მთავარი,სიახლეები

მოთვინიერებული ხეების შესახებ ფილმი „ევროპულ ოსკარზე“ წარადგინეს – ინტერვიუ რეჟისორთან

05.12.2021 • 3614
მოთვინიერებული ხეების შესახებ ფილმი „ევროპულ ოსკარზე“ წარადგინეს – ინტერვიუ რეჟისორთან

რამდენიმე წლის წინ ერთმა მდიდარმა კაცმა საქართველოში გიგანტური ხეები მოთხარა და ზღვით საკუთარ ბაღში გადაიტანა. დოკუმენტური კინოს ერთმა რეჟისორმა იმ დღეს, როცა იმ მდიდარ კაცს პირველი ხე მიჰქონდა ზღვით, ტელევიზორი ჩართო და ახალ ამბებში ნახა ხე, რომელიც ზღვაზე მიცურავდა. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებმა, რომელიც ამ კადრის ნახვისას რეჟისორს გაუჩნდა, გადააწყვეტინა გადაეღო ფილმი ამბავზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქართული რეალობის ყოველდღიურობა იყო.

„მოთვინიერება“ (Taming the Garden) – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც არაერთი ფესტივალი მოიარა და ახლა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე, ეგრეთ წოდებულ ევროპულ ოსკარზეა წარდგენილი დოკუმენტური ფილმების სექციაში. გამარჯვებულები 11 დეკემბერს ბერლინში გამოვლინდება. სწორედ ამ ამბით დავიწყეთ საუბარი ფილმის რეჟისორთან, სალომე ჯაშთან.

  • „მოთვინიერება“ ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი. რა შანსი აქვს ფილმს გამარჯვების?

„მოთვინიერების“ გარდა ამ კატეგორიაში კიდევ ოთხი ფილმია წარდგენილი. საკმაოდ ძლიერი ფილმებია. ისეთი ფილმებია, შემიძლია ვთქვა – დიდი პატივია, მათთან ერთად რომ მოხვდა ჩემი ფილმი. გამარჯვება არ არის მთავარი.

შანსები თეორიულად თანაბარი აქვს ყველა ფილმს, მაგრამ მაინც და მაინც არ ველი გამარჯვებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ნომინაციაში მოხვდა ფილმი – ამან მოლოდინს გადააჭარბა.

  • საქართველოში დიდ ქალაქებში – ბათუმში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აჩვენეთ ფილმი. როგორ შეხვდა მაყურებელი? რა რეაქციები ჰქონდათ და თუ განსხვავდებოდა უკუკავშირი ქალაქების მიხედვით?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გასვლა და ჩვენებების მოწყობა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც უშუალოდ ხედავდა იმას, რაც ხდებოდა. ადამიანებისთვის, მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დისკუსია ფილმის და მისი თემატიკის შესახებ. დავაკვირდი, რომ საუბარი ერთმანეთთან და აზრის გაცვლა ძალიან გვაკლია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში.

შეიძლება ვცდები, შეიძლება ჩემთვის იყო დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა სრულიად უცხო ადამიანები სხედან და საუბრობენ.  ეს ნაწილი იყო ყველაზე საინტერესო და ემოციური. ინტელექტუალური რესურსის მიწოდება იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოთქვან თავისი აზრი, ისაუბრონ, რეფლექსია მოახდინონ ფილმის როგორც ფორმაზე, ისე თემაზე.

რეჟისორი სალომე ჯაში და თანაოპერატორი გოგა დევდარიანი “მოთვინიერების” გადასაღებ მოედანზე

  • გამომდინარე იქიდან, რომ ხეების გადატანა წლების განმავლობაში ჩვენი ყოველდღიურობა იყო, როგორ მიიღო ეს ფილმი ქართველმა მაყურებელმა?

სხვადასხვაგვარი იყო გამოხმაურება ფილმზე. ერთი იყო ის, რომ მაყურებელთა ნაწილისათვის ფილმში ასახულ ამბავს ჰქონდა ზოგადი ხასიათი, ზოგად ამბავს ჰყვებოდა, რომელიც მხოლოდ ხეების გადაზიდვას კი არ ეხებოდა, არამედ უფრო უნივერსალურ თემაზე იყო. ითქვა, რომ ეს ფილმი არის არა ერთი დროის ასახვა, არამედ ის, რაც შეიძლება ნებისმიერ სხვა ეპოქას მოერგოს. სხვადასხვა ეპოქაში იყოს რელევანტური. ზოგისთვის ეს ფილმი იყო რაღაცა უნივერსალური თემის ასახვა.

ზოგისთვის ეს იყო უფრო გახსენება იმისა, რაც გადახდათ თავს, მაგალითად, როგორ უჭრიდნენ დენს… ზოგისთვის იყო ემოციური და მართლაც ახსენდებოდათ ის შემთხვევები, როდესაც ეს ხეები მიდიოდა და ადამიანები განიცდიდნენ ამას, მეპატრონეები თუ სოფლის მცხოვრებნი.

ძირითადად ეს იყო. იყო ასევე საუბარი იმაზე, რაც ფილმში არ არის ასახული, მაგრამ გაახსენდათ. საუბრობდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის კომპანიებსა და  ხელისუფლებას შორის. ამ თანამშრომლობის სხვადასხვა დეტალზე. საუბრობდნენ იმაზე, თუ რა შედეგი დატოვა ამ პროცესმა მათ რეგიონებში, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იმას ამბობდნენ, რომ აი, სამაგიეროდ გზა დაგვიგეს, რაც მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის. საუბრობდნენ – „აი, რა არის ახლა ამ ხის გადატანაში ემოციური, ყველას ხომ გადაუხადეს თანხა და ყველა დაკმაყოფილდა“.

  • თუ გახსოვთ ის დღე, როცა ფილმის გადაღება გადაწყვიტეთ? რა იყო პირველი კადრი, რომელიც ნახეთ და თქვით, რომ აი, მე ფილმს გადავიღებ?

ეს იკონოგრაფიული გამოსახულება იყო, რომელიც ყველამ ვნახეთ და ყველა შოკში ვიყავით – პირველი კადრი, როდესაც ხე მიცურავს ზღვაში. ეს იყო მთავარი ინსპირაცია, რადგან ეს კადრი ძალიან ბევრ ამბავს ჰყვებოდა.

რაღაცნაირად პოეტური და ლამაზი გამოსახულება იყო – ზღვაში ხე. მშვენიერება იყო, მაგრამ ამ მშვენიერებასთან ერთად სხვა ამბავს ჰყვებოდა. იმ ამბავს, რომელიც ყველამ ვიცით. ამან ჩემში გამოიწვია დაბნეულობა, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი. ERROR-ი მოხდა ჩემში, ჩემს აღქმაში. ვერ მივხვდი, რა აღვიქვი და როგორ აღვიქვი. ურთიერთგამომრიცხავად აღვიქვი. სურვილი, გამომეკვლია ეს ურთიერთგამომრიცხაობა, იყო ზუსტად მოტივაცია ჩემთვის, რომ დამეწყო ფილმზე მუშაობა.

  • თავიდან რა გქონდათ დაგეგმილი? როგორ წარმოგედგინათ გადაღება და რა დაგხვდათ გადასაღებ მოედანზე?

გეგმა ასე არ გვაქვს ხოლმე, როგორც წესი. თავში რაღაცა შეიძლება იყოს გეგმა და მონახაზი, მაგრამ ფილმის მონახაზი თავიდან არასოდეს არ არის. ეს მონახაზი დგება მერე თანდათანობით, როდესაც რაღაცა მასალა გროვდება და ეს დამოკიდებულია რა მასალის შეგროვებას შევძლებთ, ან როგორ გადავიღებთ ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში. თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენ და ჩვენს გუნდს გაგვეგო, რა პროცესთან გვქონდა საქმე და სად ხდებოდა ეს პროცესები. აი, ალბათ ეს ორი რაღაც იყო მნიშვნელოვანი. რა ხდებოდა და სად ხდებოდა.

ეს მნიშვნელოვანია ჯერ ერთი იმიტომ, რომ გაიგო როგორ ფილმს იღებ, რას იღებ. დავინახე ხე მიდის და მოდი, ახლა ამაზე ფილმს გადავიღებ, ასეთი და ასეთი ფილმი იქნება, – ვერ იტყვი. ჯერ უნდა გაეცნო ამბავს და ეს გაცნობა მიმდინარეობდა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. ეს არ არის მარტო ტექნიკური პროცესი. აქ ხომ ადამიანებიც ჩართულები არიან. ადამიანების გაცნობა, მათთან კავშირის დამყარება, არა უბრალოდ კავშირის, არამედ ცოტა ემპათიაც, მათ მდგომარეობაში შესვლა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია მთლიანად ფილმის გადაღებისას. ცალსახა ხომ არაფერი არ არის.

რაღაც მიზანი მქონდა როგორი ფორმის ფილმი უნდა ყოფილიყო. რა ემოციური შინაარსის მატარებელი უნდა ყოფილიყო. მგონია, ეს შევძელით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამბავი, რომელსაც ვყვებოდით, რა ემოციებსაც ვდებდით ამ ფილმში, ეს თანდათანობით გროვდებოდა გადაღების პროცესში. თავიდან ამისი ცოდნა შეუძლებელია. ან თუ თავიდანვე რაც გინდა ზუსტად იმავეს აკეთებ ბოლოში, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ. გახსნილი არ ხარ იმ ამბისთვის, რომელსაც იღებ.

კადრი დოკუმენტური ფილმიდან “მოთვინიერება”

  • ვინ არის ფილმის გმირი – მოთვინიერებული ხეები, ადამიანები, ვინც ამ მოთვინიერებულ ხეებთან არიან დაკავშირებული, თუ ხეების მომთვინიერებელი?

ამ ფილმს ჰყავს სხვადასხვა გმირი. არ ჰყავს ერთი გმირი. ხეები არის ღერძი ფილმის, ისევე როგორც ცხოვრებაში ღერძია, რაღაც მყარი არსება. შემდეგ გვყავს სამი ტიპის გმირები – ერთი გმირი ფილმში არის უხილავი, მითური, ძლევამოსილი ადამიანი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ განსაზღვრავს პროცესებს. მეორე ტიპის გმირები არიან ისინი, ვინც მუშაობენ – ამ ძლევამოსილი ადამიანის სურვილს ახორციელებენ. მესამე კატეგორიაა სოფლის მცხოვრები კაცები. რაღაცნაირად ისე გამოიკვეთა, რომ ფილმში ძირითადად ჩანან კაცები. ცოტა ქალებიც ჩანან, რომლებიც შედარებით უფრო ემოციურები არიან, ვიდრე ყველა ის კაცი, რომლებიც ჩანან ფილმში.

  • ბათუმის კინოფესტივალზე გამართული ჩვენების შემდეგ მოვისმინე მაყურებლისგან, რომ ისინი ელოდნენ ფილმში მომთვინიერებლის გამოჩენას… თუ გქონდათ მცდელობა, რომ ივანიშვილი გადაგეღოთ?

რაღაც დროს ვიფიქრე, კარგი იქნებოდა რომ გადაგვეღო, მაგრამ მგონი მისი არ რსებობა ფილმს უფრო მატებს დამატებით შინაარსს, რომ ეს ადამიანი უხილავია და მეორე მხრივ, ასევე ძალიან კარგად ეხმიანება რეალობას.

იმიტომ, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ადამიანი უხილავია მაშინ, როდესაც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ვერ ვხედავთ. უფრო საინტერესო იყო ჩემთვის ის, რომ ეს ადამიანი, ფილმის უხილავი გმირი, არ ყოფილიყო ფილმში, მისი იქ ყოფნა აუცილებელი არ არის. ის ისედაც ჩანს. რჩება წარმოსახვით ფიგურად და შეიძლება ნებისმიერი ადამიანი წარმოიდგინო. არ არის აუცილებელი ერთი კონკრეტული სახე ჰქონდეს ერთ ადამიანს.

  • თებერვალში გამოცემაVariety-იმ „მოთვინიერების“ შესახებ დაწერილ რევიუში თქვენი ფილმი შეადარა მომავლის ფოლკლორს – „ერთხელ მდიდარმა კაცმა თავის ბაღს გადახედა და დასევდიანდა, რადგან არ ჰქონდა ხეები…“ – ასე შეიძლება დაიწყონ ორი საუკუნის შემდეგ ქართველებმა ზღაპარი, რასაც საკუთარ შვილებს მოუყვებიან“. თქვენ, როგორც რეჟისორი როგორ უყურებთ ამ ამბავს? შეგიძლიათ დისტანცირება და გარედან შეხედვა?

არა, არ შემიძლია. კომენტარი რომ გავაკეთო ამ პროცესზე, არასწორია ჩემი მხრიდან. იმისათვის, რომ ჩემი აზრი თუ ემოცია გამომეხატა, ამაზე ვიმუშავე ოთხი წელი და გამოვხატე ფილმით. ცალკე რომ ვთქვა, რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვი, რადგან ამის გამოთქმას დიდი დრო და სხვა ფორმატი მოვანდომე. ერთი-ორი წინადადებით ვერ ვიტყვი, რას ვფიქრობ ამ ამბავზე.

  • კადრს მიღმა ამბებზე მინდა გკითხოთ, რამდენი ადამიანი და რა დროის განმავლობაში იღებდით ფილმს? 

უშუალოდ გადაღება მიმდინარეობდა სადღაც ორი წელი. თვეში ერთხელ ჩავდიოდით და ვმუშაობდით ადგილზე. ჯამში ოთხი წელი ვმუშაობდით ფილმზე. გადაღებებზე ვიყავით ხან ერთი – მარტო დავდიოდი, ხან ორნი, ხან სამნი და ხან ოთხნი – ეს იყო ჯგუფის მაქსიმუმი. მე ვმუშაობდი ზოგჯერ ოპერატორადაც. ხანდახან იყო, რომ დამატებით სხვა ოპერატორი გვყავდა. ხმის ჩამწერი, ხმის ინჟინერი, კამერის ასისტენტი და მკვლევარი, რომელთანაც ინტენსიურად ვმუშაობდი.

გადაღების დროს სირთულეები იყო. ჯერ ერთი ის, რომ თავიდან დიდი დრო წაიღო გარკვევამ – სად რა ხდებოდა. მეორე სირთულე იყო მნიშვნელოვანი სცენების გადაღებების ლოჯისტიკა.  როდესაც ხე უნდა აწეულიყო, წასულიყო, რაღაც უნდა გათხრილიყო – როდესაც მნიშვნელოვანი გადაღება გვინდოდა, რთული დასაგეგმი იყო ხოლმე, რადგან ეს პროცესები დამოკიდებული იყო ნიადაგის ხარისხზე, ამინდზე, ტექნიკაზე ან თვითონ მუშებზე.

სირთულე იყო ფილმის დრამატურგიაც – ჩვენ არ მივდევდით კლასიკურ დრამატურგიას. არ გვქონდა ერთი ამბავი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. ფილმი რომ იწყება, ხეები უკვე დადიან, ასე ვთქვათ. ანუ არ მივყვებით ამბავს, რომელიც არ ვიცით ჯერ რა ხდება, მერე განვითარდება და მერე დასრულდება. ასეთი ამბის განვითარება არ გვქონდა, ამიტომაც იყო სირთულე მონტაჟში განსაკუთრებით და გადაღების დროსაც, რომ გვეპოვა სხვა ტიპის დრამატურგია. რომელიც უფრო მეტად ემოციური იქნებოდა, არა ამბის განვითარება. ესეც საკმაოდ სირთულე იყო და რა ელემენტების არსებობა  გვჭირდებოდა ამისთვის.

სირთულე იყო ისიც, რომ ჩვენ მკაცრი ფორმატით ვიღებდით. კამერას აქვს თავისი სტილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის შინაარსისთვის. ამიტომაც მყარად ვდგავართ შტატივზე, არ ვმოძრაობთ. მაგრამ ხანდახან ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ რთული იყო აი, ამ სტილით გადაღება. ხანდახან გინდა კამერა მოგლიჯო, გაიქცე და თან იღო, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ აფიქსირებ რაღაცას. ესეც იყო გამოწვევა, რომ ჩვენ განსაზღვრული სტილით გადაგვეღო ყველაფერი.

  • რა მოულოდნელობები ახლდა გადასაღებ პროცესს?

ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო და საკმაოდ ემოციური იყო ერთი შემთხვევა. ვეძებდით ოჯახებს, რომლებსაც სურდათ ხის გაყიდვა. ერთ ოჯახში დაგვიძახეს. მივედით ამ ოჯახში, სადაც დაგვხვდა  მთელი სამეზობლო. ხე ეკუთვნოდა ქალს, რომლის ქმარიც ემიგრაციაში იყო წასული, ჰყავდა შვილები. საკმაოდ შეჭირვებული ოჯახი იყო. ეს ქალიც ძალიან მორიდებული ადამიანი ჩანდა. ამიტომ მის ნაცვლად საუბრობდა მეზობელი. საუბარში გაირკვა, რომ მათ ეგონათ ჩვენ ვიყავით მყიდველები და არა გადამღები ჯგუფი.

ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ. ჩვენ დაგვხვდნენ რაღაც მოლაპარაკებაზე, რომელიც იყო მათთვის სასიცოცხლო. სასიცოცხლო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, სასიცოცხლო გარიგება უნდა დაედოთ. როცა საუბარში უცებ გამოარკვიეს, რომ ჩვენ არ ვიყავით მყიდველები, არამედ უბრალოდ გადამღები ჯგუფი, რომელიც აი, ამ პროცესს ვიღებდით, ცხადად მახსოვს ამ ქალს უცებ როგორ შეეცვალა სახე სრულიად.

ჩანდა ისეთი იმედგაცრუება, ისეთი ფრუსტრაცია და რაღაცა ფარ-ხმლის დაყრა, რომ აი, ძალიან მძიმე სანახავი იყო. უცებ ვიგრძენი, რომ სრულიად ზედმეტი ადამიანები ვართ იქ და რაღაცნაირად, ჩვენდა უნებურად შევიყვანეთ ადამიანები შეცდომაში. სხვა მოლოდინი ჰქონდათ მათ.

კამერაც არ ამოგვიღია იქ საერთოდ და არ გვითქვამს, რომ აი, გადავიღებთ. სხვა სიტუაცია იყო. ძალიან შიგნიდან გამოჩნდა პროცესი, რომელიც მარტო ამ ხეებს არ ეხება. სოციალურ ფონს ეხებოდა ქვეყანაში. სრულ სასოწარკვეთას. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო სასოწარკვეთა. ვნახეთ, რომ ხე უცებ ხდება გადარჩენის უკანასკნელი იმედი.

ამ ამბავმა რა გავლენაც მოახდინა ფილმზე ის იყო, რომ უფრო გესმის იმ ადამიანების, რომლებიც ხეებს ჰყიდიან. თავიდან, როდესაც გადაღება დავიწყეთ, ნაკლებად მესმოდა. ცოტა ისე ვუყურებდი – როგორ უნდა გაყიდო შენი ხე. მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ არაფერ შუაში არ იყო ჩემი დამოკიდებულება, რეალობას იყო მოწყვეტილი.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ფილმი?

არ ვიცი, მიჭირს თქმა. უბრალოდ, რაც მიხარია და რაც გამოვიდა ამ ფილმში, ეს არის მართლაც რაღაცა ზღაპრული სამყარო, არარეალური სამყარო, სურეალისტური, რომელიც სრულიად დაფუძნებულია რეალურ ამბებზე. ჩემთვის ალბათ ეს არის ეს ფილმი. რაღაცნაირად ასახავს ჩვენი ისტორიის ერთ ნაწილს, ეპოქალურ მოვლენას. ეს არის ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. რომ იყოს რაღაც მთლიანობა და არ იყოს გაბნეული ფოტოებში. ეს ფილმი რაღაცა ამბავს ჰყვება, რომელიც ერთ დროს გადაგვხდა თავს ჩვენ, ქართველებს.

რეჟისორის და ფილმის შესახებ:

რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერებას“ მსოფლიო პრემიერა Sundance -ის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ევროპული პრემიერა – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაზე. დოკუმენტური ფილმი წარდგენილია ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.

ფილმი წარდგენილი იყო მსოფლიოს 100-მდე კინოფესტივალზე. უახლოეს მომავალში “მოთვინიერება” კინოეკრანებზე გამოვა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

ფილმი წარმოებულია Mira Film-ის, CORSO Film-ის და Sakdoc Film-ის მიერ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, Federal Office for Culture Switzerland (FOC)-ის, Film- und Medienstiftung NRW-ის, Eurimages-ის, Fachausschuss Film und Medienkunst BS / BL-ის, IDFA Bertha Fund-ის, Succès Passage Antenne-ის და SRG SSR-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: