მთავარი,სიახლეები

ავარიულობა 3 წლის წინ დადგინდა, მერია ისევ ექსპერტიზას ითხოვს – კორპუსი რურუას ქუჩაზე

16.11.2021 • 6710
ავარიულობა 3 წლის წინ დადგინდა, მერია ისევ ექსპერტიზას ითხოვს – კორპუსი რურუას ქუჩაზე

ბათუმში, რურუას ქუჩის პირველში საცხოვრებელი კორპუსი ადამიანებმა, 72-მა ოჯახმა,  თითქმის სრულად დაცალეს, რომლებიც წლებია მერიისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვდნენ.

ეს კორპუსი რომ ავარიულია, 2018 წელს დაადგინა ბათუმის მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა მას შემდეგ ამ მისამართზე არაფერი შეცვლილა. დღეს, 16 ნოემბერს, ბათუმის მერიამ ისევ ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

ადამიანებმა რურუას პირველში მდებარე კორპუსში, საკუთარ ბინებში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი გუშინ საღამოს თქვეს, როცა მოულოდნელად შენობის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა. კორპუსის ეზოში შეკრებილები ჟურნალისტებს მოუყვნენ, როგორ დაწერეს მორიგი წერილი და გაუგზავნეს მერიაში ერთი თვის წინაც, როცა 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუაპა.

„…შესწავლილი თუ იყო, არ მქონდა ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება ექსპერტიზის დასკვნა, რომ განვსაზღვროთ დეტალურად რა არის საჭირო: გამაგრება არის შესაძლებელი თუ დემონტაჟი უნდა მოხდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე, რომელიც გუშინ შემთხვევის ადგილზე ამბობდა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

ლელა სურმანიძის ინფორმაციით, კორპუსი ოჯახებმა თითქმის სრულად დაცალეს. 40 ოჯახი სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად, 10 ოჯახი, ვინც აქ ბინებს ფლობს, სოფელში ცხოვრობს, ხოლო სხვებმა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნათესავებთან არჩიეს გადასვლა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ 10 სამუშაო დღეში, დაჩქარებული წესით ელის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის შემდეგაც მერიაში გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რატომ არის საჭირო ექსპერტიზა ისევ, როცა დასკვნა უკვე არსებობს? – ვკითხეთ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს.

„იქ დეტალური კვლევა არ იყო გაკეთებული, სამი წლის წინანდელ დასკვნას ვერ დავეყრდნობით ახლა, რადგან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება განიცადა ამ შენობამ. ამ დასკვნით ვერ განსაზღვრავ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ შენობასთან მიმართებით,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს შევახსენეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნაში 34 ავარიული სახლის შესახებ დეტალური მონაცემებია და, მათ შორის, რურუას პირველში მდებარე კორპუსის შესახებ ცალსახად წერია ეს: „ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია“.

ექსპერტიზის დასკვნაში რურუას 1-ში მდებარე კორპუსზე წერია ესეც: „შენობის გამაგრება და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩასატარებელი სამუშაოების არარენტაბელურობიდან გამომდინარე“.

„მხოლოდ არარელევანტურობის და თანხის თვალსაზრისით ვერ ვიმსჯელებთ,“ – ამბობს ლელა სურმანიძე და დასძენს, რომ, მაგალითად, 2018 წელს მომზადებულ დასკვნაში გაურკვეველია, რას გულისხმობს ექსპერტი, როცა ის წერს, რომ შენობის ექსპლუატაციის ვადა 100 წელია.

„როგორც გავიგე, ეს კორპუსი აუშენებიათ 70-იანი წლების ბოლოს იმისთვის, რომ მშენებლებს ღამე გაეთიათ. ეს ყოფილა როგორც დროებითი საცხოვრებელი და აქ ოჯახები უკვე 40 წელია ცხოვრობენ,“ – აღნიშნა ლელა სურმანიძემ.

მაშინ რისთვის მომზადდა ეს დასკვნა 3 წლის წინ და რამდენი დაიხარჯა ამისთვის? ახალი დასკვნის მომზადებას რამდენი დასჭირდება? – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ახლა რამდენი დაჯდება ან ძველი რამდენი დაჯდა, არ ახსოვს, მაგრამ ადასტურებს, რომ ეს „ძვირადღირებულია“. ლელა სურმანიძე მიიჩნევს, რომ პრობლემაა, როცა ექსპერტიზის დასკვნას სამი წელი რეაგირება არ მოჰყვა, თუმცა ის ცდილობს აქცენტის გადატანას მომავალ წელზე, როცა სავარაუდოდ ავარიული სახლებისთვის 20 მილიონის დახარჯვაა დაგეგმილი.

რურუას ქუჩა # 1 ავარიული სახლი

„გეთანხმებით, რომ პრობლემაა. მე ვერ გიპასუხებთ… სამი წლის წინ რატომ ჩატარდა ეს ექსპერტიზა. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო, გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან გაყვანილია ოჯახები 2 – 3 წელი.

მთავარი არის ის, რომ ეს პრობლემა წამოიწია და ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული ავარიული სახლებისთვის,“ – გვითხრა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

რამდენ ხანს იქნებიან ადამიანები სასტუმროში? – ლელა სურმანიძე განმარტავს, რომ მერია ვერ მოსთხოვს ოჯახებს დაუყოვნებლივ დაცალონ საცხოვრებელი კორპუსი, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში არაა საუბარი იმაზე, რომ ეს საფრთხის შემცველია.

„რადგან შეშინდა მოსახლეობა და მეც ვნახე პირველ სართულზე დაზიანებული კედლები, კედლების შეერთება, ვამჯობინეთ, რომ გაგვეყვანა ეს ადამიანები,“ – დასძინა ლელა სურმანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: