მთავარი,სიახლეები

ჩემი შვილის მამა ხელფასს ხელზე იღებს, ალიმენტი რომ არ გადაიხადოს – ქალი

06.12.2021
ჩემი შვილის მამა ხელფასს ხელზე იღებს, ალიმენტი რომ არ გადაიხადოს – ქალი

„ხელფასსაც ხელზე იღებს, ალიმენტი რომ არ გადაიხადოს“, – მოგვწერა ბათუმში მცხოვრებმა ქალმა გიული გ.-მ, რომელსაც 4 წლის შვილი ჰყავს, ხოლო მისი ყოფილი ქმარი ალიმენტის თანხას არ იხდის. გიული გამოეხმაურა „ბათუმელებში“ 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას – „4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ“.

„ანალოგიური ისტორია მაქვს საკუთარ თავზე“, – გვიხსნის გიული გ.-მ. – „2018 წელს შევიტანე განცხადება განქორწინებაზე და ალიმენტის შესახებ.

ჩემი ბიჭი მაშინ ერთი წლის იყო, ახლა 4 წლისაა უკვე. არც ერთხელ არ გადაუხდია ყოფილ მეუღლეს ალიმენტი.

სასამართლომ ალიმენტიც კი დააკისრა ყოფილ მეუღლეს – 150 ლარის გადახდა, მაგრამ რად გინდა, გადამხდელი არავინაა. დამსაქმებელი ხელფასს ხელზე უხდის, შესაბამისად, მისი შემოსავლები არსად ჩანს და არც ალიმენტის გადახდა უწევს.

ისეთ ადგილებში მუშაობს, კერძო სექტორში, რომ ხელფასის ხელზე გაცემა პრობლემა არ არის.

ასე ამიხსნეს, რომ თუ ალიმენტს არ იხდის, მაშინ ქონებას დაუყადაღებენო. თუმცა ესეც შეუძლებელია, რადგან თავის სახელზე არაფერი აქვს რეგისტრირებული.

ყოფილმა მეუღლემ ერთი თვის წინ მითხრა 1500 ლარი აქვს ხელფასი. მაშინ ალიმენტი გადაიხადე-მეთქი და მიპასუხა, რომ მე როცა მომინდება, მაშინ ვუყიდი ბავშვს იმას, რაც მინდაო.

ამაში იგულისხმება წელიწადში ორჯერ სათამაშოს ყიდვა – ახალ წელს და დაბადების დღეს. არ გადავიხდი ალიმენტსო და მორჩაო.

რა თქმა უნდა, დავის დაწყების დროს მივმართე ადვოკატს, მაგრამ ისეთი თანხები მოითხოვა, არ ეკუთვნოდა. მით უფრო, რომ არაფერში დამხმარებია. განქორწინება თურმე სარჩელის გარეშეც შეიძლებოდა და არ ვიცოდი ამის შესახებ.

ადვოკატმა ასევე მითხრა, ამ ვითარებაში შეგიძლია პოლიციას დააჭერინოო, მაგრამ ეგ არ მინდა. იმ იმედით არ განვქორწინებულვარ, რომ მაგის 150 ლარით მეცხოვრა. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც გვერდით მყავს.

აღსრულებისთვის კი აღარ მიმიმართავს. აზრს ვერ ვხედავ“ – ამბობს გიული გ.

___

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: