დღეს, 8 დეკემბერს, მოძრაობა „არ გადადოს“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია პერფორმანსით ავარიული სახლების შესწავლა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის შესასვლელთან ავარიული სახლების ფოტოები გამოფინეს და გამოიტანეს აუდიომასალა, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ჰყვებიან, რა პირობებში უწევთ ცხოვრება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვონ შენობები სიცოცხლისათვის სახიფათო სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა.
„ჩვენ ვითხოვთ, მომზადდეს ავარიული სახლების ექსპერტიზის დასკვნები მერიის დაფინანსებით, ამის შესაძლებლობა მოსახლეობას არ აქვს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნაგერვაძემ.
აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ავარიული სახლების შესწავლაზე მოთხოვნა ბათუმში განსაკუთრებით 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში მდებარე სახლის სადარბაზოს ჩამონგრევისშემდეგ გაიზარდა. მუნიციპალურ ინსპექციაში ასობით განცხადება შევიდა საცხოვრებლის მდგრადობის შესწავლის მოთხოვნით.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროგრამა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე 8 დღით ადრე დააანონსა. მისი თქმით, 2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის ჩათვლით, ავარიულ სახლებში მცხოვრები სულ 3 ათასზე მეტი ოჯახის პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა პროგრამის დეტალებზე, როგორ მოხდება ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება, ან რაში დაიხარჯება 80 მილიონი ლარი, მთავრობა დაზუსტებულ ინფორმაციას არ ავრცელებს.
დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმში უჩვეულო სითბოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე მიაღწევს.
როგორც ობსერვატორიაში გვითხრეს, თბილი დეკემბერი ბათუმისთვის უცხო არ არის, თუმცა ასეთი სითბო დეკემბერში ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველადაა.
„აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ცივი იყო, დაბალანსდა და დეკემბერი გვაქვს სანაცვლოდ თბილი. იანვარი შედარებით ცივი იქნება,” – გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა, რუსუდან დიასამიძემ.
მეტეოროლოგების განმარტებით, ახლა ბათუმში აღმოსავლეთის მიმართულების თბილი ქარი ქრის.
ხვალ, 9 დეკემბერს, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიწევს, თუმცა 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს.
10-14 დეკემბრამდე ბათუმში ისევ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს და კვლავ დათბება.
_______________
ფოტო გადაღებულია ბათუმში დღეს, 8 დეკემბერს. ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალის სასარგებლოდ ყოფილ მეუღლეს, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ქალის უფლებებს საია იცავდა.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა, რომ ოჯახში ძალადობა 5 თვის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. აღნიშნულმა დანაშაულმა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და სარჩელი სრულად დააკმაყოფილა“, – აცხადებენ საიაში.
მათივე ინფორმაციით, „სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე განიხილა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებს და ასევე, მკვეთრად ამსუბუქებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს სხვა ტიპის საქმეებთან შედარებით. კერძოდ, გამარტივებული წარმოებისას მოპასუხეს შესაგებლის მოსამზადებლად ეძლევა არაუმეტეს 7 დღისა და საქმე განიხილება 1 თვის ვადაში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის პირობებში, დადასტურებულად მიიჩნევა ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები“.
საიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მსხვერპლთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს გამარტივებული წარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და დაჩქარებული ვადებში, ნაკლები მტკიცების ტვირთის პირობებში აინაზღაურონ ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება სასამართლომ მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს მიიღო.
8 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.
stopcov.ge-ის ინფორმაციით,თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარაში – 205, იმერეთში – 635, ქვემო ქართლში – 250, შიდა ქართლში –366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 316, კახეთში – 169, მცხეთა-მთიანეთში – 92, სამცხე-ჯავახეთში –235, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –51.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 45 298 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
51 წლის ნინო მახარაძემ ფული ისესხა და ბათუმიდან იტალიაში ერთი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. შინ მეუღლე, მოხუცი დედა, შვილები და შვილიშვილები დარჩნენ. ნინომ, ემიგრანტების უმრავლესობის მსგავსად, ქვეყანა სიდუხჭირის გამო დატოვა.
ნინო ოჯახის წევრებს საღამოობით ვიდეოთვალით ხედავს, შინ დაბრუნებაზე ოცნებობს და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება.
თითქოს არაფერი განსხვავებული. ყველა ზემოთ ნახსენები ამბავი მეორდება ემიგრანტებთან, მაგრამ ნინო ჰყვება ბევრს, ჰყვება ყველაფერზე და თან ამბობს, რომ შეუძლებელია ერთ ინტერვიუში ილაპარაკოს ყველაფერზე, რაც ემიგრანტობის წლებს სდევს თან.
ნინო მახარაძის ნაამბობი:
დილა მოხუცის გაღვიძებით იწყება, რომელიც ვერ გცნობს, ვერ გელაპარაკება, ალცჰაიმერი აქვს. როგორც პატარა, უსუსურ ბავშვს, ისე უნდა მოუარო. დღე იწყება მისი მოვლით, გაღვიძებით, წამალი უნდა მისცე, უნდა დაბანო, აჭამო შენი ხელით, მერე უნდა დაასვენო და ისე სათუთად უნდა მოუარო, რომ ერთი შენიშვნაც კი არ უნდა დაიმსახურო შვილებისგან, მისგან.
ხანდახან სიბრალულის გრძნობა გიჩნდება, გეცოდება, ხანდახან გიყვარს კიდეც.
ზუსტად წუთი წუთზე უნდა მისცე წამალი, დროზე უნდა ასადილო, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დააძინო, გააღვიძო, არაფერი არ უნდა შეგეშალოს.
ყველა მისი ამბავი, ინფორმაცია შვილებს უნდა გადასცე, უამბო, როგორ მოუარე და ბოლოს ფოტო უნდა გაუგზავნო.
ხანდახან ვერ იტან ვერც მას, ვერც საკუთარ თავს და ამ ყოფაში ხარ. ასეთ დროს თუ თავი ხელში არ აიყვანე, თუ ისევ თვალწინ არ დაგიდგა სიტუაცია, რაც დატოვე ბათუმში, ჩაალაგებ ბარგს და წახვალ.
ძალიან გაჭირვებული უნდა იყოს ქვეყანა და ადამიანი, ამხელა გზაზე რომ ჩამოვიდეს ასეთ სამუშაოზე, თან ამ ფასად
თავიდან ენა არ ვიცოდი და ძალიან გამიჭირდა, თან ისე გიყურებენ მოხუცის შვილები, რახან ასეთ სამუშაოს დათანხმდი და ამხელა გზაზე ჩამოხვედი… ჰგონიათ, რომ არაფერი იცი, შენს ქვეყანაში თანამედროვე არაფერია, არც კერძის მომზადება იცი, არც ცნობა, არც გემოვნება და განათლება გაქვს.
ეს ყველაფერი რომ დაანახო სანამ ენას ისწავლი, მუნჯურად ძალიან ძნელია. ღმერთს მადლობა, ენა მალე ვისწავლე. გამუდმებით ვუსმენდი გაკვეთილებს.
რასაც ემიგრანტებს გვიხდიან, ეს არ არის ის თანხა, რითაც აქ ადამიანმა შეიძლება იცხოვროს.
აქ ყველაფერია: ხილი, საკვები, ბუნება, ჰაერი და არაფერს აქვს ისეთი სურნელი და გემო, როგორც საქართველოში. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ემიგრანტი ვარ საქართველოდან, მართლა ვგრძნობ ამ სხვაობას.
ნინო მახარაძე, ქართველი ემიგრანტი იტალიაში
საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე აგებს პასუხს იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა
აქ სახელმწიფო მოხელეები ქვეყანაზე და საკუთარ ხალხზე ფიქრობენ.
სადაც ვცხოვრობთ, ამ რეგიონში მდინარეც კი არ არის, მაგრამ არავის უჭირს ისე, რომ ვერ იყიდოს წყალი – ონკანის წყალი არ ისმევა. ამ სახელმწიფოსი შეგშურდება.
რატომ უნდა გვშურდეს ქართველებს სხვა ქვეყნის, როცა ყველაფერი გვაქვს, გაჭირვებულები რომ არ ვიყოთ.
საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე აგებს პასუხს იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა. ჯერ არ ვთვლი თავს განწირულად. მადლობა ღმერთს ამ ძალისთვის, რომ აქ ჩამომიყვანა და ჩემს ოჯახს ვეხმარები, მაგრამ მომავალი თაობა?
51 წლის ვარ. არ მინდა ჩემი შვილები იძულებულები გახდნენ ოჯახის დასახმარებლად ემიგრაციაში წავიდნენ.
ევროპა კარგია, როცა კარგი სამსახურის შემდეგ აიღებ ერთკვირიან შვებულებას, დაათვალიერებ, გაეცნობი საოცრად ნაშენებ ძველ იტალიას. აქ ისეთი ქუჩები, სახლები და ეკლესიებია! დასათვალიერებლად ნამდვილად ღირს, მაგრამ აქ ემიგრაციაში ყოფნა რთულია.
ყველაზე მეტად მიჭირს საღამოს, როცა დაღამდება, წაიკითხავ ლოცვას, დაწვები, ბებოსაც დააწვენ, რთულია გაცნობიერება, რომ ახლობლებისგან შენთან ახლოს არავინაა. ათობით კილომეტრზე კი არა, ასობით კილომეტრზეც არავინ გყავს ახლობელი, ნათესავი.
დედაჩემი გადარჩა, გამოჯანმრთელდა. იმედია, წლების შემდეგ რომ დავბრუნდები, დამხვდება
ბათუმიდან მარტოდმარტო წამოვედი იტალიაში. 2 დღე-ღამის განმავლობაში წყალიც კი არ დამილევია, სანამ ადგილზე არ ჩამოვედი. ისეთი დაძაბული ვიყავი… ნასესხები ფულით წამოვედი, რთული პერიოდი იყო კოვიდის გამო და უკან გამობრუნების დიდი საფრთხეც არსებობდა.
უკან რომ გამოვებრუნებინე ვინმეს, ეს ვალი კიდევ ვალს დაემატებოდა, ამაზე ვწუხდი, ვიდრე წყლისა და საკვების მიღებაზე. მოხუცი დედა დავტოვე ძალიან ცუდად, პატარა ხატები მქონდა წამოღებული და 2 დღე მეჭირა ხელში. ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ აქ, ჰაერში ნუ გამაგებინებ დედაჩემის გარდაცვალების ამბავს-მეთქი. დედაჩემი გადარჩა, გამოჯანმრთელდა და იმედი მაქვს, წლების შემდეგ რომ დავბრუნდები, დამხვდება.
ეს არის ყველაზე რთული საფიქრალი ემიგრანტისთვის. გინდა ყველა ისეთი ცოცხალი და ჯანმრთელი დაგხვდეს, როგორიც დატოვე.
არ ვწუწუნებ ემიგრაციაში ყოფნის გამო, არასდროს არავისთვის არაფერი დამიმადლებია და არც ამ შრომას დავამადლებ, მით უფრო ჩემს შვილებს და ჩემს ოჯახს. მაგრამ ძალიან რთულია, ძალიან ძნელი და დამამცირებელია.
ემიგრანტი ქალები, მეგობრები, როცა ერთმანეთს ვნახულობთ ხოლმე, ვამბობთ: საქართველოში მიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს სადმე, აეროპორტის ტერიტორიაზე.
ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოებმა რეკომენდაცია გაუწიეს COVID-19 ვაქცინების შერევასა და მათ შერჩევას როგორც საწყისი კურსებისთვის, ასევე ბუსტერ დოზებისთვის.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა (EMA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულ ცენტრის (ECDC) ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსული ვექტორის ვაქცინების და mRNA ვაქცინების კომბინაცია ორგანიზმში წარმოქმნის ანტისხეულების საკმარის დონეს კორონავირუსთან საბრძოლველად.
სააგენტოებში ასევე აცხადებენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ვაქცინების შერეულად გამოყენების მხარდასაჭერად, ასევე ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნის მქონე ადამიანებთან მიმართებით.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ COVID-19 ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებმაც AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველი დოზა მიიღეს, ხოლო 9 კვირის შემდეგ Moderna-ს ვაქცინით აიცრნენ, უკეთესი იმუნური პასუხი გამოუმუშავდათ.
ბუსტერი არის ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც კეთდება ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რათა გააძლიეროს იმუნური დაცვა.
ბუსტერის მიზანი იმუნიტეტის უფრო ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაა.
ბუსტერ დოზისგან განსხვავებით, ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის ფარგლებში გაკეთებული მეორე დოზის მიზანი იმუნური პასუხის გაძლიერება, დაავადების წინააღმდეგ ეფექტურობის საკმარისი დონის დასამყარებლად, რადგან ვაქცინის ერთჯერადი დოზა მხოლოდ მოკლევადიან დაცვას უზრუნველყოფს.
ჯანმოს ცნობით, ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის ზუსტი ხანგრძლივობა დღემდე არ არის დადგენილი. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ვაქცინის იმუნოგენურობის მონაცემების თანახმად, სავარაუდოდ ანტისხეულები ნარჩუნდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, გამანეიტრალებელი ანტისხეულების დაქვეითება მაინც ფიქსირდება”, – წერს ჯანმო.
NCDC: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იმუნიტეტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან ორ წლამდე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ვიცით სხვა ვირუსების შესახებ და რასაც აქამდე ვაკვირდებით ანტისხეულების მხრივ COVID 19-ით ინფიცირებულებსა და აცრილ ადამიანებში.
საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან დაიწყო.
„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავძლიერდეთ, დავიბუსტოთ. მით უფრო, რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ რეალური პრობლემაა დელტა-ვარიანტი და ზამთრის ტალღა, რომელიც წინ გვაქვს“, – ბერლინის Charité-ს ხელმძღვანელი, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი.
„პფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი ადამიანებისთვის, ბუსტერი კეთდება მეორე დოზით აცრიდან მინიმუმ 5 თვეში. „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილი ადამიანებისთვის კი ბუსტერი შეიძლება გაკეთდეს სრული ვაქცინაციიდან 3 თვის შემდეგ.
მას, ვინც აცრილია „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია აარჩიოს „სინოვაკის“, „სინოფარმის“ ან „პფაიზერის“ ვაქცინა.
ის, ვინც აცრილია „ასტრაზენეკათი“, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს „პფაიზერით“.
ის, ვინც აცრილია „პფაიზერით“, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს „პფაიზერით“
ბუსტრე დოზა კეთდება ყველგან, სადაც კოვიდზე ვაქცინაცია ტარდება. აცრა ამ შემთხვევაშიც უფასოა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.
2022 წლის პირველი იანვრიდან კი, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] იქნება შესაძლებელი.
„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.
2021 წლის პირველი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (31%), ხოლო ღირებულება 7.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (6,135 ტონა), გერმანიაში (2,904 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (239 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა) და ხორვატიაში (20 ტონა).
7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.8%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 205 262 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 42.4%.
ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა.
გუშინ, 6 დეკემბერს, საქართველოში კოვიდზე აიცრა 12 194 ადამიანი.
ამ დროისათვის საქართველოში კოვიდზე აცრა შესაძლებელია „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“.
დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციას მართავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის – დავით რიჟვაძის გადადგომის და ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით.
აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავს.
აქცია აჭარის პოლიციასთანაქცია აჭარის პოლიციასთანაქცია აჭარის პოლიციასთან
24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელააუდიო ფაილი. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხას – 20 პროცენტს ითხოვენ.
თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.
ენმ-ს მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელებთან შეხვედრა ნუგზარ ფუტკარაძემ თვითონ ჩაიწერა 11 ნოემბერს, მანამდე კი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოსყიდვის და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართა. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4509 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 47 328 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 59 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალიშემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარაში – 194, იმერეთში – 804, ქვემო ქართლში – 269, შიდა ქართლში – 343, გურიაში – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 366, კახეთში – 258, მცხეთა-მთიანეთში – 148, სამცხე-ჯავახეთში – 113, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43.
6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.13%.
ამ ეტაპზე საქართველოში 45 216 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 545 ადამიანი კოვიდზე საავადმყოფოში მკურნალობს.
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს და სხვადასხვა მოცულობის ინტერნეტ პაკეტს თავაზობს მომხმარებლებს.
სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ აკრიფონ მხოლოდ ერთი კოდი *202# და გაეცნონ დეკემბრის საუკეთესო პირობებს, ჩაირთონ სასურველი პაკეტი და გაიუმჯობესონ მთელი თვით მობილური მომსახურება:
40 GB ინტერნეტი 18 ლარად
ულიმიტო სასაუბრო + 10 GB ინტერნეტი 18 ლარად
ულიმიტო სასაუბრო + ულიმიტო ინტერნეტი 25 ლარად
თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელი სარგებლობს პრომო ინტერნეტ ტარიფით 1MB – 15 თეთრი. პაკეტებში შემავალი სასაუბრო/მეგაბაიტები არ ჯამდება; სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე.
სილქფესტის აქციები განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
2021 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი თელ-ავივია. ამის შესახებ წერს Economist Intelligence Unit (EIU), გამოცემა „ეკონომისტთან“ არსებული კვლევისა და ანალიტიკის ჯგუფი.
EIU-ის მიხედვით, ისრაელის ვალუტის, შეკელის კურსის და პროდუქციის ფასების ზრდა, მათ შორის, სურსათსა და ტრანსპორტზე, იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც თელ-ავივმა პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:
თელ-ავივი [ისრაელი]
პარიზი [საფრანგეთი]
სინგაპური [სინგაპურის რესპუბლიკა]
ციურიხი [შვეიცარია]
ჰონგ კონგი [ჩინეთი]
ნიუ იორკი [აშშ]
ჟენევა [შვეიცარია]
კოპენჰაგენი [დანია]
ლოს ანჯელესი [აშშ]
ოსაკა [იაპონია]
EIU-მ კვლევა 173 ქალაქში ჩაატარა. ბოლო ადგილს 2021 წლის რეიტინგში დამასკო იკავებს.
„ხელფასსაც ხელზე იღებს, ალიმენტი რომ არ გადაიხადოს“, – მოგვწერა ბათუმში მცხოვრებმა ქალმა გიული გ.-მ, რომელსაც 4 წლის შვილი ჰყავს, ხოლო მისი ყოფილი ქმარი ალიმენტის თანხას არ იხდის. გიული გამოეხმაურა „ბათუმელებში“ 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას– „4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ“.
„ანალოგიური ისტორია მაქვს საკუთარ თავზე“, – გვიხსნის გიული გ.-მ. – „2018 წელს შევიტანე განცხადება განქორწინებაზე და ალიმენტის შესახებ.
ჩემი ბიჭი მაშინ ერთი წლის იყო, ახლა 4 წლისაა უკვე. არც ერთხელ არ გადაუხდია ყოფილ მეუღლეს ალიმენტი.
სასამართლომ ალიმენტიც კი დააკისრა ყოფილ მეუღლეს – 150 ლარის გადახდა, მაგრამ რად გინდა, გადამხდელი არავინაა. დამსაქმებელი ხელფასს ხელზე უხდის, შესაბამისად, მისი შემოსავლები არსად ჩანს და არც ალიმენტის გადახდა უწევს.
ისეთ ადგილებში მუშაობს, კერძო სექტორში, რომ ხელფასის ხელზე გაცემა პრობლემა არ არის.
ასე ამიხსნეს, რომ თუ ალიმენტს არ იხდის, მაშინ ქონებას დაუყადაღებენო. თუმცა ესეც შეუძლებელია, რადგან თავის სახელზე არაფერი აქვს რეგისტრირებული.
ყოფილმა მეუღლემ ერთი თვის წინ მითხრა 1500 ლარი აქვს ხელფასი. მაშინ ალიმენტი გადაიხადე-მეთქი და მიპასუხა, რომ მე როცა მომინდება, მაშინ ვუყიდი ბავშვს იმას, რაც მინდაო.
ამაში იგულისხმება წელიწადში ორჯერ სათამაშოს ყიდვა – ახალ წელს და დაბადების დღეს. არ გადავიხდი ალიმენტსო და მორჩაო.
რა თქმა უნდა, დავის დაწყების დროს მივმართე ადვოკატს, მაგრამ ისეთი თანხები მოითხოვა, არ ეკუთვნოდა. მით უფრო, რომ არაფერში დამხმარებია. განქორწინება თურმე სარჩელის გარეშეც შეიძლებოდა და არ ვიცოდი ამის შესახებ.
ადვოკატმა ასევე მითხრა, ამ ვითარებაში შეგიძლია პოლიციას დააჭერინოო, მაგრამ ეგ არ მინდა. იმ იმედით არ განვქორწინებულვარ, რომ მაგის 150 ლარით მეცხოვრა. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც გვერდით მყავს.
აღსრულებისთვის კი აღარ მიმიმართავს. აზრს ვერ ვხედავ“ – ამბობს გიული გ.
სალომე სურმანიძე ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და მეორე კურსზეა. სალომეს ოცნება სკოლაში მუშაობა და ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობაა, თავიდანვე ამაზე ოცნებობდა.
სალომემ სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინჩაურში დაამთავრა. ბევრი იმეცადინა და საუკეთესო ქულებითაც ჩააბარა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო გრანტი მიიღო და, შესაბამისად, უფასოდ სწავლობს.
მიუხედავად ამისა, ბათუმში საცხოვრებლად გადმოსულ სტუდენტს ბევრი რამ სჭირდება: ბინის დაქირავება, ყოველდღიური სარჩო, მგზავრობისათვის საჭირო რესურსი და ა.შ.
„დიდი სტიმული იყო ჩემთვის ის, რომ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დამიფინანსა ბინის ქირის ყოველთვიური გადასახადი. წარმატების მისაღწევად ასეთი ბიძგი ძალიან მნიშვნელოვანია, იმედი გეძლევა, რომ შენი შრომა, კარგი ქულები თუნდაც, ფასდება და ვიღაცას მიაჩნია, რომ ღირს რამით დაგეხმაროს, შენს პერსპექტივას ხედავს მომავალში,“ – ამბობს სალომე.
სალომეს ბინის ქირის საფასურს „აჭარისწყალი ჯორჯია“ მთელი სტუდენტობის განმავლობაში დაუფინანსებს.
სალომე სურმანიძე, სტუდენტი. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” სტიპენდიატი
სალომე მაგისტრატურაშიც აპირებს სწავლის გაგრძელებას, კვალიფიციური მასწავლებელი რომ გახდეს. ახლა ლექციებს მარკეტში მუშაობას უთავსებს. ამბობს, რომ სამსახურში გამომუშავებული ფული მთლიანად მას რჩება, აუცილებელი საჭიროებებისთვის იყენებს და ბინის ქირაში ხელფასი არ ეხარჯება. მისი თქმით, ეს დიდი შეღავათია, ეხმარებიან მშობლებიც.
„იმდენი რამეა საჭირო: ყოველ დღე ყველა საგნის ქსეროქსი გვჭირდება, რაც გვიტარდება, ეს თანხა სულ უნდა გქონდეს, დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ,“ – ამბობს სალომე სურმანიძე.
ლინდა ბარამიძეც სოფელ ყინჩაურიდანაა და ისიც სტუდენტია. საქართველოს უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს გრანტით. უკვე ერთი წელია სალომეს მსგავსად „აჭარისწყალი ჯორჯია“ მასაც უფინანსებს ბინის ქირის გადასახადს თბილისში.
ლინდა გეგმავს პროფესიული კარიერა კომპანიებში სტაჟირებებით დაიწყოს და განვითარდეს. სამოქალაქო სამართალია მისი პროფესიული ინტერესის სფერო. ფიქრობს, რომ ეს მის მომავალ საქმიანობად იქცევა.
ლინდა ბარამიძე, სტუდენტი. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” სტიპენდიატი
,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ადგილობრივი სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს ოთხი სტუდენტისთვის გასცა სტიპენდია. ყველა მათგანი წარმატებული სტუდენტია.
ლინდა ბარამიძესა და სალომე სურმანიძესთან ერთად მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე კომპანიის მიერ გამოყოფილ სტიპენდიას მიიღებენ მაიკო შაინიძე და მარიამ შაინიძეც.
სტუდენტების დაფინანსების პროგრამა ერთ-ერთი ინიციატივაა სხვა მრავალ ინიციატივას შორის, რასაც კომპანია ,,აჭარისწაყლი ჯორჯია’’ რეგიონში განათლების მხარდასაჭერად მიმართავს.
„შუახევიჰესის“ მშენებლობის პერიოდში კომპანიამ უკვე დააფინანსა 23 სტუდენტი.
ESG ელჩი თიბისის უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერება და ამ მიმართულებით თიბისელების ჩართულობის გაზრდაა.
პროექტის მონაწილეები თიბისის ESG ელჩები (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებით) გახდებიან, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ და საკუთარ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ სიკეთესა და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში. ამ ინიციატივით, თიბისელები ერთად იზრუნებენ გარემოს დაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასა და მომხმარებლების მხარდაჭერაზე. ეს კი საბოლოო ჯამში თიბისის ბიზნესსაქმიანობის ისე წარმართვას შეუწყობს ხელს, რომ ყველა მონაწილემ და დაინტერესებულმა მხარემ სარგებელი მიიღოს.
პროექტში ჩართვა ნებისმიერ თიბისელს შეუძლია, რომელიც ინიციატივის მიმართ ინტერესს გამოხატავს და შესაბამის აპლიკაციას შეავსებს. ჟიურის წევრების მიერ ESG ელჩების შერჩევის შემდეგ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მიერ დასახული მიზნების შესრულებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში, მათი ფილიალის, განყოფილების, ქალაქის, რეგიონის ან საქმიანობის ინტერესების გათვალისწინებით. ESG ელჩები გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სფეროებში და წვლილს შეიტანენ მომხმარებლების, ორგანიზაციისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში.
„როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ. მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ ESG ელჩების სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით გავრცელება და კულტურაში დანერგვა ESG მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთო კეთილდღეობის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, კეთილი მიზნების განხორციელებას ბევრი თიბისელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.“ – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის ESG მიმართულების ხელმძღვანელი.
ESG მიმართულება თიბისის სტრატეგიის უმნიშველოვანესი ნაწილია და ის ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც კომპანიას პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს. თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მისი საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენით თიბისი ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების წარმოქმნას, ტექნოლოგიებში განათლების ხელმისაწვდომობას, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების პოპულარიზაციას, ინოვაციური ორგანიზაციული პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა.
დღეს, 6 დეკემბერს, ამოქმედდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია/ქვეკატეგორია: სატრანსპორტო საშუალების „AM“ კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს; სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორია, რაც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.
ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად. შესაბამისად, „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება.
შს სამინისტროს ცნობით, დღეიდან დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და მოიპოვონ შესაბამისი მართვის უფლება, ხოლო 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.
„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარია 16 წელი.
მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.
თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც.
შს სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 26 თებერვლამდე, “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას მცირდება კანონით დადგენილი საფასური.
დღეს, 6 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება.
„ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – ამბობს ღარიბაშვილი.
ონლაინკაზინოების აკრძალვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა პირველად.
მან თქვა, რომ ონლაინკაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, რეკლამა აიკრძალოს, შემდეგ კი მთლიანად აიკრძალოს.
ღარიბაშვილის თქმით, 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით.
დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრეს. პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მომავალი წლისთვის დაგეგმილ სოციალურ დახმარებების ზრდაზე გააკეთეს განცხადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება.
„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარი 3.1210 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.5302 ლარია.
შენიშვნა:ინფორმაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით – „სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100-ით, ხოლო შშმ ბავშვების 25 ლარით გაიზრდება“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების თითოეული ბავშვი, მომავალი წლიდან მიიღებს ისევ 100 ლარს და ეს თანხა არ გაიზრდება.
„ვინაიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზარდა [50 ლარის ნაცვლად გახდა 100 ლარი], ამ 100 ლარის გაცემა გაგრძელდება მომავალ წელსაც, რაც სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის მთლიან ოდენობას ზრდის 2022 წლის ბიუჯეტში. სწორედ ამას გულისხმობდა მინისტრი“, – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროში.
„ვაპირებთ, გადავკეტოთ კურორტ „გოდერძის“ გზა, რადგან გზა ძალიან დაზიანებულია, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. ის და გზისპირას მცხოვრები სხვა ოჯახები დღეს, 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციას სოფელ დანისპარაულში მართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ხულოდან „გოდერძამდე“ გადაადგილება მას შემდეგ გართულდა, რაც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზას განსაკუთრებით მძიმეწონიანი მანქანები აზიანებენ.
„პრობლემაა სანიაღვრე არხებში წყლის ჩაშვება, ორმოების გასწორება… კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, რამდენჯერმე დაგვპირდა პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. დაპირება არც ხულოს მერმა შეასრულა,“ – ამბობს გიგლა ანთაძე.
საპროტესტო აქცია კურორტ გოდერძის გზის აღდგენის მოთხოვნით პერიოდულად იმართება.
აქციის მონაწილეებს ამჯერად ხულოს მერის მოადგილე, ნადიმ ვასაძე შეხვდა. მისი თქმით, პრობლემა მალე მოგვარდება.
„ჩვენ დავუკავშირდებით ქვეკონტრაქტორ კომპანიას… სამუშაოების შესრულების დროს პერიოდულად ზიანდება გზა, თოვლიც მოვიდა, ნალექი ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას. 47 კილომეტრი გზა კეთდება, შემსრულებელი კომპანია დამატებით ჯგუფებს შემოიყვანს, რომ დროულად მოგვარდეს პრობლემა,“ – ამბობს ხულოს მერის მოადგილე, ნადიმ ვასაძე.
დღეს, 6 დეკემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენსიების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლიდან პენსია გაეზრდებათ ომის ვეტერანებს და 22 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.
„ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე,“-ამბობს ღარიბაშვილი.
დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ასაკობრივი პენსიის ზრდაზეც ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საქართველოში პენსია იზრდება.
„2022 წლის იანვრიდან 70 წლის ასაკამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 300 ლარის ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებებში პენსია 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დიდი მონაცემების შეგროვება და დამუშავება დღითიდღე ცვლის ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს და განსხვავებული პერსპექტივების დანახვის შესაძლებლობას იძლევა. გამონაკლისი არც ტურიზმია.
გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება. მათზე დაყრდნობით კი საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ, რაც ტურიზმის მარკეტინგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო (მაგალითად, Booking.com, TripAdvisor, MasterCard და ა.შ.) და საჯარო სექტორის წარმომადგენლები (დანიშნულების ადგილები, საკონვენციო ბიუროები, დარგობრივი ასოციაციები და ა.შ.)
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას უშლის ხელს, ეს კი ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 18 ნოემბერს, ლიუბლიანაში (სლოვენია), გამართული კონფერენცია „ტურიზმი, დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“, რომელიც პროექტის „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის – მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაზე მოწვეული იყო სახელმწიფო და კერძო სფეროს წარმომადგენლები საქართველოდან და მათ შორის მარკეტინგული კომპანია „შინდი“, ბათუმიდან.
აღნიშნული პროექტი „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“ მიზნად ისახავს ტურიზმის დანიშნულების ადგილის (Destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცმების ანალიტიკით (Big Data Analytics), რისთვისაც გამოყენებულია სპეციალური ციფრული ხელსაწყო ე.წ. „„ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ.
სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა, ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან – 2021 წლის ნოემბრამდე.
პროექტმა ცხადად გამოაჩინა, რომ საქართველოს და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს მონაცემთა ანალიტიკის და ტურიზმის მდგრადი განვითარების მხვრივ საერთო გამოწვევები აქვთ:
ციფრული გადაწყვეტილებების ნაკლებობა ტურისტული დანიშნულების ადგილებში
მონაცემთა არასაკამარისი რაოდენობა ტურიზმის ინდუსტრიაში
ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ნაკლებობა დაინტერესებულ მხარეებს შორის მონაცემთა გაზიარების პრაქტიკის არარსებობის გამო
აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, ლიუბლიანაში, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომლის მიზანია:
ტურიზმში ციფრული ტექნოლოგიების და (დიდ) მონაცემთა ანალიტიკის დამკვიდრება
მონაცემთა სისტემატური შეგროვების მუდმივი მექანიზმების ჩამოყალიბება
მონაცემების გაზიარების პრაქტიკის დამკვიდრება
„შინდი“, სხვა კერძო, სახელმწიფო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებთან ერთად, შეუერთდა აღნიშნულ დეკლარაციას, რისი საშუალებითაც სააგენტო შეეცდება ხელი შეუწყოს ქართული ტურიზმის მდგრად განვითარებას მონაცემთა ანალიტიკაზე დაყრდნობით წარმოებული ტურიზმის მარკეტინგის საშუალებით.
დათო მახარაძე, CEO, შინდი
დათო მახარაძე, CEO, შინდი: „ბათუმისთვის და აჭარის რეგიონისთვის ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით მას სჭირდება მუდმივი დივერსიფიკაცია. ამ ყველაფერში კი უმთავრესია დიდ მონაცემთა ანალიტიკა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რათა ზუსტად ვიცოდეთ სად ვართ და რისი ცვლილება გვჭირდება დღეს (მათ შორისაა დანიშნულების ადგილის მარკეტინგული სტრატეგიები), რათა ხვალინდელი ტურიზმი იყოს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული“.
6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1778 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 25 855 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 63 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარაში – 89, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 83, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 44 808 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქიდან 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
რამდენიმე წლის წინ ერთმა მდიდარმა კაცმა საქართველოში გიგანტური ხეები მოთხარა და ზღვით საკუთარ ბაღში გადაიტანა. დოკუმენტური კინოს ერთმა რეჟისორმა იმ დღეს, როცა იმ მდიდარ კაცს პირველი ხე მიჰქონდა ზღვით, ტელევიზორი ჩართო და ახალ ამბებში ნახა ხე, რომელიც ზღვაზე მიცურავდა. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებმა, რომელიც ამ კადრის ნახვისას რეჟისორს გაუჩნდა, გადააწყვეტინა გადაეღო ფილმი ამბავზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქართული რეალობის ყოველდღიურობა იყო.
„მოთვინიერება“ (Taming the Garden) – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც არაერთი ფესტივალი მოიარა და ახლა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე, ეგრეთ წოდებულ ევროპულ ოსკარზეა წარდგენილი დოკუმენტური ფილმების სექციაში. გამარჯვებულები 11 დეკემბერს ბერლინში გამოვლინდება. სწორედ ამ ამბით დავიწყეთ საუბარი ფილმის რეჟისორთან, სალომე ჯაშთან.
„მოთვინიერება“ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი. რა შანსი აქვს ფილმს გამარჯვების?
„მოთვინიერების“ გარდა ამ კატეგორიაში კიდევ ოთხი ფილმია წარდგენილი. საკმაოდ ძლიერი ფილმებია. ისეთი ფილმებია, შემიძლია ვთქვა – დიდი პატივია, მათთან ერთად რომ მოხვდა ჩემი ფილმი. გამარჯვება არ არის მთავარი.
შანსები თეორიულად თანაბარი აქვს ყველა ფილმს, მაგრამ მაინც და მაინც არ ველი გამარჯვებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ნომინაციაში მოხვდა ფილმი – ამან მოლოდინს გადააჭარბა.
საქართველოში დიდ ქალაქებში – ბათუმში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აჩვენეთ ფილმი. როგორ შეხვდა მაყურებელი? რა რეაქციები ჰქონდათ და თუ განსხვავდებოდა უკუკავშირი ქალაქების მიხედვით?
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გასვლა და ჩვენებების მოწყობა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც უშუალოდ ხედავდა იმას, რაც ხდებოდა. ადამიანებისთვის, მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დისკუსია ფილმის და მისი თემატიკის შესახებ. დავაკვირდი, რომ საუბარი ერთმანეთთან და აზრის გაცვლა ძალიან გვაკლია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში.
შეიძლება ვცდები, შეიძლება ჩემთვის იყო დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა სრულიად უცხო ადამიანები სხედან და საუბრობენ. ეს ნაწილი იყო ყველაზე საინტერესო და ემოციური. ინტელექტუალური რესურსის მიწოდება იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოთქვან თავისი აზრი, ისაუბრონ, რეფლექსია მოახდინონ ფილმის როგორც ფორმაზე, ისე თემაზე.
რეჟისორი სალომე ჯაში და თანაოპერატორი გოგა დევდარიანი “მოთვინიერების” გადასაღებ მოედანზე
გამომდინარე იქიდან, რომ ხეების გადატანა წლების განმავლობაში ჩვენი ყოველდღიურობა იყო, როგორ მიიღო ეს ფილმი ქართველმა მაყურებელმა?
სხვადასხვაგვარი იყო გამოხმაურება ფილმზე. ერთი იყო ის, რომ მაყურებელთა ნაწილისათვის ფილმში ასახულ ამბავს ჰქონდა ზოგადი ხასიათი, ზოგად ამბავს ჰყვებოდა, რომელიც მხოლოდ ხეების გადაზიდვას კი არ ეხებოდა, არამედ უფრო უნივერსალურ თემაზე იყო. ითქვა, რომ ეს ფილმი არის არა ერთი დროის ასახვა, არამედ ის, რაც შეიძლება ნებისმიერ სხვა ეპოქას მოერგოს. სხვადასხვა ეპოქაში იყოს რელევანტური. ზოგისთვის ეს ფილმი იყო რაღაცა უნივერსალური თემის ასახვა.
ზოგისთვის ეს იყო უფრო გახსენება იმისა, რაც გადახდათ თავს, მაგალითად, როგორ უჭრიდნენ დენს… ზოგისთვის იყო ემოციური და მართლაც ახსენდებოდათ ის შემთხვევები, როდესაც ეს ხეები მიდიოდა და ადამიანები განიცდიდნენ ამას, მეპატრონეები თუ სოფლის მცხოვრებნი.
ძირითადად ეს იყო. იყო ასევე საუბარი იმაზე, რაც ფილმში არ არის ასახული, მაგრამ გაახსენდათ. საუბრობდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის. ამ თანამშრომლობის სხვადასხვა დეტალზე. საუბრობდნენ იმაზე, თუ რა შედეგი დატოვა ამ პროცესმა მათ რეგიონებში, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იმას ამბობდნენ, რომ აი, სამაგიეროდ გზა დაგვიგეს, რაც მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის. საუბრობდნენ – „აი, რა არის ახლა ამ ხის გადატანაში ემოციური, ყველას ხომ გადაუხადეს თანხა და ყველა დაკმაყოფილდა“.
თუ გახსოვთ ის დღე, როცა ფილმის გადაღება გადაწყვიტეთ? რა იყო პირველი კადრი, რომელიც ნახეთ და თქვით, რომ აი, მე ფილმს გადავიღებ?
ეს იკონოგრაფიული გამოსახულება იყო, რომელიც ყველამ ვნახეთ და ყველა შოკში ვიყავით – პირველი კადრი, როდესაც ხე მიცურავს ზღვაში. ეს იყო მთავარი ინსპირაცია, რადგან ეს კადრი ძალიან ბევრ ამბავს ჰყვებოდა.
რაღაცნაირად პოეტური და ლამაზი გამოსახულება იყო – ზღვაში ხე. მშვენიერება იყო, მაგრამ ამ მშვენიერებასთან ერთად სხვა ამბავს ჰყვებოდა. იმ ამბავს, რომელიც ყველამ ვიცით. ამან ჩემში გამოიწვია დაბნეულობა, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი. ERROR-ი მოხდა ჩემში, ჩემს აღქმაში. ვერ მივხვდი, რა აღვიქვი და როგორ აღვიქვი. ურთიერთგამომრიცხავად აღვიქვი. სურვილი, გამომეკვლია ეს ურთიერთგამომრიცხაობა, იყო ზუსტად მოტივაცია ჩემთვის, რომ დამეწყო ფილმზე მუშაობა.
თავიდან რა გქონდათ დაგეგმილი? როგორ წარმოგედგინათ გადაღება და რა დაგხვდათ გადასაღებ მოედანზე?
გეგმა ასე არ გვაქვს ხოლმე, როგორც წესი. თავში რაღაცა შეიძლება იყოს გეგმა და მონახაზი, მაგრამ ფილმის მონახაზი თავიდან არასოდეს არ არის. ეს მონახაზი დგება მერე თანდათანობით, როდესაც რაღაცა მასალა გროვდება და ეს დამოკიდებულია რა მასალის შეგროვებას შევძლებთ, ან როგორ გადავიღებთ ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში. თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენ და ჩვენს გუნდს გაგვეგო, რა პროცესთან გვქონდა საქმე და სად ხდებოდა ეს პროცესები. აი, ალბათ ეს ორი რაღაც იყო მნიშვნელოვანი. რა ხდებოდა და სად ხდებოდა.
ეს მნიშვნელოვანია ჯერ ერთი იმიტომ, რომ გაიგო როგორ ფილმს იღებ, რას იღებ. დავინახე ხე მიდის და მოდი, ახლა ამაზე ფილმს გადავიღებ, ასეთი და ასეთი ფილმი იქნება, – ვერ იტყვი. ჯერ უნდა გაეცნო ამბავს და ეს გაცნობა მიმდინარეობდა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. ეს არ არის მარტო ტექნიკური პროცესი. აქ ხომ ადამიანებიც ჩართულები არიან. ადამიანების გაცნობა, მათთან კავშირის დამყარება, არა უბრალოდ კავშირის, არამედ ცოტა ემპათიაც, მათ მდგომარეობაში შესვლა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია მთლიანად ფილმის გადაღებისას. ცალსახა ხომ არაფერი არ არის.
რაღაც მიზანი მქონდა როგორი ფორმის ფილმი უნდა ყოფილიყო. რა ემოციური შინაარსის მატარებელი უნდა ყოფილიყო. მგონია, ეს შევძელით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამბავი, რომელსაც ვყვებოდით, რა ემოციებსაც ვდებდით ამ ფილმში, ეს თანდათანობით გროვდებოდა გადაღების პროცესში. თავიდან ამისი ცოდნა შეუძლებელია. ან თუ თავიდანვე რაც გინდა ზუსტად იმავეს აკეთებ ბოლოში, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ. გახსნილი არ ხარ იმ ამბისთვის, რომელსაც იღებ.
კადრი დოკუმენტური ფილმიდან “მოთვინიერება”
ვინ არის ფილმის გმირი – მოთვინიერებული ხეები, ადამიანები, ვინც ამ მოთვინიერებულ ხეებთან არიან დაკავშირებული, თუ ხეების მომთვინიერებელი?
ამ ფილმს ჰყავს სხვადასხვა გმირი. არ ჰყავს ერთი გმირი. ხეები არის ღერძი ფილმის, ისევე როგორც ცხოვრებაში ღერძია, რაღაც მყარი არსება. შემდეგ გვყავს სამი ტიპის გმირები – ერთი გმირი ფილმში არის უხილავი, მითური, ძლევამოსილი ადამიანი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ განსაზღვრავს პროცესებს. მეორე ტიპის გმირები არიან ისინი, ვინც მუშაობენ – ამ ძლევამოსილი ადამიანის სურვილს ახორციელებენ. მესამე კატეგორიაა სოფლის მცხოვრები კაცები. რაღაცნაირად ისე გამოიკვეთა, რომ ფილმში ძირითადად ჩანან კაცები. ცოტა ქალებიც ჩანან, რომლებიც შედარებით უფრო ემოციურები არიან, ვიდრე ყველა ის კაცი, რომლებიც ჩანან ფილმში.
ბათუმის კინოფესტივალზე გამართული ჩვენების შემდეგ მოვისმინე მაყურებლისგან, რომ ისინი ელოდნენ ფილმში მომთვინიერებლის გამოჩენას… თუ გქონდათ მცდელობა, რომ ივანიშვილი გადაგეღოთ?
რაღაც დროს ვიფიქრე, კარგი იქნებოდა რომ გადაგვეღო, მაგრამ მგონი მისი არ რსებობა ფილმს უფრო მატებს დამატებით შინაარსს, რომ ეს ადამიანი უხილავია და მეორე მხრივ, ასევე ძალიან კარგად ეხმიანება რეალობას.
იმიტომ, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ადამიანი უხილავია მაშინ, როდესაც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ვერ ვხედავთ. უფრო საინტერესო იყო ჩემთვის ის, რომ ეს ადამიანი, ფილმის უხილავი გმირი, არ ყოფილიყო ფილმში, მისი იქ ყოფნა აუცილებელი არ არის. ის ისედაც ჩანს. რჩება წარმოსახვით ფიგურად და შეიძლება ნებისმიერი ადამიანი წარმოიდგინო. არ არის აუცილებელი ერთი კონკრეტული სახე ჰქონდეს ერთ ადამიანს.
თებერვალში გამოცემაVariety-იმ „მოთვინიერების“ შესახებ დაწერილ რევიუში თქვენი ფილმი შეადარა მომავლის ფოლკლორს – „ერთხელ მდიდარმა კაცმა თავის ბაღს გადახედა და დასევდიანდა, რადგან არ ჰქონდა ხეები…“ – ასე შეიძლება დაიწყონ ორი საუკუნის შემდეგ ქართველებმა ზღაპარი, რასაც საკუთარ შვილებს მოუყვებიან“. თქვენ, როგორც რეჟისორი როგორ უყურებთ ამ ამბავს? შეგიძლიათ დისტანცირება და გარედან შეხედვა?
არა, არ შემიძლია. კომენტარი რომ გავაკეთო ამ პროცესზე, არასწორია ჩემი მხრიდან. იმისათვის, რომ ჩემი აზრი თუ ემოცია გამომეხატა, ამაზე ვიმუშავე ოთხი წელი და გამოვხატე ფილმით. ცალკე რომ ვთქვა, რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვი, რადგან ამის გამოთქმას დიდი დრო და სხვა ფორმატი მოვანდომე. ერთი-ორი წინადადებით ვერ ვიტყვი, რას ვფიქრობ ამ ამბავზე.
კადრს მიღმა ამბებზემინდა გკითხოთ, რამდენი ადამიანი და რა დროის განმავლობაში იღებდით ფილმს?
უშუალოდ გადაღება მიმდინარეობდა სადღაც ორი წელი. თვეში ერთხელ ჩავდიოდით და ვმუშაობდით ადგილზე. ჯამში ოთხი წელი ვმუშაობდით ფილმზე. გადაღებებზე ვიყავით ხან ერთი – მარტო დავდიოდი, ხან ორნი, ხან სამნი და ხან ოთხნი – ეს იყო ჯგუფის მაქსიმუმი. მე ვმუშაობდი ზოგჯერ ოპერატორადაც. ხანდახან იყო, რომ დამატებით სხვა ოპერატორი გვყავდა. ხმის ჩამწერი, ხმის ინჟინერი, კამერის ასისტენტი და მკვლევარი, რომელთანაც ინტენსიურად ვმუშაობდი.
გადაღების დროს სირთულეები იყო. ჯერ ერთი ის, რომ თავიდან დიდი დრო წაიღო გარკვევამ – სად რა ხდებოდა. მეორე სირთულე იყო მნიშვნელოვანი სცენების გადაღებების ლოჯისტიკა. როდესაც ხე უნდა აწეულიყო, წასულიყო, რაღაც უნდა გათხრილიყო – როდესაც მნიშვნელოვანი გადაღება გვინდოდა, რთული დასაგეგმი იყო ხოლმე, რადგან ეს პროცესები დამოკიდებული იყო ნიადაგის ხარისხზე, ამინდზე, ტექნიკაზე ან თვითონ მუშებზე.
სირთულე იყო ფილმის დრამატურგიაც – ჩვენ არ მივდევდით კლასიკურ დრამატურგიას. არ გვქონდა ერთი ამბავი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. ფილმი რომ იწყება, ხეები უკვე დადიან, ასე ვთქვათ. ანუ არ მივყვებით ამბავს, რომელიც არ ვიცით ჯერ რა ხდება, მერე განვითარდება და მერე დასრულდება. ასეთი ამბის განვითარება არ გვქონდა, ამიტომაც იყო სირთულე მონტაჟში განსაკუთრებით და გადაღების დროსაც, რომ გვეპოვა სხვა ტიპის დრამატურგია. რომელიც უფრო მეტად ემოციური იქნებოდა, არა ამბის განვითარება. ესეც საკმაოდ სირთულე იყო და რა ელემენტების არსებობა გვჭირდებოდა ამისთვის.
სირთულე იყო ისიც, რომ ჩვენ მკაცრი ფორმატით ვიღებდით. კამერას აქვს თავისი სტილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის შინაარსისთვის. ამიტომაც მყარად ვდგავართ შტატივზე, არ ვმოძრაობთ. მაგრამ ხანდახან ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ რთული იყო აი, ამ სტილით გადაღება. ხანდახან გინდა კამერა მოგლიჯო, გაიქცე და თან იღო, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ აფიქსირებ რაღაცას. ესეც იყო გამოწვევა, რომ ჩვენ განსაზღვრული სტილით გადაგვეღო ყველაფერი.
რა მოულოდნელობები ახლდა გადასაღებ პროცესს?
ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო და საკმაოდ ემოციური იყო ერთი შემთხვევა. ვეძებდით ოჯახებს, რომლებსაც სურდათ ხის გაყიდვა. ერთ ოჯახში დაგვიძახეს. მივედით ამ ოჯახში, სადაც დაგვხვდა მთელი სამეზობლო. ხე ეკუთვნოდა ქალს, რომლის ქმარიც ემიგრაციაში იყო წასული, ჰყავდა შვილები. საკმაოდ შეჭირვებული ოჯახი იყო. ეს ქალიც ძალიან მორიდებული ადამიანი ჩანდა. ამიტომ მის ნაცვლად საუბრობდა მეზობელი. საუბარში გაირკვა, რომ მათ ეგონათ ჩვენ ვიყავით მყიდველები და არა გადამღები ჯგუფი.
ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ. ჩვენ დაგვხვდნენ რაღაც მოლაპარაკებაზე, რომელიც იყო მათთვის სასიცოცხლო. სასიცოცხლო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, სასიცოცხლო გარიგება უნდა დაედოთ. როცა საუბარში უცებ გამოარკვიეს, რომ ჩვენ არ ვიყავით მყიდველები, არამედ უბრალოდ გადამღები ჯგუფი, რომელიც აი, ამ პროცესს ვიღებდით, ცხადად მახსოვს ამ ქალს უცებ როგორ შეეცვალა სახე სრულიად.
ჩანდა ისეთი იმედგაცრუება, ისეთი ფრუსტრაცია და რაღაცა ფარ-ხმლის დაყრა, რომ აი, ძალიან მძიმე სანახავი იყო. უცებ ვიგრძენი, რომ სრულიად ზედმეტი ადამიანები ვართ იქ და რაღაცნაირად, ჩვენდა უნებურად შევიყვანეთ ადამიანები შეცდომაში. სხვა მოლოდინი ჰქონდათ მათ.
კამერაც არ ამოგვიღია იქ საერთოდ და არ გვითქვამს, რომ აი, გადავიღებთ. სხვა სიტუაცია იყო. ძალიან შიგნიდან გამოჩნდა პროცესი, რომელიც მარტო ამ ხეებს არ ეხება. სოციალურ ფონს ეხებოდა ქვეყანაში. სრულ სასოწარკვეთას. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო სასოწარკვეთა. ვნახეთ, რომ ხე უცებ ხდება გადარჩენის უკანასკნელი იმედი.
ამ ამბავმა რა გავლენაც მოახდინა ფილმზე ის იყო, რომ უფრო გესმის იმ ადამიანების, რომლებიც ხეებს ჰყიდიან. თავიდან, როდესაც გადაღება დავიწყეთ, ნაკლებად მესმოდა. ცოტა ისე ვუყურებდი – როგორ უნდა გაყიდო შენი ხე. მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ არაფერ შუაში არ იყო ჩემი დამოკიდებულება, რეალობას იყო მოწყვეტილი.
ბოლოს მინდა გკითხოთ, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ფილმი?
არ ვიცი, მიჭირს თქმა. უბრალოდ, რაც მიხარია და რაც გამოვიდა ამ ფილმში, ეს არის მართლაც რაღაცა ზღაპრული სამყარო, არარეალური სამყარო, სურეალისტური, რომელიც სრულიად დაფუძნებულია რეალურ ამბებზე. ჩემთვის ალბათ ეს არის ეს ფილმი. რაღაცნაირად ასახავს ჩვენი ისტორიის ერთ ნაწილს, ეპოქალურ მოვლენას. ეს არის ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. რომ იყოს რაღაც მთლიანობა და არ იყოს გაბნეული ფოტოებში. ეს ფილმი რაღაცა ამბავს ჰყვება, რომელიც ერთ დროს გადაგვხდა თავს ჩვენ, ქართველებს.
რეჟისორის და ფილმის შესახებ:
რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერებას“ მსოფლიო პრემიერა Sundance -ის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ევროპული პრემიერა – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაზე.დოკუმენტური ფილმი წარდგენილია ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.
ფილმი წარდგენილი იყო მსოფლიოს 100-მდე კინოფესტივალზე. უახლოეს მომავალში “მოთვინიერება” კინოეკრანებზე გამოვა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.
ფილმი წარმოებულია Mira Film-ის, CORSO Film-ის და Sakdoc Film-ის მიერ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, Federal Office for Culture Switzerland (FOC)-ის, Film- und Medienstiftung NRW-ის, Eurimages-ის, Fachausschuss Film und Medienkunst BS / BL-ის, IDFA Bertha Fund-ის, Succès Passage Antenne-ის და SRG SSR-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე როდის დასრულდება ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაპროექტება, ამ დროისთვის კვლავ უცნობია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს თარიღი, როდის უნდა დასრულდეს ახალი გზის პროექტირება.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება, როგორც დეპარტამენტში 2021 წლის აპრილში განაცხადეს, სავარაუდოდ, ამავე წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
„ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დეტალური პროექტის მომზადების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომაც დაზუსტდება სამშენებლო სამუშაოების ტენდერის გამოცხადების თარიღი და ვადები“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 29 ნოემბერს.
დეპარტამენტიდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა ასევე ინფორმაცია – დაზუსტებულია თუ არა ახალი გზის მარშრუტი? – აშენდება თუ არა ახალი ხიდი
ჭოროხზე? – ცნობილია თუ არა გვირაბების სავარაუდო რაოდენობა და სიგრძე? – შემუშავებულია თუ არა განსახლების გეგმა?
„რაც შეეხება ახალი გზის მარშრუტს, ხიდებისა და გვირაბების სავარაუდო რაოდენობას [მათ სიგრძეს] და განსახლების გეგმას, აღნიშნული ინფორმაცია დაზუსტდება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დასრულების შემდგომ“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.
დაგეგმილი მშენებლობების ჩამონათვალში, რომელიც დეპარტამენტს აქვს გამოქვეყნებული, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის სავარაუდო სიგრძედ 11,3 კილომეტრია მითითებული.
—–
E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება კომპანია „სპეა-აიარდისთან“ 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა. კონტრაქტის ღირებულება 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზის სამშენებლო სამუშაოების დამფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი განიხილება.
მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. პლაჟის ხელოვნურ კვებას [ხრეშის შეტანას] ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც აქ ქვის ლოდებით სპეციალური ნაგებობა მოეწყო და რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ახალი ბულვარის გასწვრივ პლაჟის ხელოვნურად შესაქმნელად ხრეშის შეტანის სამუშაოებისთვის თანხა არც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში.
არა თუ პლაჟის ხელოვნურად შექმნა-შენარჩუნება, არამედ ყოველი შტორმის დროს ზღვა ამ ნაპირდამცავ ნაგებობასაც კი, ნელ-ნელა შლის.
ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში მდებარე პირსიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდეა მოწყობილი. ვინაიდან ეს ნაგებობა ნაპირს წარეცხვისგან ამ მონაკვეთში ჯერჯერობით იცავს, შტორმის დროს ძლიერ ზიანდება მის გაგრძელებაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია.
შტორმი / ბათუმი / 1.12.2021 / ფოტო: გურამ მურვანიძე|ბათუმელები
[red_box]ნაპირდამცავი ნაგებობა პირველი დეკემბრის შტორმის შემდეგ:[/red_box]
პლაჟზე ჩასასვლელი შტორმის შემდეგ / 4.12.2021ნაპირდამცავი ნაგებობა ბათუმის ახალ ბულვართან / შტორმის შემდეგ / 4.12.2021სანაპირო ახალ ბულვართან / 4.12.2021აქ, დამცავ ნაგებობასა და ზღვას შორის, წესით პლაჟი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზღვა დამცავ ნაგებობასაც შლის / 4.11.2021ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვართან / 4.12.2021ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვართან / 4.12.2021ახალი ბულვარის გაგრძელება პლაჟის გარეშე / 4.12.2021
ზღვა იმ ნაპირდამცავ ნაგებობასაც შლის, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან მდინარე ჭოროხის მიმართულებით გაცილებით ადრე, სხვა პროექტის ფარგლებში ააშენეს:
ზღვა იმ ნაპირდამცავ ნაგებობასაც შლის, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან მდინარე ჭოროხის მიმართულებით გაცილებით ადრე სხვა პროექტის ფარგლებში ააშენეს / 4.12.2021
რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკს ქვის ახალი სკამები სჭირდებოდა და ბათუმელებს მოეწონებოდათ ის დიზაინი, რაც მერიამ ერთპიროვნულად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეარჩია? – კითხვა 3 დეკემბერს, ბათუმის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.
ბათუმის მერიამ ცენტრალური პარკისთვის ახალი ინვენტარის შესაძენად 1 მილიონ ლარამდე, ზუსტად კი, 997 600 ლარი დახარჯა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა – შპს „გეოლოდი“. ხელშეკრულებაში, რომელიც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და „გეოლოდს“ შორის გაფორმდა, აღწერილია, რა ფასად მიაწოდა ქალაქს კომპანიამ ქვის სკამები, მაგიდები, ქვის სხვა მონუმენტები.
ბათუმის ცენტრალურ პარკში ადამიანები ქვის სკამებზე ჩამოჯდომას ისევ ძველი ხის სკამებს ამჯობინებს, რომლებიც ამ დრომდე პარკიდან არ გაუტანიათ.
ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ განმარტებებს ამ საკითხზე საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში გააკეთებდნენ. ამ მუნიციპალურ ორგანიზაციაში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა დღის განმავლობაში სამმართველოში პასუხის გასაცემად ვერ მოიცალეს.
პარკში უკვე განთავსებულია ქვისგან დამზადებული და შავად შეღებული, უზურგო სკამები. შესაბამისად, ტბის პირას განთავსებულ სკამებს ვეღარ მიეყრდნობით.
პარკში განათავსეს ქვის პუფებიც, თეთრი ქვის სკამები და ქვის მონუმენტებიც.
რატომ არ ჩათვალა ბათუმის მერიამ საჭიროდ საზოგადოების ჩართვა, რომ გაეგო, რისი განთავსება სურდათ ადამიანებს პარკში თავისივე ფულით? – ბათუმის მერიამ ეს კითხვაც უპასუხოდ დატოვა.
ქვის ამ სკამის და მაგიდის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 6500 ლარი დაიხარჯა. უცნობია, რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ პარკში ქვის სკამები იყო საჭირო, უზურგო და შავად შეღებილიბათუმის პარკიდან ჯერ არ გაუტანიათ ხის სკამები, თუმცა ხალხი უმეტესად ქვის ახალ სკამებს ისევ ძველ სკამებს ამჯობინებს.თეთრი ქვის სკამების ფასი 3700 ლარია. აქაც ახალი სკამები ცარიელი დაგვხვდა. ადამიანები ტირიფების ქვეშაც ძველ სკამზე ისხდნენ.ბათუმის ცენტრალურ პარკში ასეთი სკამებიც დაგხვდებათ. ესეც ქვისაა
ამ მონუმენტში ბათუმის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარი დაიხარჯა
„ბიჭი წიგნით“ – ასე ჰქვია ამ მონუმენტს, რაშიც ბათუმის მერიამ 28 500 ლარი დახარჯა
ცენტრალურ პარკში უზურგო შავი სკამები მაგიდებთან ერთად ოთხ ადგილას დაგხვდებათ, მათ შორის, რუსთაველის ქუჩაზე გადასასვლელთან
ქვის პუფიც დაგხვდებათ ცენტრალურ პარკში. ამ პუფისთვის 3400 ლარი დაიხარჯა. პარკისთვის მერიამ 5 ქვის პუფი შეიძინა.
აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯება პეტრას ციხის გარკვეული უბნების სარეაბილიტაციო [კონსერვაცია და ნაწილობრივი რესტავრაცია] სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე.
საპროექტო სამუშაოები მოიცავს ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ შემდეგ ობიექტებს: ნაეკლესიარი, შიდაციხის კედელი, აბანო, ე.წ. ცისტერნა, კოლექტორი/ სამეურნეო ნაგებობა და კოშკი.
პროექტის შედგენაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო [კონსერვაცია და ნაწილობრივი რესტავრაცია] სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 30 აპრილამდე უნდა წარუდგინოს.
პეტრა / ფოტო ტენდერიდან
პეტრას ციხე მნახველებისთვის 2019 წლის აგვისტოში დაიკეტა და 2021 წლის მაისში გაიხსნა. არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორებისთვის დაკეტვის მიზეზი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები იყო.
ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი – ამ ყველაფრის მოწყობაში აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
„მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ რეპორტიორებთან, მოხალისეებთან და ბლოგერებთან ერთად აჭარის მაღალმთიან სოფლებში ვიზიტები დაიწყო.
პროექტის მხარდამჭერების დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 28 სოფელმა უკვე მიიღო ახალი წიგნები, განახლდა 17 სასოფლო და 11 სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდი.
პირველი ვიზიტი 23 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში შედგა. როგორც აღმოჩნდა, აქაურ მკითხველებს უკვე დაუწყიათ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მიერ ჩატანილი ახალი წიგნების კითხვა:
„ყუთების გახსნისთანავე, თაროებზე დალაგებამდე დაიტაცეს რამდენიმე წიგნი და უარი ვერც მე ვუთხარი… საბავშვო წიგნებმა განსაკუთრებით გაგვახარა, უნდა გენახათ, როგორი გახარებულები იყვნენ ბავშვები“, – გვითხრა ნარგული ბოლქვაძემ, დიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.
სოფლის ადმინისტრაციული შენობის წინ გაჩერებულმა „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მულტიფუნქციურმა „ბუქმობილმა“ შეხვედრის დაწყებამდე მიიქცია ბავშვების ყურადღება. ზოგიერთმა მათგანმა „ბუქმობილის“ თაროებზე ის წიგნებიც ამოიცნო, რომლებიც ცოტა ხნის წინ სოფლის ბიბლიოთეკამ საჩუქრად მიიღო.
„მოგზაური ბიბლიოთეკა“ დიდაჭარაში
მკითხველებთან პირველი სადისკუსიო თემა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა წარადგინა. მან არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვაზე“ შეაჩერა. დისკუსია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და გამოცდილებები გავუზიარეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული უმრავლესობის წინაშე მარტო დარჩენა განსხვავებული აზრის გამო.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებისთვის მცირე ლიტერატურული ვიქტორინა მოეწყო და 6 წიგნი გათამაშდა. გათამაშების პროცესი დაჯილდოებაზე არანაკლებ სახალისო აღმოჩნდა – მონაწილეები კითხვარს მკაცრი წესებისა და ზედამხედველობის გარეშე ავსებდნენ, მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეკითხათ ან/და დაჯგუფებულიყვნენ. ერთადერთი, რაც ზუსტად იყო განსაზღვრული, დრო იყო.
დისკუსია დიდაჭარაშიდისკუსია დიდაჭარაში
დღის ბოლოს ყველა შევთანხმდით, რომ „მოგზაური ბიბლიოთეკა“ და დიდაჭარელი ახალგაზრდები დამეგობრდნენ და სამომავლოდ ბევრ საინტერესო ამბავს უნდა ელოდოთ ამ მეგობრობისგან.
24 ნოემბერს ჩვენი მეგობრების წრეს ღორჯომის სასოფლო ბიბლიოთეკის მკითხველებიც შემოუერთდნენ.
ამჯერად დამსწრეების ორი პარალელური შეხვედრა გვქონდა. დარბაზები გაიყო ასაკობრივი ნიშნით – 16 წლის და უფროსი ასაკის მკითხველები ქეთი დევდარიანთან ერთად გაბრიელ გარსია მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ განიხილავდნენ, ხოლო უფრო უმცროსი მკითხველები, მოხალისე ბლოგერთან, ევა ართმელაძესთან ერთად მსჯელობდნენ თავიანთ ინტერესებზე, საყვარელ წიგნებსა და გასართობზე.
„ბიძია თომას ქოხი“, „ტომ სოიერი“ – ყველაზე ხშირად ისმოდა დარბაზიდან.
შეხვედრის ბოლოს 7 წიგნიც გათამაშდა და შევთანხმდით, რომ კიდევ შევხვდებით, რათა იმ წიგნებზე ვისაუბროთ, რომელთა წაკითხვაც უკვე შეუძლიათ სოფლის ბიბლიოთეკაში.
„ამ წიგნებისთვის ახალი თარო უნდა დავდგათ“, – გვითხრა ღორჯომის სასოფლო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, რამაზ ირემაძემ და „მოგზაური ბიბლიოთეკისგან“ მიღებული წიგნები გვაჩვენა, რომელთა ნაწილიც იქვე მაგიდაზე, ნაწილი კი ყუთებში ელაგა.
„მოგზაური ბიბლიოთეკა“ ღორჯომში
ამ დროს მეორე დარბაზში, სადაც ძირითადად სოფლის სკოლის უფროსკლასელები და მასწავლებლები იყვნენ შეკრებილნი, ლინჩის წესსა და საზოგადოებაში არსებულ რწმენა-წარმოდგენებზე საუბრობდნენ.
„დღეს ცუდი ამინდია, ამიტომ დიასახლისებს მოსვლა გაუჭირდათ, შემდეგ შეხვედრაზე უფრო მრავალფეროვანი აუდიტორიით გიმასპინძლებთ,“ – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ვიქტორინა ღორჯომშიდისკუსია ღორჯომში
„მოგზაური ბიბლიოთეკა“ გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანიც აჭარის მაღალმთიან სოფლებში კითხვის პოპულარიზება და წიგნიერების ზრდის ხელშეწყობაა.
ჩვენ გვჯერა, რომ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა მნიშვნელოვანი ფაქტორია და განათლების სფეროში უთანასწორობის დაძლევაში დაგვეხმარება. ამ იდეას იზიარებენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ჩართულები არიან დონაციის კამპანიაში და „ორბელიანი მეტის“ პლატფორმის დახმარებით ახალი წიგნებისთვის ფინანსური სახსრების მობილიზებას ცდილობენ.
მალე ახალგაზრდა მკითხველები სხვადასხვა სოფლიდან თავად მოგიყვებიან ამბებს თავიანთი სოფლის ცხოვრების, გამოწვევების, მიღწევებისა და მიზნების შესახებ.
შემოგვიერთდით და გვადევნეთ თვალი, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველის.