოკლე დროში თემის წევრებმა შეძლეს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე და პრობლემაზე მუშაობა.
„სოლიდარობის თემს“ 10 ახალგაზრდა აქტივისტი ჰყავს ამ დროისთვის, რომელთა მთავარი მიზანი დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მსხვერპლი ადამიანების თუ კონკრეტული ჯგუფების სოლიდარობა და სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერაა.
„ბათუმელები“ სოლიდარობის თემის ერთ-ერთ დამფუძნებელს ზაზა მიქელაძეს ესაუბრა, რომელსაც ვკითხეთ, თუ რამ განსაზღვრა ტოლერანტობის ქომაგის პრიზით თემის დაჯილდოება და რატომ არის ეს ახალგაზრდა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი.
„ჩვენი პირველი გამოჩენა საჯარო სივრცეში უკავშირდება სოლიდარობას ეთნიკური უმცირესობების მიმართ, როდესაც მათ ჰქონდათ პროტესტი იმაზე, რომ სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობების საკითხები გადაიტანა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის საქმიანობაში – საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები განიხილა არა როგორც საკუთარი მოქალაქეები, არამედ როგორც უცხო ქვეყნის დიასპორა.
ჩვენ ამ დროს გამოვიჩინეთ სოლიდარობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ეს იყო ჩვენი პირველი აქტიურობა.
შემდეგი აქტიურობა უკავშირდება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, როცა ჩავატარეთ აქტიური კამპანია „თავისუფლების მეჩეთის“ მხარდასაჭერად და ამაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და მეგობარი გვიჭერდა მხარს.
მესამე და საკვანძო საკითხი ვფიქრობ იყო 5 ივნისის ამბებზე ჩვენი თანმიმდევრული და მყარი პოზიცია – ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ინკლუზიური, თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და მისი ფუნდამენტური უფლებები იქნება უზრუნველყოფილი, სადაც ადამიანებს უფლება ექნებათ გამოიყენონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, – გამოხატვის და შეკრების უფლება. ამის დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს“, – გვეუბნება ზაზა მიქელაძე.
მისი თქმით, „სოლიდარობის თემის“ თანმიმდევრულმა და მწყობრმა პოზიციამ, როგორც ეთნიკურ უმცირესობებთან, ასევე რელიგიურ უმცირესობებთან და ქვიარ თემთან მიმართებაში, განაპირობა სახალხო დამცველის და რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილება, მათთვის გადაეცათ ტოლერანტობის ქომაგის პრიზი.
რა გამოცდილება შეიძინა „სოლიდარობის თემმა“ ქვიარ თემთან მიმართებაში ამ პროცესებში – ვკითხეთ ზაზა მიქელაძეს. ის ამბობს, რომ ამ თემთან მიმართებაში სოლიდარობის თემი მოკვლევის პროცესშია და აქტიური კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. შესაბამისად, აპირებენ დაიწყონ უფრო აქტიური მუშაობა არა მხოლოდ მათი უფლებების ადვოკატირების, ასევე სოციალურ მხარდაჭერის კუთხითაც.
„5 ივნისის მოვლენების დროს, როდესაც რელიგიურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის მუსლიმთა სამმართველომ ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი შინაარსის განცხადება გააკეთა, ჩვენი პოზიცია იყო მყისიერი – დავუკავშირდით მუფთს და ავუხსენით, რომ ეს განცხადება შესაძლოა ყოფილიყო ძალადობის წამხალისებელი და დაღვრილიყო სისხლი.
ამის შემდეგ, თითქოს შეიცვალა მიდგომა – მუსლიმთა სამმართველომ და არა მარტო მათ, იეზიდთა უმაღლესმა სასულიერო საბჭომაც დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია. ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია მთელი პროცესის განმავლობაში მყარად დავიცავით, როგორც მედია სივრცეში, ასევე ჩვენს ოფიციალურ გვერდზეც და პერსონალი ურთიერთობების შემთხვევაშიც.
თუ ჩვენ გვინდა, რომ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უფლებები, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჯგუფის დისკრედიტაციის დროს ვიდგეთ იქ, სადაც ეს არის საჭირო. ამიტომ არ გვჯერა და არ გვწამს ფრაგმენტული თანასწორობის, ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება იარსებოს, იცხოვროს და ჰქონდეს კეთილდღეობა“, – ამბობს ზაზა მიქელაძე „ბათუმელებთან“.

„სოლიდარობის თემი“
„სოლიდარობის თემი“ არის რეგიონული ორგანიზაცია, თემის საქმიანობის ძირითადი არეალი არის აჭარა და საქართველოს ის რეგიონები, სადაც აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ კომპაქტურად.
„პირველი რიგში ჩვენი საქმიანობა არის მუსლიმი თემის უფლებრივი საკითხების კვლევა და ადვოკატირება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აჭარის და არა მხოლოდ აჭარის კონტექსტში, ისტორიის კვლევა, – ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ალტერნატიული ცოდნის შექმნას ქართველი მუსლიმების შესახებ იქნებიან ეს საზოგადო მოღვაწეები თუ დღეს არსებული სივრცის ფონზე, მისი განვითარების პროცესების ისტორიულ კონტექსტში.
ასევე ჩვენ გვაქვს ეკომიგრანტებისა და ქალების საჭიროებების ადვოკატირების საქმიანობა.
ასევე, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და ცენტრების განვითარება და ახალგაზრდების გააქტიურება, სამოქალაქო აქტივიზმის გამოცოცხლების ხელშეწყობა და როგორც უკვე აღვნიშნე, ქვიარ თემის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების ადვოკატირება“-ამბობს ზაზა მიქელაძე.
თუმცა როგორც მიქელაძე ამბობს, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, რომ „სოლიდარობის თემს“ ჰქონდეს მისი მკვეთრი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე.
„ბუნებრივია ჩვენ არ ვიზღუდავთ საკუთარ თავს და მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროცესში ყოველთვის გვქონდეს ჩვენი პოზიცია“-ამბობს ზაზა მიქელაძე.
„სოლიდარობის თემს“ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეზე გადაეცა.