მთავარი,სიახლეები

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება

06.12.2021 • 3221
მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება

დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრეს. პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მომავალი წლისთვის დაგეგმილ სოციალურ დახმარებების ზრდაზე გააკეთეს განცხადება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება.

„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

დღევანდელ სხდომაზე ომის ვეტერანების და ასაკობრივი პენსიის ზრდაზეც გაკეთდა განცხადებები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარი 3.1210 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.5302 ლარია.

შენიშვნა: ინფორმაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით – „სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100-ით, ხოლო შშმ ბავშვების 25 ლარით გაიზრდება“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს განუცხადეს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების თითოეული ბავშვი, მომავალი წლიდან მიიღებს ისევ 100 ლარს და ეს თანხა არ გაიზრდება.

„ვინაიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზარდა [50 ლარის ნაცვლად გახდა 100 ლარი], ამ 100 ლარის გაცემა გაგრძელდება მომავალ წელსაც, რაც სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის მთლიან ოდენობას ზრდის 2022 წლის ბიუჯეტში. სწორედ ამას გულისხმობდა მინისტრი“, – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: